Wednesday, December 30, 2009

დავით (დოლიკ) ვაჩნაძე


გურამ ყორანაშვილი

ღირსსახსოვარი პიროვნება

დავით (დათა) ვაჩნაძის შესახებ დღევანდელმა ქართველმა მკითხველმა ძალზე ცოტა რამ იცის. მასზე 1993 წელს მკვლევარმა გურამ შარაძემ გამოაქვეყნა მცირე მოცულობის ნარკვევი (იხ. “უცხოეთის ცის ქვეშ”, წიგნი მეორე). თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ეგიდით გამოცემულ კრებულში “ილია ემიგრანტთა თვალით” (ტ. 1, 1996) მოთავსებულია სამი გვერდი დავით ვაჩნაძის იმ ნაშრომისა, რომელსაც ჩვენ ამჯერად მთლიანი სახით მკითხველებს ვთავაზობთ. სულ ესაა და ეს, მეტი ცოდნა ამ პიროვნებაზე, მცირეოდენ მკვლევართა გამოკლებით, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. არადა, მისი გარდაცვალების წლისთავზე პოლიტემიგრანტი სევერიან ჭირაქაძე სავსებით სწორად აღნიშნავდა: “განთავისუფლებული საქართველო არ დაივიწყებს მისი უფლებებისა და არსებობისათვის მედგარ მებრძოლს და დ. ვაჩნაძეს ღირსეულ ადგილს მიუჩენს მისი თავისუფლებისათვის თავდადებულთა ეროვნულ პანთეონში” (ჟურნალი “ივერია”, პარიზი, 1963, # 10, გვ. 46). დადგა დრო თავისუფალი საქართველოს მოქალაქეებმა მადლიერების გრძნობა გამოვხატოთ და სათანადოდ მივუზღოთ ვალმოხდილ მამულიშვილს. დავით ვაჩნაძის ნააზრევის მთავარი ძეგლის დაბეჭდვა ასეთი მცდელობის დასაწყისად გვესახება. მით უფრო, რომ ამას ადგილი აქვს მისი დაბადების 120 წლისთავზე.
დავით ვაჩნაძე დაიბადა 1884 წელს სოფელ დიდ ლილოში. მამამისი - ვლადიმერ დავითის ძე რუსეთის არტილერიის პოლკოვნიკი გახლდათ, დედა კი - ელენე მაჩაბელი. აღნიშნული სოფელი დავითის დედულეთი იყო. ძირითადი განათლება დავითს სამხედრო დარგში ჰქონდა მიღებული - ჯერ სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში (1894 - 1902 წლებში), შემდეგ კი პეტერბურგის პავლე პირველის სახელობის სამხედრო სასწავლებელში (1902 - 1904 წწ.). აქედან გამომდინარე, სამსახურიც ჯერ სამხედრო სფეროში დაიწყო, მსახურობდა ვარშავაში, თბილისში, თემირხან-შურაში (დაღესტანში). შემდეგ სამოქალაქო სარბიელს მიმართა და წლების განმავლობაში მუშაობდა ილიას მიერ დაარსებულ თბილისის საადგილმამულო ბანკში. დავით ვაჩნაძე იყო ერთ-ერთი დამაარსებელი “კავკასიის ოფიცერთა” სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციისა, რომლის მთავარ მიზანს შეადგენდა “რევოლუციის გზით იმპერიის” დესპოტური რეჟიმის შეცვლა ლიბერალურ დემოკრატიად, ჩანს, კონსტიტუციურ მონარქიად. მის პატრიოტულ მრწამსზე დიდი ზეგავლენა მოუხდენია შემდეგ გარემოებას. 1907 წლის 7 სექტემბერს დავითი დასწრებია ილიას ნეშტის ჩამოსვენებას საგურამოდან თბილისში. მისივე სიტყვები რომ დავიმოწმოთ, “ყველაზე ღრმა შთაბეჭდილება ჩემზე დატოვა მიხეილ წერეთლის გაბედულმა სიტყვამ. მ. წერეთელს პირველად გავეცანი მოკლული ილია ჭავჭავაძის კუბოსთან. ამან საბოლოოდ განმიმტკიცა ჩემი ბრძოლის წადილი საქართველოს განთავისუფლებისა ჩაგვრისაგან და შემდგომ წლებში მჭიდროდ დაკავშირება მ. წერეთელთან” (ილია ემიგრანტთა თვალით, II, თბილისი, 1996, გვ. 243). სხვათაშორის, დავით ვაჩნაძე მტკიცედ იყო დარწმუნებული იმასი, რომ ილია მოკლულ იქნა “რუს(!) ქვაბში ამოხარშულ, გადაგვარებულ ქართველ ფანატიკოსთა წრის წაქეზებით ავაზაკთა ხელით”. კერძოდ, ხელს ადებდა “ცნობილ დეგენერატ ფ. მახარაძეს, რომლის ხელებზეც ჯერ ილია ჭავჭავაძის სისხლი არ გამშრალა” (ამას წერდა ჟურნალ “კლდეში” 1913 წელს).
ბანკში მუშაობისას დავით ვაჩნაძე კარგად გაერკვა აგრარულ ურთიერთობათა საკითხებში, ეხმარებოდა ქართველ გლეხკაცობას მამულის სეძენაში. მისი პრაქტიკული მოღვაწეობიდან აღსანიშნავია კოოპერაციაში გაწეული ღვაწლი. მშობლიურ სოფელში დაარსა მერძევეთა ამხანაგობა “ლილო”, ორი საკრედიტო ბანკი აქვე და ოძისში (ქსნის ხეობაში).
დავით ვაჩნაძე თავდაპირველად სოციალისტ-ფედერალისტებთან თანამშრომლობდა. მალე თავი გამოიჩინა პუბლიცისტიკაშიც და ხშირად ბეჭდავდა სტატიებს ამ პოლიტიკური მიმართულების “სახალხო გაზეთში” (‘დავით კახელის”, ეკალის” ფსევდონიმებით). შემდეგ კი იგი ეროვნულ-დემოკრატთა რიგებში ჩადგა. დავით ვაჩნაძე გახდა აღნიშნული მიმართულების ჟურნალ “კლდის” “დაარსების ინიციატორი, ორგანიზატორი და ძირითადი დამფინანსებელი” (გელა საითიძე). ამასთანავე, გახდა ჟურნალის ერთ-ერთი თვალსაჩინო პუბლიცისტიც. მსგავსი საქმიანობა ჟურნალის დახურვის შემდგომ მან განაგრძო ახალ გაზეთ “საქართველოში”, რომელიც 1917 წლიდან ახლად დაარსებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანოს წარმოადგენდა.
დავით ვაჩნაძე უშუალო მონაწილე იყო საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოპოვებისა. იგი გახლდათ აქტიური წევრი საქართველოს ეროვნული საბჭოსი, მერე პარლამენტად რომ გარდაიქმნა. იყო დეპუტატი საქართველოს დამფუძნებელი კრებისა. ცხადია, ამ ორგანოში იგი სხვა ეროვნულ-დემოკრატებთან (ასევე ფედერალისტებთან) ერთად ოპოზიციაში ედგა სოციალ-დემოკრატ დეპუტატთა უმრავლესობას.
1921 წლის თებერვალ-მარტში ისტორიამ მოწინავე ქართველობას ასეთი არჩევანი შესთავაზა: ან შეგუებოდნენ ახალ, სასტიკ რეალობას, ეთანამშრომლათ ახალ ხელისუფლებასთან (კოლაბორაციონისტები გამხდარიყვნენ) ან შებრძოლებოდნენ მას. დავით ვაჩნაძე უყოყმანოდ ჩადგა იმათ რიგებში, ვინც მეორე არჩევანი გააკეთეს. ჯერ კიდევ თებერვალში მან შეადგინა 400-კაციანი რაზმი თბილისისა და მისი შემოგარენის დასაცავად. 1922-23 წლებში კი იგი დაუკავშირდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს. დავითის აქტიური ძალისხმევით ქართლ-კახეთის მწარმოებელ კოოპერატივთა კავშირმა (“წარმოკავშირმა”) ათი მილიონი მანეთი გამოჰყო სვანეთის შეიარაღებული გამოსვლის შესამზადებლად.
1922 წლის 19 თებერვალს დავით ვაჩნაძე დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. მეუღლის აქტიურობით იგი აპრილში გათავისუფლებულ იქნა. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლავ განაგრძობდა კავშირ-ურთიერთობას ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან. დავით ვაჩნაძე იზიარებდა გეგმას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ფართოდ უნდა გაშლილიყო პარტიზანული მოძრაობა რუს ბოლშევიკ-ოკუპანტთა და ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ. მანვე შეიმუშავა გეგმა “საქართველოს პარტიზანთა შტაბის” შესაქმნელად. “სამხედრო საიდუმლო შტაბის” ჩავარდნის გამო 1923 წლიდან დავითი გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში. ამავე წლის აგვისტოში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მას დაავალა თურქეთში წასულიყო და მისი მთავრობისათვის ეთხოვა სამხედრო და სხვა სახის მატერიალური დახმარება. სამწუხაროდ, თურქეთში გასვლა გაძნელდა და ეს მან მხოლოდ მომდევნო წელს მოახერხა. თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა, ცხადია, თურქი პოლიტიკოსების თვალში საქართველოსათვის დახმარების გაწევა უაზრობა იყო. ამასობაში მოხდა და დამარცხდა 1924 წლის აგვისტოს შეიარაღებული აჯანყება. ამის შემდეგ დავით ვაჩნაძე საქართველოში აღარ დაბრუნებულა. ორი წლის მანძილზე ცხოვრობდა თურქეთში, 1926 წლიდან 1937 წლამდე კი - საფრანგეთში. ამ ხნის განმავლობაში იგი სხვადასხვა პოლიტიკური მისიით იმყოფებოდა აგრეთვე ვარშავაში, ბერლინში, რომში, პრაღაში. ბედმა საბოლოოდ გერმანიაში (ბავარიაში) ცხოვრება არგუნა, სადაც აღესრულა 1962 წლის იანვარში.
ახლა შევჩერდებით დავით ვაჩნაძის ნაშრომზე “ქართული ეროვნული ძირები და რუსული ბოლშევიზმი (მოკლე მიმოხილვა)”. იგი, უპირველესად, საინტერესოა, როგორც გარკვეული პერიოდის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების დოკუმენტი. რასაკვირველია, წიგნში განხილული საკითხი ფრიად რთულია და მისი ჩაღრმავებული კვლევა-ძიება პუბლიცისტისაგან მოსალოდნელი არაა. დიდად სამწუხაროდ, ეს ამოცანა დღემდე ვერც რომელიმე ქართველმა ფილოსოფოსმა, სოციოლოგმა თუ ისტორიკოსმა გადაწყვიტა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ავტორის მცდელობა ამ მიმართებით, უდავოდ, საინტერესოა.
რაკი სიტყვამ მოიტანა, აღვნიშნავთ, რომ დღეს ძალიან აქტუალური გახდა საქართველოს ევროპისადმი (დასავლეთ) კუთვნილების პრობლემა. მაგრამ მასზე მსჯელობისას უფრო მეტად ემოციები სჭარბობს, მთავარ არგუმენტად მოაქვთ ის, რომ საქართველო გეოგრაფიულად ევროპის ქვეყანას წარმოადგენს. მაგრამ განა ამ მოსაზრებით ევროპაში მდებარე ყველა ქვეყანა ევროპულ ხასიათს, მის ისტორიულ გზას განასახიერებდა? კერძოდ, რუსეთი ამ მხრივ სულ სხვანაირი ისტორიული მემკვიდრეობისა იყო და ემსგავსებოდა აღმოსავლურ ქვეყნებს. დავით ვაჩნაძე აღნიშნავდა უკანასკნელის მთავარ ისტორიულ მახასიათებელს: “პრიმიტიულ სათემო მიწის მფლობელობას რუს გლეხობისა ჩვენ დრომდე მოუღწევია. გამოჩენილი რუსი რეფორმატორი პ. სტოლიპინი, რომელმაც სცადა რუს გლეხობის სათემო წყობილების შეცვლა ევროპელ გლეხთა მესაკუთრულ წესზე, მოკლულ იქნა”. აღნიშნული გარემოებით ბევრი რამ აიხსნება რუსეთის ისტორიაში. ავტორი იმოწმებს რუსი ისტორიკოსისა და ფილოსოფოსის გ. ფედოტოვის მშვენიერ აზრს, ძირისძირობამდე რომ სწვდება საკითხის არსს: “იდეოლოგები და ბოლშევიკური პარტიის შემქმნელები უმთავრესად რუსობა იყო. ბოლშევიკები ადვილად დამკვიდრდნენ პეტერბურგში და მოსკოვში. ველიკოროსიის ტრადიციებში, ალბათ, იმყოფება რაღაცა თვისებები, რომელნიც ასაზრდოებდა ბოლშევიზმს: ბატონ-მონობა, სათემო მიწათმფლობელობა, თვითმპყრობელობა”.
აღნიშნულისაგან განსხვავებით, ქართული ისტორიული პროცესის არსი სხვაგვარი გახლდათ, რაზედაც ჩვენი ავტორი საგანგებოდ ჩერდება. ერთი სიტყვით, პრობლემის კვლევა-ძიებისას დავით ვაჩნაძე ბევრ დღევანდელ ქართველ ისტორიკოსზე უკეთ იყენებს ისტორიულ-შედარებით მეთოდს.
ეროვნულ-დემოკრატიული იდეოლოგიიდან გამომდინარე, ავტორი იზიარებს ევოლუციის თავლსაზრისს. მაგრამ არც რევოლუციის ცნება აშინებს. იგი წერს: “ქართული ცხოვრების სინამდვილემ გამოააშკარავა ქართული რევოლუციის ეროვნულ-პოლიტიკური ბუნება, მიმართული რუსეთის იმპერიისგან განთავისუფლებისათვის, რომელიც დამოწმდა (გამოჩნდა, გ.ყ.) პირუთვნელი ისტორიული ამბებით, 1917 წლიდან დატრიალებული საქართველოში”. მართლაც, ბოლოსდაბოლოს, რევოლუცია მხოლოდ სოციალური არაა, არის აგრეთვე ეროვნულ-განმათავისუფლებელი, რომელიც რადიკალურად სცვლის ჩაგრული, დამონებული ერის მდგომარეობას. ამ თვალსაზრისით 1917-18 წლების საქართველოში განვითარებული მოვლენები სწორედ რომ რევოლუციური ხასიათისა იყო.
ავტორი სასტიკი წინააღმდეგია კლასთა ბრძოლის გაღვივება-გაჩაღებისა, რასაც ქართველი სოციალ-დემოკრატები (ორივე მიმართულებისა) თავგამოდებით იცავდნენ. ყოველ შემთხვევაში, ავტორი სწორია იმაში, რომ საქართველოს წარსულში “ამ დამყარებულ ქართულ საზოგადოებრივ თანხმობა-კავშირს ამაგრებდა მუდმივი გარეშე საფრთხეც, დაფუძნებულნი (!) მცირერიცხოვანი ქართული მოდგმის სრული ამოგდებით”. ქართველი ესდეკების შესაბამისი აზრი და ქმედებანი აიხსნება მათეული დოგმატური მსოფლმხედველობით, ავთენტური მარქსიზმი (ასევე, კარლ კაუცკი და გიორგი პლეხანოვი) ამ საკითხზე, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება ხალხის, ერის დაპყრობა-დამონებულობას უცხო ძალის მიერ, სხვანაირი შეხედულებისა გახლავთ. ამიტომაც არ ღირს, გაუმართლებელია ქართველი ესდეკების ცოდვები მთლიანად მარქსიზმსაც ავკიდოთ.
დავით ვაჩნაძე უცილობლად მართალია, როცა კლასობრივი ბრძოლის ფაქტორის ფანატიკური მომხრე ქართველ ესდეკებს თვლის რუსული იმპერიალიზმის (ცარისტულისაც და ბოლშევიკურ-კომუნისტურისაც) მოკავშირეებად. ესენი ხომ მართლაც თავიანთი აზროვნებითა და პრაქტიკული ქმედებებით დიდად უწყობდნენ ხელს რუსეთის იმპერიის მესვეურთა დივიდე ეტ იმპერია-ს პოლიტიკას, კერძოდ, საქართველოს მიმართ.
ჩვენ, ისტორიკოსები არ ვიქნებით, თუ უკრიტიკოდ, ხელაღებით ყველაფერში ვერწმუნებით წიგნის ავტორს, რომელსაც თავი ვერ დაუღწევია პარტიული (ამ შემთხვევაში, ეროვნულ-დემოკრატიული) სუბიექტივიზმისაგან. კერძოდ, თუ რატომ, რა მიზეზით დაგვიანდა პატრიოტული, ეროვნული მიმართულების პარტიის ჩამოყალიბება საქართველოში (რომელიც, როგორც ცნობილია, დაფუძნდა 1917 წლის ივნისში), დავით ვაჩნაძე ამას ხსნის ორი გარემოებით: 1) საქართველოში ეროვნული პოლიტიკური მოძრაობის გაშლა-განვითარება დიდად შეაფერხა რუსეთის ხელისუფლებამ და 2) ეს მოხდა ილია ჭავჭავაძის ვერაგულად მოკვლის გამო. თითქოს “ამ ორმა მიზეზმა შეაჩერა არასოციალისტური მიმდინარეობის პოლიტიკურ ორგანიზაციაში დარაზმვა. იგი მხოლოდ რუსეთის იმპერიის დაშლის პროცესში,1917 წელს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით ჩამოყალიბდა, მაგრამ იგი თავისი წყობით ჯერ ნორჩი და სუსტი იყო”. მაგრამ ასეთი მცდელობა მხოლოდ თავის მართლებას, სიმართლისაგან თავის არიდებას ჰგავს. თუ არა მომავალი ეროვნულ-დემოკრატების პასიურობა, განა შესაბამისი პარტიის დაფუძნება არ შეიძლებოდა ილიას სიცოცხლეში, 1905-07 წლებში? მითუმეტეს, რომ იყო მცდელობა, გიგანტი პიროვნების - ილიას ეგიდით მისი დაფუძნებისა.
არც ისაა სწორი, თითქოს ჩვენი ისტორიის შესაბამისი პერიოდის უკუღმართად წარმართვაში, მათ შორის, 1921 წლის თებერვალ-მარტის ისტორიულ კატასტროფაში, ოდენ ქართველი “მენშევიკები” იყვნენ დამნაშავენი. აქაც ვაწყდებით ისტორიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას და, საერთოდ, მოვლენების ზედაპირულ გაგებას. სხვას რომ თავი დავანებოთ, რატომ გახდა შესაძლებელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დანაწევრება სამ ნაწილად, მისი უსუსურობა გაერთიანების შემთხვევაშიც (1921 წლის იანვარში) კი, კვლავ ცალკე ჯგუფებად დაშლა ემიგრაციაში? საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გატარებული აგრარული რეფორმაც არ იყო ისეთი უადგილო, უსარგებლო რამ, როგორც ეს ეჩვენება ავტორს.
ასე რომ, წიგნში რიგ შემთხვევებში აგილი აქვს მოვლენათა, ხდომილებათა ობიექტური ანალიზის ნაცვლად მხოლოდ სხვებისთვის გადაბრალების მცდელობას. შეგახსენებთ, რომ ამ მხრივ ჩვენი შედარებით ახლო ხანის წინაპრები დიდად სცოდავდნენ და კვლავაც სცოდავენ უცხოეთში. ამით ძალზე უძნელდებათ ისტორიის ობიეტქური გაგება-გააზრება.
დავით ვაჩნაძის წიგნის მეორე ნაწილი, მოგონებები საისტორიო წყაროს წარმოადგენს და იგი ისტორიკოსებს გამაოდგებათ სათანადო ხანის ისტორიული პროცესის აღსადგენად.
დაბოლოს, შეჯამების სახით დავძენთ, რომ ჩვენი უახლოესი პერიოდის საინტერესო, ღვაწლმოსილი წინაპრის, დავით ვაჩნაძის წიგნი “ქართული ეროვნული ძირები და რუსული ბოლშევიზმი” საკმაოდ მაღალი ფასეულობისაა და მას ინტერესით გაეცნობა ქართველი საზოგადოება. ვიმედოვნებთ, რომ მოვა დრო და გამოქვეყნდება ავტორის მოგონებების და პუბლიცისტური ნაწერების კრებულიც.

წიგნი იბეჭდება მცირეოდენი სტილისტური გასწორებებით.



დავით ვაჩნაძის რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი ”მხედარი”

No comments:

Post a Comment