Wednesday, December 30, 2009

მულიდები (ასასინები)



თამაზ ნატროშვილი

მე ვარ მულიდი

დილაადრიან აფორიაქდა მონღოლთა ბანაკი. ყველანი ჩაღატა-ნოინის კარვისაკენ გარბოდნენ. ატყდა მოთქმა-ტირილი. ღამით ვიღაც უჩინარი აჩრდილივით გაპარვოდა კარვის მცველებს, უხმაუროდ შესულიყო მძინარე ჩაღატა-ნოინთან და დანის ერთი დაკვრით გაეთავებინა. არავის არაფერი გაუგია, არც მკვლელის გამოჩენა და არც მიმალვა. დილით იხილეს მკვდარი სარდალი და “არა უწყოდეს, ვისგან მოკლულ იყო”.
ეს მოხდა ალამუთზე ლაშქრობის დროს, როდესაც მონღოლთა ჯარში იძულებით წაყვანილი ქართველები ერივნენ. ქართველებს მობეზრებული ჰქონდათ ალამუთის ხანგრძლივი ომი და თვით მონღოლებიც არ ეპიტნავებოდათ.
ბუნებრივია, რომ მონღოლებმა თვალი ქართველებს დაადგეს. სხვა ვინ მოკლავდა ჩაღატას, თუ არა ისინი – მონღოლთაგან “დიდსა ჭირსა შინა” ჩავარდნილი ქართველები? ამაში არავის ეპარებოდა ეჭვი, გარდა ჩარმაღან-ნოინისა, რომელიც უმტკიცებდა თვისტომთ: “დასწყნარდით, კაცნო, რამეთუ არა არს ნათესავი ქართველთა კაცის მკვლელი”. მაგრამ მისი ფხიზელი განსჯა ვეღარ აღწევდა პატრონის დაკარგვით გამძვინვარებულ მონღოლთა სმენას. ისინი ველური შურისძიების წყურვილით უკვე მიემართებოდნენ ქართველთა ბანაკისაკენ.
ქართველები ცოტანი იყვნენ და აღარ იცოდნენ, რომელი გზა აერჩიათ. ერთნი საბრძოლველად ემზადებოდნენ, მეორენი აკავებდნენ და აშოშმინებდნენ. მაშინ გრიგოლ სურამელმა, ქართლის ერისთავმა, გადაჭრით ბრძანა: “არა არს ჟამი ბრძოლისა, რამეთუ მცირე ვართ”. მისი აზრით, ბრძოლას ყველა შეეწირებოდა უკლებლივ, უბრძოლველობას კი მხოლოდ წარჩინებულთა სიკვდილით დასჯა მოჰყვებოდა. გაბოროტებული მონღოლები, ალბათ, რამდენიმე თავკაცს აკმარებდნენ მსხვერპლად ჩაღატა-ნოინს.
ქართველებს ლოცვის გარდა აღარაფერი დარჩენოდათ. უკვე მოახლოებული იყვნენ სისხლმოწყურებული მონღოლები, როდესაც მოხდა სასწაული (ქართველი ჟამთააღმწერელი ამ სასწაულის მოვლინებას ღვთისმშობელს მიაწერს).
უცებ ლერწმოვანიდან უცნობი კაცი გამოვიდა, წითლად შეღებილი ლახვარი მაღლა აღმართა და ხმამაღლა იყვირა სპარსულად: “მან ქუშტემ ჩაღატა”. მონღოლები ეძგერნენ უცნობს და ნოინების წინაშე მიიყვანეს. ნოინებმა ჰკითხეს მას, ვითარ მოკლა ჩაღატა-ნოინი.
უცნობმა ამაყად უპასუხა: “მე ვარ მულიდი, მულიდთა შორის საჩინო...”
ამ სიტყვებმა მყისვე ახადა საიდუმლოების ფარდა ღამით მომხდარ მკვლელობას. ყველაფერი ნათელი გახდა.
ჟამათააღმწერელსაც, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს ამ ჟრუანტელის მომგვრელ ეპიზოდს, მშვენივრად მოეხსენება მათი ასავალ-დასავალი (“კაცის მკვლელი მიპარვითა, რომელთა მულიდად უწოდიან”).
“მულიდი” არაბული სიტყვაა და ნიშნავს ერეტიკოსს, ანუ მწვალებელს, სარწმუნოებისაგან განდგომილს. ასე მოიხსენიებენ ამ “კაცისმკვლელთ” აღმოსავლური წყაროები. ევროპულ ლიტერატურაში ისინი ცნობილი არიან ასასინებსი სახელით. ფიქრონებ, რომ “ასასინი” დამახინჯებული ფორმაა არაბული სიტყვისა “ჰაშაშინ” (ესე იგი, ჰაშიშის მწევლები).
სიტყვა “ასასინი” მკვლელის მნიშვნელობით დამკვიდრდა ევროპულ ენაში (ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური), ხოლო ამ სიტყვიდან ნაწარმოები ზმნა ზოგიერთ მათგანში მუხანათურ მკვლელობას, ტერორისტული აქტის ჩადენას აღნიშნავს.
ვინ არიან მულიდები, ანუ ასასინები, რომლებმაც ესოდენ შავი სახელი მოიხვეჭეს, რომ დღესაც კი დასავლეთში რომელიმე პოლიტიკური მოღვაწის მკვლელობა ძალაუნებურად მოგვაგონებს ხოლმე საუკუნეთა სიღრმეში ჩამარხულ ისტორიას. რა მანქანებით დაიმსახურეს ასასინებმა ასეთი უჭკნობი “დიდება”?
ასასინთა ორდენი დააარსდა ისმაილიტთა მიერ მეთერთმეტე საუკუნის დამლევს ირანში. ისმაილიტების სექტა ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში იყო შექმნილი და მრავალი აქტიური მომხრე ჰყავდა მაჰმადიანურ სამყაროში. ისმაილიზმი გახდა ასასინთა ორდენის იდეოლოგია. ორდენს სათავეში ჩაუდგნენ ირანელი ფეოდალები, რომლებმაც ირანში თურქ-სელჩუკთა გაბატონების შედეგად დაკარგეს თავიანთი მიწები და ახლა გამქრალი ძალაუფლების აღდგენაზე ოცნებობდნენ. ასასინთა ამბოხებაში მონაწილეობდნენ ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის დაბალი ფენებიც: ხელოსნები, გლეხები.
ასასინთა ორდენის ფუძემდებელი იყო ჰასან იბნ საბაჰი. ევროპელი მეცნიერები აღნიშნავდნენ: ჰასან იბნ საბაჰმა გააცოცხლა ფანატიზმი და მას წმინდა პოლიტიკური მიმართულება მისცაო. იგი სიჭაბუკეშივე ეზიარა ისმაილიტურ რჯულს ირანელ ხელოსანთა წრეში, თუმცა თავად წარჩინებული წარმოშობისა იყო. შემდგომში გაემგზავრა ეგვიპტის ფატიმიანთა სახალიფოში, რომელიც წარმოადგენდა ისმაილიტური პროპაგანდის ცენტრს. ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ ჰასან იბნ საბაჰმა ირანის მრავალი ოლქი შემოიარა, ეწეოდა პროპაგანდას და ეძებდა შესაფერის ადგილს მმართველობის ცენტრის დასაარსებლად. მისი მომხრეებიც აწარმოებდნენ დაზვერვას ყოველი მიმართულებით.
საბოლოოდ არჩევანი შეაჩერეს ალამუთზე. ალამუთის ციხე მდებარეობდა ელბრუსის მთების ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის (3 689 მეტრი ზღვის დონიდან) მახლობლად, მაღალ კლდეზე. ალამუთი (“ალაჰ ამუთ”) ნიშნავს არწივის ბუდეს. მიუვალი და აუღებელი კლდეებით გარშემოტყმული ალამუთი მართლაც ზედგამოჭრილი ადგილი იყო ასასინთათვის. ჰასან იბნ საბაჰის აგენტებმა ისმაილიტურ რჯულზე მოაქციეს ციხის გარნიზონი. რასაკვირველია, ციხისთავს აღარ ძალუძდა წინააღმდეგობის გაწევა. მან ქედი მოიხარა ასასინთა წინაშე და კომპენსაციად მიიღო სამი ათასი ოქროს დინარი.
ეს მოხდა 1090 წელს. აქედან იწყება ასასინთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა. ამის შემდეგ მათ ხელთ იგდეს კიდევ რამდენიმე ციხე ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანის მთიან რაიონებში და თავის საყრდენ პუნქტებად გადააქციეს. ზოგი დაიპყრეს ძალით, ზოგი – ცბიერებით, ზოგიც თვითონ ააშენეს. მალე ომოცდაათამდე ციხე ეკუთვნოდათ მთელს ირანში. მათი პოზიციები განსაკუთრებით ძლიერი იყო მთიან დეილემსა და ყოჰესთანში. მეთორმეტე საუკუნის დამდეგს ასასინებმა დაიბუდეს სირიის მთებში.
ისპაანისა და გირდქუჰის მიდამოებში ისინი საბაჟო გადასახადს კრეფდნენ ვაჭართაგან. ყოჰესთანში ერთხანს რამდენიმე ქალაქსაც კი დაეპატრონენ. ალამუთის ირგვლივ მდებარე მინდვრებში გაჰყავდათ სარწყავი არხები, იმარაგებდნენ სურსათს.
ოცდათხუთმეტი წლის მანძილზე ჰასან იბნ საბაჰს აღარ მიუტოვებია ალამუთი. მაგრამ მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა ხორასნიდან დამასკომდე და მისი სახელი შიშის ზარს სცემდა მთელ მაჰმადიანურ სამყაროს. იჯდა ოთახში, წიგნებს კითხულობდა, წერდა, ლოცულობდა, მარხულობდა, გეგმავდა საბრძოლო ოპერაციებს და ოთხ კედელში გამოკეტილი ხელმძღვანელობდა ამბოხებას თურქ-სელჩუკთა იმპერიის უზარმაზარ ტერიტორიაზე. მისი ასკეტური ცხოვრება სამაგალითო იყო ორდენის წევრთათვის. ჰასან იბნ საბაჰის შიშით ალამუთში ვერავინ ვერ სვამდა ღვინოს. ციხიდან გააძევეს სალამურზე დამკვრელი, რადგან ასასინთა ორდენის მბრძანებელი გარყვნილებად თვლიდა მუსიკას.
ჰასან იბნ საბაჰის სისასტიკეს საზრვარი არა ჰქონდა. მან წუთისოფელს გამოასალმა თავისი ორი ვაჟი. პირველს ბრალად დასდეს იბნ საბაჰის თანაშემწის მკვლელობა (შემდეგ გამოირკვა ბრალდების სიყალბე და ცილისმწამებელიც ვერ ასცდა სასჯელს), ხოლო მეორე ვაჟის ერთადერთი დანაშაული იყო... აკრძალული ღვინის სმა.
ცნობილი ავსტრიელი მეცნიერი ი. ჰამერი ამბობს: ადამიანის ბუნება არ არის ისეთი ულმობელი, რომ ისტორიკოსმა რამდენიმე საეჭვო მოტივიდან მაინცდამაინც ყველაზე უარესი აარჩიოს, მაგრამ ასასინთა ორდენის ფუძემდებელთან დაკავშირებით ყველაფერი სიმართლეს წააგავსო. ჰამერი ვარაუდობს, რომ ჰასან იბნ საბაჰმა თავისი ვაჟები სიკვდილით დასაჯა არა იმდენად სიმკაცრის გამო, რამდენადაც იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში დაენერგა გულგრილობა ყოველგვარი ბუნებრივი, ადამიანური გრძნობების მიმართ.
ინგლისელი ორიენტალისტის ე. ბრაუნის აზრით, ჰასან იბნ საბაჰს თითქოს იმის დამტკიცებაც სურდა, რომ იგი იღწვოდა არა თავისი გვაროვნული ინტერესებისათვის, არამედ საერთო საქმისათვის. მან თავის მემკვიდრედ დაასახელა ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი.
ასასინთა ბრძოლის ძირითასი მეთოდი იყო ტერორისტული აქტები, რომელთა შესრულება ევალებოდათ ფიდაებს. “ფიდაი” ეწოდება იმ კაცს, ვინც თავს სწირავს. ფიდაებად არჩევდნენ გამბედავ და მოხერხებულ ახალგაზრდებს. მათი თავგანწირვა და ბრმა მორჩილება მბრძანებლის წინაშე, ერთი შეხედვით, კაცს ლეგენდა ეგონება.
ვენეციელი ისტორიკოსი მარინო სანუტო მოგვითხრობს: “1194 წელს, დაზავების ჟამს, ანრი, შამპანის გრაფი და ნომინალური მეფე იერუსალიმისა, სტუმრად ეწვია სირიის ასასინთა მბრძანებელს. ერთხელ, სეირნობისას მაღალი კოშკის თავზე დაინახეს თეთრებში ჩაცმული რამდენიმე ჭაბუკი. ასასინთა მბრძანებელი მიუბრუნდა ჯვაროსან გრაფს და ჰკითხა, ჰყავს თუ არა მასაც ასეთივე მორჩილი ქვეშევრდომები, პასუხისთვის არც კი დაუცდია, რაღაც ანიშნა ორს იმ ჭაბუკთაგან. ისინი მაშინვე გადმოეშვნენ კოშკიდან და, რა თქმა უნდა, მიწამდე სული არ ჩაჰყოლიათ”.
ფიდაები არ იყვნენ განსწავლულნი თავისი რელიგიის საიდუმლოებებში, მაგრამ საგულდაგულოდ იწვრთნებოდნენ არა მარტო იარაღის ხმარებაში, დაღლილობის ატანასა და შენიღბვის ხელოვნებაში, არამედ ზოგჯერ – ევროპულ ენებშიც კი. მარკიზ კონრად მონფერატის მოსაკლავად გაგზავნილებმა საკმაოდ იცოდნენ ფრანკთა ენა და ზნე-ჩვეულებანი, რათა ყველას მიეჩნია ისინი ქრისტიან ბერებად იმ ექვსი თვის მანძილზე, რომელიც მათ გაატარეს გადაცმულებმა ჯვაროსანთა ბანაკში, ელოდნენ რა ხელსაყრელ შემთხვევას.
ფიდაების სიცოცხლე ყოველთვის ბეწვზე ეკიდა და იშვიათად ეწერათ გადარჩენა, რადგანაც მათ უყვარდათ თავისი დავალების შესრულება სააჯაროდ, დრამატულ სტილში, როდესაც თავს ესხმოდნენ მაჰმადიან ამირას მეჩეთში პარასკეობით და ქრისტიან ჰერცოგს – ეკლესიაში კვირაობით, სალოცავად შეყრილი აუარება ხალხის თვალწინ. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თავდასხმის ობიექტი მეტწილად შეიარაღებული იყო და საკმაო ამალაც ახლდა თან. ფიდაი, თუ მოასწრებდა, მაშინვე თავს იკლავდა და საპატიო სიკვდილს ეგებებოდა დარწმუნებული იმაში, რომ მას იმავე წუთიდან ელოდა სამოთხე. ფიდაებს კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ მზვერავები, რათა მოეხსენებინათ ორდენის მბრძანებლისათვის მათი წარმატება თუ წარუმატებლობა.
არსებობს გადმოცემა, რომ ერთი ფიდაის დედამ, როდესაც გაიგო დავალებაზე წასულთა დაღუპვა, ჩათვალა, რომ მისი შვილიც აღარ იქნებოდა ცოცხალი და საზეიმოდ მოირთო და მოიკაზმა, მაგრამ სწორედ იგი გადარჩენილა სიკვდილს ალაბედზე და ცოცხალი დაბრუნდა. ამის დანახვაზე დედამ, გლოვის ნიშნად, მაშინვე შავები ჩაიცვა.
ტყვედ ჩავარდნილი ფიდაები, რომელთაც სასტიკი წამებით ხოცავდნენ, კიდევ ახერხებდნენ იმას, რომ მტრისთვის სამაგიერო მიეზღოთ. ერთმა მათგანმა სელჩუკთა სულტნის, სანჯარის წინაშე დაკითხვის დროს ასასინთა ორდენის წევრებად გამოაცხადა რამდენიმე გამოჩენილი ამირა და სასახლის მოხელე, რომლებმაც, ალბათ, უდანაშაულოდ გაიზიარეს მისი ხვედრი. ასეთი ბრალდება, რაგინდ დიდი თანამდებობის უნდა ყოფილიყო ეჭვმიტანილი, საფრთხეში აგდებდა მის სიცოცხლეს. ასე დაიღუპნენ სამარყანდის გამგებელი და ქირმანის სელჩუკთა უფლისწული.
თვით სულტან ბარქიაროკზეც მიიტანეს ეჭვი. იქნებ იმიტომაც, რომ მის მტრებს ხშირად უღებდა ბოლოს ასასინთა ტერორი. ბარქიაროკმა საკუთარი ხელით განგმირა ცილისმწამებელი, ხოლო თავის ქვეშევრდომთა გონებასი ასეთი ეჭვების გასაფანტავად სასტიკი რეპრესიები დაატეხა ასასინებს, რომლებიც საპასუხოდ თავს დაესხნენ სულტანს და მძიმედ დაჭრეს იგი.
სპარსელი ისტორიკოსი რაშიდ ად-დინი გვაწვდის ჰასან იბნ საბაჰისა და მისი მემკვიდრეების დროს ფიდაების ხელით მოკლულ პირთა სიებს. აქ ჩამოთვლილია ბაღდადისა და კაიროს ხალიფები, თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს ვეზირები და ამირები, ირანისა და სირიის ქალაქების და პროვინციების გამგებელნი, ყადიები და მუფთიები. ყველგან აღნიშნულია თარიღი და ისიც, თუ რომელი პიროვნება რომელ ქალაქში მოკლეს. ზოგჯერ ზუსტადაა მითითებული მკვლელობის ადგილი, იქნება ეს ისპაანის თუ დამასკოს მეჩეთი, სულტნის სასახლე თუ სამხედრო ბანაკი. მოცემულია ფიდაების სახელი და სადაურობა. ხშირად ტერორისტს რამდენიმე კაცი ეხმარება და მათი მხოლოდ რაოდენობა აღინუსხება დაუსახელებლად. მაგალითად, ფატიმიანთა ხალიფას მკვლელობაში შვიდი ფიდაი მონაწილეობდა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასასინთა ტერორი არ ვრცელდებოდა საზოგადოების დაბალ ფენებზე (თუ არ ჩავთვლით მსხვერპლთა შორის მოხსენიებულ ორდენის ერთ-ორ მოღალატეს). ასასინთა თვალსაზრისით, მკვლელობის მეთოდი არა მარტო გმირული იყო, არამედ უფრო სამართლიანი და ჰუმანურიც, რადგან ნაკლები სისხლი იღვრებოდა, ვიდრე ომებში.
1139 წელს ვინმე იბრაჰიმ დამღანელის ხელით მოკლულია თბილისის ყადი. ირკვევა, რომ ყადის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანია მულიდებისათვის (საერთოდ, ყადიების მკვლელობის მთავარ მოტივს შურიძიება წარმოადგენდა).
ჰასან იბნ საბაჰის რაინდებს მათთვის შორეულ თბილისსიც კი ჰქონიათ მოკიდებული ფეხი. თუმცა თბილისს ვინ ჩივის, კიდევ უფრო შორეულ მარსელსა და პარიზში აწყდებოდნენ გადაცმული ფიდაების ნაკვალევს.
ისე დიდი იყო ასასინთა მიერ დათესილი შიში მაჰნადიანურ სამყაროში, რომ ისინი, ვისაც რაიმე ცოდვა მიუძღოდა მათ წინაშე, სამოსელს ქვეშ მუდმივად ატარებდნენ ჯაჭვის პერანგს.
ასასინებმა ზოგჯერ მუქარა იცოდნენ ხოლმე. ერთხელ სულთანი სანჯარი მათი ციხის ასაღებად მიეშურებოდა. ერთ მშვენიერ დილას თავის კარავში, თვალი რომ გაახილა, იქვე, საწოლთან დაინახა მიწაში ჩარჭობილი ხანჯალი და წერილი, რომლითაც აფრთხილებდნენ, რომ მისთვის უკეთესია უკან გაბრუნება, ვინაიდან ეს ხანჯალი შესაძლოა მის მკერდში აღმოჩნდეს. სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინი გვარწმუნებს, რომ ალამუთის ბიბლიოთეკაში თავისი თვალით ნახა სანჯარის ფირმანები ასასინთა მბრძანებლისადმი, რომელსაც იგი ეპირფერებოდა და ეზავებოდა.
ასევე დაემუქრნენ სალადინს. მერე ორჯერ დაესხნენ თავს, თუმცა ორჯერვე უშედეგოდ. ეგვიპტის სახელგანთქმული სულტანი (იგი წარმოშობით ქურთი იყო), რომელმაც 1187 წელს ჯვაროსნებს “წარუღო” იერუსალიმი და რამდენიმე წელიწადში სირია-პალესტინის უმეტესი ნაწილიც, ფიდაების შიშით ღამეს ათევდა მოძრავ ხის კოშკში.
შიშსა და სიძულვილს გამოხატავდა მათთვის შერქმეული სახელი “ჰაშაშინ” იმ ნარკოტიკის მინიშნებით, რომელსაც ადამიანი უგონო სიშმაგემდე მიჰყავს. სინამდვილეში ჰაშიში ასასინთა საიდუმლო საკუთრება სულაც არა ყოფილა. მაგრამ მაჰმადიანურ სამყაროში თვლიდნენ, რომ არც ერთი ჭკუათმყოფელი ასე არ მოექცეოდა თავის სიცოცხლეს და, ბუნებრივია, ფიდაი ხელოვნურად უნდა შეემზადებინათ თავგანწირვისათვის. ამას კი ვითომდა ჰაშიშით აღწევდნენ. ჰაშიშით მთვრალს ეზმანებოდა მაჰმადიანური სამოთხე; ახალგაზრდა ფიდაი უკვე მზად იყო სიკვდილისათვის, ოღონდ კი ისევ სამოთხეში დაბრუნებულიყო (ჰალუცინაციები “სამოთხის” სიზმრებით, ჰაშიშის მოწევისას, დადასტურებულია სპეციალური სამედიცინო გამოკველევებით).
არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჰაშიშის ყოველდღიური ხმარება გამბედაობას და ვაჟკაცობას უნერგავდა ადამიანს. პირიქით, ნარკომანია, როგორც ცნობილია, იწვევს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ და გონებრივ დაძაბუნებას, რაც საბედისწერო იქნებოდა მათთვის, ვისაც ტერორისტული აქტი უნდა ჩაედინა. შესაძლოა, მხოლოდ ერთხელ, სამოთხის მოსაჩვენებლად ათრობდნენ ფიდაებს ჰაშიშით. მაგრამ ჯერჯერობით ესეც არაა დადგენილი (საყურადღებოა, რომ “ასასინი” და “მულიდი” მტრების მიერ შერქმეული სახელებია, თვითონ ისინი “ისმაილიტებად” გვაცნობენ თავს).
ასასინები ხშირად ჯვაროსნებთან ერთად ებრძოდნენ მაჰმადიანებს, მაგრამ არც ჯვაროსნებს ელოლიავებოდნენ. ფიდაის ხანჯალი არ არჩევდა ქრისტიანს და მაჰმადიანს. ხანდახან ასასინები დაქირავებულ ტერორისტებადაც გვევლინებიან. მაგალითად, ფიქრობენ, რომ კონრად მონფერატის მკვლელობა მოხდა სალადინის ანდა რიჩარდ ლომგულის დავალებით.
მულიდებს ძალზე ხშირად უწყობდნენ სისხლიან ანგარიშსწორებას. განსაკუთრებით საინტერესოა სპარსელი ისტორიკოსის რავენდის მიერ აღწერილი ეპიზოდი:
როდესაც მეტორმეტე საუკუნის დამდეგს ასასინებმა ხელთ იგდეს ციხე ისპაანის მახლობლად, სელჩუკები ფრიად შეშფოთდნენ და ალყა შემოარტყეს ციხეს. ასასინებს გაუჭირდათ, რადგან შემოელიათ სურსათი. მათმა წინამძღოლმა იბნ-ათაშმა (აღსანიშნავია, რომ იგი ვაჭარი იყო) შეატყობინა ეს ამბავი სულტნის ვეზირს, მულიდთა ფარულ მიმდევარს, და დახმარება სთხოვა. მოითმინე ორი-სამი დღე, სანამ ამ ძაღლს (ესე იგი, სულტანს) მოვსპობო, შეუთვალა ვეზირმა იბნ-ათაშს. სულტანი მუჰამედი ზაფხულის სიცხეებს ვერ იტანდა და თვეში ერთხელ მაინც სისხლის გამოშვებას იყო ჩვეული. მოსყიდულ დალაქს მოწამლული დანით საიქიოს უნდა გაესტუმრებინა სულტანი. მაგრამ საიდუმლო გეგმა გამომჟღავნდა და შეთქმულნი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო დალაქს მისივე მოწამლული დანით გამოუშვეს სისხლი. ღონემიხდილი იბნ-ათაში ორ დღეში დანებდა სულტნის ლაშქარს. იგი აქლემზე შესვეს და ასე გაატარეს ისპაანის ქუჩებში, სადაც ათასობით მაყურებელი გამოფენილიყო სეირის სანახავად. აქლემზე ამხედრებულს ტალახის გუნდებს ესროდნენ და დამცინავი შაირებით ამკობდნენ. იბნ-ათაში ასტროლოგიაში იყო განსწავლული და ვიღაცამ სარკასტულად ჰკითხა, ნუთუ წინასწარ ვერ განჭვრიტე შენი ბედიო. მან უპასუხა: ჩემმა ჰოროსკოპმა მამცნო, რომ ისპაანის ქუჩებს ჩავივლიდი იმაზე დიდი ზარ-ზეიმით, ვიდრე მეფეს ეკადრება, მაგრამ ეს აღარ შემიტყვია, რომ ზეიმი ამგვარი იქნებოდაო. იბნ-ათაშს ცოცხლად გააძვრეს ტყავი, არ გასულა დიდი ხანი და მსაჯულები, რომლებმაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს იბნ-ათაშსა და მის თანამებრძოლებს, ამოწყვეტილ იქნენ ფიდაების მიერ, მათ შორის – ისპაანის ყადიც.
ასასინებმა ძირი გამოუთხარეს თურქ-სელჩუკთა ძლიერებას. გამართლდა სახელგანთქმული ვეზირის, ნიამ ალ-მულქის წინასწარმეტყველება. თავის პოლიტიკურ ტრაქტატში “სიასეთ-ნამე” იგი აფრთხილებდა ხელმწიფეს, რომ მულიდებზე საშიში მტერი სელჩუკებს არა ჰყავთ და საიდუმლო თავშესაფრებიდან მათი გამოსვლა მოიტანს ნგრევასა და უბედურებას. ნიზამ ალ-მულქი ლამობდა, ჩანასახშივე მოესპო ეს მოძრაობა. მან ისიც იცოდა, რომ სწორედ ჰასან იბნ საბაჰი იყო მულიდთა მოთავე და სასტიკად სდევნიდა მას.
არსებობს ლეგენდა, რომ ნიზამ ალ-მულქი, ჰასან იბნ საბაჰი და ომარ ხაიამი ერთად სწავლობდნენ სიყმაწვილეში. ერთმანეთს შეჰფიცეს, თუ რომელიმე მათგანი აღზევდებოდა, დანარჩენი ორისთვის მფარველობა გაეწია. ომარ ხაიამმა პოლიტიკურ სარბიელს პოეზია და მეცნიერება არჩია. ჰასან იბნ საბაჰი და ნიზამ ალ-მულქი სელჩუკთა სამეფოს კარზე დაწინაურდნენ. შემდეგ ჰასან იბნ საბაჰმა ინტრიგებს მიჰყო ხელი ნიზამ ალ-მულქის წინააღმდეგ, მაგრამ ამ უკანასკნელმა აჯობა და ასასინთა ორდენის მომავალი მბრძანებელი სასახლიდან განდევნეს. თითქოსდა ამის გამო იძია შური ჰასან იბნ საბაჰმა. მართლაც, ფიდაების პირველი მსხვერპლი ნიზამ ალ-მულქი იყო. მაგრამ სამი მეგობრის ამბავი მაინც ლეგენდად არის მიჩნეული, ვინაიდან ისინი თანატოლები არ ყოფილან.
საუკუნე-ნახევარზე მეტხანს ეჭირათ ასასინებს ალამუთი და მბრძანებლის სიტყვის წარმოთქმისთანავე მზად იყო თავგანწირული ფიდაი და ხანჯალი.
1256 წელს მონღოლებმა აიღეს ალამუთი, გაძარცვეს და დაანგრიეს. გამარჯვებული ჰულაგუ-ყაენი ავიდა ციხის დასათვალიერებლად და ამ დიდებული სანახაობის მხილველმა, რაშიდ ად-დინის სიტყვით, “განცვიფრების თითზე იკბინა”.
მონღოლებმა დედაწულიანად ამოწყვიტეს ასასინები ისე, რომ მათი კვალიც არ დარჩენილა. ისმაილიტთა სექტა, როგორც ვთქვით, მანამდეც არსებობდა და დღესაც ბოგინობს აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ასასინთა ორდენი ალამუთის დაცემისთანავე სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას.

No comments:

Post a Comment