Tuesday, February 02, 2010

2009 წლის სექტემბრის "სამხედრო" - ISSN 1987-8214


UDC (უაკ) 335 (051.2)
ს0248
ჟურნალი – "სამხედრო"
დევიზი – "ცოდნით შეიარაღებული ძალები"
უწყება – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დიზაინი – შპს "ბენეფისი"
დაიბეჭდა – შპს "სეზანი"
რედაქტორი – მიხო მოსულიშვილი
ISSN 1987-8214
გვერდების რაოდენობა – 108
გამოცემის დრო – 2009 წლის სექტემბერი
გამოვიდა – მხოლოდ საცდელი ნომერი

Wednesday, December 30, 2009

მულიდები (ასასინები)



თამაზ ნატროშვილი

მე ვარ მულიდი

დილაადრიან აფორიაქდა მონღოლთა ბანაკი. ყველანი ჩაღატა-ნოინის კარვისაკენ გარბოდნენ. ატყდა მოთქმა-ტირილი. ღამით ვიღაც უჩინარი აჩრდილივით გაპარვოდა კარვის მცველებს, უხმაუროდ შესულიყო მძინარე ჩაღატა-ნოინთან და დანის ერთი დაკვრით გაეთავებინა. არავის არაფერი გაუგია, არც მკვლელის გამოჩენა და არც მიმალვა. დილით იხილეს მკვდარი სარდალი და “არა უწყოდეს, ვისგან მოკლულ იყო”.
ეს მოხდა ალამუთზე ლაშქრობის დროს, როდესაც მონღოლთა ჯარში იძულებით წაყვანილი ქართველები ერივნენ. ქართველებს მობეზრებული ჰქონდათ ალამუთის ხანგრძლივი ომი და თვით მონღოლებიც არ ეპიტნავებოდათ.
ბუნებრივია, რომ მონღოლებმა თვალი ქართველებს დაადგეს. სხვა ვინ მოკლავდა ჩაღატას, თუ არა ისინი – მონღოლთაგან “დიდსა ჭირსა შინა” ჩავარდნილი ქართველები? ამაში არავის ეპარებოდა ეჭვი, გარდა ჩარმაღან-ნოინისა, რომელიც უმტკიცებდა თვისტომთ: “დასწყნარდით, კაცნო, რამეთუ არა არს ნათესავი ქართველთა კაცის მკვლელი”. მაგრამ მისი ფხიზელი განსჯა ვეღარ აღწევდა პატრონის დაკარგვით გამძვინვარებულ მონღოლთა სმენას. ისინი ველური შურისძიების წყურვილით უკვე მიემართებოდნენ ქართველთა ბანაკისაკენ.
ქართველები ცოტანი იყვნენ და აღარ იცოდნენ, რომელი გზა აერჩიათ. ერთნი საბრძოლველად ემზადებოდნენ, მეორენი აკავებდნენ და აშოშმინებდნენ. მაშინ გრიგოლ სურამელმა, ქართლის ერისთავმა, გადაჭრით ბრძანა: “არა არს ჟამი ბრძოლისა, რამეთუ მცირე ვართ”. მისი აზრით, ბრძოლას ყველა შეეწირებოდა უკლებლივ, უბრძოლველობას კი მხოლოდ წარჩინებულთა სიკვდილით დასჯა მოჰყვებოდა. გაბოროტებული მონღოლები, ალბათ, რამდენიმე თავკაცს აკმარებდნენ მსხვერპლად ჩაღატა-ნოინს.
ქართველებს ლოცვის გარდა აღარაფერი დარჩენოდათ. უკვე მოახლოებული იყვნენ სისხლმოწყურებული მონღოლები, როდესაც მოხდა სასწაული (ქართველი ჟამთააღმწერელი ამ სასწაულის მოვლინებას ღვთისმშობელს მიაწერს).
უცებ ლერწმოვანიდან უცნობი კაცი გამოვიდა, წითლად შეღებილი ლახვარი მაღლა აღმართა და ხმამაღლა იყვირა სპარსულად: “მან ქუშტემ ჩაღატა”. მონღოლები ეძგერნენ უცნობს და ნოინების წინაშე მიიყვანეს. ნოინებმა ჰკითხეს მას, ვითარ მოკლა ჩაღატა-ნოინი.
უცნობმა ამაყად უპასუხა: “მე ვარ მულიდი, მულიდთა შორის საჩინო...”
ამ სიტყვებმა მყისვე ახადა საიდუმლოების ფარდა ღამით მომხდარ მკვლელობას. ყველაფერი ნათელი გახდა.
ჟამათააღმწერელსაც, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს ამ ჟრუანტელის მომგვრელ ეპიზოდს, მშვენივრად მოეხსენება მათი ასავალ-დასავალი (“კაცის მკვლელი მიპარვითა, რომელთა მულიდად უწოდიან”).
“მულიდი” არაბული სიტყვაა და ნიშნავს ერეტიკოსს, ანუ მწვალებელს, სარწმუნოებისაგან განდგომილს. ასე მოიხსენიებენ ამ “კაცისმკვლელთ” აღმოსავლური წყაროები. ევროპულ ლიტერატურაში ისინი ცნობილი არიან ასასინებსი სახელით. ფიქრონებ, რომ “ასასინი” დამახინჯებული ფორმაა არაბული სიტყვისა “ჰაშაშინ” (ესე იგი, ჰაშიშის მწევლები).
სიტყვა “ასასინი” მკვლელის მნიშვნელობით დამკვიდრდა ევროპულ ენაში (ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური), ხოლო ამ სიტყვიდან ნაწარმოები ზმნა ზოგიერთ მათგანში მუხანათურ მკვლელობას, ტერორისტული აქტის ჩადენას აღნიშნავს.
ვინ არიან მულიდები, ანუ ასასინები, რომლებმაც ესოდენ შავი სახელი მოიხვეჭეს, რომ დღესაც კი დასავლეთში რომელიმე პოლიტიკური მოღვაწის მკვლელობა ძალაუნებურად მოგვაგონებს ხოლმე საუკუნეთა სიღრმეში ჩამარხულ ისტორიას. რა მანქანებით დაიმსახურეს ასასინებმა ასეთი უჭკნობი “დიდება”?
ასასინთა ორდენი დააარსდა ისმაილიტთა მიერ მეთერთმეტე საუკუნის დამლევს ირანში. ისმაილიტების სექტა ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში იყო შექმნილი და მრავალი აქტიური მომხრე ჰყავდა მაჰმადიანურ სამყაროში. ისმაილიზმი გახდა ასასინთა ორდენის იდეოლოგია. ორდენს სათავეში ჩაუდგნენ ირანელი ფეოდალები, რომლებმაც ირანში თურქ-სელჩუკთა გაბატონების შედეგად დაკარგეს თავიანთი მიწები და ახლა გამქრალი ძალაუფლების აღდგენაზე ოცნებობდნენ. ასასინთა ამბოხებაში მონაწილეობდნენ ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის დაბალი ფენებიც: ხელოსნები, გლეხები.
ასასინთა ორდენის ფუძემდებელი იყო ჰასან იბნ საბაჰი. ევროპელი მეცნიერები აღნიშნავდნენ: ჰასან იბნ საბაჰმა გააცოცხლა ფანატიზმი და მას წმინდა პოლიტიკური მიმართულება მისცაო. იგი სიჭაბუკეშივე ეზიარა ისმაილიტურ რჯულს ირანელ ხელოსანთა წრეში, თუმცა თავად წარჩინებული წარმოშობისა იყო. შემდგომში გაემგზავრა ეგვიპტის ფატიმიანთა სახალიფოში, რომელიც წარმოადგენდა ისმაილიტური პროპაგანდის ცენტრს. ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ ჰასან იბნ საბაჰმა ირანის მრავალი ოლქი შემოიარა, ეწეოდა პროპაგანდას და ეძებდა შესაფერის ადგილს მმართველობის ცენტრის დასაარსებლად. მისი მომხრეებიც აწარმოებდნენ დაზვერვას ყოველი მიმართულებით.
საბოლოოდ არჩევანი შეაჩერეს ალამუთზე. ალამუთის ციხე მდებარეობდა ელბრუსის მთების ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის (3 689 მეტრი ზღვის დონიდან) მახლობლად, მაღალ კლდეზე. ალამუთი (“ალაჰ ამუთ”) ნიშნავს არწივის ბუდეს. მიუვალი და აუღებელი კლდეებით გარშემოტყმული ალამუთი მართლაც ზედგამოჭრილი ადგილი იყო ასასინთათვის. ჰასან იბნ საბაჰის აგენტებმა ისმაილიტურ რჯულზე მოაქციეს ციხის გარნიზონი. რასაკვირველია, ციხისთავს აღარ ძალუძდა წინააღმდეგობის გაწევა. მან ქედი მოიხარა ასასინთა წინაშე და კომპენსაციად მიიღო სამი ათასი ოქროს დინარი.
ეს მოხდა 1090 წელს. აქედან იწყება ასასინთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა. ამის შემდეგ მათ ხელთ იგდეს კიდევ რამდენიმე ციხე ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანის მთიან რაიონებში და თავის საყრდენ პუნქტებად გადააქციეს. ზოგი დაიპყრეს ძალით, ზოგი – ცბიერებით, ზოგიც თვითონ ააშენეს. მალე ომოცდაათამდე ციხე ეკუთვნოდათ მთელს ირანში. მათი პოზიციები განსაკუთრებით ძლიერი იყო მთიან დეილემსა და ყოჰესთანში. მეთორმეტე საუკუნის დამდეგს ასასინებმა დაიბუდეს სირიის მთებში.
ისპაანისა და გირდქუჰის მიდამოებში ისინი საბაჟო გადასახადს კრეფდნენ ვაჭართაგან. ყოჰესთანში ერთხანს რამდენიმე ქალაქსაც კი დაეპატრონენ. ალამუთის ირგვლივ მდებარე მინდვრებში გაჰყავდათ სარწყავი არხები, იმარაგებდნენ სურსათს.
ოცდათხუთმეტი წლის მანძილზე ჰასან იბნ საბაჰს აღარ მიუტოვებია ალამუთი. მაგრამ მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა ხორასნიდან დამასკომდე და მისი სახელი შიშის ზარს სცემდა მთელ მაჰმადიანურ სამყაროს. იჯდა ოთახში, წიგნებს კითხულობდა, წერდა, ლოცულობდა, მარხულობდა, გეგმავდა საბრძოლო ოპერაციებს და ოთხ კედელში გამოკეტილი ხელმძღვანელობდა ამბოხებას თურქ-სელჩუკთა იმპერიის უზარმაზარ ტერიტორიაზე. მისი ასკეტური ცხოვრება სამაგალითო იყო ორდენის წევრთათვის. ჰასან იბნ საბაჰის შიშით ალამუთში ვერავინ ვერ სვამდა ღვინოს. ციხიდან გააძევეს სალამურზე დამკვრელი, რადგან ასასინთა ორდენის მბრძანებელი გარყვნილებად თვლიდა მუსიკას.
ჰასან იბნ საბაჰის სისასტიკეს საზრვარი არა ჰქონდა. მან წუთისოფელს გამოასალმა თავისი ორი ვაჟი. პირველს ბრალად დასდეს იბნ საბაჰის თანაშემწის მკვლელობა (შემდეგ გამოირკვა ბრალდების სიყალბე და ცილისმწამებელიც ვერ ასცდა სასჯელს), ხოლო მეორე ვაჟის ერთადერთი დანაშაული იყო... აკრძალული ღვინის სმა.
ცნობილი ავსტრიელი მეცნიერი ი. ჰამერი ამბობს: ადამიანის ბუნება არ არის ისეთი ულმობელი, რომ ისტორიკოსმა რამდენიმე საეჭვო მოტივიდან მაინცდამაინც ყველაზე უარესი აარჩიოს, მაგრამ ასასინთა ორდენის ფუძემდებელთან დაკავშირებით ყველაფერი სიმართლეს წააგავსო. ჰამერი ვარაუდობს, რომ ჰასან იბნ საბაჰმა თავისი ვაჟები სიკვდილით დასაჯა არა იმდენად სიმკაცრის გამო, რამდენადაც იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში დაენერგა გულგრილობა ყოველგვარი ბუნებრივი, ადამიანური გრძნობების მიმართ.
ინგლისელი ორიენტალისტის ე. ბრაუნის აზრით, ჰასან იბნ საბაჰს თითქოს იმის დამტკიცებაც სურდა, რომ იგი იღწვოდა არა თავისი გვაროვნული ინტერესებისათვის, არამედ საერთო საქმისათვის. მან თავის მემკვიდრედ დაასახელა ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი.
ასასინთა ბრძოლის ძირითასი მეთოდი იყო ტერორისტული აქტები, რომელთა შესრულება ევალებოდათ ფიდაებს. “ფიდაი” ეწოდება იმ კაცს, ვინც თავს სწირავს. ფიდაებად არჩევდნენ გამბედავ და მოხერხებულ ახალგაზრდებს. მათი თავგანწირვა და ბრმა მორჩილება მბრძანებლის წინაშე, ერთი შეხედვით, კაცს ლეგენდა ეგონება.
ვენეციელი ისტორიკოსი მარინო სანუტო მოგვითხრობს: “1194 წელს, დაზავების ჟამს, ანრი, შამპანის გრაფი და ნომინალური მეფე იერუსალიმისა, სტუმრად ეწვია სირიის ასასინთა მბრძანებელს. ერთხელ, სეირნობისას მაღალი კოშკის თავზე დაინახეს თეთრებში ჩაცმული რამდენიმე ჭაბუკი. ასასინთა მბრძანებელი მიუბრუნდა ჯვაროსან გრაფს და ჰკითხა, ჰყავს თუ არა მასაც ასეთივე მორჩილი ქვეშევრდომები, პასუხისთვის არც კი დაუცდია, რაღაც ანიშნა ორს იმ ჭაბუკთაგან. ისინი მაშინვე გადმოეშვნენ კოშკიდან და, რა თქმა უნდა, მიწამდე სული არ ჩაჰყოლიათ”.
ფიდაები არ იყვნენ განსწავლულნი თავისი რელიგიის საიდუმლოებებში, მაგრამ საგულდაგულოდ იწვრთნებოდნენ არა მარტო იარაღის ხმარებაში, დაღლილობის ატანასა და შენიღბვის ხელოვნებაში, არამედ ზოგჯერ – ევროპულ ენებშიც კი. მარკიზ კონრად მონფერატის მოსაკლავად გაგზავნილებმა საკმაოდ იცოდნენ ფრანკთა ენა და ზნე-ჩვეულებანი, რათა ყველას მიეჩნია ისინი ქრისტიან ბერებად იმ ექვსი თვის მანძილზე, რომელიც მათ გაატარეს გადაცმულებმა ჯვაროსანთა ბანაკში, ელოდნენ რა ხელსაყრელ შემთხვევას.
ფიდაების სიცოცხლე ყოველთვის ბეწვზე ეკიდა და იშვიათად ეწერათ გადარჩენა, რადგანაც მათ უყვარდათ თავისი დავალების შესრულება სააჯაროდ, დრამატულ სტილში, როდესაც თავს ესხმოდნენ მაჰმადიან ამირას მეჩეთში პარასკეობით და ქრისტიან ჰერცოგს – ეკლესიაში კვირაობით, სალოცავად შეყრილი აუარება ხალხის თვალწინ. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თავდასხმის ობიექტი მეტწილად შეიარაღებული იყო და საკმაო ამალაც ახლდა თან. ფიდაი, თუ მოასწრებდა, მაშინვე თავს იკლავდა და საპატიო სიკვდილს ეგებებოდა დარწმუნებული იმაში, რომ მას იმავე წუთიდან ელოდა სამოთხე. ფიდაებს კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ მზვერავები, რათა მოეხსენებინათ ორდენის მბრძანებლისათვის მათი წარმატება თუ წარუმატებლობა.
არსებობს გადმოცემა, რომ ერთი ფიდაის დედამ, როდესაც გაიგო დავალებაზე წასულთა დაღუპვა, ჩათვალა, რომ მისი შვილიც აღარ იქნებოდა ცოცხალი და საზეიმოდ მოირთო და მოიკაზმა, მაგრამ სწორედ იგი გადარჩენილა სიკვდილს ალაბედზე და ცოცხალი დაბრუნდა. ამის დანახვაზე დედამ, გლოვის ნიშნად, მაშინვე შავები ჩაიცვა.
ტყვედ ჩავარდნილი ფიდაები, რომელთაც სასტიკი წამებით ხოცავდნენ, კიდევ ახერხებდნენ იმას, რომ მტრისთვის სამაგიერო მიეზღოთ. ერთმა მათგანმა სელჩუკთა სულტნის, სანჯარის წინაშე დაკითხვის დროს ასასინთა ორდენის წევრებად გამოაცხადა რამდენიმე გამოჩენილი ამირა და სასახლის მოხელე, რომლებმაც, ალბათ, უდანაშაულოდ გაიზიარეს მისი ხვედრი. ასეთი ბრალდება, რაგინდ დიდი თანამდებობის უნდა ყოფილიყო ეჭვმიტანილი, საფრთხეში აგდებდა მის სიცოცხლეს. ასე დაიღუპნენ სამარყანდის გამგებელი და ქირმანის სელჩუკთა უფლისწული.
თვით სულტან ბარქიაროკზეც მიიტანეს ეჭვი. იქნებ იმიტომაც, რომ მის მტრებს ხშირად უღებდა ბოლოს ასასინთა ტერორი. ბარქიაროკმა საკუთარი ხელით განგმირა ცილისმწამებელი, ხოლო თავის ქვეშევრდომთა გონებასი ასეთი ეჭვების გასაფანტავად სასტიკი რეპრესიები დაატეხა ასასინებს, რომლებიც საპასუხოდ თავს დაესხნენ სულტანს და მძიმედ დაჭრეს იგი.
სპარსელი ისტორიკოსი რაშიდ ად-დინი გვაწვდის ჰასან იბნ საბაჰისა და მისი მემკვიდრეების დროს ფიდაების ხელით მოკლულ პირთა სიებს. აქ ჩამოთვლილია ბაღდადისა და კაიროს ხალიფები, თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს ვეზირები და ამირები, ირანისა და სირიის ქალაქების და პროვინციების გამგებელნი, ყადიები და მუფთიები. ყველგან აღნიშნულია თარიღი და ისიც, თუ რომელი პიროვნება რომელ ქალაქში მოკლეს. ზოგჯერ ზუსტადაა მითითებული მკვლელობის ადგილი, იქნება ეს ისპაანის თუ დამასკოს მეჩეთი, სულტნის სასახლე თუ სამხედრო ბანაკი. მოცემულია ფიდაების სახელი და სადაურობა. ხშირად ტერორისტს რამდენიმე კაცი ეხმარება და მათი მხოლოდ რაოდენობა აღინუსხება დაუსახელებლად. მაგალითად, ფატიმიანთა ხალიფას მკვლელობაში შვიდი ფიდაი მონაწილეობდა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასასინთა ტერორი არ ვრცელდებოდა საზოგადოების დაბალ ფენებზე (თუ არ ჩავთვლით მსხვერპლთა შორის მოხსენიებულ ორდენის ერთ-ორ მოღალატეს). ასასინთა თვალსაზრისით, მკვლელობის მეთოდი არა მარტო გმირული იყო, არამედ უფრო სამართლიანი და ჰუმანურიც, რადგან ნაკლები სისხლი იღვრებოდა, ვიდრე ომებში.
1139 წელს ვინმე იბრაჰიმ დამღანელის ხელით მოკლულია თბილისის ყადი. ირკვევა, რომ ყადის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანია მულიდებისათვის (საერთოდ, ყადიების მკვლელობის მთავარ მოტივს შურიძიება წარმოადგენდა).
ჰასან იბნ საბაჰის რაინდებს მათთვის შორეულ თბილისსიც კი ჰქონიათ მოკიდებული ფეხი. თუმცა თბილისს ვინ ჩივის, კიდევ უფრო შორეულ მარსელსა და პარიზში აწყდებოდნენ გადაცმული ფიდაების ნაკვალევს.
ისე დიდი იყო ასასინთა მიერ დათესილი შიში მაჰნადიანურ სამყაროში, რომ ისინი, ვისაც რაიმე ცოდვა მიუძღოდა მათ წინაშე, სამოსელს ქვეშ მუდმივად ატარებდნენ ჯაჭვის პერანგს.
ასასინებმა ზოგჯერ მუქარა იცოდნენ ხოლმე. ერთხელ სულთანი სანჯარი მათი ციხის ასაღებად მიეშურებოდა. ერთ მშვენიერ დილას თავის კარავში, თვალი რომ გაახილა, იქვე, საწოლთან დაინახა მიწაში ჩარჭობილი ხანჯალი და წერილი, რომლითაც აფრთხილებდნენ, რომ მისთვის უკეთესია უკან გაბრუნება, ვინაიდან ეს ხანჯალი შესაძლოა მის მკერდში აღმოჩნდეს. სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინი გვარწმუნებს, რომ ალამუთის ბიბლიოთეკაში თავისი თვალით ნახა სანჯარის ფირმანები ასასინთა მბრძანებლისადმი, რომელსაც იგი ეპირფერებოდა და ეზავებოდა.
ასევე დაემუქრნენ სალადინს. მერე ორჯერ დაესხნენ თავს, თუმცა ორჯერვე უშედეგოდ. ეგვიპტის სახელგანთქმული სულტანი (იგი წარმოშობით ქურთი იყო), რომელმაც 1187 წელს ჯვაროსნებს “წარუღო” იერუსალიმი და რამდენიმე წელიწადში სირია-პალესტინის უმეტესი ნაწილიც, ფიდაების შიშით ღამეს ათევდა მოძრავ ხის კოშკში.
შიშსა და სიძულვილს გამოხატავდა მათთვის შერქმეული სახელი “ჰაშაშინ” იმ ნარკოტიკის მინიშნებით, რომელსაც ადამიანი უგონო სიშმაგემდე მიჰყავს. სინამდვილეში ჰაშიში ასასინთა საიდუმლო საკუთრება სულაც არა ყოფილა. მაგრამ მაჰმადიანურ სამყაროში თვლიდნენ, რომ არც ერთი ჭკუათმყოფელი ასე არ მოექცეოდა თავის სიცოცხლეს და, ბუნებრივია, ფიდაი ხელოვნურად უნდა შეემზადებინათ თავგანწირვისათვის. ამას კი ვითომდა ჰაშიშით აღწევდნენ. ჰაშიშით მთვრალს ეზმანებოდა მაჰმადიანური სამოთხე; ახალგაზრდა ფიდაი უკვე მზად იყო სიკვდილისათვის, ოღონდ კი ისევ სამოთხეში დაბრუნებულიყო (ჰალუცინაციები “სამოთხის” სიზმრებით, ჰაშიშის მოწევისას, დადასტურებულია სპეციალური სამედიცინო გამოკველევებით).
არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჰაშიშის ყოველდღიური ხმარება გამბედაობას და ვაჟკაცობას უნერგავდა ადამიანს. პირიქით, ნარკომანია, როგორც ცნობილია, იწვევს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ და გონებრივ დაძაბუნებას, რაც საბედისწერო იქნებოდა მათთვის, ვისაც ტერორისტული აქტი უნდა ჩაედინა. შესაძლოა, მხოლოდ ერთხელ, სამოთხის მოსაჩვენებლად ათრობდნენ ფიდაებს ჰაშიშით. მაგრამ ჯერჯერობით ესეც არაა დადგენილი (საყურადღებოა, რომ “ასასინი” და “მულიდი” მტრების მიერ შერქმეული სახელებია, თვითონ ისინი “ისმაილიტებად” გვაცნობენ თავს).
ასასინები ხშირად ჯვაროსნებთან ერთად ებრძოდნენ მაჰმადიანებს, მაგრამ არც ჯვაროსნებს ელოლიავებოდნენ. ფიდაის ხანჯალი არ არჩევდა ქრისტიანს და მაჰმადიანს. ხანდახან ასასინები დაქირავებულ ტერორისტებადაც გვევლინებიან. მაგალითად, ფიქრობენ, რომ კონრად მონფერატის მკვლელობა მოხდა სალადინის ანდა რიჩარდ ლომგულის დავალებით.
მულიდებს ძალზე ხშირად უწყობდნენ სისხლიან ანგარიშსწორებას. განსაკუთრებით საინტერესოა სპარსელი ისტორიკოსის რავენდის მიერ აღწერილი ეპიზოდი:
როდესაც მეტორმეტე საუკუნის დამდეგს ასასინებმა ხელთ იგდეს ციხე ისპაანის მახლობლად, სელჩუკები ფრიად შეშფოთდნენ და ალყა შემოარტყეს ციხეს. ასასინებს გაუჭირდათ, რადგან შემოელიათ სურსათი. მათმა წინამძღოლმა იბნ-ათაშმა (აღსანიშნავია, რომ იგი ვაჭარი იყო) შეატყობინა ეს ამბავი სულტნის ვეზირს, მულიდთა ფარულ მიმდევარს, და დახმარება სთხოვა. მოითმინე ორი-სამი დღე, სანამ ამ ძაღლს (ესე იგი, სულტანს) მოვსპობო, შეუთვალა ვეზირმა იბნ-ათაშს. სულტანი მუჰამედი ზაფხულის სიცხეებს ვერ იტანდა და თვეში ერთხელ მაინც სისხლის გამოშვებას იყო ჩვეული. მოსყიდულ დალაქს მოწამლული დანით საიქიოს უნდა გაესტუმრებინა სულტანი. მაგრამ საიდუმლო გეგმა გამომჟღავნდა და შეთქმულნი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო დალაქს მისივე მოწამლული დანით გამოუშვეს სისხლი. ღონემიხდილი იბნ-ათაში ორ დღეში დანებდა სულტნის ლაშქარს. იგი აქლემზე შესვეს და ასე გაატარეს ისპაანის ქუჩებში, სადაც ათასობით მაყურებელი გამოფენილიყო სეირის სანახავად. აქლემზე ამხედრებულს ტალახის გუნდებს ესროდნენ და დამცინავი შაირებით ამკობდნენ. იბნ-ათაში ასტროლოგიაში იყო განსწავლული და ვიღაცამ სარკასტულად ჰკითხა, ნუთუ წინასწარ ვერ განჭვრიტე შენი ბედიო. მან უპასუხა: ჩემმა ჰოროსკოპმა მამცნო, რომ ისპაანის ქუჩებს ჩავივლიდი იმაზე დიდი ზარ-ზეიმით, ვიდრე მეფეს ეკადრება, მაგრამ ეს აღარ შემიტყვია, რომ ზეიმი ამგვარი იქნებოდაო. იბნ-ათაშს ცოცხლად გააძვრეს ტყავი, არ გასულა დიდი ხანი და მსაჯულები, რომლებმაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს იბნ-ათაშსა და მის თანამებრძოლებს, ამოწყვეტილ იქნენ ფიდაების მიერ, მათ შორის – ისპაანის ყადიც.
ასასინებმა ძირი გამოუთხარეს თურქ-სელჩუკთა ძლიერებას. გამართლდა სახელგანთქმული ვეზირის, ნიამ ალ-მულქის წინასწარმეტყველება. თავის პოლიტიკურ ტრაქტატში “სიასეთ-ნამე” იგი აფრთხილებდა ხელმწიფეს, რომ მულიდებზე საშიში მტერი სელჩუკებს არა ჰყავთ და საიდუმლო თავშესაფრებიდან მათი გამოსვლა მოიტანს ნგრევასა და უბედურებას. ნიზამ ალ-მულქი ლამობდა, ჩანასახშივე მოესპო ეს მოძრაობა. მან ისიც იცოდა, რომ სწორედ ჰასან იბნ საბაჰი იყო მულიდთა მოთავე და სასტიკად სდევნიდა მას.
არსებობს ლეგენდა, რომ ნიზამ ალ-მულქი, ჰასან იბნ საბაჰი და ომარ ხაიამი ერთად სწავლობდნენ სიყმაწვილეში. ერთმანეთს შეჰფიცეს, თუ რომელიმე მათგანი აღზევდებოდა, დანარჩენი ორისთვის მფარველობა გაეწია. ომარ ხაიამმა პოლიტიკურ სარბიელს პოეზია და მეცნიერება არჩია. ჰასან იბნ საბაჰი და ნიზამ ალ-მულქი სელჩუკთა სამეფოს კარზე დაწინაურდნენ. შემდეგ ჰასან იბნ საბაჰმა ინტრიგებს მიჰყო ხელი ნიზამ ალ-მულქის წინააღმდეგ, მაგრამ ამ უკანასკნელმა აჯობა და ასასინთა ორდენის მომავალი მბრძანებელი სასახლიდან განდევნეს. თითქოსდა ამის გამო იძია შური ჰასან იბნ საბაჰმა. მართლაც, ფიდაების პირველი მსხვერპლი ნიზამ ალ-მულქი იყო. მაგრამ სამი მეგობრის ამბავი მაინც ლეგენდად არის მიჩნეული, ვინაიდან ისინი თანატოლები არ ყოფილან.
საუკუნე-ნახევარზე მეტხანს ეჭირათ ასასინებს ალამუთი და მბრძანებლის სიტყვის წარმოთქმისთანავე მზად იყო თავგანწირული ფიდაი და ხანჯალი.
1256 წელს მონღოლებმა აიღეს ალამუთი, გაძარცვეს და დაანგრიეს. გამარჯვებული ჰულაგუ-ყაენი ავიდა ციხის დასათვალიერებლად და ამ დიდებული სანახაობის მხილველმა, რაშიდ ად-დინის სიტყვით, “განცვიფრების თითზე იკბინა”.
მონღოლებმა დედაწულიანად ამოწყვიტეს ასასინები ისე, რომ მათი კვალიც არ დარჩენილა. ისმაილიტთა სექტა, როგორც ვთქვით, მანამდეც არსებობდა და დღესაც ბოგინობს აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ასასინთა ორდენი ალამუთის დაცემისთანავე სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას.

დავით (დოლიკ) ვაჩნაძე


გურამ ყორანაშვილი

ღირსსახსოვარი პიროვნება

დავით (დათა) ვაჩნაძის შესახებ დღევანდელმა ქართველმა მკითხველმა ძალზე ცოტა რამ იცის. მასზე 1993 წელს მკვლევარმა გურამ შარაძემ გამოაქვეყნა მცირე მოცულობის ნარკვევი (იხ. “უცხოეთის ცის ქვეშ”, წიგნი მეორე). თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ეგიდით გამოცემულ კრებულში “ილია ემიგრანტთა თვალით” (ტ. 1, 1996) მოთავსებულია სამი გვერდი დავით ვაჩნაძის იმ ნაშრომისა, რომელსაც ჩვენ ამჯერად მთლიანი სახით მკითხველებს ვთავაზობთ. სულ ესაა და ეს, მეტი ცოდნა ამ პიროვნებაზე, მცირეოდენ მკვლევართა გამოკლებით, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. არადა, მისი გარდაცვალების წლისთავზე პოლიტემიგრანტი სევერიან ჭირაქაძე სავსებით სწორად აღნიშნავდა: “განთავისუფლებული საქართველო არ დაივიწყებს მისი უფლებებისა და არსებობისათვის მედგარ მებრძოლს და დ. ვაჩნაძეს ღირსეულ ადგილს მიუჩენს მისი თავისუფლებისათვის თავდადებულთა ეროვნულ პანთეონში” (ჟურნალი “ივერია”, პარიზი, 1963, # 10, გვ. 46). დადგა დრო თავისუფალი საქართველოს მოქალაქეებმა მადლიერების გრძნობა გამოვხატოთ და სათანადოდ მივუზღოთ ვალმოხდილ მამულიშვილს. დავით ვაჩნაძის ნააზრევის მთავარი ძეგლის დაბეჭდვა ასეთი მცდელობის დასაწყისად გვესახება. მით უფრო, რომ ამას ადგილი აქვს მისი დაბადების 120 წლისთავზე.
დავით ვაჩნაძე დაიბადა 1884 წელს სოფელ დიდ ლილოში. მამამისი - ვლადიმერ დავითის ძე რუსეთის არტილერიის პოლკოვნიკი გახლდათ, დედა კი - ელენე მაჩაბელი. აღნიშნული სოფელი დავითის დედულეთი იყო. ძირითადი განათლება დავითს სამხედრო დარგში ჰქონდა მიღებული - ჯერ სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში (1894 - 1902 წლებში), შემდეგ კი პეტერბურგის პავლე პირველის სახელობის სამხედრო სასწავლებელში (1902 - 1904 წწ.). აქედან გამომდინარე, სამსახურიც ჯერ სამხედრო სფეროში დაიწყო, მსახურობდა ვარშავაში, თბილისში, თემირხან-შურაში (დაღესტანში). შემდეგ სამოქალაქო სარბიელს მიმართა და წლების განმავლობაში მუშაობდა ილიას მიერ დაარსებულ თბილისის საადგილმამულო ბანკში. დავით ვაჩნაძე იყო ერთ-ერთი დამაარსებელი “კავკასიის ოფიცერთა” სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციისა, რომლის მთავარ მიზანს შეადგენდა “რევოლუციის გზით იმპერიის” დესპოტური რეჟიმის შეცვლა ლიბერალურ დემოკრატიად, ჩანს, კონსტიტუციურ მონარქიად. მის პატრიოტულ მრწამსზე დიდი ზეგავლენა მოუხდენია შემდეგ გარემოებას. 1907 წლის 7 სექტემბერს დავითი დასწრებია ილიას ნეშტის ჩამოსვენებას საგურამოდან თბილისში. მისივე სიტყვები რომ დავიმოწმოთ, “ყველაზე ღრმა შთაბეჭდილება ჩემზე დატოვა მიხეილ წერეთლის გაბედულმა სიტყვამ. მ. წერეთელს პირველად გავეცანი მოკლული ილია ჭავჭავაძის კუბოსთან. ამან საბოლოოდ განმიმტკიცა ჩემი ბრძოლის წადილი საქართველოს განთავისუფლებისა ჩაგვრისაგან და შემდგომ წლებში მჭიდროდ დაკავშირება მ. წერეთელთან” (ილია ემიგრანტთა თვალით, II, თბილისი, 1996, გვ. 243). სხვათაშორის, დავით ვაჩნაძე მტკიცედ იყო დარწმუნებული იმასი, რომ ილია მოკლულ იქნა “რუს(!) ქვაბში ამოხარშულ, გადაგვარებულ ქართველ ფანატიკოსთა წრის წაქეზებით ავაზაკთა ხელით”. კერძოდ, ხელს ადებდა “ცნობილ დეგენერატ ფ. მახარაძეს, რომლის ხელებზეც ჯერ ილია ჭავჭავაძის სისხლი არ გამშრალა” (ამას წერდა ჟურნალ “კლდეში” 1913 წელს).
ბანკში მუშაობისას დავით ვაჩნაძე კარგად გაერკვა აგრარულ ურთიერთობათა საკითხებში, ეხმარებოდა ქართველ გლეხკაცობას მამულის სეძენაში. მისი პრაქტიკული მოღვაწეობიდან აღსანიშნავია კოოპერაციაში გაწეული ღვაწლი. მშობლიურ სოფელში დაარსა მერძევეთა ამხანაგობა “ლილო”, ორი საკრედიტო ბანკი აქვე და ოძისში (ქსნის ხეობაში).
დავით ვაჩნაძე თავდაპირველად სოციალისტ-ფედერალისტებთან თანამშრომლობდა. მალე თავი გამოიჩინა პუბლიცისტიკაშიც და ხშირად ბეჭდავდა სტატიებს ამ პოლიტიკური მიმართულების “სახალხო გაზეთში” (‘დავით კახელის”, ეკალის” ფსევდონიმებით). შემდეგ კი იგი ეროვნულ-დემოკრატთა რიგებში ჩადგა. დავით ვაჩნაძე გახდა აღნიშნული მიმართულების ჟურნალ “კლდის” “დაარსების ინიციატორი, ორგანიზატორი და ძირითადი დამფინანსებელი” (გელა საითიძე). ამასთანავე, გახდა ჟურნალის ერთ-ერთი თვალსაჩინო პუბლიცისტიც. მსგავსი საქმიანობა ჟურნალის დახურვის შემდგომ მან განაგრძო ახალ გაზეთ “საქართველოში”, რომელიც 1917 წლიდან ახლად დაარსებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანოს წარმოადგენდა.
დავით ვაჩნაძე უშუალო მონაწილე იყო საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოპოვებისა. იგი გახლდათ აქტიური წევრი საქართველოს ეროვნული საბჭოსი, მერე პარლამენტად რომ გარდაიქმნა. იყო დეპუტატი საქართველოს დამფუძნებელი კრებისა. ცხადია, ამ ორგანოში იგი სხვა ეროვნულ-დემოკრატებთან (ასევე ფედერალისტებთან) ერთად ოპოზიციაში ედგა სოციალ-დემოკრატ დეპუტატთა უმრავლესობას.
1921 წლის თებერვალ-მარტში ისტორიამ მოწინავე ქართველობას ასეთი არჩევანი შესთავაზა: ან შეგუებოდნენ ახალ, სასტიკ რეალობას, ეთანამშრომლათ ახალ ხელისუფლებასთან (კოლაბორაციონისტები გამხდარიყვნენ) ან შებრძოლებოდნენ მას. დავით ვაჩნაძე უყოყმანოდ ჩადგა იმათ რიგებში, ვინც მეორე არჩევანი გააკეთეს. ჯერ კიდევ თებერვალში მან შეადგინა 400-კაციანი რაზმი თბილისისა და მისი შემოგარენის დასაცავად. 1922-23 წლებში კი იგი დაუკავშირდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს. დავითის აქტიური ძალისხმევით ქართლ-კახეთის მწარმოებელ კოოპერატივთა კავშირმა (“წარმოკავშირმა”) ათი მილიონი მანეთი გამოჰყო სვანეთის შეიარაღებული გამოსვლის შესამზადებლად.
1922 წლის 19 თებერვალს დავით ვაჩნაძე დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. მეუღლის აქტიურობით იგი აპრილში გათავისუფლებულ იქნა. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლავ განაგრძობდა კავშირ-ურთიერთობას ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან. დავით ვაჩნაძე იზიარებდა გეგმას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ფართოდ უნდა გაშლილიყო პარტიზანული მოძრაობა რუს ბოლშევიკ-ოკუპანტთა და ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ. მანვე შეიმუშავა გეგმა “საქართველოს პარტიზანთა შტაბის” შესაქმნელად. “სამხედრო საიდუმლო შტაბის” ჩავარდნის გამო 1923 წლიდან დავითი გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში. ამავე წლის აგვისტოში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მას დაავალა თურქეთში წასულიყო და მისი მთავრობისათვის ეთხოვა სამხედრო და სხვა სახის მატერიალური დახმარება. სამწუხაროდ, თურქეთში გასვლა გაძნელდა და ეს მან მხოლოდ მომდევნო წელს მოახერხა. თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა, ცხადია, თურქი პოლიტიკოსების თვალში საქართველოსათვის დახმარების გაწევა უაზრობა იყო. ამასობაში მოხდა და დამარცხდა 1924 წლის აგვისტოს შეიარაღებული აჯანყება. ამის შემდეგ დავით ვაჩნაძე საქართველოში აღარ დაბრუნებულა. ორი წლის მანძილზე ცხოვრობდა თურქეთში, 1926 წლიდან 1937 წლამდე კი - საფრანგეთში. ამ ხნის განმავლობაში იგი სხვადასხვა პოლიტიკური მისიით იმყოფებოდა აგრეთვე ვარშავაში, ბერლინში, რომში, პრაღაში. ბედმა საბოლოოდ გერმანიაში (ბავარიაში) ცხოვრება არგუნა, სადაც აღესრულა 1962 წლის იანვარში.
ახლა შევჩერდებით დავით ვაჩნაძის ნაშრომზე “ქართული ეროვნული ძირები და რუსული ბოლშევიზმი (მოკლე მიმოხილვა)”. იგი, უპირველესად, საინტერესოა, როგორც გარკვეული პერიოდის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების დოკუმენტი. რასაკვირველია, წიგნში განხილული საკითხი ფრიად რთულია და მისი ჩაღრმავებული კვლევა-ძიება პუბლიცისტისაგან მოსალოდნელი არაა. დიდად სამწუხაროდ, ეს ამოცანა დღემდე ვერც რომელიმე ქართველმა ფილოსოფოსმა, სოციოლოგმა თუ ისტორიკოსმა გადაწყვიტა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ავტორის მცდელობა ამ მიმართებით, უდავოდ, საინტერესოა.
რაკი სიტყვამ მოიტანა, აღვნიშნავთ, რომ დღეს ძალიან აქტუალური გახდა საქართველოს ევროპისადმი (დასავლეთ) კუთვნილების პრობლემა. მაგრამ მასზე მსჯელობისას უფრო მეტად ემოციები სჭარბობს, მთავარ არგუმენტად მოაქვთ ის, რომ საქართველო გეოგრაფიულად ევროპის ქვეყანას წარმოადგენს. მაგრამ განა ამ მოსაზრებით ევროპაში მდებარე ყველა ქვეყანა ევროპულ ხასიათს, მის ისტორიულ გზას განასახიერებდა? კერძოდ, რუსეთი ამ მხრივ სულ სხვანაირი ისტორიული მემკვიდრეობისა იყო და ემსგავსებოდა აღმოსავლურ ქვეყნებს. დავით ვაჩნაძე აღნიშნავდა უკანასკნელის მთავარ ისტორიულ მახასიათებელს: “პრიმიტიულ სათემო მიწის მფლობელობას რუს გლეხობისა ჩვენ დრომდე მოუღწევია. გამოჩენილი რუსი რეფორმატორი პ. სტოლიპინი, რომელმაც სცადა რუს გლეხობის სათემო წყობილების შეცვლა ევროპელ გლეხთა მესაკუთრულ წესზე, მოკლულ იქნა”. აღნიშნული გარემოებით ბევრი რამ აიხსნება რუსეთის ისტორიაში. ავტორი იმოწმებს რუსი ისტორიკოსისა და ფილოსოფოსის გ. ფედოტოვის მშვენიერ აზრს, ძირისძირობამდე რომ სწვდება საკითხის არსს: “იდეოლოგები და ბოლშევიკური პარტიის შემქმნელები უმთავრესად რუსობა იყო. ბოლშევიკები ადვილად დამკვიდრდნენ პეტერბურგში და მოსკოვში. ველიკოროსიის ტრადიციებში, ალბათ, იმყოფება რაღაცა თვისებები, რომელნიც ასაზრდოებდა ბოლშევიზმს: ბატონ-მონობა, სათემო მიწათმფლობელობა, თვითმპყრობელობა”.
აღნიშნულისაგან განსხვავებით, ქართული ისტორიული პროცესის არსი სხვაგვარი გახლდათ, რაზედაც ჩვენი ავტორი საგანგებოდ ჩერდება. ერთი სიტყვით, პრობლემის კვლევა-ძიებისას დავით ვაჩნაძე ბევრ დღევანდელ ქართველ ისტორიკოსზე უკეთ იყენებს ისტორიულ-შედარებით მეთოდს.
ეროვნულ-დემოკრატიული იდეოლოგიიდან გამომდინარე, ავტორი იზიარებს ევოლუციის თავლსაზრისს. მაგრამ არც რევოლუციის ცნება აშინებს. იგი წერს: “ქართული ცხოვრების სინამდვილემ გამოააშკარავა ქართული რევოლუციის ეროვნულ-პოლიტიკური ბუნება, მიმართული რუსეთის იმპერიისგან განთავისუფლებისათვის, რომელიც დამოწმდა (გამოჩნდა, გ.ყ.) პირუთვნელი ისტორიული ამბებით, 1917 წლიდან დატრიალებული საქართველოში”. მართლაც, ბოლოსდაბოლოს, რევოლუცია მხოლოდ სოციალური არაა, არის აგრეთვე ეროვნულ-განმათავისუფლებელი, რომელიც რადიკალურად სცვლის ჩაგრული, დამონებული ერის მდგომარეობას. ამ თვალსაზრისით 1917-18 წლების საქართველოში განვითარებული მოვლენები სწორედ რომ რევოლუციური ხასიათისა იყო.
ავტორი სასტიკი წინააღმდეგია კლასთა ბრძოლის გაღვივება-გაჩაღებისა, რასაც ქართველი სოციალ-დემოკრატები (ორივე მიმართულებისა) თავგამოდებით იცავდნენ. ყოველ შემთხვევაში, ავტორი სწორია იმაში, რომ საქართველოს წარსულში “ამ დამყარებულ ქართულ საზოგადოებრივ თანხმობა-კავშირს ამაგრებდა მუდმივი გარეშე საფრთხეც, დაფუძნებულნი (!) მცირერიცხოვანი ქართული მოდგმის სრული ამოგდებით”. ქართველი ესდეკების შესაბამისი აზრი და ქმედებანი აიხსნება მათეული დოგმატური მსოფლმხედველობით, ავთენტური მარქსიზმი (ასევე, კარლ კაუცკი და გიორგი პლეხანოვი) ამ საკითხზე, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება ხალხის, ერის დაპყრობა-დამონებულობას უცხო ძალის მიერ, სხვანაირი შეხედულებისა გახლავთ. ამიტომაც არ ღირს, გაუმართლებელია ქართველი ესდეკების ცოდვები მთლიანად მარქსიზმსაც ავკიდოთ.
დავით ვაჩნაძე უცილობლად მართალია, როცა კლასობრივი ბრძოლის ფაქტორის ფანატიკური მომხრე ქართველ ესდეკებს თვლის რუსული იმპერიალიზმის (ცარისტულისაც და ბოლშევიკურ-კომუნისტურისაც) მოკავშირეებად. ესენი ხომ მართლაც თავიანთი აზროვნებითა და პრაქტიკული ქმედებებით დიდად უწყობდნენ ხელს რუსეთის იმპერიის მესვეურთა დივიდე ეტ იმპერია-ს პოლიტიკას, კერძოდ, საქართველოს მიმართ.
ჩვენ, ისტორიკოსები არ ვიქნებით, თუ უკრიტიკოდ, ხელაღებით ყველაფერში ვერწმუნებით წიგნის ავტორს, რომელსაც თავი ვერ დაუღწევია პარტიული (ამ შემთხვევაში, ეროვნულ-დემოკრატიული) სუბიექტივიზმისაგან. კერძოდ, თუ რატომ, რა მიზეზით დაგვიანდა პატრიოტული, ეროვნული მიმართულების პარტიის ჩამოყალიბება საქართველოში (რომელიც, როგორც ცნობილია, დაფუძნდა 1917 წლის ივნისში), დავით ვაჩნაძე ამას ხსნის ორი გარემოებით: 1) საქართველოში ეროვნული პოლიტიკური მოძრაობის გაშლა-განვითარება დიდად შეაფერხა რუსეთის ხელისუფლებამ და 2) ეს მოხდა ილია ჭავჭავაძის ვერაგულად მოკვლის გამო. თითქოს “ამ ორმა მიზეზმა შეაჩერა არასოციალისტური მიმდინარეობის პოლიტიკურ ორგანიზაციაში დარაზმვა. იგი მხოლოდ რუსეთის იმპერიის დაშლის პროცესში,1917 წელს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით ჩამოყალიბდა, მაგრამ იგი თავისი წყობით ჯერ ნორჩი და სუსტი იყო”. მაგრამ ასეთი მცდელობა მხოლოდ თავის მართლებას, სიმართლისაგან თავის არიდებას ჰგავს. თუ არა მომავალი ეროვნულ-დემოკრატების პასიურობა, განა შესაბამისი პარტიის დაფუძნება არ შეიძლებოდა ილიას სიცოცხლეში, 1905-07 წლებში? მითუმეტეს, რომ იყო მცდელობა, გიგანტი პიროვნების - ილიას ეგიდით მისი დაფუძნებისა.
არც ისაა სწორი, თითქოს ჩვენი ისტორიის შესაბამისი პერიოდის უკუღმართად წარმართვაში, მათ შორის, 1921 წლის თებერვალ-მარტის ისტორიულ კატასტროფაში, ოდენ ქართველი “მენშევიკები” იყვნენ დამნაშავენი. აქაც ვაწყდებით ისტორიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას და, საერთოდ, მოვლენების ზედაპირულ გაგებას. სხვას რომ თავი დავანებოთ, რატომ გახდა შესაძლებელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დანაწევრება სამ ნაწილად, მისი უსუსურობა გაერთიანების შემთხვევაშიც (1921 წლის იანვარში) კი, კვლავ ცალკე ჯგუფებად დაშლა ემიგრაციაში? საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გატარებული აგრარული რეფორმაც არ იყო ისეთი უადგილო, უსარგებლო რამ, როგორც ეს ეჩვენება ავტორს.
ასე რომ, წიგნში რიგ შემთხვევებში აგილი აქვს მოვლენათა, ხდომილებათა ობიექტური ანალიზის ნაცვლად მხოლოდ სხვებისთვის გადაბრალების მცდელობას. შეგახსენებთ, რომ ამ მხრივ ჩვენი შედარებით ახლო ხანის წინაპრები დიდად სცოდავდნენ და კვლავაც სცოდავენ უცხოეთში. ამით ძალზე უძნელდებათ ისტორიის ობიეტქური გაგება-გააზრება.
დავით ვაჩნაძის წიგნის მეორე ნაწილი, მოგონებები საისტორიო წყაროს წარმოადგენს და იგი ისტორიკოსებს გამაოდგებათ სათანადო ხანის ისტორიული პროცესის აღსადგენად.
დაბოლოს, შეჯამების სახით დავძენთ, რომ ჩვენი უახლოესი პერიოდის საინტერესო, ღვაწლმოსილი წინაპრის, დავით ვაჩნაძის წიგნი “ქართული ეროვნული ძირები და რუსული ბოლშევიზმი” საკმაოდ მაღალი ფასეულობისაა და მას ინტერესით გაეცნობა ქართველი საზოგადოება. ვიმედოვნებთ, რომ მოვა დრო და გამოქვეყნდება ავტორის მოგონებების და პუბლიცისტური ნაწერების კრებულიც.

წიგნი იბეჭდება მცირეოდენი სტილისტური გასწორებებით.



დავით ვაჩნაძის რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი ”მხედარი”

გრიგოლ დისამიძის სიტყვა, თქმული ქაქუცა ჩოლოყაშვილის სამგლოვიარო ყრილობაზე

ჟურნალი “მხედარი”, # 14, 1933, პარიზი

დაუვიწყარ ჩვენი ქაქუცას მოსაგონებლად

ამ დღეებში შესრულდება რვა წელიწადი, რაც დავკარგეთ ჩვენი გმირი თავადი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. ვათავსებთ იმ სიტყვას, რომელიც გრიგოლ დიასამიძემ წარმოსთქვა 1930 წელს ივლისის 5-ს ბერლინში გამართულ სამგლოვიარო ყრილობაში:

განსაკუთრებული ცხედარი გვისვენია... ვუმზერთ ზოგი თვალით, ზოგიც გონებით და მაინც თითქო ვერა გაგვიწყვია რა... ვინ იყო, რა იყო ჩვენთვის? ვინ დავკარგეთ? გმირათ მიგვაჩნდა. გმირიც იყო! მაგრამ რამდენი გმირი გვინახავს?! ეს ხომ რაღაც სხვა იყო - ტანადი, თვალწარმტაცი, კეთილი, პატიოსანი, მხიარული, ამხანაგი, მეგობარი! ზოგჯერ თქმულა, ქართველებმა მეგობრობა არ იციანო. მთქმელს რომ გახსენებოდა იმ დროს ეს მიცვალებული, ენაზე იკბენდა. მართლაც, მუდამ მოსაგონარმა ჩვენმა ქაქუცამ მეგობრობა არ იცოდა? მაშ, რით დაიმსახურა ჯერ კიდევ ყრმობაში საერთო სიყვარული, პატივისცემა? ილია იტყოდა ხოლმე ადამიანიშვილზე - კაცური კაციაო. სულ ჯეელს, სიცოცხლის მოსურნეს სწყუროდა ხალხის გამარჯვება, სწადდა, კიდევ ეხილა სამშობლო, როგორც სასწაულმოქმედი ხატი სამთხვევლად. ახლა, როცა ადგილი მისი დაცარიელდა, თანდათან გავირკვევთ, რით იყო გამოწვეული ეს უზომო სიყვარული მისადმი. ჩვენ გვიყვარდა მასში ქართველი კაცის ძველი და ახალი თვისებები. ძველი დვრიტა! ახალი მასალა! რა ბედნიერებაა ასეთი შეზავება პიროვნებისათვის, ერისათვის! მასში იფეთქა, ბევრისათვის, თითქო მოულოდნელად, ძველი ქართველის სიმამაცემ, კეთილშობილებამ, მაღალზნეობრიობამ. მხოლოდ დიდ ძალას შეეძლო შეექმნა ის მთელი ქართველი ერისათვის სათაყვანო პირად. ყოველი საღი მამულიშვილი, რა რწმენისაც უნდა ყოფილიყო იგი, მასში ჰპოებდა ქართველი კაცის თავის სათაყვანებელ მხარეს. განგებამ, გარემოებამ მიუთითა მასზე სწორედ მაშინ, როცა ხალხს სწყუროდა გმირის ხილვა. ეს იყო ბელადი, ერის დიდი ნაწილისგან დასტურდართული, მისგან კურთხევა მიღებული. ამიტომაც გაუძლო სამშობლოს მტერს ტყე-ღრეში ოთხი წლის განმავლობაში უჭმელ-უსმელმა. ხალხისგან სიყვარულ მიუღებელი ამ სასწაულს ვერ მოიმოქმედებდა. ახლა მისტირის მას ორივე საქართველო:
პირველი, - ნამდვილი, მტრებით გარემოცული საკუთარ მიწა-წყალზე, ჩუმად, იდუმლად;
მეორე - მკრთალი მისი ოდნავ ანარეკლი, უცხო მხარეს გულღიად, ხმამაღლა...
აქ მყოფთა გარემოება უფრო ხელსაყრელია: თავისუფლად შეგვიძლია მაინც გულისწუხილის მოქარვება. ვესწრებით დიდებულ წამს! ვალმოხდილ მამულიშვილის გარდაქმნას, ფერისცვალებას, შორდება ადამიანს ყოველივე მიწიური და ეხვევა სამარადისო საბურველი. სათაყვანო გმირი ხდება არაკი, ლეგენდა! რამდენი რამ საამაყო მოიყრის თავს მისი სახელის გარშემო მომავალში! ზოგი ნამდვილი, ზოგიც წარმოდგენილი, მაგრამ ცხადს მაინც ისე არ დაშორებული, თხზვასაც აქვს თავის საფუძველი რეალობაში!..
ობლად დარჩენილებს, ვისაც თვალით გვიხილავს, ყურით მოგვისმენია, გვმართებს კიდევ ვალის მოხდა. ჭეშმარიტ ბელადისაგან თავის მიწა-წყლის მიტოვება - დიდი ტკივილია, მაგრამ წამალი ამის ატანისა თვით მისგან დანატოვარში მოიძებნება. გავიხსენოთ, როგორ ჰშველოდა ის ყველას ყოველ გაუგებრობის, ყოველ უთანხმოების მოსასპობად, აღელვებულთა დასაშოშმინებლად. თავის სამართლიანი, წესიერი ჩარევით ის მუდამ გვაყენებდა სწორ გზაზე.
ახლაც თავის სიკვდილით, თავის ნამოქმედარით, ხალხისგან მირონცხებული, შემოგვღაღადებს: - უზომო სიყვარული სათაყვანებელ ხატისა, მისი მოვლა; ამ მიზნის ყველაზე მაღლა დაყენება;
მიტოვება ყოველივე პირადულის, ყოველივე ჯგუფურის. არ დავიწყება ქიშპის დროს: პატიოსან მტერთა შორის მოციქული ნამუსია!
ამ ძველთაგან გარდმონაცემ აღთქმას არ ჰღალატობდა ჩვენი დამაობლებელი მოძმე. იცოდა, რომ ამ გზით ჰპოებდა ხოლმე ხსნას გაჭირვების წამს ჩვენი სამშობლო.
ქაქუცამ თავის ვალი მოიხადა. ხალხის მიერ ნაკურთხი ის შევიდა უკვე საქართველოს სამოთხეში. ადგილი ძველადგანვე მიჩენილი აქვს: სახელოვან წინაპარ წმიდა ბიძინა ჩოლოყაშვილის გვერდით.
ჩვენც, ცოცხლებს, გვმართებს მისი და მისი ქვეყნის ვალის მოხდა - სწორე, ღირსეული შესრულება ქაქუცას ნაანდერძევის. მისი შეფიცულების მამულიშვილურ ფიცს ჩვენი საკუთარიც მივამატოთ, ამას საქართველოს ხსნაც მოჰყვება და ქაიხოსრო ჩოლოყავილის სახელიც უფრო გაცისკროვნდება დიადი შარავანდედით...

რატომ არ არსებობს ამერიკაში საგარეო დაზვერვა?


ვიკტორ სუვოროვი (მისი ნამდვილი სახელია ვლადიმერ რეზუნი) 1947 წელს დაიბადა. ჯერ კალინინის სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებელი, შემდეგ კიევის ფრუნზეს სახელობის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი, ხოლო 1974 წელს სამხედრო-დიპლომატიური აკადემია დაამთავრა. ოთხი წლის განმავლობაში ჟენევაში, გრუ-ს რეზიდენტურაში მუშაობდა. 1978 წელს გაიქცა საბჭოთა კავშირიდან და თავი დიდ ბრიტანეთს შეაფარა. საბჭოთა სასამართლომ დაუსწრებლად დახვრეტა მიუსაჯა.
ვიქტორ სუვოროვი მრავალი ბესტსელერის ავტორია, რომელთაგან “აკვარიუმი” და “ყინულმჭრელი” მისი საუკეთესო რომანებია. ასევე არის მრავალი საინტერესო სტატიის ავტორი, რომლებშიც რუსეთის დაზვერვის შესახებ მოგვითხრობს. ქვემოთ გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთი წერილს, სადაც ვიქტორ სუვოროვი გვიამბობს რუსეთის უშიშროების სისტემაში არსებულ იმ მანკიერ მხარეებზე, რომლის ჩამოყალიბებასაც ათწლეულები დასჭირდა.


ვიკტორ სუვოროვი

რატომ არ არსებობს ამერიკაში საგარეო დაზვერვა?

არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ რუსეთი სპილოების ქვეყანაა, ამასთან დაკავშირებით ყველას სხვდასხვა აზრი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რუსეთი არის საგარეო დაზვერვის სამშობლო. ამ საკითხთან დაკავშირებით ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. ახლა ჩვენი გამჭოლი მზერა “მსოფლიო იმპერიალიზმის” მთავარ ბასტიონს _ ამერიკას მივაპყროთ. არის თუ არა ამერიკაში საგარეო დაზვერვა? ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკაში საგარეო დაზვერვა არ არსებობს. ამავე დროს შეიძლება ითქვას ისიც, რომ ნორმალურ ქვეყნებში ასეთი სამსახურის არსებობა წარმოუდგენელია. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალურად დიდ ბრიტანეთში ჩავატარე. პასუხი იყო კატეგორიული: ჯეიმს ბონდის ქვეყანაში საგარეო დაზვერვა არც იყო, არც არის და არც იქნება.
რუსეთში კი ასეთი სახელმწიფოებრივი სადაზვერვო წარმონაქმნი არსებობს (ჩBP - Служба внешней разведки), იგი ბოლშევიკებმა 1917 წელს რევოლუციის შემდეგ მოიგონეს. ამასთან ერთად მათ ბევრი ისეთი რამ მოიგონეს, რაც მსოფლიოში მანამდე არ არსებობდა; მაგალითად, პოლიტ-ხელები, პარტკომები, კოლმეურნეობები, გარდამავალი წითელი დროშა, ხუთწლედები, შრომადღეები და მათ შორის საგარეო დაზვერვაც. უცხოელს ამ წარმონაქმნების შესახებ რომ მოუყვეთ, დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორად გაგვიგებს. ჩათვლის, რომ ეს ყველაფერი უჩვეულო, გაურკვეველი და ეგზოტიკურია.
შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით ოპონენტების პროტესტი მოვისმინოთ. ისინი, ალბათ, იტყვიან, რომ რუსეთის გარდა მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, სადაც საგარეო დაზვერვა მუშაობს. ეს, მართლაც, ასეა, მაგრამ აქ საუბარია იმ რეჟიმებზე და სახელმწიფოებზე, რომლებიც ჩვენს მიერ, ჩვენი სტანდარტებით, ჩვენი ტანკების მუხლუხოების გადავლის შემდეგ და ჩვენი მრავალმილიარდიანი დაფინანსებით არის შექმნილი. დამოუკიდებლად და საკუთარი ნებით საგარეო დაზვერვას არავინ შექმნიდა. ეს ძალდატანებით, ასე ვთქვათ, ჩვენი “ძმური” რჩევით გაითვალისწინეს და განახორციელეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა თავისუფლება იგემეს და რუსეთის ეგრეთ წოდებული “მფარველობისგან” განთავისუფლდნენ, ამ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების არსებობაზე უარი თქვეს. თავად განსაჯეთ: პოლონეთში, ჩეხეთში, უნგრეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში საგარეო დაზვერვა აღარ არსებობს.
შეიძლება ასეთი კითხვაც გაჩნდეს: თუ მსოფლიოში საგარეო დაზვერვა არავის სჭრდება, მაშინ რუსეთს რაღად უნდა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, მივუბრუნდეთ სათავეს. რა არის დაზვერვა? დაზვერვა არის მოწინააღმდეგის შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავება. დაზვერვა ყველა სახელმწიფოს აქვს, მაგრამ არცერთ მათგანს თავში არ მოუვა აზრად დაზვერვა ორ ნაწილად _ საშინაო და საგარეო დაზვერვად დაყოს. ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლება ხალხს ემსახურება და მტრად არ აღიქვამს, აქედან გამომდინარე მის წინააღმდეგ დაზვერვას არ აწარმოებს.
კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა გააჩაღეს. პირველ რიგში სამეცნიერო ინტელიგენცია, სასულიერო პირები, გენერალიტეტი, საუკეთესო ოფიცრები, მეწარმეები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, კომპოზიტორები გაანადგურეს. მათ გლეხობის საუკეთესო, შრომისმოყვარე ნაწილი კულაკებად გამოაცხადეს და ბრძოლა დაუწყეს. მათ ლოზუნგს წარმოადგენდა: მოვსპოთ კულაკები, როგორც კლასი და ეს განახორციელეს კიდეც. საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ომი ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ დროს იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიც ორი მსოფლიო ომის შედეგად ნებისმიერ ქვეყანაში. კომუნისტებს და მათ ხელისუფლებას ხალხის ეშინოდა და მის წინააღმდეგ დაზვერვას აწარმოებდა. ასეთი მიდგომა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაიწყო. თუ დხრ-ს და ყრდლ-ს მასალებს წააწყდებით, მათში დაზვერვის სისტემაში არსებულ უცნაურ თანამდებობებს ამოიკითხავთ: მაგალითად, უწყებათშორისი მზვერავი, ყაზანის ვაგზლის მეექვსე პლატფორმის მზვერავი, დონის მონასტრის სასაფლაოს ზედამხედველი და მზვერავი, სამარშრუტო მზვერავი და ასე შემდეგ. სხვადასხვა ტიპის ჯაშუშები ქვეყანაში ასე გამრავლდნენ. შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების კომისარი ნიკოლაი ეჟოვი საკუთარ თავს მზვერავად მიიჩნევდა, თუმცა საზღვარგარეთ მხოლოდ ერთხელ გაემგზავრა და ისიც მეტად საეჭვო მიზეზით _ ალკოჰოლიზმისა და მამათმავლობისგან განსაკურნებლად. ეჟოვის უკანასკნელ წერილში, რომელიც მან სტალინს გაუგზავნა, ნათქვამია _ “დაზვერვის მთავარი ბერკეტი არის აგენტურულ-ინფორმატორული საქმიანობა”, ესე იგი, სხვა სიტყვებით, დაზვერვის საფუძველთა საფუძველი არის _ “ჩაშვება”. აი, ეს არის ამ საკითხის მთავარი არსი, საგარეო დაზვერვის არსებობა მიუთთებს საშინაო დაზვერვის არსებობაზე.
ნორმალურ ქვეყნებში ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას არ ახორციელებს, ესე იგი, მის წინააღმდეგ დაზვერვასაც არ აწარმოებს. კონტრდაზვერვა ტერორისტებს და ჯაშუშებს იჭერს, პოლიცია - ქურდების და მკვლელების წინააღმდეგ მოქმედებს, ხოლო დაზვერვა კი მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, შეკრებას და დამუშავებას აწარმოებს. აქედან გამომდინარე, როდესაც ნორმალური ქვეყნის მოქალაქე ლაპარაკობს დაზვერვაზე, მას მხედველობაში აქვს ბრძოლა უცხო ქვეყნის ჯაშუშების წინააღმდეგ.
80-იან წლებში ამერიკაში გამოვიდა წიგნი “კგბ - რუსეთის თვალებია”. ეს წიგნი მალევე ბესტსეელერი გახდა. სათაური მეტად მყვირალა და აშკარად სულელურია. დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ კგბ-დან ათი ათასამდე მზვერავი მოქმედებდა, ხოლო იგივ კგბ-დან, საბჭოთა კავშირის ხალხების წინაარმდეგ _ მილიონობით მზვერავი. აქედან გამომდინარე, თუ ამ სათაურით ვიმსჯელებთ, ეს თვალები თავის ქალაშია შეტრიალებული.
ამ მხრივ რუსულ არმიაში უფრო ცუდი მდგომარეობაა. საარმიო დაზვერვის განყოფილებები, ბატალიონები, პოლკები, ბრიგადები, სადაზვერვო ცენტრები და მათ სათავეში გრუ, _ საარმიო დაზვერვის სისტემას წარმოადგენს. სამხედრო მზვერავისთვის ყველაფერი ნათელია. მან იცის, თუ ვის წინააღმდეგ აწარმოებს ბრძოლას. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს მათ რიგებში იყვნენ ჩეკისტები. ისინი უფრო მეტს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მუშაობდნენ. სამობილიზაციო შტაბებში ქვეყნის მასშტაბით მამრობითი სქესის მოსახლეობის შესახებ ბარათები ინახებოდა. ყველას, ადგილმდებარეობის მიხედვით ოფიცრები ჰყავდათ მიმაგრებული, რომლებიც მათ შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ფლობდნენ. კომუნისტური სისტემა შიშს ეფუძნებოდა, ხოლო შიში კი - ჯაშუშთა, ანუ საშინაო დაზვერვის არსებობას.
ამჟამად კომუნისტური წყობისგან თითქოს რუსეთიც განთავისუფლდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი მართვის მექანიზმი იგივე დარჩა. საზოგადოება მეოცე საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული შიშის გამო კვლავ გათიშულია, ხოლო ძველი პროფესიონალი, დისციპლინირებული, “დამნაშავეთა” არმია მზად არის საკუთარი ხალხის წინააღდეგ ბრძოლა კვლავ განაახლოს.

ბრძოლის მეთოდების ენციკლოპედია


ცეცხლსასროლი იარაღი და 
ასაფეთქებელი ნივთიერებები

ნებისმიერი ჯარისკაცის ძირითადი ინსტრუმენტი მისი პირადი იარაღია. ეს შეიძლება იყოს პისტოლეტი, ავტომატი, შაშხანა ან ტყვიამფრქვევი. სპეციალური ქვედანაყოფების ჯარისკაცებიც კი, რომლებიც მსახურობენ, მაგალითად, რადიოელექტრონული მართვის საბრძოლო შენაერთებში, სწავლებას ისევე იწყებენ, როგორც ქვეითები, ვინაიდან მათ შესაძლოა მოუწიოთ ამ სახის უნარჩვევების გამოყენება, თუ მტრის სპეცდანიშნულების შენაერთებთან მოუწევთ შეტაკება.
მიუხედავად იმისა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება, როგორც წესი, მესანგრეების მოვალეობაა, ნაღმები და ნაღმი-ხაფანგები სახიფათოა ყველა სახეობის საბრძოლო შენაერთისათვის. ჯარისკაცებს მშვიდობის დროსაც კი შეიძლება მოუხდეთ ამ პოტენციურად სასიკვდილო საფრთხესთან შეჯახება: ნაღმები განთავსებულია იმ სამხედრო ზონებშიც, სადაც სამხედრო შენაერთები ასრულებენ სამშვიდობო ოპერაციებს, ან მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჯარისკაცებს შეეძლოთ იმ ნიშნების ამოცნობა, რომელიც ტერიტორიაზე ჭურვების არსებობაზე მიუთითებს. აგრეთვე მებრძოლები გათვითცნობიერებულები უნდა იყვნენ ჭურვების და ნაღმების სახეობებში.
პირადი საბრძოლო იარაღი
პისტოლეტი შეიძლება იყოს რევოლვერის ტიპის, რომელიც აღჭურვილია მბრუნავი, ცილინდრის ფორმის ექვსვაზნიანი მჭიდით, ან აქვს თვითდამტენი მოწყობილობა. ამ სახის დამტენი მექანიზმით აღჭურვილ იარაღს აქვს კოლოფის ფორმის მჭიდი, რომელიც იდება პისტოლეტის ტარში და შეიცავს თოთხმეტამდე ვაზნას.
რევოლვერები XVII საუკუნეში გამოიგონეს. თუმცა ყველაზე ცნობილია XIX საუკუნეში აშშ-ში შექმნილი ექვსვაზნიანი რევოლვერები. I და II მსოფლიო ომების დროს ბრიტანულ სამხედრო ძალებში გამოიყენებოდა უებლი MK6-ის ტიპის 11,56 მმ-იანი რევოლვერები, ან 9,65 მმ-იანი ენფილდი #2 MK1.
გერმანელები უპირატესობას ანიჭებდნენ ლუგერის (იარაღს ეს სახელი გეორგ ლუგერის პატივსაცემად დაარქვეს) თვითდამტენ პისტოლეტს. ლუგერი ქალაქ ბერლინში მდებარე ლუდვიგ ლევეს ცეცხლსასროლი იარაღის ქარხანაში კონსტრუქტორად მუშაობდა. სტანდარტული პისტოლეტი 850 გრამს იწონიდა და ჰქონდა კოლოფის ფორმის მჭიდი, რვა 9 მმ-იანი პარაბელუმის ვაზნით.
აშშ-ს არმიას ორი მსოფლიო ომის, აგრეთვე კორეისა და ვიეტნამის ომების განმავლობაში შეიარაღებაზე ჰქონდა დიდი თვითდამტენი 11,43 მმ კალიბრის კოლტი 1911A1. სროლაში ნავარჯიშებ ადამიანს 50 მ მანძილიდან შეუძლია სამიზნის დაზიანება. პისტოლეტის სიგრძეა 216 მმ, წონა – 1,4 კგ. და აღჭურვილია კოლოფის ფორმის ექვსვაზნიანი მჭიდით.
იტალიური ბერეტა M92 (9 მმ კალიბრის მქონე პისტოლეტი) ¬¬აშშ-ის არმიაში M9 სახელწოდებით მიიღეს შეიარაღებაზე და მისით ჩაანაცვლეს M1911 A1. ამ იარაღს აწარმოებდნენ რამდენიმე ვარიანტად. M 92-ის სიგრძეა 217 მმ, იწონის 850 გრამს და აღჭურვილია 15 ვაზნიანი მჭიდით.
ბელგიური 9 მმ-ანი ბრაუნინგ ჰაი პაუერი პირველად 1935 წელს დაამზადეს. მისი ეფექტური სროლის მანძილია 50-70 მ. ბრაუნინგის პისტოლეტის მჭიდში თავსდება 13 ვაზნა, რომლებიც განლაგებულია ორ საფეხურიან მწკრივად. შემდგომში მჭიდში ვაზნების ამ სახით განლაგებას იყენებდნენ მრავალ, სხვა უფრო გვიან შექმნილი პისტოლეტის მოდელებში. პისტოლეტის სიგრძეა 197 მმ, ხოლო წონა 1,01 კგ.
პირადი იარაღის მოხმარების ძირითადი წესები
პისტოლეტის ან რევოლვერის დანიშნულებაა მოწინააღმდეგესთან ახლო მანძილზე შეტაკების დროს სწრაფი და ზუსტი დამიზნებით ცეცხლის გახსნა. სროლის სიზუსტე დამოკიდებულია მიღებულ ცოდნასა და სროლის ხერხებისა და მეთოდების სწორად გამოყენებაზე. პისტოლეტიდან ან რევოლვერიდან სროლის წესები მოიცავს:

• იარაღის დაკავებას
• დამიზნებას
• სუნთქვის კონტროლს
• სასხლეტზე ხელის დაჭერას
• მიზანში სროლას
• პოზიციებს სროლის დროს

იარაღის დაკავება. იარაღი მსროლელის ხელის ან მისი ხელის მტევნის გაგრძელება უნდა გახდეს და მიზნის მაჩვენებელ `თითად გადაიქცეს~. აუცილებელია იარაღის მყარად და ერთგვაროვნად დაკავება, რადგან სწრაფი სროლის დროს ეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.
ჩვეულებრივ, სროლაში მომზადებისას, მსროლელს იარაღი უჭირავს `არამსროლელ~ ხელში. ჯარისკაცი ცერა და საჩვენებელი თითებით წარმოქმნის `V~-ს იმ ხელით, რომელსაც უფრო აქტიურად ხმარობს, შემდეგ კი ათავსებს იარაღს ამ `V~-ში. ხელი გაჭიმული უნდა იყოს: იარაღის წინა და უკანა სამიზნე `მსროლელ ხელთან~ ერთ ხაზზე უნდა მდებარეობდეს. ჯარისკაცმა ქვედა სამი თითი ერთნაირი სიძლიერით უნდა შემოჰხვიოს პისტოლეტის ტარს. `მსროლელი ხელის~ ცერა თითი თავისუფლად და უძრავად უნდა განთავსდეს იარაღის გასწვრივ. მსროლელი მაგრად უჭერს ხელს პისტოლეტს, სანამ ხელი არ აუკანკალდება, შემდეგ ასუსტებს მოჭერას მანამ, სანამ კანკალი არ შეწყდება. ამ მოქმედების შედეგად მიიღწევა იარაღის სწორად დასაჭერად საჭირო ზემოქმედება. შემდეგ საჩვენებელი თითი თავსდება სასხლეტზე ისე, რომ სასხლეტი აღმოჩნდეს თითის წვერსა და მეორე სახსარს შორის, რათა ჯარისკაცმა ადვილად შეძლოს სასხლეტის უკან გაწევა. სასხლეტზე დადებული თითი უნდა მუშაობდეს სხვა თითებისაგან დამოუკიდებლად.
ორივე ხელით იარაღის დაკავება მსროლელს საშუალებას აძლევს, გაამაგროს `მსროლელი ხელი~ და სროლისას უზრუნველყოფს მაქსიმალურ საყრდენს. არამსროლელი ხელი ამ შემთხვევაში წარმოადგენს მსროლელის საყრდენს. არამსროლელი ხელის თითები შემოეჭდება მსროლელ ხელს. იარაღის ორივე ხელით დაკავება რეკომენდებულია ყველა სახის პისტოლეტიდან და რევოლვერიდან სროლის დროს. თუმცა ამ დროს აუცილებელია სიფრთხილე, რათა სროლის დროს იარაღის საკეტის უკუცემამ არ დააზიანოს მსროლელის ცერა თითი.
იარაღის მუჭით ჭერისას მსროლელს პისტოლეტი ან რევოლვერი უკავია ისე, როგორც ეს აღწერილია წინა აბზაცში. არამსროლელი ხელის თითები მჭიდროდ შემოეჭდება მსროლელი ხელის თითებს; ამასთან, არამსროლელი ხელის საჩვენებელი თითი იმყოფება მსროლელის შუა თითსა და სასხლეტის კავს შორის. არამსროლელი ხელის ცერა თითი თავსდება მსროლელი ხელის გვერდით. ინდივიდუალური თავისებურების მიხედვით, მაგალითად, პისტოლეტ M9 ჭერის შემთხვევაში, მსროლელმა შეიძლება უპირატესობა მიანიჭოს და არამსროლელი ხელის საჩვენებელი თითი განათავსოს სახლეტის მცველთან, ვინაიდან ამ იარაღს აქვს სპეციალურად ამისთვის მოხრილი და უკან მიმართული სასხლეტის დამცავი კაუჭი.
იარაღის ხელისგულით მხარდაჭერას უწოდებენ `ჭიქა-ლამბაქის~ ხერხით დაკავებას. მსროლელი იჭერს ხელს, ისე როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი. არამსროლელი ხელი თავსდება მსროლელი ხელის ქვეშ. არამსროლელი ხელის თითები შემოეჭდება მსროლელი ხელის მტევნის გარეთა მხარეს და არამსროლელი ხელის ცერა თითი მიებჯინება მსროლელი ხელის შუა თითს.
დაბოლოს, იარაღის გადაჯაჭვული დაჭერა – ეს იგივეა, რაც მუჭით დაკავება. ერთადერთი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ არამსროლელი ხელის ცერა თითი მოეხვევა და გადაეჯაჭვება მსროლელი ხელის ცერა თითს.
როგორც კი იარაღს სწორად დაიკავებს, მსროლელი ასწევს ხელებს სასროლ მდგომარეობაში. ამ დროს იგი იყენებს იზომეტრულ ზემოქმედებას. ეს იარაღის სტაბილურობის შესანარჩუნებლად შემუშავებული ცნობილი მეთოდია. ამ დროს მსროლელი ერთი ხელით იარაღს წინ აწვება და, იმავდროულად, არამსროლელი ხელით, იმავე სიძლიერით უკან სწევს მას. ეს წარმოქმნის იზომეტრულ ძალას, რომლის ზემოქმედებაც მსროლელში არ იწვევს კანკალს. სროლის დროს უკუცემის ეს ძალა სიმყარეს ანიჭებს იარაღს და ამცირებს პისტოლეტის ლულის მაღლა აწევას. მსროლელის საყრდენი ხელი მოხრილია, მისი იდაყვი კი – ძირს ჩამოშვებული. მსროლელი ხელი დაჭიმულია, იდაყვი და მაჯა – ჩაკეტილი. მსროლელმა იარაღიდან სროლაში პრაქტიკული სავარჯიშოების შერულებით უნდა იპოვოს იზომეტრული ზემოქმედების საჭირო ზუსტი სიდიდე.
მსროლელმა ხელმა ისეთივე ზემოქმედება უნდა მოახდინოს, როგორც არამსროლელმა, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არადამაკმაყოფილებელი იქნება.
დამიზნება. საკუთარი (ბუნებრივი) დამიზნების წერტილის გამოყენებამდე მსროლელი უნდა დარწმუნდეს, რომ მას იარაღი სწორად უჭირავს. შემდეგ ის უმიზნებს შორეულ სამიზნეს, ინარჩუნებს ამ პოზიციას და 3-5 წამით ხუჭავს თვალებს. შემდეგ ახელს და ამოწმებს დამიზნების ხაზის მდგომარეობას. თუ დამიზნების წერტილი გადანაცვლებულია, მსროლელმა მისი გასწორების მიზნით უნდა დაარეგულიროს თავისი პოზა. თუ დარღვეულია ვიზირება (დამიზნება), მსროლელმა უნდა დაარეგულიროს იარაღის დაჭერა, რისთვისაც ის იარაღს გადადებს და შემდეგ ხელახლა დაიკავებს. ამ პროცესს ის იმეორებს მანამ, სანამ თვალის გახელისას სამიზნე ხაზისა და სამიზნის მდგომარეობა არ გაუსწორდება ერთმანეთს. სათანადო ვარჯიშის შემდეგ მსროლელი შეძლებს, საკუთარი (ბუნებრივი) დამიზნების წერტილის განსაზღვრას და მის სათანადოდ გამოყენებას. ეს არის იარაღის დაჭერისა და ცეცლის გახსნის ყველაზე თავისუფალი მდგომარეობა.
დამიზნება არის ვიზირებაც და ამავდროულად სამიზნე ხაზის გამოყვანაც. ვიზირება – ეს არის იარაღის ნიშნისა (წინა სამიზნის) და სამიზნე თამასის (უკანა სამიზნის) ერთ ხაზზე განთავსება. იარაღის ნიშნის ზედა ნაწილი უნდა მდებარეობდეს სამიზნე თამასის ამონაჭდევის ზედა ნაწილთან ერთ სიმაღლეზე და უნდა იყოს თვალის დონეზე. ზუსტი დამიზნებისათვის მსროლელმა იარაღის ნიშანი უნდა განათავსოს სამიზნე თამასის ცენტრში. შემდეგ მსროლელი ნიშნის თავს მაღლა სწევს და დაბლა უშვებს ისე, რომ ის სამიზნე თამასის თავს გაუსწორდეს.
დამიზნების ხაზის გამოყვანა – ეს არის იარაღის ნიშნისა და სამიზნე თამასის ისეთი ფარდობითი განლაგება მიზნის მიმართ, როგორც ამას ხედავს მსროლელი იარაღის მიშვერისას. დამიზნების ხაზი გასწორებულია მაშინ, როცა ნიშანი განთავსებულია მიზნის ცენტრში. თვალი ერთდროულად ფოკუსში იღებს სხვადასხვა მანძილით დაცილებულ მხოლოდ ერთ ობიექტს. ამიტომ თვალი საბოლოოდ ფოკუსირდება იარაღის ნიშანზე (წინა სამიზნეზე). როცა ნიშანი კარგად ჩანს, სამიზნე თამასისა და მიზნის გამოსახულება ბუნდოვანია. სწორი დამიზნებისათვის საჭიროა ფოკუსირება მოხდეს მხოლოდ იარაღის წინა სამიზნეზე. მსროლელის ტყვია მიზანს მოხვდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამიზნების ხაზი ოდნავ დაცილებულია ცენტრიდან, მაგრამ რჩება მიზანზე. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ვიზირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დამიზნების ხაზის გამოყვანა. ვინაიდან შეუძლებელია იარაღის სრული სტაბილიზაციის უზრუნველყოფა, მსროლელმა ხელი უნდა დააჭიროს სასხლეტს და შეინარჩუნოს სწორი ვიზირება მაშინ, როცა იარაღი მოძრაობს მიზნის ცენტრში და მის გარშემო. იარაღის ეს ბუნებრივი მოძრაობა განიხილება, როგორც ცვალებადობის ველი. მსროლელმა უნდა აკონტროლოს ცვალებადობის ველის საზღვრები სწორი სუნთქვით, სასხლეტზე თითის ნელი დაჭერით, შესაბამისი პოზით და იარაღის სწორი დაკავებით.
ვიზირება (გასწორი) ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია სიზუსტის დასაცავად, ვინაიდან პისტოლეტს და რევოლვერებს დამიზნების მოკლე რადიუსი აქვს. 25 მ მანძილიდან სროლის დროს ნიშნის (წინა სამიზნე) სამიზნე თამასასთან (უკანა სამიზნე) გასწორებისას მიღებული 2,5 მმ-იანი ცდომილება იწვევს 360 მმ-ით გადახრას სამიზნე წერტილიდან. 2,5 მმ-იანი ცდომილება იზრდება მანძილის ზრდასთან ერთად.
ნიშანზე ფოკუსირებისას სასხლეტზე თითის სწორი დაჭერა მსროლელს აარიდებს სასხლეტზე არამართებულ, მკვეთრ დაწოლას და დაეხმარება მას ცეცხლის გასახსნელად საჭირო მომენტის განსაზღვრაში. სასურველი შედეგების მისაღებად აუცილებელია ბევრი ვარჯიში.
სუნთქვის კონტროლი. მსროლელმა უნდა ისწავლოს სუნთქვის შეკავება სასუნთქი ციკლის ნებისმიერ ეტაპზე, თუკი მას სურს მიაღწიოს ბრძოლის დროს მისთვის ასე აუცილებელ სიზუსტეს. სუნთქვის შეკავება ხდება დამიზნებისა და სასხლეტზე თითის დაჭერისას. მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ეს თითქოს მარტივი პროცესია, მაინც მოითხოვს კონტროლს და პრაქტიკისას მის ჩვენებას. სუნთქვის სწორად შეკავებისას მსროლელმა უნდა ჩაისუნთქოს, ამოისუნთქოს, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს იმდენი ჰაერი, რომ თავი იგრძნოს კონფორტულად, დარჩენილი, ამოუსუნთქავი ჰაერი კი შეიკავოს და გახსნას ცეცხლი.
სუნთქვისას მყარი მდგომარეობის შენარჩუნება ძალზე ძნელია. ამიტომ მსროლელმა უნდა შეისწავლოს სროლისას სწორი სუნთქვის რეჟიმი - ჩასუნთქვა, შემდეგ ნორმალური ამოსუნთქვა და სუნთქვის შეკავება ბუნებრივი რესპირატორული პაუზის მომენტში. იარაღიდან უნდა მაისროლოს მანამ, სანამ სუნთქვის შეკავებისაგან დისკომფორტს შეიგრძნობდეს.
მთელი რიგი მიზნებისათვის მსროლელმა უნდა შეისწავლოს სუნთქვის შეკავება სასუნთქი ციკლის ნებისმიერ ეტაპზე. იმიტაციური ვარჯიშების დროს სუნთქვის კონტროლი მანამ საჭიროებს დამუშავებას, სანამ არ გადაიქცევა სროლის პროცესის ნაწილად.
სასხლეტზე თითის დაჭერა. სროლის მომზადების ნებისმიერ სხვა ელემენტთან შედარებით სასხლეტზე თითის არაადეკვატური დაჭერა ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენს მიზანში მოხვედრაზე. დამიზნება გასროლამდე ჩვეულებრივ იმის გამო ირღვევა, რომ მსროლელი მკვეთრად აჭერს თითს სასხლეტს. სასხლეტზე თითის დაჭერისას ცენტრიდან მცირეოდენმა გადახრამაც კი შეიძლება გამოიწვიოს იარაღის გადაადგილება და ვიზირების (გასწორის) დარღვევა. შეკრთომა ადამიანის ავტომატური რეფლექსია და გამოწვეულია იარაღის უკუქმედების მოლოდინით. სასხლეტზე თითის მკვეთრი, ნაჩქარები დაჭერა არის ზუსტი ცეცხლის გახსნის მცდელობა. ამ მომენტში მსროლელს სურს ცეცხლის გახსნა ზუსტად იმ მომენტში, როცა ნიშანი და სამიზნე თამასა შეთავსებულია მიზანთან.
სასხლეტზე თითის დაჭერა – ეს არის სასხლეტი თითის უკან მიმართული დამოუკიდებელი მოძრაობა და ზემოქმედება სასხლეტ კაუჭზე. ეს მოძრაობა ხორციელდება დამიზნების ხაზის დარღვევის გარეშე. დასაწყისში სასხლეტი კაუჭი თავისუფლად იწევს უკან, შემდეგ მასზე ნელი, თანაბარი დაჭერა გრძელდება, სანამ ჩახმახი არ იმოქმდებს. თუ სასხლეტზე თითის ნელი დაჭერა მართებულად განხორციელდა, მსროლელს არ ეცოდინება, როდის იმოქმედებს ჩახმახი, ამიტომ ის არ შეკრთება, არ გადაიხრება და არ ააცილებს ტყვიას. ინსტრუქტორებმა ახალბედა მსროლელებს უნდა შეასწავლონ იარაღის უკუმოქმედების (უკუცემის) მოლოდინის გადალახვა. სროლის ძირითადი პრინციპების სწორად გამოყენება ეხმარება მსროლელს ამ ტენდენციის დაძლევაში.
სასხლეტზე თითის სწორად დაჭერა ხდება მაშინ, როდესაც ის სასხლეტის კაუჭს ეხება თითის წვერსა და მეორე სახსარს შორის არსებული ადგილით (თითი არ უნდა შეეხოს იარაღის სხვა ადგილებს). კონტაქტის ადგილი დამოკიდებულია მსროლელის საჩვენებელი თითის სიგრძეზე. თუ საჩვენებელი თითით ზემოქმედება ხდება სასხლეტი კაუჭის ან იარაღის მარჯვენა მხარეს, ტყვია წავა შედარებით მარცხნივ. ეს დაკავშირებულია თითების ნორმალურ სახსრულ მოძრაობასთან: როცა მარჯვენა ხელის თითები მჭიდროდაა შეტყუპებული და რაიმე საგან მაგრად უჭერს, ისინი მექანიკურად ბრუნდება მარცხნივ (ცაციასთან იქნება პირიქით). მსროლელი უნდა მოერიდოს თითის დაჭერას სასხლეტის მარჯვენა ან მარცხენა მხარეზე – საჩვენებელი თითი სასხლეტს ცენტრში უნდა დააჭიროს. იმიტაციური ვარჯიშები აუმჯობესებს მსროლელის უნარს, თავისუფლად ამოძრაოს საჩვენებელი თითი იარაღის ტარზე ზედმეტი ძალდატანების გარეშე.
კარგი მსროლელი ინარჩუნებს იარაღის სამიზნეს მიზნის ცენტრთან რაც შეიძლება ახლოს და გასროლამდე განაგრძობს სასხლეტზე თითის დაჭერას. ცუდი მსროლელი ცდილობს `დაიჭიროს სამიზნე~ იმ მომენტში, როდესაც სამიზნე ხაზი აცდენილია მიზანს, დაისვრის დაუფიქრებლად. ზოგჯერ ასეთ გასროლას უწოდებენ `თავდასხმას ჩასაფრებიდან~. ამ დროს ხდება სასხლეტზე თითის სწრაფი გამოკვრა.
მსროლელმა გასროლამდე, გასროლის მომენტშიც და მის შემდეგაც უნდა შეინარჩუნოს დამიზნების ხაზი. მებრძოლმა გასროლის შემდეგაც (ვაზნის აალების შემდეგაც) უნდა გააგრძელოს საჩვენებელი თითის უკან მოძრაობა. ვაზნის აალების შემდეგ სასხლეტის სწრაფად გათავისუფლების შემთხვევაში გასროლა არაზუსტი იქნება და ტყვია ასცდება მიზანს.
პისტოლეტ M9-ს სასხლეტზე ზემოქმედების ძალა ხელით შეყენებულ ჩახმახში – 2,49 კმ-ის ტოლია, ხოლო თვით შეყენებისას – 5,4 კმ. მსროლელს უნდა ახსოვდეს არჩეული სროლის სახეობა. მან უნდა ივარჯიშოს სასხლეტზე თითის დაჭერაში და გამოიმუშავოს სროლის თითოეული ამ სახეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
მიზნის დაზიანება. როდესაც საქმე გვაქვს რამდენიმე მიზანთან, პირველად ზიანდება უახლოესი და ყველაზე სახიფათო მიზანი, რომელსაც ორ ტყვიას ესვრიან. როგორც წესი, ამას უწოდებენ `ორმაგ ხაფანგს~. შემდეგ მსროლელი გადაინაცვლებს მეორე მხარეს და ნიშანს და სამიზნე თამასას უმიზნებს დასაზიანებელ ობიექტს, ფოკუსირდება წინა სამიზნეზე, აჭერს თითს სასხლეტზე და გაისვრის. მიზნების დაზიანებისას ჯარისკაცმა უნდა უზრუნველყოს მსროლელი ხელის იდაყვისა და მაჯის ურყეობა. თუ მსროლელი ააცილებს პირველ სამიზნეს, ის გადაერთვება მეორე მიზნის დაზიანებაზე, შემდეგ კი ისევ პირველს უბრუნდება და უხსნის ცეცხლს.
სროლის შესწავლის დასაწყისში ჯარისკაცს შეიძლება ჰქონდეს იარაღის უკუქმედების შიში. დამწყებმა მსროლელმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. უკუქმედების მოლოდინის რეაქციამ სროლის დროს ან უშუალოდ სასხლეტზე თითის დააჭერისას შეიძლება გამოიწვიოს კუნთის შეკუმშვა. მსროლელი შეიძლება შეეცადოს იარაღის უკუქმედებასთან გამკლავებას და მის მოლოდინში ან სროლაზე რეაგირებისას პისტოლეტი ან რევოლვერი დაბლა დასწიოს. ნებისმიერ შემთხვევაში ტყვია მიზანს ასცდება. ჯარისკაცებში იარაღის უკუცემის შიშის გამოსავლენად და შემდეგ მის დასაძლევად საუკეთესო მეთოდია `ტყვია - ფუჭი ტყვია~-ს მეთოდი (ამ დროს სავაზნე კოლოფში იტენება როგორც ფუჭი, ასევე ნამდვილი ტყვიები. როგორც წესი, მსროლელმა არ იცის ამის შესახებ). სასხლეტის სწრაფად გამოკვრა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ჯარისკაცი ხედავს, რომ ობიექტი მიზანშია ამოღებული და ჩქარობს გაისროლოს, ვიდრე მას მხედველობიდან დაკარგავს. ეს განსაკუთრებით პრობლემურია, მაშინ, როცა ჯარისკაცი სწავლობს სამიზნე ხაზის მდგომარეობის სწრაფად გამოყენებას.
ე.წ. `ვარდნა~ გამოწვეულია იმით, რომ მსროლელი სასხლეტის სწრაფად გამოკვრის თავიდან ასაცილებლად კუმშავს კუნთს ხელისგულის ზედაპირის პროქსიმალურ ნაწილში. მსროლელი, რომელსაც სასხლეტის სწრაფად გამოკვრასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, ხშირად ცდილობს დაშვებული შეცდომის გამოსწორებას და კუმშავს ხელის მტევნის ბოლოს, რაც თავის მხრივ იწვევს მიზნიდან გადახრას და ტყვია ხვდება მიზნის ზედა ნაწილს (მსროლელი ხელის მხარეს). ყველა მსროლელს შეუძლია დაშვებული შეცდომების გამოსწორება, თუ ის გააცნობიერებს და სწორად დააჭერს თითს სასხლეტზე.
პოზიციები. ჩათვლით (საკვალიფაციო) სროლებს აწარმოებენ დგომელა, ჩოქელა და ჩამჯდარი პოზიციიდან. ჯარისკაცი უნდა მომზადდეს სროლის ყველა ქვემოთ მოყვანილი პოზიციიდან სროლაში ისე, რომ მისმა მოქმედებებმა ბუნებრივი მოძრაობების სახე მიიღოს, როგორც კვალიფიციური, ასევე საბრძოლო სროლებისას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს პოზიცია ბუნებრივია, საჭიროა ხანგრძლივი ვარჯიში, იმისათვის, რომ ჯარისკაცი შეეჩვიოს ამ მოძრაობებს. მებრძოლს უნდა შეეძლოს, სწრაფად და ავტომატურად დაიკავოს ამ პოზიციებიდან ნებისმიერი მდგომარეობა. პისტოლეტიდან სროლის წესები ჯარისკაცისგან მოითხოვს, გამოიყენოს მთელი ეს ცოდნა სტრესულ მდგომარეობაში და მტერთან სახიფათო სიახლოვეში ყოფნისას. მიზანში სროლის დროს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მებრძოლის მიერ სწორი პოზიციის შერჩევას.
პოზიციაში `პისტოლეტი მზადყოფნაშია~, ჯარისკაცს იარაღი უჭირავს ცალ ხელში. მხარი ტანთან და წინამხართან დაახლოებით 450-იანი კუთხით უნდა იყოს მიჭერილი. ჯარისკაცმა წინ გადაადგილების დროს იარაღი მიზნის ცენტრისკენ უნდა მიმართოს.
დგომელა უსაყრდენო მდგომარეობიდან სროლისას ჯარისკაცი აკვირდება მიზანს. მან უნდა გაშალოს ფეხები მისთვის მოსახერხებელ პოზიციაზე, დაახლოებით მხრების სიგანეზე. შემდეგ მსროლელ ხელს წინ მიმართავს და იარაღს ორივე ხელით იჭერს. `მსროლელი ხელის~ იდაყვი და მაჯა მყარადაა შეკრული და მიმართულია მიზნის ცენტრისკენ. სხეული გამართულია და ოდნავ წინ არის წახრილი.
ბრძოლის დროს ჯარისკაცს შეიძლება არ ჰქონდეს საკმარისი დრო სასურველი პოზიციის შესარჩევად. საფარიდან სროლის დროს მებრძოლს შეიძლება მოუწიოს სროლისათვის საჭირო პოზიციის არსებულ საფართან მისადაგება.
ჩოქელა პოზიციიდან სროლისას მსროლელის ის მუხლი უნდა ეყრდნობოდეს მიწას, რომელი მხრიდანაც ხდება გასროლა. ამ დროს მუხლი ასრულებს ტანის ძირითადი საყრდენის ფუნქციას. ტერფი ვერტიკალურადაა მოთავსებული და გამოიყენება, როგორც ძირითადი საყრდენი საჯდომის ქვეშ. ტანის მთელი სიმძიმე მოდის ქუსლსა და თითებზე. არამსროლელი ხელის იდაყვი დაყრდნობილია იმ ფეხის მუხლზე, რომელზეც ჩაჩოქილია მსროლელი. სროლისათვის გამოიყენება იარაღის ორივე ხელით დაჭერა. მსროლელი ხელი გაჭიმულია, მისი იდაყვი და მაჯა კი შეკრულია, რათა უზრუნველყოს ხელის საიმედო კონტროლი.
ჩამჯდარი მდგომარეობა გამოიყენება ახლო მანძილზე უეცრად გამოჩენილ მიზანთან შეტაკებისას. იარაღის უკუქმედების შემდეგ პოზიციის სწრაფად აღსადგენად ჯარისკაცმა ტანი წინ მიმართულ ფეხისწვერებს უნდა დააყრდნოს (მოკრივის პოზა), მუხლები ოდნავ მოხაროს და სხეული წინ გადაწიოს. ფეხები უნდა იყოს პოზიციაში, რომელიც ჯარისკაცს საშუალებას მისცემს, მიზნის მიმართულებით გადადგას ნაბიჯი. იარაღი მიმართულია პირდაპირ მიზანში, ხოლო მსროლელი ხელის იდაყვი და მაჯა დაფიქსირებული. ამ პოზიციის ასათვისებლად საჭიროა მუდმივი ვარჯიში, რადგან ბრძოლის დროს წარმოქმნილ სტრესულ პირობებში სხეული ავტომატურად იხრება და მებრძოლს უნდა შეეძლოს ამ მდგომარეობიდან სროლა. აგრეთვე ეს საუკეთესო პოზიციაა წარმოებული ცეცხლის მიმართულების სწრაფად შესაცვლელად.
წოლელა მდგომარეობიდან სროლისას ჯარისკაცი უნდა დაწვეს მიწაზე სახით მიზნისაკენ, ხელები წინ გაიშვიროს, თან ისე, რომ მსროლელი ხელი მყარად ეკავოს. მაღლა განლაგებულ მიზნებზე სროლისათვის მსროლელის ხელები შეიძლება ოდნავ მოშვებულ მდგომარეობაში ჰქონდეს. ერთეული და ზუსტი სროლის წარმოებისას იარაღის კონდახი მიწას უნდა ეყრდნობოდეს. არამსროლელი ხელის თითები მებრძოლმა მსროლელი ხელის თითებს უნდა შემოჰხვიოს. ამ დროს მისი მზერა წინ უნდა იყოს მიმართული.
ფეხზე დგომელა პოზიციიდან სროლისას გამოიყენება საყრდენი (თუკი არსებობს). მაგალითად, ხე ან კედელი. ჯარისკაცი დგას საფარის უკან და მსროლელი მხარი გასწორებული აქვს საფარის კიდესთან ერთ ხაზზე. არამსროლელი ხელის მუშტის სახსრები განთავსებულია თვალების დონეზე, საფარის კიდის საპირისპიროდ. მსროლელი ხელის იდაყვი და მაჯა დაფიქსირებულია. ჯარისკაცი არამსროლელი მხრიდან წინ გასწევს ფეხს და ჩექმის ცხვირს მიაბჯენს საფარის ძირს.
ჩოქელა მდგომარეობაშიც შეიძლება სროლა საყრდენი ზედაპირის არსებობისას. ამ შემტხვევაში საყრდენად გამოდგება, მაგალითად, დაბალი კედელი, ქვები ან მანქანა. ჯარისკაცი დგება მუხლზე და მიწაზე მიზნის მიმართულებით დგამს მეორე ფეხს (არამსროლელ მხარეს). გაშლილი ხელები ეყრდნობა არსებულ საფარს. მსროლელის ხელის იდაყვი და მაჯა დაფიქსირებულია. არამსროლელი ხელი განთავსდება მსროლელი ხელის საყრდენად მუჭის გარშემო, შემდეგ კი არამსროლელ მხარეს იდაყვით დაეყრდნობა მუხლს.
ზუსტი საბრძოლო სროლის ხელოვნება
მას შემდეგ, რაც ჯარისკაცი მიიღებს გამოცდილებას და დაეუფლება სროლის ძირითად მეთოდებს, იწყებს უფრო რთული საბრძოლო სროლის ხერხ-ილეთების შესწავლას. პისტოლეტის ან რევოლვერის ძირითადი დანიშნულებაა ახლო მანძილიდან მოწინააღმდეგის სწრაფი და ზუსტი ცეცხლით დაზიანება. შეტაკებისას იმარჯვებს არა ის, ვინც პირველად გაისვრის, არამედ ის, ვინც პირველი განახორციელებს ზუსტ გასროლას. შეტაკებისას ჯარისკაცმა უნდა გამოიყენოს იარაღის სამიზნე, თუ რა თქმა უნდა მოწინააღმდეგე არ იმყოფება ძალზე ახლო მანძილზე და შეუძლია ხელით მისწვდეს მებრძოლის იარაღს.
სროლის ტექნიკა. ხელის და თვალის კოორდინაცია ყველა ჯარისკაცისთვის არ არის ბუნებრივი ინსტიქტური უნარი. ჩვეულებრივ, ეს არის სწავლების შედეგად მიღებული გამოცდილება. რაც უფრო მეტს ვარჯიშობს ჯარისკაცი თვალის დონეზე იარაღის აწევაში და სამიზნე ხაზის მყისიერი – მდგომარეობის მიღებაში, მით უფრო ბუნებრივად გამოდის დამიზნება.
საბოლოოდ, ცოდნა და მოხერხების უნარი იმ ზომამდე იზრდება, რომ ჯარისკაცს მიზანში ზუსტი სროლა სიბნელეშიც კი შეუძლია. თითოეულ ჯარისკაცს ეს უნდა ესმოდეს და შეისწავლოს, თუ როგორ მიაღწიოს მაღალ შედეგებს. ცუდი კოორდინაციის მქონე ჯარისკაცს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს მხოლოდ ინსტრუქტორის დახმარებით. თითოეულ ადამიანს აქვს მიზანზე მითითების უნარი. ვინაიდან საჩვენებელი თითის მიმართულება ობიექტზე და იარაღის მიმართულება მიზანზე თითქმის ერთნაირია, ამ ორი მოქმედების კომბინაცია სავსებით ბუნებრივია. თუ შევასწავლით ჯარისკაცს ამის გამოყენებას სროლის დროს, ის მიაღწევს წარმატებას და შეძლებს ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის დამარცხებას. როგორც კი სასურველი ობიექტი ხვდება მხედველობის არეში, თვალები ინსტინქტურად ფოკუსირდება მის ცენტრში. მას შემდეგ, რაც ობიექტი დაფიქსირებულია, მსროლელი უმიზნებს მის ცენტრს, ფოკუსირდება წინა სამიზნეზე და ნელა აჭერს ხელს სასხლეტს. მოწინააღმდეგის დაზიანების საწინდარი არის მიზნის ცენტრზე ფოკუსის შენარჩუნება. იარაღის ნიშანზე ფოკუსირება უწყვეტად, მთელი სროლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
დამიზნებისას ჯარისკაცი ინსტინქტურად უმიზნებს ობიექტის იმ ნაწილს, რომელზედაც ფოკუსირებულია მისი მზერა. როცა თითი მიაღწევს სასურველ პოზიციას, ტვინიდან წამოსული იმპულსი ხელსა და მაჯას აიძულებს, შეჩერდეს. თუ ჯარისკაცი მზერას გადაანაცვლებს ახალ ობიექტზე ან ობიექტის სხვა ნაწილზე, საჩვენებელი თითი და ხელის მტევანიც გადაინაცვლებენ ამ წერტილზე. ეს თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც ჯარისკაცმა შეიძლება გამოიყენოს სწრაფი და ზუსტი დამიზნებისათვის. ეს ინსტინქტი ცნობილია, როგორც ხელისა და თვალის კოორდინაცია.
ჩვეულებრივ, სროლისას, თუ მოწინააღმდეგე ახლო მანძილზეა, მსროლელს ცოტა დრო აქვს სამიზნე ხაზის მდგომარეობის მართებულად დასაყენებლად. მიზნის სწრაფი განადგურების მეთოდი (ან ბუნებრივი დამიზნების წერტილი) ყოველთვის არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პირველივე გასროლა მოხვდება მიზანს. შერჩეულ დამიზნების ხაზსა და მიზნის სწრაფი განადგურების მეთოდს შორის `კომპრომისი~ ცნობილია, როგორც `დამიზნების ხაზის სწრაფი გასწორება~. როცა ჯარისკაცი იარაღს სწევს თვალის დონეზე, მისი ფოკუსი მოწინააღმდეგიდან წინა სამიზნეზე ინაცვლებს, ამის შემდეგ მან უნდა გაასწოროს ნიშანი და სამიზნე თამასა ხელის მარცხვნივ და მარჯვნივ და არა აუცილებლად ზემოთ და ქვემოთ მოძრაობით. სასხლეტზე დაჭერა ხდება მაშინ, როცა ნიშანი თავის ადგილზეა და სასხლეტს გამოკრავენ, როცა მოხდება `დამიზნების ხაზის სწრაფი გასწორება~. თავიდან ამ მეთოდს ეჩვევიან ნელ-ნელა და გამოცდილების მიღებასთან ერთად თანდათან აჩქარებენ მოძრაობას.
5 მ-ზე ახლოს მყოფი მტრის წინააღმდეგ იყენებენ ჩქარ და ჩაწერტებულ ცეცხლს. სროლის ეს მეთოდი გამოსადეგია ღამით სროლის დროსაც. ამ დროს იარაღი უჭირავთ ორივე ხელით. იარაღი მიაქვთ ტანთან ნიკაპის დონეზე და შემდეგ გასწევენ წინ, სანამ ხელები ბოლომდე არ გასწორდება. ხელები და ტანი წარმოქმნის სამკუთხედს. იარაღის წინ გაწევისას მსროლელმა შეიძლება წარმოიდგინოს, თითქოს მასსა და მოწინააღმდეგეს შორის არსებობს ყუთი, რომელსაც ის `უყრის~ თავის იარაღს. სასხლეტზე თითის მსუბუქად დაჭერის პარალელურად ხდება იდაყვების გასწორება.
სწრაფ დამიზნებას იყენებენ მაშინ, როცა მოწინააღმდეგე იმყოფება 5-10 მეტრის დაშორებით. სროლის ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსროლელს არა აქვს საკმარისი დრო ზუსტი დამიზნებისათვის. საცეცხლე საჭირო პოზიცია იგივეა, რაც ჩქარი და ჩაწერტებული დამიზნებით სროლისას. დროის ეკონომიის მიზნით, დამიზნება რეგულირდება მარცხნივ და მარჯვნივ და არა ზემოთ და ქვემოთ. მსროლელმა მეცადინეობის შედეგად სწორად უნდა განსაზღვროს ნიშნის მდგომარეობა დასამიზნებელ ჩარჩოში და დაადგინოს, თუ საით უნდა იყოს მიმართული წინა სამიზნე, რომ ნასროლი ტყვია მკერდში მოხვდეს მოწინააღმდეგეს.
მიზნის დაზიანება. ახლო მანძილზე ბრძოლის დროს ჯარისკაცს, როგორც წესი, არ აქვს იმის დრო, რომ სრულფასოვნად გამოიყენოს ზუსტი სროლის ყველა ძირითადი ხერხ-ილეთი. სროლის შემდეგ მებრძოლმა ხშირად არ იცის, მოხვდა თუ არა მიზანს მის მიერ ნასროლი ტყვია. ამიტომ მან მიზანს ორჯერ უნდა ესროლოს. ამას ეწოდება `ორმაგი დარტყმა~ (ორი თანმიმდევრული გასროლის მეთოდი). თუ მტერი მაინც აგრძელებს შეტევას, საჭიროა ორი დამატებითი გასროლა მენჯის არეში, სხეულის საყრდენი სტრუქტურის დასაშლელად, რასაც მოწინააღმდეგის ძირს დაცემა მოჰყვება.
ახლო მანძილზე ბრძოლისას მოწინააღმდეგემ შეიძლება შეუტიოს ყველა მხრიდან. ასეთ ვითარებაში ჯარისკაცს შეიძლება არ ჰქონდეს საკმარისი დრო, რომ სიტუაციის შესაბამისად მუდმივად იცვალოს პოზიცია. ჩამჯდარი ან ჩოქელა პოზიციიდან 360-ით შემობრუნების მიზანია ცეცხლის წარმოება ყველა მიმართულებით, ფეხების ადგილიდან დაუძვრელად.
360-ით სრული შემობრუნებისას ჩამჯდარი მსროლელი რჩება საწყის მდგომარეოაბში, ერთმანეთის მიმართ თითქმის პარალელურად მდგომი ფეხებით (ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები განკუთვნილია მარჯვენა ხელით მსროლელთათვის). სროლისას ყოველთვის ხდება იარაღის ორივე ხელით დაკავება, გამონაკლისს წარმოადგენს სროლა მარჯვენა მხრიდან. ბუნებრივია, რომ შემობრუნება ხდება წამოწეული ტერფით.
სროლა მარცხენა მხრიდან. ამ შემთხვევაში სხეულის ზედა ნაწილი ბრუნდება მარცხნივ და იარაღი მიმართულია მარცხნივ და უკან, ორივე ხელი იდაყვებში მოხრილია, ამასთან, მარცხენა იდაყვი მარჯვენაზე მეტად.
მარცხნივ დამიზნება. ამ დროს ჯარისკაცის სხეულის ზედა ნაწილი მარჯვნივ ბრუნდება. მსროლელი ხელი წინ იჭიმება, მეორე ხელი კი ოდნავ მოხრილია.
წინ დამიზნების დროს მებრძოლი სხეულის ზედა ნაწილს აბრუნებს ფრონტისაკენ და ასწორებს მარცხენა ხელს. ორივე ხელი წინ არის გამართული.
მარჯვნივ დაზიანება. მსროლელი სხეულის ზედა ნაწილს აბრუნებს მარჯვნივ და ორივე იდაყვს ხრის. მარჯვენა იდაყვი მარცხენასთან შედარებით უფრო მეტად იხრება.
დამიზნება მარჯვნივ და უკან: მებრძოლი აგრძელებს სხეულის ზედა ნაწილის შემობრუნებას მარჯვნივ მანამ, სანამ შემდეგი მოძრაობა უკვე მოუხერხებელი იქნება. შედეგად მარცხენა ხელი თავისუფლდება ხელის მტევნის შებოჭვისგან და სროლას მარჯვნიდან უკან აწარმოებს მხოლოდ მარჯვენა ხელი.
ჩოქელა მდგომარეობიდან სროლის დროს 360-ით შემობრუნებისას (როცა მსროლელი ისვრის მარჯვენა ხელით) მებრძოლს იარაღი ყოველთვის ორივე ხელით უკავია. სროლისთვის გამოიყენება პოზიცია – ჩოქელა უსაყრდენო მდგომარეობა.
დამიზნება მარცხენა მხარეს. სხეულის ზედა ნაწილი ბრუნდება მარცხნივ მოსახერხებელ პოზიციამდე. იარაღი მიმართულია მარცხნივ. ორივე იდაყვი მოხრილია, ამასთან მარცხენა - მეტად, ვიდრე მარჯვენა.
პირდაპირი დამიზნება. ჯარისკაცის სხეულის ზედა ნაწილი პირდაპირ არის მიმართული; მებრძოლი იკავებს სტანდარტულ ჩოქელა უსაყრდენო მდგომარეობას. ამ დროს მარჯვენა (მსროლელი) ხელი წინ არის გაჭიმული და მარცხენა იდაყვი ოდნავ მოხრილია.
დამიზნება მარჯვენა მხარეს. ამ მდგომარეობიდან სროლის დროს მებრძოლი წინ მიმართული ხელებით მარჯვნივ შებრუნდება.
დამიზნება უკან. ამ შემთხვევაში მებრძოლის სხეულის ზედა ნაწილი აგრძელებს შემობრუნებას მარჯვნივ, მარჯვნივ შემოაბრუნებს მარცხენა მუხლსაც და დებს მიწაზე. შემდეგ ასწევს მარჯვენა მუხლს მიწიდან და წინ გასწევს. მარჯვენა ხელი გამართულია, მარცხენა – მოხრილი. ილეთის შესრულების შემდეგ ჩოქელა პოზიციიდან სროლის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება.
ხელახალი დამიზნება მარჯვენა მხარეს. ამ ილეთის შესრულებისას მებრძოლი აგრძელებს სხეულის ზედა ნაწილის მარჯვნივ მობრუნებას. მისი ორივე იდაყვი გამართულია, სანამ ტანი არ მიაღწევს იმ წერტილს, რომლის ზღვარს იქითაც ვერ შეძლებს თავისუფალ მოძრაობას. ამ მოძრაობის შემდეგ მარცხენა ხელი გათავისუფლდება მუშტის შებოჭვისაგან და მსროლელი, რომელსაც იარაღი ცალ ხელში უჭირავს, მარჯვნივ ხსნის ცეცხლს.
იარაღის დატენვა
წლების განმავლობაში იარაღის დატენვას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, სანამ არ შეამჩნიეს, რომ ზოგჯერ ჯარისკაცების დაღუპვის მიზეზი ჩამოვარდნილი სავაზნე კოლოფები, აცახცახებული ხელები, სავაზნე კოლოფების უკუღმა დამაგრების მცდელობა ან იარაღის ცარიელი სავაზნე კოლოფებით დატენვა იყო. სიცოცხლისათვის სახიფათო სტრესულ ვითარებაში ჯარისკაცმა შეიძლება გააკეთოს ის, რასაც ჩვეულებრივ არასდროს გააკეთებდა. ამ ტიპის შეცდომების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ინტენსიური და მუდმივი წვრთნა.
ჯარისკაცმა უნდა გამოიმუშაოს მჭიდების სავაზნე ჩანთებით ტარების მტკიცე ჩვევა. ყველა სავაზნე კოლოფი ტყვიებით ქვემოთ უნდა იყოს მიმართული, ხოლო სავაზნე ჩანთა წინ და სხეულის ცენტრში ჰქონდეს მოთავსებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის არის აუცილებელი იარაღის დატენვა. როცა ამის საშუალება აქვს, ჯარისკაცმა უნდა დათვალოს დახარჯული ვაზნები, თუმცა ახლო მანძილზე ბრძოლისას შესაძლებელია ანგარიში აერიოს. ამ შემთხვევაში ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ პისტოლეტიდან უკანასკნელი გასროლის დროს იარაღის უკუქმედება განსხვავებული თავისებურებით ხასიათდება და უნდა ისწავლოს ამ თავისებურების დაფიქსირება.
სავაზნე კოლოფი უნდა შეიცვალოს მაშინ, როცა მჭიდში დარჩენილია 2 ვაზნა: ერთი – სავაზნე კოლოფში და ერთიც – ლულაში. ეს დაეხმარება ჯარისკაცს და კრიტიკულ სიტუაციაში ის არ აღმოჩნდება მოწინააღმდეგის პირისპირ დაცლილი იარაღით ხელში. დატენვა უფრო სწრაფად ხდება, როდესაც ტყვია იმყოფება სავაზნეში, რადგან ამ შემთხვევაში არ არის საჭირო საკეტის შეყენება.
ჯარისკაცს საიმედოდ უნდა ეჭიროს სავაზნე კოლოფი, რომ თავიდან აიცილოს მჭიდის დავარდნა ან მისი იარაღში დამაგრებისას წარმოქმნილი სხვა სირთულეები. თითების სახსრები სხეულისკენ უნდა იყოს მიმართული და ხელის მტევანი რაც შეიძლება კარგად უნდა შემოეხვიოს მჭიდს. სავაზნე ჩანთიდან სავაზნე კოლოფის ამოღებისას საჩვენებელ თითს ათავსებენ სავაზნე კოლოფის წინა ნაწილზე, რაც შეიძლება მაღლა. საჩვენებელი თითი ასევე გამოიყენება მჭიდის იარაღზე დამაგრების დროს.
თითოეულმა ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, დატენვის რომელი მეთოდი გამოიყენოს კონკრეტულ ტაქტიკურ ვითარებაში. არსებობს დატენვის 3 ხერხი: სწრაფი, ტაქტიკური და ცალი ხელით. სწრაფი დატენვა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ჯარისკაცის სიცოცხლე საფრთხეშია და ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ტაქტიკური დატენვა გამოიყენება, როდესაც ჯარისკაცს მეტი დრო აქვს და საჭიროა გამოცვლილი სავაზნე კოლოფის შენარჩუნება, ვინაიდან მასში კიდევაა დარჩენილი ვაზნები ან შესაძლებელია მისი გამოყენება შემდგომში. ცალი ხელით დატენვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარისკაცი ხელშია დაჭრილი.
სწრაფი დატენვისას ჯარისკაცი ყოფს ხელს ჩანთაში და ამოწმებს შემდეგი მჭიდის არსებობას. შემდეგ ჯარისკაცი იღებს ჩანთიდან სავაზნე კოლოფს და ამავდროულად იარაღიდან გამოაქვს გამოყენებული მჭიდი, რომელიც შეიძლება დააგდოს მიწაზე. ამ მოქმედების შესრულების მერე ჯარისკაცი წესის მიხედვით დაამაგრებს სათადარიგო მჭიდს და საჩვენებელი თითით მიმართავს მას გადამცემში. საჭიროების შემთხვევაში უნდა შეაყენოს საკეტი. ამის შემდეგ, თუ დრო იძლევა ამის საშუალებას, ჯარისკაცი იღებს მიწაზე დაგდებულ სავაზნეს და ჯიბეში იდებს (და არა სავაზნე ჩანთაში), რათა არ აერიოს დატენილ მჭიდებში.
ტაქტიკური დატენვისას ჯარისკაცი ყოფს ხელს ჩანთაში და ამოწმებს სათადარიგო მჭიდის არსებობას. შემდეგ იღებს ახალ სავაზნეს ჩანთიდან. ღილაკზე თითის მიჭერით გამოყენებული სავაზნე ვარდება არამსროლელი ხელისგულზე, ანუ იმავე ხელზე, რომელსაც უჭირავს სათადარიგო სავზნე. შემდეგ ჯარისკაცმა იარაღში უნდა ჩადგას სათადარიგო სავაზნე და საჩვენებელი თითით წესის მიხედვით მიმართოს გადამცემში. საჭიროების შემთხვევაში უნდა შეაყენოს საკეტი. გამოყენებულ სავაზნე კოლოფს ჯარისკაცი იდებს ტანსაცმლის ჯიბეში იმისთვის, რათა არ აერიოს ჩანთაში არსებულ დატენილ სავაზნეებში.
იარაღის ცალი ხელით (მარჯვენა) დატენვისას ჯარისკაცი ცერა თითს აჭერს სავაზნეს გასათავისუფლებელ ღილაკს, შემდეგ ცერა თითით დამცველის სასხლეტს აყენებს `ON~ (`გახსნილია~) მდგომარეობაში. შემდეგ იარაღს დებს პისტოლეტის ბუდეში (შენიშვნა: თუ იარაღის ბუდეში მოთავსება ვერ ხერხდება, მებრძოლი იარაღს იდებს წვივის კუნთსა და ბარძაყს შორის) და მჭიდს ცვლის. შემდეგ იარაღს ისევ ამოიღებს ბუდიდან და, თუ საკეტი წინა მდგომარეობაშია, ცერა თითით გამოსწევს დამცველს ან წინ გადაწევს მას, თუ უკანა მდგომარეობაში. იმ შემთხვევაში, თუ იარაღის ცალი ხელით დატენვისას ჯარისკაცი იყენებს მარცხენა ხელს, მან სავაზნის გასათავისუფლებელ ღილაკს შუა თითი უნდა მიაჭიროს. დამცველს ცერა თითით აყენებენ `ON~ მდგომარეობაში, თუ საკეტი წინა მდგომარეობაშია. .45 კალიბრიანი პისტოლეტის გამოყენებისას მებრძოლმა ცერა თითი უნდა გადაიტანოს იარაღის მარცხენა მხარეს. ამის შემდეგ ჯარისკაცი აბრუნებს იარაღს ბუდეში. (შენიშვნა: თუ იარაღის ბუდეში მოთავსება შეუძლებელია, იარაღი შეიძლება მოთავსდეს წვივის კუნთსა და ბარძაყს შორის). მსროლელი ცვლის მჭიდს და იღებს იარაღს ბუდიდან. შემდეგ ცერა თითით ათავისუფლებს დამცველს, თუ საკეტი წინა მდგომარეობაშია, ან საკეტის გათავისუფლების ბერკეტს გადასწევს შუა თითით, თუ ის უკანა მდგომარეობაშია.
სროლა ცუდი ხილვადობის პირობებში
ცუდი ხილვადობა აძნელებს სროლას ნებისმიერი იარაღიდან, რადგან ჩრდილებმა შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს ჯარისკაცი. ეს ძირითადად ხდება დაბნელებამდე 30 წუთის განმავლობაში და 30 წუთი გარიჟრაჟამდე. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მებრძოლები იყენებენ ახლო მანძილზე მოქმედების იარაღს, სიბნელე და ცუდი ხილვადობა აქვეითებს მის ეფექტურობას. ამის გამოსასწორებლად, ჯარისკაცმა უნდა გამოიყენოს ღამის ხედვის სამი პრინციპი:
– სიბნელესთან შეგუება არის პროცესი, რომლის შედეგადაც ცუდი ხილვადობის პირობებში ყოფნისას ჯარისკაცს შეუძლია დაინახოს და გაარჩიოს საგნები. თვალებს სიბნელესთან 98%-ით შესაგუებლად, როგორც წესი, 30 წთ სჭირდება.
– დღისით ადამიანი ობიექტს პირდაპირ და მკაფიოდ ხედავს, ღამით კი ობიექტის დანახვა შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე წამით. ობიექტის სიბნელეში დასანახად მებრძოლმა კონცენტრაცია უნდა გააკეთოს მასზე და ამავე დროს 6-10-ით გვერდით გადაიტანოს მზერა.
– სკანირება არის ობიექტის ან სივრცის გარშემო მსროლელის თვალების ხანმოკლე, მძაფრი არარეგულარული მოძრაობა ყოველ 4-10 წამში ერთხელ. ხელოვნური განათებისას მიზნების დაზიანების დროს მსროლელი იყენებს ღამით სროლის წარმოების მეთოდებს. ასეთ დროს მებრძოლს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მიზნები მოძრაობს, თუმცა სინამდვილეში ისინი უძრავად დგას.
ავტომატებისა და პისტოლეტ – ტყვიამფრქვევების გამოყენება
I მსოფლიო ომის დასასრულს იტალიელების მიერ შექმნილი ზემსუბუქი ტყვიამფრქვევი იყო მსოფლიოში პირველი ავტომატი (პისტოლეტ_ტყვიამფრქვევი). 1920-იან წლების დასაწყისში ავტომატების კონსტრუქციებზე დიდი გავლენა მოახდინა ტომპსონის .45 ინჩიანმა (11,43 მმ) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევმა, იგივე `ტომიგანმა~. მისი კონსტუქცია შექმნა ამერიკელმა ჯ.ტ. ტომპსონმა 1918 წელს. ავტომატი, რომლის მეტსახელი იყო `სატრანშეო ცოცხი~, განკუთვნილი იყო პირველ მსოფლიო ომში სანგრებში მყოფ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. თუმცა ეს ვერ განხორციელდა, რადგან ავტომატი გვიან მიიღეს შეიარაღებაზე. 1920-30 წლებში მას იყენებდნენ აშშ-ში `მშრალი კანონის~ შემოღებასთან დაკავშირებულ განგსტერულ შეტაკებებში. 1940 წელს გერმანელების შემოჭრის საფრთხის მოახლოებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო სამინისტროს მიერ `განგსტერების იარაღის~ მიმართ მანამდე გაკეთებული ყველა შენიშვნა გაუქმდა და გაკეთდა შეკვეთა 1928 წლის მოდელზე. აღნიშნულ ავტომატს იყენებდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში და იტალიაში წარმოებული სამხედრო მოქმედებების დროს.
II მსოფლიო ომის დროს აშშ-ის არმიამ შეიარაღებაში მიიღო უფრო მარტივი იარაღი: .45 ინჩიანი (11 მმ) ავტომატი - M-3 `გრიზ-განი~. M3-ს დღემდე იყენებენ ცენტრალური და სამხრ-აღმოსავლეთ აზიის ცალკეულ რაიონებში, აგრეთვე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
XX საუკუნის ოციანი წლებიდან დაწყებული, მსოფლიოში წარმოებული იყო მრავალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, მაგრამ დღეისათვის ყველაზე ფართოდ გამოიყენება 9 მმ-იანი `ჰეკლერი და კოხი~, რომელიც პირველად 1970 წელს დაამზადეს. ეს მსუბუქი და საიმედო ავტომატი იწარმოებოდა ხუთ ვარიანტად. მათგან ყველაზე კომპაქტურია H&K MP5K, რომლის სიგრძე მხოლოდ 325 მმ-ა, ხოლო სწრაფსროლა უდრის 900 გასროლას წუთში. შD-ს ვარიანტები აღჭურვილია ეფექტური მაყუჩით. H&K ავტომატებს იყენებენ პოლიციელები, ჯარისკაცები და კონტრტერორისტული ქვედანაყოფები.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გამოყენებისას აუცილებელია სამი ჩვევის გამომუშავება: სამიზნის გასწორება და დამიზნება, პოზიციის დაკავება და სასხლეტის გამოყენების ცოდნა.
სამიზნის გასწორება და დამიზნება
ავტომატიდან სროლის ხერხ-ილეთების დაუფლების დროს პირველი საფეხურია სამიზნის გასწორება და დამიზნება. ამ იარაღზე სამიზნეები არ რეგულირდება. ავტომატები, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია ავტომატური ცეცხლის საწარმოებლად ახლო მანძილზე, სადაც, როგორც წესი, საჭიროა სწრაფი სროლა. ჩვეულებრივი ავტომატის სამიზნეები გამოიყენება იარაღის მიზანში თავდაპირველი დამიზნების დროს. სროლის დროს მსროლელს შესაძლებლობა აქვს, თვალი ადევნოს ტყვიების მიერ სამიზნის დაზიანებას და `მიმართოს~ ისინი მიზანში. იმ შემთხვევაში, როცა მსროლელს სურს აწარმოოს ცეცხლი ერთეული გასროლებით ან მოკლე ჯერით, თანაც აქვს საკმარისი დრო ზუსტი დამიზნებისათვის და გამოყვანილი აქვს დამიზნების ხაზი, მან უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, მსროლელს უნდა ესმოდეს და კარგად ერკვეოდეს სწორ დამიზნებაში და სამიზნე ხაზის გამოყვანაში.
– წინა სამიზნე უნდა იმყოფებოდეს სამიზნებლის ცენტრში.
– სამიზნე ობიექტის ცენტრალური წრე უნდა იყოს უფრო მაღლა და ჩანდეს, რომ ის ეხება წინა სამიზნის წვეროს.
– თვალის საბოლოო ფოკუსირება უნდა მოხდეს წინა სამიზნეზე. ის ნათლად და მკვეთრად უნდა ჩანდეს, სამიზნე ობიექტის ცენტრალური წრე კი ოდნავ ბუნდოვნად.
პოზიცია
ავტომატიდან სროლაში დახელოვნების შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მეცადინეობა პოზიციის შერჩევაში. მიზანში ტყვიის მოსახვედრად და შემდეგ მისი მიმართულებით ზუსტი ავტომატური ცეცხლის საწარმოებლად მსროლელს უნდა ეკავოს კარგი პოზიცია. ავტომატიდან სროლა შეიძლება დგომელა, ჩოქელა, ჯდომელა, წოლელა მდგომარეობიდან ან გადაადგილების დროს.
სროლა დგომელა პოზიციიდან ბუნებრივი მდგომარეობაა ავტომატიდან სროლის დროს. ამისათვის ჯარისკაცი დგება სახით მიზნისაკენ, შემდეგ აკეთებს ნახევარ ბრუნს მარჯვნივ და მარცხენა ფეხით წინ გადადგამს ნაბიჯს ისე, რომ ფეხსაცმლის ცხვირი მიზნის მხარეს იყოს მიმართული. შემდეგ ჯარისკაცი უნდა გადაიხაროს წინ, მარცხენა მუხლი ოდნავ მოხრილი უნდა ჰქონდეს, მარჯვენა ფეხი კი გამართული. ამ დროს სხეულის სიმძიმის 2/3 მარცხენა ფეხზე მოდის. ჯარისკაცს სავაზნე კოლოფი უჭირავს მარცხენა ხელში, ხოლო იარაღის ტარი – მარჯვენაში. მებრძოლს იარაღის კონდახი მიბჯენილი უნდა ჰქონდეს მარჯვენა მხარზე. მისი ტანი მარცხნივ უნდა მოტრიალდეს, რათა მარჯვენა მხარი წინ გამოიწიოს. ჯარისკაცის ლოყა მიბჯენილი უნდა იყოს ავტომატის კონდახზე. ერთეული გასროლისას იარაღის უკუქმედების ძალა მცირეა, თუმცა ავტომატური ცეცხლის გახსნისას იარაღის უკუქმედების ძალა უბიძგებს მხარს უკან. ამიტომ იარაღი შეიძლება ასცდეს სამიზნე ხაზს, თუკი მსროლელი არ დაიკავებს მყარ და სწორ პოზიციას.
სროლა ჯდომელა მდგომარეობიდან საუკეთესო პოზიციაა ცეცხლის გასახსნელად იმ შემთხვევაში, თუ ადგილი დახრილია წარმოებული ცეცხლის მიმართულებით. ამ პოზიციის დაკავებისას ჯარისკაცი უნდა დადგეს სახით მიზნისაკენ, მარჯვნივ ნახევარი ბრუნით გაშალოს ფეხები მისთვის მოსახერხებელ სიგანეზე და დაჯდეს. ფეხის ტერფები მუხლებზე მეტად უნდა იყოს გაშლილი. მებრძოლმა სხეული წინ უნდა გადახაროს, თანაც ისე, რომ ზურგი გამართული ჰქონდეს. შემდეგ ჯარისკაცმა მარჯვენა მხარი წინ (მიზნის მხარეს) უნდა გასწიოს, მარცხენა კი დააყრდნოს ბარძაყის ბრტყელ ნაწილზე. მარჯვენა იდაყვი ბლოკირებულია მარჯვენა მუხლის წინ.
სროლა ჩოქელა მდგომარეობიდან უფრო მდგრადი დამიზნების საშუალებას იძლევა, ვიდრე სროლა დგომელა პოზიციიდან. ის გამოიყენება მაშინ, როცა მსროლელს შესაძლებლობა აქვს ამოეფაროს ქვას, მორს ან რაიმე სხვა საგანს. ეს პოზიცია ხშირად გამოიყენება გაშლილ ადგილას ან მაღლობზე მყოფი მოწინააღმდეგის მიმართულებით ცეცხლის წარმოების დროს. ჩოქელა მდგომარეობის დაკავებისას ჯარისკაცი დგება სახით მიზნისაკენ, აკეთებს ნახევარ ბრუნს მარჯვნივ და დაიჩოქებს მარჯვენა მუხლზე და ჯდება მარჯვენა ქუსლზე, მარჯვენა ბარძაყი სამიზნე ხაზთან წარმოქმნის 90°-იან კუთხეს. მარჯვენა წვივის მთელი ზედაპირი, მუხლიდან თითების წვერამდე უნდა ეხებოდეს მიწას. მარცხენა ფეხის ტერფი 45 სმ-ით წინ უნდა იყოს წაწეული მიმართული მიზნისკენ. წინიდან დაკვირვების შემთხვევაში დავინახავთ, რომ მარცხენა ფეხის წვივი ვერტიკალურ მდგომარეობაშია მიწასთან. მებრძოლის სხეულის სიმძიმის ძალა წინ არის გადაწეული და მარცხენა იდაყვის წვერო მუხლიდან რამდენიმე სმ-ით წინაა. მსროლელის მარჯვენა იდაყვი მარჯვენა მხრის სიმაღლეზე ან მასზე ოდნავ დაბლა უნდა მდებარეობდეს.
სროლა დაწოლილი მდგომარეობიდან ყველაზე მყარი პოზიციაა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა დრო და სივრცე იძლევა ამის საშუალებას. ამ პოზიციის დაკავებისას ჯარისკაცი წვება მიწაზე ისე, რომ მისი სხეული მარცხნივ იყოს გადახრილი (20-იანი ან უფრო მცირე კუთხით) დამიზნების ხაზის მიმართ. მსროლელის ფეხები გაშლილია მისთვის მოსახერხებელ სიგანეზე. ზურგი გამართულია. ჯარისკაცი მარცხენა იდაყვს ათავსებს იარაღის ქვეშ და მარცხენა ხელით იკავებს სავაზნე კოლოფს. ჯარისკაცის მარჯვენა იდაყვი ტანის გარეთ იმგვარად თავსდება, რომ მისი მხრები აღმოჩნდეს ერთ სიმაღლეზე. კონდახი განთავსებულია მხრის მეშვეობით წარმოქმნილ `ჯიბეში~, ხოლო მსროლელის ლოყა მიბჯენილია კონდახზე.
ბოლო პოზიციაა სროლა გადაადგილების დროს. მას ჩვეულებრივ უწოდებენ თეძოს ან მკერდის პოზიციას და იყენებენ ახლო მანძილზე ბრძოლისას. ამ პოზიციიდან სროლის დროს პრაქტიკულად არ ხდება დამიზნება: მსროლელი მხოლოდ მიმართავს იარაღს მიზნისკენ და ხსნის ცეცხლს. ამ მდგომარეობიდან ზუსტი სროლის შესასწავლად ჯარისკაცს სჭირდება ხანგრძლივი ვარჯიში. ამ პოზიციის დასაკავებლად ჯარისკაცი მარჯვენა ხელით მიიჭერს ავტომატის კონდახს თეძოზე ან იღლიის ქვეშ ათავსებს მას. გადაადგილების დროს მსროლელმა უნდა მოხაროს ტანი და იმოძრაოს თითის წვერებზე, რათა შეძლოს სწრაფად მოძრაობა და მანევრირება.
სასხლეტის მოხმარების წესები
ჯარისკაცი სწრაფად და გაუაზრებლად არ უნდა დააჭიროს სასხლეტს თითი. ის მოხერხებულად უნდა ზემოქმედებდეს მასზე და აწარმოოს ცეცხლი ერთეული გასროლით ან ჯერით. ამის გარდა ჯარისკაცი კარგად უნდა იცნობდეს თავის პირად იარაღს, რადგან ყველა ავტომატს სასხლეტის განსხვავებული წევა აქვს.
– ერთეული გასროლებით ცეცხლის წარმოებისას მსროლელმა უნდა დააჭიროს ან უკან დაარტყას თითი სასხლეტის კაუჭს, სანამ საკეტი არ გათავისუფლება, შემდეგ კი სწრაფად აუშვას თითი სასხლეტის კაუჭს.
– ავტომატური ჯერით ცეცხლის წარმოებისას მსროლელს სასხლეტზე თითი უჭირავს მანამ, სანამ არ განახორციელებს სასურველი რაოდენობის გასროლებს. შემდეგ კი სწრაფად ათავისუფლებს სასხლეტს.
– ერთეული გასროლებით სროლაში მეცადინეობისას ჯარისკაცი შეაყენებს ავტომატის ჩახმახს, მიაჭერს ან ურტყამს სასხლეტის კაუჭს და ათავისუფლებს მას მანამ, სანამ არ გაიგონებს ხმას, რომელიც წარმოიქმნება საკეტის მიმმართველი ღერძის ფილაზე დარტყმის შედეგად. დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის არსებობის შემთხვევაში ჯარისკაცმა ხშირად უნდა ივარჯიშოს სროლაში და შეისწავლოს საკუთარი იარაღი. სწორედ ეს არის საუკეთესო მეთოდი, რათა ჯარისკაცმა კარგად აითვისოს სასხლეტზე მოხერხებულად ზემოქმედება.
მოიერიშე შაშხანების გამოყენება
II მსოფლიო ომის ბოლო წლებში გერმანელმა სამხედრო კონსტრუქტორებმა შექმნეს მოიერიშე შაშხანა. მათ დაადგინეს, რომ ახლო მანძილზე ბრძოლის დროს ცეცხლის გახსნის ეფექტური მანძილი 30-70 მეტრს შეადგენდა, ამიტომ ახალი მოიერიშე შაშხანისათვის არ იყო საჭირო სრულმასშტაბიანი შაშხანის ტყვიის შემუშავება. თუმცა ავტომატებში გამოყენებულ პისტოლეტის ტყვიებს ხშირად არ გააჩნდა საკმარისი ენერგია ასეთ დისტანციაზე მოწინააღმდეგის მწყობრიდან გამოსაყვანად. ამიტომ გერმანელებმა შეიმუშავეს უფრო მოკლე 7,92 მმ-იანი ვაზნა, რომელიც განკუთვნილი იყო 30 ვაზნიანი მჭიდით აღჭურვილი მოკლე შაშხანისათვის. ამგვარად შეიქმნა MP-44, ცნობილი `შტურმგევერ-44-ის~ სახელითაც. შაშხანა 5,22 კგ-ს იწონიდა და მისი სწრაფსროლა იყო 500 გასროლა წუთში. ომის დამთავრების შემდეგ გერმანული MP-44-ის მაგალითზე შეიქმნა მოიერიშე შაშხანა (ავტომატი) AK-47, რომელშიც გამოიყენებოდა 7,62 მმ-იანი მოკლე ვაზნები. როგორც ხედავთ, მოიერიშე შაშხანებში გაერთიანებულია შაშხანის მომაკვდინებელი ძალა და ავტომატისთვის დამახასიათებელი სწრაფსროლა.
კალაშნიკოვის ავტომატი
მოიერიშე შაშხანა AK-47 (მისი ყველა ვარიანტი) შესაძლოა იყოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული და გამოყენებული იარაღი. ამ მოდელის პირველი მოიერიშე შაშხანა II მსოფლიო ომის დასასრულს შექმნა მიხეილ კალაშნიკოვმა. 1951 წელს ეს იარაღი საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მიიღეს. AK-47 ისროდა 7,62X39 მმ კალიბრის და 122 გრანის (დაახლოებით 7,9 გრამი) წონის ვაზნებს. AK-47-ის და მისი მოდერნიზებული ვარიანტის – AKM-ის ეფექტური გასროლის მანძილი 400 მ-ია. AK-ს სისტემის მოიერიშე შაშხანები კარგად არის კონსტრუირებული და ადვილად გამოიყენება გამოუცდელი ადამიანის მიერაც კი, რადგან აქვს ძალზე ცოტა მოძრავი ნაწილი. AK-ს იყენებდნენ როდეზიის სპეცდანიშნულების საჰაერო-სადესანტო სამსახურის (შAშ) მებრძოლები და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სპეცდანიშნულების შენაერთები, რადგან სროლის დროს, M-16-ისგან განსხვავებით, მას არ ჰქონდა ძლიერი განმასხვავებელი ხმა. საზღვრის მიღმა წარმოებული რეიდების დროს AK-სთვის საჭირო საბრძოლო მასალის შესავსებად შესაძლებელი იყო ნაალაფარი ვაზნების გამოყენება. ამიტომ ვიეტნამის ომის ერთ-ერთ ეტაპზე ამერიკელები თავისი სპეცდანიშნულების ძალებისათვის აწარმოებდნენ 7,62X39 მმ კალიბრის `სტერილურ~ (ჰილზის ძირზე არ არსებობდა სათანადო მარკირება) საბრძოლო მასალებს. AK-ს აწარმოებდნენ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში, ჩინეთში და ჩრდილოეთ კორეაში.
M-16
ფირმა კოლტის მიერ შექმნილი შაშხანა Aღ-15 ვიეტნამის ომის დროს (1964 წლიდან) M-16-ის სახელწოდებით შევიდა აშშ არმიის შეიარაღებაში. M-16 ნოვატორული იარაღი იყო. მის დასამზადებლად გამოიყენებოდა სხვადასხვა ლითონის შენადნობი და პლასტმასა და ისროდა 5,56 მმ-ის კალიბრის ტყვიებს. M-16-ი M-14-ზე (დიდი ზომის და 7,62 მმ კალიბრის მქონე შაშხანა) უფრო მსუბუქი იყო და, აქედან გამომდინარე, უფრო პრაქტიკული იარაღი აღმოჩნდა ჯუნგლებში საბრძოლველად. სპეცდანიშნულების საჰაერო-სადესანტო სამსახურმა (შAშ-მა) ინდონეზიასთან დაპირისპირებისას, ბრიტანულ არმიაში გამოყენებული შLღ-ის ტიპის 7,62 მმ-იანი ავტომატური შაშხანის ნაცვლად, შეიარაღებაში მიიღო Aღ-15. ამჟამად შეიარაღებაშია შაშხანა M-16 A1/2, ის აღჭურვილია საკეტის ჩაკეტვის მექანიკური მექანიზმით, რომელიც მოთავსებულია ლულის კოლოფის მარჯვენა მხარეს. აღნიშნული მოწყობილობის საშუალებით მსროლელს შეუძლია დამატებითი ზემოქმედება მოახდინოს საკეტზე, თუ სავაზნეში აღმოჩნდება ჭუჭყი ან სავაზნე მასრა გაიჭედება. M162A2-ს აქვს მძიმე ლულა და მასრის ამსხლეტი ფარი, რის გამოც ის შეიძლება გამოიყენოს ცაცია მსროლელმაც. შაშხანა M16A3 – ეს იგივე A2-ია, რომლეზეც ტარის მაგივრად დამონტაჟებულია ტელესკოპური სამიზნე.
ტყვიამფრქვევების გამოყენება
პირველი წარმატებული ავტომატური ტყვიამფრქვევი იყო XIX საუკუნის 90–იან წლებში ამერიკელი ჰაირემ მაქსიმის მიერ შექმნილი 7,92 მმ კალიბრის მქონე `მაქსიმი~. იარაღის მექანიზმის მოქმედებაში მოსაყვანად გამოიყენებოდა აფეთქებული ვაზნების ენერგია. ტყვიამფრქვევის სწრაფსროლა იყო 500 გასროლა წუთში. იმის გამო, რომ სროლის სწრაფი ტემპის შედეგად ლულა ცხელდებოდა, ტყვიამფრქვევი აღჭურვილი იყო გამაგრილებელი მოწყობილობით (ლულა ჩასმული იყო წყლით სავსე გარსაცმში). ბრიტანელები `მაქსიმის~ ტყვიამფრქვევს იყენებდნენ 1895 წლის საბრძოლო მოქმედებების დროს. ფრანგული წარმოების `ჰოჩკისის~ ტყვიამფრქვევის მექანიზმების მოქმედებაში მოსაყვანად გამოიყენებოდა ვაზნების აალების შედეგად გამოყოფილი აირები. ამ იარაღს ჰქონდა მძიმე ლულა, რომელიც გრილდებოდა ჰაერის ზემოქმედებით. `მაქსიმის~ ტყვიამფრ¬ქვევს საბრძოლო მასალები მიეწოდებოდა ქსოვილის სავაზნე ლენტით; ტყვიამფრქვევის სხვა ნიმუშებში გამოიყენებოდა ფოლადისგან დამზადებული სავაზნე ლენტები ან მჭიდები.
ბრიტანული 7,69 მმ კალიბრის `ვიკერსის~ ტიპის ტყვიამფრქვევში საბრძოლო მასალის მიწოდება დზებოდა ასევე ლენტის საშუალებით. ის 1891 წელს შეიქმნა და ბრიტანული არმიის შეიარაღებიდან საბოლოოდ 1963 წელს მოიხსნა. II მსოფლიო ომის დროს გერმანული საერთო დანიშნულების 7.92 მმ-იანი ტყვიამფრქვევის – MG-42-ის გამოშვებისას, საწარმოო პროცესის დაჩქარების მიზნით, გამოიყენებოდა ყალიბები და წერტილოვანი შედუღება. სროლის მაქსიმალური სიშორე 2000 მეტრს შეადგენდა, სწრაფსროლა კი – 1550 გასროლას წუთში. MG 42-ის კონსტრუქციის თავისებურებები გამოყენებულ იქნა შემდგომში შექმნილ ბელგიურ ტყვიამფრქვევ FN MAG-სა და ამერიკულ M-60-ში.
თანამედროვე ტყვიამფრქვევები იყოფა სამ ტიპად: მძიმე (დაზგის), საშუალო (საერთო დანიშნულების) და მსუბუქი (ხელის).
მძიმე ტყვიამფრქვევები
ბრაუნინგის 12.7 მმ-იანი (.50 ინჩი) ტყვიამფრქვევი - M2HB, ანუ `დიდი 50 კალიბრიანი~, მსოფლიოში შექმნილი იმ მძიმე ტყვიამფრქვევების რიცხვში შედის, რომლებიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა არმიების მიერ. ის 1923 წელს მიიღეს აშშ-ის არმიის შეიარაღებაში. 2378 მეტრამდე შესაძლებელია სროლა სამიზნის გამოყენებით (სამიზნეზე არსებული დანაყოფების მიხედვით), თუმცა მსხვილი ვაზნები თავის ეფექტურობას 6800 მეტრამდე ინარჩუნებენ. ტყვიამფრქვევის საბრძოლო მასალა შეიქმნა გერმანული ტანკსაწინააღმდეგო შაშხანის ვაზნების ბაზაზე (რომელიც I მსოფლიო ომის დასასრულს ჩაუვარდათ ხელში ამერიკელებს). M2HB ეფექტურად გამოიყენება მსუბუქად შეჯავშნული მანქანების წინააღმდეგ. `ფრანგული საბრძოლო მასალების საზოგადოების~ მიერ შექმნილი ჯავშანგამტანი ვაზნა 47,82 გრამს იწონის. აღნიშნული ტყვიით შესაძლებელია 25 მმ სისქის ფოლადის 300 მ მანძილიდან, ხოლო 13 მმ-იანის – 1200 მეტრიდან გახვრეტა. საბრძოლო მასალებს შორის არის: საერთო დანიშნულების, მგეზავი, ცეცხლგამჩენი და ჯავშანგამტანი-ცეცხლგამჩენი ვაზნები.
ამ სახის შეიარაღების გაუმჯობესებულ და თანამედროვე ნიმუშებს მიეკუთვნება ღAMO და შაცო.50 M2HB-ის სათადარიგო (მოსახსნელი) ლულების ნაკრები და M2-ის ტიპის ახალი მსუბუქი ტყვიამფრქვევი, რომლის წონა 26,72 კგ-ს შეადგენს (შედარებისათვის – `ბრაუნინგ~ M2HB 38 კგ-ს იწონის). სათადარიგო ლულების ნაკრები ტყვიამფრქვევის გათვლას ხანგრძლივი სროლის შედეგად გადახურებული ლულის სწრაფად და უსაფრთხოდ შეცვლის საშუალებას აძლევს. ამავე დროს, გათვლას არ სჭირდება დამატებითი დრო ლულის გასასწორებლად.
საშუალო ანუ საერთო დანიშნულების ტყვიამფრქვევები
FN MAG-ის (Fაბრიქუე Nაციონალ Mიტრაილლეუსე ა Gაზ (ფრ) – დაზგის ტყვიამფრქვევი) 7,62 მმ კალიბრიანი ტყვიამფრქვევი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთო დანიშნულების ტყვიამფრქვევია. ამჟამად 75-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის სამხრეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ავსტრალიის და აფრიკის ქვეყნების შეიარაღებაში 150000-ზე მეტი ასეთი ტყვიამფრქვევი შედის. ექანიზმი ორმაგი ჩახმახის ფეხით უზრუნველყოფს 650-დან 1000-მდე გასროლას წუთში. სწრაფი სროლა რეგულირდება გაზის რეგულატორის გახსნით ან ჩაკეტვით, რომელიც აკონტროლებს აირების უკან მოძრაობას ლულიდან ფიალის ფორმის დგუშის ფსკერზე. მეტყვიამფრქვევეები სწავლობენ ტყვიამფრქვევის ამ მექანიზმის გასწორებას ისე, რომ აირის ნაკადი ოპტიმალურად იქნას გამოყენებული.
არაინტენსიური ცეცხლის წარმოების დროს MAG-ს იყენებენ, როგორც მსუბუქ ტყვიამფრქვევს ორფეხა სადგარზე, ხოლო განუწყვეტელი ცეცხლის რეჟიმში მას ზამბარიან სამფეხაზე აყენებენ. განუწყვეტელი ცეცხლისათვის ტყვიამფრქვევს უკეთდება კონდახი, სამიზნე თამასა (უკანა სამიზნე) მაღლა იწევა და აჩვენებს მანძილს 800 – დან 1800 მეტრამდე. ტყვიამფრქვევი შეიძლება აღიჭურვოს ნაღმსატყორცნის სამიზნის მსაგვსი ოპტიკური ხელსაწყოთი. ოპტიკური სამიზნის არსებობის შემთხვევაში გათვლას საშუალება ეძლევა, აწარმოოს ცეცხლი წინასწარ განსაზღვრული მიზნების წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება ბუნდოვანი იყოს სიბნელის ან კვამლის გამო.
მსუბუქი ტყვიამფრქვევის როლში სამიზნეები დაბლაა დაწეული (გასწორებულია) და დაშტრიხულია 200-დან 800 მეტრამდე (თითოეული დანაყოფი უდრის 100 მეტრს). გამოცდილი მეტყვიამფრქვევეებს შეუძლიათ ცეცხლის წარმოება მოკლე ჯერებით. ისინი სასხლეტზე თითის სწრაფი დაჭერითაც კი ახერხებენ მიზანში ორი ტყვიის მორტყმას. ტყვიამფრქვევს ადვილად შლიან და წმენდენ საველე პირობებში, ვინაიდან დგუში და საკეტი ერთმანეთთან მჭიდროდაა დამაგრებული და წარმოადგენს ერთ ნაწილს. ტყვიამფრქვევის ერთადერთი მცირე ზომის დეტალია გაზის რეგულატორზე არსებული პატარა მილტუჩები.
მსუბუქი ტყვიამფრქვევები
ფირმა FN-ის მიერ შექმნილი ხელის ტყვიამფრქვევი `მინიმი~ საუკეთესო მსუბუქი ავტომატური იარაღია. სროლის დროს საბრძოლო მასალების მიწოდება ხორციელდება მარცხენა მხრიდან და გამოიყენება შშ 109-ს (ნატო) ან 5.56 მმ-იანი M-193-ის (აშშ) ტიპის ტყიამფრქვევის ლენტები. გარდა ამისა, შესაძლებელია M-16–თან და ნატოს შაშხანების უმრავლესობასთან თავსებადი 30-ვაზნიანი მჭიდების გამოყენებაც.
ტყვიამფრქვევ `მინიმიზე~ შესაძლებელია 200 ვაზნიანი მჭიდის ან ლენტის დამაგრება, რაც მას ახლო მანძილზე ბრძლისას მხრისხანე იარღად გადააქცევს.
`მინიმი~ მოქმედებს ლულის არხიდან გამოსული აირების ენერგიის ხარჯზე. ტყვიამფრქვევიდან სროლის დროს, როგორც წესი, იყენებენ იარაღზე დამონტაჟებულ ორფეხა სადგარს. თუმცა განუწყვეტელი ცეცხლის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სამფეხის დაყენებაც. ტყვიამფრქვევის სახელურები ძალიან ჰგავს MAG-ის სახელურებს. მარჯვენა მხარეს მას აქვს ზედა თავსახური და შემყენებლის სახელური გაზის რეგულატორით, რომელსაც გააჩნია ორი პოზიცია: ნორმალური და არახელსაყრელი პირობებისათვის. ეს უკანასკნელი მდგომარეობა უზრუნველყოფს დგუშზე აირის საჭირო ნაკადის მიწოდებას და იარაღის მტყუნების თავიდან აცილებას. რეგულირება შეიძლება განხორციელდეს ცხელი ლულის შემთხვევაშიც კი. ტყვიამფრქვევს არ გააჩნია 7.62 მმ-იანი იარაღისთვის დამახასიათებელი უკუქმედების ძალა და ამის გამო ხასიათდება სროლის მაღალი სიზუსტით. ვერტმფრენებსა და მანქანებში ტყვიამფრქვევის დამონტაჟებისას კონდახმა შეიძლება ხელი შეუშალოს მსროლელს. ამიტომ `მინიმი~, AMG-ს მსგავსად, შეიძლება აღიჭურვოს სპეციალური საყრდენით. სტანდარტული იარაღის ლულის სიგრძე 465 მმ-ია. საჰაერო მედესანტეები იყენებენ უფრო კომპაქტურ `სადესანტო~ მოდელს, რომლის ლულის სიგრძეა 347 მმ და ტყვიამფრქვევის სიგრძე დაკეცილი ლითონის კონდახით შეადგენს მხოლოდ 755 მმ-ს. `სადესანტო~ მოდელი სტანდარტულ `მინიმიზე~ 150 გრამით მძიმეა – 7 კგ-ს იწონის. ამის მიუხედავად, თავისი კომპაქტური ზომის გამო ის იდეალური იარაღია იმ შემთხვევებისთვის, როცა აუცილებელია ძლიერი ცეცხლის გახსნა მოკლე დისტანციებზე, მაგალითად, შენობის მოწინააღმდეგისაგან გაწმენდის ან ჩასაფრების წინააღმდეგ მოქმედების დროს.
`მინიმი~ შესულია ავსტრალიის (F89-ს სახელწოდებით), ბელგიის, კანადის, ინდონეზიისა და იტალიის არმიების შეიარაღებაში, ხოლო აშშ-ის არმიაში იგი აღინიშნება, როგორც M249 შAჭ (ათეულის ტყვიამფრქვევი).
ცეცხლის სახეობები
ცეცხლის კლასიფიკაცია ხდება ხმელეთის ზედაპირთან და მიზანთან მიმართებაში. ხმელეთის ზედაპირთან მიმართებაში კლასიფიცირებული ცეცხლი არის ფენილი ან კიდული. ფენილი ცეცხლის წარმოებისას ტყვიების უმრავლესობა მიწიდან 1 მ-ზე მაღლა არ ადის. კიდული ცეცხლის წარმოებისას გასროლილი ტყვიის ტრაექტორია ფეხზე მდგომი ადამიანის სიმაღლეზე მაღალია, გამონაკლისს წარმოადგენს ცეცხლდაშენის მონაკვეთი. კიდულ ცეცხლს აწარმოებენ შორ დისტანციებზე სროლისას, მაღლობიდან დაბლა მყოფი მიზნების წინააღმდეგ და სიმაღლეზე მყოფი მოწინააღმდეგის დასაზიანებლად.
ცეცხლი, რომლის კლასიფიკაციაც ხდება მიზნის მიმართ, თავის მხვრივ იყოფა ფრონტალურ, ფლანგურ, ირიბ ან გასწვრივ ცეცხლად. ფრონტალური ცეცხლის დროს ტყვიები მიმართულია უშუალოდ მიზანში, ფლანგური ცეცხლისას კი მისი ფლანგის წინააღმდეგ. ირიბად დამიზნებული ცეცხლის წარმოებისას ცეცხლდაშენის მონაკვეთის გრძელი ღერძი მიზნის გრძივი ღერძის მიმართ დახრილი კუთხით არის მიმართული. გასწვრივი ცეცხლის დროს ცეცხლდაშენის მონაკვეთის გრძივი ღერძი ემთხვევა მიზნის გრძივ ღერძს. გასწვრივი ცეცხლი აგრეთვე შეიძლება იყოს ფრონტალური, ფლანგური ან ირიბი. ეს არის მიზნის მიმართ წარმოებული ცეცხლის საუკეთესო სახეობა, რადგან ამ შემთხვევაში ცეცხლდაშენის რაიონი ოპტიმალურად გამოიყენება.
ცეცხლს, რომლის დანიშნულებაა, ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგეს მიზნის აღმოჩენაში, მის განადგურებაში ან საპასუხო ცეცხლის გახსნაში, ეწოდება ჩამხშობი ცეცხლი. ის შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი დამიზნებით. ჩამხშობი ცეცხლის სახეობას მიეკუთვნება აგრეთვე კვამლის ფარდის მოწყობა, რომელიც მოწინააღმდეგეს ხელს უშლის მიზნის დანახვაში.
მოწინააღმდეგის პოზიციაზე იერიშის დროს ათეულის მეთაური ცეცხლის გახსნის სექტორებს ანაწილებს თავის ქვედანაყოფში იმ გაანგარიშებით, რომ ცეცხლის ქვეშ მოხვდეს მოწინააღმდეგის მთელი პოზიცია. არსებობს ცეცხლის განაწილების 2 მეთოდი: ჩაწერტებული და გაშლილი. ჩაწერტებული ცეცხლის დროს სროლა მიმართულია ერთი წერტილისაკენ (მაგალითად, ქვედანაყოფი ცეცხლს უხსნის მოწინააღმდეგის ბუნკერს).
გაშლილი ცეცხლის დანიშნულებაა მიზნის ფრონტისა და მისი სიღრმის დაზიანება. თუ ათეულის მეთაურს სურს გახსნას ცეცხლი ტყის პირის მიმართულებით, მას შეუძლია მონიშნოს მიზნის ცენტრი მგეზავი ტყვიებით. შემდეგ მისგან მარცხნივ მყოფ პირად შემადგენლობას უბრძანებს, გახსნან ცეცხლი მონიშნული ცენტრიდან მარცხნივ, ხოლო მარჯვნივ მყოფ ჯარისკაცებს – გახსნან ცეხლი მარჯვნივ. ეს არის საუკეთესო და ყველაზე სწრაფი მეთოდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელია ფართოდ გაშლილი სამიზნე ობიექტის ყველა მონაკვეთის დაზიანება. გაშლილი ცეცხლის დროს სროლა ხორციელდება მოწინააღმდეგის სავარაუდო პოზიციების დასაზიანებლად და არა მთელი ობიექტის მისამართით. თავდაპირველად ჯარისკაცი ხსნის ცეცხლს მიზნის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება მის ადგილმდებარეობას ქვედანაყოფში. შემდეგ მას გადააქვს ცეცხლი პირველი გასროლიდან რამდენიმე მეტრით მარჯვნივ და მარცხნივ.
მეტყვიამფრქვევეები ან მსროლელები
მეტყვიამფრქვევე ან მსროლელი ხსნის ცეცხლს მიზნის იმ მონაკვეთის მისამართით, რომელიც მას ათეულის მეთაურმა განუსაზღვრა. ბრძოლის დროს წარმოქმნილი ხმაურისა და ცვალებადი ტაქტიკური სიტუაციის პირობებში მიზანჩვენებისა და ცეცხლის გახსნაზე ბრძანებების გაცემისას ათეულის მეთაურს შეიძლება დასჭირდეს კავშირის დამყარების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. მათ შორის არის:
ბგერითი. ამ შემთხვევაში გამოიყენება როგორც ხმა, ისე სხვადასხვა სახის მოწყობილობა, როგორიცაა სასტვენი და საყვირი. ბგერითი სიგნალები ეფექტურია მხოლოდ მცირე დისტანციაზე. ბრძოლის დროს წარმოქმნილი ხმაური, ამინდი, რელიეფი და მცენარეული საფარი აქვეითებს ბგერითი სიგნალების მოქმედების რადიუსს და სანდოობას. ბგერითი კავშირი შეიძლება განხორციელდეს უშუალოდ ათეულის მეთაურის მიერ ან მისი კომანდები გადაეცემა ჯარისკაციდან ჯარისკაცს.
დაგეგმილი ცეცხლი. ამ შემთხვევაში ათეულის მეთაური მიუთითებს ჯარისკაცებს, რომ მათ გაუხსნან ცეცხლი მოწინააღმდეგეს იმ დროს, როდესაც ის მიუახლოვდება განსაზღვრულ ადგილს ან რელიეფიზე არსებულ კონტურულ წერტილს. დაგეგმილი ცეცხლის დროს ჯარისკაცები არ ელოდებიან დამატებით ბრძანებას ცეცხლის გახსნის შესახებ.
წინასწარ შეთანხმებული ნიშანი. ამ მეთოდის მიხედვით, ათეულის მეთაური ჯარისკაცებს აძლევს წინასწარ შეთანხმებულ ნიშანს ცეცხლის გასახსნელად. ეს სიგნალი შეიძლება იყოს როგორც ბგერითი, ასევე ვიზუალური. ცეცხლის გახსნა ხორციელდება წინასწარ შეთანხმებული ნიშნის მიღებისთანავე.
ცეცხლის გახსნა დამოუკიდებლად. გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ჯარისკაცს არ გააჩნია საკმარისი დრო, რომ დაელოდოს ათეულის მეთაურის ბრძანებას ცეცხლის გახსნის შესახებ.
სტანდარტული სამოქმედო პროცედურები
სტანდარტულ სამოქმოქმედო პროცედურებს (სსპრ) შეუძლია შეამციროს ცეცხლის მართვისათვის აუცილებელი ზეპირი ბრძანებების რიცხვი. სსპრ უნდა იცოდეს და გაიაზროს ქვედანაყოფის ყველა წევრმა. სტანდარტული სამოქმოქმედო პროცედურის მაგალითებია: თვალთვალი-ცეცხლი-შემოწმების სსპრ, საპასუხო ცეცხლის გახსნის სსპრ და სროლის ტემპის სსპრ.
თვალთვალი-ცეცხლი-კონტროლის სსპრ ითვალისწინებს შემდეგ თანამიმდევრობას: ა) გამოყოფილი სროლის სექტორების თვალთვალი და მოწინააღმდეგის მიზნების აღმოჩენა; ბ) ცეცხლის გახსნა სექტორებში აღმოჩენილი მიზნების მისამართით (იარაღის სახეობიდან გამომდინარე); გ) სროლის დროს ჯარისკაცებს მხედველობის არეში უნდა ჰყავდეთ მეთაური, რათა არ გამორჩეთ მის მიერ გაცემული ბრძანებები.
საპასუხო ცეცხლის გახსნის სსპრ-ში მითითებულია დანაყოფის თითოეული ჯარისკაცის მოვალეობა მოწინააღმდეგესთან მოულოდნელი კონტაქტის (მაგალითად, ჩასაფრებასთან შეხვედრისას) შემთხვევაში. სხვადასხვა ტაქტიკური სიტუაციისათვის ყველა ქვედანაყოფს აქვს საკუთარი და ერთმანეთისგან განსხვავებული ინსტრუქციები და მოქმედების თანმიმდევრობა.
სროლის ტემპის სსპრ-ში მითითებულია, თუ რა სისწრაფით უნდა ისროლონ ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგეს მისამართით. სროლის სისწრაფე დამოკიდებულია იარაღზე, თუმცა პრინციპი მაინც ერთია – პირველი კონტაქტისას ცეცხლი უნდა იყოს მძლავრი და შენელდეს მიზნის ჩახ¬შობის შემდეგ. Eეს საჭიროა საბრძოლო მასალების დიდი ხარჯის თავიდან ასაცილებლად.
კომანდები ცეცხლის გასახსნელად
იარაღიდან პირდაპირი დამიზნებით სროლის დროს ზუსტი მიზანჩვენებისას ცეცხლის მართვისათვის ათეულის მეთაურს შეუძლია გასცეს ცეცხლის გახსნის კომანდა. ის შედგება ქვემოთ ჩამოთვლილი 5 ნაწილისაგან:
– გამაფრთხილებელი კომანდა
– მანძილის მითითება
– მიზანჩვენება
– ცეცხლის სახეობის განსაზღვრა
– კომანდა ცეცხლის გასახსნელად
გამაფრთხილებელი კომანდა. გაიცემა ჯარისკაცების ყურადღების მისაპყრობად. ათეულის მეთაურს ჯარისკაცების მზადყოფნაში მოყვანა შეუძლია მათი სახელის ან დანაყოფის ნომრის დასახელებით, ბგერითი ან ვიზუალური სიგნალის მიცემით, უშუალო კონტაქტით ან რაიმე სხვა პრაქტიკული მეთოდით. ბრძანება შეიძლება იყოს ასეთი:
`ტყვიამფრქვევი! (ყუმბარმტყორცნი, ნაღმსატყორცნი და ა.შ.) ყურადღება!~ ამ ბრძანებას საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს მსუბუქი ტყვიამფრქვევების ან სხვა მხარდამჭერი მსუბუქი იარაღის გათვლა.
მანძილის მითითება ხორციელდება მეტრებში და მისი წყალობით ჯარისკაცი იგებს მიზნამდე დაშორებას.
მიზანჩვენება. ამ ქვეპუნქტში ხდება მიზნის აღწერა. ათეულის მეთაურმა იგი მოკლედ და ზუსტად უნდა აღწეროს, მაგალითად: `მეტყვიამფრქვევის პოზიცია ტყის პირას~ და მიუთითოს მიზნის მიმართულება. მიზნის მიმართულება მიეთითება შემდეგი მეთოდებით:
– ათეულის მეთაურმა ხელით ან შაშხანით შეიძლება მიუთითოს ჯარისკაცებს მიზანზე. ამგვარად, მებრძოლები იგებენ სროლის ძირითად მიმართულებას.
– მიზნის სწრაფი და ზუსტი მონიშვნისათვის ათეულის მეთაურმა შეიძლება გახსნას ცეცხლი მგეზავი ტყვიებით. თუმცა ცეცხლის გახსნამდე მან უნდა მიუთითოს სროლის ძირითადი მიმართულება და გასცეს კომანდა: `დააკვირდით ჩემს ნიშნებს~.
– შეტევის დაწყებისას რელიეფზე კარგად ხილვადი წერტილების გამოყენებით ათეულის მეთაურს შეუძლია დანიშნოს ორიენტირები. ის არქმევს სახელებს ან ნომრავს ამ ორიენტირებს და უხსნის მათ თანმიმდევრობას თავის ქვედანაყოფს. მაგალითად: მარცხნივ მდებარე ხე ცნობილი იქნება როგორც `მრგვალი ხე~. მას შეუძლია მიუთითოს მიზნის მიმართულება ორიენტირის გამოყენებით. მაგალითად: ტყვიამფრქვევი ტყის პირას, `მრგვალი ხიდან მარჯვნივ 50~, ეს ნიშნავს იმას, რომ ტყვიამფრქვევი განლაგებულია ხიდან მარჯვნივ 50 მეტრში.
ცეცხლის სახეობის განსაზღვრისას ჯარისკაცებს მიეთითება ცეცხლის ტიპი: ერთეული გასროლით, ჯერით. ზოგჯერ ათეულის მეთაური გადაწყვეტს, რომ მიზანზე ცეცხლი უნდა გახსნას მხოლოდ M 203-ის ტიპის ყუმბარსატყორცნით შეიარაღებულმა ჯარისკაცმა. მეთაურმა შეიძლება განსაზღვროს, ყუმბარების რაოდენობაც და გადაწყვიტოს მიზნის სამი ყუმბარით დაზიანება. ასეთ შემთხვევაში ის ამბობს: `სამი გასროლა!~
კომანდა ცეცხლის გასახსნელად წინასწარ მიუთითებს ჯარისკაცებს ან მებრძოლთა ჯგუფს, ცეცხლის გახსნის დროს. ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი კომანდა ან ვიზუალური სიგნალი. თუ ათეულის მეთაურს უნდა ცეცხლის გახსნის მომენტის გაკონტროლება, მას შეუძლია გასცეს მითითება: `ჩემი ბრძანებით... შემდეგ მეთაური აკეთებს პაუზას და ჯარისკაცების მზადყოფნის შემდეგ ამბობს: ცეცხლი!~ თუ მას უნდა, რომ მისი ბრძანება მაშინვე შესრულდეს, ის უბრალოდ ამბობს: `ცეცხლი!~ ან: `გააგრძელეთ სროლა!~
ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანების გაცემისას ყველაზე ხშირად გამოიყენება ვიზუალური სიგნალები. თუ ათეულის მეთაური ჯარისკაცების მხედველობის არეშია, მას ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანება შეუძლია გასცეს ხელით მინიშნებით, პირადი მაგალითით ან პიროტექნიკური საშუალებების გამოყენებით. კარგი ხილვადობის პირობებში ათეულის მეთაურს შეუძლია მიზნის აღსანიშნავად გამოიყენოს პატარა მაშხალები ან საკვამლე კოჭები. ათეულის მეთაურს ნიშნის მიცემა შეუძლია პირადი იარაღის გამოყენებითაც: ცეცხლი გაიხსნება მას შემდეგ, რაც მეთაური დაიწყებს სროლას.