ვიხსენებთ "მხედარს"
(პირველი ქართული სამხედრო ჟურნალი)
ჟურნალი "მხედარი" - ქართველ მხედართა ორგანო" - გამოდიოდა 1919-1921 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. შემდგომ გადარჩენილმა და ემიგრაციაში წასულმა იუნკრებმა დაარსეს "იუნკერთა კავშირი" და გააგრძელეს "მხედრის" გამოცემა, როგორც ქართველ იუნკერთა კავშირის ორგანოსი. ამ ჟურნალის რედაქტორი და გამომცემელი გახლდათ დავით (დოლიკ) ვაჩნაძე - ჟურნალი გამოდიოდა მეორე მსოფლიო ომამდე პარიზში.
შემდგომში იგივე სახელი დაარქვეს საქართველოს ეროვნული გვარდიის ჟურნალს, რომელიც გამოდიოდა 1991-1994 წლებში.
აქ წარმოდგენილი პუბლიკაციებით მოვიგონებთ ხოლმე პირველ ქართულ სამხედრო ჟურნალს.
გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე (ნამდვილი გვარი – ჩიქოვანი) დაიბადა 1874 წელს დაღესტანში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს უკვე ოფიცერია. სამხედრო სამსახური დაიწყო ვლადიკავკაზის 153–ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში. 1904 წელს საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს, 1916 წელს კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მეოთხე მსროლელი დივიზიის მეთაურად. აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციას კვინიტაძე გენერალ–მაიორის წოდებით შეხვდა.
1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საქართველოში დაბრუნდა ერთადერთი მიზნით, რომ ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული არმიის მშენებლობისათვის. 1918–1921 წწ. განმავლობაში არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამავე პერიოდში უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გიორგი კვინიტაძემ დაარსა თბილისის სამხედრო სასწავლებელი, რომელიც საკმაოდ პრესტიჟული გახდა, სადაც ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად სწავლობდნენ უძველესი და გამოჩენილი გვარის შვილებიც. ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს სამეგრელოს მთავართა შთამომავალი მიხეილ დადიანი.
გენერალი კვინიტაძე ძალ–ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი და რამდენად სამწუხაროა, რომ მის ტიტანურ ძალისხმევას ზერელედ უყურებდა იმდროინდელი ხელისუფლება, რომელიც გენერალ კვინიტაძის წამოწყებებს უგულისყუროდ ექცეოდა. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ დასტოვა სამშობლო.
გამოცდილი მხედართმთავარი, ღირსეული მეომარი, რუსეთის იმპერატორიის არმიის თვალსაჩინო წარმომადგენელი და საქართველოს ერთგული შვილი ისე გარდაიცვალა, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსა. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული , 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა დასტამბა გ.კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე (МОИ ВОСПОМИНАНИЯ В ГОДЫ НЕЗАВИСИМОСТИ, 1917-1921).
აღსანიშნავია, რომ ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დ’აბო გენერალ კვინიტაძის შვილიშვილია.
მარიამ დ'აბო (ინგლ. Maryam d'Abo) (დ. 27 დეკემბერი, 1960, ლონდონი, ინგლისი) არის ინგლისელი კინოსა და ტელევიზიის მსახიობი. მისი პირველი შესამჩნევი როლი იყო ბონდის გოგონა კარა მილოვი 1987 წლის ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ ფილმში „ცოცხალი დღის სინათლენი“. გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი, მომღერალ მაიკ დაბოს ბიძაშვილი და შესაბამისად მაიკის შვილი — მსახიობი ოლივია დაბო მისი ბიძაშვილიშვილია. მარიამის გვარი დ'აბო სათავეს იღებს ფინური ქალაქიდან — ტურკუდან (ტურკუ — ლათინურად: Abo, შვედურად: Åbo).
გიორგი კვინიტაძე
მხედრის ფიქრები
(აკაკი წერეთლის ”თორნიკე ერისთავის” შესახებ)
როდესაც პირველად აკაკის ”თორნიკე ერისთავი” წავიკითხე, სიხარულის ჟრუანტელმა დამიარა და ზოგიერთი აზრი დამებადა. მინდა, ეს აზრები დღეს მკითხველს გავუზიარო. არა ერთხელ მიფიქრია იმაზე, თუ როგორ გაუძლო პატარა საქართველომ გარშემორტყმულ მრავალ-რიცხოვან მტერს.
ხოლო ვინ არ იყო ჩვენი მტერი?
ქრისტეს დაბადებამდე სპარსეთი და რომი. ქრისტეს შემდეგ კიდევ სპარსელები, მერე არაბები, ოსმალები, მონღოლები, კიდევ სპარსელები, კიდევ ოსმალები, ლეკები და ბოლოს რუსები...
ქართველი ერი ყველას გადაურჩა.
მან შეინარჩუნა თავისი სახე, ენა. რჯული და ადათი; დაჰკარგა მხოლოდ ნაწილი მიწა-წყლისა, ესე იგი, ლაზისტანი, ისპირ-ტაო-კლარჯეთი და ბევრი ქართველობა იყო გადასახლებული სპარსეთსა და ოსმალეთში.
მიუხედავად ამისა, საქართველომ მოაღწია მე-19 საუკუნემდე, როგორც სახელმწიფომ, თავის ტერიტორიით, ხალხით და მთავრობით.
რუსეთმა ასოცი წელიწადი იბატონა ჩვენში, მაგრამ ვერ გაგვარუსა და საქართველოც გუბერნიებად ვერ გადააქცია.
მართალია, რუსეთი დღესაც ბატონობს ჩვენში, მაგრამ იგი იპყრობს საქართველოს და არა გუბერნიას.
რაც შეეხება წითელ დროშას, იგი გახუნდება და მის ნაცვლად, იმედი გვაქვს, ჩქარა აფრიალდება ჩვენს სისხლში შეღებილი შვინდის ფერი დროშა.
ჩვენი ადრინდელი ომები არ არის შესწავლილი; არც ის ვიცით, რა საფეხურზედ იდგა ქარული სამხედრო ხელოვნება საქართველოს აყვავების ხანაში, როგორ აღორძინდა და როგორ იზრდებოდა იგი. ამის მკვლევარი არ გვყავს; მასალები კი უსათუოდ ბევრი გვაქვს და თავის მომვლელს უცდის. ,,თორნიკე ერისთავში~ ამ მხრივ ბევრი რამ არის დამაფიქრებელი. თუმცა აკაკი წერეთელი მხედარი არ იყო, მაგრამ იგი ამ პოემაში სურათებს ისე მხედრულად გვიხატავს და ისეთ სწორ მხედრულ აზრებს გამოსთვამს, რომ ადამიანი რწმუნდება, - ეს არ არის პოეტური ფანტაზიის ნაყოფი, არამედ დოკუმენტზე დაყრდნობილი აღწერაა.
შევუდგეთ პოემის განხილვას.
რასაკვირველია, მე ვაფრთხილებ მკითხველთ, რომ ჩემი წერილი არ არის სამხედრო ხელოვნების გამოკვლევა, რადგან არა მაქვს ამისათვის სათანადო მასალები; ჩემი წერილი მხოლოდ გარჩევაა, ”თორნიკე ერისთავისა” მხედრულის თვალსაზრისით, ესე იგი, ეხება ამ პოემაში მოცემულ სამხედრო სურათებს.
მდინარე ჰალისის პირად იდგნენ ქართველთა და ბერძენთა ჯარები თორნიკე ერისთავის მეთაურობით.
ქართველები იყვნენ 12 ათასი; ბერძნებზედ არაფერია ნათქვამი. ბარდაველი სკლიაროსი აუჯანყდა საბერძნეთის მეფეს და მდგომარობა იმდენად გართულდა, რომ ბერძნებმა მეფე დავით კურაპალატს დახმარება სთხოვეს, როგორც ჯარით, აგრეთვე სარდლით.
საშველად 12 ათასი კაცი გაიგზავნა და, თანახმად თხოვნისა, თორნიკე ერისთავიც.
სკლიაროსმა ვერ გაბედა და გაშლილ ველზე ქართველთა და ბერძენთა შეერთებულ ჯარს არ შეებრძოლა, თუმცა რიცხვით მისი ჯარი მეტი იყო.
იგი დაბანაკდა და ”ამაგრებს საფრებს”, ”დახვდომა უნდა”. სხვა და სხვა ხერხით იგი ცდილობს თორნიკე ერისთავი თავის საფრებში შემოიტყუოს, მაგრამ თორნიკე ვერ მოატყუა; პირიქით, თვითონ მოსტყუვდა.
ცოტა არ იყოს, ბერძნები უკადრისობდენ თორნიკეს უფროსობას და ამას არც მალავდნენ. თორნიკემ ისარგებლა ამ გარემოებით და სკლიაროსი რომ ველად გამოეტყუებინა, თითქოს უკმაყოფილომ დასტოვა ბერძნების ჯარი და თითქოს საქართველოსკენ გაეშურა.
მოსტყუვდა სკლიაროსი, გამოვიდა საფრებიდან, შეუტია ბერძნებს, თითქოს მიტოვებულებს და დაამარცხა ისინი; დღესასწაულობს სკლიაროსი თავის გამარჯვებას, მაგრამ არ იცის, რომ აქვე ”სერზე” დაბანაკებული თორნიკე სდგას და გარშემორტყმულ სარდლებს სახვალიო ბრძოლისათვის ბრძანებას სცემს. ეს ბრძანება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იძულებული ვარ სრულიად მოვიყვანო:
”შენგან დავიწყებ ჯერ, ჯავშანიძე:
ომის ველზე ხარ დაბერებული,
გამოცდილი ხარ და, რა თქმა უნდა,
ზომას დაიჭერს ეგ შენი გული.
შენებრ ჭაღარა ათასი კაცი
ამოირჩიე, შეკრიბე ჯარი,
მათ წინ წაუძეღ და საიდუმლოდ
მიდი, აიღე მტრების საფარი!
და, როდესაც აქ ომი ატყდება,
თქვენ არ გექნებათ მონაწილობა:
უჩინრად უნდა იმალებოდეთ…
არვინ გაბედოს მასზე ცილობა!
რაც უნდა მოხდეს აქ, თქვენ მაინც იქ
ჩუმად იყავით... არვინ აჩქარდეს,
რომ სურვილისგან გატაცებულის
ერთი ისარიც არ გადმოვარდეს.
მხოლოდ, როდესაც უკუქცეული
ისევ მოსძებნის საფარს მტრის ჯარი,
მოულოდნელად მაშინ იქ დახვდით
და გრგვინვით მეხად დაეცით ზარი!
შენვე გაგზავნე ჩუმად კაცები
ჰალისის პირად; თუ მოახერხონ,
რაც ხიდებია, სუყველა ერთად
ქვეშიდან ისეთ გვარად დახერხონ,
რომ ზედ შემდგარი ლაშქრის სიმძიმე
მომეტებული ვერ აიტანონ,
ჩასტყდენ ჰალისის მდინარე წყალში
და მტრისა ჯარიც თან ჩაიტანონ!…
- აწ, ორბელიძევ, შენ უნდა გითხრა,
მოწინავე ხარ რადგან სარდალი
და სუყოველთვის შენგან ატყდება
ომისა ცეცხლი და ბრძოლის ალი…
ოთხიათას კაცს, სულ ახალგაზრდებს,
თავგამეტებულს, წინ წაუძეხი;
გრიგალ-ქარივით ჩამოუქროლე
და შენებურად დაეცი მეხი!…
მემარჯვნე სარდლად გამრეკელია,
მემარცხნედ - ლომკაც სავარსამიძე,
თითოს სამ-სამი ათასი კაცი
ახლავთ, არიან ომის სიმტკიცე.
და დანარჩენი ათასი კაცი
აქვე დარჩება ჩემთანა მხლებლად;
ჯოჯიკი არის მათი უფროსი,
გაჭირვების დროს მისაშველებლად.
როდესაც ატყდეს პირველად ომი
და გაიმართოს ისრითა ბრძოლა,
გაიფანტენით, თორემ ძნელია
შეჯგუფებულად მტრებზედ მიწოლა.
და შემდეგში კი, ხელჩართულ ომში,
შეერთებულად უნდა იბრძოლოთ.
მხოლოდ გუნდ-გუნდად დაჰყავით ჯარი,
რომ ერთმანეთსა გამოუნაცვლოთ.
ძველი საფრისა და მდინარისკენ
ნუ დაუდგებით, გზები დაუგდეთ
და სხვაგან კი მათ ყოველი კუთხით
უნდა დაუხვდეთ და გაუმაგრდეთ!
მეტს არას გეტყვით!.. რა საჭიროა
მომეტებული სიტყვა და რჩევა?
აწ შეგეწიოსთ წმინდა გიორგი
და მაღლით ღმერთმა მოგცეთ კურთხევა!”
სამხედრო ხელოვნება გამომხატველია ერის სახელმწიფოებრივობის, მისი განათლების და, საერთოდ, მისი ცხოვრების ყოველივე დარგისა.
ერის აყვავება თუ დაცემა ომში გამოჩნდება. აქ გამოაშკარავდება ერის ღირსება და მისი ნაკლი. ჯარში, მხედრობაში, ყოველივე ისე სჩანს, როგორც სარკეში.
ბრძანების თანახმად, ჯავშანიძეს, თითონ ,,ველზე დაბერებულს~ ათასი კაცით, მასავით ,,ჭაღარა~ მეომრებს ევალება, აიღოს მტრის საფარი და ქვეშიდან დახერხოს ხიდების ბოძები; ესე იგი, განზრახული აქვს მტერს შეუკრას დასახევი გზა; აქედან სჩანს - თორნიკე ერისთავს მიზნად აქვს არა მხოლოდ მტრის დამარცხება, არამედ მთლად მისი გაწყვეტა, ესე იგი, ის ისახავს ბრძოლის სწორ და ნამდვილ მიზანს. უნდა მოგახსენოთ, რომ გერმანელები თავიანთ სტრატეგიასა და ტაქტიკას მიზნად მტრის გაწყვეტას უსახავდნენ: როგორც მაგალითს, იღებდნენ კანის ბრძოლას, სადაც ჰანიბალმა გასწყვიტა რომაელების თითქმის მთელი ჯარი (90 პროცენტი). რა ხერხს ხმარობს ამისათვის თორნიკე?
მტერმა დასტოვა თავისი საფარი და თუ დამარცხდა, ცხადია, ისევ მას მიაშურებს, ამიტომაც თორნიკე ჯავშანიძეს ამ საფრის აღებას ავალებს და უბრძანებს, იქ ჩუმად იჯდეს, ვიდრე დამარცხებული მტერი საფარს არ მიადგება. ცხადია, თუ მტერი არ დამარცხდა, ეს ათასი ქართველი გაწყვეტილი იქნებოდა. მაგრამ თორნიკე ერისთავმა იცის და სკლიაროსიც დარწმუნებულია, რომ გაშლილ მონდორზე ქართველი ჯარი უსათუოდ გაიმარჯვებს.
ბრძოლისათვის თვალის დევნება და ლოდინი იმისა, თუ როდის მოვა შენი ჯერი, ძალიან ძნელია. კაცი უნდა იყოს მეტად გამოცდილი, მთლად აღჭურვილი ნდობით თავის ძალ-ღონის მიმართ. ამიტომ იყო, რომ რომაელები მესამე რიგში აყენებდნენ ყველაზე უფრო გამოცდილებს, ეგრე წოდებულ ”ტრიარებს”. ცნობილია სიტყვები, რომლითაც სურდათ ბრძოლის სიძნელე გამოეხატათ: ბრძოლაში მონაწილეობა ტრიარებმაც მიიღესო.
თორნიკეს ეს ბრძანება შესანიშნავია, რადგან ამ ძნელ დავალებას იგი ჭაღარა მეომრებს ანდობს და არა ახალგაზრდებს. მოყვანილი ბრძანების თანახმად ჯარი ასეა დაყოფილი: ათასი კაცი იგზავნება მტრის სანგრების ასაღებად, ორბელიძე ოთხი ათასი მეომრით შეადგენს წყების შუაგულს, გამრეკელი სამი ათასით - მარჯვენა ფრთას, ჯოჯიკი ათასი კაცით - მაშველში რჩება, მთავარი სარდალის განკარგულებაში. შესანიშნავია აგრეთვე ჯარის ასეთი დანაწილება.
ჯერ ერთი, მთელი ჯარი დაყოფილია ნაწილ-ნაწილად, ყველას აქვს თავისი მიზანი: ორბელიძე ”შუაგული” უტევს მტერს პირველი. მემარჯვენე და მემარცხენე ”არიან ომის სიმტკიცე”. მაშ, მთავარი შეტევა ევალება შუაგულს და შველებითი - ფრთებს. მემარცხენე ფრთა მოფარებულია ჰალისით, ესე იგი, უზრუნველყოფილია მდინარით. აქ ინიშნება ლომკაც სავარსამიძე. მემარჯვენე ფრთა კი ენდობა გამრეკელს - ”შავი კლდის მელას და მიწის მგელს”, როგორც უფრო ნიჭიერს, რადგან ხიფათი ამ მხრიდან უფრო მოსალოდნელია.
უნდა მოგახსენოთ, ეხლა ყველას ისე აქვს შესწავლილი სამხედრო ხელოვნება, რომ ჯარის დაყოფა ნაწილ-ნაწილად კერძო მიზნების მიხედვით, ჩვეულებრივია. მაგრამ უწინ ეს ასე არ იყო, ამას ასრულებდნენ მხოლოდ უდიდესი მეთაურნი. ახალ ხანაში კი ეს წესი განაახლა ბონაპარტმა. მანამადე ეს კარგად იყო დავიწყებული და ბრძოლაში ჯარები ერთმანეთს ზღუდეებივით ეჯახებოდნენ. მთელ ჯარს ჰქონდა ერთი და იგივე მიზანი: პირდაპირ შეტევა. ამიტომაც ჯარებსაც აწყობდენ არა განაწილებულად, არამედ მთლიან მწკრივიან წყებად.
ჯოჯიკის ერთი ათასი რჩება თორნიკესთან ”გაჭირვების დროს მოსაშველებლად”. შესანიშნავია ესეც: მაშველი რჩება ერთი მეათედი ან ერთი მეთორმეტედი მთელი ძალებისა. გაგიკვირდებათ თუ მოგაგონებთ, რომ იაპონელები თავის ბრძოლებში რუსების წინააღმდეგ მაშველებში სტოვებდნენ მეათედ-მეთორმეტედს თავის ძალებისას და იმასაც ხმარობდენ მხოლოდ გასაჭირის დროს. ყველაფერი აწონილია ბრძოლის წინ, ჯარი ნაწილდება კერძო მიზნების მიხედვით და კერძო მიზნების შეთანხმებით სარდალი აღწევს თავის მთავარ მიზანს. მაშასადამე, ჩვენ ვხედავთ, რომ თორნიკე ერისთავის მთავარი მიზანია მტერს გარს შემოერტყას და ის ამოსწყვიტოს, ამის მისაღწევად აძლევს კერძო დავალებებს ორბელიძეს, ჯავშანიძეს და ჯოჯიკს ცალ-ცალკე.
განვიხილოთ ეხლა ბრძოლის მსვლელობა.
გათენებისას ბრძოლა ისრების სროლით დაიწყო. შემდეგ, როდესაც დაჰკრეს მზის სხივებმა, ორბელიძემ იშიშვლა ხმალი და თავის ჯარით მტრისაკენ გაექანა.
რას უცდიდა ორბელიძე და რატომ მზის ამოსვლამდე არ შეუტია მტერს? მან იცოდა, რომ მზე პირდაპირ დაჰკრავდა თვალებში, მისი ჯარი მოპირდაპირეს აღმოსავლეთიდან დასცქეროდა და ამიტომ მან თავისი მეომრებისათვის შეჰქმნა ხელსაყრელი პირობები. ეს ერთი, მეორე კი ის, რომ შეტევა შეასრულა ცხენების ჭენებით და არა ცხენთა სირბილით, სწორედ ასე უნდა მოიქცეს ცხენოსანთა ჯარი, თანახმად სამხედრო მეცნიერებისა. ეს უცნობი იყო თვით რომაელებისთვისაც კი, რომელთა ცხენოსანი ჯარი ცხენ-და-ცხენ მხოლოდ ლაშქრობდა, ბრძოლისათვის კი ქვეითდებოდა. რაც შეეხებოდა ჭენებას, ნაპოლეონის დროსაც ცხენოსანი ჯარი შეტევისათვის მიმართავდა სირბილს და არა ჭენებას. ზემონათქვამიდან მოსჩანს იმის ნიშნები, თუ რა მაღალ დონეზედ იდგა ჩვენში მაშინ სამხედრო ხელოვნება.
სძლია ორბელიძემ და დევნის დროს საფრთხეში ჩავარდა, დაბლობში მას მტრის ჯარი შემოეხვია. მოჰკლეს ორბელიძე და მისი ბედაური მინდვრად გამოვარდა. იცნო თორნიკემ ეს ბედაური, მაშინვე მიხვდა, რომ ორბელიძის ჯარი გასაჭირშია და თავისი უკანასკნელი ჯარი, თავის მაშველი ძალა სწორედ ამ გასაჭირის დროს მოიხმარა და ჯოჯიკი მიაშველა. ეხლა სკლიაროსის ჯარი ჩავარდა გასაჭირში. სკლიაროსმა უპასუხა იმით, რომ თარონელებს - ”თავის ორივე მხარეს” უბრძანა ეშველნათ შუაგულისთვის, ესე იგი, სკლიაროსი ხსნის ბრძოლის წყებიდან თავის ჯარებს; რასაც ჩქარა მოჰყვა თავისი შედეგი. გამრეკელი, ეს ”შავი კლდის მელა და მიწის მგელი” მტერს კვალში სდევნის, შეატყობინა სავარსამიძეს და იმასთან ერთად მოამწყვდია ალყაში სკლიაროსის ჯარი.
დაიწყო ხოცვა.
ჩვენ აქ ვხედავთ ბრძოლის წარმოებას ორივე მხრივ: სკლიაროსი ხმარობს თავის მთავარ ხერხს, თავის მაშველს მხოლოდ ქართველების შუაგულის ”ორბელიძის” წინააღმდეგ გზავნის და როცა ამის საპასუხოდ ბრძოლაში ჯოჯიკი ერევა, თორნიკეს მაშველით, სკლიაროსს ჯარი აღარ რჩება და იგი იძულებულია მოხსნას მარჯვენა და მარცხენა ფრთიდან მებრძოლნი შუაგულის საშველად. ამით სარგებლობენ ქართველები.
გამრეკელი იჩენს თაოსნობას და სავარსამიძესთან ერთად მტრისაკენ მიეშურება და მას დაბლობში მოიმწყვდევს. მტერი გასაჭირში ჩავარდა. თორნიკეს განზრახული ჰქონდა მტრის გაწყვეტა, მაგრამ მტერი განაგრძობდა ბრძოლას, ვინაიდან მომწყვდეული იყო და სხვა გამოსავალი არა ჰქონდა. ხოცავდენ მტრებს, მაგრამ იხოცებოდენ ქართველებიც.
ამ დროს ერევა ბრძოლაში თვით მთავარსარდალი თორნიკე ერისთავი და უკანასკნელ ბრძანებასა სცემს:
"გზას ნუ შეუკრავთ გაჭირვებულებს,
დეე, გაიქცნენ, მიეცით ნება".
მართლაც, გაუხსნეს გზა დასავლეთისაკენ.
მტერი გაეშურა თავის საფრებისაკენ. რასაკვირველია, ამ ბრძანებით თორნიკემ თავის ჯარს მტრის ხოცვა გაუადვილა. გარდა ამისა, ისიც იცოდა, რომ მტერს საფრებში ჯავშანიძე დაუხვდებოდა, ასეც მოხდა.
როდესაც სკლიაროსის ჯარმა ნახა, რომ საფარი ქართველების ხელშია, დაჰყარა იქვე ფარ-ხმალი და მიაშურა ჰალისის მდინარეს. ხიდი ჩაუტყდათ და ”გადარჩა მხოლოდ თვით სკლიაროსი მცირე მხედრობით”. მაშასადამე, ბრძოლა გათავდა არა მხოლოდ გამარჯვებით, არამედ მტრის გაწყვეტით.
ჩვენ რომ შევადაროთ პუშკინის პოემა ”პოლტავა” თორნიკე ერისთავს, უნდა ვსთქვათ, რომ ”პოლტავას” ბრძოლის აღწერა არ იძლევა ბრძოლის წარმოდგენას, იქ ვერ იპოვით ვერც გეგმას, ვერც ბრძოლის მსვლელობას, ესე იგი, იქ სინამდვილე მთლად იკარგება და თვალწინ რჩება ცალ-ცალკე სურათები, როგორც, მაგალითად, მგოსნური აღწერა პეტრე დიდის მონაწილეობისა ბრძოლაში, კარლოს მე-12-სა და სხვა. რაც შეეხება ”თორნიკე ერისთავს”, აქ მკითხველს შეუძლია წარმოიდგინოს არა მხოლოდ ცალკე სურათები, არამედ ბრძოლის საერთო გეგმაც და მისი მსვლელობაც.
”თორნიკე ერისთავში” ისეთი სინამდვილით არის აღწერილი ეს ბრძოლა, რომ ავტორი უსათუოდ ემყარება ამ ბრძოლის რომელსამე ისტორიულ აღწერას.
როგორც მოგახსენეთ, ამ პოეტურ აღწერაში სჩანს თორნიკეს საერთო გეგმა, მისი სამხედრო ხერხები, აგრეთვე ხერხები ორბელიძისა და გამრეკელისა; აქ სჩანს ბრძოლის მართვაც. ეს ბრძოლა წარმოგვიდგება არა როგორც მარტივი დარტყმა, არამედ როგორც თანამედროვე ბრძოლა და ისიც მოწყობილი და გამართული ისე, როგორც ამას აწარმოებდნენ უდიდესი მეთაურნი, როგორც, მაგალითად ჰანიბალი, იულონ კეისარი და ნაპოლეონი.
ჟურნალი ”მხედარი”, მეთექვსმეტე რვეული, პარიზი, 1934 წლის მარტი, გვერდები 9 - 16.
No comments:
Post a Comment