გივი ალხაზიშვილი
პაემანი
აქ რომ დარჩეს და პაემანზე უარი თქვას, ფიქრით მაინც იქ იქნება, ბაღში, ვიკასთან ერთად, ძაფსაღები კომბინატის საერთო საცხოვრებელთან. ერთდროულად ორგან ყოფნის აუტანელ სურვილს ვერ გაუძლებს, ნერვები დააწყდება და ასე გახლეჩილი უფრო იქ იქნება, სადაც ძალიან უნდა, რომ იყოს; ხოლო ჯერ ყაზარმასა და მერე `პოსტზე~ მხოლოდ მისი იმედგაცრუებული სხეული იბორიალებს, მთელი არსებით კი, წარმოსახვით მაინც, იქ წაიყვანს _ ბაღში, ვიკასთან, ძაფსაღები ქარხნის საერთო საცხოვრებელთან, სადაც რამდენიმე ნაბიჯზე `კაზაჩკასთან~ მიახლოებისას, იაფფასიანი სუნამო და ცისფერი კაბის მოფრიალე კალთა გაზაფხულის ისედაც აგზნებულ ჰაერს უფრო აამჩატებს და სხეულებრივი შეგრძნებები, უნებლიეთ, არსაიდან რომ ჩნდებიან და თვალების ფერსაც უცვლიან წყვილებს, მთლიანად შთანთქავს ლოგიკური აზროვნების უნარს და მიზიდულობის შეუცნობელი ძალით დამუხტული სივრცე, რომელიც არავინ იცის, სად იწყება და სად მთავრდება, მხოლოდ ერთადერთ სურვილს გაამძაფრებს.
ზემდეგმა სასტიკი უარი უთხრა, ქალაქში ვერ წახვალო, კაპიტანმა `პოსტზე~ წასვლაც გაუჩალიჩა. ყაზარმიდან გაპარვაც გამოირიცხა. შაბათი დღე იყო და მორიგეობის დრო ვიდრე მოაწევდა, უაზროდ დაეხეტებოდა დივიზიის ვეებერთელა ტერიტორიაზე. პაემანი საღამოს ჰქონდა დანიშნული, შვიდ საათზე, ამ დროისათვის კი იგი უკვე საგუშაგოზე უნდა ყოფილიყო. ერთადერთი გამოსავალი, რამაც ჟვანიას გაუელვა თავში, მეტად რომანტიკული ეჩვენა, მაგრამ მისი აღსრულება მაინც გადაწყვიტა. ჩაუარა სპორტულ მოედანს, კინოკლუბს, მეკავშირეთა ყაზარმას. მოყვავილე აკაციის ხეივანი გაიარა. გზად მიმავალი უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ მისი თხოვნა გაჭრიდა თუ პირდაპირ, გულწრფელად აუხსნიდა პოლიტხელს, მაიორ აგუზაროვს, რა გასაჭირში იყო ჩავარდნილი და ნაბიჯს აუჩქარა. შემცვლელს ადვილად ნახავდა, არც ბუთიკო ეტყოდა უარს, არც სოსო, არც კაკულია, თუ მაიორი დაეთანხმებოდა და ქალაქში წასვლის ნებართვას მისცემდა. ჟვანია კანონმორჩილი ჯარისკაცი იყო და პოლკში წარჩინებულ და წესიერ სამხედრო მოსამსახურედ ითვლებოდა. დემობილიზაციამდე ათიოდე თვე რჩებოდა და ვიკას გაცნობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ დღეებს აღარ ითვლიდა; ჯერ ეგონა, რომ გაუვლიდა, დაშოშმინდებოდა, ჩვეულებრივი, ნაცრისფერი ფინალი სიყვარულობანას თამაშისა თანდათან მოახლოვდებოდა, მაგრამ მოსალოდნელ განშორებაზე ფიქრი თავში აღარ უჭაჭანებდა და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იძირებოდა სასიამოვნო ბუნდოვანებაში. მხოლოდ ერთხელ გაივლო გულში: ერთი მაგის!.. მაგრამ გულშივე ინანა. თითქმის ყოველ შაბათს ან კვირადღით ზემდეგისაგან `უვალნიტელნს~ _ ქალაქში თორმეტსაათიანი გასვლის უფლებას შოულობდა და ვიკასთან ერთად დაძვრებოდა ბაღებში, გარეუბნის ყანებში, ერთი მიყრუებული სახლის სხვენზე, სადარბაზოდან რომ ჰქონდა ასასვლელი და, როგორც გითხარით, დემობილიზაციამდე დარჩენილ დღეებს აღარ ითვლიდა. ზემდეგთან მისასვლელი პირი აღარ ჰქონდა, ისედაც ნისიებში იყო ჩაფლული, სამი `პოლლიტროვკა~ ემართა და მეოთხედაც რომ ხელცარიელი მიეზუტა, პასუხიც ცივი უარი მიიღო. ფულიც ვერსად იშოვა და საგონებელში ჩავარდა. საგუშაგოზე წასვლა რომ არ აეკიდებინა ამ მათხოვარს, დათესვას შეძლებდა და ვიკას ცოტა ხნით მაინც შეხვდებოდა.
ვიკა, დონელი კაზაკების შთამომავალი, კიროვაბადში (ახლანდელ განჯაში, ასევე უძველეს განჯაში), ძაფსაღებ კომბინატში კომკავშირული საგზურით ახალი ჩამოსული იყო. პირველივე საღამოს, ჩამოვიდა თუ არა, საერთო საცხოვრებელში თავისი ადგილი მიუჩინეს. ტანსაცმელი კარადაში ჩამოკიდა, მოწესრიგდა, მომავალი დაქალები გაიცნო და მათთან ერთად საცეკვაო მოედანზე ამოყო თავი.
შაბათ-კვირას აქ თავს იყრიდნენ სამხედრო მოსამსახურეები და ძაფსაღები კომბინატის გოგოები, რომლებიც ადგილობრივ მამაკაცებს არ სწყალობდნენ და, ძირითადად, ჯარისკაცებზე ეჭირათ თვალი. პატრულიც აქვე იყო ჩასაფრებული, წამდაუწუმ საბუთებს სთხოვდნენ სამხედროებს და ვისაც უსაბუთოდ გამოიჭერდნენ, ჰაუპტვახტის გზას გაუყენებდნენ. საბჭოთა კიროვაბადში `კაზაჩკა~ ვიკამ პირველად ჟვანიასთან იცეკვა. ჟვანია ნაღდი კოლხი იყო, ღია ფერის თმა და მწვანე თვალები ჰქონდა. აღარ გავაგრძელებ მისი აღნაგობისა და სახის ძველმოდურ აღწერას. ერთი სიტყვით, მაგარი ბიჭი იყო, იმდენად მაგარი, რომ ვიკამ დაინახა თუ არა შეჯგუფებული გოგოებისაკენ მიმავალი ჟვანია (სხვებიც მოემართებოდნენ, მაგრამ ჟვანიას დაადგა თვალი), გაიფიქრა, ნეტავ მეცეკვოსო! ეცეკვა, რუსულიც ამტვრია, გაეცნო, მეორედაც ეცეკვა, მესამედაც და ორივე მშვენივრად ხვდებოდა, როგორ მცირდებოდა დისტანცია მოცეკვავე წყვილს შორის, უნებლიეთ იკარგებოდა სიუცხოვით გამოწვეული რიდი. მეოთხედ აღარ უცეკვიათ, ჟვანიამ სთხოვა, გავისეირნოთო და `კაზაჩკამ~ თამამად გაუყარა ხელკავი. ჟვანიამ მაშინ პირველად შეისუნთქა ვიკას იაფფასიანი სუნამოსა და განსაკუთრებული, ზედმეტი სისუფთავის სურნელი, რაც ხშირად ახსენდებოდა აქოთებულ ყაზარმაში, `ოტბოის~ შემდეგ; საწოლში კარგა ხანს წრიალებდა და წარმოსახვაში ვიკას ეძებდა, იქვე იყო და თან არ იყო; ამ ყოფნა-არყოფნას შორის არსებულ სიცარიელეს ბალიშის გადაბრუნება-გადმობრუნება ან მალიმალ გვერდის შეცვლა არ შევლოდა. ჟვანია ახლა უკვე შაბათამდე ითვლიდა დღეებს და დემობილიზაციისაკენ მიმავალი დრო თვალსა და ხელს შუა გაურბოდა. თვითონაც უკვირდა, როცა აღმოაჩენდა, რომ სახლში დაბრუნების დროის მოახლოება უხაროდა, მაგრამ რაღაც სწყინდა _ და ეს რაღაც თუ ვიღაც, არა მხოლოდ `კაზაჩკას~ თამამი, ვნებიანი გამოხედვა, მაღალი, ჯანმრთელი ფეხები და ა.შ. კი არ იყო, არამედ კიდევ გაურკვეველი რამ, რის ამოხსნასაც ჟვანია ვერ ახერხებდა და თუ ამასაც ამოიცნობდა, შეიძლებოდა, ყველაფერი შეცვლილიყო. სწორედ ეს ამოუცნობლობა, ამოუხსნელი სიღრმის კვლავწვდომის გამძაფრებული სურვილი თავის ჭკუაზე ატარებდა და მამის სიტყვები დროდადრო ახსენდებოდა: იმით კი არა, თავით უნდა იაზროვნოო. მაგრამ ჟვანიას თავიც და ტანიც ვიკასაკენ მუდმივ სწრაფვას ემორჩილებოდა, ამ ერთადერთ გრძნობაზე მიბმულიყო უხილავი ძაფით, რომლის გაწყვეტა არაფერს შეეძლო. იქნებ, ამგვარი აკვიატება, სიყვარული თუ კვლავშერწყმის აუცილებლობა იმის ბრალი იყო, რომ ცეცხლოვან `კაზაჩკას~ კვირაში ერთხელ ხვდებოდა და ყაზარმისაკენ მიმავალს რამდენჯერ მონდომებია ისევ უკან მიბრუნებულიყო, ისევ იმავე სიღრმეში ჩაძირულიყო, სადაც შესაძლებელი რომ ყოფილიყო, სამუდამოდ დარჩებოდა კიდეც.
სხვებივით ჯარიდან თავის დახსნა ათასგვარი სიმულაციით არასდროს უცდია. არც იმათ აჰყოლია, ჩაის რომ გაზეთის ქაღალდში ახვევდნენ სიგარასავით, ეწეოდნენ, იქნებ ფილტვები დაგვიავადმყოფდეს და დროზე ადრე გაგვათავისუფლონო, არც იმათ, საგულდაგულოდ დაგუნდავებულ პურის ცომში რომ კარბიდის ნატეხს ათავსებდნენ და დაუფიქრებლად, ინდაურივით ყლაპავდნენ კუჭის წყლულის გაჩენის იმედით, ჰოსპიტალში წვებოდნენ და `გაკომისიავებას~ ელოდნენ. ჟვანია სამხედრო წესდებას ერთგულად ასრულებდა, უმცროსი სერჟანტის სამხრეებს ორ-ორი წითელი ხაზი ამშვენებდა და სერჟანტობაზე ოცნებობდა. თუმცა, ბოლო დროს გამოჩენილმა `კაზაჩკამ~ ერთიანად გადაასხვაფერა მისი ცხოვრება და სამხედრო წესდება რაღაც სხვა, დაუწერელმა, ყველაზე მძლავრმა და სასიამოვნო მოლოდინისაკენ გამუდმებული სწრაფვის უნებლიე სურვილმა შეცვალა.
ჟვანიას ძმაკაცები ბევრად უფროს ქალებთან დაძვრებოდნენ ღამღამობით, იქ არყით ილეწებოდნენ და მრავალგზის იმედგაცრუებულ ქალებს არა მხოლოდ სიყვარულს უხსნიდნენ, პრაქტიკულადაც უმტკიცებდნენ. გამთენიისას, `პადიომამდე~ ერთი საათის ადრე, `სამავოლკიდან~ ბრუნდებოდნენ და ერთი საათის შემდეგ, სხვებთან ერთად, ზემდეგის ბრძანებაზე ისე წამოცვივდებოდნენ, თითქოს მთელი ღამე იმ ქალებთან კი არა, ყაზარმაში ყოფილიყვნენ. მეორე დღეს `სამავოლკიდან~ დაბრუნებული ბიჭები გულისამრევ სცენებს აღწერდნენ დეტალურად და სიცილით იგუდებოდნენ. უმცროს სერჟანტს, ტანკისტ ჟვანიას როცა ეტყოდნენ, მოდი, შენც მოყევი, როგორ ხერხავ `კაზაჩკას~, იპარსავს თუ მასაც გაბანჯგვლული ფეხები აქვსო, იბოღმებოდა. ერთხელ, კინაღამ ჩხუბიც მოუვიდა ძმაკაცებთან, მეორედ არ გაბედოთ, ასეთი რამეები მკითხოთო. მაშინ ისე აიფოფრა, ისეთი სიშმაგე ჩაიგუბა თვალებში, რომ ბიჭები მიხვდნენ: ამასთან ხუმრობა არ გამოვაო. ყველამ შეატყო, რომ ჟვანია შეყვარებული იყო და თავი დაანებეს.
ოცი წლის ვიკა, მართლაც ბევრად განსხვავდებოდა დივიზიის ახლომდებარე უბანში დაქირავებულ ყუთებში მცხოვრები ტურფებისაგან, რომლებიც გათხოვებაზე აღარც ოცნებობდნენ და სიტყვაში `სიყვარული~ აშკარად დროებით თანაცხოვრებას, სასიამოვნო `თანამშრომლობას~ ან, იქნებ, სულაც, ბიოლოგიურ ვარჯიშს გულისხმობდნენ, რომელსაც ისე შეჩვეოდნენ, რომ ამის გარეშე უკვე აღარ შეეძლოთ არსებობა. `სიყვარული~ მათთვის რაღაც აუცილებელ ატრიბუტად ქცეულიყო ან იმ ილუზიად, რითაც თავს იტყუებდნენ და ნებაყოფლობით თავის მოტყუების პროცესი ან მხოლოდ გარყვნილება იყო, ან საკუთარი იმედგადაწურული, საბრალო არსებობის სამალავი, ნიღაბი, მოჩვენებითად არსებული ფარდა, რომლის იქითაც მაინც აშკარად ჩანდა უბადრუკი, ჩაჩანაკი ცხოვრება, უიმედო ყოფა, ამოუწურავ სიბრალულს რომ აღძრავდა დაძლეულ ზიზღთან ერთად.
_ დიდება ბოზებს! _ შეჰყვირა ერთხელ ბუთიკომ. _ ეგენი რომ არა, რა გაიყვანდა ამ დაუსრულებელ სამ წელს, ის ღამეები რომ არა, როცა დრო იკარგება, ქრება, თითქოს არ არსებობს, ჩვენთან ერთად გადის და რომ გადის, არც დრომ იცის და არც ჩვენ. ეს ის დროა, როცა ჩვენც ვეღარ ვგრძნობთ დროს, ისევე, როგორც იგი ვერ გვამჩნევს ჩვენ. ერთმანეთისათვის აღარ ვარსებობთ. ჩვენი და დროის პირობითი დინება, ფაქტობრივად, ერთი ადგილის ტკეპნაა და ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ ჩვენი გამოცალკევება მხოლოდ აუტანელ სიზმარს შეუძლია, ჩვენ რომ ცხადს ვუწოდებთ და სინამდვილეში საბჭოთა ჯარში სამსახური ჰქვია.
ბუთიკოს უყვარდა წაფილოსოფოსება. იგი ჩემსავით მესამე კურსიდან იყო გაწვეული და შეეძლო აქა-იქ ამოკითხული ფრაზების, ცალკეული წიგნების ეპიზოდების დროულად, ეფექტურად გამოყენება, გადაკეთება ან უკუღმა წარმოჩენა, ვიდრე მათ, თითქმის არაფერი რომ არ ჰქონდათ წაკითხული და არსებული რეალობის გაცნობიერებასაც ვერ ახერხებდნენ. ჟვანიას ძალიან უნდოდა დაევიწყებინა ბუთიკოს სიტყვები და გულში სულელად თვლიდა ამ ავყია ნასტუდენტარს.
ამასობაში შტაბის შენობას მიუახლოვდა. გზად შემხვედრ ოფიცრებს წესისამებრ სამხედრო სალამს აძლევდა, მარჯვენა ხელის გაშეშებულ მტევანს საფეთქელთან უსწრაფესად მიიტანდა და ასევე მკვეთრი მოძრაობით დაბლა უშვებდა. ისინიც ესალმებოდნენ. ამ მისალმება-მოსალმებაში აიარა კიბე, მდოგვისფრად შეღებილი კედლებიდან გადმომზირალ გისოსებიან ფანჯრებს ახედა და შენობაში შეიძურწა. კინაღამ გადაიფიქრა მაიორ აგუზაროვთან მისვლა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმედი ბოლომდე არ გადაწურვოდა, თან ვიკასთან შეხვედრის სურვილს ისე მიჰყვებოდა, როგორც სახედარი დრუნჩთან დაკიდებულ თივის ბულულს.
დააკაკუნა.
_ შემოდით!
შევიდა: ამხანაგო მაიორო, ნება მომეცით, მოგმართოთ!
_ მომმართეთ!
მიმართა: ამხანაგო მაიორო, ცოლის შერთვას ვაპირებ!
_ მშვენიერია! განაგრძეთ!
განაგრძო: მე და ვიკას დიდი ხანია გვიყვარს ერთმანეთი. გადავწყვიტეთ, ვიქორწინოთ, მაგრამ...
_ მაგრამ რა?! მითხარით!
უთხრა: დღეს შვიდ საათზე უნდა შევხვდეთ. ზემდეგს ვთხოვე, კაპიტანსაც ვთხოვე, მაგრამ ნება არ დამრთეს, საგუშაგოზე გამამწესეს. შვიდ საათზე ვიკას უნდა შევხვდე...
_ ვიკას?! ვინ არის ვიკა?
_ ჩემი საცოლე! შვიდზე უნდა შევხვდე, მე კი ექვს საათზე საგუშაგოზე უნდა ვიყო. იქნებ მიშველოთ რამე, თქვენი გულისხმიერების მწამს. დამეხმარეთ, ძალიან გთხოვთ.
_ დაგეხმარო?! როგორ დაგეხმარო!
_ საგუშაგოზე ნებისმიერი ქართველი ჯარისკაცი შემცვლის, მერე მე შევცვლი, ეს არის და ეს.
_ ნებისმიერი ქართველი ჯარისკაცი თუ ნებისმიერი ჯარისკაცი?! რა შუაშია ეროვნება, ამხანაგო უმცროსო სერჟანტო?!
პაუზა გაიწელა. მაიორის, ანუ დირიჟორის ნება იყო, პაუზას მყისვე შეწყვეტდა თუ უსასრულოდ გააგრძელებდა. კედელზე ლენინის სურათი ეკიდა. რა თქმა უნდა, კეთილად იღიმებოდა. კეთილი ღიმილის ავტორი, რომელიღაც სოცრეალისტი `ფერმწერი~ იყო. ამ ცრუკეთილ ღიმილში მისი შემოქმედების მუღამი იმალებოდა. აგუზაროვმა ჟვანიას მზერას გაადევნა თვალი. თვითონაც შეხედა ლენინის სურათს და ლენინივით გაიღიმა:
_ კარგი, კარგი. დამშვიდდი. უმჯობესია გეთქვა: ნებისმიერი ჯარისკაცი შემცვლისო. ჩვენ აქ ეროვნება არ გვაქვს. მართალია, მე ოსი ვარ წარმომავლობით, შენ ქართველი, ის რუსი, _ ფანჯარაში გაიხედა, იქ ვიღაც დალანდა, მერე შემობრუნდა, _ მაგრამ ყველა სამხედროები ვართ, ეს არის ჩვენი მთავარი და უპირველესი ეროვნება. ე.ი. ვიღაც შეგცვლის, შენ პაემანზე წახვალ, ის ვიღაც კიდევ შენს მაგივრად ოცდაოთხი საათი იყარაულებს. მერე შენ არ გრცხვენია?!
_ ამხანაგო მაიორო, მე ხომ მის ნაცვლად ვიმორიგევებ ხვალვე ან როცა იქნება?!
_ უმცროსო სერჟანტო, როგორც ჩანს, წესდება დაგავიწყდა! ერთადერთი, რაც მე შემიძლია, ის არის, რომ ზემდეგს გავგზავნი ქალაქში თქვენს ნაცვლად. მითხარით, სად და როდის უნდა შეხვდეთ თქვენს ეგრეთ წოდებულ საცოლეს, როგორ გამოიყურება და თქვენს ნაცვლად ზემდეგი შეხვდება. _ მაიორმა ცბიერად ჩაიღიმა და განაგრძო, _ რა ჰქვია შენს საცოლეს?
_ ვიკა! _ ამოილუღლუღა ჟვანიამ.
_ ჰოდა, ზემდეგი შეხვდება ვიკას, _ ისევ ცბიერად გაიცინა, _ და შეატყობინებს, რომ შენ მორიგეობამ მოგიწია და მომავალ შაბათს შეხვდები იმავე ადგილას, იმავე დროს, დღეს კი ზემდეგი შეგცვლის.
_ როგორ თუ ზემდეგი შემცვლის?! _ წამოჭარხლდა ჟვანია.
_ აბა, შენ, როგორ უნდა შეგცვალოს ვინმემ, შენ მაგივრად რატომ უნდა წავიდეს საგუშაგოდ, სად არის ლოგიკა?! იქნებ იმ სხვასაც თავის სასიამოვნო წუთები აქვს დაგეგმილი?! ტვინში ჩაიჭედე ერთხელ და სამუდამოდ, რომ შენ სამხედრო ხარ და სამხედრო მოვალეობა უნდა იდგეს ყველაფერზე მაღლა!
_ სიყვარულზე მაღლაც?! ხომ აგიხსენით, რომ მიყვარს და ცოლად ვირთავ?!
_ მოკეტე! _ განრისხდა, მაგიდას ხელი დაჰკრა, _ ასეთ ერთდღიან ქორწილებს ყოველდღე იხდის მილიონობით ადამიანი. ეგეც არ იყოს, შვიდ საათზე ხომ მმაჩის ბიუროები დაკეტილია?! წახვალ და შენს უპირველეს მოვალეობას შეასრულებ. ისე, თუ გინდა, შენს ნაცვლად ზემდეგს გავგზავნი! _ კრუგომ! შაგომ, მარშ! _ იღრიალა აგუზაროვმა და თვალი თვალში გაუყარა ჟვანიას. ესეც მხედრულად შებრუნდა, კარი გამოაღო და დერეფანში რომ გავიდა, რაღაც ისეთი იგრძნო, რისთვისაც სახელის დარქმევა ვერ მოეხერხებინა.
ექვსის ნახევრამდე ძელსკამზე იჯდა ყაზარმასთან. სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. მერე ყაზარმაში ავიდა, სხვა გუშაგებთან ერთად მზადებას შეუდგა. დაგრაგნილი `შინელი~, ავტომატი თავის მჭიდებით, ხიშტი და ა.შ. აკრიფა და გუშაგებთან ერთად საყარაულოსაკენ გაემართა. იმ დღესაც, როგორც ყოველთვის, სატანკო პარკში მორიგეობდა.
ექვსიდან რვამდე ჟვანიას უწევდა მორიგეობა. შვიდის ნახევარზე საათს რომ დახედა, ზუსტად ნახევარი საათი რჩებოდა ვიკასთან შეხვედრამდე. ტანკზე ავიდა, ლიუკი ახადა, ხაკისფერ `მახინაში~ ჩაძვრა, ძრავა აამუშავა, გამოგრიალდა პარკიდან, ალაყაფის კარი გაანგრია და ქალაქისაკენ, ძაფსაღები კომბინატის საერთო საცხოვრებლისაკენ გაემართა. იქ, პარკის წინ, ყვავილებს რომ ყიდიან აზერბაიჯანელი ქალები, ზუსტად შვიდ საათზე ვიკა გამოჩნდებოდა, მაგრამ იგი ტანკის ძრავის გრუხუნში ვეღარ გაარჩევდა მისი ცისფერი კაბის იდუმალ შრიალს, სალიარის სუნით მოწამლულ ჰაერში ვეღარც ვიკას იაფფასიან სუნამოს და ზედმეტი სისუფთავის, ანუ მარწყვის საპნის სურნელს შეიგრძნობდა, მაგრამ ვიკას მაინც შეხვდებოდა.
საერთო საცხოვრებლამდე ისე მიაღწია, რომ სულ ფრთხილობდა, რომელიღაც მანქანას არ წამოსდებოდა ან სულაც ვინმე არ გაეჭყლიტა, მაგრამ მისი სიფრთხილე უსაფუძვლო გამოდგა, რადგან მანქანებიც და ფეხით მოსიარულეებიც ტანკის დანახვაზე დამფრთხალები გარბოდნენ და გზას უთმობდნენ ჯავშნიანი გიგანტის მუხლუხებსა და ავადმომზირალ ლულას. მათ შიშს ტანკის ძრავის გამაყრუებელი გრუხუნი აასკეცებდა.
შვიდი საათი რომ შესრულდა, ჟვანიამ ტანკის ლიუკი ახადა, ვიკას ხელი დაუქნია, ამოდიო, ანიშნა დაბნეულობისაგან თვალებგაფართოებულ `კაზაჩკას~; ვიკამ ერთხანს იყოყმანა, მერე ადგილს მოსწყდა და ტანკთან რომ მივიდა, ჟვანიამ ორივე ხელი შეაგება, აიტაცა და გაოცებული ხალხის თვალწინ მორიგეობით ჯერ ვიკა, მერე კი ჟვანია, ორივე ტანკში ჩაძვრა.
მალე საპატრულო მანქანებიც გამოჩნდნენ. წითელსამკლაურიანი ოფიცრები, სხვადასხვა რანგის მაღალჩინოსნები ერთხანს გარშემო უვლიდნენ ტანკს, მერე პარკთან შეჯგუფდნენ და სახელდახელო თათბირი გამართეს. ყველაზე ჭკვიანური აზრი ორმოც წელს მიღწეულ უფროს ლეიტენანტ გამიდოვს მოუვიდა თავში და ამხანაგ პოლკოვნიკს გაუმხილა:
_ ამხანაგო პოლკოვნიკო, მოვიყვანოთ ქვემეხი და პირდაპირ დამიზნებით ავაფეთქოთ!
_ მოკეტე, სულელო! საერთოდ, მოშორდი აქაურობას, შე გამოთაყვანებულო!
ოფიცრებს ოთხ საათს მოუწიათ ყურყუტი. ტანკი არ იძვროდა, სიბნელეში უფრო ავისმომასწავებლად მოჩანდა მისი შემაშფოთებელი სილუეტი. მალე დივიზიის მეთაური, ოცდათვრამეტი წლის გენერალი სოკოლოვი გამოჩნდა. ოფიცრები გაიჭიმნენ.
ტანკში `კაზაჩკას~ მკლავებში გონსმოსული, გარინდებული ჟვანია გრძნობდა, რომ დაპატიმრება თუ არა, დისბატი არ ასცდებოდა.
გენერალი კი ნატრობდა, რომ ამ უტვინო ტანკისტს რაიმე უარესი სისულელე არ ჩაედინა და მშვიდობით დაბრუნებულიყო ნაწილში, მერე ამ საქმეს თვითონ ჩაფარცხავდა, რადგან დასაწინაურებლად გამზადებული გენერლისათვის ამ შემთხვევას, თუ გაბაზრდებოდა, ხელი არ შეეშალა.
ზუსტად ოთხი საათის შემდეგ, ვიკა ტანკიდან ამოძვრა, მოხერხებულად ჩამოფოფხდა ქვევით, აჩაჩული კაბა და აბურდული თმა შეისწორა და ძაფსაღები ქარხნის საერთო საცხოვრებლისაკენ გაემართა. ერთმა ოფიცერმა დააპირა ვიკასთან გასაუბრება, მაგრამ ამასობაში ტანკი აგრუხუნდა, შემობრუნდა და დივიზიისაკენ აიღო გეზი, უკან სამხედრო მანქანების მთელი ესკორტი მიჰყვებოდა. გენერალმა გაიღიმა, ჭირის ოფლი მოიწმინდა, მიხვდა, რომ მის დაწინაურებას ხელს არაფერი შეუშლიდა და გუნებაში გაიფიქრა: თხუთმეტ `სუტკას~ ვაკმარებო! მერე მძღოლს ანიშნა, მანქანა დაძარიო. ვიდრე დივიზამდე მიაღწევდა, გენერალმა გზად რამდენჯერმე გადაიხარხარა. ყოველი გადახარხარების წინ ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა:
_ ახ, ეტოტ გრუზინ!
ქისა
თვითონაც ვერ გარკვეულიყო, ეშელონს შეგნებულად ჩამორჩა თუ სრულიად შემთხვევით. როცა ბოლო ვაგონმა თვალწინ ჩაუქროლა, ფეხიც არ აუჩქარებია, ზანტად გაადევნა მზერა სადღაც მიმავალ, ბორბლებზე შემდგარ ქუჩას, სემაფორს რომ თანდათან შორდებოდა, სადაც მატარებელი ორი საათი იყო გაჩერებული და რკინიგზის მარჯვენა მხარეს თვალუწვდენელ სივრცეზე გადაჭიმული ბაღჩა, ცოტა ხნის წინ რომ საზამთროთი და ნესვით იყო სავსე, ჯარისკაცებს ისე გაეპარტახებინათ, გადაეჯეგათ, რომ საზარელი სანახავი იყო. უშველებელ ტერიტორიაზე მიმოფანტულ საზამთროსა და ნესვის ქერქებს და სანახევროდ შეჭმულ, დანებით ამოღრუტნულ ნაყოფს ტრამალის ჭიანჭველები დახვეოდა, კრაზანებიც საიდანღაც მოფრენილიყვნენ, ათასგვარი მწერი ირეოდა და ფუთფუთი, ბზუილი, ზუზუნი, გამალებული შრომა გაჩაღებულიყო. საკოლმეურნეო ნაკვეთის ყარაული ისევ იქ იჯდა, ფილთა თოფის ამარა დარჩენილი, სადაც ავტომატმომარჯვებული ჯარისკაცების დანახვისას ჩაჯდა შიშისგან მუხლებმოცელილი და ვინ იცის, რას ფიქრობდა ან რას განიცდიდა გაპარტახებულ ბაღჩას რომ გაჰყურებდა ისეთივე უაზრო და ცარიელი თვალებით, როგორი დაუსაბამო და გაურკვეველი სივრცის ფსკერზეც ჩარჩენილიყო ეს საბრალო არსება.
ერთი სიტყვით, კოსტენკომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა ძალამ აიძულა არ დადევნებოდა დაძრულ ეშელონს, სადაც უამრავი საზამთრო და ნესვი აზიდეს ჯარისკაცებმა, რა მიზნით ჩამორჩა მატარებელს. შვებაც იგრძნო და წუხილიც ერთდროულად. შვება იმიტომ, რომ სათუო `შმონს~ და მოსალოდნელ პატიმრობას გადაურჩა, რადგან უკვე გაფაციცებით ეძებდნენ დამნაშავეს, თანაც წუხდა, იქნება არც გავეჩხრიკე და გადავრჩენილიყავი, დემობილიზაციამდე ხომ სამი თვე მრჩებოდაო. არა, გარისკვა არ ღირდა, იმეორებდა გულში და დროდადრო იქით იყურებოდა, სადაც მატარებელი უსასრულობაში უჩინარდებოდა და ყოველი მოხედვისას მცირდებოდა შავი ლაქა, ვიდრე ერთ მშვენიერ წუთს საერთოდ არ გაქრა და ბორბლების მონოტონური ხმაური არ ჩაიწურა უფსკერო სიცარიელეში.
გადაწყვიტა, სამხრეთისკენ ევლო. ირანის საზღვარი სადღაც ახლოს იყო და იქნებ გადამძვრალიყო კიდეც სხვა ქვეყანაში. იქ ვეღარავინ მიაგნებდა და პასუხსაც ვერ მოსთხოვდნენ. თუმცა ეს გადაწყვეტილება აეჭვებდა, რადგან მალიმალ ახსენდებოდა მეზობლის, ნაციხარი და ლოთი მაქსიმკას ნათქვამი: ეს ჩათლახები აზოვის ზღვაში რომ თევზებს ნომრავენ, კასპიის ზღვაში იჭერენო. მაინც მიდიოდა სამხრეთისკენ, ალალბედზე, გაასმაგებული ეჭვი გულს უძიძგნიდა და სათადარიგო, უფრო საიმედო გზას ეძებდა, ამ გასაჭირიდან რომ უვნებლად გამოეღწია.
ყველაზე ვრცელია ეჭვის სამყარო, იგი სიყვარულსაც და სიძულვილსაც თანაბრად იტევს და, საერთოდ, ყველასა და ყოველივეს მოიცავს, მეტადრე მაშინ, თუ საძირკველი მორყეულია და ეჭვის ამოუხაპავ სიღრმეში ცრუწარმოსახვათა და ათასგვარ ვერსიათა პოპულაცია ისეთი სისწრაფით მიმდინარეობს, რომ შეიძლება ადამიანი ჭკუიდან გადადგეს, თუ რაღაც საყრდენისმაგვარი რამე არ იპოვა ან თუნდაც ხელჩასაჭიდი სიცრუე, რომელიც ხანმოკლე, დამამშვიდებელ პაუზას აჩუქებს და ცოტა ხნით მაინც გაუხანგრძლივებს არსებობას. იქნებ საშველი თავადვე გამოჩნდეს უსასრულოდ გაგრძელებული წუთის გავლის შემდეგ, როცა აღმოაჩენ, რომ ახალი დრო დაიწყო, რადგან გაჩნდა განსხვავებული და უფრო საიმედო მიზანი, შეუძლებლობის გადამლახავი აზრი, უცნაური ენერგიით რომ აღავსებს ადამიანს, უფსკრულზე გადაახტუნებს ან წყალზე გაატარებს უფალივით.
ჰორიზონტის ყულფში ჩაგუბებული ტრამალის ნაპირთა პირობითობას გრძნობდა მზერით და ამ უსასრულობაში ჩაკარგული კოსტენკო ფიქრობდა, როდის შეიძლებოდა გადაყროდა სულიერს ან კვამლი შეენიშნა, რაც იმის მაუწყებელი იქნებოდა, რომ სადღაც, ვიღაც ცხოვრობს და სხვას თუ ვერაფერს, დაცარიელებული მათარის წყლით შევსებას მაინც შეძლებდა, მაგრამ არაფერი ჩანდა, გარდა იმისა, რაც ჩანდა _ ვრცელი, დაუსაბამო სიცარიელე, სადაც სიცოცხლე შენიღბულად, მთელი ძალით ფეთქავდა და ეს მაშინ იყო საცნაური, როცა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ათობით კალია ამოხტებოდა ბალახიდან ერთდროულად და სხვადასხვა მხარეს, მოკლე მანძილზე, _ იქვე პოვებდა ახალ სამყოფელს.
იგი მიდიოდა უმისამართოდ _ არსაიდან არსაით და მისი მოძრაობა პირობითი იყო, რამდენადაც საბოლოო მიზანი არ ჩანდა და, შესაბამისად, მანძილი არც მცირდებოდა და არც იზრდებოდა. ყოველივე ეს დაუსაბამობაში იმედგაცრუებულმა კოსტენკომ რამდენიმე წუთის წინ შეამჩნია და ამ უაზრობიდან თავდასაღწევად ისევ იმავე მიმართულებით სიარული გადაწყვიტა იმის იმედით, რომ სადმე, რომელიმე დასახლებულ პუნქტამდე, დაბამდე, აულამდე, თუნდაც მეცხვარეთა სადგომამდე მაინც მიაღწევდა, სულს მოითქვამდა, წყალს დალევდა და მერე იფიქრებდა, საით გაეგრძელებინა გზა _ ნაწილში დაბრუნებულიყო თავისი ფეხით თუ დეზერტირის ბედს შეგუებოდა, მუდმივ დევნილობაში ეცხოვრა, კარდაკარ ეწანწალა, იქნებ ახალი პასპორტი ეშოვნა, სადმე მშენებლობაზე მოწყობილიყო სამუშაოდ, სამუდამოდ გადაევიწყებინა ოჯახი, მშობლიური ქალაქი როსტოვი და უთვისტომო კაცი შეგუებოდა ახალ სინამდვილეს... სანაცვლოდ, დემობილიზაციამდე დარჩენილ სამთვიან სამსახურს ასცდებოდა და, რაც მთავარია, იმ საშიშროებას აიცილებდა, რომელსაც წელზე შემორტყმული ქისის ფორმა ჰქონდა მიღებული და ნებისმიერი მიზეზი აფორიაქებისა ამ მუჭისხელა, თავმოკრული, ლამაზად მოქარგული, წაყრონჭილი, ერთი ციცქნა ბნელი სივრციდან გადაეცემოდა მის სხეულს, გულსა და ტვინს. ამგვარ ორჭოფულ ყოფაში არ იცოდა, რა მოემოქმედებინა, როგორ გაქცეოდა ოქროს გვირგვინებით გატენილ ქისას, რომლის აუხსნელ ძალასაც დაებინდა მისი აზროვნება და გამოსავალს ეძებდა. კარგა ხნის სიარულის შემდეგ მიხვდა, რომ ის კუ, წეღან რომ მოჰკრა თვალი ტრამალზე, უფრო ბედნიერი იყო, ვიდრე თავად, რადგან კუ აქ ცხოვრობდა და არსად წასვლას არ აპირებდა. ის კი მიდიოდა შეუსვენებლად, აუჩქარებლად. იცოდა, რომ იმედის ამოწურვამდე უნდა ევლო, მაგრამ თუ კუ საკუთარ ბაკანთან ერთად მიზოზინებდა, ანუ თავის სახლთან შეზრდილი გადაადგილდებოდა, კოსტენკოსთვის ოქროთი სავსე ქისა იმ ბედნიერი ცხოვრების მოწყობის ილუზია იყო, რომლის განსახორციელებლადაც ათას ხიფათს უნდა გადაჰყროდა, უთვალავი წინააღმდეგობა გადაელახა. წარმოდგენა არ ჰქონოდა, როგორ დამთავრდებოდა ყოველივე და მიხვდა, რომ რაღაც გეგმა უნდა შეემუშავებინა, კარგად გაეთვალა ყოველი მოქმედება, რათა არ გაბმულიყო იმ მახეში, საკუთარ თავს რომ დაუგო დაუოკებელი სიხარბით. უმისამართო სიარულის უაზრობამ, ტრამალისა და ტრამალზე გადმომყურე ცის უსასრულობამ მღილად აქცია. უცვლელი სივრცე, დაუსაბამობა თანდათან იწოვდა, ისრუტავდა, არარად აქცევდა და მხარზე გადაკიდებკლი ავტომატი თავისი მჭიდით, ხიშტით, კონსერვებით და არყით გამოტენილი ზურგჩანთა _ სხეულის წანაზარდად რომ აღიქვამდა და ადრე ეიმედებოდა კიდეც, აზრს კარგავდა მორიგ ნაბიჯთან ერთად, რადგან არ იცოდა, მის მოძრაობას წინსვლა ერქვა თუ უკუსვლა.
ეკლიან ბუჩქთან შეჩერდა, ჩაჯდა, ზურგჩანთა და ავტომატი მოიხსნა, ჩამავალ მზეზე დაგრძელებული ბუჩქის ჩრდილს შეუერთდა. ჩრდილი თანდათან პატარავდებოდა და კოსტენკოს შეეშინდა, საკუთარ ჩრდილთან ერთად არ გამქრალიყო ამ თვალუწვდენელ სამყაროში და ჩამავალ მზეს არ გაჰყოლოდა წონადაკარგული, ამჩატებული, სხვა რეალობაში არ გადაზრდილიყო უსასრულობის თანამდევი მოწყენილობიდან, მაგრამ მიხვდა, რომ მოწყენილობის მიზეზთა ძებნა აუცილებელი იყო, ასე უფრო დაუბრუნდებოდა თავს, რადგან სასოწარმკვეთი ნაღველის სიღრმეში ყოველთვის იმალებოდა სიხარულის მარცვლები, რომლის პოვნა შესაძლებელია, თუ საფუძვლიანად მოიწყენს კაცი და მოწყენის მიზეზს მიაკვლევს.
* * *
ნაწილში უკვე ეჭვობდნენ, რომ კიროვაბადის ქუჩებში დროდადრო, ღამღამობით დაძრწოდა რომელიღაც რუსი ჯარისკაცი, ავტომატმომარჯვებული, ბნელ ქუჩებში ძარცვავდა ასაკოვან მოქალაქეებს და სტომატოლოგის მაშით კბილებიდან აძრობდა ოქროს გვირგვინებს, ხიდებს; ქალებს _ ოქროს ბეჭდებს, საყურეებს, სამაჯურებს, ყველაფერს, რასაც ოქროს ფერი ჰქონდა ან ოქროს მიამგვანებდა. საზაფხულო სამხედრო სწავლებაზე გამგზავრების წინ კოსტენკოც დაკითხეს, ჯარში გაწვევამდე სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრება მოესწრო სტომატოლოგიის განხრით და მისი სამოქალაქო პროფესია ოფიცრების ეჭვს აძლიერებდა. პირველ წელს, როგორც საშუალო სამედიცინო განათლების მქონეს, კოსტენკოს სამთვიანი კარანტინის გავლისა და ფიცის მიღების შემდეგ სანნაწილში მიუჩინეს ადგილი. მშვიდად, კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ ერთხელაც სპირტის ქურდობაში გამოიჭირეს და საარტილერიო ბატალიონში გადმოიყვანეს. კოსტენკო მთელი წელი იპარავდა სპირტს გრამობით, ცოტ-ცოტას, ხრახნიან ბოთლში აგროვებდა და მერე, როცა შეავსებდა, ჯარისკაცებში ყიდდა. თვითონ სპირტის სმას ერიდებოდა, ფულს კაპიკ-კაპიკ აგროვებდა და როცა ფული თუმნამდე შეივსებოდა და ქალაქში ერთდღიანი შვებულებით უწევდა გასვლა, ეგრევე ფოსტას მიაშურებდა, თანხას მარტოხელა, მრავალშვილიან დედას უგზავნიდა როსტოვში. როცა გამოიჭირეს და სამდღიანი ჰაუპტვახტი აკმარეს, ხოლო გათავისუფლების შემდეგ საარტილერიო ბატალიონში გადმოიყვანეს, უფრო გულჩათხრობილი და უსიტყვო ჯარისკაცი მთელ დივიზიაში არ მოიძებნებოდა. ისე გაივლიდა დღეები, ერთ სიტყვასაც არ იტყოდა. `პალუჩკაზე~ სიგარეტს იყიდდა და სამ მანეთსა და ოთხმოც კაპიკს მთელი თვე იზოგავდა. ზემდეგის ცოლს, დივიზიის ტერიტორიაზე რომ სადილის შემდეგ გამოჩნდებოდა თავისი ურიკით და ცხელ-ცხელ ღვეზელებს ყიდდა, ახლოს არ ეკარებოდა, ნერწყვი მოსდიოდა, მაგრამ სურვილს იკლავდა. თუ ვინმე შესთავაზებდა ღვეზელს, ათასში ერთხელ ასეც ხდებოდა, უხალისოდ გამოართმევდა და თითქოს უმადოდ ილუკმებოდა.
შეყვარებულის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, დასაბმელი გახდა, სულ გაგიჟდა, სიმწრისგან თითები დაიკბინა, კედელს თავი ურტყა გამეტებით, ძლივს გააკავეს ჯარისკაცებმა და იმავე სანნაწილში გააქანეს, სადაც რამდენიმე ხნის წინ მუშაობდა. დათეთქვილი თავი იოდით დაუმუშავეს, გადაუხვიეს. დაკბენილი თითები სპირტით გაუწმინდეს, დააშოშმინეს და მეთვალყურე მიუჩინეს, რაიმე სისულელე რომ არ ჩაედინა. იმ საღამოს ზემდეგმა ინახულა, მეთვალყურეს პალატა დაატოვებინა, კარი შიგნიდან გადარაზა და კოსტენკოსთან მარტო დარჩა. ჯიბიდან ნახევარლიტრიანი არყის ბოთლი დააძრო და კოსტენკოს ასი გრამი გადაახუხა. სალა და პურის ნაჭერი ქაღალდიდან გამოაცოცა და ჯარისკაცს გაუწოდა.
_ ნუ დარდობ, ძმაო! მეც გადავიტანე მსგავსი რამ ოდესღაც! დაიკიდე! ერთი მაგათი! ნაშების მეტი რაა, თავს ნუ გაიგიჟებ, მთელი ცხოვრება წინა გაქვს, _ დააიმედა. ნაკლული ბოთლი ისევ გულის ჯიბეში ჩამალა, კარი გააღო, მეთვალყურე ჯარისკაცს უხმო და წავიდა.
სანნაწილიდან რომ გამოწერეს, კოსტენკოს ერთხანს ყარაულში არ უშვებდნენ, ავტომატს არ ანდობდნენ, ფრთხილობდნენ, რაიმე არ მოიწიოსო. მერე ყველას დაავიწყდა ეს ამბავი, კოსტენკოს გარდა, თუმცა კოსტენკო თანდათან წელში გაიმართა, თვალებში გულგრილი სიმკაცრე ჩაიგუბა და იმ ჩვეულებრივ ჯარისკაცად იქცა, რომელსაც სხვებში ვერ გამოარჩევდით. ყარაულშიც დადიოდა და სამხედრო წესდებასაც ზედმიწევნით ასრულებდა. თვეში ერთხელ პოსტიდან იპარებოდა, გარეუბნის ქუჩებში მსხვერპლს მოიხელთებდა, პირს გააღებინებდა, ფანარს ჩაანათებდა და დაზაფრულ, შიშისგან მომჩვარულ არსებას ოქროს ხიდებს დააძრობდა. უკან სირბილით ბრუნდებოდა, მავთულხლართების ქვეშ მოხერხებულად გაძვრებოდა და საყარაულო კოშკურასთან ბოლთის ცემას იწყებდა. უკეთესი ალიბი რა გინდოდა?! ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე დემობილიზაციამდე რამდენიმე თვე არ დარჩა. ქისა სავსე იყო ოქროთი და სამალავი, სადაც კოსტენკო ნაძარცვს ინახავდა, არავინ იცოდა. რამდენჯერმე გაჩხრიკეს ყაზარმა, ზურგჩანთები, ლეიბები, ვერაფერი აღმოაჩინეს. ჯარისკაცებმა ყურმოკრულად იცოდნენ ღამეული ყაჩაღობის ამბავი, თუმცა ოფიცრები არ ამხელდნენ ჩხრეკის ნამდვილ მიზეზს: ვიღაცას არაყი შემოაქვს და თუ გამოვიჭირეთ, ჩავაყუდებთო.
როცა საზაფხულო სამხედრო სწავლებაზე გამგზავრების დრომ მოაღწია, კოსტენკომ თავის სამალავს მიაკითხა. ღამით მოზრდილი, თავმოკრული, ოქროთი გატენილი მკვრივი ქისა, ყელი რომ მოქარგული ჰქონდა (ესეც ერთ თათარს დააწერა), წელზე ბაწრით შეიბა და მეორე დღეს, ვიდრე ეშელონს ტექნიკით დატვირთავდნენ სადგურ ევლახში და ვიდრე მატარებელი დაიძვრებოდა, სულ იმის შიშში იყო, უცებ არ `დაგვშმონონო~. ასე რომ, თავდაპირველი ეჭვი _ შემთხვევით ჩამორჩა მატარებელს თუ შეგნებულად _ გაქარწყლდა. ახლა მთავარი იყო, გზა ეპოვა, თუნდაც ერთადერთი სახლი, ერთადერთი ძეხორციელი ან სულაც სამანქანო გზა, მანამდე ახალ სამალავს მოძებნიდა, რომელიმე მარტოხესთან ან გზატკეცილთან, სადაც გზისპირას, კილომეტრების აღმნიშვნელ ფირნიშთან, რომელიც მტკიცედ იყო ჩაბეტონებული და ვერავინ ამოაძრობდა, ჯარისკაცური ნიჩბით მიწას ღრმად გათხრიდა და ოქროთი სავსე ქისას იქ დამარხავდა. ფირნიშზე აღბეჭდილ ტოპონიმს, მანძილის აღმნიშვნელ ციფრებს უბის წიგნაკში ჩაიწერდა და მერე როგორმე მიაღწევდა სამხედრო პოლიგონამდე _ ნასოსნაიამდე _ სუმგაითიდან რამდენიმე კილომეტრზე, კასპიის ზღვის პირას მდებარე ყაზარმებამდე, სადაც ქარში აირწინაღის გარეშე სასადილომდე მისვლაც არ შეიძლებოდა, რადგან ჰაერი ქვიშის უთვალავი ნაწილაკით იყო გაჯერებული.
ირანის საზღვარზე გადაპარვა გადაიფიქრა. იცოდა, რომ ეს ყველაზე განუხორციელებელი ვარიანტი იყო. აქედან თუ გაეპარებოდა მესაზღვრეებს, რა გარანტია ჰქონდა, რომ იქითა მხარეს არ დაიჭერდნენ, ჯაშუშად არ ჩათვლიდნენ და ციხეში არ ამოალპობდნენ. გეოგრაფიიდან ახსოვდა, რომ იქ, რომელიღაც მდინარეც იყო გადასაცური და ამ ვერსიაზე აღარც ფიქრობდა. ეს ოქროც ხომ მარტოხელა დედისთვის და ობოლი და-ძმებისთვის აგროვა, _ ირანში მთლად შაჰივით რომ ეცხოვრა, მათი დარდი მოკლავდა.
შორიახლოს ცხვრის ფარა შენიშნა. ის იყო, უნდა წამომხტარიყო, ეყვირა სიხარულისგან, რომ ქალის კვნესა შემოესმა. გაირინდა, მიაყურადა, მიწაზე გაწვა და გაფორთხდა, ეკლიან ბუჩქს ხოხვით შემოუარა. ქალის აშვერილი ფეხები დაინახა, ზედ დამხობილი ბოხოხიანი თათრის ხვნეშაც მოესმა და უცნაური სუნიც მისწვდა მის ნესტოებს. უნებლიეთ გაიზარდა ერთი მტკაველით იმ ადგილას, სადაც არცთუ იშვიათად მოწოლილი ვნება ერთ მთლიან სიმკვრივედ გადაექცეოდა ხოლმე და საშველს არ აძლევდა.
წამოდგა, ზურგჩანთა და ავტომატი წამოკრიფა, ხმამაღლა ჩაახველა. თათარი წამოვარდა. ქალმა სახე დაიფარა, ფეხები ისევ გაფარჩხული დარჩა და კოსტენკომ შენიშნა, თათრის მიტოვებული სარცხვენელი თვალდახელშუა ისე დაპატარავდა, როგორც კუს ბაკნიდან გამოშვერილი თავი, შიშისგან რომ ისევ ბაკანის ქვეშ მალავს.
_ სად არის ტრასა? _ უღრიალა.
თათარმა ხელი გაიშვირა, _ იქით, ერთ კილომეტრშიო.
კოსტენკომ ავტომატი დაუმიზნა: სირბილით იარ!
თათარმა შარვალი აიწია და უკანმოუხედავად გაიქცა. როცა გაქცეული თათარი წერტილად იქცა, კოსტენკომ ისევ ქალისკენ გააპარა თვალი.
ქალი ისევ ისე იწვა, ოღონდ კაბა ჩამოეწია, იწვა და ხმას არ იღებდა, სახეს უფრო გულმოდგინედ იფარავდა.
კოსტენკო მიუდგა ქალს, ისე, რომ ავტომატიც არ მოუხსნია იმის შიშით, თათარი თუ დაბრუნდა, მზად ვიყოო. მაგრამ თათარი, ჩიტიც რომ ყოფილიყო, ვერ მოასწრებდა აქამდე მოფრენას, ისე უცებ გადნა კოსტენკო. ქალი არც განძრეულა. კოსტენკოც ზედდამხობილი იწვა. გონს რომ მოვიდა, წელზე შემორტყმული ქისა მოისინჯა, შეამოწმა, გული მოეცა, გაუხარდა. იქვე ჩამოჯდა. ქალი არ ინძრეოდა. სახიდან ხელისგულები არ მოუშორებია.
კოსტენკოს კარგად ახსოვდა ის მხარე, თათარმა რომ მიუთითა: იქით, ერთ კილომეტრშიო. მზე ჩადიოდა და უნდა აჩქარებულიყო, რომ ტრასამდე მიეღწია და ეს კონკრეტული `იქით~ სიბნელეს არ შთაენთქა.
_ მოვასწრებ! _ გაიფიქრა კოსტენკომ და ისევ ქალს მიუდგა. დედაკაცს ცხვრის დუმის სუნი ასდიოდა, მაგრამ ეს უფრო აშმაგებდა ჯარისკაცს. ქალმა ხელისგულები მოიშორა სახიდან, მკლავები შემოაჭდო უცნობს და სხეულის ნაკარნახევ რიტმს აჰყვა.
* * *
კოსტენკომ შარვალი ჩამოიბერტყა. უფრო მოხერხებულად მოიგდო ზურგჩანთა მას მერე, რაც არყის ბოთლი ამოაძვრინა. ქალს გაუწოდა. ქალმა იუარა. იგი სახეს აღარ მალავდა, წამომჯდარიყო და იქით იყურებოდა, სადაც მისი ქმარი გაიქცა, რომლის უმცროსი და მესამე ცოლი იყო.
კოსტენკომ არყის ბოთლი მოიყუდა, ერთხანს წყალივით სვამდა, მერე ბოთლი ტუჩებიდან სწრაფი მოძრაობით მოიცილა, სახელოს დაყნოსა და სწრაფი ნაბიჯით გასწია იქით, სადაც სამანქანო გზა ეგულებოდა. გზას რომ მიაღწია, პირველივე ფირნიშთან, რომელზეც ტოპონიმი რუსულად და აზერბაიჯანულად ეწერა და იქვე იყო მინიშნებული, ბაქომდე მერამდენე კილომეტრი იყო, მიწა სწრაფად გათხარა, ქისა ჩამარხა, დიდი, ხავსიანი ქვა იპოვა, იმავე ადგილას ნახევრად ჩაფლო და გზას გაუყვა ბაქოსკენ. ახლა საჭირო იყო ნაწილში დროზე დაბრუნება. უბის წიგნაკში ზუსტად აღნიშნა სად, რომელ კილომეტრზე, რომელ ფირნიშთან ჩამარხა თავისი ნაძარცვი და ღამეს მიაყურადა, თან უკან-უკან იყურებოდა, იქნებ სატვირთო მანქანა წამომეწიოს და ბაქოსკენ გამიყოლოსო...
რამდენიმე ათეული წლის მერე, ღამის ჭრიჭინების ორკესტრი უამრავი მობილური ტელეფონის ერთდროულ მრავალხმოვანებას შეადარა, მაგრამ ეს შედარება ურთიერთგამომრიცხავ განწყობას შეიცავდა. ერთი მხრივ, ეს იყო ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ცხვრის დუმის სუნი და ჩაწყვდიადებულ ტრამალზე უთვალავი ჭრიჭინას სიმღერა, ხოლო მეორე მხრივ, ვეებერთელა ჭაღით განათებული `დუმის~1 დარბაზი, სადაც მაძღარ გვამთა ჯიბეებიდან ასევე ერთდროულად, სხვადასხვა ხმაზე გაისმოდა მობილური ტელეფონების წკრიალი, ზუზუნი, სხვადასხვა მელოდიათა მონოტონური ფრაზები, მაგრამ არა ის ხმები, ვარსკვლავებსა და ღამესთან იდუმალ კავშირს რომ გულისხმობს.
1. ერთ საღამოს, როცა თბილისის ტელევიზიით რუსეთის დუმის სხდომის დარბაზს აჩვენებდნენ, თვალი მოვკარი რომელიღაც ქვეკომისიის თავმჯდომარეს, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს, რომელიც პირზე დუჟმორეული ლანძღავდა ქართველებს. იგი ძლიერ ჰგავდა კოსტენკოს. თუმცა კი არ ჰგავდა, ნამდვილად კოსტენკო იყო, იმდენად ჰგავდა მას. ოქროთი სავსე ქისის პატრონი, სად უნდა წასულიყო, თუ არა კალიტას ქალაქის დუმაში.
კინოგადაღება
ასეული უცნობ დაბაში `გადაისროლეს~, ხანის სასახლესთან. რომელიღაც გაპარტახებულ, სამსართულიან შენობაში შერეკეს. ასოიდე თივით გატენილი ლეიბი, ამდენივე `ადიელა~ დაურიგეს და გამოუცხადეს: ხვალიდან განსაკუთრებულ სამხედრო დავალებას შეასრულებთ. გზაში არავის უკითხავს: სად მივდივართო? ძველმა და ახალმა ჯარისკაცებმა უკვე მშვენივრად იცოდნენ, რას უპასუხებდა ასმეთაური კუდრიაშოვი შეკითხვაზე: კუდა? მეათასედ გაიმეორებდა: იბატ ვერბლუდა, პაკა ლეჟიტ, ა ტო სბეჟიტ.
ეს ჩასუქებული, მუდამ გულგრილად მოღიმარი კაპიტანი სხვებისგან განსაკუთრებული არაადამინურობით გამოირჩეოდა, ამიტომ მასთან საქმის დაჭერას ყველა ერიდებოდა. გულიაევი ბებიის დაკრძალვაზე არ გაუშვეს, თუმცა ტამბოვის კომისარიატიდან დამოწმებული დეპეშა მიიღო. დეპეშა საბუთად არ გამოდგა კაპიტან კუდრიაშოვისთვის, ყველაზე მეტად იგი აქტიურობდა: ჯარი ჯარია, ჯარს თავის კანონები აქვს. რის ბებია, რა ბებია. მორიგეობით, გინდათ ერთ დღეს, ყველა ბებიამ და ბაბუამ რომ გაჭიმოს ფეხი, ვერც ერთის დაკრძალვაზე ვერ გაგიშვებთ, `ნი პალოჟენო~.
ოცმეთაური ამაოდ ცდილობდა კაპიტნისთვის გული მოელბო: გამზრდელი ბებიაა, გულიაევი უდედმამოაო, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
- ზედმეტი და უაზრო ხარჯებია! _ ყვიროდა კაპიტანი. _ ჯერ აქეთ-იქით მგზავრობის ფული, მერე ერთკვირიანი შვებულებისთვის განკუთვნილი თანხა. ეგეც არ იყოს, რას ნიშნავს გამზრდელი ბებია? ერთს გაუშვებ და კვირაში თითო ბებია გარდაიცვლება, მერე ბაბუებსაც დახოცავენ. ამ თემაზე ლაპარაკი `ნი პალაოჟენო~ და `ი ვსიო~-ო!
გულიაევი მთელი დღე თივის ლეიბზე იწვა პირქვე. ხმა არავისთვის გაუცია. დროდადრო წამოდგებოდა, ახალი, დროებითი ყაზარმიდან ეზოში გამოიზლაზნებოდა, ნახევრად დანგრეულ გალავანთან, ჩინარის ჩრდილში `მახორკას~ გაახვევდა და აბოლებდა, თან ბოლთას სცემდა.
თივის ლეიბზე პირქვედამხობილს კაპიტანი კუდრიაშოვი თავს დაადგა:
_ რას სლუკუნებ?!
_ ?!
_ წადი, გაიარ-გამოიარე, რას ჩაგირგია თავი ლეიბში?
_ თივის სურნელი მომწონს, _ სხვათა შორის უპასუხა გულიაევმა.
_ ხვალ მწყობრში იქნები, დღეს იტირე ის შენი გამზრდელი ბებია თუ ვიღაც!
_ ასე ნუ ლაპარაკობთ, გეხვეწებით, ნუ ლაპარაკობთ, ის ჩემი გამზრდელი ბებია იყო და არა ვიღაც. არა გაქვთ უფლება, ნუ დამცინით!
კაპიტანი დაიბოღმა. ერთ ხანს გაქვავებული იდგა, მერე იღრიალა, _ ვსტატ! გულიაევი წამოხტა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეზოში გაიყვანა და უბრძანა, ყაზარმის ირგვლივ ერბინა.
ნახევარი საათი არბენინა. დანს აღარ ახსოვს, გულიაევმა რამდენჯერ შემოურბინა ყაზარმას, ბოლოს დაქანცული რომ მოლასლასდა, ძელსკამზე ჩამოჯდა, სულს ძლივს იბრუნებდა. დასიცხული, გაოფლილი, ძალაგამოლეული ყურადღებას არ აქცევდა კაპიტნის მორიგ ბრძანებას, _ ვსტატ, ბეგომ, მარშ! და პასუხად მეტად გარკვევით, იქვე სასეიროდ შეკრებილი ჯარისკაცების გასაგონად, ზიზღით, მექანიკურად იმეორებდა:
_ ტვაიუ მატ! ტვაიუ მატ! ტვაიუ მატ!
კაპიტანი სულ გაცოფდა:
_ ჰაუპტვახტში ჩაგაყუდებ! დედას გიტირებ! ჯარისკაცებო, ხომ გაიგონეთ, როგორ შემაგინა, თან ბრძანება არ შეასრულა? ხომ გაიგონეთ?
ჯარისკაცები უარის ნიშნად თავს აქნევდნენ. ზოგიერთი ხმამაღლა პასუხობდა: არ გაგვიგონიაო. ზემდეგს უბრძანა, ჰაუპტვახში წაათრიეო. გაირკვა, რომ იმ დაბაში, სადაც ასეული განსაკუთრებული სამხედრო დავალების შესასრულებლად გადმოისროლეს, არც ერთი სამხედრო ნაწილი არ იდგა და, შესაბამისად, იქ არც ჰაუპტვახტი იყო.
_ შენ ხომ გაიგონე, როგორ შემაგინა? _ ჰკითხა ზემდეგ ზოლოტარიოვს.
ზოლოტარიოვმა თავი იმართლა: მოშორებით ვიდექი და არ გამიგონიაო! სულ გაგიჟდა კაპიტანი, სადღაც გავარდა, ცოტა ხანში უკან დაბრუნდა და ზემდეგს რაღაც უჩურჩულა ყურში. გულიაევი სადღაც წაიყვანეს და აღარ გამოჩენილა.
მეორე დღეს ასეული ოთხ რიგად ჩაამწკრივეს. კაპიტანმა პირად შემადგენლობას ვიღაც წვეროსანი კაცი წარუდგინა: ეს კინორეჟისორია, ცოტა ხანში დაიწყება კინოგადაღება. ერთ ნაწილს დაურიგებენ მეფის რუსეთის ჟანდარმერიის ფორმებს და ძველებურ შაშხანებს, მეორე ნაწილს კი _ აჯანყებულებს, მეზღვაურის ფორმას და შესაბამის ინვენტარს.
_ ორმოცდაათი აჯანყებული ორი ნაბიჯით წინ! _ ბრძანა კაპიტანმა.
ასივე ჯარისკაცმა ორი ნაბიჯით წინ წაიწია. როგორც გაირკვა, ჟანდარმობა არავის უნდოდა, მაგრამ კაპიტანმა ეს საქმეც იოლად მოაგვარა და ასეული შუაზე გაყო:
_ თქვენ, აქედან ხელმარცხნივ, აჯანყებულები იქნებით, დანარჩენები კი ჟანდარმები! კინოგადაღებისას თქვენი მეთაურია რეჟისორი, მხოლოდ მის ბრძანებებს შეასრულებთ! გასაგებია?!
დანი აჯანყებულებში მოხვდა. რა უხაროდა, თვითონაც არ იცოდა. სატვირთო მანქანაზე მდგომმა, თუთიყუშივით კაცმა, რომელსაც მოკაუჭებული ცხვირი, მზის სათვალე და ჭრელი ხალათი ამშვენებდა, მშვიდად დაიწყო აჯანყებული მეზღვაურებისთვის ქუდების, შარვლების, ზოლიანი მაისურების და `უზატვორო~ შაშხანების დარიგება. მეორე მანქანასთან ჟანდარმები ხორხოცებდნენ, ტანსაცმელს იზომებდნენ, საბრძოლო `იარაღს~ სინჯავდნენ.
ერთი საათის შემდეგ რეჟისორის თანაშემწემ აჯანყებული მეზღვაურები ტყის პირას განალაგა, ჟანდარმები ყაზარმასთან დაამწკრივა და რამდენიმე სიტყვით აუხსნა, რა უნდა გაეკეთებინათ. ჟანდარმები, ანიშნებდნენ თუ არა, იერიშზე უნდა გადასულიყვნენ, აჯანყებული მეზღვაურები ჯერ თავს დაიცავდნენ, მერე კი იწყებოდა უმთავრესი სცენა, ხელჩართული ბრძოლა. საიდანღაც ცხენები მორეკეს, ერთი ფაშატი დროგში შეაბეს, ხოლო ულაყები ჟანდარმერიის ორ ოფიცერს გამოუყვეს.
პირველი დუბლი მალევე შეწყვიტეს. ისე რომ, ხელჩართულ ბრძოლამდე საქმე არ მისულა. ჟანდარმების `ურა~ და იერიში დაიწუნა რეჟისორმა და გადაღება დროებით შეწყვიტა.
ცხელოდა. აჯანყებული მეზღვაურები ტყეს აფარებდნენ თავს, ჟანდარმები კი მზის გულზე მალიმალ ოფლს იწმენდნენ და ერთადერთ ჯუჯა ხესთან მიხორხლილები მზეს ემალებოდნენ.
მეორე დუბლი უკეთესი გამოვიდა. ჟანდარმების იერიშით კმაყოფილი იყო რეჟისორი, მაგრამ ხელჩართული ბრძოლა ისეთ ჩხუბში გადაიზარდა, რომ კაპიტანმა და რამდენიმე ოფიცერმა ძლივს გააშველა უმიზეზოდ წაკიდებული ჯარისკაცები. ესეც არ იყოს, ჟანდარმებს უნდა ემარჯვათ, მეორე დუბლში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა, მეზღვაურებმა გვარიანად მიტყიპეს ჟანდარმები, იარაღი აყარეს და კონდახებს გამეტებით ურტყამდნენ მოწინააღმდეგეს. სცენარი სულ სხვაგვარად უნდა განვითარებულიყო, ჟანდარმები გაიმარჯვებდნენ, ხოლო აჯანყებული მეზღვაურები ტყეში გაიფანტებოდნენ. ჩხუბის სცენა იმდენად ბუნებრივი გამოვიდა, რომ რეჟისორმა სახელდახელოდ კინაღამ სცენარი შეცვალა. ჯგუფური ჩხუბის მონაწილეები ძლივს დააცალკევეს და რეჟისორი ერთი საათის მანძილზე ხმაჩახლეჩილი უხსნიდა ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე მხარეს, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ.
_ თქვენ თავს იცავთ, _ მიმართავდა აჯანყებულებს, _ მერე ტყისკენ უკან იხევთ და უწესრიგოდ იფანტებით. გამარჯვების დროც დაგიდგებათ, ოღონდ ჯერ ჟანდარმები იმარჯვებენ, მერე თქვენ. საბოლოოდ მაინც ჟანდარმები გაიმარჯვებენ, შეგიპყრობენ და დაგატუსაღებენ. აი, ეს ათი მეზღვაური, _ რეჟისორმა გადათვალა ათიოდე კაცი, ჯგუფიდან გამოყო და გაიმეორა, _ აი, ეს ათი კაცი ტყეში მიმალვას მოახერხებს. მერე იწყება ძებნა. ჟანდარმები გეძებენ, თქვენ იმალებით, ბოლოს მაინც მარცხდებით. ეს არის და ეს. რა არის გაუგებარი. ნახევარი საათი შეისვენეთ და მერე განვაგრძოთ.
ომობანას თამაშში ჩათრეულები `ბრძოლის ველის~ სხვადასხვა მხარეს განლაგდნენ. იქითაც აბოლებდნენ, აქეთაც. ზოგი ქვებზე ჩამოჯდა, ზოგი ზედ მიწაზე გაგორდა. ნახევარსაათიანი შესვენება მთელ საათს გაგრძელდა.
მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი დანი ხესთან იდგა და გადასაღებ მოედანს გულგრილად ათვალიერებდა. დროგში შებმულმა ფაშატმა დაიჭიხვინა. დანმა დაინახა, ჭიხვინიდან რამდენიმე წამში, როგორ ფსამდა ფაშატი, უკანა ფეხებთან მთელი გუბე დააყენა. ჟანდარმერიის პორუჩიკის ულაყმა ბალახის წიწკნას თავი ანება, დაიყურსა, ნესტოები დაბერა, დაიფრუტუნა და გრძელი კისერი მაღლა ასწია, თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა, თვალსა და ხელს შუა გაზრდილი მორი ლამის მიწამდე დასთრევდა, მერე უეცრად ადგილს მოსწყდა და ფაშატისკენ გაქანდა. ფაშატს რომ მიუახლოვდა, წინა ფეხებით აეტოტა და რადგან დროგმა სასურველ მხარეს არ გაუშვა, გვერდიდან შეახტა და მორი ფერდში ატაკა. ორმა ჟანდარმმა მოახერხა ულაყის აღვირით დათრევა, ფაშატს ძლივს მოაცილა და ერთ-ერთმა მაგანმა მათრახი რამდენჯერმე გადაუჭირა გავაზე. ულაყს კუნთები უთრთოდა, აიყალყა, მაგრამ გაბრძოლების მერე ჟანდარმებს მორჩილად გაჰყვა. სადღაციდან გამომძვრალი მოზრდილი მორი უცბად დაპატარავდა და გაუჩინარდა. ამ სანახაობის შემსწრე მეზღვაურებმა და ჟანდარმებმა საკუთარი საზარდულების უნებლიე გამოღვიძება იგრძნეს და ზოგიერთი მათგანი წელში მოიხარა ან მიწაზე ჩაჯდა, უეცრად გამობურცული `ადგილები~ რომ დაემალათ. დანმა ქამარი შეიძრო, დააგრძელა, წელს ქვემოთ საკმაოდ დასწია და ისე შემოირტყა, წელში მოხრილი რომ არ დარჩენილიყო. რეჟისორის ასისტენტს, ოცდაათი წლის მოხდენილ ქალს ასიოდე ჯარისკაცის მზერა ბურღავდა. ამ დროს იმარჯვა კაპიტანმა, რეჟისორს უფლებები ჩამოართვა, ჟანდარმები და მეზღვაურები ოთხრიგად დაამწკრივა და ნახევარსაათიან სამწყობრო მეცადინეობას შეუდგა.
რეჟისორის ასისტენტი სადღაც გაქრა. ჯარისკაცები დროდადრო თვალს აპარებდენენ იქითკენ, სადაც ეს მოხდენილი ქალი, აკეცილ თმას რომ კეპი უფარავდა და თვალზე მზის სათვალე მოერგო, გამომწვევად იდგა, მაგრამ იგი აღარსად ჩანდა. რეჟისორიც გაუჩინარებულიყო.
ამასობაში მოსაღამოვდა. გადაღება მეორე დღისთვის გადაიდო. საველე სამზარეულოდან მოხორხოცე მეზღვაურები და ჯარისკაცები თავ-თავიანთ ულუფას კარდალებიდან შეექცეოდნენ და რატომღაც ერთმანეთს უბღვერდნენ.
ხანის სასახლიდან ორასიოდე მეტრში დანმა ჩანჩქერი აღმოაჩინა. ვიდრე მოლურჯო ბინდი სივრცეს ჩაამუქებდა, მეზღვაურის ფორმა გაიძრო, გაშიშვლდა და კლდიდან ჩამომდინარე ყინულივით წყლის ქვეშ დადგა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იდგა ჩანჩქერში. ცოტა რომ შესცივდა, გამოვიდა და ტანი პირსახოცით შეიმშრალა. არასდროს ყოფილა ასეთი მსუბუქი და ბედნიერი, ფრენის სურვილით შეპყრობილი, თუმცა მოახლოებული დემობილიზაცია აფორიაქებდა და უსაშველოდ გაჭიმული დრო გასვლას არ ჩქარობდა.
ყაზარმაში რომ დაბრუნდა, ეზოში თავშეყრილ, დადუმებულ, პირმოკუმულ ჯარისკაცებს გადაეყარა.
როგორც გაირკვა, გულიაევი თავლაში ჩაეკეტათ. იქ უნდა გაეტარებინა ხუთი დღე-ღამე. საღამოს კი, როცა ცხენები თავლაში შერეკეს, ჩამომხრჩვალი უნახავთ. თავლის ჭერზე, რომელიღაც კოჭზე გამობმულ თოკზე ძლივსშესამჩნევად ირწეოდა თურმე მისი სხეული.
ჯარისკაცები ეჭვობდნენ, რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო. ვარაუდობდნენ, რომ ამ საქმეში ვიღაცები მიეხმარნენ საწყალ გულიაევს.
კიდევ ერთი თუთიის კუბო ჩაიკარგება საბჭოურ სამარეში და მიზეზს ვერავინ გაიგებს. მის სამხედრო მამაცობაზეც რაღაცას იყიპყიპებენ და პატივით მიაბარებენ მშობლიურ მიწას. იტყვიან კიდეც: მსუბუქი იყოს შენთვის და ა.შ. მხოლოდ გამზრდელ ბებიას ეტკინება გაყინული ძვლები, მაგრამ მის ტკივილს, თუკი შეიძლება მკვდარს რაიმე ეტკინოს, ვეღარავინ გაიგებს. ქელეხზე გადაკრული არაყი მოგვიანებით სხეულებს თავთავიანთ ბუნაგში წაიყვანს.
დილით ისევ გაგრძელდა კინოგადაღება.
No comments:
Post a Comment