Wednesday, December 30, 2009

ქვიშის რაგბი


ილია კობერიძე

პირველი თასი მეორე ბრიგადას
(ქვიშის რაგბი)

საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის მიმდინარე წლის ზაფხული სპორტული შეჯიბრებებით ძალზედ გადატვირთული გამოდგა. გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სამსახურის ორგანიზებით ივლისში შეიარაღებული ძალების თასის პირველი გათამაშება გაიმართა ფეხბურთში, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. აგვისტოს თვეში ჩატარებული სარაგბო ჩემპიონატიც ასევე მეორე ბრიგადამ მოიგო.
ფეხბურთის ტურნირისა არ იყოს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შვიდკაცა რაგბის გუნდური ჩემპიონატიც პირველად ჩატარდა. შეჯიბრს 10-16 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონის დაბა ადლიის სპორტულმა მოედანმა უმასპინძლა. მასში რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ისინი აღმოსავლეთ-დასავლეთის პრინციპით, ორ ქვეჯგუფად გადანაწილდნენ. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალებში დაუპირისპირდნენ.
პირველ ნახევარფინალში მეორე ბრიგადამ თავდაცვის ეროვნული აკადემია დაამარცხა, მისი მეტოქე კი მესამე და მეოთხე ბრიგადების გუნდების დაძაბულ ბრძოლაში გაირკვა, რომელიც კაცნაკლულმა მეოთხე ბრიგადამ მინიმალური სხვაობით დათმო.
სამაგიეროდ, მესამე ადგილისთვის მატჩში მეოთხე ბრიგადამ თავდაცვის ეროვნული აკადემიის გუნდს სძლია და ნახევარფინალში განცდილი დასანანი მარცხისთვის ხასიათი ოდნავ გამოიკეთა.
ფინალური შეხვედრა კიდევ უფრო დრამატული და საინტერესო გამოდგა. მეორე და მესამეI ბრიგადების დაპირისპირების ბედი ერთმა ლელომ გადაწყვიტა და შვიდკაცა რაგბიში საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ თასსაც მეორე ბრიგადის გუნდი დაეუფლა. ამავე გუნდის ლიდერი, კაპრალი, ირაკლი ფოჩხუა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა.
სარაგბო ტურნირი მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ მისი დასრულების შემდეგ შეიარაღებული ძალების პირველი სამოყვარულო ნაკრები შედგა, რომელმაც საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ორგანიზებით გამართულ ბათუმის ქვიშის რაგბის ტურნირში, “ბათუმი 2009”-ში მიიღო მონაწილეობა. მოყვარულების გარდა შეჯიბრში საქართველოს უმაღლესი ლიგისა და ქალთა გუნდებიც გამოდიოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ახლადჩამოყალიბებულმა ნაკრებმა რვაგუნდიან სამოყვარულო ტურნირში საკმაოდ კარგად იასპარეზა. ტურნირს სამოყვარულო კი ერქვა, მაგრამ მისი სხვა მონაწილეები ფაქტიურად საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდების პროფესიონალი სარეზერვო მოთამაშეებით გახლდათ დაკომპლექტებული, მე-8 მონაწილე კი სულაც სომხეთის ეროვნული ნაკრები იყო. ასეთ მეტოქეებთან ჭიდილში თავდაცვის სამინისტროს გუნდს თავი სულაც არ შეურცხვენია. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჩვენმა მორაგბეებმა რამდენიმე ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხეს; მათ შორის, სომხეთის ნაკრებიც და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვეს. სამწუხაროდ, ფინალური მატჩი სამინისტროს ნაკრებმა დათმო, თუმცა დებიუტანტის კვალობაზე მაინც სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.
მაღალ დონეზე ორგანიზებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარაგბო პირველობამ და ბათუმის სამოყვარულო ტურნირზე ჩვენი მორაგბეების წარმატებულმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიარაღებულ ძალებში მოწვეული რაგბის პროფესიონალი მწვრთნელების მუშაობას უკვე სათანადო შედეგი გამოუღია. საქართველოში სპორტის ეს სახეობა დღითიდღე სულ უფრო პოპულარული ხდება და ფაქტია, რომ არმიაშიც საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სამსახურის ხელმძღვანელებმაც ეს ყველაფერი გაითვალისწინეს და 20-21 ოქტომბერს შვიდკაცა რაგბიში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნისადმი მიძღვნილ მორიგ ტურნირს ატარებენ. ამ შეჯიბრს დამატებით ის დატვირთვაც ექნება, რომ მასში ნაჩვენები შედეგების მიხედვით ისევ შედგება შეიარაღებული ძალების სარაგბო ნაკრები, რომელიც 24-25 ოქტომბერს უკვე საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

No comments:

Post a Comment