Wednesday, December 30, 2009

ქართული ჭიდაობა ჯარში



ილია კობერიძე

ქართული ჭიდაობის ტრადიცია ჯარშიც გრძელდება

ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ საქართველოში სპორტის უძველესი ეროვნული სახეობა ქართული ჭიდაობაა. ქართლის ცხოვრებაში საფალავნო ამბები ჯერ კიდევ XII საუკუნიდან არის აღწერილი, ალავერდის ტაძრის შესასვლელთან კი XV საუკუნის ბარელიეფია შემონახული, რომელზეც ქართული ჭიდაობის მომენტია აღბეჭდილი. ეკლესიის კარიბჭესთან სპორტული ორთაბრძოლის ამსახველი ნაკეთობის აღმოჩენა შემთხვევითი სულაც არაა. ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრებები არა მხოლოდ საერო, არამედ საეკლესიო დღესასწაულებზეც იმართებოდა და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. სულ ახლახანს, ალავერდობის დღესასწაულზე, ახმეტაში საინტერესო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმაც მიიღო და თავის წონაში ჩემპიონიც გახდა. ზვიადაურისთვის, ისევე, როგორც სხვა პროფესიონალი ქართველი ფალავნებისთვის სპორტის ეს სახეობა უცხო სულაც არაა, ვინაიდან ბევრმა მათგანმა კარიერა სწორედ ქართული ჭიდაობით დაიწყო. ზვიადაურის მსგავსად, ქართულ ჭიდაობაში აიდგეს ფეხი და შემდგომში მსოფლიო მწვერვალები დაიპყრეს ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა - დავით ხახალეიშვილმა, თემურ ხუბულურმა, შოთა ჩოჩიშვლმა, შოთა ხაბარელმა და სხვებმა. ქართული ჭიდაობის სკოლაგამოვლილ ფალავნებს ძიუდოში, სამბოსა თუ კლასიკურ და თავისუფალ ჭიდაობაში წარმატებების მიღწევა იმიტომაც უადვილდებათ, რომ ამ სახეობებში ქართული ჭიდაობის ილეთები ფართოდაა დამკვიდრებული.
ადრეულ წლებში ქართულ ჭიდაობას საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა და სამხედრო მომზადების ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნეოდა. ქართველ მეომრებს მტერთან ბრძოლაში ხმლის უნარიანად ქნევის გარდა საბრძოლო ხელოვნების ილეთების გამოყენებაც კარგად შეეძლოთ და საკვირველ გამარჯვებებს სწორედ ამის წყალობით აღწევდნენ.
სასიხარულოა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქართული ჭიდაობა დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ამას ხელს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სამსახურიც უწყობენ. სწორედ მათი ინიციატივით 24 სექტემბერს სპორტკომპლექს “ორბი”-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი პირად-გუნდური პირველობა ჩატარდა ქართულ ჭიდაობაში. შეჯიბრის მიზანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტის ამ სახეობის აღორძინება და მისი კიდევ უფრო პოპულარიზაცია იყო. ტურნირში 83-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები და პრიზიორები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 60 კგ.-ში ლაშა გაბოძემ იმარჯვა II საარტილერიო ბრიგადიდან; 70, 80 და 90 კგ.-ში პირველობა არავის დაუთმეს სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების ფალავნებმა - ზურაბ დოღონაძემ, თენგიზ მამადაშვილმა და იაგო ჯავახიშვილმა; მძიმე წონაში კი გამარჯვებული გელა ბეჭვაია გახდა III ქვეითი ბრიგადიდან. ამ შედეგების მიხედვით ლოგიკურია, რომ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების გუნდმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილებზე კი შესაბამისად, III ქვეითი და II საარტილერიო ბრიგადები გავიდნენ. ტურნირის გამარჯვებულები შესაბამისი დიპლომებით, მედლებით, თასებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, შეიარაღებული ძალების ჩემპიონატის პირველადგილოსნებს სულ მალე საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების საშუალებაც მიეცემათ, რომელსაც ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ჩაატარებს.

No comments:

Post a Comment