Wednesday, December 30, 2009
სპორტკომლექს ”ორბის” ხელმძღვანელი
ილია კობერიძე
ჯარში სპორტისადმი ინტერესი იზრდება
(სპორტულ-გამაჯანსაღებელი სამსახურის საქმიანობა და გეგმები)
ბოლო ორი წელია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტული აქტივობის მხრივ აშკარად გამოცოცხლება შეინიშნება. სპორტის ამა თუ იმ სახეობაში რეგულარულად ტარდება ტურნირები, რომლებიც ჯარში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს. ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სამსახური და მისი ხელმძღვანელი, უფროსი ლეიტენანტი, რეზო კილაძეა. სპორტკომპლექს “ორბი”-ში მისვლის დღიდან ბატონი რეზო მაქსიმალურად ცდილობს ჯარში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყოს ხელი და ამ მიზნით არაერთი საინტერესო და სასარგებლო წამოწყების ინიციატორად მოგვევლინა. მისი სამსახურის საქმიანობა ქართულ მედიაში საკმაოდ ფართოდ შუქდება, თუმცა მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ამის შესახებ ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვისაც მოგვეთხრო.
- ბატონო რეზო, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი სამსახური სიახლეს წარმოადგენს...
- მართლაც, ქართულ ჯარში ასეთი სამსახური აქამდე არ არსებობდა. 2007 წლის მიწურულს სპორტკომპლექს “ორბი”-ს უფროსად რომ დავინიშნე, მიზნად ჯარში სპორტული ცხოვრების გამოცოცხლება დავისახე. თავადაც ფიზ-კულტურის ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული. საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც კარგა ხანია ვმსახურობ და მშვენივრად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ჯარისკაცისთვის სათანადო ფიზიკური მომზადება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სამსახური უკვე თითქმის ორი წელია არსებობს და ვფიქრობთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩატარებული ტურნირებითა თუ სხვა სახის ღონისძიებებით ჯარში სპორტული ცხოვრების გამოცოცხლებაში მოკრძალებული წვლილი ჩვენც შევიტანეთ.
- თქვენი სამსახურის პირველი ღონისძიებები თუ გახსოვთ?
- ჯარის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიარაღებულ ძალებში ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებული სპორტის ძალისმიერი სახეობებია. ამიტომ, კარგად მახსოვს, რომ შეიარაღებულ ძალებში პირველი ტურნირი კრივში ჩავატარეთ. შიდა პირველობა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გამარჯვებულებისგან კი გუნდი შევადგინეთ, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ყველას გასაკვირად, საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენა. საბოლოო ჯამში ჩვენმა ბიჭებმა ოთხი მედალი მოიპოვეს. ერთი ჩემპიონი გვყავდა, ერთი - მეორეადგილოსანი და ორიც2 - მესამეადგილოსანი. ამას მოჰყვა შიდა საფეხბურთო ტურნირი, რომლის საფუძველზეც შეიარაღებული ძალების ნაკრები გუნდის შექმნა გადავწყვიტეთ. ჩატარდა საკმაოდ შრომატევადი სასელექციო სამუშაო და გუნდიც შედგა, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგაში “გვარდიის” სახელით გამოდის და ბოლოდროინდელი ასპარეზობის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგ შედეგებსაც აღწევს.
- საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე სპორტული ქვედანაყოფი რომელია?
- სპორტის ცალკეული სახეობების მიმართ ინტერესი ყველგან მაღალია და წარმატებული სპორტსმენებიც ყველა ქვედანაყოფში მრავლად გვყავს. ახლა არ მინდა ვინმე გავანაწყენო და ამიტომ ამ კითხვაზე პასუხს შედეგების მიხედვით გავცემ. ისე, ალბათ, ლოგიკურიცაა, რომ ყველაზე სპორტულ ქვედანაყოფად სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება ითვლება. თუმცა მოპოვებული მედლებითა და თასებით II ბრიგადა ლიდერობს.
- როგორ ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და იმ სახეობების შერჩევა, რომლებშიც შემდგომში ტურნირები უნდა ჩატარდეს?
- პირველ რიგში თავად ჯარისკაცების ინტერესებსა და სურვილებს ვითვალისწინებთ. ასევე ვატარებთ ტურნირებს ისეთ სახეობებში, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჭიროც არის და სასარგებლოც. მაგალითად, გარდა სპორტის ძალისმიერი სახეობებისა, რომლებიც ჯარისკაცის ფიზიკური მომზადების ამაღლებას უწყობს ხელს, 2009 წლის კალენდარში ასევე შევიტანეთ სნაიპერების შეჯიბრი და ტურნირები პისტოლეტითა და M-4-ით სროლაში. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამსახურის კომპეტენციაში არა მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ჩატარება, არამედ თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებისა და გაერთიანებული შტაბის ოფიცრების მომზადებაც შედის პისტოლეტით სროლაში. ჩვენს თანამშრომლებს ამისათვის სათანადო განათლება და გამოცდილება გააჩნიათ. თითოეულ მათგანს ორი ათასი კაცი მაინც ჰყავს მომზადებული. თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების ინსტრუქტორების დახმარებით გავაკეთეთ პისტოლეტით სროლის კურსები და კურსდამთავრებულებს სპეციალურ სერთიფიკატებს გადავცემთ.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- 2009 წლის კალენდარი საკმაოდ გადატვირთული და მრავალფეროვანი გამოდგა, მაგრამ წლის განმავლობაში მასში ცვლილებების შეტანა მაინც მოგვიხდა; იმიტომ, რომ შეიარაღებულ ძალებში სპორტისადმი ინტერესი ყოველდღიურად იზრდება და ჩვენც ახალ-ახალი ტურნირების ჩატარება გვიწევს. აქედან გამომდინარე, 2010 წლისთვის ღონისძიებები თითქმის გაორმაგდება. ასევე დაგეგმილი გვაქვს სპორტული ასეულის ჩამოყალიბება. ამისათვის ფაქტიურად ყველაფერი მზადაა. თითო-თითო ოცეული ფეხბურთელებისგან და მოირაგბეებისგან დაკომპლექტდება, მესამეში კი ძალისმიერი სპორტის სახეობების (ჭიდაობა, კრივი, კიკბოქსინგი, ბრძოლა წესების გარეშე და სხვა) წარმომადგენლები გაწევრიანდებიან. ასევე შევეცდებით მომავალ წელს შეიარაღებული ძალების შიდა პირველობებში წარმატებით გამოსულმა რაც შეიძლება ბევრმა სპორტსმენმა საქართველოს პირველობებში და შემდგომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მიიღოს მონაწილეობა.
- ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ნებისმიერი, თუნდაც ნაკლებად წარმომადგენლობითი ტურნირის ჩატარებასაც კი საკმაოდ სოლიდური თანხები სჭირდება. ამ მხრივ როგორ გაქვთ საქმე?
- თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელები ყოველმხრივ მხარში გვიდგანან და პრაქტიკულად არანაირი პრობლემა არ გვაქვს. გარდა ამისა, დიდად გვეხმარება კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ბატონმა ნიკა რურუამ ცოტა ხნის წინ საჩუქრად ტატამი გადმოგვცა. ასევე მხარში გვიდგას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და ცალკეული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, რომლებიც ტურნირების დროს მსაჯებს გვიგზავნიან და სხვა მხრივაც გვეხმარებიან. ასე რომ, საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეულ მოსამსახურეს ყველანაირ პირობას ვუქმნით ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს და მისთვის სასურველ სპორტის სახეობაში წარმატებას მიაღწიოს. ჩვენს ნებისმიერ წამოწყებას თავად ჯარისკაცებიც დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან და იმედი მაქვს, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment