Wednesday, December 30, 2009

საკალათბურთო ტრიუმფი აგვისტოს ომის ნაკვალევზე



ილია კობერიძე

საქართველო არასოდეს დანებდება 

(საკალათბურთო ტრიუმფი აგვისტოს ომის ნაკვალევზე)

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა თავისი კვალი პრაქტიკულად ცხოვრების ყველა სფეროს დაატყო. გამონაკლისი არც სპორტი გამოდგა. ყველას ახსოვს საომარი მოქმედებების მსვლელობისას პეკინის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველი სპორტსმენების რეაქცია, რომელთაც ოლიმპიადა ოდენ ქვეყნის პრეზიდენტის თხოვნის გამო არ დატოვეს.
ცოტა მოგვიანებით კალათბურთელთა ნაკრებსაც ელოდა უაღრესად პრინციპული თამაშები, მაგრამ ომის შემდეგ თბილისში ასეთი დონის შეხვედრების გამართვა არ შეიძლებოდა და ჩვენი კალათბურთელებიც იძულებულნი გახდნენ 2008 წლის სექტემბერში დაგეგმილი ოთხივე მატჩი სტუმრად ჩაეტარებინათ. ამის საშუალება საქართველოს ნაკრებს მოწინააღმდეგე გუნდების კალათბურთის ფედერაციების მიერ გამოვლენილი კეთილი ნების წყალობით მიეცა. ჩვენს გასაჭირს ყველანი გაგებით მოეკიდნენ და მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოში შარშან ჩასატარებელი მატჩებისთვის თავად ემასპინძლათ, ხოლო ერთი წლის შემდეგ, განმეორებითი შეხვედრები თბილისში გაემართათ.
მთელს ევროპას ლტოლვილებივით ვიყავით მოდებულნიო, - სიმწრით ხუმრობდნენ მაშინ ბიჭები. მიუხედავად ამისა, მათ დასახულ ამოცანას თავი ჩინებულად გაართვეს. ოთხიდან სამი თამაში მოიგეს, მეოთხეში მხოლოდ ორი ქულის სხვაობით დამარცხდნენ და დივიზიონში აღზევების ბრწყინვალე შანსი შეინარჩუნეს.
ამ შანსს ისიც ზრდიდა, რომ სწორედ შარშანდელი ომის გამო ახლა ოთხივე შეხვედრა საკუთარ მოედანზე, ქართველი გულშემატკივრის თვალწინ უნდა ჩაეტარებინათ.
მოედნის ფაქტორის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი კიდევ ის გახლდათ, რომ ყველა მატჩის შინ გამართვით ბიჭები მგზავრობასთან დაკავშირებულ პრობლემებს თავიდან აიცილებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 11-დღიან მონაკვეთში ევროპაში ორჯერ უნდა ემოგზაურათ, რაც მთელ რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრებს ისტორიული შანსი მიეცა ქართველი გულშემატკივრის კარგა ხნის ოცნება აეხდინა და ევროპის უძლიერეს ნაკრებთა შორის თამაშის უფლება მოეპოვებინა. ყველაფერი ხომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კალათბურთელების ხელში იყო.
აგვისტოს მიწურული თბილისში უჩვეულოდ გრილი კი გამოდგა, მაგრამ ქალაქი მაინც გვარიანად დაცლილიყო. მიუხედავად ამისა, სპორტის სასახლეში არცერთ შეხვედრაზე გულშემატკივართა ნაკლებობა არ შეინიშნებოდა. პირიქით, თამაშიდან თამაშამდე მაყურებელთა რაოდენობა შესამჩნევად მატულობდა და ბოლო შეხვედრებში დარბაზში, რომ იტყვიან, ნემსიც არ ჩავარდებოდა; ბილეთები კი თამაშამდე ორი დღით ადრე იყიდებოდა. სხვათაშორის, მაყურებელთა შორის მრავლად იყვნენ ჩვენი ჯარისკაცებიც და კალათბურთელების გამხნევებაში საკუთარი წვლილი მათაც შეჰქონდათ. გულშემატკივრობა, მართლაც, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია და ეს არა მხოლოდ ქართველებმა, არამედ ჩვენმა სტუმრებმაც არაერთგზის აღიარეს. მოწინააღმდეგე გუნდების თითქმის ყველა მოთამაშე და მწვრთნელი მარცხის შემდეგ მარტო ამას გაიძახოდა, ასეთი ქომაგობით საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიაო. თან დარწმუნებით შეიძლება ითქვას - ამას ისინი იმიტომ არ ამბობდნენ, რომ მარცხის გამო თავი ემართლებინათ. თვით NBA-სა და ევროპის სხვადასხვა ლიგებში გამობრძმედილმა გაქართველებულმა ამერიკელმა, ტაირონ ელისმაც აღიარა, ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავსო. შეიძლება ითქვას, რომ სრულად გამართლდა სპორტულ წრეებში დამკვიდრებული ტერმინი (ამ შემთხვევაში მხედველობაში კალათბურთია) - გულშემატკივარი მეექვსე მოთამაშეაო. ქომაგებს ბიჭების გასამხნევებლად თავი არ დაუზოგავთ, საპასუხოდ კი დარბაზიდანაც ანალოგიური თავგანწირვის მაგალითებს იღებდნენ.
ახლა ცალკეული მატჩების პერიპეტიების აღწერას აღარ შევუდგებით, ვინაიდან სპორტის სასახლეში მისულმა თუ ტელევიზორთან მოკალათებულმა გულშემატკივარმა ყველაფერი თავად იხილა და განიცადა. სტატისტიკა ასეთია - 25-დღიან მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა მიჯრით ექვსი უპრინციპულესი მატჩი მოიგო. მოიგო ყველა დამაჯერებლად, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში გამართული და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლამაზი თამაშის წყალობით.
გუნდს აშკარად ეტყობოდა კვალიფიციური მწვრთნელის გამოცდილი ხელი. სერბმა სპეციალისტმა, იგორ კოკოშკოვმა მის განკარგულებაში მყოფი თითოეული მოთამაშის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენა, ტაქტიკასაც სწორად არჩევდა, წუთშესვენებებსაც დროულად იღებდა, შეცვლებსაც შედეგიანად აკეთებდა და შეგირდებს დროსაც ზედმიწევნით ზუსტად უნაწილებდა. ამ ყველაფრის წყალობით საქართველოს ნაკრების საბოლოო გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ პრაქტიკულად არცერთ შეხვედრაში არ დამდგარა. და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენმა კალათბურთელებმა ნამდვილი სპორტული ჟინი, გაუტეხლობა და შეუპოვრობა გამოავლინეს.
ამ ბოლო სიტყვების საილუსტრაციოდ ერთი ჩვეულებრივი, თითქოს არაფრით გამორჩეული სათამაშო ეპიზოდის გახსენებაც კმარა, რომელსაც ბევრმა და, შეიძლება, თავად მოვლენის მთავარმა გმირმაც, ყურადღება არც კი მიაქცია. არადა, აღნიშნული ეპიზოდი საქართველოს ნაკრების თითოეული კალათბურთელის თავგანწირვის ნათელ გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს.
ეს ამბავი 15 აგვისტოს გამართულ პირველივე შეხვედრაში მოხდა. ყველაზე სუსტ მეტოქეს, ლუქსემბურგის ნაკრებს ორმოცზე მეტი ქულით ვამარცხებდით. მატჩის უკანასკნელი წამები მიმდინარეობდა და პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მიუხედავად ამისა, ვიქტორ სანიკიძემ მოედნის კიდეზე გადამავალი, თითქმის განწირული ბურთი აკრობატულ ნახტომში უკანვე შემოაბრუნა, თან ისე, რომ, შეიძლებოდა, ეს ფაქტიურად არაფრისმომცემი ეპიზოდი მისთვის ძალიან მძიმე ტრავმით დასრულებულიყო.
ერთი შეხედვით ამაში გასაკვირი არც არაფერია. ანალოგიური თავგანწირვა სპორტის გულშემატკივარს ტელევიზორში არაერთხელ უნახავს, მაგრამ ძირითადად უცხოელი ათლეტების შესრულებით. სამწუხაროდ, ქართველ სპორტსმენებს ამგვარი მაგალითებით განებივრებულნი არ ვყავართ და სანიკიძის საქციელი გამოსარჩევი და დასამახსოვრებელი ამიტომაც იყო, თორემ ისე, საქართველოს ნაკრების მეცამეტე ნომერმა მთელს შესარჩევ ციკლში თავი სხვა რამით უფრო გამოიჩინა. სანიკიძე ექვსივე შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და, თავგანწირული და შედეგიანი ასპარეზობის გარდა გულშემატკივარს თავი ეფექტური თამაშითაც დაამახსოვრა. საბოლოო ჯამში იგი Bდივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი და მომხსნელი (საშუალოდ შეხვედრაში 18.6 ქულა და 11 მოხსნა) გახდა.
ასევე საუკეთესო იყო დივიზიონის გამთამაშებლებს შორის გიორგი ცინცაძე (საშუალოდ შეხვედრაში 5.8 შედეგიანი გადაცემა).
და, საერთოდ, საქართველოს ნაკრები ისეთ გუნდად ჩამოყალიბდა, რომ რომელიმე მოთამაშის გამორჩევა ძნელია. საბოლოო გამარჯვებაში ყველას თავისი წვლილი შეაქვს, როგორც ძირითად ხუთეულს, ასევე სათადარიგოებს. მთლიანობაში ჩვენი ნაკრები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თანაბრად დაკომპლექტებული და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყველაზე ახალგაზრდული გუნდია. თუ ელისს არ ჩავთვლით, ყველაზე ხნიერი მოთამაშე 28 წლის ვლადიმერ ბოისაა, დანარჩენები კი გაცილებით ახალგაზრდები არიან. თან, ჯერ ისევ უწვერული, 17-18 წლის ჭაბუკების სახით ნაკრებს სამომავლოდაც იმედისმომცემი შევსება ექნება.
ცალკე საუბრის თემაა საქართველოს ნაკრების კაპიტანი და არა მხოლოდ მისი შესანიშნავი თამაშის, სპორტული მიღწევებისა თუ ნაკრებისთვის მოტანილი უდიდესი სარგებლის გამო. ზაზა ფაჩულიას ამ კუთხით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იცნობენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან თავი სულ სხვა კუთხით დაგვამახსოვრა და ამის გამო გულშემატკივარმა კიდევ უფრო მეტად შეიყვარა. ჯერ იყო და, გასული წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში ფაჩულია ატლანტაში, ჯორჯიის შტატში მცხოვრებ სხვა ქართველებთან ერთად ჩვენი ქვეყნისა და მებრძოლების მხარდამჭერ აქციებს აწყობდა. მერე, 15 აგვისტოს ჩNN-ის სტუდიაში ანტისაომარი მიმართვით გამოვიდა. სულ ცოტა ხნის წინ კი ატლანტის ცენტრში რესტორანი და ღვინის ბარი იყიდა და, ცდილობს ამერიკელებს ქართული კერძები და ღვინოები უფრო ახლოს გააცნოს.
ეს არასრული ჩამონათვალია ზაზას მოედანს მიღმა საქმიანობისა და ყველაფრიდან ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავისი ქვეყნის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის ძალისხმევას არ იშურებს. თან ყოველთვის გაწონასწორებული და გონივრული განცხადებებით მომავალი თაობასაც კარგ მაგალითს აძლევს. მისი გამონათქვამებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ამ ზაფხულს ნათქვამი ერთი უბრალო ფრაზაა, რისი წყალობითაც კალათბურთის გულშემატკივრის და უბრალო ქართველის თვალში ფაჩულიას ავტორიტეტი ერთი-ორად გაიზარდა. ირლანდიასთან მატჩის წინ ჟურნალისტმა ჰკითხა, _ გულშემატკივარს რას მოუწოდებდიო?
აბა, ჩემი მოწოდება რა საჭიროა?! შენი ქვეყნის ეროვნული გუნდი თამაშობს და საგულშემატკივროდ რომ უნდა მოხვიდე, ამის შეხსენება აღარ უნდა დაგჭირდესო, - იყო პასუხი.
სანიკიძის განწირული ნახტომისა არ იყოს, ქართველი სპორსტმენისგან ხშირად ვერც ასეთ ფრაზას გაიგონებ. იმ დღიდან მოყოლებული ზაზა გულშემატკივრის თვალში არა მხოლოდ ჩინებული კალათბურთელი, კარგი შვილი და მეუღლე, არამედ კიდევ უფრო კარგი ქართველიცაა - თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი.
A დივიზიონში აღზევებული საქართველოს ნაკრები კი ზაზა ფაჩულიას წინამძღოლობით ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადება. მარტო ის რად ღირს, რომ ამიერიდან თბილისში კონტინენტის უძლიერესი ნაკრებები ჩამოვლენ და ჩვენი გუნდიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზურის მოპოვებას მათთან ჭიდილში შეეცდება. მართალია, საქართველოს ნაკრებისთვის უკვე ეს მიღწევაც უდიდეს წარმატებად ითვლება, მაგრამ გულშემატკივარს ყოველთვის მეტი და მეტი სურს და, თავად მოთამაშეებსაც აშკარად ეტყობათ, რომ მიღწეულით დაკმაყოფილებას არც ისინი აპირებენ. ამ ბიჭებს უდაოდ უფრო დიდი გამარჯვებების მოპოვების პოტენციალი გააჩნიათ და ჩვენც მორიგ, დაუვიწყარ დღეებს ველით. მათ ხომ შეძლეს და ომით გამოწვეული სირთულეები ისტორიული წარმატების საწინდრად აქციეს, რითაც ავადსახსენებელი აგვისტოს თვე ერთი წლის თავზე ნამდვილ დღესასწაულად გვიქციეს. ამით ჩვენმა კალათბურთელებმა ნათელი მაგალითი მოგვცეს მთელს ერს, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ დამანგრეველი ომის შემდეგ ცხოვრება და ქვეყნის მშენებლობა; დანარჩენ მსოფლიოს და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს მტრებს კი დაანახეს, რომ საქართველო არასოდეს დანებდება.

No comments:

Post a Comment