Thursday, December 24, 2009

მეომრები, ვისაც სიკვდილის არ ეშინიათ



გიორგი თუხარელი

გურხები - მეომრები, ვისაც სიკვდილის არ ეშინიათ

"თუკი ადამიანი ამტკიცებს, რომ სიკვდილის არ ეშინია, ან იტყუება... ანდა გურხაა".
ნეპალური გამოთქმა


მთიან რელიეფზე ომის წარმოების საჭიროება ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს, როდესაც ევროპელ მონარქებს რეალურად გაუჭირდათ შვეიცარიელ მებრძოლებთან გამკლავება ალპებში. მართალია, შვეიცარიელები ამ დროს პარტიზანულად მოქმედებდნენ, მაგრამ მათ განსაკუთრებული ტაქტიკა ჰქონდათ შემუშავებული მაღალმთიან რელიეფზე მოქმედებისათვის. სამთო მოქმედების სამხედროები პირველ მსოფლიო ომში უკვე ცალკეული ქვედანაყოფების დონეზე ჩნდებიან. ცნობილია, რომ ავსტრია-უნგრეთის თავდაცვამ იტლალიელების ძლიერი იერიში მოიგერია სწორედ სამხედრო მთასვლელების დახმარებით. 1918 წლის ზაფხულში, სან მატეოს ბრძოლა გაიმართა იტალიის ფრონტთან. ეს ბრძოლა ყველაზე მაღალმთიან რელიეფზე მოხდა, მთელი მსოფლიოს ომების ისტოირიაში. 1914 წლის დეკემბერში თურქმა მხედარმთავარმა ენვერ ფაშამ 100 ათას მებრძოლზე მეტი დაუპირისპირა რუსეთს კავკასიაში. რელიეფმა დიდი როლი ითამაშა ამ ბრძოლაში.
სამთო მოქმედების სამხედროები ესპანეთის შეიარაღებული ძალების ელიტურ ნაწილებში მსახურობენ. ამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, როგორც სამთო ბრიგადა, ისე ცალკეული ბატალიონები გააჩნია.
მეორე მსოფლიო ომში უკვე გამოიკვეთა ის ქვეყნები, რომლებსაც ელიტური სამთო რაზმები ჰყავდა. ცნობილია, რომ კავკასიის მთებში ნაცისტური არმიის სამთო-მოქმედების სამხედროების გადმოსროლის ფაქტი მოხდა.
დღეისათვის სამთო სკოლები სხვადასხვა ქვეყნებში ჩამოყალიბდა. სამთო სკოლები არსებობს ავსტრიაში, გერმანიაში, ინდოეთში, საფრანგეთში. ეს უკანასკნელი მსოფლიოში ყველაზე ელიტურ სამთო მოქმედების ჯარისკაცებს ამზადებს.
ერთ-ერთი სამხედრო დაპირისპირება მაღალმთიან რელიეფზე ქაშმირის კონფლიქტის დროს მოხდა. ინდოელი და პაკისტანელი სამხედროები ერთმანეთს ჰიმალაის რეგიონში შეებრძოლნენ. მაღალმთიან რეგიონში იმარჯვებდა ის, ვის სამხედროებსაც გამომუშავებული ჰქონდათ მთაში მოქმედების ჩვევები. შეგუებულნი იყვნენ სიცივეს და წნევის ცვალებადობას. სამთო მოქმედება ყველაზე სპეციფიურ და ერთ-ერთ რთულ სამხედრო სპეციალობად ყალიბდებოდა. სწორედ ამ კონფლიქტს უკავშირდება მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მებრძოლების სახელი.
გურხები, ან როგორც ზოგ შემთხვევაში მოიხსენიებენ გორხები, ნეპალში ცხოვრობენ. მათი სახელი მერვე საუკუნეში იბადება.
ამ საუკუნეში ცხოვრობდა ერთი ინდუსი წმინდანი-მებრძოლი გურუ გორახნათი, რომლის მოსწავლემ ბაპა რავალმა გორხების სკოლა დააარსა. მოგვიანებით სახელი გორხა ნეპალის ერთ-ერთ რაიონსაც ეწოდა.
გურხები ცნობილი არიან, როგორც ინდური არმიის ყველაზე ცნობილი მებრძოლები. ინდურ არმიაში გურხების ცალკეული დანაყოფებია შექმნილი, შემდეგ დიდმა ბრიტანეთმაც ჩამოაყალიბა გურხების ბრიგადა. ბრიტანელი სამხედრო-თეორეტიკოსები გურხებს მებრძოლთა რასასაც უწოდებდნენ. მათი საბრძოლო უნარები, მთაში ამტანობა და სიმამაცე გახდა ის თვისებები, რის გამოც ბრიტანეთის არმიაში გურხების დანაყოფები ერთ-ერთ ელიტურ ნაწილებად ითვლებოდნენ.
სიტყვის ეტიმოლოგია შემდეგში მდგომარეობს. "გურხა" ნიშნავს ძროხების დამცველს. ესაა რელიგიური საწყისებიდან მომდინარე სამხედრო ფილოსოფია, რომელიც ხელმძღვანელის უზომო პატივისცემასა და ერთგულებაზეა დაფუძნებული. ხელმძღვანელი, ანუ მასწავლებელი, როგორც ამას გურხები ეძახიან, დიდ როლს თამაშობს ამ მებრძოლთა ცხოვრებაში.
არსებობს ერთი ლეგენდა, რომლის თანახმადაც ერთგულებისთვის პირველი გურხა ბაპპა რავალი მისმა მასწავლებელმა გურუ გორახნათმა ბასრი დანით დააჯილდოვა. ეს დანა კი მოგვიანებით ზოგადად გურხების სახელთან ასოცირდება და ამ მებრძოლთა ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცა. ამ მოხრილ დანას ხუკური (ანდა "კუკრის" დანა) ეწოდება.
ბაპპა რავალის სახელი კიდევ ერთი ქალაქის სახელთანაა დაკავშირებული. მან და მისმა მოწაფე გურხებმა გადაწყვიტეს მუსლიმების წინააღმდეგ გალაშქრება, რომლებსაც ავღანეთის დაპყრობა ეწადათ. გურხებმა ძალიან მალე გაათავისუფლეს ავღანეთის დაპყრობილი რეგიონი მუსლიმანებისგან. ამ რაიონის სახელი იყო განდჰარა. მოგვიანებით კი მას ყანდაჰარი ეწოდა. მუსლიმანების შეჩერება სწორედ გურხების სახელთან არის დაკავშირებული.
მეთექვსემეტე საუკუნის მიჯნაზე გურხებმა შორეულ არმოსავლეთში საკუთარი სამეფოც ჩამოაყალიბეს. ეს სახელმწიფო დღეს ცნობილია, როგორც ნეპალი. გურხების სახელი ნეპალის ერთ-ერთ რეგიონს დღესაც ჰქვია.
1814-1816 წლებში გურხები დიდი ბრიანეთის სახედროებსაც დაუპირისპირდნენ. ბრიტანელები გაოცებულები შეჰყურებდნენ მათ წინაშე მდგარ გურხებს. მიუხედავად ცუდი აღჭურვილობისა, გურხებმა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს ბრიტანელ მებრძოლებს.
ბრიტანელებმა დააფასეს ამ მებრძოლთა უნარ-ჩვევები და მათი ინტეგრირება დაიწყეს. ინდურ-ბრიტანულ არმიებში გურხები მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. მოგვიანებით კი, როგორც აღვნიშნეთ, გურხების ცალკეული დანაყოფებიც კი შეიქმნა. ესენი იყვნენ ყველაზე ელიტური ნაწილები.
1857 წელს, ინდოეთის აჯანყების დროს გურხები ბრიტანეთის მხარეს იბრძოდნენ და ბრიტაბული სამხედრო მანქანის ნაწილად იქცნენ. გურხების მსროლელთა ერთ-ერთმა დანაყოფმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დელის ალყის სახელით ცნობილ ბრძოლაში. აჯანყების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ ეს დანაყოფი გაიგზავნა ერთ-ერთი ბრიტანული დანაყოფის გასაძლიერებლად. ამის დროულად შესასრულებლად გურხებს საშუალოდ დღეში ორმოცდარვა კილომეტრი მაღალმთიან რეგიონსა და ჯუნგლებში უნდა გაევლოთ. მათ ეს შეძლეს. რამდენიმე დღიანი დამქანცველი მარშის შემდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაებნენ და ქალაქი დელი აჯანყებულებისგან დაიცვეს.
ბრიტანულ არმიაში გურხებს გამორჩეული უნიფორმები ეცვათ - ეს იყო სპეციალურად მათთვის შეკერილი მუქი მწვანე ფორმები. ინდოეთის აჯანყების დასრულებიდან, სანამ პირველი მსოფლიო ომი დაიწყებოდა, გურხები მსახურობდნენ ბირმაში, ავღანეთში, ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებთან. ასევე მალტაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს რუსეთ-თურქეთის ომშიც. მსახურობდნენ კვიპროსზე, მალაიზიაში, ჩინეთსა და ტიბეტში.
პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანულ არმიაში 200 ათასზე მეტი გურხა მსახურობდა. მათგან საომარ ვითარებებში 20 ათასი დაიღუპა, მებრძოლთა დიდმა რიცხვმა მამაცობისთვის ჯილდოები მიიღო. იმ დროს, როდესაც ბრიტანულ არმიაში სხვა ეროვნების მებრძოლები ძირითადად არასაომარი მიზნებისთვის იყვნენ დაქირავებულნი.
გურხები მონაწილეობას იღებენ საფრანგეთში, თურქეთში, პალესტინასა და მესოპოტამიაში მიმდინარე მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციებში.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გურხები ინდოეთსა და ნეპალში ბრუნდებიან. თუმცა აქტიურ სამხედრო საქმიანობას სულ რამდენიმე თვის განმავლობაში მოწყდნენ. მალე "მებრძოლთა რასა" 1919 წელს ავღანეთის ომში ჩაერთო.
მეორე მსოფლიო ომში გურხების ათი ლეგიონი და ორი ცალკეული ბატალიონი იყო ჩართული. ნეპალის მთავრობამ ბრიტანეთს შესთავაზა მეტი გურხა გაეწვიათ საბრძოლო ოპერაციებში, რამაც ამ მებრძოლთა რიცხვი მაქსიმალურად გაზარდა. თითქმის ყველა გურხა თავგანწირულ ომში მონაწილეობდა.
მაინც რით იყვნენ და არიან გამორჩეულები ეს მებრძოლები?..
ალბათ, უმთავრესი მათი წვრთნის პროცესია. ტრადიციული მეთოდებით მათი წვრთნები ძალიან რთულია და ძნელად ასატანი. ცუდი კლიმატური პირობების დროს დიდ დატვირთვას ისინი შეგუებულები არიან. მთაში თუ ბარში, ჯუნგლებში, აუტანელ სიცხეში და სიცივეში გურხები თანაბარი სულისკვეთებით ასრულებენ დაკისრებულ დავალებებს.

No comments:

Post a Comment