Thursday, December 24, 2009

ევროპა უნდა აღდგეს საქართველოს მხარდასაჭერად


ევროპა უნდა აღდგეს საქართველოს მხარდასაჭერად

ამა წლის 22 სექტემბერს გაზეთ “გარდიანში” დაიბეჭდა ღია წერილი, რომელსაც ხელს აწერენ ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები და ინტელექტუალები, როგორებიც არიან ვაცლავ ჰაველი, ვალდას ადამკუსი, მარტ ლაარი, ვიტაუტას ლანდსბერგისი, ოტო დე ჰაბსბურგი, დანიელ კონ-ბენდიტი, ტიმოთი გარტონ ეში, ანდრე გლიუკსმანი, მარკ ლეონარდი, ბერნარდ-ანრი ლევი, ადამ მიჩნიკი, ჯოზეფ რამონედა. წერილის ძირითადი თეზა მდგომარეობს შემდეგში - 20 წელი გავიდა მას შემდეგ (ლაპარაკია ბერლინის კედლის დანგრევასა და ცივი ომის დასასრულზე), რაც ევროპის ნახევარი გათავისუფლდა, თუმცა ახლა ახალი კედელი შენდება საქართველოს გასწვრივ.

როგორც ევროპას ახსოვს 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა და 1938 წლის მიუნჰენის სირცხვილი და რამდენადაც იგი ემზადება 1989 წლის ბერლინის კედლის დანგრევისა და რკინის ფარდის გახსნის იუბილეს გასამართად, ჩვენს გონებაში ერთი კითხვა ჩნდება: ვისწავლეთ თუ არა ისტორიიდან გაკვეთილები? შეგვიძლია თუ არა, თავი ავარიდოთ იმ შეცდომების გამეორებას, რომელიც ლაქად გასდევს მეოცე საუკუნეს?
ძველი მოვლენების აღნიშვნა ამაო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავრჩებით ბრმები და არ გავითვალისწინებთ მის გაკვეთილებს. და თუ ეს მოვლენები ჩვენ გვასწავლის როგორ მოვიქცეთ განსხვავებულად და უფრო ჭკვიანურად, მხოლოდ მაშინ იძენს აზრს იუბილეების გამართვა.
როდესაც დღევანდელ ევროპას ვუყურებთ, სავსებით ცხადია, რომ ისტორია არ დასრულებულა და რომ დღემდე იგი ტრაგიკული რჩება. კონტინენტის ნახევრის გათავისუფლების ოცი წლის შემდეგ ახალი კედელი შენდება ევროპაში, ამჟამად საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე.
ეს წარმოადგენს მთავარ გამოწვევას ევროპის მოქალაქეებისათვის, ინსტიტუტებისა და მთავრობებისათვის. გვსურს ჩვენ, მივიღოთ პატარა ქვეყნის საზღვრების ძალისმიერი გზით ცალმხრივად შეცვლა? გვსურს ჩვენ, ვიყოთ შემწყნარებლური უფრო დიდი ძალის მხრიდან უცხო ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიისადმი?
იმისათვის, რომ დამდეგი ისტორიული იუბილე მნიშვნელოვანი იყოს როგორც ევროპის კოლექტიური იდენტურობის, ასევე მისი მომავლისათვის, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ოცდაშვილი წევრი-ქვეყნის დემოკრატიულ ლიდერებს, განსაზღვრონ პროაქტიური სტრატეგია საქართველოს დასახმარებლად, რათა მან მშვიდობიანი გზით დაიბრუნოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და მოახერხოს საქართველოს მიწაზე არალეგალურად დისლოცირებული რუსული სამხედრო ძალების გაყვანა.
არავის სურს კონფრონტაცია მოსკოვთან ან ცივი ომის მტრული ატმოსფეროს დაბრუნება. მაგრამ, ასევე თანაბრად და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა-სახელმწიფოებმა გაუგზავნონ რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას მკაფიო და არაორაზროვნული მესიჯი.
ვინაიდან ევროკავშირის მიერ ჩამოაყალიბებული კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჰეიდი თალიავინი, ემზადება თავისი მოხსენების გამოსაქვეყნებლად რუსულ-ქართული ომის მიზეზების შესახებ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ევროპელს, ახსოვდეს ჩვენი უახლესი წარსულის მწარე გაკვეთილები.
უპირველესად, დიდი ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის იპოვის ან შექმნის საბაბს იმისათვის, რათა დაიპყროს თავისი მეზობელი, რომლის დამოუკიდებლობაც მას აღაშფოთებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 1939 წელს ჰიტლერმა დაადანაშაულა პოლონელები საომარი მოქმედებების დაწყებაში ზუსტად ისევე, როგორც 1940 წელს სტალინმა მთელი ბრალი ფინელებს დასდო, როდესაც დაიპყრო მათი ქეყანა. მსგავსად ამისა, საქართველოსა და რუსეთის შემთხვევაში უფრო კრიტიკული საკითხია იმის განსაზვრა, თუ რომელმა ქვეყანამ დაიპყრო მეორე და არა ვისმა ჯარისკაცმა გაისროლა პირველი ტყვია.
მეორეც, დასავლელი დემოკრატიების მარცხმა, პასუხი გასცენ მეგობარი ქვეყნის დანაწევრებაზე, თუნდაც ეს იყოს პატარა ქვეყანა, შეიძლება სერიოზული გლობალური შედეგები გამოიწვიოს.
ევროკავშირი შეიქმნა მიუნჰენის ცდუნებისა და რკინის ფარდის წინააღმდეგ. და უკიდურესად დამღუპველი იქნება, თუ ჩვენ რაიმე გზით მაინც მივუტევებთ იმ ქმედებებს, რომლებმაც ჩვენს კონტინენტს ომი მოახვია თავს და დაანაწევრა გასული სუაკუნის უმეტესი პერიოდის განმავლობაში. რისკის ქვეშაა არც მეტი, არც ნაკლები, ბედი იმ პროექტისა, რომელსაც ჩვენ სიცოცხლეს ვუძღვნით: ესაა მშვიდობიანი და დემოკრატიულ გზით ევროპის კონტინენტის კვლავ გამთლიანება.

ჰტტპ://წწწ.გუარდიან.ცო.უკ/ცომმენტისფრეე/2009/სეპ/22/ეუროპე-გეორგია-რუსსია

ინგლისურიდან თარგმნა სალომე ყორანაშვილმა

No comments:

Post a Comment