Tuesday, October 27, 2009

孫子兵法 (”სუნ ძუ ბინ ფა” - სუნ ძუს სამხედრო სტრატეგია)

Statue of Sun Tzu in Yurihama, Tottori, Japan

მიხო მოსულიშვილი


სუნ ძუს ტრაქტატი "ომის ხელოვნება"

სიმა ციანის "ისტორიულ ჩანაწერებში" არსებობს სუნ ძუს (544 - 496 ჩვენს ერამდე) ბიოგრაფია. სუნ ძუს სახელი იყო უ. დაიბადა ცი-ს სამეფოში. სუნ ძუ მსახურობდა დაქირავებულ მთავარსარდლად ჰო ლიუსთან უ-ს სამეფოში.
ჯარების მთავარსარდლის თანამდებობაზე ყოფნისას სუნ ძუმ გაანადგურა ჩუს ძლიერი სამეფო, დაიპყრო მისი დედაქალაქი - ინი; დაამარცხა ცი-ს და ცძინის სამეფოები. მისი გამარჯვებების მეოხებით უ-ს სამეფოს მოემატა ძლიერება და შევიდა ცივილიზებული ჩინეთის სამეფოთა რიცხვში, რომელსაც ჩჟოუს დინასტიის მეფეები მეთაურობდნენ.
როცა ჰო ლიუმ შეაჯამა დაპყრობის მიღწევები, მან განსაკუთრებით გამოყო სუნ ძუ და მოინდომა მისი დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე. თუმცა სუნ ძუ, მიუხედავად გადასარწმუნებლად მიგზავნილი მოხელეებისა, დაჟინებით ითხოვდა მთაში დაბრუნების ნებართვას. სუნ ძუს უბოძეს ოქროთი და აბრეშუმით დატვირთული რამდენმე ურემი და სასახლიდან ასე გაისტუმრეს. მან კი მთელი ეს სიმდიდრე გზაზე შეხვედრილ ღარიბებს დაურიგა. ამის შემდეგ არავინ იცის, რა ბედი ეწია სუნ ძუს.
"ომის ხელოვნება" (ჩინურად: 孫子兵法; იკითხება: სუნ ძუ ბინ ფა; პირდაპირი მნიშვნელობა: "სუნ ძუს სამხედრო სტრატეგია") -- ჩინური სამხედრო მოძღვრება დაწერილი ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში სუნ ძუს მიერ, ჰო იუანის თხოვნით.
ტრქტატი შედგება ცამეტი თავისაგან და თითოეული მათგანი ეთმობა ომის წარმოების თითო ასპექტს. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად. ეს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სტრატეგიული ნამუშევარია და მან დიდი წვლილი შეიტანა, როგორც სამხედრო დაგეგმარებაზე, ასევე მის გარეთაც. პირველად ითარგმნა ფრანგი მისიონერის მიერ, დაახლოებით ორასი წლის წინ და, როგორც ცნობილია, მას დიდი ზეგავლენა მოუხდენია ნაპოლეონზე, გერმანიის გენშტაბზე მეორე მსოფლიო ომში და ასევე სპარსეთის ყურეში ოპერაცია "უდაბნოს შტორმი" დაგეგმვაზე.
მრავალ აღმოსავლეთ აზიურ ქვეყანაში "ომის ხელოვნება" სამხედრო სამსახურის გამოცდისთვის პოტენციურ კანდიდატთათვის სილაბუსის ნაწილი იყო. ის ასევე გამოყენებული იყო ზოგიერთი ევროპული ქვეყნის სამხედრო ინსტიტუტების მიერ, მაგ. გერმანიაში პირველ მსოფლიო ომამდე. აშშ საზღვაო ძალებში ის სადაზვერვო პერსონალისთვის აუცილებელ საკითხავ, ხოლო დანარჩენ სამხედრო მეზღვაურთათვის კი რეკომენდირებულ წიგნად ითვლება.
ზოგიერთის წარმოდგენით "ომის ხელოვნებას" მხოლოდ სამხედრო გამოყენება არა აქვს.
წიგნში მოცემული ტექსტის უმეტესობა არის იმაზე, თუ როგორ ვაწარმოოთ ომი ბრძოლის გარეშე. ის იძლევა რჩევებს, როგორ დავამარცხოთ ოპონენტი ისე, რომ ფიზიკური შერკინების საჭიროება არ შეიქმნეს. თანამედროვე კორპორაციულ კულტურაში ის ისწავლება "ოფისის პოლიტიკისთვის" მოსამზადებლად და ეს წიგნი დასავლეთის ქვეყნების მაღაზიებში ძირითადად ბიზნესის განყოფილებებში იყიდება.
სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიცაა რაგბი, სუნ ძუს ეს ტრაქტატი თამაშის სტრატეგიის დასამუშავებლად იქნა გამოყენებული.
იაპონურ კომპანიათა უმრავლესობისთვის "ომის ხელოვნება" აუცილებელ წიგნთა შორისაა უმაღლესი რანგის მმართველებისათვის. ბოლო ხანებში ის მზარდი პოპულარობით სარგებლობს ასევე დასავლურ ბიზნეს წრეებშიც, როგორც დამხმარე იდეოლოგია მძაფრი კონკურენციის პირობებში წარმატების მისაღწევად.
"სამხედრო ბიბლიოთეკის" სერიის ერთ-ერთ წიგნად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა ირინა აბულაშვილის მიერ თარგმნლი "ომის ხელოვნება", სადაც ავტორი შეცდომით "სუნ-ძი"-ს სახელით არის წარმოდგენილი. ავტორის სახელის ინგლისური ტრანსკრიფცია ამგვარია - Sun Tzu, ამიტომ ქართულდაც სუნ ძუ უნდა ვწეროთ და არა რუსულის გავლენით "სუნ-ძი".



ქვემოთ გთავაზობთ ამონარდებს სუნ ძუს წიგნიდან "ომის ხელოვნება":

ომს უყვარს გამარჯვება, მაგრამ არ უყვარს გაჭიანურება.

ასჯერ შეტაკება და ასჯერ გამარჯვება ეს არაა საუკეთესო, საუკეთესოა უცხო არმიის ბრძოლის გარეშე დამორჩილება.

ომი მოტყუების გზაა. თუ რაიმე შეგიძლია, აჩვენე მეტოქეს რომ არ შეგიძლია; თუ სარგებლობ რამით, აჩვენე რომ ამით არ სარგებლობ; ახლოსაც რომ იყო, აჩვენე რომ შორს ხარ; შორსაც რომ იყო, აჩვენე რომ ახლოს ხარ.


თუ გაიგე, რომ შენთან მეტოქის ჯაშუშია და გითვალთვალებს, აუცილებლად მოთაფლე, შენთან ახლოს გყავდეს.

როდესაც ჯარისკაცების სიცოცხლე საფრთხეშია, მათ არაფრის არ ეშინიათ; როდესაც მათ არ აქვთ გამოსავალი, ისინი მაგრად არიან; როდესაც ისინი მტრის მიწაზე შედიან, მათ არაფერი არ აკავებთ; როდესაც ვერაფერს ვერ იზამენ, ისინი იბრძვიან.

საუკეთესო ომია - მტრის ჩანაფიქრის ჩაშლა; შემდეგ ადგილზეა - მისი კავშირების დარღვევა; შემდეგ ადგილზეა - მისი ჯარის დამარცხება; ყველაზე ცუდია, ციხეების ალყა.

ჯერ ქალწულივით იყავი და მეტოქე კარს გააღებს, შემდეგ კი გაქცეული კურდღელივით და იგი ვერ მოასწრებს თავდაცვას.

ბევრის მართვა იგივეა, რაც ცოტას მართვა - საქმე ორგანიზებაშია.

ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის არა, ის იქნება გამარჯვებული.

ბრძოლაში მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობა არ იძლევა უპირატესობას. არ ღირს შეტევა მხოლოდ შიშველ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით.








Legio Patria Nostra- “ლეგიონი ჩვენი სამშობლოა”




ჯიმ დორსშნერი

საფრანგეთის უცხოური ლეგიონი
 
Legio Patria Nostra- “ლეგიონი ჩვენი სამშობლოა”.


თავისი მრავმხრივი, კვალიფიციური ძალით, რომელიც მოქმედებს გლობალურ ცხელ წერტილებში, ელიტარული უცხოური ლეგიონი დარწმუნებულია, რომ გადაურჩება საფრანგეთის არმიის რეფორმას, გვაცნობებს ჯიმ დორსჩნერი.
მთელი დედამიწის გარშემო განლაგებული საფრანგეთის უცხოური ლეგიონი იბრძოდა ყველა ომში, რაც კი საფრანგეთს გადაუხდია 1831 წლიდან.
ამ ელიტარული ძალის უნიკალური მულტიკულტურალიზმი, მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა და ადაპტაციის უნარი ისეთია, რომ ნაკლებად მოსალოდნელია დაზარალდეს საფრანგეთის არმიის მოსალოდნელ რეფორმებში.

საფრანგეთის უცხოური ლეგიონი დაარსდა 1831 წელს, საფრანგეთის მეფის ლუი-ფილიპეს ბრძანებულებით. ამ დღიდან იწყება ლეგიონის “თავგადასავლები”... ლეგიონი იმისთვის იყო შექმნილი, რათა “იმოქმედოს და იბრძოლოს საფრანგეთის სამეფოს კონტინენტალური ტერიტორიის საზღვრებს გარეთ". იმ დროს საფრანგეთი იწყებდა ალჟირის კოლონიზაციას და ბრძოლას თურქული ზეგავლენის წინააღმდეგ ჩრდილოეთ აფრიკაში, კერძოდ, ალჟირელი სულტანის აბდ-ელ-კადერის წინააღმდეგ. დაარსებისთანავე ლეგიონი ერთვება ბრძოლაში. იქვე ალჟირში დაარსდა უცხოური ლეგიონის სამხედრო ცენტრი – სიდი-ბელ-აბეს, რომელიც დარჩება ლეგიონერების მშობლიურ სახლად 1962 წლამდე. საბოლოო ჯამში, ლეგიონერების დიდი დამსახურება, რომ თავის დროზე საფრანგეთის გახდა მეორე კოლონიალური იმპერია მსოფლიოში, დიდ ბრიტანეთის მერე...
მას შემდეგ, მომავალი 178 წლის განმავლობაში, ლეგიონმა თითქმის ყველა ომში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც საფრანგეთი იყო ჩართული. მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული ბრძოლების გამო ლეგიონმა მრავალი ქება-დიდება და კრიტიკაც კი დაიმსახურა.
ლეგიონის ყველა ბრძოლა წარმატებით არ სრულდებოდა, მაგალითად, მექსიკის ოკუპაცია მე-19 საუკუნეში, ბრძოლები ინდოჩინეთსა და ალჟირში 1950-იან წლებში და 1956 წელს სუეცის არხის ოპერაცია. ფრანგული ლეგიონი აქტიურად იყო ჩართული I და II მსოფლიო ომებში. ლეგიონერები მონაწილეობდნენ კორეისა და I სპარსეთის ყურის ომებში, ასევე, ოპერაციებში ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კოსოვოში. მე-20 საუკუნეში საფრანგეთის უცხოური ლეგიონის წევრები აფრიკის კონტინენტზე წარმოებულ, მაგრად ნაკლებად ცნობილ ოპერაციებშიც იღებდნენ მონაწილეობას.      
ლეგიონის დაარსებიდან დღემდე დაიღუპა 36 000 ათასამდე ლეგიონერი. ლეგიონის დროშის ქვეშ იმსახურა 600 000 ათასამდე კაცმა მთელი მსოფლიოდან.
დღეს ლეგიონის გამოყენება ძირითადათ ხდება სამხედრო კონფლიქტების პრევენციისთვის (ბოსნია, კოსოვო, ავღანეთი), გაერო-ს, ნატო-ს და ევროკავშირის ეგიდით, მშვიდობის დასამყარებლად, საომარი რეგიონებიდან ხალხის ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურის აღსადგენად (მაგალითად 2004 წელს ლიბანში ხესბოლასთან ომის შემდეგ და ცუნამის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში). აგრეთვე ლეგიონის ჩარევა ხდება “კონსტიტუციური წყობის” აღსადგენად იმ ქვეყნებში, ვისთანაც საფრანგეთს გააჩნია სამხედრო თანამშრომლობის და ურთიერთ დახმარების ხელშეკრულებები (აფრიკის ქვეყნები). ამასთან ლეგიონი მზადა სპეცოპერაციების ჩასატარებლად, ისეთის როგორც ბრძოლები ჯუნგლებში, ღამის პირობებში, ტერორისტების წინააღმდეგ და მძევლების გასათავისუფლად.

დღესდღეობით, ლეგიონი აქტიურადაა ჩართული ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში და თან ახალი რეფორმებისათვის ემზადება, რომელიც საფრანგეთის თავდაცვის სფეროში უახლოეს მომავალში იგეგმება.  
საფრანგეთის წინაშე არსებული სამხედრო გამოწვევების ფონზე, ლეგიონს საფრანგეთის არმიაში განსაკუთრებული როლი გარანტირებული აქვს. როგორც პრესსპიკერმა მაიორმა ფრედერიკ დაქვილონმა “Janes Defence Weekly”-ს განუცხადა, ლეგიონი საკუთარი წარმატების “მსხვერპლია”. დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ 2031 წელს ლეგიონი საფრანგეთის სამსახურში ყოფნის 200 წელს აღნიშნავს.
1954 წელს ინდოჩინეთის ომის დასრულების შემდეგ, უცხოური ლეგიონის პირადი შემადგენლობა 30 000 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა. დღეს კი ლეგიონი 7 631 წევრს ითვლის. მათ შორისაა: 461 ოფიცერი, 1 748 სერჟანტი და 5 422 სხვა სამხედრო ჩინის მქონე მოსამსახურე. ლეგიონში 140 ეროვნების წარმომადგენელი მსახურობს, თუმცა პირადი შემადგენლობის 24% ფრანგი ეროვნებისაა.    
ოფიცრების 10% საკარიერო სერჟანტის რანგიდან გახდა ლეგიონერი. უცხოელი რეკრუტები ძირითადად ევროპელები არიან, თუმცა, იზრდება აზიელი, ლათინო-ამერიკელი და აფრიკელი რეკრუტების რაოდენობაც.
გლობალური დაძაბულობის კერები, ძირითადად კი ის ადგილები, სადაც ომები დასრულდა, რეკრუტების მოზიდვის ძირითად წყაროს წარმოადგენს. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ლეგიონში გერმანელები დომინირებდნენ.  შემდგომ პერიოდში ჭარბობდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის, 1989 წლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის, ხოლო 1990 –იანი წლების დასასრულს კი ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების წარმომადგენლები. დღესდღეობით, ყველაზე მეტ პროცენტულ რაოდენობას ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან კოლუმბიელები შეადგენენ, ხოლო დაახლოებით 2 % - ს ამერიკელები და ბრიტანელები ინაწილებენ.
თანამედროვე კონტრ-ტერორისტულ და სამშვიდობო ოპერაციულ გარემოში, 140 ეროვნების წარმომადგენლის მიერ სხვადასხვა ენების ფლობა და მათი კულტურული ფონის მრავალფეროვნება უცხოურ ლეგიონს სხვა ფრანგული ჯარებისაგან განსხვავებით, გასაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. 
8 000 მსურველიდან საწყის საბრძოლო მომზადებას ყოველწლიურად მხოლოდ 1000 რეკრუტი ასრულებს. შესარჩევი პროცედურები ძირითად სამედიცინო, ფიზიკურ და უსაფრთხოების ზომების შემოწმებას გულისხმობს. ეს პროცესი ძირითადად ლეგიონის შტაბში, ქ. ობანში (ქ. მარსელთან ახლოს) ან ქ. ფორ დე ნოანში (ქ. პარიზთან ახლოს) ტარდება. ხელმეორე სამედიცინო შემოწმებისათვის შერჩეული კანდიდატები თავს ქ. ობანში იყრიან და აქვე აბარებენ გამოცდას ზოგად უნარებსა და ფიზიკურ მომზადებაში. ამ ეტაპების გავლის შემდეგ, ლეგიონში მოხვედრის მსურველები გასაუბრებას გადიან და მათ შესახებ მონაცემების გადამოწმება ინტერპოლში ხდება. ნასამართლევი პირები სამხედრო ქვედანაყოფში არ მიიღებიან. დარჩენილ კანდიდატებს კი ხუთწლიან უპირობო კონტრაქტს უფორმებენ. 
მომავალი ოთხი თვის განმავლობაში ახალწვეულები საბაზისო სამხედრო მომზადებას გადიან და ფრანგულ ენას ეუფლებიან. როგორც წესი, ეს ლეგიონის საწვრთნელ ბაზაზე ხდება – მე-4 უცხოური პოლკის ბაზაზე ქ. კასტელნაუდარი (ტულუზასთან ახლოს). ამის შემდეგ კი ხდება რეკრუტების  გადანაწილება საბრძოლო ქვედანაყოფებში მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების, ფიზიკური მომზადების დონის და ლეგიონის საჭირობების გათვალისწინებით.
მაიორ დაქვილონის განცხადებით, რეკრუტები ოთხი თვის განმავლობაში 400 ფრანგულ სიტყვას სწავლობენ. ამასთან ერთად ისინი ქვეითი სამხედრო მოსამსახურეები ხდებიან, რომელთაც უკვე შეუძლიათ ფრანგულ ენაზე ბრძანებების გაგება. მომზადების ამ ფაზის დასრულების შემდეგ სამხედროებს უკვე შეუძლიათ ატარონ თეთრი კეპი ან მწვანე ბერეტი.  
გრძელვადიანი პერსპექტივა ლეგიონერთათავის კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობებს გულისხმობს – მინიმუმ ექვსი თვიდან ერთ, ორ ან სამ წლამდეც კი. სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლეგიონერებს უკვე შეუძლიათ საფრანგეთის მოქალაქეობა მოითხოვონ, რაც ბევრი უცხოელი სამხედრო მოსამსახურის უმთავრესი მიზანია. 15 წლის დამსახურებული მსახურის შემდეგ, ლეგიონერებს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ პენსიის მიღება. 
ბრიტანეთის არმიაში “გურხას” ნაწილებისაგან განსხვავებით, საფრანგეთში ელიტარულ ქვედანაყოფად ლეგიონს მიიჩნევენ და არა სპეციალური დანიშნულების ჯარებს. საფრანგეთის სპეციალური დანიშნულების ოპერაციულ სარდლობაში ლეგიონის ქვედანაყოფები არ შედიან. ლეგიონის შეიარაღება და აღჭურვილობა საფრანგეთის სხვა ქვედანაყოფების მსგავსად სტანდარტული Famas G-2 5.56 მმ ცეცხლსასროლი იარაღისაგან შედგება.
ყველა ლეგიონერი ქვეით სამხედრო მოსამსახურედ მზადდება, თუმცა ბევრი მათგანი სხვა საბრძოლო უნარ-ჩვევებსაც ეუფლება, როგორიცაა ნაღმმტყორცნის და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების გამოყენება. რეკრუტებს ასევე შეუძლიათ გახდნენ მყვინთავები, სნაიპერები და პარაშუტისტები. ყველაზე საოცნებო მიზანი ლეგიონერთათვის კომანდოს კურსის დასრულებაა, რომელიც ამერიკული ჯარის რეინჯერთა სკოლის კურსის მსგავსია.
შესაბამისი მონაცემების მქონე რეკრუტები ადმინისტრაციულ საქმეს ეუფლებიან. ზოგი მათგანი კავშირგაბმულობით ინტერესდება, ზოგიერთი კი სატანკო ქვედანაყოფების შემადგენლობაში მსახურობს. ლეგიონერებს შეუძლიათ გახდნენ მექანიკოსები, ელექტრო-ტექნიკოსები, მზარეულები, საცეცხლე და ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორები. საინჟინრო სპეციალობები, რომლის დაუფლება ახალწვეულებს შეუძლიათ, მოიცავს მძიმე შეიარაღების მართვას, სამშენებლო საქმეს, სანტექნიკურ სამუშაოებს, ელექტრო-გაყვანილობას და ხეზე მუშაობას. ერთ-ერთი სპეციალობა, რომელზეც სამოქალაქო პირებიც დაიშვებიან, კარგად მომზადებული და აკრედიტებული მედდებია.
თუმცა, ამერიკის საზღვაო ქვეითთა მსგავსად, მიუხედავად იმისა, თუ რა სპეციალობას აირჩევენ, ლეგიონერები ჯერ ქვეითები არიან და მათ უპირველესად ძირითადი საბრძოლო უნარ-ჩვევების ფლობა მოეთხოვებათ. ლეგიონი ძალიან ამაყობს მისი წევრების ფიზიკური მომზადების დონით. შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმიც სწორედ ფიზიკური მომზადებაა. ბევრი მსურველი იმიტომ ვერ ხვდება ლეგიონში, რომ სათანადო ფიზიკური მომზადების დონე არ აქვს.
ლეგიონის წევრთა ნახევარზე მეტი კონტინენტალური საფრანგეთის გარეთ მსახურობს და გადასახადებსაც მათი ადგილმდებარეობის მიხედვით იხდის. მაგალითად, ის ვინც ჯიბუტში (აფრიკა) ან ფრანგულ გვიანაში (სამხრეთ ამერიკაში) მსახურობს, უფრო მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე ის, ვინც კონტინენტალურ საფრანგეთსა ან კორსიკაში მსახურობს.
ლეგიონის სარდლობა განლაგებული სამხრეთ საფრანგეთში, ქ. ობანში. ლეგიონის პოლკები განთავესბულია როგორც საფრანგეთის კონტინენტალურ ტერიტორიაზე, აგრეთვე მსოფლიოს სხავადასხვა ადგილებში.
ლეგიონის დღევანდელი შემადგენლობაშია: 1-ლი უცხოური პოლკი, 1-ლი უცხოური ჯავშანსატანკო პოლკი, 1-ლი უცხოური საინჟინრო-მესანგრეთა პოლკი, მე-2 უცხოური საპარაშუტო-სადესანტო პოლკი, მე-2 უცხოური ქვეითი პოლკი, მე-2 უცხოური საინჟინრო-მესანგრეთა პოლკი, მე-3 უცხოური ქვეითი პოლკი (ფრანგული გვიანა, სამხრეთ ამერიკა), მე-4 უცხოური პოლკი, მე-13 ნახევარ ბრიგადა (ჯიბუტი, აფრიკა), სპეციალური რაზმი (კუნძული მაიოტი, კომორის კუნძულები, ინდოეთის ოკეანე).
უზრუნველყოფის ქვედანაყოფები პარიზში არსებული გამწვევი ცენტრებია და ცნობილია, როგორც – GღLE –ერთი  საშტაბო ქვედანაყოფი ქ. ობანში და 4 – ქ. კასტელნაუდარიში.
საბრძოლო ქვედანაყოფები, რომლებიც კონტინენტალურ საფრანგეთშია დისლოცირებული, საფრანგეთის სწრაფი რეაგირების ძალების ერთ მესამედს შეადგენს და ისინი სამივე სწრაფი რეაგირების ბრიგადებში არიან განაწილებული.
საფრანგეთის გარეთ დისლოცირებული ჯარებიც ოპერაციების დროს სწრაფი რეაგირების ძალებად მიიჩნევა. ამგვარად, ლეგიონი ოპერაციებსა თუ წვრთნებში მონაწილეობას ხშირად სრული შემადგენლობით არ იღებს.
ლეგიონის ქვედანაყოფები, რომლებიც ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას, ძირითადად წარმოწდგენენ ერთ-ერთAშემადგენელ ელემენტებს, როგორიცაა ასეულის ჯგუფი ეროვნული სპეც. დანიშნულების ნაწილისათვის, რომელიც ასევე მონაწილეობს უფრო მასშტაბურ მრავალეროვნულ ოპერაციაში როგორიცაა, ნატო-ს ოპერაცია IშAF (უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ავღანეთში.
საფრანგეთში დისლოცირებული ნაწილები რეგულარულად აგზავნიან თავის  ქვედანაყოფებს როტაციის პრინციპით საზღვარგარეთ განთავსებული ლეგიონის ნაწილებში ან საფრანგეთის საზღვარგარეთის სარდლობებში, როგორიცაა, მაგალითად, გაბონში (აფრიკის კონტინენტი). თუ ჯარები მუდმივი დისლოკაციის ადგილზე რჩებიან, ისინი მუდმივად გადიან აქტიურ მომზადებას შემდგომი დავალებების შესასრულებლად.
გაწვრთნილი და მომზადებული ქვედანაყოფების შენარჩუნება კარგია იმ ინდივიდუალური ლეგიონერებისათვის, რომლებიც იმავე შემადგელობაში დარჩენას მთელი კარიერის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში აპირებენ. თუმცა, ფრანგი ოფიცრების უმეტესობა ლეგიონთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ჩერდება.
ლეგიონის არცერთ ქვედანაყოფს არ აქვს ერთნაირი საშტატო-საორგანიზაციო სტრუქტურა.
მე-2 უცხოურ ქვეით პოლკს ხუთი ქვეითი, ერთი ტანსაწინააღმდეგო, ერთი საცეცხლე მხარდაჭერის და ერთი ლოგისტიკური და ერთიც საშტაბო ასეული ჰყავს.
მე-3 უცხოურ ქვეით პოლკს ფრანგულ გიანაში, რომლის ძირითადი მისია კოსმოსური ცენტრის გამშვები კომპლექსის დაცვაა, ჰყავს ორი უსაფრთხოების ასეული, ქვეითთა ასეული, რომლის როტაცია საფრანგეთიდან ხდება, ასევე, საცეცხლე მხარდაჭერის და საშტაბო ასეული.
მე-2 უცხური საპარაშუტო-სადესანტო პოლკი, რომელიც კორსიკაშია დისლოცირებული, ყველაზე ლეგენდარული ქვედანაყოფია. ის მონაწილეობდა ინდოჩინეთის, ალჟირის, სუეცის, კონგოსა და სხვა მრავალ ბრძოლებში. მის შემადგენლობაში შედის ოთხი პარაშუტო-სადესანტო ასეული, მართვის და უზრუნველყოფის ასეული, სადაზვერვო და საცეცხლე მხარდაჭერის ასეული და უნიკალური, ლეგიონში ერთადერთი სიღრმითი მოქმედების სპეცდანიშნულების “კომანდოს” ასეული. ასეული მომზადებულია დაზვერვისთვის და საბრძოლო მოქმედებებისთვის მტრის ზურგში, სპეციალური და კონტრტერორისტული ოპერაციების წარმოებისთვის
კიდევ ერთი უნიკალური ქვედანაყოფი მე-13 ნახევარ ბრიგადაა, რომელიც ჯიბუტშია დისლოცირებული. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა. ამ ეტაპზე პირადი შემადგენლობის რაოდენობა 739 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს, რომლებიც გადანაწილებულები არიან ქვეით და საინჟინრო ასეულებში, ასევე, სატანკო ასეულში, უზრუნველყოფის და საშტაბო ასეულებში. 300 სამხედრო მოსამსახურეზე ნაკლები ჯიბუტში მუდმივად იმყოფება, ხოლო ქვეითთა ასეული, საინჟინრო ასეული და სატანკო ასეული მოკლე პერიოდის განმავლობაში ლეგიონის სხვა პოლკებში გადის როტაციას. II მსოფლიო ომის დროს მე-13 ნახევარ ბრიგადას მეთაურობდა ქართველი ემიგრანტი თავადი  ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი, რომელიც გმირულად დაიღუპა ლიბიაში, ელ-ალამეინის ბრძოლაში. მე-13 ნახევარ ბრიგადის თავგანწირული ბრძოლამ გერმანელების წინააღმდეგ, საშუალება მისცა მოკავშირეთა ძალების სარდალს, ბრიტანელ მარშალ მონტგომერის განახორციელებინა გადამწყვეტი შეტევა ჩრდილოეთ აფრიკაში.
პირველი უცხოური ჯავშანსატანკო პოლკის სამხედრო ტექნიკაში შედის 48 AMX-10ღჩ ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელიც აღჭურვილია 90-მილიმეტრიანი ქვემეხებით, რომელსაც პოლკის ოთხივე სატანკო ასეული იყენებს, ასევე სადაზვერვო, ლოგისტიკის და საშტაბო ასეულები.
სპეციალური რაზმი განთავსებულია მაიოტის კუნძულზე, კომორის კუნძულების სიახლოვეს, მოზამბიკის არხის უკიდურეს ჩრდილოეთით, გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შემადგენელი კომპონენტია, რომელიც 960 კმ-ის დაშორებით მავრიკიის ახლოს, სამხრეთ ინდოეთის ოკეანის ზონის ბაზაზე, რეიუნიონის კუნძულზეა დისლოცირებული. 250 სამხედრო მოსამსახურით ეს ქვედანაყოფი ლეგიონის ყველაზე მცირე-ზომის ოპერატიული დაჯგუფებაა და მოიცავს საშტაბო და მხარდაჭერის ასეულებს, ასევე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორ ასეულს, რომლებსაც რეგიონის სტრატეგიული ბაზების დაცვა ევალებათ.
ორი საინჟინრო ქვედანაყოფიდან, I უცხოური საინჟინრო პოლკი სამი საბრძოლო ასეულისაგან, საინჟინრო სადაზვერვო ასეულისაგან, უზრუნველყოფის ასეულისაგან და საშტაბო ასეულისაგან შედგება. მეორე პოლკიც იდენტური შემადგენლობისაა, თუმცა მას დამატებით ლეგიონის ინჟინრების მომზადების ასეულიც გააჩნია.
2008 წლის სექტემბერში საფრანგეთმა ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა გაზარდა. 2009 წელს კონტიგენტის რაოდენობის გაზრდა იგეგმება. ამ ეტაპზე, საფრანგეთი ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე სამხედრო კონტიგენტის რაოდენობით მე-4 ადგილს იკავებს.
ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების შემადგენლობაში მონაწილეობის მისაღებად 3 170 სამხედრო მოსამსახურეა გათვალისწინებული. აქედან 2 800 ლეგიონერი დეკემბრის ბოლოს უკვე ავღანეთში იმყოფებოდა. ექვსთვიანი ციკლის განმავლობაში ლეგიონის წვლილი შეადგენს – ოპერატიულ სამონიტორო და სამეკავშირეო ჯგუფს OMLთ-ს, რომელიც ავღანეთის ეროვნული არმიის 205-ე საარმიო კორპუსზეა მიმაგრებული ტარინ კოვტის სამხრეთის რეგიონალური სარდლობის ჰოლანდიურ-ავსტრალიურ სექტორში და სპეცდანიშნულების ძალების საინჟინრო კომპონენტი “კაპისა” ამერიკის ხელმძღვანელობით მიმდინარე აღმოსავლეთ მიმართულების რეგიონალური სარდლობაში.
1831 წლიდან ლეგიონი აფრიკაში სხვადასხვა რანგში თითქმის უწყვეტად მსახურობდა. ახალი სტრატეგიული ინიციატივების მიხედვით, მომავალი ათწლეულის განმავლობაში ლეგიონი კვლავ გააგრძელებს აფრიკაში მსახურს.   
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღესდღეობით ლეგიონის არცერთი ქვედანაყოფი არ მონაწილეობს გაეროს/ევროკავშირის ოპერაციებში აფრიკის კონტინენტზე (ჩადში/დარფურში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ან კოტ დივუარში), საფრანგეთის არმიის გადასროლის ზოგადი გეგმის მიხედვით, 2009 წლიდან ლეგიონი კვლავ აქტიურად ჩაერთვება ოპერაციებში.
ფრანგული ჯარების სარდლობა, რომელიც აფრიკაში იყო დისლოცირებული, 2006-07 წლების განმავლობაში შეიცვალა და ახალი შტაბბინები დაარსდა სენეგალში, ჯიბუტსა და გაბონში.
საფრანგეთის საზღვარგარეთ განთავსებული სამხედრო ბაზების მომავალი ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც თავდაცვის რეფორმირების პროცესში გადაიხედება. საფრანგეთს მუდმივ ბაზებზე 5 000 სამხედრო ჰყავს და აქედან 1000-1500, როგორც წესი, ლეგიონერია.
სამშვიდობო მისიით კოტ დივუარში (აფრიკის კონტინენტი) 2 600 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. 3 000-მდე სამხედრო კი ჩადში (აფრიკის კონტინენტი)  ევროკავშირის მისიაში მიიღებს მონაწილეობას. სხვა რეგიონები, სადაც ფრანგული კონტიგენტის მონაწილობაა საჭირო, არის: აღმოსავლეთ კონგო, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ნიგერია და გვინეა. კოლონიალიზმის დასრულების შემდეგ, ფრანგი სამხედროები კვლავ აქტიურად მონაწილეობდნენ აფრიკის მისიებში. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თქმით, მთავარი პოლიტიკური ცვლილება იქნება ის, რომ სამომავლოდ უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროს დაგეგმვა საჭიროებების და არა ტრადიციების გათვალისწინებით მოხდება.
2008 წლის ივნისში გამოქვეყნებული “თეთრი წიგნის” მიხედვით, სადაც საფრანგეთის თავდაცვის სფეროს რეფორმირების გეგმებია მოცემული, 2012 -14 წლისათვის 320 000 –იანი არმია 54 000 სამხედრო მოსამსახურით უნდა შემცირდეს. ამასთან ერთად, დაგეგმილია 82 გარნიზონის დახურვა და 20 პოლკის და ბატალიონის დაშლა. მათი უმეტესობა ლოგისტიკის, საინჟინრო, კავშირგაბმულობის და საარტილერიო ქვედანაყოფებია. ცვლილებები არ შეეხება საფრანგეთის 19 ქვეითთა პოლკს. ჯერ-ჯერობით შემცირებები არ ეხება ლეგიონის ქვედნაყოფებს, თუმცა, იგეგმება გარკვეული ცვლილებები, რათა ლეგიონი კიდევ უფრო მოქნილი და მობილური ქვედანაყოფი გახდეს. მე-5 პოლკი, რომელიც ფრანგულ პოლონეზიაში იყო დისლოცირებული, ლეგიონის ბოლო ქვედანაყოფი გახლდათ, რომელიც 2000 წელს გაუქმდა.

“თეთრ წიგნში” აღნიშნულია, რომ საჭიროა საფრანგეთის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემების დახვეწა. მოცემულია რეკომენდაციაც, შემცირდეს საზღვარგარეთ განლაგებული ჯარების რიცხვი 50 000-იდან 30 000-მდე. მის ძირითად ნაწილს კი ლეგიონის ქვედანაყოფები უნდა შეადგენდეს. დოკუმენტის მიხედვით, 10 000 სამხედრო მოსამსახურე საფრანგეთში უნდა დარჩეს, რომლის ძირითადი ამოცანა ტერორიზმთან, სტიქიურ უბედურებებთან, ეპიდემიებთან და კიბერ-შეტევებთან ბრძოლა იქნება. 2009 წლიდან 2020 წლამდე თავდაცვის სფეროზე 377 მილიარდი ევრო (505 მილიარდი აშშ დოლარი) დაიხარჯება.
რეფორმების ფარგლებში ლეგიონშიც განხორციელდება გარკვეული ცვლილებები, რაც ძირითადად ქვედანაყოფების რაციონალიზაციას და სტანდარტიზაციას მოიცავს, რათა ისინი უფრო მობილურები და სწრაფად განლაგებადი გახდნენ. ასევე, მათ უკეთ უნდა შეძლონ არა-ფრანგულ ძალებთან მრავალეროვნულ კამპანიებში მონაწილეობის მიღება.  
ზოგიერთი ლეგიონის ნაწილი, მაგალითად, როგორიცაა ფრანგულ გვიანაში დისლოცირებული მე-3 პოლკი, შესაძლოა შემცირდეს და მისი სამხედრო პერსონალი საფრანგეთის სწრაფი რეაგირების ძალებში გადანაწილდეს.
ლეგიონის ქვეითები იმავე აღჭურვილობით და იარაღით ისარგებლებენ, რაც საფრანგეთის არმიის სხვა ნაწილებს ურიგდებათ და FELIN-ის, მომავალი სამხედროს სისტემის პროექტითაა გათვალისწინებული.
სრული FELIN-ის სისტემა მოიცავს საბრძოლო უნიფორმას და პერსონალურ დაცვას; პორტატულ-ელექტრონულ პლატფორმას; იარაღის სისტემას, რომელიც მოდიფიცირებულ FAMAS - ზეა დამონტაჟებული, FRF2 სნაიპერის იარაღს, FN Herstal Minimi -ს მსუბუქ ტყვიამფრქვევს; თავზე დასამაგრებელ მოწყობილობას გამადიდებელი ხელსაწყოთი; მონოკულური ეკრანს და რადარს; ავტომატიზირებულ ინტერფეისის ტერმინალს; კავშირგაბმულობის და ოპტრონიკულ სისტემებს; 24 საათიან კვების ბლოკს და ცალკე კვების ბლოკს ჯავშან მანქანისათვის, ასევე, მინი-უპილოტო საფრენ აპარატებს, როგორიცაა, EADშ DღAჩ -  60 ცალი უკვე შეკვეთილია.
ლეგიონს დაემატება ახალი ჯავშან მანქანებიც, როგორიცაა VBჩI - 8X8 ქვეითთა საბრძოლო მანქანების სერიიდან. 700 მანქანიდან 298 უკვე შეკვეთილია.
სტანდარტული VBჩI ქვეითთა საბრძოლო მანქანის მოდელზე ერთადგილიანი ტყვიამფრქვევის კოშკურაა დამაგრებული, რომელიც 25 მმ ქვემეხი და 7.62 მმ კოაქსილური ტყვიამფრქვევია დამონტაჟებული. მეორე ვერსიას ახალი კოშკურა ექნება, რომელიც აღჭურვილი იქნება საერთაშორისო ტელესკოპური შეიარაღებული სისტემით, რომელმაც უნდა შეცვალოს AMX-10RC ჯავშანსატანკო საბრძოლო მანქანები.
VBCI ასევე ჩაენაცვლება VAB 4X4-ს, რომელსაც ლეგიონი იყენებს. მასზე მხოლოდ 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევია დამონტაჟებული და ნაკლებად ეფექტურია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების IED-ს და თანამედროვე ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღის წინააღმდეგ საბრძოლველად. სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან ლეგიონს მალე ექნება საფრანგეთში დამზადებული MRAP-ები, ღენაულტ შჰერპა -ს სერიიდან.

ინგლისურიდან თარგმნა თეონა ჭონიშვილმა.

Adios, Dostoyevsky!



ამ მოთხრობაში, რომლის გმირი ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები სახელგანთქმული მწერალი, მილან კუნდერა გახლავთ, კარგად არის ახსნილი რუსი ოკუპანტის ავადმყოფური "სიყვარული" დაპყრობილი ერისადმი...
მილან კუნდერა ის ავტორია, ვინც თავისი ყველაზე აღიარებული რომანით "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე" გამოეხმაურა საბჭოთა საოკუპაციო ჯარის შესვლას ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის 21 აგვისტოს. 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის ჩახშობისა და ხელახალი დაპყრობის შემდეგ ეს იყო საბჭოთა კავშირის მორიგი ცდა, თავისი ტანკებითა და ჯავშანტრასპორტიორებით აღმოეფხვრა თავისუფლების წყურვილი უცხო ქვეყანაში.
დღეს ჩეხეთი, ისევე როგორც უნგრეთი დამოუკიდებელი და ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან.


 
ზაალ სამადაშვილი

კუნდერა, 1968

აგვისტოს ბოლომდე ერთი კვირაა დარჩენილი და უკვე შემოდგომის ამინდებია - ხან წვიმს, ხან ქარი უბერავს; ფოთლებს სიყვითლე აქვთ შეპარული.
კაცი, რომელიც შინდისფერ “შკოდას” მართავს, დედაქალაქიდან ასი-ასოცი კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქში მიემგზავრება. ორმოცდახუთი წლის იქნება, თუმცა ნაოჭებით დასერილი შუბლი და დაღლილი მზერა ასაკს მატებს. თამბაქოსფერი ველვეტის კეპი ახურავს და ნაჭრის თხელი ქურთუკი აცვია. მწერალია, სამი გახმაურებული რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორი. პროვინციულ ქალაქში იქაური თეატრის მესვეურთა თხოვნით მიემგზავრება, დირექტორსა და მთავარ რეჟისორს “იდიოტის” დადგმა აქვთ განზრახული და სურთ, რომ ტექსტის პიესად გადაკეთება მას მიანდონ. კაცს დიდად არ ეხალისება ამ სამუშაოს შესრულება, მაგრამ რა ჰქნას, შემთხვევითი შემოსავლებით უწევს ცხოვრება და არ უნდა, შემთხვევიდან შემთხვევამდე ძალიან დიდი დრო გავიდეს, მითუმეტეს, რომ...
გზაზე, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ორივე მიმართულებით უწყვეტ ნაკადად მოძრაობდნენ ავტომობილები, ხალვათობა სუფევს.
ოკუპაციის პირველ დღეებში მოწყობილ ბლოკ-პოსტებზე მდგარ რუს სამხედროებს დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული მანქანის გაჩხრეკა თუ უწევთ.
მწერალი შორიდანვე ამჩნევს ქვიშიანი ტომრებით გარშემორტყმულ საველე კარავს, ოფიცერს, რომელიც მის შესაჩერებლად ტრასაზე გამოდის და სვლის შესანელებლად მუხრუჭს აჭერს ფეხს. ოფიცერი ახალგაზრდაა, თუმცა არც ისეთი, რომ უწვერული იყოს. ლოყებავარდისფერებულ ბიჭს ოდნავ შეღინღვლია ზედა ტუჩი და ნიკაპი. დაბალია, დიდი თავი ვიწრო მხრებზე ადგას, ლაპარაკს რომ იწყებს, ფეხებს განზე სწევს, გალაჯული დგება და ტანს ისე ამოძრავებს, თითქოს ტანსაცმლიდან ამოხტომას და სიმაღლეში მომატებას ცდილობს.
ჯარისკაცები - სამნი, ავტომატებით – უფრო ჰგვანან მეომრებს. სპორტული აღნაგობით ვერც ისინი დაიკვეხნიან, მაგრამ თავიანთ უფროსთან შედარებით მაღლები არიან და თამაში არ სჭირდებათ, უტიფრობა ძალდაუტანებლად, ბუნებრივად ეწერებათ სახეზე. გულმოდგინედ ჩხრეკენ “შკოდის” საბარგულს, სალონს და სავარძლების შალითებზე დაკერებულ ჯიბეებშიც იქექებიან. ერთ-ერთი კონიაკს პოულობს ბრტყელი ბოთლით და ოფიცერს აჩვენებს იმ იმედით, რომ ის ჩამორთმევის ნებას მისცემს, მაგრამ დიდთავა ლეიტენანტი ხელით ანიშნებს, უკან ჩადეო...
Как себя чувствуешь?.. მწერალი, ჩხრეკის დროს ცას რომ აჰყურებდა, სადაც წვიმის ღრუბლები იყრიდნენ თავს, ვერ ხვდება, შეკითხვას მას რომ უსვამენ და ლეიტენანტისკენ გადააქვს მზერა, ვის მიმართავსო. მას მიმართავენ და კითხვის დამსმელს ოდნავაც არ ეტყობა, რომ ეს ფრაზა უკმეხი პასუხის წამოსაცდენად, შარის მოსადებად წარმოთქვა.
ჯარისკაცები მანქანის ჩხრეკას ამთავრებენ, ყველა კარს ღიად ტოვებენ და ქვიშის ტომრებით აგებული კედლის გასწვრივ დგებიან. ლეიტენანტს კი ლაპარაკის საღერღელი ეშლება, ფილოსოფოსობის ხასიათზე დგება, რისი სავარაუდო მიზეზიც “შკოდას” მძღოლის ინტელიგენტური ქცევა და ასეთივე გარეგნობაა. შესაძლოა, ახალგაზრდა ოფიცერი ე.წ. “კადრის სამხედრო” სულაც არ არის, წითელ არმიაში უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგაა მოხვედრილი და მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყანაში თავისი წრის კაცს გადააწყდა.
“ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, დიდი გაუგებრობაა... მაგრამ ეს გაუგებრობა დასრულდება, ყველაფერი გაირკვევა... მიხვდებით, უნდა მიხვდეთ, რომ არაფერს გერჩით, პირიქით...”
ლეიტენანტი წინადადების დაბოლოებას აყოვნებს, ალბათ, სიტყვას თუ სიტყვებს ეძებს. დროის იმ უმცირეს მონაკვეთში, რასაც პაუზა იკავებს, მწერალიც სიტყვის ძებნას იწყებს, ფიქრობს _ ნეტავ რა უნდა იყოს ამ თავკომბალა ოფიცრის აზრით “გერჩი”-ს ანტონიმი?
გვიყვარხართ, ამბობს გალაჯული თავკომბალა, ჩვენ, რუსებს - გვიყვარხართ... და ამ წინადადების წარმოთქმით კმაყოფილი, ნიკაპს მაღლა სწევს და მედიდურად კუმავს ტუჩებს...
მწერალი ყურებს არ უჯერებს – ქვეყნის დამოუკიდებლობა ფეხქვეშ არის გათელილი, ქალაქებსა და სოფლებში, გზებსა და ხიდებზე წითელი არმიის ათასობით ტანკი დგას, საოკუპაციო ჯარის ოფიცერი კი, სიყვარულს უხსნის... ის ოკუპაციას როდი გმობს, არა, როგორ გეკადრებათ?!. მისი განწყობილება მოძალადის სადისტურ სიამოვნებას კი არ ემყარება, არამედ სულ სხვა რაღაცას - ცალმხრივ სიყვარულს. რატომ არ უნდა ამ ხალხს (ასე ძალიან რომ გვიყვარს), ჩვენნაირად, ჩვენთან ერთად ცხოვრება? გული გვწყდება, რომ იძულებული ვართ, ტანკებით ვასწავლოთ, რას ნიშნავს სიყვარული!..
გამოწვდილ პასპორტს და მართვის მოწმობას უსიტყვოდ იღებს, პასუხს არც არავინ ელის მისგან... როგორც ჩანს, მხოლოდ მსმენელი იყო საჭირო და არა მოსაუბრე... მანქანისკენ მიდის, ღიად დატოვებულ სამ კარს რიგ-რიგობით კეტავს, საჭესთან ჯდება, მეოთხესაც იჯახუნებს და ძრავას რთავს. ხედავს, მაგრამ გონებით ვეღარ აღიქვამს ვერც ოფიცერს, თავის ჯარისკაცებითა და ქვიშიანი ტომრებით და ვერც გზას, რომელიც ავტომობილის ბორბლებქვეშ მირბის...
“სიყვარული... გრძნობა... როდის ხდება საშიში?.. იმ წუთიდან, როცა მას გარკვეული ქცევის გამართლებად, თავისთავად ღირებულად მიჩნევენ... იმ წუთიდან, როცა ის გონივრული განსჯის ადგილს იკავებს... სწორედ ამის შემდეგ ხდება გრძნობა სრული სიბეცისა და დაუნდობლობის საფუძველი”.
ტრიალი მინდვრებიდან გზა უზარმაზარი ცაცხვებით დაბურულ ხეივანში შედის. ქარი აქ უფრო საგრძნობი ხდება - აშრიალებული ფოთლების ხმა სალონში აღწევს და მწერალს ეჩვენება, რომ ეს ხმა რაღაც საშიში, ავი იდუმალების შემცველია...
“იდიოტი” ახსენდება, მოსალოდნელი ჩაყურყუმალავება სამყაროში, სადაც სიყვარულის სახელით ძალადობას სჩადიან. ახლა ეს სამყაროა გადმოსული წიგნის ფურცლებიდან, დაკავებული აქვს სივრცე მის ირგვლივ და ცდილობს, ყველაფერი, აშრიალებული ცაცხვების ჩათვლით, თავის შემადგენელ ნაწილად აქციოს. საშინელ გაუცხოებას გრძნობს ტექსტის მიმართ, იმ პერსონაჟების მიმართ, ვისაც სცენიური სიცოცხლე უნდა შთაბეროს...

* * *
პატარა ქალაქის ირგვლივ, ლურჯ-მწვანე გორებზე ნისლი დგას. ზეცაც ნისლისფერი ღრუბლებით არის დაფარული. არე-მარეს თითქოს რძისფერი, სიფრიფანა თავშალი გადაახურეს. ქუჩებზე, ტროტუარების გასწვრივ, ღვარად მოედინება წვიმის წყალი...
შინდისფერი “შკოდა” შუქნიშანთან არის გაჩერებული - მოკირწყლულ, ძველი სახლებით მომყუდროებულ მოედანთან. საქარე მინა ელვის სისწრაფით იფარება მსხვილი წვეთებით და ასევე სწრაფად იწმინდება. მოედნის მხრიდან შუქნიშნისკენ მიმავალი ქოლგიანი ქალი მორიგი გადაწმენდის დროს ჩნდება მწერლის თვალთახედვის არეში...
მზერა ჯერ სითეთრეს აწყდება, რომელიც ტანზე მჭიდროდ მომდგარი ჟაკეტის გულისპირიდან ანათებს, შემდეგ მაღალ, ლამაზ ფეხებს მოლურჯო ჯინსებში - და ბოლოს მოძრაობას - კატისებრთა ოჯახის ჯიშიანი წარმომადგენლის მოქნილ და თავდაჯერებულ გადაადგილებას სივრცეში...
შუქნიშანზე ყვითელი ინთება, მაგრამ კაცი დაძვრას არ ჩქარობს. უნდა, რომ ცოტა ხანს კიდევ უყუროს მას, ვინც თვალი მოსტაცა. ქალი ახლოვდება, ორიოდ მეტრიც... ჩაუვლის მანქანას და გაუჩინარდება...
ზეთისხილისფერი, გაშლილი თმა - შავის და თეთრის კონტრასტი. თურმე, რატომ ქათქათებდა თვალისმომჭრელად მისი კანი. მკერდს ჟაკეტი ამოუბურცავს - იოლია მისი წარმოდგენა შიშვლად, მისი სიმკვრივის ლამის ხელშესახებად განცდა...
ისევ “იდიოტი”... ფინალური ეპიზოდი, რომანის უკანასკნელი თავი, სადაც თავადი მიშკინი და როგოჟინი, მეტოქეები და მეგობრები, ღამეს ათევენ საყვარელი ქალის, ერთ-ერთი მათგანის მსხვერპლის - ნასტასია ფილიპოვნას ცხედართან...
როგოჟინის სიტყვები - დანა მკერდს ქვემოთ, გოჯნახევრის სიღრმეზე შევიდა და ჭრილობიდან მხოლოდ ნახევარმა კოვზმა სისხლმა გამოჟონაო...
უკნიდან ასიგნალებენ; მწვანე შუქი ანთებულა...
მწერალი შუბლზე ჩამოიფხატავს კეპს, ბებერ “შკოდას” ადგილიდან წყვეტს პატარა ბიჭივით, ბორბლებიდან ავარდნილი შხეფების შლეიფით წრეს ურტყამს მოედანს და უკან, დედაქალაქისკენ იღებს გეზს... თან ყვირის, საჭეს ხელს ურტყამს და ყვირის:
Adios, Dostoyevsky!
                                                       
21.12.08 წ.

ჯავშანტრანსპორტიორები

         მძიმე და სწრაფი საბრძოლო ძალა


              სურათზე - "puma" AIFV

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ჯავშანსატანკო (AFV) სექტორის განვითარებისათვის ძირითადი აქცენტები 8 x 8 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების (APC-ს) დიზაინის დახვეწაზე, მოდერნიზებაზე და წარმოებაზე კეთდება.
ვარშავის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების გარდა, ბოლო დრომდე ქვეყნების უმრავლესობას არსენალში მუხლუხიანი სახმელეთო საბრძოლო მანქანებისა და ჯავშანტრანსპორტიორების (IFV-ს) დიდი პარკი ჰყავდა და ოპერირებდა ასევე, 6 x 6 ჯავშანტრანსპორტიორებითაც APC-ს.
თუმცა, დღეისათვის ქვეყნების უმეტესობა ისწრაფვის, რომ ჰყავდეს მუხლუხიანი სახმელეთო საბრძოლო მანქანები (IFV-ს) და მბრუნავ-კბილანებიანი 8 x 8 ჯავშანტრანსპორტიორებით (APC-ს) აღჭურვილი და დაბალანსებული სამხედრო- სატრანსპორტო პარკი.
ზოგიერთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყველა ტიპის კბილანა-საბურავებიანი 8 x 8 ჯავშანტრანსპორტიორების სასარგებლოდ, მუხლუხიანი ტრანსპორტიორების თანდათანობითი ჩანაცვლების ხარჯზე.
მუხლუხიანი ჯავშანტანკებისგან (AFV-ს) განსხვავებით კბილანა-საბურავებიანი ჯავშანტრანსპორტიორები (APC-s) აღჭურვილნი არიან მნიშვნელოვანი საექსპლოატაციო უპირატესობებით; მაგალითად, საგრძნობი სტრატეგიული მობილურობით და შემცირებული საექსპლოატაციო და ფუნქცუიონალური ხარჯებით.
მუხლუხიანი საბრძოლო მანქანების გადატანა, როგორც წესი, მძიმე ტვირთების გადამზიდავი ტრანსპორტიორებით (HET-ს) ხორციელდება; მაშინ, როცა კბილანა- საბურავებიანი საბრძოლო მაქანები გადაადგილდებიან დამოუკიდებლად გრძელ დისტანციაზე.
მუხლუხიანი საბრძოლო მაქნანები, საცეცხლე სიმძლავრითა და დაცულობის მაღალი დონით, საუკეთესოდ ესადაგებიან მაღალი ინტენსივობის ოპერაციების წარმოებას, ვიდრე მრავალბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებები. სანამ ზოგიერთი ქვეყანა საკუთარი ძალების სტრუქტურირებას ახდენს უფრო ფართო სამხედრო სპექტრით რეალიზების მიზნით, ვნებათაღელვა მხოლოდ იმის ირგვლივ იქმნება, რომ, მაგალითად, შესწევდეთ უნარი გადასხან თავიანთი ძალები გაეროს სამშვიდობო ოპერაციებშიც.
გერმანია მალე დაიწყებს ორი ახალი მუხლუხიანი ჯავშანმანქანის დანერგვას: PSM "პუმა" ჯავშნიანი სახმელეთო საბრძოლო მანქანა (AIFV) და ”მოკრივე” (Bოხერ 8 x 8) მრავალმიზნობრივი ჯავშანმანქანა (MRAV).
"პუმა" AIFV ჩაანაცვლებს ”მარდერ” (Marder) 1A3/1A4/1A5 სახმელეთო საბრძოლო მანქანებს (IFV), ხოლო ”მოკრივე” შეცვლის M113 ჯავშანმანქანების სპეციალიზირებული ვარიანტების უმეტესობას.
საფრანგეთი, ამჟამად, იყენებს ნექსტერ სისტემებს (Nეხტერ შყსტემს AMX-10P IFV) და რენოს თავდაცვის სატვირთო მანქანებს (მათ შორის, ლოგისტიკური, ტაქტიკური, ჯავშნიანი საბურაბევიანი საბრძოლო მანქანები VAB (Vehicule de l'Avant Blinde)), რომელთა მიწოდების რიცხვმა საფრანგეთის არმიისთვის გადააჭარბა 3 700 ერთეულს. მუხლუხიანი AMX-10P-ს ჩაანაცვლებს ნექსტერის სისტემის ჯავშნიანი სახმელეთო საბრძოლო მანქანა (Vehicule Blinde de Combat d'Infanterie - VBCI), ასევე ნაწილობრივ მოხდება VAB სერიის საბრძოლო მანქანების ჩანაცვლება VBჩI-თი.
ბელგიის შემთხვევაში “ბაე სისტემსს” (კომპანია BAE Systems) სახმელეთო სისტემების ჯავშნიანი სახმელეთო საბრძოლო მანქანები (AIFV) და M113 სერიის ტექნიკა ჩანაცვლდება ”მოვაგ პირანია IIIC” (Mowag Piranha IIIC 8 x 8) საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორით საბურავებზე. ძირითად, ჯავშანტრანსპორტიორებთან ერთად, უმეტესობა კონტრაქტორებისა დღეისათვის გვთავაზობს მხარდაჭერის და დამხმარე მანქანების კომპლექტს, რომლებიც ანალოგიური შასებით არიან აღჭურვილნი. აღნიშნული კომპლექტი მოიცავს სამედიცინო-სანიტარულ, საკომანდო და საკონტროლო, ყუმბარმტყორცნიან, შემკეთებელ, აღმდგენ და სარემონტო მანქანების ვარიანტებს.
ბოლო დროისათვის უმსხვილესი კალიბრის იარაღის სისტემა იქნა დაინსტალირებული 8 x 8 ტიპის საბურავებიან საბრძოლო მანქანებზე, რომელსაც აქვს ჯავშნიანი კოშკი ორი-ადამიანისათვის და 90 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი. დღეისათვის ჯავშნიანი საბრძოლო მანქანები AFVს საბურავებზე (8 ხ 8) აღჭურვილები არიან ჯავშნიანი სამიზნე კოშკით 105 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევისათვის და გადაგზავნილნი არიან უკვე იტალიის, ესპანეთისა (ჩენტაურო) და აშშ-ს (შტრყკერ Mობილე Gუნ შყსტემ) შეიარაღებული ძალების მიერ.
შეიქმნა საბრძოლო მანქანების (8 x 8) 120 მილიმეტრინი პროტოტიპები, რომლებსაც აქვთ იგივე დონის საცეცხლე სიმძლავრე, როგორიც ”ლეოპარდ 2”-ს და ”აბრამს”-ის საბრძოლო ტანკებს (MBT-ს), თუმცა გამოირჩევიან სტრატეგიული მობილურობის განსაკუთრებულობით.
საბრძოლო ოპერაციების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მომხმარებელს დღეისათვის სჭირდება უფრო მეტი შიდა ფართობი და დაცვის მაღალი დონე, რაც, თავის მხრივ, ზრდის ბოლო თაობის 8 x 8 დიდი მანქანების წონას (Gross Vehikle Weight).
უმეტესობა მათგანი იწოდება მსუბუქ ჯავშანმანქანებად (LAVs), თუმცა ზოგი დიდი მანქანა (GVW) ოცდახუთ ტონასაც კი იწონის, მაგრამ უფრო მცირე მოცულობისაა ვიდრე ჩV90 და ”ვარიორი” (ჭარრიორ). რა თქმა უნდა, განსხვავება საგრძნობია კანადური წარმოშობის ”ჯენერალ დინამიკსის” (General Dynamics) და სახმელეთო სისტემების მსუბუქი ჯავშანმანქანების (LAV 8 x 8), რომლებიც პირველად 1983 წელს გადაეცა აშშ-ს საზღვაო კორპუსს (USMC) და იწონის ცამეტ ტონამდე.
არცთუ ისე შორეულ წარსულში 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი ითვლებოდა ნორმად უმეტესობა საბურავიანი ჯავშანტრანსპორტიორებისათვის. დაცულობის უმეტესი წილი ადრე მოდიოდა წინა რკალზე, მაგრამ დღეს საფრთხე ყველა მხრიდან, 360 გრადუსიდანაა მოსალოდნელი. შედეგად, უმეტესობა მანქანებს დღეისათვის აქვთ ჯავშნის საბაზისო დონე და ჯავშნის კიდევ დამატებითი ფენა ნამსხვრევებისგან დასაცავად.
ავღანეთისა და ერაყის ოპერაციებისათვის უმეტესობა 8 x 8 მანქანებისა იყვნენ აღჭურვილი ჯავშნის რკალით RPG-7 რეაქტიული ჭურვებისაგან მაღალი დაცულობის უზრუნველსაყოფად.
თუმცა, ჯავშნიანი საბრძოლო მანქანების შეჯავშნის მოცულობა, თავის მხრივ, ლიმიტირებულია, განსაკუთრებით საბურავებიანი მანქანებისათვის და შესაბამისად, ამ მხრივ გაზრდილი აქცენტები აქტიური დაცვის სისტემების (APSs) ფაზაში გადავიდა. ამ შემთხვევაში წარმატებულად ჩატარდა გამოცდაც 8X8 საბურავებიან საბრძოლო მანქანებზე.
ათი წლის წინ დანერგილი 8 ხ 8 მანქანების საპირისპიროდ, ამ მანქანების ბოლო ვერსიებს აქვთ მთლიანად ჩამოსხმული ფოლადის ჯავშანი, რომელსაც მიემაგრა ასევე დამატებითი ჯავშნიანი ნადები უფრო მეტი დაცულობისათვის. როგორც წესი, ეს არააქტიური ტიპია და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის დაცულობას მცირე ცეცხლასროლი და საშუალო კალიბრის იარაღით თავდასხმებისგან.
თვითნაკეთი ასაფეთქებელი იარაღი (IED) და ნაღმები წარმოადგენს ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხეს ზოგიერთ ქვეყანაში და აღნიშნული საფრთხის წინააღმედგ არა მხოლოდ დაცვის განსაკუთრებული ზომებია მიღებული, არამედ, აქცენტები კეთდება სპეციალიური ელექტრონული ხელსაწყოების შექმნაზე საფრთხის ნეიტრალიზებისათვის მანამდე, ვიდრე ამ საფრთხის შემცველი მოწყობილობები უშუალოდ შეეხება საბრძოლო მანქანას.
ქვესისტემის დონეზე, ახალი თაობის 8 x 8 მანქანები უფრო კომპლექსურია, ვიდრე მათი ადრეული მოდელები და აღჭურვილია შესაბამისი ელექტრონული სისტემებით.
დამატებით უფრო მაღალი საკომუნიკაციო აღჭურვილობით, საბრძოლო მანქანებს აქვთ კონკრეტული ბრძოლების მართვის სისტემა; ჰაერის კონდიცირება; ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური (NBC) სისტემა, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება ინტეგრირებული იყოს გარემოსდაცვის კონტროლის სისტემაში; ასევე, აქვთ გაზრდილ საბრძოლო პირობებში ორიენტირებულობის შესაძლებლობები; მექანიკური დამიზნების კოშკურა ან საზღვაო-სადესანტო საცეცხლე დანადგარი, რის გამოც იზრდება ჯავშნისა და ცეცხლის მართვის პულტის სიმძიმე.
გარდა 8 x 8 ტიპის მანქანებისა, მიწოდების ბაზარზე კვლავ რჩება 4X4 და 6X6 მანქანები. ერაყში და ბოლო დროს ავღანეთში წარმოებული ოპერაციებიდან მიღებული გამოცდილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთ ჯავშანტრანსპორტიორთა რიცხვი, რომლებიც ხასიათდებიან ნაღმ-რეზისტეტნტულობითა და ჩასაფრებიდან თავდასხმის მიმართ დაცულობით (MRAP).
ესენია, როგორც წესი, 4 x 4 ტიპის საბრძოლო მანქანები და ასევე, 6 x 6, რომლებიც ნაწილობრივ არიან დამონტაჟებული სამხედრო სატვირთო მანქანების შასსებზე ან იყენებენ ქვესისტემებს, ინტეგრირებულს მთლიანად ჩამოსხმული ფოლადის ჯავშნის ახალ მონობლოკებში, რომლებსაც აქვთ დამატებითი ჯავშნის ნადებიც. მიუხედავად შესატყვისი აღჭურვილობისა, აჯანყებებისა და პარტიზანული ბრძოლების წინააღმდეგ ოპერაციების ჩასატარებლად, ამ ტიპის საბრძოლო მანქანებს აქვთ ლიმიტირებული მობილურობა უგზოობის პირობებში და ყოველთვის არ არიან შესაფერისი მაღალი-ინტენსივობის გადაადგილებისათვის შესაბამისი ოპერაციების წარმოებისას.

ინგლისურიდნ თარგმნა ეკა კომახიძემ

Talvisota



ზურა ოდილავაძე

,,ზამთრის ომი”

ცხადი ისტორიული პარალელების გამო, საინტერესო იქნება, გავიხსენოთ თუ როგორ იპყრობდა მეზობელ, დამოუკიდებელ, პატარა ფინეთს უზარმაზარი საბჭოთა იმპერია და, როგორ ცდილობდა ამისთვის გამოეყენებინა ადგილობრივი მოღალატეები...
,,ზამთრის ომი” (ფინ. Talvisota) - ეს იყო შეიარაღებული კონფლიქტი 1939 წლის 30 ნოემბრიდან 1940 წლის 12 მარტამდე სსრკ-ს და ფინეთს შორის.
1939 წლის 3 ნოემბერს ,,პრავდაში” გამოჩნდა სტატია, სადაც ბუნდოვნად იყო ნახსენები, რომ ფინეთი ჯიუტად უარყოფს საბჭოთა კავშირის მშვიდობიან წინადადებებს და მოქმედებს ვიღაც დაუსახელებელი, მაგრამ ყველასათვის ცნობილი ,,ომის წამქეზებლებლების” კარნახით.
1939 წლის 26 ნოემბერს ,,პრავდა” აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით: ,,მასხარა პრემიერის პოსტზე”. ეს ,,მასხარა” გახლდათ _ რუსეთის საიმპერატორო არმიის კავალერიის გენერალ-ლეიტენანტი, ფინეთის არმიის გენერალი, ფელდმარშალი, ფინეთის მარშალი, ფინეთის პრემიერი და შემდეგ პრეზიდენტი, დიდი ფინელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ბარონი კარლ გუსტავ მანერჰეიმი (შვედ. Carl Gustaf Emil Mannerheim).
,,პრავდის” მოწინავე სასტარტო რევოლვერის გასროლას ნიშნავდა. დაიწყო საბჭოთა პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ბინძური კამპანია ფინეთის მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც რამოდენიმე დღეში ისტერიულ ღრიალში გადავიდა: ,,..დადგა ჟამი გავანადგუროთ ეს საძაგელი ქინქლა! აღვგავოთ პირისაგან მიწისა ფინელი ავანტიურისტები! ვაი, მათ, ვინც ჩვენ გზაზე აღმოჩნდება! გაცოფებულ ძაღლებს არ ელაპარაკებიან, მათ ანადგურებენ! მოუსვენარი პატრონის მიერ მოსეულო ფინელო ძაღლებო...”.
დროის უქონლობის გამო, ანტიფინური კამპანია, ომამდე სულ ხუთი დღით ადრე დაიწყო. ქარხნებში გაიმართა უამრავი ,,სტიქიური მიტინგი”, წამყვანმა საბჭოთა პოეტებმა სახელდახელოდ შექმნეს სათანადო ნაწარმოებები.
ომის ოფიციალურ საბაბად გამოყენებულ იქნა 1939 წლის 26 ნოემბერს მომხდარი ,,მაინილის ინცინდენტი”. დასახლებულ პუნქთან მაინილა განხორციელდა სსრკ-ს ტერიტორიის საარტილერიო დაბომბვა, რომელიც ინსცენირებულ იქნა თვით საბჭოთა მხარის მიერ. მიუხედავად ფინეთის მთავრობის დაჟინებული მოთხოვნისა, საბჭოთა კავშირმა უარი განაცხადა ინცინდენტის გამოძიებაზე. რეალურად კი ფინელმა მესაზღვრეებმა, ზუსტად დააფიქსირეს სროლების ფაქტი და მიმართულება, თუ საიდან გაიხსნა ცეცხლი. ობიექტური გათვლები ცხადყოფდა, რომ საარტილერიო დაბომბვა წარმოებდა სსრკ-ს ტერიტორიიდან. საბჭოთა ხელმძღვანელობამ, რაღა თქმა უნდა, ბრალი მომხდარ ინციდენტზე დააკისრა ფინეთის მთავრობას. საპროტესტო ნოტაში აღნიშნული იყო, რომ ცეცხლის შედეგად გარდაიცვალა 4 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 10 დაიჭრა. საქართველოსთან აგვისტოს ომის მსგავსად, ასე გამოიძებნა ოფიციალური მიზეზი აგრესიის დასაწყებად.
,,ფინელი აგრესორების” საპასუხოდ, ლებედევ-კუმაჩის ლექსის ,,შურისგების საათი დგება” გვერდით ,,იზვესტია” აქვეყნებდა საბჭოთა მთავრობის ოფიციალურ ნოტას, დათარიღებულს 1939 წლის 28 ნოემბრით, რომელშიც ის იტყობინებოდა, რომ ,,ამიერიდან საბჭოთა კავშირი თავისუფლად თვლის თავს იმ ვალდებულებებისგან, რომლებიც აღებულ იქნა ფინეთზე თავდაუსხმელობის პაქტის თანახმად”. ყველასთვის ცხადი იყო, რომ სტალინი გეგმავდა ფინეთის სსრკ-ს შემადგენლობაში შეეყვანას და მის ძალადობრივ გასაბჭოებას, რადგან "მოლოტოვ-რიბენტროპის” საიდუმლო პაქტის საფუძველზე ფინეთი სსრკ-ს ინტერსთა სფეროს განეკუთვნა და იმპერია მას ადვილად მისართმევ, გემრიელ ლუკმად განიხილავდა.
30 ნოემბრის გამთენიისას წითელი არმიის ნაწილები გადავიდნენ დამოუკიდებელი ფინეთის საზღვრებს უზარმაზარ ფრონტზე ბალტიიდან ბარენცის ზღვამდე. ,,შურისგების საათიც” დადგა _ საბჭოთა თვითმფრინავების ორმა ასეულმა დაუშინა ბომბები 16 ფინურ დასახლებულ პუნქტს. ავიაციის მხოლოდ პირველი იერიშის შედეგად ჰელსინკზე მოკლულ იქნა 91, ხოლო 236 ადამიანი დაიჭრა. ყოველი ახალი შეტევისას მსხვერპლის რაოდენობა დიდად იზრდებოდა...
ჰელსინკის დაბომბვის შემდეგ მოლოტოვმა განაცხადა, რომ საბჭოთა თვითმფრინავები ყრიან.... პურით სავსე კალათებს(!) ჰელსინკის მოშიმშილე მოსახლეობისთვის, რის გამოც ფინელებმა ჭურვებს ,,მოლოტოვის კალათები" შეარქვეს.
უკვე 2 დეკემბერს დაიწყო ომის პროპაგანდისტული უზრუნველყოფის შემდეგი ეტაპი. მსგავსი ხერხი კარგადაა ცნობილი საქართველოს ოკუპაციის ისტორიიდან ,,შულავერის კომიტეტის” სახელწოდებით. იგივე ხრიკს მიმართა სსრკ-მ ომისშემდგომ აღმოსავლეთ ევროპასა თუ ოკუპირებულ ავღანეთში და ის გულისხმობს დაკავებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოღალატეების ხელით მარიონეტული ,,დემოკრატიული” მთავრობების შექმნას.
ომის დასაწყისშივე სსრკ-ს ტერიტორიაზე შეიქმნა მარიონეტული ,,ტერიიოკის მთავრობა”, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფინელი კომუნისტი ოტო კუსინენი. მომდევნო დღეებში მოლოტოვი აწარმოებდა მოლაპარაკებებს შეერთებული  შტატების და შვედეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა მათ ეცნოთ ,,ფინეთის სახალხო მთავრობა”. გამოცხადდა, რომ ფინეთის წინა მთავრობა გაიქცა და, შესაბამისად, ქვეყანას აღარ მართავს. სსრკ-მ ერთა ლიგაში განაცხადა, რომ ამიერიდნ მოლაპარაკებებს აწარმოებს მხოლოდ ახალ მთავრობასთან. ფრონტზე საქმეები რომ ოპერატიული გეგმის თანახმად განვითარებულიყო, ეს ,,მთავრობა” უნდა ჩაბრძანებულიყო ჰელსინკში გარკვეული პოლიტიკური მიზნით _ გაეჩაღებინა ქვეყანაში სამოქალაქო ომი. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი თავის მიმართვაში ფინეთის კომპარტიისადმი პირდაპირ მოუწოდებდა  ,,...დაემხოთ ჯალათების მთავრობა”. კუსინენის სიტყვაში ,,ფინეთის სახალხო არმიის” ჯარისკაცებისადმი კი პირდაპირ გაცხადებული იყო, რომ მათ წილად ერგოთ პატივი აღემართათ ,,დემოკრატიული ფინეთის რესპუბლიკის” დროშა პრეზიდენტის სასახლის შენობაზე ჰელსინკში.
,,ფინეთის სახალხო არმიის” ფორმირება დაიწყო 1939 წლის 11 ნოემბრიდან და დაკომპლექტებული იყო კარელებით და ფინელებით, რომლებიც მსახურობდნენ ლენინგრადის სამხედრო ოლქის საჯარისო ნაწილებში. ,,ფინელი მოხალისეების” რაოდენობა 25 ათასს აღწევდა და ისინი გამოაწყვეს პოლონეთის არმიის ნადავლ ფორმებში. ამ ,,სახალხო არმიას” უნდა შეეცვალა ფინეთში საბჭოთა საოკუპაციო ჯარები და გამხდარიყო ,,სახალხო მთავრობის” მთავარი საყრდენი.    
მაგრამ რეალურმა ვითარებამ ფრონტზე, ანტისაბჭოურმა განწყობებმა მსოფლიო საზოგადოებაში, აიძულა სტალინი განეხილა ,,სახალხო მთავრობა”, მხოლოდ როგორც საშუალება, ისიც არასაკმარისად ქმედითი, პოლიტიკური დაწოლისთვის ფინეთის კანონიერ ხელისუფლებაზე. როდესაც გაირკვა, რომ ომი ჭიანურდება, ხოლო ფინელი ხალხი არ ემხრობა ახალ მთავრობას, ის ჩრდილში გადავიდა და საერთოდ აღარ მოიხსენიებოდა ოფიციალურ პრესაში თუ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე. 25 იანვრიდან კი სსრკ იძულებული შეიქნა ეცნო ჰელსინკის მთავრობა ფინეთის კანონიერ ხელისუფლებად, ხოლო მოლოტოვს და კომპანიას სამშვიდობო ხელშეკრულების მოწერა მაინც კანონიერი მთვარობის წარმომადგენლებთან მოუწიათ. ასე ჩაფლავდა ფინეთის დაპყრობის გეგმა კუსინენის მარიონეტული მთავრობის დახმარებით. ,,ფინეთის  სახალხო მთვარობამ” და მისმა ,,სახალხო არმიამ” თავისი სამარცხვინო არსებობა დაასრულეს...
წითელი არმიის დანაკარგები სამთვიან ომში ,,ფინელ ქინქლასთან” შემზარავია! დღემდე ზუსტი ციფრები არ არის ცნობილი. ყველაზე სანდო წყაროებში მოყვანილი მონაცემების ანალიზი საშუალებას იძლევა შეფასდეს ზოგადი დაუბრუნებელი დანაკარგების (მოკლული, ჭრილობებისგან გარდაცვლილი, ტყვეობაში გარდაცვლილი, უგზოუკლოდ დაკარგული) რიცხვი _ ის 127 ათასს აჭარბებს! საბჭოთა ავიაციამ, რომელიც ,,ზამთრის ომში” რიცხობრივად 26-ჯერ აღემატებოდა მოწინაარმდეგის ავიაციის რაოდენობას, მოახერხა დაეკარგა 650 საბრძოლო თვითმფრინავი! მხოლოდ კარელიის ყელზე მწყობრიდან გამოყვანილ იქნა 3179 ტანკი!
თვითმკვლელობის ტოლფასი ,,გამარჯვებიდან” ასეთი ზოგადი დასკვნა გაკეთდა: ,,ჩვენი ჯარი ორივე ძლიერი ფეხით დადგა ახალი, თანამედროვე, ნამდვილი არმიის ლიანდგზე!”
გარდა განხილული, ქართველებისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკური ხრიკებისა, რომელთაც რუსეთი ჩვეულებისამებრ იყებნებს საკუთარი აგრესის გასამართლებლათ, ,,ზამთრის ომის” ისტორიიდან, ჩვენთვის მეტად საინტერესოა, თუ როგორ მოახერხა მცირიცხოვანმა ერმა, უარესად შეიარაღებული ჯარით, წინ აღდგომოდა ძლევამოსილ იმპერიას და დაემარცხებინა მსოფლიოს უდიდესი არმია.
მოსკოვში არ ელოდნენ სერიოზულ წინააღმდეგობას ფინელების მხრიდან და ლაშქრობას როგორც ,,სამხედრო გასეირნებას”, ისე აღიქვამდნენ. ნიკიტა ხრუშჩოვი თავის მემუარებში წერს, რომ კრემლში თათბირზე სტალინმა განაცხადა: ,,მოდით, დავიწყოთ დღეს... ჩვენ ოდნავ ავუწევთ ხმას და ფინელებს ისღა დარჩებათ, რომ დაგვემორჩილონ. თუ ისინი გაჯიუტდებიან, ჩვენ მხოლოდ ერთხელ გავისვრით და ფინელები უცებ აწევენ ხელებს და დაგვნებდებიან”. ამ აზრის დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ ჩრდილო-დასავლეთ ფრონტი შეიქმნა მხოლოდ 1940 წლის 7 იანვარს _ ერთ თვეზე მეტში ომის დაწყების შემდეგ, მაშინ როდესაც პოლონეთში შეჭრის წინ უკვე 1939 წლის 11 სექტემბერ დამთვარებული იყო ორი ფრონტის ფორმირება: უკრაინულის და ბელორუსიულის.
ამგვარი ილუზია საბჭოთა მხედართმთავრების წარმოსახვაში შეიქმნა მოწინააღმდეგე არმიების განკარგულებაში მყოფი შეიარაღების და ცოცხალი ძალის შედარების საფუძველზე.
გარდა იმისა, რომ ფინეთის ჯარი იწყებდა ომს გაცილებით ცუდად შეიარაღებული, ვიდრე კარგად აღჭურვილი წითელი არმია, მას არ გააჩნდა სათანადო მარაგები. ვაზნების და შაშხანების, ავტომატების და ტყვიამფრქვევების რაოდენობა სამხედრო საწყობებში საკმარისი იყო ომის 2,5 თვეზე, ხოლო საწვავის და საცხი მასალების სულ 1 თვეზე.
ფინეთის სამხედრო მრეწველობა წარმოდგენილი გახლდათ ვაზნების ერთი სახელმწიფო ქარხნით, ერთი დენთის და ერთი საარტილერიო ქარხნებით. სსრკ-ს  დიდი უპირატესობა ავიაციაში შესაძლებელს ხდიდა სამივე ქარხნის სწრაფ
გაჩერებას.
მიუხედავად ყველა ობიექტური მონაცემისა, ომი დასრულდა საბჭოთა არმიის სრული კრახით!
აი, ფინელების გამარჯვების რამოდენიმე ფაქტორი:
ფინეთის დამოუკუდებელი სახელმწიფოს წარმოქმნის დღიდან სამხედრო დაგეგმარების ძირითად მიზანს შეადგენდა საბჭოთა კავშირისგან მიუდგომელი თავდაცვის ორგანიზება. დაცვის ძირითად ზღუდეს წარმოადგენდა ,,მანერჰეიმის ხაზი”, რომელიც შედგებოდა რამოდენიმე გამაგრებული დაცვითი ზოლისგან ტანკსაწინააღმდეგო წინაღობებით, ბეტონის ნაგებობებში და ხის მიწურებში განთავსებული საცეცხლე წერტილებით, ერთმანეთთან დაკავშირებული მიწისქვეშა გასავლელებით. საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა 74 ძველი (1924 წლიდან) და 48 მოდერნიზირებული, კარკად დაცული ტყვიამფრქვევის საცეცხლე წერტილი, ეგრეთწოდებული ,,დოტ”-ი (რუს. - ДОТ) და რამოდენიმე ამგვარად გამაგრებული საარტილერიო წერტილი. სულ მთლიანობაში _ 130 საცეცხლე ნაგებობა, რომელიც განთვსებული იყო 140 კილომეტრიან ხაზზე ფინეთის სრუტის ნაპირიდან ლადოგის ტბამდე. ამ თავდაცვითი ხაზის პრაქტიკულად ახლიდან შექმნას და მის მოდერნიზებას ხელმძღვანელობდა ფინეთის არმიის მთავარსარდალი, ზემოხსენებული გენერალი კარლ გუსტავ მანერჰეიმი.
უკვე ომის დასაწყისშივე ფინეთში დაიწყეს შემოსვლა მოხალისეების რაზმებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მოხალისეების უმრავლესობა ჩამოდიოდა შვედეთიდან, დანიიდან და ნორვეგიიდან, აგრეთვე უნგრეთიდან. მაგრამ მოხალისეთა შორის იყვნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, მათ შორის, ინგლისიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აგრეთვე რუსული თეთრი არმიის მოხალისეები.
30-ანი წლების ბოლოს, დასავლელი მოკავშირეების თვითმფრინავების მისაღებად, ფინეთში აშენდა მრავალი აეროდრომი. ფინური მხარე ომის განმავლობაში განაგრძობდა ჯარების შევსებას ცოცხალი ძალით და მათ მომარაგებას საბრძოლო ტექნიკით, რომელიც შემოდიოდა დასავლელი მოკავშირეებისგან. სულ ომის პერიოდში ფინეთში შემოვიდა 300 თვითმრინავი, 500 ქვემეხი, 6 ათასი ტყვიამფრქვევი, 100 ათასი შაშხანა, 650 ათასი ხელის ყუმბარა, 2,5 მილიონი ნაღმი და 160 მილიონი ვაზნა. ფინელების მხარეს იბრძოდა 16-19 ათასამდე მოხალისე.
წითელი არმიისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ფინელების მიერ საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ პირველად მასობრივად გამოყენებული ბოთლები ცეცხლგამჩენი სითხით, რომელთაც შემდგომში ,,მოლოტოვის კოქტეილი” ეწოდა. ომის სამ თვეში ფინურმა მრეწველობამ გამოუშვა ნახევარ მილიონზე მეტი ასეთი ბოთლი და მათი გამოყენებით 3000 მეტი საბჭოთა ტანკი გამოიყვანეს მწყობრიდან.
როგორც სამხედრო ისტორიკოსები აღნიშნავენ, გარდა მორალური უპირატესობისა, ფინელების გამანადგურებელი გამარჯვება წითელ არმიაზე ძირითადად განაპირობა პარტიზანული ომის ტაქტიკის გამოყენებამ. საზღვრის მონაკვეთი ლადოგის ტბის ჩრდილოეთით არ იყო გამაგრებული. აქ წინდახედულად მიმდინარეობდა მზადება პარტიზანული ბრძოლებისთვის, მით უმეტეს, რომ ადგილობრივი პირობები ამისათვის ყველა პირობას ქმნიდა: დაჭაობებული, ტყიანი ადგილი, სადაც შეუძლებელია საბრძოლო ტექნიკის სრულფასოვანი გამოყენება, გრუნტის ვიწრო გზები, რომლებზეც მტრის ჯარი სრულიად დაუცველია.
ყველაზე მძიმე და სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა სწორედ კარელიის ყელზე. საბჭოთა სარდლობას ჰქონდა მხოლოდ ფრაგმენტული აგენტურული მონაცემები ბეტონის გამაგრებულ ზოლებზე და, ამიტომ ,,მანერჰეინის ხაზის” გარღვევისთვის გამოყოფილი ძალები არასაკმარისი აღმოჩნდა. წითელი არმია, რომელიც ადვილი გასეირნებისთვის ემზადებოდა, მთელი ზამთრით გაიჭედა დაჭაობებულ ტყეებში, გრუნტის ვიწრო გზებზე.
სწორედ აქ ითამაშა გადამწყვეტი როლი ფინელების მიერ ,,ზამთრის ომში” ფართოდ გამოიყენებულმა პარტიზანული ომის ტაქტიკამ. მძიმე ბრძოლები გაიმართა კარელიაში. დიდი დანაკარგები განიცადეს მე-8 და მე-9 წითელი არმიის შენაერთებმა, რომლებიც მოქმედებდნენ ხშირ, ჭაობიან ტყის მასივებში გამავალ ვიწრო საგრუნტო გზების გასწვრივ. იყო ადგილები, სადაც ოკუპანტის ჯარი ფინელებმა უკუაგდეს საზღვრამდე. ავტომატებით შეიარაღებული მოთხილამურეების მცირერიცხოვანი ავტონომიური რაზმები, უპირატესად ღამით, თავს ესხმოდნენ გზებზე მიმავალ საბჭოთა საჯარისო ნაწილებს, ხოლო შეტევის შემდეგ თავს აფარებდნენ ტყეს, სადაც ფინელებს მოწყობილი ჰქონდათ ბაზები.
გარღვევაში წინ გასული წითელე არმიის ნაწილები, უმეტესწილად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ალყაში და მათ უწევდათ უკან გარღვევითვე დაბრუნება, ხშირად საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების მიტოვებით.
ფართოდ გახდა ცნობილი ბრძოლა სუომუსალმისთან, კერძოდ, 44 დივიზიის და მე-9 არმიის ისტორია. 14 დეკემბრიდან დივიზია წინ მიწევდა ვაჟენვარას რაიონიდან სუომუსალმის გზით, რათა დახმარებოდა ფინელების მიერ ალყაში მოქცეულ 163 დივიზიას. საბჭოთა საჯარისო ნაწილების გადაადგილება სრულიად არ იყო ორგანიზებული. დივიზიის ნაწილები დიდად გაიჭიმნენ ტყეში გამავალ გზებზე, შედეგად მათ ადვილად ესხმოდნენ თავს ფინელი მოთხილამურე პარტიზანები. საბოლოოდ, 7 იანვარს დივიზიის წინსვლა შეჩერებულ იქნა, ხოლო მისი ძირითადი ნაწილები აღმოჩდნენ ალყაში. მდგომარეობა არ იყო უიმედო, რადგან დივიზია ფლობდა ფინელებთან შედარებით დიდ უპირატესობას ტექნიკაში, მაგრამ დივიზიის მეთაურმა ვინოგრადოვმა, პოლკის კომისარმა პახომენკომ და შტაბის უფროსმა ვოლკოვმა თავდაცვის ორგანიზებას და ალყიდან ნაწილების გამოყვანას, გამოქცევა ამჯობინეს. ლაშქრის დატოვებასთან ერთად ვინოგრადოვმა დივიზიაში გასცა ბრძანება, მიეტოვებინათ საბრძოლო ტექნიკა და ისე გამოსულიყვნენ ალყიდან. შედეგად ბრძოლის ველზე დარჩა 37 ტანკი, სამასზე მეტი ტყვიამფრქვევი, რამოდენიმე ათასი შაშხანა, 150-მდე მანქანა, ყველა რადიოგადამცემი სადგური, ცხენები და მრავალი სხვა. ალყიდან გამოსვლისას, ათასზე მეტი ადამიანი პირადი შემადგენლობიდან დაიჭრა და მოიყინა, დაჭრილების ნაწილი ტყვედ ჩავარდა. შემდგომ, ჩადენილი დანაშაულისთვის ვინოგრადოვი, პახომენკო და ვოლკოვი დახვრიტეს დივიზიის მწყობრის წინ.
წითელ არმიას უდიდეს ზარალს აყენებდნენ სნაიპერები, ეგრეთ წოდებული _ ,,გუგულები”, რომლებიც ხსნიდნენ ცეცხლს ხეებიდან. ,,გუგულები” _ ფინელი სნაიპერების სლენგური დასახელებაა 1939 _ 1940 წლების საბჭოურ-ფინურ ომის დროს. სნაიპერებს მოწყობილი ჰქონდათ მაღალ ფიჭვზე სპეციალური ფიცარნაგები, საიდანაც მოხერხებულად აწარმოებდნენ დამიზნებით სროლას. პირველ რიგში ,,გუგულები” ანადგურებდნენ მეთაურ ოფიცრებს, რაც იწვევდა პანიკას და ჯარის დემორალიზაციას.
ყველაზე ცნობილი მათ შორის გახლდათ სიმო ხაიხა (ფინ.- Simo Hayha), ის ითვლება მეორე მსოფლიო ომის საუკეთესო სნაიპერად, ხოლო ზოგიერთის აზრით ის საუკეთესოა მსოფლიოშიც. სიმო ხაიხამ თავისი სნაიპერული შაშხანით გაანადგურა 542 წითელარმიელი და რამოდენიმე ასეული მებრძოლი ავტომატით, რისთვისაც საბჭოთა არმიაში მეტსახელად ,,თეთრი სიკვდილი” შეარქვეს.
ამ სამხედრო აგრესიის შედეგად საბჭოთა კავშირი გაირიცხა ერთა ლიგიდან, ხოლო "ზამთრის ომი" დასრულდა მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებით.

სიმო ჰაიჰა ”ზამთრის ომისას” - ყველა დროის რეკორდსმენი სნაიპერი

გუერილა


ფრანსისკო გოიას ნახატი - ესპანელი ”გუერილა” ხუან მარტინ დიასი

კახა ესებუა

ყველგან და არსად

“სადაც ჩვენ ჩავდიოდით, ისინი ქრებოდნენ; როდესაც ვტოვებდით რომელიმე ადგილს, მაშინვე ჩნდებოდნენ. ისინი იყვნენ ყველგან და არსად. მათ არ ჰქონდათ ხელშესახები წერტილი, სადაც ჩვენ იერიშის მიტანას შევძლებდით”, – წერდა ერთ-ერთი პრუსიელი ოფიცერი საკუთარ დღიურებში XIX საუკუნის დასაწყისში, ნახერვარკუნძულის ომისას ესპანელ პარტიზანებზე, იგივე გუერილებზე. ”გუერილა”, მცირე ომი, ანდაც ჩვენთვის ყველაზე გასაგები დეფინიცია – პარტიზანული მოძრაობა. ეს არაკონვენციური  სამხედრო დაპირისპირების ერთ-ერთი სახეა. რისთვის ან ვისთვის არის ის მისაღები? შეზღუდული ადამიანური და მატერიალური რესურსების მქონე მხარისთვის, რომელსაც არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მრავალრიცხოვან და კარგად მომზადებულ მოწინააღმდეგეს ბრძოლის ველზე კონვენციური, სიმეტრიული ბრძოლა გაუმართოს.
ტერმინი გუერილა პირველად სწორედ ნახსენებ ნახევარკუნძულის ომში გაჩნდა ესპანელი მებრძოლების დასახასიათებლად, როცა მათ ნაპოლეონის ძლევამოსილ არმიას უდიდესი დანაკარგი მიაყენეს, შემდეგ კი ერთ-ერთი მიზეზი გახდნენ ფრანგული იმპერიის დაშლა-დანაწევრებისა. ტერმინი მაშინ გაჩნდა, თუმცა მისი ფესვები ანტიკურ ხანაში მიდის, როცა სკვითები მსგავსი ტაქტიკით ებრძოდნენ ალექსანდრე მაკედონელის უძლეველ არმიას; რომაელები კი მეორე პუნიკურ ომში იყენებდნენ ჰანიბალის წინააღმდეგ.
ამის შემდეგ ომის ეს ხერხი საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ გამოიყენეს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ერებმა, ზოგჯერ შედეგიანად და ზოგჯერ უშედეგოდ.
თუმცა, მოდით, თავად ტაქტიკას დავუბრუნდეთ. რა მიზნების რა საშუალებებით მიღწევას ცდილობენ პარტიზანები? პოლიტიკური მიზანი პარტიზანულ ომს სხვადასხვა შეიძლება ჰქონდეს იმ კონკრეტული ისტორიული ვითარებიდან და სოციალური განწყობიდან გამომდინარე, რომელშიც ის იბადება. შესაძლოა, ეს იყოს ბრძოლა დიდი და ძლევამოსილი დამპყრობლის წინააღმდეგ, როგორც ეს ნახევარკუნძულის ომში, ან თუნდაც ჩვენთვის ბევრად ახლობელ და ნაცნობ ვიეტნამში, ძლიერი ექსპედიციური არმიის საპირისპიროდ. შესაძლოა, მან სამოქალაქო დაპირისპირების სახე მიიღოს, როგორც, მაგალითად, ჩინეთში, XX საუკუნის 20-იან წლებში სამოქალაქო ომისას. შეიძლება, ის რელიგიურ ნიადაგზე წარმოიშვიას, როგორც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები.
რაც შეეხება სამხედრო მიზნებსა და საშუალებებს, პარტიზანული ომის მიმდინარეობას ძალიან თვალნათლად აღწერს ჩინეთის კომუნისტი ლიდერი მაო ძე დუნი საკუთარ წიგნში “პარტიზანული ომის შესახებ” – მოწინააღმდეგე გვიტევს, ჩვენ უკან ვიხევთ, მტერი ბანაკდება, ჩვენ მას მოსვენებას არ ვაძლევთ, ის იღლება, ჩვენ ვუტევთ, მტერი გარბის, ჩვენ კონტრშეტევაზე გადავდივართ.
ამ ტიპის ომი სწორედ ძლიერი მოწინააღმდეგის ძალების მუდმივი სტრესის ქვეშ მოქცევაზე, გამოფიტვაზე, ცოცხალი ძალის დემორალიზებაზე და ლოჯისტიკის მოშლაზე არის ორიენტირებული. გუერილების მიზანი არა მტრის საბოლოო განადგურება და მისი დედაქალაქის თავზე საკუთარი დროშის აღმართვა, არამედ მოწინააღმდეგისთვის გაუსაძლისი მდგომარეობის შექმნა და ტერიტორიის დატოვების იძულებაა. მას განსხვავებული სტრატეგიულ-ტაქტიკური ამოცანები გააჩნია, ვიდრე რეგულარულ სამხედრო ძალას. პარტიზანები სამიზნეებად ძირითადად მაგისტრალურ გზებს, სტრატეგიული ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტებს, მტრის ცალკეულ საპოლიციო და სამხედრო ქვედანაყოფებს ირჩევენ. ისინი თავს ესხმიან ელვისებური სისწრაფით და “შემთხვევის ადგილს” ასევე მყისიერად ტოვებენ. მობილურობა – სწორედ ის არის ამოსავალი წერტილი, რომელიც განაპირობებს გუერილების ეფექტურობას და თავად მათი უსაფრთხოების ხარისხს. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი პარტიზანულ ტაქტიკაში თავდასხმის ადგილის შერჩევაა. ამ მცირე და მობილური ჯგუფების ყველაზე საიმედო მოკავშირე რთული ბუნებრივი რელიეფი – ტყიანი მასივები და მთაგორიანი ხეობებია.
თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პარტიზანები ამის საპირისპიროდ თავს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს აფარებენ. ამჟამად ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ისლამისტური დაჯგუფება ჰამასია. ურბანისტულ რეგიონებში მათ აღმოჩენა და განადგურება რთული საქმეა, ისინი ხომ ხშირ შემთხვევაში არც ფორმას ატარებენ და არც რაიმე სხვა განმასხვავებელი ნიშანი გააჩნიათ. სწორედ მოსახლეობასთან ურთიერთობა არის პარტიზანული მოძრაობის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი. თუ მოსახლეობა პარტიზანის მხარესაა, ეს მას მიზნების შესრულებას მნიშვნელოვნად უმარტივებს. მოსახლეობა ეხმარება მათ ლოჯისტკური ამოცანების ეფექტურად გადაჭრაშიც. მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში ან მიუდგომელ სოფელში მიღებული თავშესაფარი გუერილასთვის საუკეთესო კამუფლირება და ფორტიფიკაციაა. მოსახლეობა ხშირად პარტიზანებს საბრძოლო საშუალებების შენახვაშიც ეხმარება. ასე იყო ვიეტნამში, როდესაც ამერიკელ მეთაურებს ეგონათ, რომ კონკრეტულ დასახლებას აკონტროლებდნენ, მოგვიანებით ირკვეოდა, რომ აქ ვიეტნამელი მებრძოლების საიდუმლო ბაზები, საცავები და გვირაბები იყო განლაგებული.
პარტიზანი არ უნდა იყოს დამოკიდებული დიდ ბაზაზე ან საწყობზე. ზომის ზრდასთან ერთად მათი აღმოჩენის ალბათობაც მატულობს, შესაბამისად მათი განადგურება სამოქმედო გეგმას მთლიანად ანგრევს. ამიტომაც ამ ტიპის ომში ჩაბმული ნაწილები ძირითადად მცირე საწყობებს და ბაზებს არჩევენ, რათა ერთ-ერთი მათგანის განადგურებამ დაგეგმილი ოპერაცია მთლიანად არ ჩაშალოს. პარტიზანები არასოდეს არ ცდილობენ დაიკავონ და გააკონტროლონ ტერიტორიები. ეს მათ კოდექსს ეწინააღმდეგება. მათი ძირითადი მიზანი მტრის მისსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე შეწუხებაა. ისინი უსიამოვნო სიურპრიზებს სთავაზობენ მათზე ძლიერ მოწინააღმდეგეს სწორედ იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელიან.
რას აღწევს პარტიზანი ამით? ძირითადი მიზანი მტრის იმ დონემდე შეწუხება და გამოფიტვაა, რომ ის იძულებული გახდეს დატოვოს ოკუპირებული ტერიტორია. პარტიზანის სტრატეგია ასიმეტრიული საფრთხეების შექმნაა. არარეგულარული სამხედრო დაპირისპირებები დროშიც არარეგულარულ ხასიათს ატარებს. გუერილები ოპერაციებს წელიწადში გარკვეული რაოდენობის დღეებს უთმობენ. დანარჩენი დრო კი ძალების აღდგენაზე და წვრთნაზე იხარჯება. პარტიზანისთვის დაუშვებელია ჩათრეული იყოს რეგულარულ და სწრაფ სამხედრო კონფრონტაციაში.
ახლა კი გადავავლოთ თვალი ისტორიას, გავიხსენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ომები, სადაც ერთ-ერთი მხარე პარტიზანული ომის ტაქტიკას იყენებდა და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდა ისინი.
პარტიზანული ომების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ნახევარკუნძულის ომი ითვლება. აქ ესპანელმა პარტიზანებმა ნაპოლეონის არმიას 10 ათასობით სამხედრო გაუნადგურეს, სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის გაწყვიტეს კონტროლი, მთლიანად ჩამოიშალა ჯარის ზურგის მომარაგების სისტემა. მოგვიანებით ნაპოლეონმა ამ ომს “ესპანური წყლული” უწოდა. შედეგად ომი ვალენსიის ზავით და ნაპოლეონის და მეექვსე კოალიციის მარცხით დასრულდა.
თითქმის პარალელურად ნაპოლეონმა პარტიზანებთან კიდევ ერთი ომი წააგო. მოსკოვის აღების შემდეგ ფრანგულმა არმიამ ვერ მოახერხა მიღწეული შედეგის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მკვლევარი ნაპოლეონის დამარცხებას მკაცრ რუსულ ზამთარს მიაწერს, შეუძლებელია არ აღინიშნოს ფელდმარშალ კუტუზოვის მიერ გაცემული ბრძანება ფრანგების მომარაგებაზე პერიოდული დარტყმების მიყენების შესახებ, რამაც საბოლოოდ ნაპოლეონის ლეგიონი საკვების, ამუნიციისა და ტყვიაწამლის გარეშე დატოვა.
თუმცა ნაპოლეონის ომებამდე პარტიზანულ ელემენტებს ატლანტიკის ოკეანის გადაღმა, ამერკის კონტინენტზე იყენებდნენ. შტატების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ბრიტანეთთან მართალია უამრავ სიმეტრიულ ომს მოიცავდა, თუმცა გარკვეული ქვედანაყოფები, განსაკუთრებით გენერალ ფრენსის მერიონის მეთაურობით ბრიტანელებს ვიწრო კანიონებში სრულიად მოულოდნელად ესხმოდნენ თავს და სანამ კუნძულელები საპასუხო ცეცხლის გახსნას მოახერხებდნენ, სწრაფადვე ტოვებდნენ ტერიტორიას მათთვის კარგად ნაცნობი ბილიკებით. ეს ომიც შეგვიძლია პარტიზანების აქტივში ჩავწეროთ, მას ხომ 1783 წელი და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა.
პირველ მსოფლიო ომში ისევე, როგორც სამხედრო ოპერაციების ყველა არსებული ტიპი პარტიზანული ომიც ფართოდ გამოიყენებოდა. მას იყენებდა გერმანელი ვიცე-პოლკოვნიკი პოლ ემილ ფონ ლეტოვ-ფორბეკი აღმოსავლეთ აფრიკული კამპანიისას. ამ ტაქტიკით იბრძოდნენ უკრაინელებიც.
ყველაზე დასამახსოვრებელი პარტიზანული ბრძოლები კი ახლო აღმოსავლეთის თეატრში გაიმართა. 1916 წელს ახლო აღმოსავლეთმა ომის მსვლელობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ბრიტანეთმა არაბ ადგილობრივ ლიდერებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარი არმია ახლო აღმოსავლეთში შეიყვანა, თუმცა მალე მიხვდა, რომ ადგილობრივი ძალების დამხარების გარეშე აქ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწევდა. ბრიტანული და ადგილობრივი ძალების მეთაურობა ბრიტანეთის სამეფო არმიის ხელმძღვანელობამ გენერალ ედმუნდ ალენბისა და სრულიად ახალგაზრდა, 27 წლის კაპიტან თომას ედუარდ ლოურენსს მიანდო. არაბთა რეგულარული ძალები ალენბის დაქვემდებარებაში შევიდა, ახალგაზრდა ლოურენსს კი საკუთარი ბრიტანული კონტიგენტის გარდა მხოლოდ ადგილობრივი არაბი მოსახლეობა შერჩა, რომელმაც იარაღის მოხმარებაც კი არ იცოდა. ახალგაზრდა ოფიცერი მიხვდა, რომ ამ კონტიგენტით ის თურქებს ტოლსწორად ვერ დაუპირისპირდებოდა. ლოურენსი მაშინვე შეუდგა ადგილობრივი კადრების რეკრუტირებას და პარტიზანული მოძრაობის ორგანიზებას. შედეგად ორწლიანი ბრძოლების შედეგად მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქის დაკავება და ალენბის ძირითადი ძალებისთვის უდიდესი დახმარების გაწევა მოახერხა.
კიდევ ერთი აღსანიშნავი კონფლიქტია ირლანდიის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. XX საუკუნის ათიანი წლებიდან კონფლიქტი ბრიტანეთის იმპერიულ ძალებთან ინტენსიური გახდა. 1919-1921 წლებში კი სერიოზულ სამხედრო კონფრონტაციად იქცა. ირლანდიელები იყენებდნენ როგორც საველე პარტიზანულ “მფრინავ რაზმებს”, ასევე ურბანისტულ ტაქტიკას, რაც მტერზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში იერიშების მიტანას გულისხმობს. 1921 წელს ბრიტანეთმა გააცნობიერა, რომ ირლანდიაში სამხედრო ყოფნის გამო ძალიან მაღალ პოლიტიკურ და სამხედრო საფასურს იხდიდა. შედეგად ხელი მოეწერა ანგო-ირლანდიურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ირლანდია ბრიტანეთის უშუალო დაქვემდებარებიდან გამოვიდა და ე.წ. დომინიონის ქვეყნებში შევიდა.
მეორე მსოფლიო ომში პირველთან შედარებით ბევრად აქტიურად გამოიყენებოდა ბრძოლის პრატიზანული ტაქტიკა. მას ძირითადად მოკავშირეები ფაშისტური კოალიციის წინააღმდეგ იყენებდნენ. მას შემდეგ, რაც 1938 წელს გერმანიამ ცენტრალური ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია დაიწყო, პოლონეთში, ჩეხეთში და სხვა ქვეყნებში პარტიზანული მოძრაობის ორგანიზება დაიწყო. ამის შემდეგ, როცა მსოფლიო ომის ფრონტი თითქმის მთელ მსოფლიოზე გაიშალა წარმატებული გერმანული ოპერაციების ტერიტორიაზე წინააღმდეგობის სერიოზული კერები ჩნდებოდა. პარტიზანული მოძრაობები შეიქმნა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, დანიაში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, ალბანეთში, საბჭოთა კავშირში, იუგოსლავიასა და სხვა ქვეყნებში. ამ მოძრაობის ორგანიზაციაში კონტინენტურ ევროპას ბრიტანული სპეციალურ ოპერაციათა სამმართველო ეხმარებოდა. ეს იყო საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი მთელს ევროპაში წინააღმდეგობების კერების გაღვივება და ფაშიუსტური კოალიციისთვის წინსვლასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განმტკიცებისთვივის ხელის შეშლა წარმოადგენდა. თუმცა სპეციალურ ოპერაციათა სამმართველო მხოლოდ მოკავშირე ქვეყნების დახმარებით არ შემოიფარგლებოდა. ორგანიზაციაში ბრიტანეთის დაცვის პარტიზანული გეგმაც მუშავდებოდა, რადგან ნაცისტური კოალიციის კუნძულზე შეჭრაც არ იყო გამორიცხული. გარდა პარტიზანული მოძრაობის ორგანიზებისა სამმართველო აქტიურ სააგიტაციო მუშაობას ეწეოდა, რაც პარტიზანების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერას ზრდიდა. თუმცა პარტიზანების პარალელურად ქვეყნების უმეტესობაში არსებობდა კონვენციური არმიებიც, მაგალითად, იუგოსლავიაში, სადაც პარტიზანული ომი ყველაზე დიდი სიმძლავრით იყო გაჩაღებული, 400 ათასიანი კონვენციური არმიაც არსებობდა, ბელორუსიაში კი 300 ათასიანი.
დღემდე დაუდგენელია საბჭოთა პარტიზანების რაოდენობა, თუმცა მათ ფაშისტური გერმანიის, რეგულარულ ძალებს უდიდესი ზიანი მიაყენეს. ბუნებრივი რელიეფიდან გამომდინარე ყველაზე ფართოდ პარტიზანული მოძრაობა სამხრეთ ევროპის ფრონტზე გაიშალა. ამ ბრძოლაში იუგოსლავიასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საფრანგეთიც. თუმცა ყველაზე დიდი ოპერაციის მომზადებაში საბჭოთა პარტიზანებმა მიიღეს მონაწილეობა. ოპერაცია ბაგრატიონის (ქართველი გენერლის, პეტრე ბაგრატიონის საპატივცემულოდ) ჩატარება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პარტიზანებმა აღმოსავლეთ ფრონტზე მთლიანად მოარღვიეს გერმანელთა ლოჯისტიკა. ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვის შემდეგ პარტიზანული ბრძოლები აზიის ფრონტზე, იაპონიის წინააღმდეგაც გაჩაღდა.
ვიეტნამის ომს მკვლევარების უდიდესი ნაწილი არაკონვენციურ დაპირისპირებათა ჯგუფს მიაკუთვნებს. ომის დასაწყისში, 60-იანი წლების პირველ ნახევარში, სანამ ტონკინის ინციდენტის შემდეგ ომში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერეოდა, ომი მართლაც მთლიანად პარტიზანული ტაქტიკით მიმდინარეობდა. რელიეფიც შესაფერისია ამ ქვეყანაში, ბრინჯის ყანები და ჯუნგლები მეომრებისთვის საუკეთესო სამალავს წარმოადგენს, თუმცა ამერკის ომში ჩართვის შემდეგ დაპირისპირებამ ნელნელა კონვენციური ომის სახე შეიძინა. ვიეტნამელ კომუნისტებს შეიარაღებით საბჭოთა კავშირი ამარაგებდა. პარტიზანი მეომრები ნელ-ნელა ტანკებმა და თვითმფრინავებმა ჩაანაცვლეს, თუმცა ომის ბოლომდე პარტიზანულ მოძრაობას თავისი დამხმარე ფუნქცია არ დაუკარგავს. ჩამონათვალის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. უამრავია მაგალითები როგორც ღრმა წარსულიდან, ასევე თანამედროვეობაშიც. უამრავმა ცნობილმა და სახელიანმა ადამიანმა თავისი მოღვაწეობის დიდი ნაწილი სწორედ ომის ამ სახის მეცნიერულ შესწავლას მიუძღვნა, მათ შორის ჩინელმა მაო ძე დუნმა და კუბელმა ჩე გევარამ. საინტერესო მოსაზრებები გუერილას შესახებ კლაუზევიცმაც დაგვიტოვა.
მთავარი აზრი ერთია – პარტიზანული ომი და მისი ისტორიული მაგალითები არის იმის მანიშნებელი, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე, თუნდაც შენს წინააღმდეგ მსოფლიოს უდიდესი იმპერია მთელი მისი სიმძლავრით იბრძოდეს. ეს არის ფსიქოლოგიური მოძღვრება გაუტეხელობის და მუდმივი წინააღმდეგობის შესახებ. ეს არის მოძღვრება იმის შესახებ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.


ძეგლი ესპანელ პარტიზან ქალს

უკანასკნელი ქართველი მეფე



ნიკო ჯავახიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

გრიგოლ პირველი - უკანასკნელი ქართველი მეფე
 
ქართული სახელმწიფოებრიობა სათავეს ათასწლეულთა სიღრმიდან იღებს.
XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერატორებმა პავლე I-მა და მისმა ვაჟმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერეს მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და იმპერიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით ისინი საქართველოს ისტორიაში შევიდნენ, როგორც პირველი დამპყრობლები, რომელმაც ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის წინამძღოლობით არსებული ქართული სახელმწიფოებრიობის ძირფესვიანად მოსპობა, მისი პოლიტიკური სახელის სამუდამოდ წაშლა სცადა.
ისტორიიდან ცნობილია სხვა არანაკლებ სასტიკ დამპყრობელთა სახელები, რომლებსაც შესაძლოა იგივე სურდათ, რაც რუს იმპერატორებს, მაგრამ ქართული სახელმწიფოებრიობის ამა თუ იმ ფორმით არსებობას ისინი მაინც ეგუებოდნენ.
ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლა რომანოვთა დინასტიას ძვირად დაუჯდა. ამის შემდეგ, რუსეთის თითქმის არცერთი იმპერატორი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა.
იმპერატორის მმართველობის ქვეშ იძულებით მოქცეული ქართველი ერის ჯანსაღ ნაწილს კვლავ ბაგრატოვანთა გამეფება სურდა. ამ გვარის სახით ქართველობას ეროვნული სახელმწიფოებრიობის ცოცხალი სიმბოლო ეგულებოდა. ამის გამო, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართული სამეფო ოჯახის წევრთა უმეტესობა პეტერბურგში გადაასახლეს.
რუსეთის საიმპერიო ადმინისტრაცია საქართველოში ისე იქცეოდა, როგორც დამპყრობელი _ დაპყრობილ ქვეყანაში. ამის გამო, ქართველი ერის უკმაყოფილება თანდათან მატულობდა.
ყოველივე ზემოთქმულმა და განსაკუთრებით ეროვნული სახელმწიფოებრიობის გაუქმებამ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამას მოჰყვა სახალხო აჯანყებები კახეთსა (1802) და მთიულეთში (1804), რომლებიც რუსეთის ადმინისტრაციამ სისხლში ჩაახშო.
1812 წლის 31 იანვრიდან კახეთი ახალი აჯანყების ალში გაეხვია. იმხანად საქართველოს განაგებდა იმპერატორის მიერ “მთავარსარდლად” დანიშნული გენერალი, იტალიური წარმომავლობის მარკიზი ფილიპ ოსიპის ძე პაულუჩი (1779-1849).
მოსახლეობის უკმაყოფილებას კარგად გამოხატავს აჯანყებულთა მოხსენების შემდეგი სიტყვები: “ერთობით ვსწერთ ჩვენს მწუხარებას, რომელნიცა არ შესწრებიან წინაპარნი მამანი და პაპანი ჩვენნი ამისთანა მწუხარებას”.
აჯანყებაში ფაქტობრივად მისი დაწყებისთანავე ჩაება მეფე ერეკლე II-ის შვილთაშვილი, 23 წლის ბატონიშვილი გრიგოლ იო¬ანეს ძე (1789-1830). იგი ყოფილა წარმოსადეგი, ახოვანი ვაჟკაცი, რომელსაც ეროვნული ტანისამოსის ჩაცმა ჰყვარებია.
გრიგოლი ორ თავადთან და ორ აზნაურთან ერთად შეეცადა, რომ აჯა¬ნყების ალი ქართლშიც აებრიალებინა.
9 თებერვალს შიდა ქართლის მთიანეთში აჯანყებამ იფეთქა. მთიულებმა და ფშავ-ხევსურებმა დუშეთი და ფასანაური აიღეს. მათ მოციქულები გაუგზავნეს გუდამაყრელებს, მოხევეებს და აჯანყებულთა დროშის ქვეშ დადგომა შესთავაზეს.
ქართველ მთიელთა მიერ სამხედრო გზის ჩაკეტვამ საქართველოში მყოფ რუსებს დიდი საშიშროება შეუქმნა. აჯანყებულები იმდენად გაძლიერდნენ, რომ ავჭალის მიდამოებში შემოვიდნენ და თბილისში მყოფი რუსული ადმინისტრაცია რეალური საფრთხის წინაშე დააყენეს.
ისტორიკოსი ალ. ფრონელი წერს, რომ 20 თებერვალს “საქართველოს სამხედრო გზა გახსნა ორ-პირად წასულმა ჯარმა. ანანურისა და დუშეთის მაზრათა მკვიდრნი დაწყნარდნენ, დუშეთისა და ანანურის ციხენი ისევ რუსეთს დარჩათ. არაგვზე დარჩა საბრძოლველად მხოლოდ თავად იოსებ სიდამონოვის (იგულისხმება თავადი სიდამონ-ერისთავი. ნ. ჯ.) ათასკაციანი რაზმი, სოფელ საშაბუროში დაბანაკებული. თფილისის მიდამოები გასწმინდა მეამბოხეთაგან პოლკოვნიკმა ტიხანოვსკიმ”.
აჯანყებულებმა, რომელთა შორისაც კახეთის თავად-აზნაურობის უმრავლესობა აღმოჩნდა, ხელთ იგდეს მთელი კახეთი. რუსთა გარნიზონები მხოლოდ თელავ-ყარაღაჯში შემორჩა.
აჯანყებულთა მოქმედების რაიონი შედარებით მცირე იყო ქართლში, სადაც ის თითქმის არ გასცილებია არაგვის ხეობას. მართალია, იქაური გლეხობა აჯანყებას თანაუგრძნობდა, მაგრამ თავადაზნაურობის უმეტესობამ მათ მხარი არ დაუჭირა.
ქართლელ თავადთაგან აჯანყებაში ჩაებნენ იოსებ არაგვის ერისთავი და სვიმონ მაჩაბელი.
ფრონელის ცნობით, “სვიმონი წინ გაუძღვა ახლადარჩეულ მეფე გრიგოლს, უვნებლად გაატარა შუაგული ქართლი და შევიდა მტკვრის მარჯვენა მხარეს: სათარხნოსა და საციციშვილოსა, ააჯანყა რამდენიმე სოფელი, მაგრამ ვერას გახდა. გენერალი სტალი ფეხდაფეხ დასდევდა მაჩაბელს და როგორ დაემალებოდა მდევარს, რაკი მეზობლები ხელს არ უწყობდნენ? ვერც დაემალა და ხელში ჩაუვარდა სტალს. ის კი მოახერხა მაჩაბელმა, რომ ბატონიშვილი გრიგოლი, ანუ ახალი მეფე, ტყვეობას დროებით გადაარჩინა და უვნებლად გაისტუმრა კახეთს, სადაც აჯანყების ნიადაგი უკვე იყო მომზადებული”.
20 თებერვლისათვის გრიგოლ ბატონიშვილი თავის მომხრეებთან ერთად, ქართლიდან კახეთში გადავიდა და სათავეში ჩაუდგა აჯანყებულებს, რომლებსაც როგორც თვითონ აღნიშნავდნენ, “მეფის მეტი არაფერი აკლდათ”.
“პატარა კახის” ნაშიერის კახეთში გამოჩენა აჯანყებულთათვის მართლაც უდიდეს სტიმულად იქცა. მათ გრიგოლი თავიანთ წინამძღოლად მიიღეს და მეფედ გამოაცხადეს. მისი სახელი, როგორც მეფისა _ ეკლესიებშიც იხსენიებოდა.
ვინაიდან ამ სახელის მქონე მეფე ბაგრატიონთა დინასტიაში მანამდე არ ყოფილა, იგი გრიგოლ I-ად უნდა მოვიხსენიოთ.
დამპყრობელთა აუტანელი მმართველობისაგან განათავისუფლებულ კახეთში არსებულ რეალურ ვითარებას ფრონელი ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით აგვიწერს. მის ნაშრომში ვკითხულობთ: “თებერვლის შუა რიცხვებში 1812 წ., შიდა და გარე კახეთი თითქმის გასუფთავდა რუსთა მხედრობისაგან, მათი მართვა-გამგეობა ხუხულასავით დაიფუშა ერთი შებერვით...
კახეთმა ძველებურად, ქართულად ამოისუნთქა და ქართულადვე დაიწყო ცხოვრება, ფიქრიანობა და აზროვნება. გულშემზარავი ჭყივილი საეგზეკუციო კამანდებისა აღარ გაისმოდა “კურთხეულ კახეთის” ველ-მინდვრებში, სოფლიდან სოფლად აღარ დაძუნძულებდნენ სამგლე იასაულები უნტერ-აფიცრებით საბეგრო ურმების მოსაკრეფად. ერთის სიტყვით, კახეთი მხიარულობდა, ამაყობდა გამარჯვებით”.  
27 თებერვალს გრიგოლ I-მა ქიზიყის მოსახლეობას თანადგომისაკენ მოუწოდა, რამაც სათანადო შედეგი გამოიღო.   
მეფე გრიგოლის ენერგიული მოღვაწეობის წყალობით, აჯანყებულებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს დაღესტნელებმა, რომელთა 4-ათასი მეომარი ქართველ აჯანყებულთა ჯარს შეუერთდა. 
გრიგოლ I-ის სამეფო ხელისუფლება ვრცელდებოდა კახეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე (გარდა თელავისა და ყარაღაჯისა) და ქართლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე, ანუ არაგვის ხეობაზე. მისი გამეფებით გამოწვეული ქართველთა სიხარული გაიზიარეს თავისუფლებისმოყვარე ჩრდილოკავკასიელმა მთიელებმა, კერძოდ, დაღესტნელებმა და თაგაურელმა ოსებმა, ასევე თურქმანული მოდგმის ტომებმა _ ბორჩალოელებმა და ყაზახელებმა, რომლებიც ქართველ მეფეებს ტრადიციულად ერთგულად ემსახურებოდნენ.
გრიგოლ I-ის წინამძღოლობით აჯანყებულნი რიცხობრივად უპირატეს და უკეთესად აღჭურვილ მტერს არ ეპუებოდნენ.    მეფის ასეთმა ენერგიულმა მოღვაწობამ და კახეთის აჯანყების საერთოკავკასიურ ამბოხებად გადაქცევის საფრთხემ რუსეთის ხელისუფლება აიძულა, გადამჭრელი ზომებისათვის მიემართა.  
1 მარტს, სოფელ ჩუმლაყთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლაში აჯანყებულთა ოთხიათასკაციანი ლაშქარი რუსთა ჭარბ სამხედრო ძალას შეერკინა. ბრძოლაში დაიღუპა რუსთა მხარდამხარ მებრძოლი ვახტანგ დიმიტრის ძე ორბელიანი (1769-1812), ხოლო პაულუჩის ადიუტანტი, შემდგომში ქართული რომანტიზმის ფუძემდებლად აღიარებული ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე (1786-1846) _ ფეხში დაიჭრა.
ბაგრატ ბატონიშვილი მოგვითხრობს: “მუნ იქმნა ბრძოლა ძლიერი, მოსწყვიტნეს მრავალნი რუსნი. მუნ მოკვდა თავადი ორბელიანი ვახტანგ დიმიტრის ძე, სიძე მეფისა ირაკლისა, რომელიცა იყო პოლკოვნიკი რუსთა, მყოფი რუსთა თანა, და დაიჭრა ჭავჭავაძე გარსევანის ძე ალექსანდრე, რომელიცა იყო მას ჟამსა შინა ნაიბ-ეშიკაღაბაში მარკიზისა”.
სახელმწიფოებრიობის აღდგენის უსაზღვრო სურვილით გულანთებული გრიგოლ I მოსახლეობას მოუწოდებდა: “გამთენიისას კვლავ განახლდება ბრძოლა და ღმერთი შეგვეწევა, სანამ ერთი კახელი ცოცხალია, კახეთი უკან არ დაიხევს”.
საისტორიო წყაროს ცნობით, “გარნა იხილა რა მარკიზმან, ვინათგან ვერ ძალუცს პირისპირობა კახთა, ევედრა ზავსა და აუთქვა კახთა, რომელ მოგგვრიო მეფის ძეთა თქუენთა რუსეთით. ამასა ზედან მხიარულ იქმნენ კახნი და ჰყვეს ზავი და მოგვარეს გაღმამხრელთ უმეტეს სამასისას სალდათნი შეპყრობილნი აფიცრებითურთ, რომელნიცა შეიპყრეს აბოხსა ამას აღპარსულნი თმათანი მით, რამეთუ კახთა აღპარსნეს პყრობილთა მათ თავნი კიცხევისათვის”.
აჯანყებულებს ბრძოლის გაგრძელება გაუჭირდათ, ვინაიდან საგარეო დახმარება არ ჩანდა, ხოლო ამის პარალელურად, სრულიად რეალური საშიშროება შეიქმნა, რომ ჩრდილო კავკასიაში მდგარი რუსთა ჯარი საქართველოში გადმოვიდოდა.
 შექმნილ ვითარებაში, აჯანყების საბოლოო გამარჯვებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალის კარიბჭის ჩაკეტვას. ამ სტრატეგიული ამოცანის უზრუნველსაყოფად აჯანყებულებმა სცადეს გადაებირებინათ ხევის მოურავი გაბრიელ ყაზბეგი (ჩოფიკაშვილი), რომელიც მეფე ერეკლე II-მ 1788 წლიდან დარიალის ხევის გზის მეთვალყურედ დაადგინა და ერთგული სამსახურისათვის, აზნაურის წოდებაში აიყვანა. ყაზბეგი გიორგი XII-საც ერთგულად ემსახურებოდა.
 ქართლ-კახეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის შემდეგ, ყაზბეგი იმპერატორთა სამსახურში ჩადგა. მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად მეამბოხეებმა მას უდიდესი წყალობა აღუთქვეს, რასაც გაბრიელმა ისევ “რუსის ჩინ-ორდენები არჩია”. 
5 მარტს, თიანეთის მახლობლად, აჯანყებულებმა რუსებთან უკანასკნელი ბრძოლა გამართეს. აჯანყებულნი თავდადებით იბრძოდნენ, “ხიშტებს ზედ აწყდებოდნენ, კლდეებზე ცვიოდნენ, თავს იხოცავდნენ და ტყვედ კი არ ბარდებოდნენ”.
ყოველივე ამის მიუხედავად, გრიგოლ I ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებდა. მეფის მგზნებარე მოწოდებებმა მისი დევნა და შეპყრობა დააჩქარა.
გაჭირვების ჟამს, გრიგოლ I-მა, თავის ერთგულ მხედრებთან ერთად, თავი დაღესტანში, ანწუხის თემში შეაფარა. იქ ბაგრატოვანი ხელმწიფე პატივისცემით მიიღეს.
ანწუხში ჩასულმა ზაზა ანდრონიკაშვილმა თავისი ნათესავი გრიგოლი დაარწმუნა, რომ რუსებმა მშობლები დაუხოცეს და მათ საგლოვად კახეთში შემოიტყუა. ასე ვერაგულად ჩაიგდეს ხელში უკანასკნელი ქართველი მეფე დამპყრობლებმა, რომლებმაც იგი 6 მარტს დაატუსაღეს და რუსეთში გაგზავნეს.
აჯანყების პირველი ეტაპის ჩახშობა რუსებს ძვირად დაუჯდათ. ოფიციალური მონაცემებით, მათ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში დაეღუპათ 1350 მეომარი, ხოლო 212 _ დაეჭრათ. რუსთა 510 მეომარი კახელებმა ტყვედ ჩაიგდეს. იმავდროულად, აჯანყებულებმა მტერს მატერიალური ზარალიც მიაყენეს. კერძოდ, მტერმა დაკარგა უამრავი ცხენი და დიდძალი სამხედრო ქონება. ამასთანავე, აჯაყება ამით მაინც არ ჩამცხრალა და აპრილიდან მან ახალი ძალით იფეთქა.
რუსეთში მცხოვრები გრიგოლი ბოლომდე ქართველ მამულიშვილად დარჩა. თავის შემოქმედებაში იგი დაუნდობლად კილავდა იმ ქართველებს, რომლებიც ცდილობდნენ რუსებს დამსგავსებოდნენ. კერძოდ, რუსეთის ოფიცერი, “შარფსერთუკში” გამოწყობილი იოსებ გაბაშვილი გრიგოლმა ასე გაკენწლა:

“არ შეგშვენის რუსობა, ანუ რისთვის ჰქენია,
სჯობდა ისევ გვარისებრ ტივად გეკრა ხენია,
არ გიხდება სერთუკი, თვალთა ცრემლი მდენია,
სჯობს ისევ მამა-პაპათ მოიგონო ზნენია”.


ამრიგად, კახეთის 1812 წლის სახალხო აჯანყების საწყის ეტაპზე, კერძოდ, 20 თებერვლიდან _ 6 მარტამდე აღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილში მეფობდა ერეკლე II-ის შვილთაშვილი გრიგოლ I.
მართალია, მისი მეფობა ორიოდე კვირაზე ოდნავ მეტხანს გაგ¬რძელდა, მაგრამ ეს ფაქტი სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, როგორც ბა-გრატიონთა დინასტიის ხელმძღვანელობით დარაზმული ქართველი ერის ღირსეული ნაწილის სამშობლოს თავისუფლებისათვის თავგანწირვის კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითი.