Showing posts with label 226 წლიანი ბრძოლა გრძელდება. Show all posts
Showing posts with label 226 წლიანი ბრძოლა გრძელდება. Show all posts

Thursday, December 24, 2009

სენაკის მეორე ბრიგადის ორი შენაერთის გმირული ბრძოლების შესახებ



ცოტნე მამულაშვილი

შინდისის ბრძოლა

არ არსებობენ პატარა და დიდი ბრძოლები, რადგანაც ნებისმიერი ბრძოლა - თუნდაც მცირერიცხოვანი ძალებითა და ლოკალური ხასიათისა - შესაძლებელია დიდი გმირობისა და თავდადების სიმბოლოდ გადაიქცეს ან სულაც, სამხედრო თვალსაზრისით გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ამ პატარა წერილში გიამბობთ სენაკის მეორე ბრიგადის ორი შენაერთის გმირული ბრძოლების შესახებ.
მეორე ბრიგადის პირადი შემადგენლობა 2009 წლის აგვისტოს ომის დროს დისციპლინირებული და მაღალი ბრძოლისუნარიანობით გამორჩეული შენაერთი იყო.
ამ ბრიგადის დანაყოფებს, ძირითადად, ცხინვალის დასავლეთით - ტბეთი-ხეთაგუროვოს მიმართულებით ეკავათ საბრძოლო პოზიციები.
10 აგვისტოს, დილით, ერთ-ერთი დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ ზემო ხვითისკენ გადაჯგუფებისა და ნიქოზთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოების შემოწმების დავალება მიიღო.
შუადღისას, დაახლოებით ორი საათისათვის ოცდამეორე ბატალიონის მზვერავებმა გზაზე მოძრავი მტრის კოლონა შენიშნეს და ჩაუსაფრდნენ.
ჩვენი მებრძოლები რიცხობრივად აღმატებულ მტერს თავს დაესხნენ და დიდი დანაკარგებით აიძულეს, უკან დაეხიათ.
სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
11 აგვისტოს მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულის კოლონა ნიქოზიდან გორისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობდა. კოლონაში ჯავშანტექნიკა არ იყო, არც რაიმე მსხვილკალიბრიანი ჯავშანსაწინააღმდეგო შეირაღება ჰქონიათ, შეუჯავშნავი ლენდროვერებით გადაადგილდებოდნენ.
ამასობაში სოფელ შინდისის მიმართულებით მოძრავმა რუსულმა ნაწილებმა შეძლეს შეუმჩნევლად გასვლა და, როგორც შემდეგ გაირკვა, ნიქოზიდან მომავალ ქართულ შენაერთზეც ფლობდნენ ინფორმაციას.
სოფელ შინდისში, ძველი რკინიგზის სადგურთან მძიმე ტექნიკით შეიარაღებულმა რუსებმა ჩასაფრება მოაწყვეს; მათ შეირაღებაში ოთხი-ხუთი ერთეული თ-72-ის ტიპის ტანკი და რამდენიმე ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა იყო, პირადი შემადგენლობა კი ასამდე მებრძოლს ითვლიდა.
ქართული კოლონა საცეცხლე დაზიანების ზონაში რომ შევიდა, დაახლოებით ორასი-ორასორმოცდაათი მეტრიდან რუსულმა დანაყოფებმა კარგად შენიღბული პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნა.
კოლონის თავში მომავალი "ლენდროვერი" დაზიანდა.
ხუთი ქართველი მებრძოლი ადგილზევე დაიღუპა...
კოლონა შეჩერდა.
მებრძოლებმა მანქანები დატოვეს და ცეცხლი გახსნეს, მერე კი, თანდათან დაზიანების ზონიდან გააღწიეს და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხეს.
ყველაფერი აქ რომ დამთავრებულიყო, აგვისტოს ომის ამ ეპიზოდში განსაკუთრებული, ალბათ, არაფერი იქნებოდა - ის ისტორიაში შევიდოდა, როგორც ერთ-ერთი რიგითი საბრძოლო ოპერაცია, რომლის მსგავსი არაერთია. მაგრამ ამ ამბავს უჩვეულო და გმირული, თუმცა მეტად მძიმე გაგრძელება ჰქონდა.
ასეულის მებრძოლთა შემადგენლობიდან დაახლოებით თხუთმეტმა ჯარისკაცმა ბრძოლას თავი არ აარიდა და გარდაუვალ სიკვდილს პირისპირ ეკვეთა.
მსგავსი მცირე რაზმის ბრძოლა რიცხობრივად ბევრად აღმატებულ მტერთან, რომელსაც დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა და მსხვილკალიბრიანი იარაღი აქვს და წინასწარ მომზადებული პოზიციიდან იბრძვის – სხვა არაფერია, თუ არა შეგნებული თავგანწირვა.

არსებულმა ვითარებამ ქართველი მებრძოლები არ დააბრკოლა - ზოგი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებში, ზოგიც ღია ველზე გამაგრდა და მტერს სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლა გაუმართა.
შეტაკება საათზე ოდნავ მეტ ხანს გრძელდებოდა - იქამდე, სანამ ჩვენს ბიჭებს ტყვია-წამალი არ გამოელიათ. მათ არცერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევიათ, ერთი მუჭა პატრიოტები ოკუპანტებს თავგანწირვით ებრძოდნენ.
ამ ბრძოლაში თორმეტი მათგანი დაიღუპა, ორი-სამი დაიჭრა და უგონო მდგომარეობაში მყოფნი ადგილობრივმა მოსახლეობამ ტყეში მანამდე გაიყვანა, სანამ რუსები მიაგნებდნენ.
აუცილებელია ჩვენი დაღუპული გმირების სახელები ყველამ იცოდეს - ესენი იყვნენ:
მალხაზ აბაშიძე, ილია გაბუნია, მიხეილ დვალიშვილი, რომან ზოიძე, ფელიქს კაკაურიძე, ზვიად კაცაძე, კახა კოშაძე, ალექსანდრე ონიანი, ამირან შაინიძე, ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ვეფხია ჯიშკარიანი.
ბრძოლის მიწურულს, ერთ-ერთმა მებრძოლმა - ალექსანდრე ონიანმა თავისი დაჭრილი ნათლული, რომან ზოიძე ჩაიხუტა და მტერს ცოცხალი რომ არ დანებებოდა - თავი ხელყუმბარით აიფეთქა.
შესაძლებელია, ბევრს ბუნებრივი კითხვა დაებადება - რატომ შესწირეს თავი მტერს ჩვენმა მებრძოლებმა მაშინ, როდესაც გამარჯვების შანსი ნულს უდრიდა და დამხმარე ძალაც არსაიდან ჩანდა?!
ამ კითხვას ყველაზე კარგად შინდისის ბრძოლაში დაცემული გმირის, მიხეილ დვალიშვილის ლექსი გასცემს პასუხს:

“ყველა ჯარისკაცს და ყველა მხედარს,
ვისაც მამულის დაცვა ხვდა წილად,
ვისაც უფალმა დასახა ჯვარი
და აღიარა პატრიოტ შვილად,
რომელსაც ხელში უპყრია ღვთისგან
მინიჭებული ბრწყინვალე ხმალი
და ათასგვარი ურჯულო მტრისგან
უნდა დაიცვას მან მიწა-წყალი".

იმ ორი-სამი ვაჟკაცის ვინაობა კი არავინ იცის, ვინც თანამებრძოლებთან ერთად ბოლომდე იდგა ბრძოლის ველზე, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. მათი გმირობა დაუვიწყარი და დასაფასებელია, სასურველი იქნებოდა მათი სახელებიც ვიცოდეთ - ისინი ხომ ჭეშმარიტი მამულიშვილები, გმირები არიან და ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიგოს მათი შემდგომი ბედის შესახებ...

ვახტანგ გზირიშვილზე



ელენე ოკინაშვილი

"არ დაიდარდო, დედაო..."

საქართველოს ისტორიის ფურცლებზე მრავალი საგმირო ამბავი ამოგირისტდა ოქროს ასოებით და, ალბათ, ქვემოთ მოთხრობილსაც იქ მიუჩენს თავის ადგილს პირუთვნელი მემატიანე.
მაშ, მოვუსმინოთ ჩვენი დროის იმ ერთ-ერთი “ღიმილის ბიჭის” მონათხრობს, რომელმაც, ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, ამ წერილის სათაურად გამოტანილი გიორგი ლეონიძის სტრიქონები გაგვახსენა.

***
დიახ, ოცი წლის ვიყავი და გათავისებული მქონდა, რომ ამ წუთისოფელს
ადამიანი მხოლოდ ღირსეული სიცოცხლისთვის და ასეთივე სიკვდილისთვის უნდა მოევლინოს.
დავიბადე 1988 წლის 23 აპრილს, სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოში.
სულაც არ მინდოდა, ჩემს დაბადების მოწმობაში, დაბადების ადგილად რუსეთი
ჩაეწერათ, მაგრამ გაჭირვებამ ჩემი მშობლები იძულებული გახადა
საცხოვრებლად და სამუშაოდ იქ გადასულიყვნენ, ცოტა ხნის შემდეგ მეც
დავიბადე. ასე ვცხოვრობდით დედ-მამასთან და ჩემ უფროს დასთან ერთად ბედნიერად, მაგრამ ეს ბედნიერება დაიდხანს არ გაგრძელებულა. ორი წლის ვიყავი, როცა ჩვენს ქვეყანაში არეულობა დაიწყო.
მშობლებმა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს - თუ უბედურება გვიწერია,
სჯობს ისევ ჩვენს მიწა-წყალზე დავიხოცოთ, ვიდრე სხვაგანო. თითქოს
გრძნობდნენ კიდეც უბედურების მოახლოვებას.
აფხაზეთში დაწყებულმა საომარმა კონფლიქტმა მრავალი გულანთებული ვაჟკაცი ჩაახუტა მშობლიურ მიწას, მათ შორის მამაჩემიც - ბადრი გზირიშვილი. ვაჟკაცობის და გმირობის საუკეთესო მაგალითს თავად მამაჩემი მაძლევდა. მისი სახე სადღაც შორს, ბავშობაში ბუნდოვნად მახსენდება. ერთ დღეს ლეკვი მომიყვანა, საჩუქარმა ძალიან გამახარა, ვეთამაშებოდი ჩემს პატარა მეგობარს და მამაც ბედნიერი სახით გვიცქერდა.
დედა ხშირად იხსენებდა მამაჩემს და ბევრ რამეს მიყვებოდა. აფხაზეთში დაწყებული ომიდან ორ თვეში დაბრუნებულა სახლში, ვეხვეწებოდით, რომ აღარ წასულიყო, მაგრამ გადაჭრით უთქვამს, – რას ჰქვია, არ წავიდე, თითისტოლა ბავშვები იბრძვიან და მე სახლში ვიჯდეო? ბოლოს დედას
ტელეეკრანზე უნახავს, როდესაც ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა. მისთვის
მხოლოდ ეს უთქვამს, _ გამარჯობა მარინა, როგორ ხართ?.. ვიცი, რა მაგარი ქალი ხარ, თუ არ დავბრუნდე, ვახტანგი ვაჟკაცად გამიზარდეო. და მართლაც, - დედამ პირნათლად შეასრულა დანაბარები.
ოთხი წლის ვიყავი, როცა დავობლდი.
დედას უზარმაზარი ტვირთის ტარება მოუწია მხრებით. შვილების გაზრდა, სწორ გზაზე დაყენება; მე ვგრძნობდი ჩვენს მიმართ მის თავგანწირვას და ვცდილობდი, ყველანაირად დავხმარებოდი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით ქართული ლიტერატურაAმიტაცებდა. ერთხელ, მახსოვს, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა - "შემოდგომის ზეიმი". მასწავლებელმა ყველას ლექსების სწავლა დაავალა; მე კი, რადგანაც ასეთი დავალება ვერ მივიღე, თავად მოვამზადე ჩემი უსაყვარლესი ლექსი - ილია ჭავჭავაძის "ყვარლის მთებს". როგორც მოგვიანებით გავიგე, მასწავლებელს უთქვამს _ ისეთი გრძნობით წარმოთქვამდა დიდი ილიას მიერ დაწერილ სტრიქონებს, იფიქრებდით, თავადაც ემშვიდობებოდა მშობლიურ მთა-ბარსო. თითქოს მართლაც ვგრძნობდი, რომ ხანმოკლე სიცოცხლისთვის და თავგანწირვისთვის მოვევლინე ჩემს ტანჯულ ქვეყანას.
სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა, უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩაბარება, მაგრამ გადავიფიქრე, თან კომისარიატიდან გამოძახება გამოძახებაზე მოდიოდა და ვიფიქრე, რაღა სავალდებულო ჯარში წავიდე, საკონტრაქტო სამსახურში ჩავეწერები და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალს ასე მოვიხდი-მეთქი. თანაც მინდოდა, დედისთვის მძიმე შრომა შემემსუბუქებინა და თავად მეზრუნა ოჯახზე. მხოლოდ სამი თვის შემდეგ გავუმხილე მას ჩემი ეს საიდუმლო და ვუთხარი, _ დედა, მომილოცე, ჯარისკაცი გყავარ მეთქი.
სამხედრო სამსახური ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მესამე ოცეულში დავიწყე.
ვიყავი მეტყვიამფრქვევე, სნაიპეობაც მინდოდა, მაგრამ მეთაურმა მითხრა – ჯერ ეს საქმე შეისწავლე კარგად და მერე სნაიპერიც გახდებიო.
ჯარში ყველაფერი ისე იყო, როგორც მე მომწონდა. ბევრს ვვარჯიშობდი, - სირბილი და მძლეოსნობა მიტაცებდა. სამხედრო თეორიის გაკვეთილებსაც ვესწრებოდი და კონსპექტებსაც გულმოდგინედ ვიწერდი.
სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში წასასვლელადაც გვამზადებდნენ. გავიარეთ ამ პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსი, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ, ქართული შეიარაღებული ძალების რიგებში უფრო და უფრო მეტის მიღწევა მსურდა. მინდოდა, საფუძვლიანად შემესწავლა სამხედრო საქმე და დიდი სურვილი მქონდა, სამხედრო აკადემიაში ჩამებარებინა.
სამშვიდობო მისიით ჩვენი ბატალიონი ცხინვალის რეგიონში იყო გაგზავნილი. იქ ბევრი მეგობარი შევიძინე. ჩემთან ერთად მსახურობდნენ კაპრალები: შმაგი ნოზაძე, სერგეი გოროზია და ზაზა გლუნჩაძე. სამხედრო განგაშის და დაძაბული მდგომარეობის დროს, მეგობრების თანადგომა ყოველთვის მამხნევებდა, მათაც მუდამ ჰქონდათ ჩემი დახმარების იმედი.
როცა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში ვითრება უკიდურესად დაიძაბა, სამხედრო ნაწილში ყაზარმული მდგომარეობა გამოცხადდა.
შვიდ აგვისტოს ჩვენი არმია ცხინვალის მისადგომებთან განლაგდა.
რვა აგვისტოს ჩვენი ჯარები თითქმის მთელ რეგიონს აკონტროლებდნენ.
დიდი მონდომებით ვასრულებდი მეთაურის მიერ გაცემულ ბრძანებებს და დავალებებს. ტყვია-წამლის გამოსატანად რამდენჯერმე შევედი ცხინვალში მდებარე ნაძვნარის ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი მეოთხე ბრიგადის ძირითადი ნაწილები იყო განლაგებული. ყველანი გახარებულები, გულანთებულები და ამაყები ვიყავით...

***
როგორც მეგობრები იხსენებენ, ვახტანგ გზირიშვილი სამაგალითო მებრძოლი იყო. იგი საკუთარი ინიციატივით ბევრ დამატებით დავალებებსაც ასრულებდა.
ასე ყოფილა იმ დღესაც.
მებრძოლებს ტყვია-წამალი შემოლევიათ, რამდენიმე მეომარი და, მათ შორის, ვახოც ტყისკენ წასულან, სადაც მარაგი ეგულებოდათ.
სწორედ ამ დროს რუსეთის მიერ განხორციელებული საავიაციო დაბომბვის შედეგად ვახტანგ გზირიშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. მას ყუმბარის ნამსხვრევმა მარჯვენა ფეხი მუხლში მოწყვიტა და არტერია დაუზიანა.
ბრძოლის ველიდან გამოყვანაც ვერ მოასწრეს, ისე ჩააკვდათ თანამებრძოლებს ხელებში.
ოცი წლის ჯარისკაცი იმავე დღეს გადმოასვენეს და რუსთავში მამის გვერდით დაკრძალეს.
ვახტანგ გზირიშვილი გმირობისთვის და თავდადებისთვის ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. ქალაქ რუსთავში ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქუჩა და მემორიალი გაიხსნა. დარჩა მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი, ოცი წლის ბიჭის ისტორია და სახელი, რომელიც იმ ქუჩას დაერქვა, რომელსაც მეგობრებთან ერთად სკოლაში მიმავალი, ყოველ დილას სიცილითა და ხალისით მიუყვებოდა. დარჩა იმ სკოლის სახელი, რომელიც დაამთავრა; დარჩა სახელი იმ ქალაქს, სადაც გაიზარდა და ბავშობა გაატარა; დარჩა სახელი ქვეყანას, რომლის დაცვასაც თავი შესწირა.

***
მიუხედავად გადატანილი უბედურებისა, მარინა გზირიშვილი, როგორც აფხაზეთში დაღუპული გმირი ჯრისკაცის მეუღლე და ცხინვალში დაღუპული გმირი ჯარისკაცის დედა, აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს:
_ მე ორი რამღა მანუგეშებს: ერთი ის, რომ ვარკეთილში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ეკლესია შენდება. ეს იქნება ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნის უკვგავყოფა, მათი სულების მოსახსენიებელი; მეორე კი ის არის, რომ შევქმენი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მცირეწლოვან შვილებს დაეხმარება და უმამობას გაუადვილებს. აი, ამ ღვთიურ საქმეებში მონაწილეობა მასულდგმულებს და ვევედრები უფალს, ძალა და ენერგია მომცეს, რათა ჩემს მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო.



 

Monday, October 26, 2009

ორი ნანა აგვისტოს ომში




სურათებზე - მარცხნივ სერჟანტი ნანა ბასლანძე და მარჯვნიც სერჟანტი ნანა ცხადაძე

ზურაბ ოდილავაძე

ორი ნანა აგვისტოს ომში

2008 წლის 7 აგვისტოს სამხედრო მეთაურის ბრძანებით სერჟანტები ნანა ბასლანძე და ნანა ცხადაძე მივლინებულ იქნენ ცხინვალის რეგიონში.
ღამე ავნევში გაათენეს.
გათენდა რვა აგვისტოს დილა.
ქართული საჯარისო ნაწილები მიიწევენ ცხინვალისკენ. მოწინავე რაზმები ებმებიან მტერთან გააფთრებულ შეტაკებებში.
მეოთხე ბრიგადა მიდის სოფელ ხეთაგუროვოს გავლით.
როგორც წესი და რიგია, ბრიგადას უკან მიჰყვება სამედიცინო ნაწილი. მანქანაში სხედან ლეიტენენატი ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი, სერჟანტები ნანა ცხადაძე და ნანა ბასლანძე. გვერდით, ფეხით მოყვებათ ლეიტენანტი ავთანდილ ხოზრევანიძე.
ერთ-ერთ მიტოვებული სახლის ფანჯარაში ზურაბ ბეგიაშვილი შენიშნავს, თუ როგორ შერხევა ფარდა.
- ჩასაფრებაა!
მანქანაში მსხდომნი უცებ გადმოდიან.
იწყება ორმხრივი სროლა.
გაანადგურებენ ჩასაფრებულ მტერს.
მერე ბეგიაშვილი და ხოზრევანიძე აგრძელებენ ცხინვალისკენ გზას. იმავდროულად, ნანა ცხადაძე და ნანა ბასლანძე სამედიცინო დახმარებას უწევენ ოს მოსახლეობას და უტოვებენ მედიკამენტებს.
დაწინაურებული ბეგიაშვილისაგან რადიოგადამცემით ნანა ცხადაძე იღებს ბრძანებას, რომ ექთან ნანა ბასლანძესთან ერთად გადაასწრონ სამხედრო ნაწილებს, გადაიწიონ წინა ხაზზე და შევიდნენ ცხინვალში, სადაც ამ დროისათვის უკვე ბევრი დაჭრილია.
ორივე ნანა შეუდგება ბრძანების შესრულებას.
ცხინვალის მისადგომებთან, ტყის განაპირას მეოთხე ბრიგადის სამედიცინო ნაწილი იწყებს საველე-სამედიცინო პუნქტის გაშლას.
ტყეში კი ჩვენს მებრძოლებს უკავიათ პოზიციები.
მიდის ინტენსიური სროლა.
უამრავი ჭურვი სკდება ირგვლივ.
ამის მიუხედავად, მედიკოსები იღებენ დაჭრილებს, უტარებენ პირველად სამედიცინო დახმარებას.
ცხინვალშიც სისხლისმღვრელი შეტაკებებია და მდგომარეობა კრიტიკულია. მრავალი დაშავებული ითხოვს შველას.
სამედიცინო ნაწილში იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დროებით მიატოვონ სამედიცინო პუნქტი და დაეშვან უშუალოდ ქალაქის ქუჩებში. არადა, ტყიდან ქალაქამდე ჩამოსასვლელ ფერდობს აკონტროლებს მტრის სნაიპერი, რომელიც ჩამჯდარია ამ ფერდობის გადაღმა მდებარე შენობაში და დამიზნებით ისვრის.
ლეიტენანტები ზურაბ ბეგიაშვილი და ავთანდილ ხოზრევანიძე, სერჟანტები ნანა ბასლანძე და ნანა ცხადაძე სხდებიან ტანკში და ასე ჩადიან ქალაქში.
ცხინვალი ძლიერ საარტილერიო ცეცხლშია გახვეული, აქა-იქ ფეთქდება ჭურვები. ქალაქის თავზე მტრის თვითმფრინავები ტრიალებენ და ისინიც ინტენსიურად ბომბავენ ქუჩებსა და სახლებს.
მიდის გააფთრებული ქუჩის ბრძოლები. ცეცხლის წვიმაა ირგვლივ.
ამის მიუხედავად, სამედიცინო ნაწილი ზურაბ ბეგიაშვილის, ავთანდილ ხოზრევანიძის, ნანა ცხადაძის და ნანა ბასლანძის შემადგენლობით მაინც ასრულებს თავის სამხედრო და პროფესიულ მოვალეობას. აქ ტრავმის ძირითადი სახეობაა - კიდურების ნაღმ-ფეთქებადი ამპუტაცია ძლიერი არტერიული სისხლდენით. მებრძოლებისთვის სისხლდენის შესაჩერებლად მედიკოსები მოგლეჯილ კიდურებზე ადებენ ჩალიჩებს ("ჩალიჩი" ნიშნავს Жгут-ს - ირწმუნება ერთი ნანა...) და ტყისკენ ევაკუაციაში ეხმარებიან დაჭრილებს. ეს დახმარება კი იოლი სულაც არ არის - დაჭრილების უსაფრთო გადაადგილებისთვის, ქალები იძულებულნი არიან ავტომატები აიღონ ხელში და დაშავებულებს უსაფრთხოების დერეფნები მოუწყონ. მერე მედიკოსები დაჭრილებთან ერთად ადიან ტყესთან მოწყობილ სამედიცინო პუნქტში. მხოლოდ ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი რჩება ქალაქში და ამის შემდეგ არავის უნახავს...
გრძელდება დაშავებული მებრძოლების დათვალიერება, შემდგომი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.
სროლა უფრო ძლიერდება. იბომბება ქალაქი და წარა-მარა სკდება ჭურვები.
მძიმედ არის დაშავებული კაპიტანი დავით ცენტერაძე.
სასიკვდილოდ არის დაჭრილი ლეიტენანტი ამირან ნადარეიშვილი, იურისტი.
ნანა ცხადაძე და ავთანდილ ხოზრევანიძე ინტენსიურ გადასხმებს აკეთებენ, რომ დასახიჩრებული მეომრები შოკიდან გამოიყვანონ. თავიდან ფეხებამდე სისხლში არიან ამოსვრილები...
მოგლეჯილ კიდურზე ჩალიჩის ("ჩალიჩი" ნიშნავს Жгут-ს, - ირწმუნება მეორე ნანაც...) გადაჭერის მაქსიმალური ვადა - ორი საათი იწურება. თუ ჩალიჩი (ორივე ნანა მართლია, "ჩალიჩი" რუსულად ნიშნავს Жгут-ს, ინგლისურად კი თოურნიქუეტ-ს) არ მოხსენი დროებით, კიდური იწყებს დანეკროზებას და დაჭრილი ინტოკსიკაციისგან კვდება...
ბრიგადის სამედიცინო დახმარების სპეცმანქანები, "ამბულანსები" კი ისევ არა ჩანან...
და ნანა ბასლანძე ითხოვს, რომ ადგილობრივი ძალებით გადაარჩინონ დაჭრილები. სერჟანტი გიორგი ძებისაშვილი თანახმაა.
დაშავებულ მებრძოლებს სამხედრო პიკაპ "ჰაი ლუქსზე" ათავსებენ, რომ გორის ჰოსპიტლში გადაიყვანონ.
ტყის თავზე მტირს თვითმფრინავები მოფრინავენ და თავისებური წივილით-წივილით ჰყრიან ავიაჭურვებს. წითელ ჯვრებს, რომლებითაც აღნიშნულია სამედიცინო პუნქტი, არად დაგიდევენ რუსი პილოტები და...
სერჟანტი ნანა ცხადაძე აფეთქების ტალღამ რამდენიმე მეტრზე გადაისროლა და გონება დააკარგვინა.
მძიმედ დაიჭრა ექიმი ხოზრევანიძეც.
გონზე რომ მოვიდა და თვალი გაახილა, ნანამ დაინახა, რომ დაჭრილია მხარში... გარშემო ბევრი დასახიჩრებული გვამია, ხოლო მის გვერდით მოგლეჯილი თავი და ხელი გდია...
სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა საევაკუაციო მანქანასთან მდგარი სერჟანტი ნანა ბასლანძე. მიზანში ჰყავდა ამოღებული სნაიპერს, როცა დაჭრილებით სავსე ავტომანქანას მოხვდა ჭურვი. აფეთქების ტალღამ ნანა უკან გადაისროლა, რის გამოც ზურგში ნასროლმა სნაიპერის ტყვიამ მხოლოდ მხარზე გაკაწრა და თითი დაუზიანა.
ამ აფეთქების შედეგად ორივე ნანამ დაკარგა ავტომატები და ერთი ფიქრიღა ჰქონდათ - მტერს არ ჩავარდნოდნენ ტყვედ.
მერე იყო გორის ჰოსპიტალი და ქარელის საავადმყოფო. ოპერაციები. მკურნალობა...
ამჟამად ორივე ნანა აგრძელებს სამხედრო სამსახურს: ნანა ცხადაძემ განაახლა კონტრაქტი. ნანა ბასლანძე ორ ვაჟკაცს უზრდის სამშობლოს.
არც ერთი ნანა არ ითხოვს არაფერს, მხოლოდ ერთი ოცნება აქვთ -
კიდევ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში.
მანამდე კი წელიწდში ერთხელ მაინც მოინახულებენ ხოლმე გარდაცვლილი მეგობრების საფლავებს მუხათგვერდის მემორიალურ სასაფლაოზე.


ნანა გურამის ასული ბასლანძე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამედიცინო ოცეულის სერჟანტი, ექთანი. ლტოლვილი ოჩამჩირიდან, ცხოვრობს თბილისში. ახლახანს გარდაეცვალა მეუღლე და მარტოხელა დედა ზრდის ორ შვილს.
სამედიცინო დიაგნოზი: მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობა რბილი ქსოვილების დეფექტით და უცხო სხეულებით, თითის ფალანგის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი დაზიანების ხარისხი: ნაკლებად მძიმე.
სახელმწიფო ჯილდო: მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის.

ნანა გივის ასული ცხადაძე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატლიონის სამედიცინო ოცეულის სერჟანტი, სამედიცინო პუნქტის უფროსი. ექიმი-ფარმაცევტი. 2006 წელს კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის შემადგენლობაში, ძმასთან, სერჟანტ ზვიად ცხადაძესთან ერთად შვიდი თვის განმავლობაში მსახურობდა ერაყში, ქალაქ ბაქურბას წითელ ზოლში, შემდეგ მესამე სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში.
სამედიცინო დიაგნოზი: მარცხენა მხრის ნაღმ-ფეთქებადი მოტეხილობა, რბილი ქსოვილის და ძვლის დეფექტით; რადიალური ნერვის დაზიანება სახსრის ფუნქციის ნაწილობრივი მოშლით.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი დაზიანების ხარისხი: მძიმე.
სახელმწიფო ჯილდო: მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის.

კამერით ხელში, წინა ხაზზე







გიორგი თუხარელი

კამერით ხელში, წინა ხაზზე

მთელი ბავშვობა სროლის ხმა ჩამესმოდა. ცხინვალში დაბადებულმა ეს ქალაქი ძალიან მალევე დავტოვე. საცხვრებლად კი პატარა ლიახვის ხეობის ერთ-ერთ სოფელში, დისევში გადავედი. სტუდენტობამ დედაქალაქს მიმაჯაჭვა, თუმცა ამ ქალაქში არ ვიყავი დამკვიდრებული. მას შემდეგ, რაც აქტიურ ჟურნალისტიკაში ჩავერთვე, ხშირად მიწევდა სამშობლოში ჩასვლა. ჩემი სახლის მონახულება ჩასვლის მიზანს მავიწყებდა. მიზანი კი წლების მანძილზე თითქმის ერთი და იგივე იყო. ქართული სოფლები უმოწყალოდ იცხრილებოდა არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან. ჩემთვის ეს არ იყო უცხო და ამას ბავშვობიდანვე ვიყავი მიჩვეული.
კარგად მახსოვს 2008 წლის ივლისი. ამ დროს ყველაზე ხშირად მიწევდა სამაჩაბლოში ჩასვლა. სამხედრო ტელევიზიის გადამღები ჯგუფი პირველები ვამჩნევდით, თუ რა ხდებოდა ჩემს მშობლიურ კუთხეში. ამ ზაფხულს პირველად გადავიღე ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული ჯავშანტექნიკის გადაადგილებები, პირველად გადავიღე, გამაგრებული პოზიციებიდან სნაიპერებმა თუ როგორ ამოგვიღეს სამიზნეში მე და ჩემი ოპერატორი. და უცებ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა...
შვებულებაში გასული ვგებულობ,  რომ რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო. ჩემმა ოპერატორმა მოკლე ტექსტური შეტყობინება მომწერა. რუსებმა ომი დაიწყეს... ეს იყო ამდენი ხნის განმავლობაში ისეთი რამ, რამაც ძალიან იმოქმედა. მიჩვეული ვიყავი სროლის ხმას, მაგრამ ახლა უკვე ომი დაიწყო. რამდენიმე ფრაზა ტრიალებდა თავში. ჩემი სახლი, ჩემი მშობლები, ჩვენი ბიჭები...
ცხრა აგვისტოს ერგნეთი სხვანაირად გამოიყურებოდა. ადრე აქ ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ რუსული ბომბდამშენები, მოიერიშეები და გამანადგურებლები ასე ახლოს პირველად ვნახე. ვიღებდით ოკუპაციის მცდელობას, როცა კვლავ გამახსენდა სახლი და მშობლები. მე, ჩემი ოპერატორი და მძღოლი სოფელ დისევისკენ გავემგზავრეთ. ეს გზა აღარ იყო ისეთივე უსაფრთხო, როგორიც ადრე გვინახავს. გზაში თან ვიდეოკადრებს ვიღებდით. პატარა ლიახვს როცა მივუახლოვდით, ერედვი კიდევ ერთხელ დაიბომბა. ამ სოფელში ბევრი მეგობარი მყავდა. მინდოდა იქაც ავსულიყავი,  მაგრამ დრო არ ითმენდა. ჩემს სოფლამდე უნდა მიმეღწია. სახლში არეული სიტუაცია დამხვდა. ჩემები სახლს არ ტოვებდნენ. მამაჩემი, რომელმაც 90-იანი წლების ომები გადაიტანა, არ აპირებდა, გამომყოლოდა. ვგრძნობდი, რომ ოსი "მოროდიორები" (რა კარგია, რომ ამ სიტყვის ზუსტი შესატყვისი არ გვაქვს ქართველებს) და რუსი ოკუპანტები ჩემს სოფლამდეც მოაღწევდნენ. დედაჩემი და ჩემი და დავითანხმე. მამაჩემი დარჩა. მე ერგნეთში დავბრუნდი. გზაში რუსულმა ბომბდამშენმა სულ რამდენიმე ასეულ მეტრში ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყო. წნევის ძალით მანქანა ზანზარებდა. ჩვენ მაინც გადავიღეთ ეს კადრები. ჩვენი სამხედოები თავგანწირვით იბრძოდნენ.
უკან მობრუნებულები ერგნეთში ვეღარ შევედით. ერგნეთამდე სოფელი ტირძნისია. აქ ერთი მაღაზია მუშაობდა, სადაც პური ვიყიდეთ და მოშიებულები გზის პირას ხესთან დავსხედით. ამ დროს გამაყრუებელი ხმა გაისმა. ჩვენგან სულ რამდენიმე მეტრში რაღაც აფეთქდა (მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ეს იყო სავარაუდოდ 82 მილიმეტრიანი ყუმბარსატყორცნი) კამერით ხელში ბრძოლის სიახლოვეს ასეთი ინცინდენტები ხშირად გვხვდებოდა. ამასაც  შევეგუეთ...
ეს დღე ძალიან მალე დაღამდა. 10 აგვისტოს გათენებას გორში შევხვდით. დაბომბილ ქალაქში  სიჩუმე სუფევდა. მედია ცენტრში სხვა ჟურნალისტებთან ერთად ვიყავით. ის იყო, გადაღება დავგეგმეთ, რომ მირეკავს დედაჩემი. თურმე, მამაჩემს ვერ უკავშირდება. რუსებმა ააფეთქეს სატელეფონო გადამცემი ანძები და კავშირი გაძნელებული იყო. დავამშვიდე და ვუთხარი, რომ მე დავურეკავდი სოფელში დარჩენილ მამაჩემს. 10 აგვისტოს, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, მამაჩემს ვერ დავუკავშირდი. რეპორტაჟების მომზადების პარალელურად ვცდილობდი დარეკვას. 11 აგვისტოს, გამთენიისას, როგორც იქნა, დავრეკე. მამაჩემი და მასთან ერთად რამდენიმე თანასოფლელი ტყეში იყვნენ გასულები. ამ დროს გავიგე, რომ ჩემი სახლი ოსებს დაუწვავთ. ვერ წარმოვიდგედი 9 აგვისტოს, რომ მე იმ დღეს ბოლოჯერ ვნახავდი ჩემს სახლს, დაუწველს. მამაჩემს კატეგორიულად მოვთხოვე თბილისისკენ წამოსვლა. დედაჩემი ამ დროს თანასოფლელებთან ერთად გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იყო. ჩემი და სხვაგან, ძმა და მეუღლეც სხვაგან. მამაჩემი დამთანხმდა წამოსვლას და მას შემდეგ კიდევ ერთი დღე და ერთი ღამე კვლავ ვერ ვახერხებდი მასთან დაკავშირებას. პანიკა უკვე მეც მომერია. ამ დროს რუსი ოკუპანტების მიერ თბილისიც დაიბომბა. რუსული სატანკო კოლონების გველისებური მწკრივი მოსისინებდა საქართველოს სიღრმისკენ, მათი რაოდენობა კიდევ უფრო მატულობდა. მოდიოდნენ და მოდიოდნენ. რამდენჯერმე მოხდა გორიდან ჩვენი ევაკუაცია. რუსული ტანკები უკვე გორთან ძალიან ახლოს იყვნენ. 12-ში დილით გორი დავტოვეთ. ახლა გორის შესასვლელთან გავმაგრდით ჟურნალისტები. ამ ღამეს მამაჩემი ვიპოვე და რუსებს თითქმის თვალწინ მოვტაცე სოფელი კარალეთიდან. ეს ისე უცებ მოხდა, რომ ვერც წარმოვიდგენდი მანამდე. როგორც კი მამაჩემის ადგილსამყოფელი გავიგე, მაშინვე ნათესავის მანქანით ქართულ სოფელში შევედი, სადაც რუსები ძალიან ახლოს იყვნენ. მამაჩემი სასწრაფოდ ჩავისვით მანქანაში და საოცარი სისწრაფით თბილისის მიმართულებით წამოვედით... ამ მომენტიდან ძალიან მალე გორში რუსები შევიდნენ. უკვე ისეთი სიტუაცია სუფევდა, რომ ნამდვილად ვფიქრობდი იარაღის აღებას. თვალწინ ჩვენი გადამწვარი სოფლები და ჩვენი დაღუპული ჯარისკაცები, დაღუპული მოსახლეობა მიტრიალებდა. როდესაც გორში შევიპარეთ, - ეს იმ დროს, როცა ამ ქალაქში რუსები იყვნენ, - ქართული დასახლება ვერ ვიცანი. ქალაქის ცენტრში რუსული ჯავშანმანქანები იქვნენ. ისინი მუდმივ პატრულირებას ახორციელებდნენ. დაშინებული მოსახლეობა ცდილობდა მათ არ გადაყროდნენ. ჩამოძონძილი რუსი სამხედროები ქალაქს ძარცვავდნენ. ამ დროს გორში შესვლისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაცია იყო საჭირო.
კარგად დავინახე, როგორ ააფეთქეს რუსებმა გორში ქართული სამხედრო ბაზა. მალე რუსები იგოეთთანაც გამაგრდნენ. ჟურნალისტების შტაბი ახლა იგოეთი გახდა. აქედან ხორციელდებოდა პირდაპირ ეთერში მუშაობა და რეპორტაჟების მომზადება. იგოეთის პოსტებზე მგდარ რუსებთან შელაპარაკება რამდენჯერმე მოგვივიდა. დღემდე ჩამესმის რუსი სნაიპერის ირონიული სიტყვა, "სამხრეთ ოსეთი ხომ რუსეთია"...
გავიდნენ...
რუსების გასვლისთანავე გორში შევედით. გაძარცვული მაღაზიები. დევნილების ნაკადი. დევნილების ისტორიები, "სახლები ჯერ გაძარცვეს და მერე გადაწვეს", "ყველაფერი მიჰქონდათ, ავეჯი, ტექნიკა. არაფერი დატოვეს", "წინააღმდეგობას ვინც გაუწევდა, ყველას ხოცავდნენ"...
ჟურნალისტებს მალე იმის საშუალებაც მოგვეცა, რომ ცხინვალის მიმართულებითაც გადავსულიყავით, ბუფერულ ზონებში. მალე საკუთარი თვალით ვნახეთ რუსული აგრესიის შედეგები, გადამწვარი და დაბომბილი ქართული სოფლები. თუმცა... ჩემს სოფელში ვეღარ შევედი. პატარა ლიახვის ხეობაში, ერედვთან, ბერულასთან, ვანათთან, ქსუისთან და კიდევ რამდენიმე ქართულ სოფელთან ერთად, ჩემი სოფელიც ოკუპაციის მარწუხებში მოექცა. თუმცა მოსახლეობისგან სრულიად დაცლილი.
ერთი სურვილი დამრჩა - გავაკეთო სიუჟეტი, როგორ ბრუნდება მოსახლეობა ჩემს სოფელში...

შინ დაბრუნებული ძმები

                                    გიორგი და გელა რომელაშვილები


მიხო მოსულიშვილი

შინ დაბრუნებული ძმები
(ნარკვევი)

რვა აგვისტოა - საქართველო-რუსეთის ომის პირველი დღე.
ცხინვალის მიმდებარე ტერიტორია უკვე ქართულ ნაწილებს უჭირავთ. ქალაქში კი მეოთხე ქვეითთა ბრიგადის ნაწილები და სპეცდნიშნულებს ჯგუფები არიან შესული.
მტერი წინდაწინ კარგად არის მომზადებული და დაუნდობელი ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ყოველი სახლი, სახურავი თუ ნაგებობა გამაგრებულია და ჩვენ მებრძოლებს უჭირთ. ამიტომ არის, რომ მობილური საბრძოლო ჯგუფების მეთაურები დახმარებას ითხოვენ რადიოგადამცემებიდან...
გორის ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ხელმძღვანელობა ჩვენი მებრძოლების დასახმარებლად მეორე ოცეულს აგზავნის, რომლის მეთაურია ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი, რომელიც ასევე მეთაურია ნომერ ოთხს მეექვსე ტანკისა, სადაც ეკიპაჟის წევრებად ჰყავს მემიზნე-ოპერატორი, კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი და მძღოლი-მექანიკოსი, კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი. ჩვენი მეომრების დახმარების შემდეგ ნაბრძანებია ცხინვალის გავლა და სოფელ თამარაშენში ჩასვლა.
სატანკო ბატალიონს უკვე ჰქონდა შეტაკებები სოფელ ნიქოზთან, რომელიც წარმატებით დაამთავრეს და ახლა, როცა უკვე შეივსეს საბრძოლო მასალა, ცხინვალისკენ უნდა წავიდნენ.
ნიქოზიდან გამოსვლისას ისე მოხდა, რომ ოთხტანკიან კოლონას წინ სერჟანტ სპარტაკ ნიორაძის ნომერ ოთხას მეცხრე ტანკი მიუძღვის, რომლის ეკიპაჟში არიან მძღოლ-მექანიკოსი ალიკა კურტანიძე და მემიზნე-ოპერატორი გელა რომელაშვილი.
მერე მიდის ტანკი ნომერი ოთხას რვა, რომლის ეკიპაჟი ასეთია: მეთაური სერჟანტი რამაზ ნიორძე, მემიზნე-ოპერატორი, კაპრალი ოლეგ ჭონიშვილი, მძღოლი-მექანიკოსი, კაპრალი ავთანდილ (ჯონი) ლომიძე.
მესამე კი ოცეულის მეთაურის ტანკია, რომლის ეკიპაჟი უკვე ვიცით.
გიორგი და გელა რომელაშვილები ძმები არიან. საერთოდ, რომელაშვილები წარმოშობით ცხინვალის ახლოს მდებარე სოფელ ხეითიდან არიან, რომლის ერთ უბანს დღესაც უქვიათ "რომელაანთ უბან", მაგრამ იმათი პაპა ცხინვალში ცხოვრობდა. თავადაც ცხინვალში დაიბადნენ და იქვე იზრდებოდნენ ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი წლის ცამეტ იანვრამდე, ვიდრე არეულობები დაიწყებოდა და სხვა მრავალი ქართული ოჯახის მსგავსად, რომელაშვილების ოჯახსაც ყველაფერს წაართმევდნენ რუსების მხარდაჭერით შეგულიანებული ოსები და მშობლიური ქალაქიდან გამოაგდებდნენ, ასე ვთქვათ, "იძულებით გადაადგილებულ პირებად" აქცევდნენ საკუთარ ქვეყანაშივე. იმ ავადმოსაგონარი ამბის შემდეგ რომელაშვილების ოჯახი გორში ჩამოვიდა და ტურბაზის ტერიტორიაზე დასახლდა. გიორგი თერთმეტი წლის იყო მაშინ და გელა კი შვიდისა... ახლა, მართალია, წინა ტანკში უმცროსი ძმა, გელა რომელაშვილი არის მემიზნედ, მაგრამ სად თქმულა, რომ ომში მთელი ოთხი წლით პატარა ძმა გაუშვან წინ?
ოცმეთაური გიორგი რომელაშვილი რაციაში ბრძანებას იძლევა:
- გზა დამითმეთ, წინ უნდა დავდგე!
და მართალის არის: ჯერ ერთი, ოცმეთაურია, წინ დგომა და მაგალითის მიცემა მისი ვალია; და მეორეც, ცხინვალელია და უფრო მეტად ეკუთვნის, თავის ძმაზე მეტადაც - საკუთარ სახლში ბრუნდება, საიდანაც თვრამეტი წლის წინ გამოაგდეს.
ოთხას მეცხრე და ოთხასმერვე ტანკების მეთაურები, ბიძაშვილები სპარტაკ და რამაზ ნიორაძეები თავ-თავიანთ მძღოლებს აძლევენ ბრძანებებს, ორივე ტანკი გზის კიდეზე გადაიწევს და მალე იმათ გაასწრებს ოთხას მეექვსე - ოცმეთაურის "ხმელეთის კრეისერი" - დიახ, სწორედ ასე დაარქვეს გასული საუკუნის დასაწყისში კონსტრუქტორებმა ამ საბრძოლო მანქანებს.
მეორე სატანკო ოცეული დაბომბვისგან და ყველა სახეობის იარაღით სროლებისგან აზანზარებულ-აგრუხუნებულ და აკვამლებულ ცხინვალში შანხაის ქუჩით შედის.
- ყურადღებით! სექტორების კონტროლს ვიწყებთ! - რაციაში ბრძანებს მეთაური.
- არის სექტორების კონტროლი! - პასუხობს მეორე ტანკის მეთაური სპარტაკ ნიორაძე.
- გავიგე! - რაციითვე მიუგებს მესამე ტანკის მეთაური რამაზ ნიორაძე, -გაგვანაწილე!
- მე პირდაპირ ვაკონტროლებ, ოთხას ცხრა - მარჯვნიც, ოთხას რვა კი - მარცხნივ! - ამბობს ლეიტენანტი.
- არის მარჯვენა სექტორის კონტორლი! - პასუხობს სპარტაკ ნიორაძე და თავისი ტანკის ლულას მარჯვნივ შეატრიალებს კაპრალი გელა რომელაშვილი.
- არის მარცხენა სექტორი! - ისმის რამაზ ნიორაძის ხმაც და იქ კიდევ მარცხენა მხარეს შეატრიალებს ლულას მემიზნე ოლეგ ჭონიშვილი.
- რამაზ, არ ჩამოგვრჩე!
ტანკის ტყვიამრქვევებიდან იწყებენ სროლას - ხეებში, ოთხსართულიანი სახლის ფანჯრებში, სახურავებზე; მოკლედ, ყველგან, სადაც მტრის რაზმები ან სნაიპერები შეიძლება იყვნენ გამაგრებული.
აქ ჩვენი ქვეითები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არ ჩანან.
ოთხას მეცხრე ტანკის მეთაურის ლუკი აიხდება და ტყვიამფრქვევს იმარჯვებს სპარტაკ ნიორაძე და ააკაკანებს.
- უუუ... გიჟი ვარ, გიჟი!.. აბა, ეხლა გამოდით, მე თქვენი!..
- რამაზ, რა ხდება? - მესამე ტანკის მეთაურს ეკითხება გიორგი რომელაშვილი.
- ლუკი ახადა სპარტაკმა და ისე ისვრის ტყვიამფრქვევიდან!
- ცოტა სერიოზულად, ბიჭო! - ყვირის ოცმეთაური. - ჩადი, დახურე ლუკი!..
სპარტაკ ნიორაძე ბრძანებას ასრულებს.
ძალიან ბევრს ისვრიან ტყვიამფრქვევებიდან, ამას ატყობს მეთაური და ბრძანებს:
- ეკონომიურად, ბიჭო! ობიექტი ამოარჩიე, ერთი, ორი, ესროლე, დააბურბურე! ოთხას ცხრა, წინ იყურე! ძალიან ახლოს ნუ მოხვალ! დისტანცია დაიცავი!
- სახურავები ჩემია! - სახურავებს ესვრის რამაზ ნიორაძის ტანკი.
- წინ გაიხედე, ბიჭო! ჭურვები არ გეყოფა მასე! ობიექტი ამოარჩიე, ერთი, ორი, ესროლე, დააბურბურე, გაჩერდი!
ამ ლაპარაკით უხლოვდებიან მოსკოვისა და ლენინის ქუჩების გადაკვეთას.
- სანამ საბრძოლო მასალა გვექნება, ბოლომდე ვიბრძოლებთ!
სწორედ აქ არის მოწყობილი მტრის ჩასაფრება.
მეთაურის ტანკს გაატარებენ.
და
ოთხასმერვე და ოთხასმეცხრე ტანკებს სახურავებიდან ესვრიან ყუმბარმტყორცნებს, თორემ წინიდან ან გვერდიდან რომ ყუმბარმტყორცნელი  დაინახონ, იმას ხომ ადვილად მოიშორებდნენ.
ამ აფეთქებებს გიორგი რომელაშვილი ვერ იგებს, რადგან რაციები უკვე გამორთულია ხელოვნურად და გზას განაგრძობს.
ფეთქდება ოთხას მეცხრე ტანკი. გარედან ცეცხლი უკიდია და ამ დროს ყოველ წამს შეიძლება აფეთქდეს სატანკო ჭურვები. გელა რომელაშვილი ლუკს ხსნის, ავტომატს აიღებს და თავისი ძმის წინ წასულ ტანკს დაედევნება.
- გიააა! გიააა! - გააფთრებული სროლის ხმა ფარავს მის ძახილს.
გელა რომელაშვილს უკან მიჰყვება მემიზნე ოთხასმერვე ტანკიდან ოლეგ ჭონიშვილი.
მეთაური რამაზ ნიორაძე ლუკს ვეღარ ხსნის, - ეტყობა, აფეთქებისას დეფორმაცია მიიღო. არადა, ხანძარია გაჩენილი კოშკურაში და ხელი ეწვის...
ამ დროს მეორე აფეთქებული ტანკიდან, ოღონდ მემიზნის ლუკიდან ამოდის სპარტაკ ნიორაძე და მოსკოვის ქუჩაძე გარბის. რამაზი ისევ მოქაჩავს ლუკს, შეანჯღრევს და ახსნის, როგორც იქნება. მოდის, მაგრამ აღარავინ ჩანს და ისიც გარბის თავიანთი ქვეითებისკენ, თანაც უიარაღოდ - ტანკში დარჩა ავტომატი. დიდხანს ვერ გადმოდის მძღოლი ათანდილ ლომიძე, სნაიპერების არიან ჩადარაჯებული და იცდის, მაგრამ როდემდე უნდა დაიცადო, სადაცაა იფეთქებს. ამოდის მერე ისიც და ესვრიან. და მძიმედ დაჭრილი დაეცემა ძირს. მისი ამოსვლაა და ტანკი იფეთქებს, ფეიერვერკად ფეთქდება ჭურვები, კოშკურა იგლიჯება, ჰაერში ავარდება და ისევ ტანკზე დაეცემა... იგივე მოსდის მეორე ტანკსაც...
სატანკო ბატალიონის მეთაურის ბრძანებით მეორე სატანკო ოცეული იგზანება შემთხვევის ადგილზე და რამდენიმე ტანკისტს ისინი გადაარჩენენ.
გელა რომელაშვილი ძმას რომ გაეკიდა, რა თქმა უნდა, ვეღარ დაეწია და ძლიერი გადამღობი ცეცხლის გამო შევარდა ერთ-ერთ შენობაში. იქ კი მტრის შტაბი იყო. დაიჭირეს და, როგორც მერე ამოიცნეს, კეფიდან აქვს ტყვია ნასროლი და ასეა დახვრეტილი. მისი გვამი დნმ-ის ანალიზით ამოიცნეს ამ ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
ლეიტენანტ გიორგი რომელაშვილზე და მის ეკიპაჟზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მათ ააფეთქეს მილიციის უფროსის სახლი, ასევე ესროდნენ მთელ ცხინვალში ყველაზე კარგად გამაგრებული მთვრობის სასახლეს და რაც მთავარია, აუფეთქებია თავისი ყოფილი სახლი - ის ხუთსართულიან კორპუსში იყო და რომელაშვილები მეოთხე სართლზე ცხოვრობდნენ, თურმე...
ყოფილა რაღაც მომენტი, როცა ხელოვნურად ჩახშობილი რაცია ცოტა ხნით ამუშავებულა ოთხასმეექვსე ტანკში და სწორედ იქიდან გაუგონიათ გიორგი რომელაშვილის ხმა:
- სანამ ტყვია-წამალი შეგვრჩენია, ვიბრძოლებთ!..

***
მე და გელამ ერთმანეთი 2006 წლის ივლისში გავიცანით, - გვიამბობს მაია დგებუაძე, - ჩემი მეგობრის, მეგის სახლში ვიყავი დასასვენებლად ჩასული; გელა კი თავის მეგობრის, თემოს სახლში. მეგი და თემო ბიძაშვილები არიან და სახლებიც ერთმანეთის გვერდით აქვთ. გელას თავიდანვე გაუჩნდა ჩემს მიმართ სიმპატიები და ყველანაირი ხერხით ცდილობდა ჩემი ყურადღების მიქცევას, მიიქცია კიდეც...
შეყვარებულობის პერიოდში ყოველ შეხვედრაზე საჩუქრებს მჩუქნიდა, 14 თებერვალს, ეგრეთ წოდებულ "ვალენტინობას" ძალიან დიდი, ფუმფულა ძაღლი მაჩუქა. რვა მარტს კი დილით მირეკავს და მეუბნება, იმ ძაღლის კუდი გაარღვიე, იქ შენთვის საჩუქარიაო.Gგელას უყვარდა ხუმრობა და თავიდან არ დავუჯერე, მაგრამ, მერე რომ გავარღვიე, შიგნით გულის ფორმის ოქროს საყურეები იყო! - იცოდა, რომ რვა მარტს ვერ ჩამოვიდოდა და ასე ორიგინალურად მომაწოდა საჩუქარი...

***
მეც ცხინვალელი ვარ, - ჰყვება ნათია გოგიშვილი, - შვიდი წელი ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ დავქორწინდით. გვყავს შვილიც _ ნანა რომელაშვილი. ექვსი წლის გახდა უკვე. წელს მიდის სკოლაში. წინასწარ იცის უკვე წერა-კითხვა. გია თვითონ უკითხავდა და ასწავლიდა ხოლმე ლექსებს. ძალიან მოსწონდა, როცა სასწავლო კურსებზე ან ჯარში წავიდოდა და, რომ ჩამოვიდოდა და ახალ ლექსს დაახვედრებდა, ორივეს ძალიან უხაროდათ...
ახლა მამას იშვიათად თუ მოიკითხავს, ცდილობს რომ არ იკითხოს, მაგრამ -ლაპარაკით, ამით-იმით, - ყველაფერს ხვდება. არც ჩვენ გვაწუხებს და არ გვაგდებს უხერხულ მდგომარეობაში და თვითონ კი განიცდის. გია ძალიან ყურადღებიანი, მოსიყვარულე და ძალიან კარგი მეუღლე და მამა იყო. ძალიან ხშირად მეუბნებოდა, - არ ვიცი, რას გრძნობდა, მაგრამ, - ნათია, რამე რო მომივიდეს, ხო მიხედავ ბავშვსო? ნამდვილად, გიას გულისთვის უკეთესი უნდა იყოს და ძალიან კარგი უნდა გავზარდოთ ყველამ ერთად.

***
და ვინ იცის, რამდენი გულშემატკივარი ქართველი დაინახავს მარადიულ სურათს, რომ ოთხსმეექვსე ტანკის ვეება ლანდი ისევ გრუხუნით დადის ცხინვალის ქუჩებში, ხოლო ამ საბრძოლო მანქანის აჩრდილს უკან ფეხდაფეხ ასდევნებია კომბინეზონიანი მემიზნე გელა რომელაშვილი და თავის ძმას ეძახის:
- გიააა...
იმ გიგანტური ტანკის მეთაური ლეიტენანტი რომელაშვილია, შინ მიმავალი გია რომელაშვილი, - თავის ძმასთან, გელასთან ერთად ბრუნდება საკუთარ სახლში...



                                          ნანა გიორგის ასული რომელაშვილი, ექვსი წლის.


გელა მურაზის ძე რომელაშვილი
დაიბადა 1983 წლის 14 ივნისს ქალაქ ცხინვალში. 1989 წელს შევიდა ცხინვალის პირველ საშუალო სკოლაში, სადაც ისწავლა ერთი წელი. 1991 წლის 12 იანვარს მისი ოჯახი გახდა ლტოლვილი და გორში გადავიდა სახოვრებლად. გელამ სწავლა განაგრძო მეთორმეტე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 2000 წელს ჩააბარა გორის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფკულტეტზე. 2004 წლის სექტემბერში დაიწყო სამსახური გორის ჯავშანსტანკო ბატალიონში, კონტრაქტით. თბილისში გაიარა სამთვანი სნაიპერის კურსები, დაბრუნდა ბატალიონში მემიზნე-ოპერატორად.
2008 წლის 2 თებერვალს ცოლად შეირთო მაია დგებუაძე.
იმავე წლის 8 აგვისტოს იბრძოდა ქალაქ ცხინვალში, სადაც დაიღუპა.
დარჩა ქალიშვილი მარიამი, რომელიც ომის შემდეგ - 2008 წლის 20 სექტემბერს დაიბადა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 16 მარტის # 190 განკარგულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენით (მოწმობა # 00481).

გიორგი მურაზის ძე რომელაშვილი
დაიბადა 1979 წლის 17 სექტემბერს ქალაქ ცხინვალში. 1985 წელს შევიდა ცხინვალის პირველ საშუალო სკოლაში, სადაც ისწავლა ოთხი წელი.
1991 წლის 12 იანვარს მისი ოჯახი გახდა ლტოლვილი და დასახლდა გორში, სადაც სწავლა განაგრძო მეთორმეტე სკოლაში. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, ავტოინსპექტორის სპეციალობით. შემდეგ სწავლობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზკულტურის ფკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2005 წელს.
2004 წლის აგვისტოში კონტრაქტით დაიწყო სამსახური გორის ცალკეულ ჯავშანსატანკო ბატალიონში. გაიარა სამთვიანი სნაიპერის კურსები, დაბრუნდა ბატალიონსი მემიზნე-ოპერატორად. 2007 წლის აგვისტოში სამხედრო აკადემიაში გაიარა "ჩარლი კურსი", მიენიჭა ლეიტენანტის წოდება და ნაწილში დაბრუნებისას დაინიშნა პირველი ასეულის ოცმეთაურად.
2002 წლის 27 ივნისს ცოლად მოიყვნა ნათია გოგიშვილი. 2003 წლის 10 აპრილს შეეძინა ქალიშვილი ნანა.
2008 წლის 8 აგვისტოს იბრძოდა ცხინვალში.
დღესაც დაკარგულთა სიაშია.

ტროპარი ჯვრისა და ლოცვა ერისა და მამულისათვის

ტროპარი ჯვრისა და ლოცვა ერისა და მამულისათვის

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღმრთივ დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, - უფალო, დიდება შენდა.








”მე მინდა დამოუკიდებლობის დღეს დავლოცო ჩვენი ჯარი, ჩვენი შინაგანი ჯარი და მე მინდა ვთქვა, რომ დიდი და მრავალი განსაცდელი ხვდა ჩვენს ჯარს და მათ ღირსეულად აიტანეს ეს ყველაფერი… და დღეს სჭირდებათ მათ გამხნევება და სულიერი გამაგრება და ღმერთმა მისცეს ეს სიმტკიცე და ძლიერება.”

ილია მეორე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი