Wednesday, December 30, 2009

NATO აქაურობას!..


თეა ივანიშვილი

NATO აქაურობას!..

(ნატოს დღეები 2009)

"NATO აქაურობას" - ამ მოხდენილი, ქართული გამოთქმიდან "ჯვარი აქაურობას" პერიფრაზირებული წარწერით თბილისის ქუჩებში გამოკრული აფიშები გვამცნობენ, რომ საქართველოში "ნატოს დღეები 2009" ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონია 5 ოქტომბერს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა. კვირეული ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებული ღონისძიებაა, რომელიც პირველად 2007 წელს ჩატარდა. კვირეულის ორგანიზატორია "საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ".
ნატოს დღეებს ალიანსის სპეციალური დელეგაცია ესწრება, რომელსაც 8 ოქტომბრიდან გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, რობერტ სიმონსი შეუერთდება.
ღონისძიებას ხელისუფლების წევრებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული ელჩები, ექსპერტები და ბრიუსელიდან სპეციალურად ნატოს დღეებისთვის ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ.
გახსნის ღონისძიების მსვლელობისას ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელმა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან, მიშელ დურეიმ განაცხადა: "ჩემთვის დიდი პატივია დღეს თბილისში ყოფნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. განხილული იქნება არა მხოლოდ გაწევრიანების საკითხები, არამედ ზოგადი ფილოსოფიური მომენტები _ თუ რას წარმოადგენს ნატო, მისეული არსი უსაფრთხოებისა".
გახსნის შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა.
ხუთდღიანი ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია კონფერენციების და პრეზენტაციების გამართვა. კვირეულის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია გახსნის ცერემონიაზე დასწრება. "ეს კვირეული საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებულ ურთიერთობებში. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენს საგარეო ვექტორს წარმოადგენს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. აქ დამსწრე საზოგადოებისათვის ძალიან კარგადაა ცნობილი, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობა ნატოსთან. ეს კვირეული საშუალებას გვაძლევს ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ რაც შეიძლება სრული ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს ნატო, დღევანდელი ურთიერთობები ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან; ასევე, თუ რა პერსპექტივები აქვს ამ ურთიერთობებს. მოსახლეობის უმრავლესობისათვის ნატო - ეს არის, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, მაგრამ ყველას გვახსოვს, რომ ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და მის საქმიანობაში არის უამრავი სხვა მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა იყოს ცნობილი ჩვენი საზოგადოებისათვის. ვფიქრობ, ამ კვირეულის ბოლოს შესაძლებელი გახდება ამ ამოცანის გადაწყვეტა და კვირის დასასრულს ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ბევრად უკეთესი წარმოდგენა ექნება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. ეს იქნება ჩვენს ურთიერთობებში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. მადლობას ვუხდი ამ კვირეულის ორგანიზატორებს და ვუსურვებ წარმატებებს".
ნატო-ს მეკავშირე ოფიცერი ზბიგნევ რიბაცკი:
"ნატოს კვირა, რომელსაც ატარებს საქართველოს მხარე, მიზნად ისახავს ნატო-ს შესახებ ქართული საზოგადოებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას. საინფორმაციო ცენტრმა ნატო-ს შესახებ მოამზადა საინტერესო პროგრამა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა კონფერენციები, სემინარები, შეხვედრები. ეს წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას არა მარტო ნატო-ს წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის, არამედ ქართული საზოგადოებისთვის, რათა მათ მოიპოვონ მეტი ინფორმაცია ალიანსის შესახებ და ასევე განიხილონ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები".
ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ გოგოტიშვილის განცხადებით: "ჩვენ დავგეგმეთ საქმიანი კვირეული. უკვე გავარკვიეთ, თუ რა შეუძლია ნატო-ს საქართველოსთან ურთიერთობაში და რის გაკეთება შეუძლია საქართველოს ნატოსთან მიმართებაში. ეს კვირეული მიზნად ისახავს გააგებინოს საზოგადოებას, რა მოგვეთხოვება იმისათვის, რომ ნატო-ში გავწევრიანდეთ და რას უნდა ველოდეთ ჩვენ მათგან. ეს ორმხრივი პროცესია".
კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრი სტუმრებთან ერთად ქუთაისს, ბათუმს და გურჯაანს ეწვევა.
ნატოს კვირეული საქართველოში 9 ოქტომბერს მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლ ,,მარლენ დიტრიხის~ ჩვენებით დასრულდება.

No comments:

Post a Comment