Wednesday, December 30, 2009

"განძლიერდით და იძლიერეთ"



თეა ივანიშვილი

"განძლიერდით და იძლიერეთ" 

ძნელი და ეკლიანი გზა განვლო ქართველმა ხალხმა. გვსპობდნენ და გვანადგურებდნენ უცხოელი მოთარეშეები, ანგრევდნენ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ჩვენი მოდრეკა მაინც ვერავინ მოახერხა. ქართველები დანგრეულს პატიოსანი შრომით აღდგენდნენ, ციხე-სიმაგრეებს და ეკლესია-მონასტრებს აშენებდნენ, მიწას ამუშავებდნენ და საქონელს ამრავლებდნენ. ეს აღმშენებლობა ინახავდა ქართველ ერს თაობიდან თაობამდე. ღმერთისა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულს, მისთვის თავდადებასა და ერთგულებას ეკლესია შთაგვაგონებდა. თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, სიმართლისა და გამარჯვების სიმბოლო, ქართველი კაცის სანუკვარი იდეალების გამოხატულებად იქცა. ქართული მიწა ეკლესიისა და მამულის კეთილდღეობისათვის შეწირულთა სისხლითაა გაჟღენთილი. მტრის შემოსევისას ხშირად ეპისკოპოსები და სამღვდელოების სხვა წარმომადგენლები თავად მიუძღოდნენ მეომრებს ბრძოლის ველისკენ. ეკლესიისა და ქართული ჯარის ურთიერთობა კვლავაც გრძელდება. საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით თავდაცვის სამინისტროში შექმნილია კაპელანთა ჯგუფი. თითქმის ყველა ბრიგადაში შენდება ეკლესიები, სადაც მიმდინარეობს წირვა-ლოცვები.
მეოთხე ბრიგადაში წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო უკვე რამდენიმე წელია არსებობს. ამჟამად იქ მამა ნაზარე (გვენეტაძე) მსახურობს. ცოტა ხანში კი ამ ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ეკლესია აშენდება. თუ როგორია ურთიერთდამოკიდებულება ეკლესიასა და სამხედროებს შორის ამაზე სასაუბროდ მამა ნაზარეს ვესტუმრეთ.

_ როდის და როგორ დაიწყო თანამშრომლობა ეკლესიასა და შეიარაღებულ ძალებს შორის?
_ ისტორიულად ცნობილია, რომ მეფის კარზე ოდითგანვე მოძღვარი მსახურობდა. არსებობდნენ ეგრეთ წოდებული ფუტიელები, რაც საეკლესიო ჯარს ნიშნავს; მათი მოვალეობა იყო შემოსევების დროს ეკლესიების დაცვა. თუ საჭირო შეიქმნებოდა, სიწმინდეების გატანა და გადამალვა. სოფელი ფუტიეთი რაჭაში დღემდე არსებობს, სადაც ნახავთ ნიშებს, რომლებიც გარდაცვლილთა რაოდენობის მაუწყებელია. ეს ჯარი მხოლოდ საპატრიარქოს ემორჩილებოდა. ჯარს ბრძოლის დაწყების წინ ეპისკოპოსი მიუძღვოდა და ლოცავდა მათ. ბრძოლის დროს დაჭრილებს აზიარებდნენ, ლოცვებს უკითხავდნენ, რომელითაც ამხნევებდნენ და ეუბნებოდნენ ,,ჩვენთან არს ღმერთი~-ო. ადამიანი იბრძვის, როგორც ხორციელი, ასევე სულიერი კუთხით. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა დაამარცხოს სულიერი მტერი. ჩვენ გვებრძვის ეშმაკი, რომელსაც სურს ჩვენი შთანთქმა.
_ რა არის მოძღვრის დანიშნულება სამხედრო ნაწილებში და ბრძოლის ველზე?
_ მოძღვრის მოვალეობაა მოტივაციის შენარჩუნება ჯარში. მან უნდა შეუნარჩუნოს სულერი მხნეობა. ქრისტიანობაში ქვეყანა არის ტყვეობა. ჩვენ სულიერზე უნდა ვიზრუნოთ და არა მატერიალურ კეთილდღეობაზე. რაც შეეხება მოძღვრის ურთიერთობას ჯართან, ეს ოდითგანვე მოდის. ,,განძლიერდით და იძლიერეთ~ - ასე ლოცავდნენ ბრძოლისას მეომრებს. ქრისტიანი შინაარსით თვითონ არის მეომარი. ჩვენ დღისით თუ ღამით ბოროტებას ვებრძვით. მხედართმთავარი თუ უძღვის მებრძოლებს, ასევე უძღვის მოძღვარი თავის სულიერ შვილებს. მოძღვრის გარეშე ადამიანები ემსგავსებიან ცხრის ფარას, რომლებიც მწყემსის გარეშე თუ დარჩნენ, მგელი აუცილებლად მოიტაცებს. თუ ჩვენ მოძღვარი წინ არ გვიძღვის, თუ ჩვენ მასთან ერთად არ ვსაუბრობთ, არ ვისმენთ მის დარიგებას, მაშინ ჩვენ ამ ბრძოლას ვერ გავუძლებთ და დავეცემით. ამ ბრძოლაში აუცილებელია სულიერი შემწე მოძღვარის სახით.
ქრისტე არის მეფე მშვიდობისა.
თუ მეომარი ყველაფერს ასრულებს კარგად, მას უფრო დიდი პრივილეგია აქვს ღვთის წინაშე. დავით აღმაშენებელს ჰქონდა ასეთი პრივილეგია. გავიხსენოთ, როგორ მიმართავდა ჯარს, _ ქრისტეს მეომარნო, თუ ღვთის სახელით შევებრძოლებით, მაშინ არამარტო მტერს, არამედ თვით სატანას დავამარცხებთო...
საქართველო ყოველთვის ქრისტიანულ აზროვნებაზე, სამშობლოს სიყვარულზე, წინაპართა პატივისცემაზე იდგა. ვისაც არა ჰყავს წინაპარი, იმას ღირსეული მომავალი არ აქვს. ჩვენ აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ და გვახსოვდეს ჩვენი ისტორია. ქართველი ერი ამ ბრძოლაში გამოიჭედა.
უამრავი პატრიარქი ჩამოდის საქართველოში და ყველას უკვირს, რა ახალგაზრდა ერი ხართო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიის მრევლში უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. ეს პატრიარქის დამსახურებაა, იგი მოუწოდებს მრევლს, მოიყვანონ შვილები, რათა ბავშობიდანვე ეზიარონ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას; შემდეგ კარგი ჯარისკაცები, კარგი მმართველები, კარგი ინჟინრები იქნებიან. როცა ბავშვი ეკლესიის წიაღში იზრდება, ის ბოროტებას არ ჩაიდენს, არ შეეცდება ქვეყნის დანგრევას, მტერს შეებრძოლება.
ძველ აღთქმაში არის ასეთი ეპიზოდი - როდესაც ისუ ნავესი აღთქმულ ქვეყანაში 50 000 მეომრით მიდის საომრად, ევედრება უფალს და ეუბნება, ხალხს ეშინია საბრძოლველად წამოსვლისო. უფალი ეუბნება, წაიყვანე და წყალი დაალევინე, ვინც იარაღთან ერთად დალევს, ის ამოირჩიე და წაიყვანეო. მართლაც ასე მოხდა. მხოლოდ 3000 მეომარი გამოირჩა და მათ იომეს. სწორედ მათ აიღეს იერუსალიმი. ოდითგანვე არსებობდა სულიერი წინამძღოლი ომებში. ჯერ კიდევ წარმართულ პერიოდში ქურუმები მიუძღოდნენ წინ მებრძოლებს. ჯერ ისინი დადგებოდნენ, ილოცებდნენ და შემდეგ იწყებოდა ბრძოლა. თუკი ქურუმს ჰქონდა ძალა, რაოდენ დიდი ძალა ექნება ღვთივკურთხეულ მოძღვარს.
_ რამდენადაც ცნობილია, ყველა ბრიგადაში მიმდინარეობს ახალი ტაძრის მშენებლობა...
_ ამ სამლოცველოს მშენებლობას მამა დავითმა ჩაუყარა საფუძველი. ბრიგადის შესასვლელთან მალე დაიწყება ეკლესიის მშენებლობაც, რაშიც ბრიგადის მეთაური, გიგი კალანდაძე გვეხმარება. ის ძალიან მონდომებულია და მე მიხარია მისი შემართება.
_ რა დატვირთვა აქვს კაპელანს ჯარში და თუ გაქვთ ურთიერთობა სხვა ქვეყნის სასულიერო პირებთან?
_ ამერიკულ ჯარში ძალიან კარგადაა გამართული კაპელანების ინსტიტუტი. მე მათ შევხვდი წვრთნების დროს. ისინი სამხედროებს ყველგან დაჰყვებიან. მათ შესწავლილი აქვთ ჯარისკაცების სულიერი და ოჯახური მდგომარეობა, რასაც აუცილებლად ითვალისწინებენ. კაპელანებს დიდი უფლებები აქვთ. მეთაურის მიმართვის შემდეგ ჯარს ისინი მიმართავდნენ.
_ რა არის მოძღვრის დანიშნულება სამხედრო ნაწილებში და ბრძოლის ველზე?
_ ჯარი და ეკლესია ერთმანეთს ავსებენ. სამხედროები ვალდებული არიან დაგვიცვან და იზრუნონ ჩვენს მშვიდობიან ცხოვრებაზე. მოძღვარი ლოცულობს, რითაც აძლიერებს ჯარს. ერთი ზრუნავს სულიერ გაძლიერებაზე, მეორე კი _ ხორციელზე.
- რას უსურვებდით ქართველ ჯარისკაცებს?
_ უპირველეს ყოვლისა, სულიერ სიმტკიცეს და სიძლიერეს ვუსურვებდი. მსგავსად დიდგორის ბრძოლისა, როცა დავით აღმაშენებელმა არა მარტო ურდო, არამედ ეშმაკნიც კი დაამარცხა. როგორც მან გააერთიანა საქართველო და გააძლიერა, ისე გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა. ვისურვებდი, რომ ჯარისკაცების ხორციელი ცხოვრება, შერწყმული იყოს სულიერთან. ქართველი კაცი ხომ ქრისტეს მეომრად იწოდება. ჩვენ ქრისტეს მეომრები ვართ. მათ ეჩვენებინოთ, რომ ქართველები არიან ქრისტეს ღირსეული მეომრები. ჩვენ არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დავუთმოთ არავის.
ღმერთმა ააღორძინოს ქართული ჯარი, გააძლიეროს და იმ სულიერ სიმაღლემდე აიყვანოს, რაც დავით აღმაშენებლის ლაშქარში სუფევდა. ამისთვის ვიბრძვით ყველანი. ერთი შეხვედრისას უწმინდესმა ასეთი რაღაც თქვა: ყველა ჯარს რაღაც საიდუმლო იარაღი გააჩნია და ჩვენც უნდა შევიმუშაოთ, ისეთი რაღაც, რაც არავის არ ავნებს. ჩვენთვის ასეთი იარაღი არის ქრისტიანული ცხოვრების წესი. თუ ქრისტიანული წესით ვიცხოვრებთ, მაშინ მტერი ვერ მოგვერევა. უფალი უნდა მეფობდეს ჩვენს ჯარზე და მაშინ ყოველი მტერი დამარცხებული იქნება.
ქართულ ჯარს ვუსურვებდი საქართველო აღედგინოთ იმ საზღვრებში, როგორშიც წინაპრებმა ჩვენამდე ბრძოლით მოიტანეს.

No comments:

Post a Comment