Wednesday, December 30, 2009

ერაყელი სნაიპერი ამერიკელი საზღვაო ქვეითების წინააღმდეგ


კრის ჩივერსი

სისხლი ჩაფხუტზე. ერაყელი სნაიპერი ამერიკელი საზღვაო ქვეითების წინააღმდეგ


კრის ჩივერსი _ ამერიკის საზღვაო ქვეითთა თადარიგის კაპიტანი. იბრძოდა ერაყში, მონაწილეობდა ოპერაციაში _ `უდაბნოს ქარიშხალი~. ამჟამად, გაზეთ `ნიუ-იორკ თაიმსის~ სამხედრო რეპორტიორია, მუშაობდა ჟურნალისტად ავღანეთში და ერაყში.
საზღვაო ქვეითებთან კარგი ურთიერთობის, ასევე, ამ ქვეყნების ტერიტორიების საუკეთესოდ ცოდნის წყალობით, კრის ჩივერსმა სამხედრო თემატიკის გაშუქების უფლება მოიპოვა. წერს მათზე, ვინც ადრე მასვე ექვემდებარებოდნენ, დღეს კი მათთვის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგეს ებრძვიან და ყოველდღე ცეცხლს ეთამაშებიან.
2006 წელს, კრის ჩივერსი ერაყში კიდევ ერთხელ გაემგზავრა და `ნიუ-იორკ თაიმსის~ ფოტოჟურნალისტ ჯაო სილვასთან ერთად საინტერესო მოვლენის მოწმე გახდა.
………………………
საზღვაო ქვეითთა ხომალდის უფროსმა სერჟანტმა დასტინ კირბიმ თავში დაჭრილი მეომრის ჩაფხუტს ხელი მაგრად მოუჭირა, ხელები სისხლში ჰქონდა მოსვრილი, სახიდან ოფლი სდიოდა და ყრუდ კვნესოდა. უფროსმა სერჟანტმა ჩაფხუტი ისე გადაატრიალა, რომ შიგნით ჩაღვრილი სისხლი ჩემთვისაც შესამჩნევი გამხდარიყო. ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩაფხუტი საფეთქელს ფარავდა, ტყვიის პატარა, მრგვალი ნახვრეტი ჩანდა. ქსოვილზე კი ძვლების ნამსხვრევები ნამცეცებდ იყო მიწებებული.
`სნაიპერის შაშხანა~ _ დაბეჯითებით დაასკვნა 22 წლის დასტინ კირბიმ, რომელიც ამერიკის საზღვაო ქვეითთა მე-8 პოლკის, მე-2 ბატალიონის, მე-2 ასეულის მობილურ შემტევ ქვედანაყოფში სანიტრად მუშაობდა. კირბიმ ერაყელი სნაიპერის მიერ დაჭრილი საზღვაო ქვეითის მოვლა ის-ის იყო დაასრულა, რომ მომიბრუნდა და დასძინა - `კალიბრი 7,62 მმ. ჯავშანგამტანი~, შემდეგ კი ის ტყვია, რომელიც ჩაფხუტის კედელს მოხვდა, მეომრის თავში გაიარა და მეორე მხრიდან ჩაფხუტშივე გაიჭედა, ჯიბიდან ამოიღო და მაჩვენა. კირბიმ მეტალის გაბრტყელებული ნაწილი ფრთხილად აიღო და გულის ჯიბეში ჩაიდო, რადგან ვალდებული იყო დაზვერვის ოფიცრისთვის მოკვლევის ჩატარების მიზნით ეჩვენებინა.
კირბის სახიდან ცრემლნარევი ოფლი სდიოდა. თუმცა, თავის ხელში აყვანას მთელი ძალით ცდილობდა. მისი ხმა ყრუდ მესმოდა: `როცა ამ ადგილამდე მოვაღწიე, მებრძოლისთვის მხოლოდ მცირე დახმარების გაწევა შევძელი. დაჭრილი ჯერ კიდევ სუნთქავდა~.
კირბიმ თავის მძღოლს _ მატიას ლაფოიას გადახედა და თითქმის დაუყვირა: `ხომ გეუბნებოდი _ ადამიანები ხელში არ მაკვდებიან-მეთქი? ხომ გეუბნებოდი? დიახ, სერიოზულად ვამბობ, ადამიანები ხელში არ მაკვდებიან-ხოლმე!~
კირბის ხმის ექოს ირგვლივ მდგომი სახლებიც გამოსცემდნენ, სადაც უკვე საზღვაო ქვეითები იყვნენ შესულები და იმ ტერიტორიების გაწმენდის ოპერაციას ატარებდნენ, საიდანაც სნაიპერის მხრიდან სროლის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობდა.
როდესაც ფალუჯასთან ახლოს, კარმის პროვინციის ტერიტორიაზე საზღვაო ქვეითები საცხოვრებელ კვარტალს უკვე ტოვებდნენ, ერაყელმა სნაიპერმა კიდევ ერთხელ გაისროლა.
სამხედროებმა ერთ-ერთ სახლში, AK_ 47 ტიპის ხუთი ავტომატი და ასაფეთქებლად საჭირო ნივთიერებები იპოვეს.
ტერიტორიის გაწმენდის ოპერაცია დასასრულს უახლოვდებოდა, როცა გასროლის ხმა ისევ გაისმა.
არავის შეეძლო დაზუსტებით თქმა, საიდან ისროდნენ. მაგრამ, ყველასთვის ცხადი იყო, საითაც ისროდნენ.
ამჟამად, მსხვერპლი, სნაიპერის ჩვეული სამიზნე _ რადისტი ხუან ვალდეს კასტილიო იყო. დასტინ კირბიმ დაშავებულამდე რომ მიაღწია, ჭრილობა ბინტით გადაუხვია და ვერტმფრენამდე მიიყვანა, რომელიც საბედისწერო გასროლიდან თორმეტ წუთში, დაჭრილების გადასაყვანად სპეციალურად მოფრინდა. რადისტი ჯერ ისევ სუნთქავდა. ხუან ვალდეს კასტილიო, მაშინ ჯერ ისევ ცოცხალი იყო…
ვერტმფრენი რომ გაფრინდა, დასტინ კირბი მოვალეობის შესასრულებლად დაბრუნდა. თუმცა, ფიქრით იმ დაჭრილებთან იყო, რომლებიც ვერტმფრენით გაფრინდნენ _ "მათთან რომ ვიყო..?" _ ჩაილაპარაკა და ვერტმფრენს თვალი გააყოლა, ვიდრე პალმებს მოეფარებოდა, - "მაგრამ მათთან რომ არ ვარ... აქ ვარ...~
ჩვენი ფიქრები ერთმანეთს დაემთხვა.
დასტინ კირბიმ დაჟინებული მზერით შემომხედა _ "ასეთ დროს ყვირილი მინდება, ზოგჯერ ვყვირი კიდეც; არ იფიქროთ, რომ არანორმალური ვარ~. შემდეგ კი მუჭი ისე შეკრა, რომ ვენები ამოებერა, მხრები აუცახცახდა, სისხლიანი ხელის გულები სახესთან ისე ახლოს მიიტანა, თითქოს რაღაცის დანახვას ცდილობდა _ "დაჭრილ რადისტს ხუან ვალდეს კასტილიო ერქვა. ჩემი, ასევე, ყველას მეგობარი იყო. ეს ოცეულია. ოცეული კი _ ოჯახი. გესმით? აქ წამოსვლის წინ ყველა ერთად ვლოცულობდით. ლოცულობდა კასტილიოც. ვლოცულობდით მსოფლიო მშვიდობისთვის. აქ, ბრძოლის ველზე, ჩვენთვის ეს ყველაზე მთავარია".
ირგვლივ დასადგურებულ სიჩუმეში მხოლოდ კირბის ხმა და `ჰამერის~ გუგუნი ისმოდა. შემდეგ მან ლოცვა წაიკითხა.
რამდენიმე წამით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა _ `ოცეული _ ეს ოჯახია. გესმით?~ კირბი სადგურებს შორის რადისტების მოლაპარაკებებს ყურს უგდებდა და მათ შეტყობინებებს მექანიკურად იმეორებდა: "ახლა იმ სახლს გავუსწორდებით, საიდანაც ისროდნენ... იცით, კიდევ რა მინდა ვთქვა? _ თუკი ვინმეს ეს აინტერესებს, ან თუ ვინმესთვის ამის ცოდნა საჭიროა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია: კასტილიოს გუგა სინათლეზე რეაგირებდა, გონებაზე იყო, მკვეთრი პულსი ჰქონდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი, იმედი არსებობს!~
შემდეგ მთხოვა: "შეგიძლიათ ჩვენთან ერთად კასტილიოსთვის ილოცოთ? მადლიერი დაგრჩებით~.
რამდენიმე წუთში ისევ განაგრძო _ `ოცეულის შესახებ კიდევ რაღაცის თქმა მინდა... ჩვენი ოცეული კარგი ოცეულია, აქ ერთმანეთს ყველა კარგად იცნობს. ერთსა და იმავე დროს ეს წყევლაც არის და საჩუქარიც. ერაყში გამომგზავრებამდე მე და კასტილიო ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ერთმანეთს ოცეულში მოხვედრამდეც ვიცნობდით. მეგობარიც ჰყავს _ სასაცილო გოგონა, ღია ფერებში. როცა ვურეკავ, ყოველთვის შიშისგან ცახცახებს. ჩვენ კიდევ ერთი საერთო მეგობარი გვყავდა _ ჯეიმ ხირლსტონი, ისიც სნაიპერმა მოკლა, თავში ესროლა. ჯეიმიც ცხოვრობდა, სუნთქავდა, შემდეგ კი… მოკვდა. მაგრამ, კასტილიო…_ მისი გუგა სინათლეზე რეაგირებდა, პულსი მკვეთრი ჰქონდა, სუნთქავდა. როდესაც მკითახვენ: დაჭრილს როგორ დაეხმარეო? – ვუპასუხებ: ვეხმარებოდი, რათა გონება არ დაეკარგა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც შემიძლია, რაღაც _ არა~.
სნაიპერის გასროლამდე ქუჩაში უამრავი სამოქალაქო პირი დადიოდა. ახლა კი თითქოს ყველა ქარმა წაიღო. მოულოდნელად, ჩვენს შორის, ანუ, სნაიპერის სამალავსა და იმ ადგილს შორის, სადაც ჩვენ ვიყავით, შავებში ჩაცმულმა ქალმა გადაირბინა და მოსახვევს მოეფარა.
საზღვაო ქვეითთა ხომალდის უფროსმა სერჟანტმა ყველა სასწავლებელი გაიხსენა, რომელშიც ერაყში მოხვედრამდე სწავლობდა. ერთ-ერთში ინსტრუქტორმა ანესთეზიის ქვეშ მყოფ ღორთან მუშაობა აიძულა _ "იდეა კონკრეტული იყო _ ცოცხალი ქსოვილის შესწავლა. გაძლევენ ღორს, რომელსაც სიცოცხლე უნდა შეუნარჩუნო. როგორც კი მიზანს მიაღწევ, ღორს ისევ ტყვიას ესვრიან. შენ კი ცოცხალი ორგანიზმის შოკზე რეაგირებას აკვირდები _ რა ხდება, როდესაც დაჭრილი არსება ისევ ჭრილობას იღებს. მოგიყვეთ ჩემი ღორის შესახებ? ცხრა მილიმეტრინი პისტოლეტიდან ზედიზედ ესროლეს სახეში. შემდეგ დაწვეს. მე ღორს სიცოცხლე 15 საათის განმავლობაში შევუნარჩუნე. დიახ... კასტილიოი კი ჩემი მეგობარი იყო".
დასტინ კირბიმ დასისხლიანებულ ხელებს დახედა. "წყალი ხომ არ გაქვთ? სულ ცოტა მინდა, რომ ნიშნობის ბეჭედი გავწმინდო~. პარალელურად კი სამხედროების ლაპარაკს უსმენდა რაციაში. ტერიტორიის მეთოდური დასუფავება ისევ გრძელდებოდა. სამხედროები კორპუსების გაწმენდის ოპერაციას ასრულებდნენ, ორი საეჭვო სახლი გადაამოწმეს, ხუთი საეჭვო მამაკაცი დააკავეს და დაკითხეს.
კირბი ყველაფერს ათვალიერებდა. "იცით... თავს კარგ ადამიანად ვთვლი. მაგრამ, როცა ისეთი რამ ხდება, რაც კასტილიოს დაემართა, ძალიან მინდება, ყველამ განიცადოს, თუ რა მტკივნეულია ეს, გემით?~
საზღვაო ქვეითებს დაკავებულებისთვის არ უსვრიათ, მაგრამ, ერთი მათგანი "ჰამერში" შეაგდეს.
ასეული ომარის პროვინციაში, პოსტზე დაბრუნდა. იქ, სადაც საზღვაო ქვეითთა სამხედრო ბაზა იყო.
სამხედროები გზად სამოქალაქო პირების ცივ მზერას აწყდებოდნენ.
ბაზაზე მისულებს უფროსმა ლეიტენანტმა, ასეულის უფროსმა სკოტ ბერლისტონმა განუცახდა, რომ უმცროსი კაპრალი ხუან ვალდეს კასტილიო სამხედრო ქირურგიის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულ მდგომარეობაში, მაგრამ ცოცხალი იყო. კასტილიოს გერმანიაში, ნატოს ჰოსპიტალში გადაყვანას უპირებდნენ.
დასტინ კირბი მოწესრიგდა _ დაიბანა, გაიპარსა და საზღვაო ქვეითთა ერთობლივ ლოცვას შეუერთდა.
ასეულის წევრმა, მეტსახელად "ბებიმ" ასეული შეკრიბა, ბიბლია აიღო და 91-ე ფსალმუნის კითხვა დაიწყო. შემდეგ ყველამ უმცროსი კაპრალის, ხუან ვალდეს კასტილიოს, ასევე, ყველა სხვა სამხედროს გადასარჩენად ლოცვა დაიწყო და ღმერთს ოცეულში მომსახურეთა სიცოცხლის შენარჩუნება შესთხოვა.
უმცროსი კაპრალი ხუან ვალდეს კასტილიო ფალუჯის პროვინციის _ კარმის, გაწმენდის ოპერაციაში დაიჭრა. ის გადარჩა და ვერტმფრენით გერმანიაში გადაიყვანეს. სნაიპერი, რომელმაც მას ესროლა, ვერ იპოვეს.
მე კი ისღა შეიძლება დავამატოთ, რომ ფოტოსერიამ _ `ერაყში სნაიპერის შეტევა~ `ნიუ-იორკ თაიმსის~ ფოტოჟურნალისტ ჯაო სილვას რამდენიმე პრესტიჟული პრემია მოაპოვებინა, მათ შორის იყო ჯილდო მსოფლიო ფოტოკონკურსზე _ `მსოფლიო პრესის ფოტო”.

ერაყი, კარმა.
30 ოქტომბერი, 2006 წელი

ფოტოების ავტორი ჯაო სილვა,
მოამზადა მაია აბრამიშვილმა

No comments:

Post a Comment