Wednesday, December 30, 2009
სპეცოპერაცია "ძარცვა"
ზურაბ ოდილავაძე
როცა წარმატება თან გდევს
(ისრაელის "მოსადის" პირველი სპეცოპერაცია "ძარცვა")
მოსადი (HaMossad leModi'in uleTafkidim Meyuchadim; ებრ.: המוסד למודיעין ולתפקידים מיוחדים, "დაზვერვისა და სპეციალური დანიშნულებების ინსტიტუტი") _ წარმოადგენს ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტოს. მისი დანიშნულებაა სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, ანტი-ტერორიზმი, ანტი-სახემლწიფოებრივი ზრახვებიას და უკანონო შეიარაღებული ქმედებების გამოძიება. ინსტიტუტი კომპონენტია ისრაელის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურისა და დამოუკიდებელია სამხედრო დაზვერვისა (ამანი) და ეროვნული პოლიციისგან (შაბაქი).
შედის დაზვერვის წარმატებული სამსახურების ხუთეულში და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ, პროფესიონალურ სპეცსამსახურად ითვლება. "მოსადის" ერთ-ერთმა დამაარსებელმა (ამავე ორგანიზაცის დირექტორმა 1953-1963 წლებში) ისსერ ჰარელმა, თანამდებობაზე მოსვლისთანავე, პრემიერ-მინისტრ ბენ-ჰურიონსგან "მოსადის" ბიუჯეტის გაათმაგებას მიაღწია. მასვე ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი: "მე მჭირდება ადამიანები, რომლებიც სიკვდილისადმი ზიზღს განიცდიან, მაგრამ, ამის მიუხედავად, მათ შეიძლება ასწავლო მოკვლა". ასეთად რჩება დღემდე "მოსადი" და ისრაელის სახელმწიფოს საკეთილდღეოდ ნებისმიერ ხერხს იყენებს.
"ძარცვა" ისრაელის დაზვერვის პირველ პროფესიონალურ ოპერაციად ითვლება. იმჟამად "მოსადი" ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო _ არსებობდა მხოლოდ საიდუმლო ორგანიზაცია "მოსად ლე-ალია ბეთ", რომელიც 1937 წელს შეიქმნა. მას ხელმძღვანელობდა შაულ ავიჰური, რომელსაც ებრაელები "ისრაელის დაზვერვის მამას" უწოდებენ. მოგვიანებით, ისრაელის სპეცსამსახურების ბირთვად სწორედ ეს, ავიჰურის მიერ შექმნილი ორგანიზაცია იქცა.
...1947 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინის ორ – არაბულ და ებრაულ სახელმწიფოებად გაყოფის შესახებ ცნობილი, ნომერ 181-ე რეზოლუცია მიიღო. 30 ნოემბრის ღამეს არაბები ებრაელთა უდიდესი სიხარულის მოწმენი გახდნენ. თელ-ავივის ქუჩებში მოზეიმე ხალხის ნაკადი არ ილეოდა.
მეორე დილით კაპიტანი აბდულ აზიზ ქერინი პატარა სასტუმროს ნომრის ფანჯარიდან გადაჰყურებდა ქუჩას, სადაც ბედნიერი ახალგაზრდები ქორას ცეკვავდნენ. კაპიტანს სახეზე მღელვარება ეტყობოდა და ჰქონდა კიდეც ამის მიზეზი: რამდენიმე საათში ლოდის აეროპორტიდან პრაღაში იმ იარაღის პირველი პარტიის შესასყიდად უნდა გაფრენილიყო, რომლითაც არაბები ებრაელთა ოცნებების დამსხვრევას გეგმავდნენ. ამ მიზნით მას ჩეხოსლოვაკიის ქალაქ ბრნოს ზბროიოვოს ქარხნიდან ათი ათასი შაშხანა და ათასი ტყვიამფრქვევი უნდა შეესყიდა.
კომპანია "სვისეარის" თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს მოწყდა, ფორთოხლის პლანტაციებს გადაუფრინა და გეზი ხმელთაშუა ზღვისკენ აიღო. კაპიტანმა მისაბმელი ღვედი შეიხსნა და სიგარეტს მოუკიდა. შვიდი საათის ფრენის შემდეგ ის პრაღაში მეორე _ ბრნოში მიმავალ თვითმფრინავზე უნდა გადამჯდარიყო.
კაპიტან ქერინს ზბროიოვოს ქარხანაში სირიული შეკვეთა უნდა დაემოწმებინა და დამასკოში იარაღის ჩატანა უზრუნველეყო. ათი ათასი შაშხანა, რომლისთვისაც ის მიემგზავრებოდა, შესაძლოა, ვინმეს წვრილმანად მოეჩვენოს, მაგრამ პალესტინის მაშტაბით ეს იარაღის უზარმაზარი პარტია გახლდათ. იმჟამად ებრაელთა არმიის "ჰაგანას" არსენალებში ამ რაოდენობის ნახევარიც კი არ ინახებოდა.
იმავე თვითმფრინავში, რამდენიმე რიგით უკან, იჯდა სხვა მგზავრი _ დაბალი, სქელი ადამიანი, რომელსაც ებრაულ ყოველდღიურ გაზეთ "დავარში" ჩაერგო თავი. მთელი მისი ბარგი ამ გაზეთისგან, კბილის ჯაგრისისგან და ორი წიგნის _ ბიბლიისა და გოეთეს "ფაუსტისგან" შედგებოდა. პალესტინური პასპორტის თანახმად, ეს 31 წლის ჯორჯ ალექსანდრ იბერალი, ებრაული სამშენებლო კომპანია "სოლელ ბონეს" კომერციული დირექტორი გახლდათ. თუმცა, საბუთის მონაცემებიდან სიმართლეს მხოლოდ მისი ასაკი და ფოტო შეესაბამებოდა, საიდანაც მრგვალი, მოღუშული სახე იყურებოდა, დიდრონი, მშვიდი და გაბედული თვალებით. სინამდვილეში ამ მგზავრს ეჰუდ ავრიელი ერქვა. ის არც დირექტორი გახლდათ და არც ფირმა "სოლელ ბონეს" წარმოადგენდა, ევროპაში კი იმავე მისიით მიემგზავრებოდა, რომლითაც კაპიტანი ქერინი... ოღონდ, ქერინისგან განსხვავებით, ის პრაღიდან ბრნოსკენ კი არა, პარიზისკენ უნდა წასულიყო.
"ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, ომი ძალიან მალე დაიწყება, არაბები გამალებულად ემზადებიან. ადრე თუ გვიან, პალესტინაში არაბების ხუთი არმია შემოიჭრება", _ ამცნო მას გამომგზავრების წინ ისრაელის სახელმწიფოს მომავალმა პირველმა პრემიერ-მინისტრმა დავით ბენ-ჰურიონმა და ევროპაში ათი ათასი შაშხანის არალეგალური გზით შესაძენად გამგზავრება დაავალა. "ტაქტიკას ვცვლით... ამჟამად სწრაფად და გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ. შენს განკარგულებაში მილიონი დოლარია. აი, სია, რაც გვჭირდება", _ უთხრა "მოხუცმა" და ჯიბიდან საგულდაგულოდ დაკეცილი ქაღალდის ფურცელი ამოიღო, რომელზეც სულ რამდენიმე სტრიქონი ეწერა. ავრიელმა ჩამონათვალი იქვე გადაიკითხა: ათი ათასი შაშხანა, მილიონი ვაზნა, ხელის ათასი ტყვიამფრქვევი და ათასხუთასი სადაზგო ტყვიამფრქვევი.…
მოგვიანებით, სასოწარკვეთილი, სიგარის კვამლში გახვეული, მელოტ თავზე ხელშემოჭდობილი ავრიელი პარიზის სასტუმრო "კალიფორნიას" ერთ-ერთ ნომერში, ლოგინის პირას იჯდა.
აღმოჩნდა, რომ ებრაელმა ბიზნესმენმა, რომელსაც მისთვის ევროპული არსენალების ყველა კარი უნდა გაეხსნა, იარაღის შესყიდვაზე იმდენივე იცოდა, რამდენიც თავად ავრიელმა _ ვარდებით ვაჭრობაზე. სხვა, უფრო შესაფერისი დამხმარის ძიებამ მთელ დღეს გასტანა. საღამოს კი ავრიელის წინ უკანასკნელი კანდიდატურა _ ადამ აბრამოვიჩი იჯდა.
გაირკვა, რომ მცირე საექსპორტო კომპანიის მფლობელი, რუმინელი ებრაელი აბრამოვიჩი, ომამდე ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი ფირმის წარმომადგენლად მსახურობდა და მის ხელმძღვანელებთან დღემდე ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. "ისინი ყველაფერს მოგვყიდიან, რაც საჭიროა", _ არწმუნებდა ის გაოგნებულ ავრიელს.
რუმინელმა ებრაელმა ჩანთიდან ამოიღო ორი მოზრდილი კატალოგი, რომელშიც თავს იწონებდა შეიარაღების ისეთი მრავალფეროვანი საშუალებების ფოტოსურათები, რომ ბენ-ჰურიონის მდიდარი ფანტაზიაც კი ვერ წარმოიდგენდა. წინდახედულმა აბრამოვიჩმა კატალოგებს ორი კონვერტიც მოაყოლა: ერთი თავისთვის დაიტოვა, მეორე ავრიელს გაუწოდა. ეს თვითმფრინავის ბილეთები იყო _ იმ ქვეყნის დედაქალაქისკენ, სადაც ამ ფირმის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა.
იმ დროს, როდესაც ავრიელი მოულოდნელი წარმატებით ხარობდა, პარიზისგან ათასი კილომეტრის მოშორებით, თავისი ევროპული მისიის კეთილად დასრულების გამო, ასეთივე სიხარულს განიცდიდა სირიელი კაპიტანიც. სანამ ავრიელი აბრამოვიჩს ესაუბრებოდა, ქერინი პრაღაში, ჩეხური იარაღის მწარმოებელი ფირმის ლამაზ, თანამედროვე შენობაში იჯდა და იარაღის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს ასრულებდა. იმავე დღეს, ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში ჩამოსვლიდან სულ რაღაც ერთ დღე-ღამეში, კაპიტანს უკვე შეეძლო ეამაყა, რომ სამშობლოსთვის ათი ათასი მაუზერი და ასი ავტომატი არათუ შეიძინა, არამედ დამასკოს მიმართულებით ტრანსპორტირების ორგანიზებასაც შეუდგა.
ახალგაზრდა სირიელის სიხარული გაცილებით ნაკლები იქნებოდა, წინასწარ რომ სცოდნოდა, თუ ვინ შეაბიჯებდა შემდეგი იმ ლამაზ და თანამედროვე შენობაში, სადაც ქერიმმა მთელი დღე გაატარა. იმ მომენტისთვის, როდესაც კაპიტანი სასადილოდ ჯდებოდა, ეს "სხვა კლიენტი" თავის მომცრო ჩემოდანში კბილის ჯაგრისს, პირად ბიბლიასა და "ფაუსტის" ტომს ალაგებდა და პრაღაში მიემგზავრებოდა, სადაც მეორე დღისთვის ზბროიოვოს საიარაღო ფირმის დირექტორთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.
სულ რაღაც თვენახევარში, ავრიელმა 25 ათასი შაშხანა, 5 ათასი ავტომატი, 300 ტყვიამფრქვევი და 50 მილიონი ვაზნა შეისყიდა. ამავდროულად, ადამიანს, რომელიც ევროპაში კბილის ჯაგრისითა და "ფაუსტით" ჩამოვიდა, რამდენიმე ათასი შაშხანა უკვე ეცოტავებოდა. ახლა საჭირო იყო დაფიქრება ტანკების, თვითმფრინავებისა და ზარბაზნების შესყიდვაზეც. ერთი სიტყვით, ავრიელის პრაღაში გამოჩენით ისრაელის სახელმწიფოს შეიარაღების ახალი ეტაპი დაიწყო.
ავრიელი სამი თვე ეძებდა გემის მფლობელს, რომელიც ნაყიდი იარაღის პალესტინაში ჩატანას დათანხმდებოდა. საბოლოოდ, ერთ იუგოსლავურ პორტში პატარა გემი "ნორა" აღმოაჩინა. ბრიტანეთის საბაჟოსთვის თვალის ასახვევად და შაშხანების უსაფრთხოდ გადასატანად, ავრიელმა იარაღი ისეთი საქონლის ქვეშ დამალა, რომელიც შემმოწმებელს ქექვის ყოველგვარ ხალისს უკარგავდა _ შაშხანებს ზემოდან ექვსასი ტონა იტალიური ხახვი დააყარეს.
მის მიერ დაქირავებულმა პატარა, მოძველებულმა გემმა ავრიელს ერთი დიდი სამსახურიც გაუწია. როდესაც მივიდა იმ იუგოსლავურ სანაოსნო სააგენტოში, რომელმაც "ნორა" უპოვნა, ერთ-ერთმა მოსამსახურემ ყურში ჩასჩურჩულა: "გილოცავთ! ვხედავ, კიდევ ერთი გემი გიპოვნიათ. ჩვენ უკვე გავეცით განკარგულება, რომ "ლინო" თქვენი იარაღის ახალი პარტიით დატვირთონ".…
ავრიელის ხშირი წარბები მხოლოდ წამით აიწია. ის იუგოსლავიიდან არავითარ "სხვა" პარტიას არ აგზავნიდა. ავრიელი უცებ მიხვდა, თუ ვინ იყო აქ ნამყოფი. სხვა ვინ, თუ არა კაპიტანი ქერინი?
ვითარება ფრიად დაიძაბა!
ვერავითარი ბრიტანული პატრული ვერ შეუშლიდა სირიელი კაპიტნის გემს, რომ იარაღი დანიშნულების პორტში, დამასკოში ჩაეტანა, რადგან, ისრაელისგან განსხვავებით, სირიას მსოფლიოს ბაზრებზე იარაღის ღიად შესყიდვის ოფიციალური ნებართვა ჰქონდა; ესე იგი, ბრიტანული ბლოკადის გარღვევაზე ზრუნვის გარდა, ავრიელს თავი იმაზეც უნდა ეტეხა, თუ როგორ შეეშალა ხელი დამასკოში გასაგზავნად გამზადებული იარაღის ტრანსპორტირებისთვის.
ებრაელმა მზვერავმა ეს ინფორმაცია შაულ ავიჰურს გადასცა, ამ უკანასკნელმა კი _ ბენ ჰურიონს. გადაწყვეტილება მყისიერად მიიღეს: რამე აუცილებლად უნდა ეღონათ, რომ სირიულ არმიას ჩეხოსლოვაკიაში შესყიდული იარაღი ვერ მიეღო.
...სამი დღე-ღამე დაძრწოდა ხმელთაშუა ზღვის ცაში "ჰაგანას" პილოტი ფრედი ფრედკენსი და "ლინოს" თვითნაკეთი ბომბებით დატვირთული პატარა თვითმფრინავით დაეძებდა; მეოთხე დღეს კი გამქრალი გემი იქ იპოვა, სადაც მთელმა იტალიამ: "ლინოს" შესახებ იტალიური პრესა ალაპარაკდა. როგორც გაირკვა, ძლიერმა შტორმმა გემი აიძულა, ქალაქ ბარის ჩრდილოეთით მდებარე პორტ მალფეტაში შესულიყო.
დაიწყო ოპერაცია "ძარცვის" გადამწყვეტი ეტაპი. ავიჰურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალმა ადა სერენიმ ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტს შეატყობინა, რომ პორტში დგას გემი, რომელიც იარაღით... იტალიელმა კომუნისტებმა დატვირთეს.
იმ დროს იტალიაში მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, რომელშიც ქრისტიან-დემოკრატები და კომუნისტები მეტოქეობდნენ. მეორე დღეს ცნობა იარაღის საიდუმლო ტვირთის შესახებ მთელ იტალიურ პრესას მოედო. მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება, დაეპატიმრებინათ გემის გუნდი, ხოლო თავად გემი პორტ ბარიში ჩაეყენებინათ.
დაიწყო ხანგრძლივი გამოძიება.
ამ ყველაფერმა გემის ჩაძირვისთვის შესანიშნავი ფონი შექმნა. ეს ამოცანა ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე მამაც აგენტს ევროპაში, მონიუ მანდორს დაეკისრა. ის ბარიში დაუყონებლივ გაქროლდა სატვირთო მანქანით, რომელიც ამერიკული არმიის განმასხვავებელი ნიშნებით შეინიღბა, ბენზინის სათადარიგო ავზში კი ფეთქებადი ნივთიერება დამალა.
"ლინოსთან" მიახლოება მხოლოდ ზღვიდან იყო შესაძლებელი. პირველი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. ფხიზელმა იტალიელმა მცველებმა მარდორის ნავი იოლად შენიშნეს.
მეორე ცდა 1948 წლის 9 აპრილს განხორციელდა. ღამის თრთმეტ საათზე ნავსაყუდელის მიყრუებული ყურიდან გამოვიდა გასაბერი ტივი, ორი მყვინთავითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით. მან იტალიურ სამხედრო პორტში შეაღწია და "ლინოს" ბორტს მიუახლოვდა.
ხუთ საათზე პორტში საშინელი აფეთქების ხმა გაისმა, "ლინოს" კორპუსში კი უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა. გემთან ერთად, ზღვის ფსკერზე დაეშვა კაპიტან ქერინის მიერ პრაღაში შეძენილი იარაღიც.
სირიელებს ჩეხოსლოვაკიაში შესყიდული იარაღი ასე იოლად არ ეთმობოდათ. ორ კვირაში იტალიაში პოლკოვნიკი ფუად მარდამი გაგზავნეს. მან იტალიის ხელისუფლებას წარუდგინა მტკიცებულებები, რომ "ლინოს" ბორტზე დატვირთული იარაღი სირიას ოფიციალურად ეკუთვნოდა. მძიმე შრომის შედეგად, იარაღის დიდი ნაწილი ზღვის ფსკერიდან ამოზიდეს და მოაწესრიგეს. დაზეთილი შაშხანები 250-ტონიან კორვეტ "არგიროზე" აიტანეს და მარდამმა ტვირთის გამომგზავრება დეპეშით შეატყობინა დამასკოს.
ტვირთი ნამდვილად გაგზავნეს... მაგრამ არა ალექსანდრიაში...
სანაოსნო სააგენტო "მენარა", რომელსაც მარდამმა მიმართა, მართლაც დაკავებული იყო გემების გაქირავებით. მაგრამ, ამას გარდა, საიდუმლოდ "მოსად ლე-ალია ბეთთან" თანამშრომლობდა. როდესაც კორვეტი ზღვაში გავიდა, მის ბორტზე ეკიპაჟის ორი ახალი წევრი იმყოფებოდა. ისინი ავიგურის აგენტები იყვნენ. ზღვაში კორვეტს სწრაფმავალი კატარღები დაეწია, ეკიპაჟი დააპატიმრეს, ხოლო ტვირთი ხაიფაში აღმოჩნდა. ოპერაცია "ძარცვა" წარმატებით დასრულდა. ამასთან, "მოსად ლე-ალია ბეთის" აგენტებს არავითარი კვალი არ დაუტოვებიათ.
სირიაში პოლკოვნიკ მარდამს მტერთან თანამშრომლობისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
აი, აქ კი ებრაელებმა წაიყოყლოჩინეს და, საფრანგეთის საელჩოს საშუალებით, სირიელებს გადასცეს გზავნილი, რომელიც ოპერაცია "ძარცვის" ყველა წვრილმანს შეიცავდა. ასე დამტკიცდა სირიელი ოფიცრის უდანაშაულობა. მაგრამ, ის უკვე დახვრეტილი გახლდათ.…
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment