Wednesday, December 30, 2009

სერჟანტთა მომზადების სკოლა


ნინო მიქელაძე

ქართულ არმიას განათლებული სერჟანტები ეყოლება

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, ქალაქ გორში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ ერთი სასწავლო კურსი იყო, რომელიც ათეულის ოცდაათ მეთაურს ამზადებდა. 2005 წლიდან იგი ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისს” დაექვემდებარა, შემდეგ კი გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტს.
2009 წლის თებერვლიდან სერჟანტთა სკოლის დისლოკაციის ადგილი კოჯორი გახდა. ამჟამად იგი ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას.
2007 წელს სერჟანტთა მომზადების სკოლის მეთაურად კაპიტანი ზურაბ ხვიჩია დაინიშნა.

_ რა გზა გაიარეთ სერჟანტთა სკოლის მეთაურად დანიშვნამდე?
_ 1996 წელს ჩავაბარე თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, სადაც წელიწადნახევარი ოფიცრის კურსები გავიარე. შემდეგ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გუნდესბერგის ოფიცერთა სკოლაში გავაგრძელე სწავლა. 2001 წელს ოფიცრის სრული კურსის გავლა დავასრულე, რომელიც მარტოხელა მებრძოლის, სროლის ხელმძღვანელის, ტაქტიკის, საცეცხლე მომზადების კურსებს მოიცავდა. საქართველოში დაბრუნებისთანავე დავინიშნე თავდაცვის აკადემიაში, ჯგუფის ხელმძღვანელად; შემდეგ ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისსში”, ბატალიონის მეთაურად. როცა 2007 წელს სერჟანტთა სკოლა გამოეყო სასწავლო ცენტრ “კრწანისს”, მის მეთაურად დავინიშნე.
_ რას ემსახურება სერჟანტთა მომზადების სკოლა და რა არის მისი მიზანი?
_ ჩვენი სკოლა საქართველოს შეიარაღებულ ძალების სერჟანტთა კორპუსის შექმნას ემსახურება. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის.
სერჟანტთა სკოლის ჩამოყალიბების კონცეფცია უკვე შეიქმნა. მომავალში ბრიგადებში დანიშნული სერჟანტებისათვის სავალდებულო იქნება, გაიარონ სერჟანტთა მომზადების სკოლა.
_ რა სახის სწავლებები მიმდინარეობს ამჟამად სერჟანტთა სკოლაში?
_ დღეისათვის სკოლა სხადასხვა დონის, ას სამოცდაათამდე სერჟანტს ამზადებს. სწავლება დაწყებულია ათეულის მეთაურის, ოცეულის და ტრანსფორმაციის კურსებზე.
სერჟანტები სამწყობრო, საცეცხლე, ფიზიკურ, ტაქტიკურ და სამეთაურო მომზადებებს გადიან და აქვთ როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული მეცადინეობები. კურსანტებს მეცადინეობებს სერჟანტი-ინსტრუქტორები და სასწავლო ჯგუფის უფროსები უტარებენ. ათეულის და ოცეულის მეთაურის კურსები 16 კვირას მოიცავს, ტრანსფორმაციის სწავლება კი სამ თვეს გაგრძელდება.
კურსების დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები თავიანთ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან.
_ ცნობილია, რომ სერჟანტთა მომზადების სკოლა თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამელბურგის ქვეითთა სკოლასთან. რა მიმართულებით მუშაობთ მათთან?
_ მართალი ხართ, ჩვენი პარტნიორი ჰამელბურგის ქვეითთა სკოლაა. 2006 წლის 7 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის ჰამელბურგის ქვეითთა სკოლას შორის ,,გაცვლითი პროგრამის ხელშეკრულება” დაიდო. ამ დოკუმენტის საფუძველზე გერმანელი და ქართველი ინსტრუქტორების ურთიერთგაცვლითი ვიზიტები ყოველწლიურად მიმდინარეობს. ახლაც იმყოფებიან ჩვენთან ჰამელბურგის სკოლის წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანს ურთიერთთანამშრომლობის სფეროში ქართველი სერჟანტებისათვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
ჩვენი სკოლა ამერიკის შეერთებული შტატების სერჟანტთა მომზადების სკოლასთანაც თანამშრომლობს. ასე რომ, ამერიკელ სერჟანტებსაც ხშირად ნახავთ აქ.
სექტემბერში ჩვენს სერჟანტთა სკოლას აშშ-ს ევროპული სარდლობის სახმელეთო ჯარების სერჟანტის, სერჟანტ-მაიორ რალფ ბინის ხელმძღვანელობით სამკაციანი დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანი სკოლის დათვალიერება და სასწავლო პროცესის გაცნობა იყო. ჩვენმა სერჟანტებმა პრეზენტაცია გამართეს და ამერიკელ სტუმრებს სკოლის სტრუქტურა და სასწავლო კურსები გააცვნეს.
ორმა ქართველმა სერჟანტმა დაამთავრა ამერიკის სერჟანტთა სკოლის კურსები, ამჟამად ერთი ჩვენი მსმენელი განაგრძობს იქ სწავლას.
ასევე ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს უცხო ენის გამოცდა და ამ ენობრივი ბარიერის გადალახვის შემდეგ, ჩვენი კურსანტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრებიან. ისინი სერჟანტისა და ოფიცრის კურსებს გაივლიან.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა სერჟანტებმა გერმანიის ჰამელბურგის სკოლასთან თანამშრომლობით დასავლური სტანდარტების გამოცდილება და სამეთაურო უნარ-ჩვევები შეიძინეს.
_ რა პრინციპით ხელმძღვანელობთ სერჟანტთა მომზადების სკოლას?
_ ჩვენი სკოლა დაფუძნებულია იმ პროგრამებზე, რომლებიც საქართველოს სერჟანტთა და გერმანიის ჰამელბურგის სკოლებმა ერთობლივად შეიმუშავეს. სწორედ ამ პროექტით ვხელმძღვანელობთ იმის გამო, რომ ჩვენი კურსები მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს.
ასევე სერჟანტთა მომზადების სკოლა დაფუძნებულია იმ გამოცდილებაზე და მიღებულ ცოდნაზე, რომლებიც ჩვენმა კურსანტებმა გერმანიასა და ამერიკაში შეიძინეს.
სერჟანტთა მომზადების სკოლაში ძირითადი ყურადღება ექცევა პრაქტიკულ სწავლებებს, მთელი დროის მხოლოდ მეხუთედი თუ ეთმობა თეორიულ მეცადინეობებს.
_ როგორია სერჟანტთა მომზადების სკოლის მომავალი გეგმები?
_ 2010 წლისათვის დაგეგმილია უფროს სერჟანტთა კურსის დაწყება. ეს სწავლება ჩვენს სკოლაში პირველად ხორციელდება. უკვე გადამზადებული არიან მეთაურები, რომელიც ამ კურსს უხელმძღანელებენ.
იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს შეიარაღებული ძალები დაკომპლექტებული იქნება გამოცდილი სერჟანტებით, რომლებიც ღირსეულად დაიცავენ სამშობლოს.

No comments:

Post a Comment