Thursday, December 24, 2009

აგვისტოს ომში დაკარგული დღიური


ელენე ოკინაშვილი

აგვისტოს ომში დაკარგული დღიური

"სამხედროს" წინა ნომერში ერთ-ერთი ოფიცრის აგვისტოს ომში დაკარგული დღიურის შესახებ გაუწყეთ. ჩვენ დაგვიკავშირდა ამ დღიურის პატრონი, უფროსი ლეიტენანტი ლაშა ცხადაძე. იგი ახლაც მეოთხე ბრიგადის 42-ბატალიონში მსახურობს ასეულის მეთაურის მოადგილედ.
_ ასეთი ჩანაწერების წიგნი - ყველა ოფიცერს აქვს და, რისთვის არის საჭირო?
_ ეს არის სამსახურეობრივი საქმეებისთვის, თუ რამე დავალებაა... პირადი შემადგენლობა, გადაადგილებები, ბრძანებები აქ იწერება.
_ თქვენ ეს დღიური 2007 წლიდან გაქვთ, ამ დროს სად იმყოფებოდით და რა დავალებას ასრულებდა თქვენი ქვედანაყოფი?
_ 2007-2008 წლებში მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონი შიდა ქართლში სამშვიდობო მისიას ასრულებდა.
_ მე გადავათვალიერე დღიური და პირად შემადგენლობაში ამოვიკითხე იმ მებრძოლების გვარები, რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ: ვახტანგ გზირიშვილი, სერგეი გოროზია, რეზო მამისაშვილი... ისენი თქვენი ჯარისკაცები იყვნენ? D
_Dდიახ, ყველანი 42 ბატალიონში ირიცხებოდნენ, მხოლოდ სერგეი გოროზია იყო 43-ე ბატალიონიდან მოვლინებული. ჩვენ ერაყში წასასვლელად გვამზადებდნენ და ამიტომ იგი ჩვენთან გადმოიყვანეს. რეზო მამისაშვილი იყო ჩვენს ასეულში პირველი ოცეულის მეთაური. მათ ღირსეულად შეასრულეს სამხედრო მოსამსახურის მოვალეობა და თავდადებით იბრძოლეს.
_ რა შეგიძლიათ თქვათ ან გაიხსენოთ თქვენი დაღუპული თანამებრძოლების შესახებ?
_ რა შეიძლება ვთქვა და, ეს ბიჭები ჩვენს გვერდით დღეს აღარ არიან, მათ გმირულად იბრძოლეს და სამშობლოს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ბევრი მათნაირი პატრიოტი უნდა იყოს შეიარაღებული ძალების რიგებში.
_ რა ვითარებაში დაგეკარგათ თქვენ ეს დღიური?
_ ომის პერიოდში დაიკარგა... პირადი შემადგენლობა გადაადგილებას იწყებდა, ზურგჩანთები შეკრების ადგილას დავაწყვეთ და, ალბათ, ზურგჩანთიდან მაგ დროს ამომივარდა.
_ ხომ არ გახსოვთ ბოლო ჩანაწერი რომელ რიცხვში გაქვთ გაკეთებული? M _ _ ალბათ, აგვისტოს დასაწყისით მთავრდება. ზუსტად ვერ გავიხსენებ, ბოლო ჩანაწერი რა რიცხვში მაქვს გაკეთებული, რადგან დღიური დიდი ხანია დაკარგული მაქვს. სამშვიდობო მისიის შესრულების დროს მქონდა და ძირითადი ჩანაწერები სწორედ ამ პერიოდში მაქვს გაკეთებული; ომის დროსაც თან მქონდა, ჩვენი ქვედანაყოფი რომ გადადიოდა, ალბათ, მაშინ დაიკარგა.
_ რა ევალებოდათ ჯარისკაცებს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს?
_ ძირითადად, ბაზის დაცვა და რაიმე საგანგებო სიტუაციის შექმნისას კი ნებისმიერი მიცემული დავალების შესრულება.
_ მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ რას გვეტყვით, შარშანდელი ომისას ვინ გამოიჩინა თავი?
_ ბევრნი არიან ასეთები... ზოგი გაუშვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ზოგს კონტრაქტი დაუმთავრდა, ბევრიც აგრძელებს სამსახურს.
ისინი სხვადასხვა ხარისხის მედლებით არიან დაჯილდოვებულნი...
_ თქვენს შესახებ რას გეტყვით?
_ მე ცხრა აგვისტოს მივიღე კანტუზია და ჯერ გორის ჰოსპიტალში, ხოლო შემდეგ თბილისის საავადმყოფოში გადამიყვანეს... ისევ მწყობრში ვარ...
_ ახლა როგორი საბრძოლო სულისკვეთებაა თქვენს ბატალიონში?
_ ჩვეულებრივი, როგორიც მთელს ჯარში. ჩვენი ქვეყნის დასაცავად ნებისმიერი დავალების შესასრულებლად მზად ვართ.
_ თქვენ რომ გადახედოთ ამ დღიურს, ყველაზე მნიშვნელოვანს რას გამოყოფდით?
_ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის პირადი შემადგენლობა, რომელიც ჩემს ასეულში ირიცხებოდა. განსაკუთრებით კი, გამოვარჩევდი იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან და გმირულად დაიღუპნენ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში.

No comments:

Post a Comment