Thursday, December 24, 2009

ვახტანგ გზირიშვილზე



ელენე ოკინაშვილი

"არ დაიდარდო, დედაო..."

საქართველოს ისტორიის ფურცლებზე მრავალი საგმირო ამბავი ამოგირისტდა ოქროს ასოებით და, ალბათ, ქვემოთ მოთხრობილსაც იქ მიუჩენს თავის ადგილს პირუთვნელი მემატიანე.
მაშ, მოვუსმინოთ ჩვენი დროის იმ ერთ-ერთი “ღიმილის ბიჭის” მონათხრობს, რომელმაც, ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, ამ წერილის სათაურად გამოტანილი გიორგი ლეონიძის სტრიქონები გაგვახსენა.

***
დიახ, ოცი წლის ვიყავი და გათავისებული მქონდა, რომ ამ წუთისოფელს
ადამიანი მხოლოდ ღირსეული სიცოცხლისთვის და ასეთივე სიკვდილისთვის უნდა მოევლინოს.
დავიბადე 1988 წლის 23 აპრილს, სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოში.
სულაც არ მინდოდა, ჩემს დაბადების მოწმობაში, დაბადების ადგილად რუსეთი
ჩაეწერათ, მაგრამ გაჭირვებამ ჩემი მშობლები იძულებული გახადა
საცხოვრებლად და სამუშაოდ იქ გადასულიყვნენ, ცოტა ხნის შემდეგ მეც
დავიბადე. ასე ვცხოვრობდით დედ-მამასთან და ჩემ უფროს დასთან ერთად ბედნიერად, მაგრამ ეს ბედნიერება დაიდხანს არ გაგრძელებულა. ორი წლის ვიყავი, როცა ჩვენს ქვეყანაში არეულობა დაიწყო.
მშობლებმა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს - თუ უბედურება გვიწერია,
სჯობს ისევ ჩვენს მიწა-წყალზე დავიხოცოთ, ვიდრე სხვაგანო. თითქოს
გრძნობდნენ კიდეც უბედურების მოახლოვებას.
აფხაზეთში დაწყებულმა საომარმა კონფლიქტმა მრავალი გულანთებული ვაჟკაცი ჩაახუტა მშობლიურ მიწას, მათ შორის მამაჩემიც - ბადრი გზირიშვილი. ვაჟკაცობის და გმირობის საუკეთესო მაგალითს თავად მამაჩემი მაძლევდა. მისი სახე სადღაც შორს, ბავშობაში ბუნდოვნად მახსენდება. ერთ დღეს ლეკვი მომიყვანა, საჩუქარმა ძალიან გამახარა, ვეთამაშებოდი ჩემს პატარა მეგობარს და მამაც ბედნიერი სახით გვიცქერდა.
დედა ხშირად იხსენებდა მამაჩემს და ბევრ რამეს მიყვებოდა. აფხაზეთში დაწყებული ომიდან ორ თვეში დაბრუნებულა სახლში, ვეხვეწებოდით, რომ აღარ წასულიყო, მაგრამ გადაჭრით უთქვამს, – რას ჰქვია, არ წავიდე, თითისტოლა ბავშვები იბრძვიან და მე სახლში ვიჯდეო? ბოლოს დედას
ტელეეკრანზე უნახავს, როდესაც ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა. მისთვის
მხოლოდ ეს უთქვამს, _ გამარჯობა მარინა, როგორ ხართ?.. ვიცი, რა მაგარი ქალი ხარ, თუ არ დავბრუნდე, ვახტანგი ვაჟკაცად გამიზარდეო. და მართლაც, - დედამ პირნათლად შეასრულა დანაბარები.
ოთხი წლის ვიყავი, როცა დავობლდი.
დედას უზარმაზარი ტვირთის ტარება მოუწია მხრებით. შვილების გაზრდა, სწორ გზაზე დაყენება; მე ვგრძნობდი ჩვენს მიმართ მის თავგანწირვას და ვცდილობდი, ყველანაირად დავხმარებოდი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით ქართული ლიტერატურაAმიტაცებდა. ერთხელ, მახსოვს, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა - "შემოდგომის ზეიმი". მასწავლებელმა ყველას ლექსების სწავლა დაავალა; მე კი, რადგანაც ასეთი დავალება ვერ მივიღე, თავად მოვამზადე ჩემი უსაყვარლესი ლექსი - ილია ჭავჭავაძის "ყვარლის მთებს". როგორც მოგვიანებით გავიგე, მასწავლებელს უთქვამს _ ისეთი გრძნობით წარმოთქვამდა დიდი ილიას მიერ დაწერილ სტრიქონებს, იფიქრებდით, თავადაც ემშვიდობებოდა მშობლიურ მთა-ბარსო. თითქოს მართლაც ვგრძნობდი, რომ ხანმოკლე სიცოცხლისთვის და თავგანწირვისთვის მოვევლინე ჩემს ტანჯულ ქვეყანას.
სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა, უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩაბარება, მაგრამ გადავიფიქრე, თან კომისარიატიდან გამოძახება გამოძახებაზე მოდიოდა და ვიფიქრე, რაღა სავალდებულო ჯარში წავიდე, საკონტრაქტო სამსახურში ჩავეწერები და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალს ასე მოვიხდი-მეთქი. თანაც მინდოდა, დედისთვის მძიმე შრომა შემემსუბუქებინა და თავად მეზრუნა ოჯახზე. მხოლოდ სამი თვის შემდეგ გავუმხილე მას ჩემი ეს საიდუმლო და ვუთხარი, _ დედა, მომილოცე, ჯარისკაცი გყავარ მეთქი.
სამხედრო სამსახური ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მესამე ოცეულში დავიწყე.
ვიყავი მეტყვიამფრქვევე, სნაიპეობაც მინდოდა, მაგრამ მეთაურმა მითხრა – ჯერ ეს საქმე შეისწავლე კარგად და მერე სნაიპერიც გახდებიო.
ჯარში ყველაფერი ისე იყო, როგორც მე მომწონდა. ბევრს ვვარჯიშობდი, - სირბილი და მძლეოსნობა მიტაცებდა. სამხედრო თეორიის გაკვეთილებსაც ვესწრებოდი და კონსპექტებსაც გულმოდგინედ ვიწერდი.
სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში წასასვლელადაც გვამზადებდნენ. გავიარეთ ამ პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსი, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ, ქართული შეიარაღებული ძალების რიგებში უფრო და უფრო მეტის მიღწევა მსურდა. მინდოდა, საფუძვლიანად შემესწავლა სამხედრო საქმე და დიდი სურვილი მქონდა, სამხედრო აკადემიაში ჩამებარებინა.
სამშვიდობო მისიით ჩვენი ბატალიონი ცხინვალის რეგიონში იყო გაგზავნილი. იქ ბევრი მეგობარი შევიძინე. ჩემთან ერთად მსახურობდნენ კაპრალები: შმაგი ნოზაძე, სერგეი გოროზია და ზაზა გლუნჩაძე. სამხედრო განგაშის და დაძაბული მდგომარეობის დროს, მეგობრების თანადგომა ყოველთვის მამხნევებდა, მათაც მუდამ ჰქონდათ ჩემი დახმარების იმედი.
როცა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში ვითრება უკიდურესად დაიძაბა, სამხედრო ნაწილში ყაზარმული მდგომარეობა გამოცხადდა.
შვიდ აგვისტოს ჩვენი არმია ცხინვალის მისადგომებთან განლაგდა.
რვა აგვისტოს ჩვენი ჯარები თითქმის მთელ რეგიონს აკონტროლებდნენ.
დიდი მონდომებით ვასრულებდი მეთაურის მიერ გაცემულ ბრძანებებს და დავალებებს. ტყვია-წამლის გამოსატანად რამდენჯერმე შევედი ცხინვალში მდებარე ნაძვნარის ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი მეოთხე ბრიგადის ძირითადი ნაწილები იყო განლაგებული. ყველანი გახარებულები, გულანთებულები და ამაყები ვიყავით...

***
როგორც მეგობრები იხსენებენ, ვახტანგ გზირიშვილი სამაგალითო მებრძოლი იყო. იგი საკუთარი ინიციატივით ბევრ დამატებით დავალებებსაც ასრულებდა.
ასე ყოფილა იმ დღესაც.
მებრძოლებს ტყვია-წამალი შემოლევიათ, რამდენიმე მეომარი და, მათ შორის, ვახოც ტყისკენ წასულან, სადაც მარაგი ეგულებოდათ.
სწორედ ამ დროს რუსეთის მიერ განხორციელებული საავიაციო დაბომბვის შედეგად ვახტანგ გზირიშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. მას ყუმბარის ნამსხვრევმა მარჯვენა ფეხი მუხლში მოწყვიტა და არტერია დაუზიანა.
ბრძოლის ველიდან გამოყვანაც ვერ მოასწრეს, ისე ჩააკვდათ თანამებრძოლებს ხელებში.
ოცი წლის ჯარისკაცი იმავე დღეს გადმოასვენეს და რუსთავში მამის გვერდით დაკრძალეს.
ვახტანგ გზირიშვილი გმირობისთვის და თავდადებისთვის ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. ქალაქ რუსთავში ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქუჩა და მემორიალი გაიხსნა. დარჩა მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი, ოცი წლის ბიჭის ისტორია და სახელი, რომელიც იმ ქუჩას დაერქვა, რომელსაც მეგობრებთან ერთად სკოლაში მიმავალი, ყოველ დილას სიცილითა და ხალისით მიუყვებოდა. დარჩა იმ სკოლის სახელი, რომელიც დაამთავრა; დარჩა სახელი იმ ქალაქს, სადაც გაიზარდა და ბავშობა გაატარა; დარჩა სახელი ქვეყანას, რომლის დაცვასაც თავი შესწირა.

***
მიუხედავად გადატანილი უბედურებისა, მარინა გზირიშვილი, როგორც აფხაზეთში დაღუპული გმირი ჯრისკაცის მეუღლე და ცხინვალში დაღუპული გმირი ჯარისკაცის დედა, აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს:
_ მე ორი რამღა მანუგეშებს: ერთი ის, რომ ვარკეთილში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ეკლესია შენდება. ეს იქნება ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნის უკვგავყოფა, მათი სულების მოსახსენიებელი; მეორე კი ის არის, რომ შევქმენი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მცირეწლოვან შვილებს დაეხმარება და უმამობას გაუადვილებს. აი, ამ ღვთიურ საქმეებში მონაწილეობა მასულდგმულებს და ვევედრები უფალს, ძალა და ენერგია მომცეს, რათა ჩემს მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო.



 

No comments:

Post a Comment