Wednesday, December 30, 2009

“ფაუსტი სტეფანოს” სანადირო თოფები



მაია ურუშაძე

იარაღი სამი დისგან
(“ფაუსტი სტეფანოს” სანადირო თოფები)

ნადირობის მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი, თუ რა სიამოვნებაა ხარისხიანი თოფით ნადირობა.
თოფს მხარზე კარგად მორგებული კონდახი, მოხერხებული სასხლეტი, ლარივით სწორი, გაკრიალებული ლულა და, რაც მთავარია, ზუსტი მიზანი უხდება.
თუ თოფს _ ეს ყველაფერი, მონადირეს კი _ მახვილი თვალი, სწრაფი რეაქცია და სანადირო ადგილების შერჩევის ალღო აქვს, წარმატებული ნადირობა გარანტირებულია.

კომპანიის ისტორია
იტალიელმა სტეფანო ფაუსტიმ იარაღის მწარმოებელი კომპანია Fაუსტი შტეფანო შ.ღ.L. 1948 წელს დააარსა. მან ქალაქ ბრეშიაში პატარა ქარხანა გახსნა და ორლულიანი სანადირო თოფების წარმოებას მიჰყო ხელი.
ეს ძალიან სარისკო საქმე იყო: იარაღის წარმოების უძველესი და უმდიდრესი ტრადიციებით განთქმულ ქალაქში თოფების ახალი ბრენდის დამკვიდრება არც ისე იოლი იყო. ბრეშია ხომ იარაღის წარმოების ცენტრად მარტო იტალიის კი არა, მთელი ევროპის მასშტაბით ითვლებოდა და თოფების ცნობილ ოსტატთა უმრავლესობა სწორედ აქ მოღვაწეობდა.
საქმეს ომისშემდგომი პერიოდის თანმდევი კრიზისული ვითარებაც ართულებდა: სამხედრო შეკვეთები აღარ იყო, ამიტომ იარაღის მთელი ინდუსტრია საკმაოდ გაღარიბებული სამოქალაქო სექტორის მოთხოვნების დაკმაყოფილებას სჯერდებოდა.
მიუხედავად ამისა, სტეფანო ფაუსტიმ ყველა სირთულე გადალახა: უშრეტი საინჟინრო ფანტაზიისა და კომერციული ნიჭის წყალობით, საქმე ააწყო. მეტიც: თავის ქალიშვილებს ოჯახური საქმის მენეჯმენტი სრულყოფილად შეასწავლა და ახლა Fაუსტი შტეფანო შ.ღ.L.-ს სამი ახალგაზრდა ქალბატონი ერთობ წარმატებულად ხელმძღვანელობს.

ადგილი ბაზარზე
1999 წელს “ფაუსტი სტეფანო”-ს და “ემილიო რიცინი” (Eმილიო ღიზზინი) შეუერთდა, რამაც კომპანიის ასორტიმენტი გაამდიდრა. მიუხედავად ამისა, კომპანიის პროდუქცია დიდი მრავალფეროვნებითა და თამამი გადაწყვეტილებებით არ გამოირჩევა.
იარაღის მცოდნეები ამას ნაკლად არ მიიჩნევენ: მათი შეფასებით, ისეთ ნატიფ საქმიანობაში, როგორიც იარაღის დიზაინია, თამამი გადაწყვეტილებები უფრო ხშირად გაუმართლებელია ხოლმე. იარაღის დიზაინერები, რომლებიც მომხმარებლებს უცნაურ, არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ, უმეტეს შემთხვევაში წაგებულები რჩებიან. Fაუსტი შტეფანო შ.ღ.L.-ს კი დღემდე საიმედო, გლუვლულიანი თოფების წარმატებული მწარმოებლის სტაბილური იმიჯი აქვს.
“ფაუსტი სტეფანო” ყოველთვის მხოლოდ გლუვლულიან თოფებს აწარმოებდა. თავიდან კი მისი თოფის ლულები მხოლოდ ჰორიზონტალურად იყო განლაგბული. წლების მანძილზე იცვლებოდა და იხვეწებოდა წარმოების დონე და პროდუქციის ხარისხი, მაგრამ არა ასორტიმენტი. სამაგიეროდ, იარაღის წარმოების ერთობ გადატვირთულ და კონკურენტულ გარემოში, იტალიურ კომპანიას სტაბილური ადგილი აქვს დამკვიდრებული და თავის საქმეში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
კომპანიის პროდუქცია არათუ არ ჩამოუვარდება სხვა, უფრო ცნობილი ბრენდების თოფებს, არამედ იაფი თვითღირებულებებითა და, შესაბამისად, დაბალი გასაყიდი ფასით ჯობნის კიდეც.

ტექნოლოგიური სრულყოფილება
Fაუსტი შტეფანო შ.ღ.L. შედარებით პატარა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებაა, რომელიც საუკეთესო ხარისხის, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის, სერტიფიცირებულ სანადირო თოფებს აწარმოებს: “სტეფანო ფაუსტის” თოფებს IჩO 9001-სერტიფიკატი აქვთ მინიჭებული.
მთელი კომპანია სულ რაღაც 2,5 კვარდრატრულ კილომეტრ ფართობზე ეტევა. აქ მთელ ტექნოლოგიურ პროცესს _ იარაღის დაპროექტებისა და შექმნით დაწყებული, მზა პროდუქციის სხვადასხვა ვითარებაში გამოცდის ჩათვლით, _ სულ რამდენიმე ათეული მესაჭურვლე უზრუნველყოფს.
მათ განკარგულებაშია საპროექტო და საცდელი სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ტექნიკა და უახლესი მოდელის კომპიუტერები, რასაც მხოლოდ ტექნოლოგიური პროცესის დაგეგმვა-განხორციელებაში კი არა, მზა თოფების გამოსაცდელადაც იყენებენ. ახლადშექმნილი იარაღის ექსპლუატაციის სხვადასხვა პირობებში ტესტირება _ ტყვიის ტრაექტორიის, გასროლისა და უკუცემის სიმძლავრის მოდელირება კომპიუტერების საშუალებით ხდება.
კომპანიის ტექნოლოგიურ არსენალში უამრავი თანამედროვე დანადგარია, რომლებიც ლითონისა და ხის გადამუშავების, სხვადასხვა მასალის თერმული თუ ქიმიური დამუშავების, ჭედვის, წრთობისა და შედუღების, სხვადასხვა მეთოდით მოჭიქვისა და მოპირკეთების, ზედაპირის დამუშავების, როგორც ლითონის, ისე ხის ნაწილების ლაზერული გრავირების საუკეთესო ხარისხს უზრუნველყოფენ.
მთელი ეს დანადგარები, უზუსტესი ჩNჩ-ავტომატების წყალობით, ზემოთჩამოთვლილ ოპერაციებს უმაღლეს დონეზე ასრულებენ. იტალიელი მესაჭურვლეები, სხვა ყველაფერთან ერთად, უახლეს მასალასაც იყენებენ. მათ შორის _ ალუმინის მსუბუქ და უმტკიცეს შენადნობ Eრგალ 55-ს, რომლითაც დღემდე, წამყვან იარაღის კომპანიათა შორისაც კი, მხოლოდ ერთეულები თუ სარგებლობენ.

ლულების წარმოება
ცალკე თემაა ლულების მაღალტექნოლოგიური წარმოება, რასაც მეიარაღეთა ნებისმიერ კომპანიაში უდავოდ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. Fაუსტი შტეფანო შ.ღ.L.-იც, მსოფლიოს სხვა წამყვანი ქარხნების მსგავსად, თავისი თოფებისთვის ლულებს უმაღლესი ხარისხის ნიკელ-ქრომ-მოლიბდენისგან, რადიალურ-საწრთობი მანქანების საშუალებით, ცივად აწრთობს.
ყოველი ახლადგამოჭედილი ლულა აუცილებლად მოწმდება საცდელი ვაზნებით, რომლებიც სროლისას 120 მეგაპასკალ (1 მეგაპასკალი 10 მლნ პასკალს უტოლდება) წნევას უძლებენ.
ყველა გამოჭედილი ლულის გარე და შიდა ზედაპირი ქრომირებულია, რაც, პრეზენტაბელურობასთან ერთად, მაღალ ბალისტიკურ მახასიათებლებს იძლევა.
ხის ნაწილების დასამზადებლად Fაუსტი შტეფანო შ.ღ.L.-ში მხოლოდ მაღალხარისხიან თხილს იყენებენ, რომელსაც წინასწარ ლაბორატორიულად ამოწმებენ და წარმოების პროცესშიც მუდმივად აკვირდებიან.


უნივერსალური მოდელი “დეა”
“ფაუსტი სტეფანოს” “სავიზიტო ბარათად” სანადირო თოფის მოდელი “დეა” ითვლება. ეს კლასიკური მოდელია, ლულების ჰორიზონტალური განლაგებით. უკვე რამდენიმე ათეული წელია, იწარმოება და ამ ტიპის თოფებს შორის საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. “დეას” წარმატება იმითაცაა განპირობებული, რომ ეს მოდელი უამრავი მოდიფიკაციით გამოდის.
“დეა” ერთგვარი “ტრანსფორმერია”, რომელიც სხვადასხვა კომპლექტაციის შემთხვევაში, მფლობელს მისთვის სასურველი, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევის საშუალებას აძლევს. ეს მოდელი სხვადასხვა კალიბრით (12-დან 410-ის ჩათვლით, მჭიდით (70, 76 და 89 სმ) და ლულის სიგრძით (600-დან 770 მმ-მდე) გამოდის. ეცვლება მხატვრული გაფორმების ვარიაციებიც: ის შეიძლება ნაირ-ნაირი ტიპის, სხვადასხვაგვარად გრავირებული ლითონის ან ხის ნაწილებისგან აიწყოს. ამიტომაც, თუ სტანდარტული მოდელი შედარებით იაფია, დაკვეთით შესრულებული “დეა” მდიდრულმა მორთულობამ, შესაძლოა, რამდენჯერმე გააძვიროს.
“დეას”, დამკვეთის სურვილისამებრ, ეცვლება ჩახმახი, სასხლეტი, ნასროლი ვაზნების ამოსაგდები მექანიზმი (ექსტრაქტორი/ეჟექტორი); არის შესაძლებლობა, დაყენდეს ჩოკის (საფანტის გაშლის რადიუსის რეგულატორი) გამომცვლელი. გარდა ამისა, საგანგებოდ ქალბატონებისთვის, იწარმოება “დეა ლედი” _ უფრო მსუბუქი და ელეგანტური მოდელი.

მოდელები “ელეგანტი” და “ალბიონი”
თავისი მრავალფეროვნებით, ყურადღებას იპყრობს “ფაუსტი სტეფანოს” განსაკუთრებულად წარმატებული მოდელები: “ელეგანტი” და “ალბიონი”.
ამ კლასის სანადირო თოფებს შორის, ეს მოდელები გამოირჩევა გამოყენებული მასალის, კალიბრის, ლულათა სიგრძის, ჩახმახისა და სასხლეტი მექანიზმის, ნასროლი ვაზნების ამომგდებისა და, ბუნებრივია, გაფორმების ფართო არჩევანით.
ყველა თოფის ლულა აღჭურვილია განიავებადი ღარით, რომელიც არეკლვის საწინააღმდეგო საფარითაა დამუშავებული. ამ ღარს, შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის სამიზნე შეეხამოს, რაც, პრაქტიკულად, ნებისმიერი განათების პირობებში, კომფორტულ დამიზნებას უზრუნველყოფს. თავად ლულის მაღალი ხარისხი კი სროლის შედეგიანობას ამაღლებს, ანუ მიზანში მოხვედრის სიზუსტე მხოლოდ და მხოლოდ მონადირის შნოსა და უნარზეღაა დამოკიდებული.
გარდა ამისა, თოფის მფლობელის სურვილისამებრ, ლულები შესაძლოა აღიჭურვოს ჩოკის რამდენიმე გამომცვლელი. თუმცა, ყველა საფანტის მოყვარული როდია: მათ, ვინც უპირატესობას ტყვიით ნადირობას ანიჭებს, მხოლოდ “ცილინდრებს” უმონტაჟებენ.

“კაცური” საქმე ქალბატონების ხელში
ტრადიციულად, იარაღის წარმოება “კაცურ” საქმედ აღიქმება. მაგრამ ეს მანამდე, სანამ ქარხანა ქალბატონების ხელში აღმოჩნდება. კომპანიის დამფუძნებლის, შტეფანო ფაუსტის ქალიშვილებმა _ ელენამ, ჯოვანამ და ბარბარამ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მამის საქმეს ღირსეულად ართმევენ თავს და, ყველაზე პრეტენზიული და დახვეწილი გემოვნების მქონე მონადირეების ახირებებსაც კი თვალდაუხამხამებლად აკმაყოფილებენ თავიანთი თოფებით.
სხვათა შორის, ბოლო დროს კომპანია თავის სარეკლამო სლოგანშიც სწორედ ამ იშვიათი და, თავისებურად, მიმზიდველი ინტრიგის აქცენტირებას ახდენს - "იარაღი სამი დისგან". მონადირეებში კი ეს სარეკლამო წარწერა _ თოფებით შეიარაღებული სამი ლამაზმანის უზარმაზარ ფოტოსთან ერთად _ კარგად მუშაობს და “ქალების ხელში ჩავარდნილი იარაღის ბიზნესი” მიმზიდველად გამოიყურება.

No comments:

Post a Comment