Wednesday, December 30, 2009

"ჩვენი მზე იყო მთვარე"



კახა ესებუა

"ჩვენი მზე იყო მთვარე" 
(ლიტველი პარტიზანები)

ისტორიაში მოლოტოვ-რიბენტროპის 1939 წლის პაქტად შესული ხელშეკრულებით მოხდა აღმოსავლეთ ევროპის გავლენის სფეროებად გადანაწილება, რომლის ძალით ბალტიისპირეთი საბჭოთა კავშირს ერგო. ამავე წლის ბოლოს, საბჭოთა ხელისუფლების ზეწოლით, ხელმოწერილი ურთიერთდახმარების ხელშეკრულების შედეგად ლიტვაში საბჭოთა სამხედრო ბაზები განლაგდა. მოგვიანებით კი, საბჭოური ულტიმატუმის საფუძველზე, მათი რაოდენობა გაათმაგდა. ბალტიისპირელებისთვის აშკარა გახდა - მათი თავისუფლება უდიდესი საფრთხის წინაშე დადგა. 1940 წლის ზაფხულში ლიტვასა და ბალტიისპირეთის დანარჩენ ორ რესპუბლიკაში სიტუაცია დაიძაბა. ქვეყნის კანონიერმა ხელისუფლებამ ზეწოლას ვეღარ გაუძლო. ლიტვის პრეზიდენტი სმეტონა, უახლოეს გარემოცვასთან ერთად, ქვეყნიდან გაიქცა. სტალინის ბრძანებით, ქვეყნის მმართველობა ხელში ადგილობრივმა კომუნისტებმა აიღეს, რომლებიც უაპელაციოდ ასრულებდნენ ახალი ცენტრის, მოსკოვის ბრძანებებს.
1940 წლის 3 აგვისტოს ლიტვამ 22 წლიანი დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირში “ნებაყიფლობით” გაწევრიანებით დაასრულა. ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის სოციალიზაცია დაიწყო. მესაკუთრეებს ჩამოართვეს მიწები, დაიწყო რეპრესიები, დაჭერები, გადასახლებები... ანუ, ის ყველაფერი, რაც ქართველმა ერმა 70 წლის განმავლობაში, 1921 წლის შემდეგ გადაიტანა.
ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში დაშალეს სახელმწიფოებრიობის უპირველესი გარანტი – შეიარაღებული ძალები. ჯარში დაიწყო მასიური წმენდა. პატრიოტულად განწყობილ ოფიცრებს უმკაცრესად უსწორდებოდნენ. ლიტვის შეიარაღებული ძალები გადაიქცა საბჭოთა კავშირის წითელი არმიის ერთ-ერთ დანაყოფად. სწორედ აქედან იღებს სათავეს ისტორია, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე თავდადებულ, რომანტიულ და, ამასთან, ტრაგიკულ ბრძოლად ითვლება. ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ბრძოლა სამშობლოსთვის საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც მეტნაკლები ინტენსიობით 1991 წლამდე, საბჭოთა იმპერიის დაშლამდე გრძლედებოდა და რომელიც საბოლოოდ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის დაბრუნებით დასრულდა.
ბალტიისპირელები 1940 წელს მიხვდნენ, რომ მათ თავისუფლებისთვის ბრძოლა მოუწევდათ. წლის ბოლოდან დაიწყო პარტიზანული დაჯგუფებების შექმნა. მებრძოლები საკუთარ თავს "ტყის ძმებს" უწოდებდნენ.
თუმცა პარტიზანული მოძრაობა მთელი თავისი სიმწვავით ჯერ არ იყო გაღვივებული. საბჭოთა რეპრესიები კი ამისთვის საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე 18 500 ლიტველი სხვადასხვა ბრალდებით საბჭოთა კავშირის ყველაზე ცივ წერტილებში გადასახლეს. ცოტა ხანში ლიტველ სამხედროებს საბრძოლო ვაზნები ჩამოართვეს. რამდენიმე დღეში, 22 ივნისს ნაცისტური გერმანია ლიტვის ტერიტორიაზე შეიჭრა. საბჭოელები მართალი აღმოჩნდნენ.
ლიტველებმა ისე მიიღეს გერმანელები, როგორც განმანთავისუფლებლები. თვითოეული სამხედრო ნაცისტებს ჩაბარდა. ლიტვის აქტივისტთა ფრონტმა ისარგებლა მესამე რეიხის სამხედრო წარმატებით. ქალაქ კაუნასში დაიწყო გადატრიალება. ერთ დღეში ამბოხებულებმა დაიკავეს ფოსტა, ტელეგრაფი, პოლიციის შენობები, არსენალი... ამავე დღეს ლიტვის დროშების ხელახლა აღმართვამ მოსახლეობას ამცნო, რომ ლიტვა, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა. ამბოხება საკმაოდ მასშტაბური გამოდგა. მასში ლიტველების მხრიდან ასი ათასი ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 2000 დაიღუპა. გერმანელებმა ქალაქი წინააღმდეგობის გარეშე ჩაიბარეს.
ლიტველები მალევე მიხვდნენ, რომ არც გერმანული ოკუპაცია იყო მათთვის შვება. გერმანელებმა დაშალეს ლიტვის დროებითი ეროვნული მთავრობა. ჰიტლერმა გამოაცხადა თავისი გეგმები ბალტიისპირეთთან დაკავშირებით. ფიურერი არ აპირებდა მათთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას. ეს მიწები მესამე რეიხის საკუთრება უნდა გამხდარიყო.
ლიტველებს კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდათ იმისთვის, რომ გერმანელების წინააღმდეგაც ისევე ებრძოლათ, როგოც საბჭოელებისა – ლატვიელებისა და ესტონელებისგან განსხვავებით, გერმანელები მათ არიულ რასად არ მიიჩნევდნენ პოლონელებთან სიახლოვის გამო. მკვლევარები სწორედ ამას თვლიან მთავარ მიზეზად, რომ ლიტველებმა საკუთარი ესესის ლეგიონები არ შექმნეს.
თუმცა ნაცისტები ლიტველებს სხვა მიმართულებით ამზადებდნენ. ისინი ადგილობრივ მოხალისეებს საკუთარ სადაზვერვო სკოლებში აგზავნიდნენ, სადაც მტრის ზურგში მოქმედებას ასწავლიდნენ. მოგვიანებით გამოჩნდა, რომ ეს სტრატეგია საკმაოდ გამართლებული იყო.
გერმანული ოკუპაცით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ და გესტაპოს მიერ მალევე დაწყებულმა რეპრესიებმა პარტიზანების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა. ტყეში ძირითადად ძველი სამხედროები მიდიოდნენ.
1944 წელს, როდესაც გერმანელების მდგომარეობა ფრონტზე უკვე საკმაოდ რთული იყო, ჰიტლერმა ლიტველებს უფლება მისცა შეექმნათ ტერიტორიული არმია, რომელიც საბჭოელების წინსვლას ბალტიისპირეთის საომარ თეატრში შეაჩერებდა. გაწვევა ნებაყოფლობით იყო. ლიტვამ არც ისე კარგად აღჭურვილი, ოცი ათასიანი, თუმცა, რაც მთავარია, საკუთარი არმია მიიღო. არმიის თითქმის ყველა ოფიცერი ძველ ომისწინანდელ ჯარში იყო ნამსახურები. შეიარაღებულ ძალებს სათავეში ცნობილი ლიტველი გენერალი პოვილას პლეჩავიუკუსი ჩაუდგა. თუმცა გერმანელებმა მალევე აიღეს ხელში მართვის სადავეები, არმიის ხელმძღვანელობა კი დაიჭირეს.
ლიტველთა არმიის კონტიგენტის ნახევარი ტყეებში გავიდა. ნაცისტებს ყურადღებას უკვე ნაკლებად აქცევდნენ. ყველა ხვდებოდა, რომ სამ წლიანი გერმანული ოკუპაცია დასასრულს უახლოვდებოდა. ლიტველები მოახლოებულ წითელ არმიასთან საბძოლველად ემზადებოდნენ. ხელმეორე ოკუპაცია გარდაუვალი იყო.
ლიტველები მალევე დარწმუნდნენ, რომ საბჭოთა არმიას მისი უთვალავი წითელარმიელით და НКВД-ს სასტიკი დანაყოფებით ისინი კონვენციურ ბრძოლას ვერ გაუმართავდნენ. 1944 წლის ივლისის ბოლოსთვის წითელი არმია უკვე მთელ ლიტვას აკონტროლებდა. აქედან იღებს სათავეს პარტიზანული მოძრაობის აქტიური ფაზა.
წლის ბოლოსთვის უკვე საბოლოოდ იყო ჩამოყალიბებული პარტიზანული მოძრაობის სტრუქტურა, სტრატეგია და ტაქტიკა გუერილების არსებული გამოცდილების თეორიისა და პრაქტიკის გამოყენებით.
ლიტვა ცხრა რეგიონად დაიყო. თითოეულ რეგიონს ჰყავდა საველე მეთაური. დანაყოფები ძირითადად მცირე იყო, თუმცა მათი მოქმედების კოორდინაცია ცენტრიდან წარმოებდა. ჯგუფები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ შეეძლოთ საკმაოდ დიდი ტერიტორიის დაკავება და გაკონტროლება. საველე მეთაურები ფსევდონიმებს იღებდნენ, რათა მათი ოჯახები НКВД-ს არ ეპოვნა. კავშირები დამყარდა შვედურ და ბრიტანულ დაზვერვასთან. მებრძოლების ძირითად ნაწილს ტყეში გასული გლეხები შეადგენდნენ. ინსტრუქტაჟს მათ პროფესიონალი სამხედროები უტარებდნენ, რომელთა უმეტესობას პარტიზანული ომის ხელოვნება გერმანიის სასწავლებლებში ჰქონდა შესწავლილი. არსებობდა სპეციალური იატაკქვეშა სამხედრო აკადემია, რომელიც საკმაოდ კვალიფიციურ ოფიცრებს ამზადებდა. მოგვიანებით ის НКВД-ს ნაწილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე გახდა.
ლიტვის პარტიზანული მოძრაობა რამდენიმე შრისგან შედგებოდა. პირველი იყვნენ აქტიური პარტიზანები, რომლებიც კარგად იყვნენ მომზადებულები და შეიარაღებულები და ჰქონდათ ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება. მათ "ტყის ძმებს" ეძახდნენ.
მეორე შრეს პასიური პარტიზანები შეადგენდნენ, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ, მაგრამ ტყეებში არ ცხოვრობდნენ. საბრძოლო მოქმედებებშიც განსაკუთრებულ შემთხვევაში ებმებოდნენ.
მესამე შრე კი შედგებოდა უბრალო ადამიანებისგან, რომლებიც პარტიზანებს ინფორმაციით, ფულით, საკვებით და სხვა საშუალებებით ეხმარებოდნენ. მათ მეკავშირეები ერქვათ. ისინი დაკავებული იყვნენ სადაზვერვო მუშაობითაც. მეკავშირეებად, ძირითადად, ქალებს და ბავშვებს იყენებდნენ, რადგან ეჭვი მათზე ყველაზე ნაკლები იყო. თითოეულ დანაყოფში იყო ქსიონსი, ანუ მღვდელი, რომელიც "ტყის ძმებთან" ერთად იარაღით ხელში იბრძოდა.
"ტყის ძმები" სპეციალურად აგებულ ბუნკერებში იმალებოდნენ. მათი სიღრმე სამ მეტრზე მეტი იყო. ბუნკერებს თხრიდნენ სახლებისა და სამეურნეო ნაგებობების ქვეშ, შენიღბვის მიზნით კი ზემოდან რგავდნენ ნაძვის ხეს.
პარტიზანები საკმაოდ კარგად იყვნენ შეიარაღებულები. მათ არსენალში იყო როგორც ჩეხური "შკოდას" ტიპის იარაღი, ასევე რუსული "მაქსიმკას" ტიპის მძიმე ტყვიამფრქვევები, ნაღმმტყორცნები; ასევე სხვადასხვა კალიბრის საბჭოთა შეიარაღება. პარტიზანები ატარებდნენ უნიფორმებსაც.
ბალტიისპირელი გუერილები მთელი დღეები ამ ბუნკერებში იმალებოდნენ, ღამე კი მათი სტიქია იყო. ამას გამოხატავს მათი იმდროინდელი დევიზიც - "ჩვენი მზე იყო მთვარე".
როგორც კლასიკური პარტიზანული მოძრაობა, ბალტიისპირული გუერილაც მძლავრ იდეოლოგიურ საფუძველზე იდგა. წარმატებით გამოიცემოდა რამდენიმე ანტისაბჭოთა გაზეთი. ისინი სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ საბჭოურ საინფორმაციო საშუალებებს.
იდეოლოგიურ მუშაობას წითელი სპეცსამსახურებიც აწარმოებდნენ. ისინი ხვდებოდნენ, რომ ტყის ძმების, ისევე როგორც, ზოგადად, ყველა პარტიზანული მოძრაობის დასაყრდენი ადგილობრივი მოსახლეობა იყო. ამიტომაც НКВД-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც პარტიზანების ფორმაში გადაცმულები აწიოკებდნენ სოფლის მოსახლეობას. მაშინ არსებული ტექნოლოგიით ახდენდნენ ფოტომონტაჟსაც. "ტყის ძმების" რომელიმე ფოტოზე ერთი ან ორი პარტიზანის მაგივრად НКВД-ს ცნობილ თანამშრომლებს სვამდნენ, სურათებს კი შემდეგ სოფლის მოსახლეობაში ავრცელებდნენ.
1944 წლის ბოლოს ჩატარდა წითელი არმიისა და НКВД-ს ერთობლივი მსხვილი ოპერაცია. ამ ოპერაციის დროს მოკლეს 2000 კაცი. გადაწვეს ის სოფლები, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ პარტიზანების დახმარებაში.
საპასუხოდ პარტიზანები თავს ესხმოდნენ კომუნისტური მთავრობის უმაღლეს პირებს, ანადგურებდნენ ადამიანებს, ვინც ეჭვმიტანილი იყო საბჭოელებთან თანამშრომლობაში, შლიდნენ მიტინგებს.
1945 წლის ივლისში НКВД-მ დამატებით ათი ათასიანი კონტიგენტი შეიყვანა ლიტვაში. მთავრობის მუშაობა პარალიზებული იყო. პარტიზანებმა ბევრი ჩინოვნიკი მოკლეს. თანამდებობაზე მუშაობა აღარვის უნდოდა. 1946 წლის განმავლობაში НКВД ატარებდა ეგრეთწოდებულ აღმოჩენა-განადგურების ოპერაციებს. მათ ეფექტი მეტ-ნაკლებად გააჩნდათ, თუმცა თავად, ძირითადად, უფრო დიდი დანაკარგებით ასრულებდნენ ოპერაციებს, ვიდრე პარტიზანები.
1946 წლის ზაფხულამდე, ორი წლის განმავლობაში ცხრა ათასი პარტიზანი განადგურდა. თუმცა თავად წითელარმიელებსაც მოტივაცია არ გააჩნდათ. მეორე მსოფლიო ომი დასრულებილი იყო. გამარჯვების შემდეგ ლიტვის ტყეებში სიკვდილი არავის უნდოდა.
1946 წლის მიწურულს პარტიზანების ტაქტიკა მიმართულ იქნა დანიშნული უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩასაშლელად. არჩევნები ფორმალობა იყო, ბიულეტინებზე კანდიდატები უკვე შემოხაზულები იყვნენ. პარტიზანები იჭრებოდნენ საარჩევნო უბნებში, წვავდნენ ბიულეტინებს, ხვრეტდნენ კომისიის წევრებს. მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებდა.
დაახლოებით ამ დროს პარტიზანების ხელმძღვანელობა ხელში აიღო იონას ჟემანტისმა. ბრიგადის გენერალი იონას ჟემანტისი, იგივე ვიტაუტასი გასაბჭოებამდე ლიტვის არმიის ოფიცერი იყო. მოგვიანებით პარტიზანულ მოძრაობაში ჩაება და იქ დიდ წარმატებასა და აღიარებას მიაღწია. ადამიანი, რომელმაც ლიტვის ისტორიის ამ მონაკვეთში უდიდესი როლი შეასრულა. მოგვიანებით НКВД-მ ლიტვაში ჩეკისტთა ელიტარული დანაყოფი მიავლინა. მათ პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება აფხაზეთში, ჩეჩნეთსა და მანჯურიაში ჰქონდათ მიღებული. ჩეკისტთა ეს დანაყოფი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ოპერაციების მსვლელობისას მისი შემადგენლობა ანადგურებდა როგორც პარტიზანებს, ასევე ყველა ადამიანს, ვინც შეესწრებოდა ამ ოპერაციას, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობასაც.
1947 წელს საბჭოთა სპეცსამსახურები ამუშავებენ პარტიზანთა ლიდერების ფიზიკური ლიკვიდაციის გეგმას. ეს ცნობილ ჩეკისტ ნაუმ პანტინგონს დაევალა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ტროცკის მკვლელობას.
საპასუხოდ, 1948 წელს პარტიზანები ატარებენ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოპერაციას. ისინი თავს დაესხნენ სოფელს, რომლის მოსახლეობაც უკვე გადასახლებული იყო და იქ სხვა რეგიონის მაცხოვრებლები ჩაასახლეს. სოფელს შინაგანი ჯარი იცავდა. ოპერაცია დიდი მსხვერპლით დასრულდა. შედეგად სოფელმა ადგილსამყოფელი ინაცვლა და მსგავსი კოლონიზაციები შეჩერდა.
მალე მოსკოვიდან ლიტვაში ნიკოლაი სოკოლოვი იგზავნება. ის ოპერატიული დაჯგუფებების ფორმირების საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა. სპეცსამსახურებმა დაიწყეს ტყვედ აყვანილი პარტიზანების გადმობირება. სიტუაცია იმდენად აირია, რომ უკვე თავად პარტიზანებიც ვეღარ ხვდებოდნენ, ვისი ნდობა შეიძლებოდა და ვისი - არა... ამავე წელს ლიკვიდირებულ იქნა ოთხმოცამდე საველე მეთაური.
იონას ჟემანტისი მიხვდა, რომ ძალები არ იყო თანაბარი. პარტიზანები ვერ გაიმარჯვებდნენ, თუკი დახმარება გარედან არ მოვიდოდა. გაიგზავნა ორი საუკეთესო აგენტი, რომლებიც გადაიპარნენ შვედეთში, ადგილობრივ დაზვერვას გადასცეს დოკუმენტები და უკან დაბრუნდნენ.
მაგრამ დასავლეთმა საკმარისი ყურადღება არ დაუთმო ბალტიისპირეთის ოკუპაციას. ამერიკის კონგრესმა მხოლოდ სამი წლის შემდეგ განიხილა ეს დოკუმენტები. პარტიზანებმა მიიღეს სიმბოლური დახმარებაც, რამდენიმე ათასი დოლარი და პატარა წერილი – მიიღეთ ეს მცირე დახმარება, როგორც ნიშანი გაგებისა ბოლშევისზმთან ბრძოლაში.
საბჭოთა ხელისუფლება პარტიზანებს ყველა შესაძლო საშუალებით ებრძოდა. ჩამოყალიბდა ხალხის დამცველთა რაზმები, ე.წ. გამანადგურებლები, რომლებიც იდეური კომუნისტებისგან და ყოფილი პარტიზანებისგან შედგებოდა, ისინი საკუთარი და მათი ახლობლების სიცოცხლის გამოსყიდვას ყოფილი თანამებრძოლების მიმართ გაუგონარი სისასტიკით ცდილობდნენ.
მალე სპეცსამსახურებმა მიიღეს სპეციალური დავალება – ეპოვნათ და დაეკავებინათ გენერალი იონას ჟემანტისი. მასზე ჩეკისტებს არცთუ დიდი ინფორმაცია გააჩნდათ, - რამდენიმე შტრიხი გარეგნობიდან, იყო განათლებული, უყვარდა მუსიკა და საკმაოდ კარგად მღეროდა.
1949 წლის 16 თებერვალი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ლიტვის ისტორიაში. ამ დღეს ლიტვის პარტიზანული მოძრაობის საველე მეთაურებმა მიიღეს ლიტვის მომავლის დეკლარაცია. ეს იყო ლიტვის დროებითი მთავრობა, რომლის მეთაურადაც გენერალი იონას ჟიმანტისი აირჩიეს.
ჟემანტისმა მაშინვე ენერგიული ზომები მიიღო იმისთვის, რომ მინავლებული პარტიზანული მოძრაობა ისევ გაეღვივებინა. მან ლიტვა სამ სამხედრო ოლქად დაყო. შემოიღო ახალი წოდებრივი სისტემა და ახალი ნიშნები. ლიტვის ახალი არაფორმალური მეთაური უკვე მუდმივად საკუთარ ბუნკერში იჯდა. 1951 წელს მან მიკროინსულტიც გადაიტანა. მასთან მუდმივად მორიგეობდა პირადი დაცვის უფროსი, იოზეს პალუბიატსკისი და მედდა. საუბრობდნენ ჩურჩულით, რადიოს მხოლოდ ახალი ამბებისთვის რთავდნენ.
მოგვიანებით ნაუმ პანტინგონის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა იოზას ლუგშუ - პარტიზანთა დაზვერვის უფროსი. ამის შემდეგ ისედაც სუსტი კავშირი დასავლეთთან მთლიანად გაწყდა. ბალტიისპირელები უკვე აცნობიერებდნენ, რომ ადამიანური და მატერიალური რესურსები ძალიან შემცირდა და უწინდელივით დიდი ჯგუფების არსებობა შეუძლებელი ხდებოდა. თუმცა მცირე ჯგუფები საბოტაჟის ტაქტიკით აგრძელებდნენ ბრძოლას.
1952 წელს ლიტვაში კოლექტივიზაცია დასრულდა. პარტიზანებს ხელიდან მთავარი დასაყრდები გამოეცალათ – მოსახლეობა. ამ წელს პარტიზანული მოძრაობის აქტიური ფაზა დასრულდა. ბოლო დიდი დაჯგუფება “რკინის მგელი” ამ წლის შემოდგომაზე დაიშალა.
1953 წლის გაზაფხულზე ჩეკისტებს ხელში ჩაუვარდათ გენერალ ჟიმანტისის დაცვის უფროსი იოზეს პალუბიატსკისი. დაკითხვაზე დაცვის უფროსმა ჟიმანტისის ბუნკერის ადგილსამყოფელი გათქვა.
30 მაისს ჟემანტისის ბუნკერში დამაძინებელი ხელყუმბარა ისროლეს. პარტიზანული მოძრაობის ლიდერი და ლიტვის არაფორმალური პრეზიდენტი, რომლის დაკავებასაც წლების განმავლობაში НКВД, КГБ და სხვა უწყებები ცდილობდნენ, უკვე საბჭოელების ხელში იყო. გენერალი მოსკოვში, ლუბლიანკაზე გადაიყვანეს. 24 ივნისს ჟემანტისის საკნის კარები გაიღო, ის დაკითხვაზე გაიყვანეს. პარტიზანთა ლიდერი შეგუებული იყო სასიკვდილო განაჩენს. დაკითხვაზე მარტო შეუშვეს. მაგიდასთან იმჟამად საბჭოთა კავშირის პირველი პირი, ლავრენტი პავლეს ძე ბერია იჯდა. მათ ერთი საათის განმავლობაში ისაუბრეს. გადმოცემების თანახმად, ბერიამ ჟემანტისს სწორედ ის შესთავაზა, რისთვისაც ლიტვის პარტიზანების მეთაური მთელი შეგნებული ცხოვრება იბრძოდა – სიტყვის თავისუფლება და კერძო საკუთრება ლიტვაში, პირადად მას კი ლიტვის პრეზიდენტობა. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა ეს ისტორია და ვერც ვერავინ შეიტყო. მეორე დღეს ლავრენტი ბერია თავად დააპატიმრეს.
ერთი წლის შემდეგ ვილნიუსში ჩატარდა დახურული სასამართლო. ლიტველმა მოსამართლემ ჟემანტისს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
გენერლის ბოლო სურვილი შვილის ნახვა იყო. მას მხოლოდ სურათი აჩვენეს. ლაიმუტისს კისერზე პიონერის სამკერდე ნიშანი ეკიდა. მიუხედავად ჟემანტისის გაცემისა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს მის დაცვის უფროსს იოზეს პალუბიატსკისსაც.
ასე მთავრდება ბალტიისპირელი პარტიზანების, "ტყის ძმების" ბრძოლის ძირითადი ეტაპი. 1955-1956 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ პარტიზანებს ამნისტია შესთავაზა. ბევრი პარტიზანი დათანხმდა ამ შეთავაზებას. 1956 წელს საბჭოთა არმიის უნგრეთში შეჭრამ ბალტიისპირელებს დასავლეთის მკაცრი რეაქციის იმედი მისცა, თუმცა ტყუილად. ამავე წელს სიკვდილით დასაჯეს პარტიზანების ერთერთი ლიდერი ადოლფას რამანაუსკასი. ბევრი პარტიზანი თავად დაუბრუნდა სამოქალაქო ცხოვრებას შეცვლილი სახელებით და გვარებით. 60-იან წლებში ცალკეული დაჯგუფებები ადგილ-ადგილ იჩენდნენ თავს, თუმცა მათთან გამკლავება კომუნისტებს აღარ უჭირდათ. ბოლო ლიტველი პარტიზანი, რომელიც საბჭოთა კავშირის ციხეში მოხვდა ბენედიქტას მიკულისი იყო. ის 1971 წელს აიყვანეს. 1978 წელს КГБ-ს აგენტებმა ესტონეთში ცნობილ პარტიზან აუგუსტუს საბეს მიაკვლიეს. აუგუსტუსმა ციხეში მოხვედრას თვითმკვლელობა არჩია. 1994 წელს იანის პინუპსმა, ცნობილმა ლატვიელმა პარტიზანმა ლატვიის პასპორტი აიღო. ის ტყეში 1945 წელს გავიდა. საბჭოთა პასპორტი არ ჰქონია. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რაზე ოცნებობდა პარტიზანული ცხოვრების განმავლობაში, უპასუხა – თუნდაც ერთი წამით ისევ მენახა რიგა, როგორც დამოუკიდებელი ლატვიის დედაქალაქი.
და ბოლოს, 2009 წელს ბრიგადის გენერალი იონას ჟემანტისი ოფიციალურად გამოცხადდა ლიტვის მეოთხე პრეზიდენტად.

No comments:

Post a Comment