Wednesday, December 30, 2009
ბევრი სახელგანთქმული ფოტოსურათი მხოლოდ და მხოლოდ გენიალური დადგმა აღმოჩნდა
ნინა შლამოვა
ბევრი სახელგანთქმული ფოტოსურათი მხოლოდ და მხოლოდ გენიალური დადგმა აღმოჩნდა
თანამედროვე სამყაროში მედია სიახლეებს და მათ სწრაფ მიწოდებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი სიმართლე. ფოტონამუშევრები, რომლებითაც ჩვენ აღფრთოვანებული ვართ და ვხედავთ მათზე აღბეჭდილ რეალურ მოვლენებს, ხანდახან ფარსი აღმოჩნდება ხოლმე; ამან კი, შესაძლებელია, არასწორი გავლენა იქონიოს მსოფლიოს მხრიდან ამა თუ იმ მოვლენის აღთქმაზე.
მაგალითად, ფალსიფიკაციაზე დაიჭირეს სააგენტო “როიტერის” ფოტოგრაფი ადნან ჰაჯა. საინფორმაციო სააგენტომ აღიარა, რომ გამოაქვეყნა დამონტაჟებული სურათები, გამოგზავნილი კორესპონდენტის მიერ ლიბანიდან. ეს მონტაჟი ფოტოშოპით იყო შესრულებული, სადაც ფოტოგრაფმა `გაალამაზა~ ბომბარდირება ბეირუტზე. შემდეგ სურათზე არის დაფიქსირებული ებრაული გამანადგურებელი, რომელიც თითქოსდა ახორციელებს სარაკეტო დარტყმას ამავე ქალაქში. “როიტერის” სააგენტომ ბრალდება წაუყენა ადნან ჰაჯას და იგი სამსახურიდან დაითხოვა.
აღსანიშნავია ის, რომ გაყალბებული ჰაჯის სურათები ამოიცნეს ინტერნეტ-ფორუმში გაწევრიანებულმა ადამიანებმა. ფოტოები გაანალიზეს და შემდეგ მას მოჰყვა პროტესტის ტალღა. “როიტერის” მისამართით იყო გაგზავნილი უამრავი წერილი ჩივილებით, რის შემდეგაც სააგენტომ საბოლოოდ აღიარა ფალსიფიკაციის ფაქტი. ლიბანელი ფოტოგრაფი ჰაჯი “როიტერთან” თანამშრომლობდა 1993-2003 წლებში და 2005 წელს ისევ აღადგინა მათთან მუშაობა საკმაოდ კარგი ჰონორარის საფუძველზე.
ჰაჯის ფოტო, სადაც ლიბანის დედაქალაქი სქელ ბოლშია გახვეული, ფოტოლენტაზე ხუთ აგვისტოს გამოჩნდა. სურათზე წარწერა იუწყება, რომ შავი ბოლი – ეს არის ხანძრების კვალი ბეირუთის გარეუბნებში, რომლებიც ისრაელის საჰაერო ძალების ბომბარდირების შედეგია. თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს კომპიუტერული დამუშავების ნაკვალევი. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ფოტო ცუდად იყო რეტუშირებული და მიუთითეს სამ აბსოლუტურად ერთნაირ დახვეულ ბოლის ფრაგმენტზე და არაბუნებრივად გამჭირვალე, იდენტურ სახლებზე სურათის მარცხენა მხარეს. ამ ეფექტის მიღწევა ფოტოშოპის სულ მხოლოდ ორი ინსტრუმენტით შეიძლება - “ფუნჯი” და “გამოსახულების კლონირება”. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ფოტოგრაფი ცდილობდა უფრო საზარელი შთაბეჭდილება შეექმნა მაყურებლისათვის.
თვით ფოტოგრაფი უარყოფს იმ ფაქტს, რომ განგებ მანიპულირებდა სურათებით და აცხადებს, რომ, უბრალოდ, მათ მტვერისგან “გაწმენდას” ცდილობდა და რომ სადაც მუშაობდა, იქ არსებული ცუდი განათების პირობების გამო შეცდა. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ იპოვეს სურათის ორიგინალი, სადაც ცეცხლი ფაქტიურად არ ჩანს, ბევრად დაბალია და ამოდის მხოლოდ ერთი შენობიდან. ასევე განიხილეს ორ აგვისტოს გადაღებული მეორე ფოტო, სადაც აღბეჭდილია ისრაელის სამხედრო გამანადგურებელი F-16 წარწერით - “უშვებს რაკეტებს სოფელ ნაბათიაზე”, ხოლო სინამდვილეში თვითმფრინავი მხოლოდ ერთ რაკეტსაწინააღმდეგო თერმულ ფარადას უშვებდა. ამიერიდან “როიტერი” განიხილავს ასეთ ფაქტს, როგორც მათი სერიოზული სტანდარტების დარღვევად, დაუყოვნებლივ შლის ბაზიდან ყველა ფოტოს და არასოდეს არ მიიღებს და არ გამოიყენებს მისი ავტორის ნამუშევრებს.
გადავინაცვლოთ ერაყში, სადაც კიდევ ერთი პრემიის ლაურეატი _ ბილალ ჰუსეინი, “ასოშიედიდ პრესის” სააგენტოს წარმომადგენელი დააკავეს. იგი იყო ეჭვმიტანილი ტერორისტული დაჯგუფებებთან კავშირში. 2006 წელს ჰუსეინი დააკავეს და ამერიკულმა სამხედრო უწყებამ ფოტოგრაფი “ტერორისტების მედია შუამავლად” გამოაცხადა. ბილალი საეჭვოდ ხშირად ხვდებოდა მებრძოლების მიერ განხორციელებული ტერაქტების ადგილებში. ჯაშუსის სახლში აღმოაჩინეს საკმაოდ მძიმე სამხილები _ თანამგზავრით გადაღებული სამხედრო ობიექტის სურათი, რომელიც შეერთებულ შტატებს ეკუთვნოდა; ასევე ბოევიკების პროპაგანდისტული ლიტერატურა და ბომბების დასამზადებელი მასალები. “ჩვენ დიდი ხანი ვეჭვობდით, რომ ბილალ ჰუსეინი ტერორისტების აგენტი იყო, რომელიც “ეი-პი”-ში ჩასაფრდა და არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ იგი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს” - განაცხადა პენტაგონის პრეს-მდივანმა, ჯეფ მორელმა.
მკითხველს ემახსოვრება ჩვენი გამოცემის პირველ ნომერში დაწერილი სტატია უდიდეს სამხედრო ფოტოჟურნალისტ – რობერტ კაპასა და მის სახელგანთქმულ სურათზე, სადაც მეომრის სიკვდილია აღბეჭდილი. ექსპერტებმა საბოლოოდ დაადგინეს, რომ ეს ფოტო იყო აბსოლუტური ფარსი, დადგმა! სინამდვილეში იგი იყო გაკეთებული ომამდე ბევრად ადრე, სადღაც, მიყრუებულ სოფელში. იქ გამოკვლეული იყო ლანდშაფტი და ამჯერად ეს ბოლო ინფორმაცია უტყუარია. არადა, მხოლოდ ამ სურათის მეშვეობით ფოტოგრაფმა აღიარება მიოპოვა და შეიფერა სახელი “ყველაზე ლეგენდარული სამხედრო ფოტოჟურნალისტისა”. მის საპატივცემულოდ იმართება ყოველწლიურად ფოტოკონკურსი და გადაიცემა უმაღლესი ჯილდო საუკეთესო ფოტონამუშევრისთვის _ “რობერტ კაპას ოქროს პრემია”.
ფოტოგრაფმა ალექსანდრე გარდნერმა აღბეჭდა მკვდარი მეომარი საბრძოლო სანგართან, მოიქცა როგორც რობერტ კაპა, თუმცა რამოდენიმე ათეული წლით ადრე. არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ეს დადგმაა. შეხედეთ სამხედროს, თავი მოტრიალებულია კამერისაკენ, ხელი ფიქსირებულად მუცელზე უდევს და კარაბინი აკურატულად მიყუდებულია ქვაზე. მეორე ფოტოზე კი სამხედრო დაუდევრად წევს და მისი შაშხანა გვერდით გდია. აქედან გამომდინარე სხეული იყო რამოდენიმეჯერ გადაადგილებული და ისე დადებული, რომ კადრში კარგად გამოჩენილიყო.
გარდნერის სხვა ფოტოზე, “მკვდარი სამხედროები ანტაიტემაში, 1862 წელს”, ოცამდე სხეულია გადაღებული და ისევ ლამაზად დალაგებული მწკრივში. წინა სურათებიდან ვიცით, რაზეა წამსვლელი ფოტოგრაფი. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესეც დადგმული კადრია.
დადგმამ შეიძლება ნებისმიერი ფორმები მიიღოს.
ედი ადამსმა პულიცერის პრემია მიიღო ფოტოსთვის “გენერალი კლავს”. წესით ასეთი სიკვდილით დასჯა ტარდება შენობაში, მაგრამ საუკეთესო კადრისთვის, ვიეტნამელი პატიმარი გარეთ გაიყვანეს. იმის მიუხედავად, რომ სურათი დადგმულია, ეს სიკვდილი რეალური იყო.
იხილეთ სააგენტო “ეი-პის” ფოტო, ფოტოგრაფი ლეფტერის პიტარაკისი. 31 ივლისი 2006 წელი. ფოტო “ვაშინგტონ პოსტმა” დაბეჭდა.
დასატირებელ მიცვალებულს, ეტყობა, ზეწრის ქვეშ ძალიან დასცხა და ამ მომენტში ვერ ხვდებოდა, რომ უღებდნენ. “უოლ სტრიტ ჯურნალმა” გამოამჟღავნა ფოტოგრაფის სიყალბე. მაგრამ ამით არ დამთავრებულა ლეფტერისის კარიერა, სააგენტო “ეი-პიმ”, პირიქით, პრემია გადასცა ფოტოჟურნალისტს ფენომენალური დადგმული კადრების გამო, სადაც კანაში მეორე ლიბანის ომის დროს მკვდარი ბავშვები არიან გადაღებულები.
არსებობს კიდევ უამრავი სხვა ჟანრის დადგმული ფოტონამუშევარი. მაგალითად, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ბევრს დღემდე სჯერა, რომ არსებობს შოტლანდიის ტბაში საზარელი მოცურავე ლოჰ-ნესის მონსტრი. დარწმუნებულები არიან იმაშიც, რომ ექიმმა რობერტ კენეტ უილსონმა ურჩხული სწორედ ამ ტბაში გადაიღო. მან ნამდვილად გადაიღო რაღაცა წყალში, - მაგრამ ეს იყო სათამაშო ნავი, რომელსაც ურჩხულის თავი ჰქონდა დაკრული.
რობერტ დენზეს გადაღებული “კოცნა სასტუმრო ვილთან” დიდი ხანი იყო სპონტანური ცხოვრების ნათელი მაგალითი. შეხედეთ, როგორი ლამაზი წყვილია, როგორი ელეგანტური ფიგურებია, რა დიდი პერსპექტივაა პარიზში! რა აშკარა სიყვარულია!
მიუხედავად ასეთი ბუნებრიობისა, ესეც დადგმული სცენა აღმოჩნდა. ეს ამბავი ოცხმოცდაათიან წლებში გაირკვა. დენზეს ადრეც უნახია ეს წყვილი თეატრალურ ინსტიტუტში. იმ დროს ფოტოჟურნალისტს სჭირდებოდა ფოტო ჟურნალ “ლაიფისთვის”, რომელიც უნდა დაერთო სტატიას რომანტიკული ისტორიის შესახებ პარიზში.
ამიტომაც რობერტმა მსახიობებს მისი კამერის წინ პოზირება სთხოვა.
რუტ ორკინი ფლორენციაში იყო 1950 წლის დასაწყისში, სადაც ჯინკს ალენსს შეხვდა და სთხოვა მას, ყოფილიყო ფოტომოდელი “ჰერალდ ტრიბუნისთვის”. სურათი “ამერიკული გოგონა იტალიაში” იყო სულ შემთხვევით მოფიქრებული. როდესაც რუტმა შენიშნა, როგორ უყურებდნენ მოდელს იტალიელი კაცები ქუჩაში გავლის დროს, სთხოვა ჯინკსს, რომ კიდევ ერთხელ გაევლო. შედეგი იგივე იყო - ახალგაზრდები ლამაზმანს თვალს არ აშორებდნენ. საბოლოო ჯამში კადრი გამოვიდა. კი, ის არ იყო სპონტანური, მაგრამ, მეორე მხრივ, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ მან არ ასახა რეალობა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment