ზურა ოდილავაძე
,,ზამთრის ომი”
ცხადი ისტორიული პარალელების გამო, საინტერესო იქნება, გავიხსენოთ თუ როგორ იპყრობდა მეზობელ, დამოუკიდებელ, პატარა ფინეთს უზარმაზარი საბჭოთა იმპერია და, როგორ ცდილობდა ამისთვის გამოეყენებინა ადგილობრივი მოღალატეები...
,,ზამთრის ომი” (ფინ. Talvisota) - ეს იყო შეიარაღებული კონფლიქტი 1939 წლის 30 ნოემბრიდან 1940 წლის 12 მარტამდე სსრკ-ს და ფინეთს შორის.
1939 წლის 3 ნოემბერს ,,პრავდაში” გამოჩნდა სტატია, სადაც ბუნდოვნად იყო ნახსენები, რომ ფინეთი ჯიუტად უარყოფს საბჭოთა კავშირის მშვიდობიან წინადადებებს და მოქმედებს ვიღაც დაუსახელებელი, მაგრამ ყველასათვის ცნობილი ,,ომის წამქეზებლებლების” კარნახით.
1939 წლის 26 ნოემბერს ,,პრავდა” აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით: ,,მასხარა პრემიერის პოსტზე”. ეს ,,მასხარა” გახლდათ _ რუსეთის საიმპერატორო არმიის კავალერიის გენერალ-ლეიტენანტი, ფინეთის არმიის გენერალი, ფელდმარშალი, ფინეთის მარშალი, ფინეთის პრემიერი და შემდეგ პრეზიდენტი, დიდი ფინელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ბარონი კარლ გუსტავ მანერჰეიმი (შვედ. Carl Gustaf Emil Mannerheim).
,,პრავდის” მოწინავე სასტარტო რევოლვერის გასროლას ნიშნავდა. დაიწყო საბჭოთა პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ბინძური კამპანია ფინეთის მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც რამოდენიმე დღეში ისტერიულ ღრიალში გადავიდა: ,,..დადგა ჟამი გავანადგუროთ ეს საძაგელი ქინქლა! აღვგავოთ პირისაგან მიწისა ფინელი ავანტიურისტები! ვაი, მათ, ვინც ჩვენ გზაზე აღმოჩნდება! გაცოფებულ ძაღლებს არ ელაპარაკებიან, მათ ანადგურებენ! მოუსვენარი პატრონის მიერ მოსეულო ფინელო ძაღლებო...”.
დროის უქონლობის გამო, ანტიფინური კამპანია, ომამდე სულ ხუთი დღით ადრე დაიწყო. ქარხნებში გაიმართა უამრავი ,,სტიქიური მიტინგი”, წამყვანმა საბჭოთა პოეტებმა სახელდახელოდ შექმნეს სათანადო ნაწარმოებები.
ომის ოფიციალურ საბაბად გამოყენებულ იქნა 1939 წლის 26 ნოემბერს მომხდარი ,,მაინილის ინცინდენტი”. დასახლებულ პუნქთან მაინილა განხორციელდა სსრკ-ს ტერიტორიის საარტილერიო დაბომბვა, რომელიც ინსცენირებულ იქნა თვით საბჭოთა მხარის მიერ. მიუხედავად ფინეთის მთავრობის დაჟინებული მოთხოვნისა, საბჭოთა კავშირმა უარი განაცხადა ინცინდენტის გამოძიებაზე. რეალურად კი ფინელმა მესაზღვრეებმა, ზუსტად დააფიქსირეს სროლების ფაქტი და მიმართულება, თუ საიდან გაიხსნა ცეცხლი. ობიექტური გათვლები ცხადყოფდა, რომ საარტილერიო დაბომბვა წარმოებდა სსრკ-ს ტერიტორიიდან. საბჭოთა ხელმძღვანელობამ, რაღა თქმა უნდა, ბრალი მომხდარ ინციდენტზე დააკისრა ფინეთის მთავრობას. საპროტესტო ნოტაში აღნიშნული იყო, რომ ცეცხლის შედეგად გარდაიცვალა 4 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 10 დაიჭრა. საქართველოსთან აგვისტოს ომის მსგავსად, ასე გამოიძებნა ოფიციალური მიზეზი აგრესიის დასაწყებად.
,,ფინელი აგრესორების” საპასუხოდ, ლებედევ-კუმაჩის ლექსის ,,შურისგების საათი დგება” გვერდით ,,იზვესტია” აქვეყნებდა საბჭოთა მთავრობის ოფიციალურ ნოტას, დათარიღებულს 1939 წლის 28 ნოემბრით, რომელშიც ის იტყობინებოდა, რომ ,,ამიერიდან საბჭოთა კავშირი თავისუფლად თვლის თავს იმ ვალდებულებებისგან, რომლებიც აღებულ იქნა ფინეთზე თავდაუსხმელობის პაქტის თანახმად”. ყველასთვის ცხადი იყო, რომ სტალინი გეგმავდა ფინეთის სსრკ-ს შემადგენლობაში შეეყვანას და მის ძალადობრივ გასაბჭოებას, რადგან "მოლოტოვ-რიბენტროპის” საიდუმლო პაქტის საფუძველზე ფინეთი სსრკ-ს ინტერსთა სფეროს განეკუთვნა და იმპერია მას ადვილად მისართმევ, გემრიელ ლუკმად განიხილავდა.
30 ნოემბრის გამთენიისას წითელი არმიის ნაწილები გადავიდნენ დამოუკიდებელი ფინეთის საზღვრებს უზარმაზარ ფრონტზე ბალტიიდან ბარენცის ზღვამდე. ,,შურისგების საათიც” დადგა _ საბჭოთა თვითმფრინავების ორმა ასეულმა დაუშინა ბომბები 16 ფინურ დასახლებულ პუნქტს. ავიაციის მხოლოდ პირველი იერიშის შედეგად ჰელსინკზე მოკლულ იქნა 91, ხოლო 236 ადამიანი დაიჭრა. ყოველი ახალი შეტევისას მსხვერპლის რაოდენობა დიდად იზრდებოდა...
ჰელსინკის დაბომბვის შემდეგ მოლოტოვმა განაცხადა, რომ საბჭოთა თვითმფრინავები ყრიან.... პურით სავსე კალათებს(!) ჰელსინკის მოშიმშილე მოსახლეობისთვის, რის გამოც ფინელებმა ჭურვებს ,,მოლოტოვის კალათები" შეარქვეს.
უკვე 2 დეკემბერს დაიწყო ომის პროპაგანდისტული უზრუნველყოფის შემდეგი ეტაპი. მსგავსი ხერხი კარგადაა ცნობილი საქართველოს ოკუპაციის ისტორიიდან ,,შულავერის კომიტეტის” სახელწოდებით. იგივე ხრიკს მიმართა სსრკ-მ ომისშემდგომ აღმოსავლეთ ევროპასა თუ ოკუპირებულ ავღანეთში და ის გულისხმობს დაკავებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოღალატეების ხელით მარიონეტული ,,დემოკრატიული” მთავრობების შექმნას.
ომის დასაწყისშივე სსრკ-ს ტერიტორიაზე შეიქმნა მარიონეტული ,,ტერიიოკის მთავრობა”, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფინელი კომუნისტი ოტო კუსინენი. მომდევნო დღეებში მოლოტოვი აწარმოებდა მოლაპარაკებებს შეერთებული შტატების და შვედეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა მათ ეცნოთ ,,ფინეთის სახალხო მთავრობა”. გამოცხადდა, რომ ფინეთის წინა მთავრობა გაიქცა და, შესაბამისად, ქვეყანას აღარ მართავს. სსრკ-მ ერთა ლიგაში განაცხადა, რომ ამიერიდნ მოლაპარაკებებს აწარმოებს მხოლოდ ახალ მთავრობასთან. ფრონტზე საქმეები რომ ოპერატიული გეგმის თანახმად განვითარებულიყო, ეს ,,მთავრობა” უნდა ჩაბრძანებულიყო ჰელსინკში გარკვეული პოლიტიკური მიზნით _ გაეჩაღებინა ქვეყანაში სამოქალაქო ომი. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი თავის მიმართვაში ფინეთის კომპარტიისადმი პირდაპირ მოუწოდებდა ,,...დაემხოთ ჯალათების მთავრობა”. კუსინენის სიტყვაში ,,ფინეთის სახალხო არმიის” ჯარისკაცებისადმი კი პირდაპირ გაცხადებული იყო, რომ მათ წილად ერგოთ პატივი აღემართათ ,,დემოკრატიული ფინეთის რესპუბლიკის” დროშა პრეზიდენტის სასახლის შენობაზე ჰელსინკში.
,,ფინეთის სახალხო არმიის” ფორმირება დაიწყო 1939 წლის 11 ნოემბრიდან და დაკომპლექტებული იყო კარელებით და ფინელებით, რომლებიც მსახურობდნენ ლენინგრადის სამხედრო ოლქის საჯარისო ნაწილებში. ,,ფინელი მოხალისეების” რაოდენობა 25 ათასს აღწევდა და ისინი გამოაწყვეს პოლონეთის არმიის ნადავლ ფორმებში. ამ ,,სახალხო არმიას” უნდა შეეცვალა ფინეთში საბჭოთა საოკუპაციო ჯარები და გამხდარიყო ,,სახალხო მთავრობის” მთავარი საყრდენი.
მაგრამ რეალურმა ვითარებამ ფრონტზე, ანტისაბჭოურმა განწყობებმა მსოფლიო საზოგადოებაში, აიძულა სტალინი განეხილა ,,სახალხო მთავრობა”, მხოლოდ როგორც საშუალება, ისიც არასაკმარისად ქმედითი, პოლიტიკური დაწოლისთვის ფინეთის კანონიერ ხელისუფლებაზე. როდესაც გაირკვა, რომ ომი ჭიანურდება, ხოლო ფინელი ხალხი არ ემხრობა ახალ მთავრობას, ის ჩრდილში გადავიდა და საერთოდ აღარ მოიხსენიებოდა ოფიციალურ პრესაში თუ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე. 25 იანვრიდან კი სსრკ იძულებული შეიქნა ეცნო ჰელსინკის მთავრობა ფინეთის კანონიერ ხელისუფლებად, ხოლო მოლოტოვს და კომპანიას სამშვიდობო ხელშეკრულების მოწერა მაინც კანონიერი მთვარობის წარმომადგენლებთან მოუწიათ. ასე ჩაფლავდა ფინეთის დაპყრობის გეგმა კუსინენის მარიონეტული მთავრობის დახმარებით. ,,ფინეთის სახალხო მთვარობამ” და მისმა ,,სახალხო არმიამ” თავისი სამარცხვინო არსებობა დაასრულეს...
წითელი არმიის დანაკარგები სამთვიან ომში ,,ფინელ ქინქლასთან” შემზარავია! დღემდე ზუსტი ციფრები არ არის ცნობილი. ყველაზე სანდო წყაროებში მოყვანილი მონაცემების ანალიზი საშუალებას იძლევა შეფასდეს ზოგადი დაუბრუნებელი დანაკარგების (მოკლული, ჭრილობებისგან გარდაცვლილი, ტყვეობაში გარდაცვლილი, უგზოუკლოდ დაკარგული) რიცხვი _ ის 127 ათასს აჭარბებს! საბჭოთა ავიაციამ, რომელიც ,,ზამთრის ომში” რიცხობრივად 26-ჯერ აღემატებოდა მოწინაარმდეგის ავიაციის რაოდენობას, მოახერხა დაეკარგა 650 საბრძოლო თვითმფრინავი! მხოლოდ კარელიის ყელზე მწყობრიდან გამოყვანილ იქნა 3179 ტანკი!
თვითმკვლელობის ტოლფასი ,,გამარჯვებიდან” ასეთი ზოგადი დასკვნა გაკეთდა: ,,ჩვენი ჯარი ორივე ძლიერი ფეხით დადგა ახალი, თანამედროვე, ნამდვილი არმიის ლიანდგზე!”
გარდა განხილული, ქართველებისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკური ხრიკებისა, რომელთაც რუსეთი ჩვეულებისამებრ იყებნებს საკუთარი აგრესის გასამართლებლათ, ,,ზამთრის ომის” ისტორიიდან, ჩვენთვის მეტად საინტერესოა, თუ როგორ მოახერხა მცირიცხოვანმა ერმა, უარესად შეიარაღებული ჯარით, წინ აღდგომოდა ძლევამოსილ იმპერიას და დაემარცხებინა მსოფლიოს უდიდესი არმია.
მოსკოვში არ ელოდნენ სერიოზულ წინააღმდეგობას ფინელების მხრიდან და ლაშქრობას როგორც ,,სამხედრო გასეირნებას”, ისე აღიქვამდნენ. ნიკიტა ხრუშჩოვი თავის მემუარებში წერს, რომ კრემლში თათბირზე სტალინმა განაცხადა: ,,მოდით, დავიწყოთ დღეს... ჩვენ ოდნავ ავუწევთ ხმას და ფინელებს ისღა დარჩებათ, რომ დაგვემორჩილონ. თუ ისინი გაჯიუტდებიან, ჩვენ მხოლოდ ერთხელ გავისვრით და ფინელები უცებ აწევენ ხელებს და დაგვნებდებიან”. ამ აზრის დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ ჩრდილო-დასავლეთ ფრონტი შეიქმნა მხოლოდ 1940 წლის 7 იანვარს _ ერთ თვეზე მეტში ომის დაწყების შემდეგ, მაშინ როდესაც პოლონეთში შეჭრის წინ უკვე 1939 წლის 11 სექტემბერ დამთვარებული იყო ორი ფრონტის ფორმირება: უკრაინულის და ბელორუსიულის.
ამგვარი ილუზია საბჭოთა მხედართმთავრების წარმოსახვაში შეიქმნა მოწინააღმდეგე არმიების განკარგულებაში მყოფი შეიარაღების და ცოცხალი ძალის შედარების საფუძველზე.
გარდა იმისა, რომ ფინეთის ჯარი იწყებდა ომს გაცილებით ცუდად შეიარაღებული, ვიდრე კარგად აღჭურვილი წითელი არმია, მას არ გააჩნდა სათანადო მარაგები. ვაზნების და შაშხანების, ავტომატების და ტყვიამფრქვევების რაოდენობა სამხედრო საწყობებში საკმარისი იყო ომის 2,5 თვეზე, ხოლო საწვავის და საცხი მასალების სულ 1 თვეზე.
ფინეთის სამხედრო მრეწველობა წარმოდგენილი გახლდათ ვაზნების ერთი სახელმწიფო ქარხნით, ერთი დენთის და ერთი საარტილერიო ქარხნებით. სსრკ-ს დიდი უპირატესობა ავიაციაში შესაძლებელს ხდიდა სამივე ქარხნის სწრაფ
გაჩერებას.
მიუხედავად ყველა ობიექტური მონაცემისა, ომი დასრულდა საბჭოთა არმიის სრული კრახით!
აი, ფინელების გამარჯვების რამოდენიმე ფაქტორი:
ფინეთის დამოუკუდებელი სახელმწიფოს წარმოქმნის დღიდან სამხედრო დაგეგმარების ძირითად მიზანს შეადგენდა საბჭოთა კავშირისგან მიუდგომელი თავდაცვის ორგანიზება. დაცვის ძირითად ზღუდეს წარმოადგენდა ,,მანერჰეიმის ხაზი”, რომელიც შედგებოდა რამოდენიმე გამაგრებული დაცვითი ზოლისგან ტანკსაწინააღმდეგო წინაღობებით, ბეტონის ნაგებობებში და ხის მიწურებში განთავსებული საცეცხლე წერტილებით, ერთმანეთთან დაკავშირებული მიწისქვეშა გასავლელებით. საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა 74 ძველი (1924 წლიდან) და 48 მოდერნიზირებული, კარკად დაცული ტყვიამფრქვევის საცეცხლე წერტილი, ეგრეთწოდებული ,,დოტ”-ი (რუს. - ДОТ) და რამოდენიმე ამგვარად გამაგრებული საარტილერიო წერტილი. სულ მთლიანობაში _ 130 საცეცხლე ნაგებობა, რომელიც განთვსებული იყო 140 კილომეტრიან ხაზზე ფინეთის სრუტის ნაპირიდან ლადოგის ტბამდე. ამ თავდაცვითი ხაზის პრაქტიკულად ახლიდან შექმნას და მის მოდერნიზებას ხელმძღვანელობდა ფინეთის არმიის მთავარსარდალი, ზემოხსენებული გენერალი კარლ გუსტავ მანერჰეიმი.
უკვე ომის დასაწყისშივე ფინეთში დაიწყეს შემოსვლა მოხალისეების რაზმებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მოხალისეების უმრავლესობა ჩამოდიოდა შვედეთიდან, დანიიდან და ნორვეგიიდან, აგრეთვე უნგრეთიდან. მაგრამ მოხალისეთა შორის იყვნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, მათ შორის, ინგლისიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აგრეთვე რუსული თეთრი არმიის მოხალისეები.
30-ანი წლების ბოლოს, დასავლელი მოკავშირეების თვითმფრინავების მისაღებად, ფინეთში აშენდა მრავალი აეროდრომი. ფინური მხარე ომის განმავლობაში განაგრძობდა ჯარების შევსებას ცოცხალი ძალით და მათ მომარაგებას საბრძოლო ტექნიკით, რომელიც შემოდიოდა დასავლელი მოკავშირეებისგან. სულ ომის პერიოდში ფინეთში შემოვიდა 300 თვითმრინავი, 500 ქვემეხი, 6 ათასი ტყვიამფრქვევი, 100 ათასი შაშხანა, 650 ათასი ხელის ყუმბარა, 2,5 მილიონი ნაღმი და 160 მილიონი ვაზნა. ფინელების მხარეს იბრძოდა 16-19 ათასამდე მოხალისე.
წითელი არმიისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ფინელების მიერ საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ პირველად მასობრივად გამოყენებული ბოთლები ცეცხლგამჩენი სითხით, რომელთაც შემდგომში ,,მოლოტოვის კოქტეილი” ეწოდა. ომის სამ თვეში ფინურმა მრეწველობამ გამოუშვა ნახევარ მილიონზე მეტი ასეთი ბოთლი და მათი გამოყენებით 3000 მეტი საბჭოთა ტანკი გამოიყვანეს მწყობრიდან.
როგორც სამხედრო ისტორიკოსები აღნიშნავენ, გარდა მორალური უპირატესობისა, ფინელების გამანადგურებელი გამარჯვება წითელ არმიაზე ძირითადად განაპირობა პარტიზანული ომის ტაქტიკის გამოყენებამ. საზღვრის მონაკვეთი ლადოგის ტბის ჩრდილოეთით არ იყო გამაგრებული. აქ წინდახედულად მიმდინარეობდა მზადება პარტიზანული ბრძოლებისთვის, მით უმეტეს, რომ ადგილობრივი პირობები ამისათვის ყველა პირობას ქმნიდა: დაჭაობებული, ტყიანი ადგილი, სადაც შეუძლებელია საბრძოლო ტექნიკის სრულფასოვანი გამოყენება, გრუნტის ვიწრო გზები, რომლებზეც მტრის ჯარი სრულიად დაუცველია.
ყველაზე მძიმე და სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა სწორედ კარელიის ყელზე. საბჭოთა სარდლობას ჰქონდა მხოლოდ ფრაგმენტული აგენტურული მონაცემები ბეტონის გამაგრებულ ზოლებზე და, ამიტომ ,,მანერჰეინის ხაზის” გარღვევისთვის გამოყოფილი ძალები არასაკმარისი აღმოჩნდა. წითელი არმია, რომელიც ადვილი გასეირნებისთვის ემზადებოდა, მთელი ზამთრით გაიჭედა დაჭაობებულ ტყეებში, გრუნტის ვიწრო გზებზე.
სწორედ აქ ითამაშა გადამწყვეტი როლი ფინელების მიერ ,,ზამთრის ომში” ფართოდ გამოიყენებულმა პარტიზანული ომის ტაქტიკამ. მძიმე ბრძოლები გაიმართა კარელიაში. დიდი დანაკარგები განიცადეს მე-8 და მე-9 წითელი არმიის შენაერთებმა, რომლებიც მოქმედებდნენ ხშირ, ჭაობიან ტყის მასივებში გამავალ ვიწრო საგრუნტო გზების გასწვრივ. იყო ადგილები, სადაც ოკუპანტის ჯარი ფინელებმა უკუაგდეს საზღვრამდე. ავტომატებით შეიარაღებული მოთხილამურეების მცირერიცხოვანი ავტონომიური რაზმები, უპირატესად ღამით, თავს ესხმოდნენ გზებზე მიმავალ საბჭოთა საჯარისო ნაწილებს, ხოლო შეტევის შემდეგ თავს აფარებდნენ ტყეს, სადაც ფინელებს მოწყობილი ჰქონდათ ბაზები.
გარღვევაში წინ გასული წითელე არმიის ნაწილები, უმეტესწილად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ალყაში და მათ უწევდათ უკან გარღვევითვე დაბრუნება, ხშირად საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების მიტოვებით.
ფართოდ გახდა ცნობილი ბრძოლა სუომუსალმისთან, კერძოდ, 44 დივიზიის და მე-9 არმიის ისტორია. 14 დეკემბრიდან დივიზია წინ მიწევდა ვაჟენვარას რაიონიდან სუომუსალმის გზით, რათა დახმარებოდა ფინელების მიერ ალყაში მოქცეულ 163 დივიზიას. საბჭოთა საჯარისო ნაწილების გადაადგილება სრულიად არ იყო ორგანიზებული. დივიზიის ნაწილები დიდად გაიჭიმნენ ტყეში გამავალ გზებზე, შედეგად მათ ადვილად ესხმოდნენ თავს ფინელი მოთხილამურე პარტიზანები. საბოლოოდ, 7 იანვარს დივიზიის წინსვლა შეჩერებულ იქნა, ხოლო მისი ძირითადი ნაწილები აღმოჩდნენ ალყაში. მდგომარეობა არ იყო უიმედო, რადგან დივიზია ფლობდა ფინელებთან შედარებით დიდ უპირატესობას ტექნიკაში, მაგრამ დივიზიის მეთაურმა ვინოგრადოვმა, პოლკის კომისარმა პახომენკომ და შტაბის უფროსმა ვოლკოვმა თავდაცვის ორგანიზებას და ალყიდან ნაწილების გამოყვანას, გამოქცევა ამჯობინეს. ლაშქრის დატოვებასთან ერთად ვინოგრადოვმა დივიზიაში გასცა ბრძანება, მიეტოვებინათ საბრძოლო ტექნიკა და ისე გამოსულიყვნენ ალყიდან. შედეგად ბრძოლის ველზე დარჩა 37 ტანკი, სამასზე მეტი ტყვიამფრქვევი, რამოდენიმე ათასი შაშხანა, 150-მდე მანქანა, ყველა რადიოგადამცემი სადგური, ცხენები და მრავალი სხვა. ალყიდან გამოსვლისას, ათასზე მეტი ადამიანი პირადი შემადგენლობიდან დაიჭრა და მოიყინა, დაჭრილების ნაწილი ტყვედ ჩავარდა. შემდგომ, ჩადენილი დანაშაულისთვის ვინოგრადოვი, პახომენკო და ვოლკოვი დახვრიტეს დივიზიის მწყობრის წინ.
წითელ არმიას უდიდეს ზარალს აყენებდნენ სნაიპერები, ეგრეთ წოდებული _ ,,გუგულები”, რომლებიც ხსნიდნენ ცეცხლს ხეებიდან. ,,გუგულები” _ ფინელი სნაიპერების სლენგური დასახელებაა 1939 _ 1940 წლების საბჭოურ-ფინურ ომის დროს. სნაიპერებს მოწყობილი ჰქონდათ მაღალ ფიჭვზე სპეციალური ფიცარნაგები, საიდანაც მოხერხებულად აწარმოებდნენ დამიზნებით სროლას. პირველ რიგში ,,გუგულები” ანადგურებდნენ მეთაურ ოფიცრებს, რაც იწვევდა პანიკას და ჯარის დემორალიზაციას.
ყველაზე ცნობილი მათ შორის გახლდათ სიმო ხაიხა (ფინ.- Simo Hayha), ის ითვლება მეორე მსოფლიო ომის საუკეთესო სნაიპერად, ხოლო ზოგიერთის აზრით ის საუკეთესოა მსოფლიოშიც. სიმო ხაიხამ თავისი სნაიპერული შაშხანით გაანადგურა 542 წითელარმიელი და რამოდენიმე ასეული მებრძოლი ავტომატით, რისთვისაც საბჭოთა არმიაში მეტსახელად ,,თეთრი სიკვდილი” შეარქვეს.
ამ სამხედრო აგრესიის შედეგად საბჭოთა კავშირი გაირიცხა ერთა ლიგიდან, ხოლო "ზამთრის ომი" დასრულდა მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებით.
სიმო ჰაიჰა ”ზამთრის ომისას” - ყველა დროის რეკორდსმენი სნაიპერი
No comments:
Post a Comment