Tuesday, October 27, 2009

გუერილა


ფრანსისკო გოიას ნახატი - ესპანელი ”გუერილა” ხუან მარტინ დიასი

კახა ესებუა

ყველგან და არსად

“სადაც ჩვენ ჩავდიოდით, ისინი ქრებოდნენ; როდესაც ვტოვებდით რომელიმე ადგილს, მაშინვე ჩნდებოდნენ. ისინი იყვნენ ყველგან და არსად. მათ არ ჰქონდათ ხელშესახები წერტილი, სადაც ჩვენ იერიშის მიტანას შევძლებდით”, – წერდა ერთ-ერთი პრუსიელი ოფიცერი საკუთარ დღიურებში XIX საუკუნის დასაწყისში, ნახერვარკუნძულის ომისას ესპანელ პარტიზანებზე, იგივე გუერილებზე. ”გუერილა”, მცირე ომი, ანდაც ჩვენთვის ყველაზე გასაგები დეფინიცია – პარტიზანული მოძრაობა. ეს არაკონვენციური  სამხედრო დაპირისპირების ერთ-ერთი სახეა. რისთვის ან ვისთვის არის ის მისაღები? შეზღუდული ადამიანური და მატერიალური რესურსების მქონე მხარისთვის, რომელსაც არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მრავალრიცხოვან და კარგად მომზადებულ მოწინააღმდეგეს ბრძოლის ველზე კონვენციური, სიმეტრიული ბრძოლა გაუმართოს.
ტერმინი გუერილა პირველად სწორედ ნახსენებ ნახევარკუნძულის ომში გაჩნდა ესპანელი მებრძოლების დასახასიათებლად, როცა მათ ნაპოლეონის ძლევამოსილ არმიას უდიდესი დანაკარგი მიაყენეს, შემდეგ კი ერთ-ერთი მიზეზი გახდნენ ფრანგული იმპერიის დაშლა-დანაწევრებისა. ტერმინი მაშინ გაჩნდა, თუმცა მისი ფესვები ანტიკურ ხანაში მიდის, როცა სკვითები მსგავსი ტაქტიკით ებრძოდნენ ალექსანდრე მაკედონელის უძლეველ არმიას; რომაელები კი მეორე პუნიკურ ომში იყენებდნენ ჰანიბალის წინააღმდეგ.
ამის შემდეგ ომის ეს ხერხი საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ გამოიყენეს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ერებმა, ზოგჯერ შედეგიანად და ზოგჯერ უშედეგოდ.
თუმცა, მოდით, თავად ტაქტიკას დავუბრუნდეთ. რა მიზნების რა საშუალებებით მიღწევას ცდილობენ პარტიზანები? პოლიტიკური მიზანი პარტიზანულ ომს სხვადასხვა შეიძლება ჰქონდეს იმ კონკრეტული ისტორიული ვითარებიდან და სოციალური განწყობიდან გამომდინარე, რომელშიც ის იბადება. შესაძლოა, ეს იყოს ბრძოლა დიდი და ძლევამოსილი დამპყრობლის წინააღმდეგ, როგორც ეს ნახევარკუნძულის ომში, ან თუნდაც ჩვენთვის ბევრად ახლობელ და ნაცნობ ვიეტნამში, ძლიერი ექსპედიციური არმიის საპირისპიროდ. შესაძლოა, მან სამოქალაქო დაპირისპირების სახე მიიღოს, როგორც, მაგალითად, ჩინეთში, XX საუკუნის 20-იან წლებში სამოქალაქო ომისას. შეიძლება, ის რელიგიურ ნიადაგზე წარმოიშვიას, როგორც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები.
რაც შეეხება სამხედრო მიზნებსა და საშუალებებს, პარტიზანული ომის მიმდინარეობას ძალიან თვალნათლად აღწერს ჩინეთის კომუნისტი ლიდერი მაო ძე დუნი საკუთარ წიგნში “პარტიზანული ომის შესახებ” – მოწინააღმდეგე გვიტევს, ჩვენ უკან ვიხევთ, მტერი ბანაკდება, ჩვენ მას მოსვენებას არ ვაძლევთ, ის იღლება, ჩვენ ვუტევთ, მტერი გარბის, ჩვენ კონტრშეტევაზე გადავდივართ.
ამ ტიპის ომი სწორედ ძლიერი მოწინააღმდეგის ძალების მუდმივი სტრესის ქვეშ მოქცევაზე, გამოფიტვაზე, ცოცხალი ძალის დემორალიზებაზე და ლოჯისტიკის მოშლაზე არის ორიენტირებული. გუერილების მიზანი არა მტრის საბოლოო განადგურება და მისი დედაქალაქის თავზე საკუთარი დროშის აღმართვა, არამედ მოწინააღმდეგისთვის გაუსაძლისი მდგომარეობის შექმნა და ტერიტორიის დატოვების იძულებაა. მას განსხვავებული სტრატეგიულ-ტაქტიკური ამოცანები გააჩნია, ვიდრე რეგულარულ სამხედრო ძალას. პარტიზანები სამიზნეებად ძირითადად მაგისტრალურ გზებს, სტრატეგიული ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტებს, მტრის ცალკეულ საპოლიციო და სამხედრო ქვედანაყოფებს ირჩევენ. ისინი თავს ესხმიან ელვისებური სისწრაფით და “შემთხვევის ადგილს” ასევე მყისიერად ტოვებენ. მობილურობა – სწორედ ის არის ამოსავალი წერტილი, რომელიც განაპირობებს გუერილების ეფექტურობას და თავად მათი უსაფრთხოების ხარისხს. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი პარტიზანულ ტაქტიკაში თავდასხმის ადგილის შერჩევაა. ამ მცირე და მობილური ჯგუფების ყველაზე საიმედო მოკავშირე რთული ბუნებრივი რელიეფი – ტყიანი მასივები და მთაგორიანი ხეობებია.
თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პარტიზანები ამის საპირისპიროდ თავს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს აფარებენ. ამჟამად ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ისლამისტური დაჯგუფება ჰამასია. ურბანისტულ რეგიონებში მათ აღმოჩენა და განადგურება რთული საქმეა, ისინი ხომ ხშირ შემთხვევაში არც ფორმას ატარებენ და არც რაიმე სხვა განმასხვავებელი ნიშანი გააჩნიათ. სწორედ მოსახლეობასთან ურთიერთობა არის პარტიზანული მოძრაობის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი. თუ მოსახლეობა პარტიზანის მხარესაა, ეს მას მიზნების შესრულებას მნიშვნელოვნად უმარტივებს. მოსახლეობა ეხმარება მათ ლოჯისტკური ამოცანების ეფექტურად გადაჭრაშიც. მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში ან მიუდგომელ სოფელში მიღებული თავშესაფარი გუერილასთვის საუკეთესო კამუფლირება და ფორტიფიკაციაა. მოსახლეობა ხშირად პარტიზანებს საბრძოლო საშუალებების შენახვაშიც ეხმარება. ასე იყო ვიეტნამში, როდესაც ამერიკელ მეთაურებს ეგონათ, რომ კონკრეტულ დასახლებას აკონტროლებდნენ, მოგვიანებით ირკვეოდა, რომ აქ ვიეტნამელი მებრძოლების საიდუმლო ბაზები, საცავები და გვირაბები იყო განლაგებული.
პარტიზანი არ უნდა იყოს დამოკიდებული დიდ ბაზაზე ან საწყობზე. ზომის ზრდასთან ერთად მათი აღმოჩენის ალბათობაც მატულობს, შესაბამისად მათი განადგურება სამოქმედო გეგმას მთლიანად ანგრევს. ამიტომაც ამ ტიპის ომში ჩაბმული ნაწილები ძირითადად მცირე საწყობებს და ბაზებს არჩევენ, რათა ერთ-ერთი მათგანის განადგურებამ დაგეგმილი ოპერაცია მთლიანად არ ჩაშალოს. პარტიზანები არასოდეს არ ცდილობენ დაიკავონ და გააკონტროლონ ტერიტორიები. ეს მათ კოდექსს ეწინააღმდეგება. მათი ძირითადი მიზანი მტრის მისსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე შეწუხებაა. ისინი უსიამოვნო სიურპრიზებს სთავაზობენ მათზე ძლიერ მოწინააღმდეგეს სწორედ იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელიან.
რას აღწევს პარტიზანი ამით? ძირითადი მიზანი მტრის იმ დონემდე შეწუხება და გამოფიტვაა, რომ ის იძულებული გახდეს დატოვოს ოკუპირებული ტერიტორია. პარტიზანის სტრატეგია ასიმეტრიული საფრთხეების შექმნაა. არარეგულარული სამხედრო დაპირისპირებები დროშიც არარეგულარულ ხასიათს ატარებს. გუერილები ოპერაციებს წელიწადში გარკვეული რაოდენობის დღეებს უთმობენ. დანარჩენი დრო კი ძალების აღდგენაზე და წვრთნაზე იხარჯება. პარტიზანისთვის დაუშვებელია ჩათრეული იყოს რეგულარულ და სწრაფ სამხედრო კონფრონტაციაში.
ახლა კი გადავავლოთ თვალი ისტორიას, გავიხსენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ომები, სადაც ერთ-ერთი მხარე პარტიზანული ომის ტაქტიკას იყენებდა და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდა ისინი.
პარტიზანული ომების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ნახევარკუნძულის ომი ითვლება. აქ ესპანელმა პარტიზანებმა ნაპოლეონის არმიას 10 ათასობით სამხედრო გაუნადგურეს, სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის გაწყვიტეს კონტროლი, მთლიანად ჩამოიშალა ჯარის ზურგის მომარაგების სისტემა. მოგვიანებით ნაპოლეონმა ამ ომს “ესპანური წყლული” უწოდა. შედეგად ომი ვალენსიის ზავით და ნაპოლეონის და მეექვსე კოალიციის მარცხით დასრულდა.
თითქმის პარალელურად ნაპოლეონმა პარტიზანებთან კიდევ ერთი ომი წააგო. მოსკოვის აღების შემდეგ ფრანგულმა არმიამ ვერ მოახერხა მიღწეული შედეგის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მკვლევარი ნაპოლეონის დამარცხებას მკაცრ რუსულ ზამთარს მიაწერს, შეუძლებელია არ აღინიშნოს ფელდმარშალ კუტუზოვის მიერ გაცემული ბრძანება ფრანგების მომარაგებაზე პერიოდული დარტყმების მიყენების შესახებ, რამაც საბოლოოდ ნაპოლეონის ლეგიონი საკვების, ამუნიციისა და ტყვიაწამლის გარეშე დატოვა.
თუმცა ნაპოლეონის ომებამდე პარტიზანულ ელემენტებს ატლანტიკის ოკეანის გადაღმა, ამერკის კონტინენტზე იყენებდნენ. შტატების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ბრიტანეთთან მართალია უამრავ სიმეტრიულ ომს მოიცავდა, თუმცა გარკვეული ქვედანაყოფები, განსაკუთრებით გენერალ ფრენსის მერიონის მეთაურობით ბრიტანელებს ვიწრო კანიონებში სრულიად მოულოდნელად ესხმოდნენ თავს და სანამ კუნძულელები საპასუხო ცეცხლის გახსნას მოახერხებდნენ, სწრაფადვე ტოვებდნენ ტერიტორიას მათთვის კარგად ნაცნობი ბილიკებით. ეს ომიც შეგვიძლია პარტიზანების აქტივში ჩავწეროთ, მას ხომ 1783 წელი და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა.
პირველ მსოფლიო ომში ისევე, როგორც სამხედრო ოპერაციების ყველა არსებული ტიპი პარტიზანული ომიც ფართოდ გამოიყენებოდა. მას იყენებდა გერმანელი ვიცე-პოლკოვნიკი პოლ ემილ ფონ ლეტოვ-ფორბეკი აღმოსავლეთ აფრიკული კამპანიისას. ამ ტაქტიკით იბრძოდნენ უკრაინელებიც.
ყველაზე დასამახსოვრებელი პარტიზანული ბრძოლები კი ახლო აღმოსავლეთის თეატრში გაიმართა. 1916 წელს ახლო აღმოსავლეთმა ომის მსვლელობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ბრიტანეთმა არაბ ადგილობრივ ლიდერებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარი არმია ახლო აღმოსავლეთში შეიყვანა, თუმცა მალე მიხვდა, რომ ადგილობრივი ძალების დამხარების გარეშე აქ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწევდა. ბრიტანული და ადგილობრივი ძალების მეთაურობა ბრიტანეთის სამეფო არმიის ხელმძღვანელობამ გენერალ ედმუნდ ალენბისა და სრულიად ახალგაზრდა, 27 წლის კაპიტან თომას ედუარდ ლოურენსს მიანდო. არაბთა რეგულარული ძალები ალენბის დაქვემდებარებაში შევიდა, ახალგაზრდა ლოურენსს კი საკუთარი ბრიტანული კონტიგენტის გარდა მხოლოდ ადგილობრივი არაბი მოსახლეობა შერჩა, რომელმაც იარაღის მოხმარებაც კი არ იცოდა. ახალგაზრდა ოფიცერი მიხვდა, რომ ამ კონტიგენტით ის თურქებს ტოლსწორად ვერ დაუპირისპირდებოდა. ლოურენსი მაშინვე შეუდგა ადგილობრივი კადრების რეკრუტირებას და პარტიზანული მოძრაობის ორგანიზებას. შედეგად ორწლიანი ბრძოლების შედეგად მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქის დაკავება და ალენბის ძირითადი ძალებისთვის უდიდესი დახმარების გაწევა მოახერხა.
კიდევ ერთი აღსანიშნავი კონფლიქტია ირლანდიის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. XX საუკუნის ათიანი წლებიდან კონფლიქტი ბრიტანეთის იმპერიულ ძალებთან ინტენსიური გახდა. 1919-1921 წლებში კი სერიოზულ სამხედრო კონფრონტაციად იქცა. ირლანდიელები იყენებდნენ როგორც საველე პარტიზანულ “მფრინავ რაზმებს”, ასევე ურბანისტულ ტაქტიკას, რაც მტერზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში იერიშების მიტანას გულისხმობს. 1921 წელს ბრიტანეთმა გააცნობიერა, რომ ირლანდიაში სამხედრო ყოფნის გამო ძალიან მაღალ პოლიტიკურ და სამხედრო საფასურს იხდიდა. შედეგად ხელი მოეწერა ანგო-ირლანდიურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ირლანდია ბრიტანეთის უშუალო დაქვემდებარებიდან გამოვიდა და ე.წ. დომინიონის ქვეყნებში შევიდა.
მეორე მსოფლიო ომში პირველთან შედარებით ბევრად აქტიურად გამოიყენებოდა ბრძოლის პრატიზანული ტაქტიკა. მას ძირითადად მოკავშირეები ფაშისტური კოალიციის წინააღმდეგ იყენებდნენ. მას შემდეგ, რაც 1938 წელს გერმანიამ ცენტრალური ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია დაიწყო, პოლონეთში, ჩეხეთში და სხვა ქვეყნებში პარტიზანული მოძრაობის ორგანიზება დაიწყო. ამის შემდეგ, როცა მსოფლიო ომის ფრონტი თითქმის მთელ მსოფლიოზე გაიშალა წარმატებული გერმანული ოპერაციების ტერიტორიაზე წინააღმდეგობის სერიოზული კერები ჩნდებოდა. პარტიზანული მოძრაობები შეიქმნა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, დანიაში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, ალბანეთში, საბჭოთა კავშირში, იუგოსლავიასა და სხვა ქვეყნებში. ამ მოძრაობის ორგანიზაციაში კონტინენტურ ევროპას ბრიტანული სპეციალურ ოპერაციათა სამმართველო ეხმარებოდა. ეს იყო საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი მთელს ევროპაში წინააღმდეგობების კერების გაღვივება და ფაშიუსტური კოალიციისთვის წინსვლასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განმტკიცებისთვივის ხელის შეშლა წარმოადგენდა. თუმცა სპეციალურ ოპერაციათა სამმართველო მხოლოდ მოკავშირე ქვეყნების დახმარებით არ შემოიფარგლებოდა. ორგანიზაციაში ბრიტანეთის დაცვის პარტიზანული გეგმაც მუშავდებოდა, რადგან ნაცისტური კოალიციის კუნძულზე შეჭრაც არ იყო გამორიცხული. გარდა პარტიზანული მოძრაობის ორგანიზებისა სამმართველო აქტიურ სააგიტაციო მუშაობას ეწეოდა, რაც პარტიზანების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერას ზრდიდა. თუმცა პარტიზანების პარალელურად ქვეყნების უმეტესობაში არსებობდა კონვენციური არმიებიც, მაგალითად, იუგოსლავიაში, სადაც პარტიზანული ომი ყველაზე დიდი სიმძლავრით იყო გაჩაღებული, 400 ათასიანი კონვენციური არმიაც არსებობდა, ბელორუსიაში კი 300 ათასიანი.
დღემდე დაუდგენელია საბჭოთა პარტიზანების რაოდენობა, თუმცა მათ ფაშისტური გერმანიის, რეგულარულ ძალებს უდიდესი ზიანი მიაყენეს. ბუნებრივი რელიეფიდან გამომდინარე ყველაზე ფართოდ პარტიზანული მოძრაობა სამხრეთ ევროპის ფრონტზე გაიშალა. ამ ბრძოლაში იუგოსლავიასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საფრანგეთიც. თუმცა ყველაზე დიდი ოპერაციის მომზადებაში საბჭოთა პარტიზანებმა მიიღეს მონაწილეობა. ოპერაცია ბაგრატიონის (ქართველი გენერლის, პეტრე ბაგრატიონის საპატივცემულოდ) ჩატარება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პარტიზანებმა აღმოსავლეთ ფრონტზე მთლიანად მოარღვიეს გერმანელთა ლოჯისტიკა. ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვის შემდეგ პარტიზანული ბრძოლები აზიის ფრონტზე, იაპონიის წინააღმდეგაც გაჩაღდა.
ვიეტნამის ომს მკვლევარების უდიდესი ნაწილი არაკონვენციურ დაპირისპირებათა ჯგუფს მიაკუთვნებს. ომის დასაწყისში, 60-იანი წლების პირველ ნახევარში, სანამ ტონკინის ინციდენტის შემდეგ ომში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერეოდა, ომი მართლაც მთლიანად პარტიზანული ტაქტიკით მიმდინარეობდა. რელიეფიც შესაფერისია ამ ქვეყანაში, ბრინჯის ყანები და ჯუნგლები მეომრებისთვის საუკეთესო სამალავს წარმოადგენს, თუმცა ამერკის ომში ჩართვის შემდეგ დაპირისპირებამ ნელნელა კონვენციური ომის სახე შეიძინა. ვიეტნამელ კომუნისტებს შეიარაღებით საბჭოთა კავშირი ამარაგებდა. პარტიზანი მეომრები ნელ-ნელა ტანკებმა და თვითმფრინავებმა ჩაანაცვლეს, თუმცა ომის ბოლომდე პარტიზანულ მოძრაობას თავისი დამხმარე ფუნქცია არ დაუკარგავს. ჩამონათვალის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. უამრავია მაგალითები როგორც ღრმა წარსულიდან, ასევე თანამედროვეობაშიც. უამრავმა ცნობილმა და სახელიანმა ადამიანმა თავისი მოღვაწეობის დიდი ნაწილი სწორედ ომის ამ სახის მეცნიერულ შესწავლას მიუძღვნა, მათ შორის ჩინელმა მაო ძე დუნმა და კუბელმა ჩე გევარამ. საინტერესო მოსაზრებები გუერილას შესახებ კლაუზევიცმაც დაგვიტოვა.
მთავარი აზრი ერთია – პარტიზანული ომი და მისი ისტორიული მაგალითები არის იმის მანიშნებელი, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე, თუნდაც შენს წინააღმდეგ მსოფლიოს უდიდესი იმპერია მთელი მისი სიმძლავრით იბრძოდეს. ეს არის ფსიქოლოგიური მოძღვრება გაუტეხელობის და მუდმივი წინააღმდეგობის შესახებ. ეს არის მოძღვრება იმის შესახებ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.


ძეგლი ესპანელ პარტიზან ქალს

No comments:

Post a Comment