Tuesday, October 27, 2009

უკანასკნელი ქართველი მეფე



ნიკო ჯავახიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

გრიგოლ პირველი - უკანასკნელი ქართველი მეფე
 
ქართული სახელმწიფოებრიობა სათავეს ათასწლეულთა სიღრმიდან იღებს.
XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერატორებმა პავლე I-მა და მისმა ვაჟმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერეს მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და იმპერიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით ისინი საქართველოს ისტორიაში შევიდნენ, როგორც პირველი დამპყრობლები, რომელმაც ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის წინამძღოლობით არსებული ქართული სახელმწიფოებრიობის ძირფესვიანად მოსპობა, მისი პოლიტიკური სახელის სამუდამოდ წაშლა სცადა.
ისტორიიდან ცნობილია სხვა არანაკლებ სასტიკ დამპყრობელთა სახელები, რომლებსაც შესაძლოა იგივე სურდათ, რაც რუს იმპერატორებს, მაგრამ ქართული სახელმწიფოებრიობის ამა თუ იმ ფორმით არსებობას ისინი მაინც ეგუებოდნენ.
ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლა რომანოვთა დინასტიას ძვირად დაუჯდა. ამის შემდეგ, რუსეთის თითქმის არცერთი იმპერატორი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა.
იმპერატორის მმართველობის ქვეშ იძულებით მოქცეული ქართველი ერის ჯანსაღ ნაწილს კვლავ ბაგრატოვანთა გამეფება სურდა. ამ გვარის სახით ქართველობას ეროვნული სახელმწიფოებრიობის ცოცხალი სიმბოლო ეგულებოდა. ამის გამო, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართული სამეფო ოჯახის წევრთა უმეტესობა პეტერბურგში გადაასახლეს.
რუსეთის საიმპერიო ადმინისტრაცია საქართველოში ისე იქცეოდა, როგორც დამპყრობელი _ დაპყრობილ ქვეყანაში. ამის გამო, ქართველი ერის უკმაყოფილება თანდათან მატულობდა.
ყოველივე ზემოთქმულმა და განსაკუთრებით ეროვნული სახელმწიფოებრიობის გაუქმებამ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამას მოჰყვა სახალხო აჯანყებები კახეთსა (1802) და მთიულეთში (1804), რომლებიც რუსეთის ადმინისტრაციამ სისხლში ჩაახშო.
1812 წლის 31 იანვრიდან კახეთი ახალი აჯანყების ალში გაეხვია. იმხანად საქართველოს განაგებდა იმპერატორის მიერ “მთავარსარდლად” დანიშნული გენერალი, იტალიური წარმომავლობის მარკიზი ფილიპ ოსიპის ძე პაულუჩი (1779-1849).
მოსახლეობის უკმაყოფილებას კარგად გამოხატავს აჯანყებულთა მოხსენების შემდეგი სიტყვები: “ერთობით ვსწერთ ჩვენს მწუხარებას, რომელნიცა არ შესწრებიან წინაპარნი მამანი და პაპანი ჩვენნი ამისთანა მწუხარებას”.
აჯანყებაში ფაქტობრივად მისი დაწყებისთანავე ჩაება მეფე ერეკლე II-ის შვილთაშვილი, 23 წლის ბატონიშვილი გრიგოლ იო¬ანეს ძე (1789-1830). იგი ყოფილა წარმოსადეგი, ახოვანი ვაჟკაცი, რომელსაც ეროვნული ტანისამოსის ჩაცმა ჰყვარებია.
გრიგოლი ორ თავადთან და ორ აზნაურთან ერთად შეეცადა, რომ აჯა¬ნყების ალი ქართლშიც აებრიალებინა.
9 თებერვალს შიდა ქართლის მთიანეთში აჯანყებამ იფეთქა. მთიულებმა და ფშავ-ხევსურებმა დუშეთი და ფასანაური აიღეს. მათ მოციქულები გაუგზავნეს გუდამაყრელებს, მოხევეებს და აჯანყებულთა დროშის ქვეშ დადგომა შესთავაზეს.
ქართველ მთიელთა მიერ სამხედრო გზის ჩაკეტვამ საქართველოში მყოფ რუსებს დიდი საშიშროება შეუქმნა. აჯანყებულები იმდენად გაძლიერდნენ, რომ ავჭალის მიდამოებში შემოვიდნენ და თბილისში მყოფი რუსული ადმინისტრაცია რეალური საფრთხის წინაშე დააყენეს.
ისტორიკოსი ალ. ფრონელი წერს, რომ 20 თებერვალს “საქართველოს სამხედრო გზა გახსნა ორ-პირად წასულმა ჯარმა. ანანურისა და დუშეთის მაზრათა მკვიდრნი დაწყნარდნენ, დუშეთისა და ანანურის ციხენი ისევ რუსეთს დარჩათ. არაგვზე დარჩა საბრძოლველად მხოლოდ თავად იოსებ სიდამონოვის (იგულისხმება თავადი სიდამონ-ერისთავი. ნ. ჯ.) ათასკაციანი რაზმი, სოფელ საშაბუროში დაბანაკებული. თფილისის მიდამოები გასწმინდა მეამბოხეთაგან პოლკოვნიკმა ტიხანოვსკიმ”.
აჯანყებულებმა, რომელთა შორისაც კახეთის თავად-აზნაურობის უმრავლესობა აღმოჩნდა, ხელთ იგდეს მთელი კახეთი. რუსთა გარნიზონები მხოლოდ თელავ-ყარაღაჯში შემორჩა.
აჯანყებულთა მოქმედების რაიონი შედარებით მცირე იყო ქართლში, სადაც ის თითქმის არ გასცილებია არაგვის ხეობას. მართალია, იქაური გლეხობა აჯანყებას თანაუგრძნობდა, მაგრამ თავადაზნაურობის უმეტესობამ მათ მხარი არ დაუჭირა.
ქართლელ თავადთაგან აჯანყებაში ჩაებნენ იოსებ არაგვის ერისთავი და სვიმონ მაჩაბელი.
ფრონელის ცნობით, “სვიმონი წინ გაუძღვა ახლადარჩეულ მეფე გრიგოლს, უვნებლად გაატარა შუაგული ქართლი და შევიდა მტკვრის მარჯვენა მხარეს: სათარხნოსა და საციციშვილოსა, ააჯანყა რამდენიმე სოფელი, მაგრამ ვერას გახდა. გენერალი სტალი ფეხდაფეხ დასდევდა მაჩაბელს და როგორ დაემალებოდა მდევარს, რაკი მეზობლები ხელს არ უწყობდნენ? ვერც დაემალა და ხელში ჩაუვარდა სტალს. ის კი მოახერხა მაჩაბელმა, რომ ბატონიშვილი გრიგოლი, ანუ ახალი მეფე, ტყვეობას დროებით გადაარჩინა და უვნებლად გაისტუმრა კახეთს, სადაც აჯანყების ნიადაგი უკვე იყო მომზადებული”.
20 თებერვლისათვის გრიგოლ ბატონიშვილი თავის მომხრეებთან ერთად, ქართლიდან კახეთში გადავიდა და სათავეში ჩაუდგა აჯანყებულებს, რომლებსაც როგორც თვითონ აღნიშნავდნენ, “მეფის მეტი არაფერი აკლდათ”.
“პატარა კახის” ნაშიერის კახეთში გამოჩენა აჯანყებულთათვის მართლაც უდიდეს სტიმულად იქცა. მათ გრიგოლი თავიანთ წინამძღოლად მიიღეს და მეფედ გამოაცხადეს. მისი სახელი, როგორც მეფისა _ ეკლესიებშიც იხსენიებოდა.
ვინაიდან ამ სახელის მქონე მეფე ბაგრატიონთა დინასტიაში მანამდე არ ყოფილა, იგი გრიგოლ I-ად უნდა მოვიხსენიოთ.
დამპყრობელთა აუტანელი მმართველობისაგან განათავისუფლებულ კახეთში არსებულ რეალურ ვითარებას ფრონელი ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით აგვიწერს. მის ნაშრომში ვკითხულობთ: “თებერვლის შუა რიცხვებში 1812 წ., შიდა და გარე კახეთი თითქმის გასუფთავდა რუსთა მხედრობისაგან, მათი მართვა-გამგეობა ხუხულასავით დაიფუშა ერთი შებერვით...
კახეთმა ძველებურად, ქართულად ამოისუნთქა და ქართულადვე დაიწყო ცხოვრება, ფიქრიანობა და აზროვნება. გულშემზარავი ჭყივილი საეგზეკუციო კამანდებისა აღარ გაისმოდა “კურთხეულ კახეთის” ველ-მინდვრებში, სოფლიდან სოფლად აღარ დაძუნძულებდნენ სამგლე იასაულები უნტერ-აფიცრებით საბეგრო ურმების მოსაკრეფად. ერთის სიტყვით, კახეთი მხიარულობდა, ამაყობდა გამარჯვებით”.  
27 თებერვალს გრიგოლ I-მა ქიზიყის მოსახლეობას თანადგომისაკენ მოუწოდა, რამაც სათანადო შედეგი გამოიღო.   
მეფე გრიგოლის ენერგიული მოღვაწეობის წყალობით, აჯანყებულებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს დაღესტნელებმა, რომელთა 4-ათასი მეომარი ქართველ აჯანყებულთა ჯარს შეუერთდა. 
გრიგოლ I-ის სამეფო ხელისუფლება ვრცელდებოდა კახეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე (გარდა თელავისა და ყარაღაჯისა) და ქართლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე, ანუ არაგვის ხეობაზე. მისი გამეფებით გამოწვეული ქართველთა სიხარული გაიზიარეს თავისუფლებისმოყვარე ჩრდილოკავკასიელმა მთიელებმა, კერძოდ, დაღესტნელებმა და თაგაურელმა ოსებმა, ასევე თურქმანული მოდგმის ტომებმა _ ბორჩალოელებმა და ყაზახელებმა, რომლებიც ქართველ მეფეებს ტრადიციულად ერთგულად ემსახურებოდნენ.
გრიგოლ I-ის წინამძღოლობით აჯანყებულნი რიცხობრივად უპირატეს და უკეთესად აღჭურვილ მტერს არ ეპუებოდნენ.    მეფის ასეთმა ენერგიულმა მოღვაწობამ და კახეთის აჯანყების საერთოკავკასიურ ამბოხებად გადაქცევის საფრთხემ რუსეთის ხელისუფლება აიძულა, გადამჭრელი ზომებისათვის მიემართა.  
1 მარტს, სოფელ ჩუმლაყთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლაში აჯანყებულთა ოთხიათასკაციანი ლაშქარი რუსთა ჭარბ სამხედრო ძალას შეერკინა. ბრძოლაში დაიღუპა რუსთა მხარდამხარ მებრძოლი ვახტანგ დიმიტრის ძე ორბელიანი (1769-1812), ხოლო პაულუჩის ადიუტანტი, შემდგომში ქართული რომანტიზმის ფუძემდებლად აღიარებული ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე (1786-1846) _ ფეხში დაიჭრა.
ბაგრატ ბატონიშვილი მოგვითხრობს: “მუნ იქმნა ბრძოლა ძლიერი, მოსწყვიტნეს მრავალნი რუსნი. მუნ მოკვდა თავადი ორბელიანი ვახტანგ დიმიტრის ძე, სიძე მეფისა ირაკლისა, რომელიცა იყო პოლკოვნიკი რუსთა, მყოფი რუსთა თანა, და დაიჭრა ჭავჭავაძე გარსევანის ძე ალექსანდრე, რომელიცა იყო მას ჟამსა შინა ნაიბ-ეშიკაღაბაში მარკიზისა”.
სახელმწიფოებრიობის აღდგენის უსაზღვრო სურვილით გულანთებული გრიგოლ I მოსახლეობას მოუწოდებდა: “გამთენიისას კვლავ განახლდება ბრძოლა და ღმერთი შეგვეწევა, სანამ ერთი კახელი ცოცხალია, კახეთი უკან არ დაიხევს”.
საისტორიო წყაროს ცნობით, “გარნა იხილა რა მარკიზმან, ვინათგან ვერ ძალუცს პირისპირობა კახთა, ევედრა ზავსა და აუთქვა კახთა, რომელ მოგგვრიო მეფის ძეთა თქუენთა რუსეთით. ამასა ზედან მხიარულ იქმნენ კახნი და ჰყვეს ზავი და მოგვარეს გაღმამხრელთ უმეტეს სამასისას სალდათნი შეპყრობილნი აფიცრებითურთ, რომელნიცა შეიპყრეს აბოხსა ამას აღპარსულნი თმათანი მით, რამეთუ კახთა აღპარსნეს პყრობილთა მათ თავნი კიცხევისათვის”.
აჯანყებულებს ბრძოლის გაგრძელება გაუჭირდათ, ვინაიდან საგარეო დახმარება არ ჩანდა, ხოლო ამის პარალელურად, სრულიად რეალური საშიშროება შეიქმნა, რომ ჩრდილო კავკასიაში მდგარი რუსთა ჯარი საქართველოში გადმოვიდოდა.
 შექმნილ ვითარებაში, აჯანყების საბოლოო გამარჯვებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალის კარიბჭის ჩაკეტვას. ამ სტრატეგიული ამოცანის უზრუნველსაყოფად აჯანყებულებმა სცადეს გადაებირებინათ ხევის მოურავი გაბრიელ ყაზბეგი (ჩოფიკაშვილი), რომელიც მეფე ერეკლე II-მ 1788 წლიდან დარიალის ხევის გზის მეთვალყურედ დაადგინა და ერთგული სამსახურისათვის, აზნაურის წოდებაში აიყვანა. ყაზბეგი გიორგი XII-საც ერთგულად ემსახურებოდა.
 ქართლ-კახეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის შემდეგ, ყაზბეგი იმპერატორთა სამსახურში ჩადგა. მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად მეამბოხეებმა მას უდიდესი წყალობა აღუთქვეს, რასაც გაბრიელმა ისევ “რუსის ჩინ-ორდენები არჩია”. 
5 მარტს, თიანეთის მახლობლად, აჯანყებულებმა რუსებთან უკანასკნელი ბრძოლა გამართეს. აჯანყებულნი თავდადებით იბრძოდნენ, “ხიშტებს ზედ აწყდებოდნენ, კლდეებზე ცვიოდნენ, თავს იხოცავდნენ და ტყვედ კი არ ბარდებოდნენ”.
ყოველივე ამის მიუხედავად, გრიგოლ I ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებდა. მეფის მგზნებარე მოწოდებებმა მისი დევნა და შეპყრობა დააჩქარა.
გაჭირვების ჟამს, გრიგოლ I-მა, თავის ერთგულ მხედრებთან ერთად, თავი დაღესტანში, ანწუხის თემში შეაფარა. იქ ბაგრატოვანი ხელმწიფე პატივისცემით მიიღეს.
ანწუხში ჩასულმა ზაზა ანდრონიკაშვილმა თავისი ნათესავი გრიგოლი დაარწმუნა, რომ რუსებმა მშობლები დაუხოცეს და მათ საგლოვად კახეთში შემოიტყუა. ასე ვერაგულად ჩაიგდეს ხელში უკანასკნელი ქართველი მეფე დამპყრობლებმა, რომლებმაც იგი 6 მარტს დაატუსაღეს და რუსეთში გაგზავნეს.
აჯანყების პირველი ეტაპის ჩახშობა რუსებს ძვირად დაუჯდათ. ოფიციალური მონაცემებით, მათ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში დაეღუპათ 1350 მეომარი, ხოლო 212 _ დაეჭრათ. რუსთა 510 მეომარი კახელებმა ტყვედ ჩაიგდეს. იმავდროულად, აჯანყებულებმა მტერს მატერიალური ზარალიც მიაყენეს. კერძოდ, მტერმა დაკარგა უამრავი ცხენი და დიდძალი სამხედრო ქონება. ამასთანავე, აჯაყება ამით მაინც არ ჩამცხრალა და აპრილიდან მან ახალი ძალით იფეთქა.
რუსეთში მცხოვრები გრიგოლი ბოლომდე ქართველ მამულიშვილად დარჩა. თავის შემოქმედებაში იგი დაუნდობლად კილავდა იმ ქართველებს, რომლებიც ცდილობდნენ რუსებს დამსგავსებოდნენ. კერძოდ, რუსეთის ოფიცერი, “შარფსერთუკში” გამოწყობილი იოსებ გაბაშვილი გრიგოლმა ასე გაკენწლა:

“არ შეგშვენის რუსობა, ანუ რისთვის ჰქენია,
სჯობდა ისევ გვარისებრ ტივად გეკრა ხენია,
არ გიხდება სერთუკი, თვალთა ცრემლი მდენია,
სჯობს ისევ მამა-პაპათ მოიგონო ზნენია”.


ამრიგად, კახეთის 1812 წლის სახალხო აჯანყების საწყის ეტაპზე, კერძოდ, 20 თებერვლიდან _ 6 მარტამდე აღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილში მეფობდა ერეკლე II-ის შვილთაშვილი გრიგოლ I.
მართალია, მისი მეფობა ორიოდე კვირაზე ოდნავ მეტხანს გაგ¬რძელდა, მაგრამ ეს ფაქტი სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, როგორც ბა-გრატიონთა დინასტიის ხელმძღვანელობით დარაზმული ქართველი ერის ღირსეული ნაწილის სამშობლოს თავისუფლებისათვის თავგანწირვის კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითი.

No comments:

Post a Comment