Tuesday, October 27, 2009
ტაშისკარის ბრძოლა
გურამ ყორანაშვილი
ტაშისკარის ბრძოლის ოთხასი წლისთავისთვის
მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლებისაგან განსხვავებით, თარიღების მეტი დაკონკრეტება შეუძლებელია) გიორგი სააკაძის სარდლობით სოფელ ტაშისკართან ქართველების თურქ-ოსმალებსა და ყირიმელ თათრებთან გამართულ ბრძოლას ოთხასი წელი შეუსრულდა. შეგახსენებთ, რომ ბრძოლის ადგილის თაობაძე ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვადასხვაობა შეინიშნება. ანა ანტონოვსკაიას რომანისა და მიხეილ ჭიაურელის რეჟისოსრობით დადგმულ ფილმში "გიორგი სააკაძე", იგი სურამის ბრძოლად მოიხსენიება, რაც აბსოლუტურად უსაფუზვლო გახლავთ. ცნობილი ისტორიკოსის, ნიკო ბერძებიშვილის მიხედვით, ბრძოლა მოხდა ქვიშხეთის ბოლოს. პარადოქსია, რომ ძველი ქართველი ისტორიკოსები ბერი ეგნატაშვილი და ვახუსთი ბატონიშვილი გარკვევით მიუთითებდნენ სწორედ "ტაშისკარის ბრძოლს", აკონკრეტებდნენ კიდეც "ნახვეტას მინდვრით", რაც დღესაც ცოცხალი ტოპონიმია. რაც შეეხება ქვიშხეთს, უწინ იგი დღევანდელი სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავდა, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი კი ტაშისკარში შედიოდა. ასე რომ, ბრძოლის ადგილის საკითხი უეჭველია.
საღნიშნული გამარჯვებით ქართველობამ დიდი საფრთხე აიცილა თავიდან. მომხდურთ უპირველესად სურდათ ქართლის მეფე ლუარსაბ II-ის ხელში ჩაგდება და გორის დაკავება და იქ ჩადგომა, ამის შემდეგ კი მათ უნდა დაეპყროთ მთელი ქართლი. სრულიად არ გვეჩვენება გადაჭარბებულად ის ამბავი, რომ მწერალი და ისტორიკოსი ჯანსუღ ღვინჯილია აღნიშნულ მოვლენას ,,დიდ ომად” მოიხსენიებს, ხოლო აკადემიკოსი როინ მეტრეველი მას შამქორისა და ბასიანის ბრძოლების ბადალად თვლის. მოგახსენებთ, რომ მტრის რაოდენობა 60.000-ს აღწევდა, რაც ექვსჯერ აღემატებოდა ჩვენი ჯარის რიცხოვნობას.
დავსძენთ იმასაც, რომ აგრესორთა გამარჯვების შემთხვევაში განსაკუთრებით ზემო ქართლი მოსახლეობისაგან საგრძნობლად დაიცლებოდა. ისტორიკოს-თურქოლოგი მიხეილ სვანიძე შენიშნავს, რომ 1612 წელს ოსმალეთსა და ირანს შორის დადებული ზავით ქართლ-კახეთის პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. კერძოდ, აქ აღარ იდგნენ სპარსთა გარნიზონები და ქართლ-კახეთი ირანს აღარ უხდიდა ხარკს. ვიმეორებთ, ამაში ტაშისკართან გამარჯვებასაც ედო წილი.
მტერი ახალციხიდან შემოიჭრა. დაიკავეს თრიალეთი, კერძოდ, მანგლისი და რიგი სოფლებისა. მათი აოხრების შემდეგ კი შიდა ქართლში გადავიდნენ. მანამდე მათ სოფელ კველთაში დაიჭირეს მღვდელი, სახელად თევდორე (დიდად სამწუხაროდ, ისტორიამ არ შემოგვინახა მისი გვარ-სახელი). მას უბრძანეს, მიყვანა ცხირეთში, სადაც ამ დროს ქართლის ახალგაზრდა მეფე იმყოფებოდა. თევდორემ თავისი არჩევანი გააკეთა: მტერი სხვა გზით წაიყვანა, რითაც მეფესა და, საერთოდ, ქვეყანას დიდი ხიფათი ააცდინა. რასაკვირველია, მიუხვდნენ და ხმლით აკუწეს. ასე რომ, ჩვენმა წინაპრებმა ვერ შესძლეს გმირისათვის საფლავი გაეთხარათ.
სოფელ ნიაბის ბოლოს, სხერტის ჭალაზე მომხდურთა ერთ ნაწილს სახელდახელოდ შეკაზმული ქართველთა ჯარი შეება გიორგი სააკაძისა და ზაზა ციციშვილის სარდლობით. ამის შემდეგ ოსმალ-თურქები და ყირიმელი თათრები მტკვრის მარჯვენა სანაპიროს აუყვნენ გორში გადასვლის მიზნით. მაგრამ მათ ამჯერადაც მოეცარათ ხელი: გორელებმა ხიდი აჰყარეს (თავი გამოიჩინა სომეხმა მღვდელმა, რომელმაც დროზე შეამჩნია მომხდურთა მიახლოება).
მომხდარის შემდგომ მტრები იმას დასჯერდნენ, რომ ტყვეებითა და სხვა ნაალაფევით დატვირთულნი ბორჯომის ხეობის გზით ახალციხისაკენ დაძრულიყვნენ. სოფელ რბონესთან (დღევანდელი ხაშურის რაიონში) ნაუცბათევად აგებული ხიდის და ფონის მეშვეობით მათ გადალახეს ადიდებული მტკვარი და ნახვეტრის მინდორზე დაბანაკდნენ.
თითქოს ქვეყანა რაკი დიდ ხიფათს გადაურჩა, შეიძლებოდა მოვლენების განვითარების პასიურად დალოდინება – მტერი ხომ უკვე აპირებდა ქართლის სამეფოს ტერიტორიის დატოვებას. მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა ასე როდი განსაჯეს, მათ მოინდომეს ტყვეებისა და ნადავლის დატოვინება და მტრის დასჯა. ჯერ გზა გადაუკეტეს ვიწროებში, დღევანდელ სოფელ კორტანეთთან, შემდგომ კი – დაახლოებით სოფელ ტეზრის ბოლოს. რათა აგრესორები ვახანის გზით, დღევანდელი ბორჯომისა და შემდგომ ახალციხისკენ არ წასულიყვნენ. ამრიგად ისინი ხაფანგში იქნენ მიმწყვდეულნი.
ბრძოლის წინა საღამოს თუ ღამეს ქართველებმა სამხედრო თათბირი გამართეს თუ როდის და როგორ შეეტიათ მომხდური გადამთიელებისათვის. ადგილი ჰქონდა სხვასახვანაირ არჩევანს.
იოსებ თბილელის ,,დიდმოურავიანში” გიორგი სააკაძის პირით ასეთი ვარიანტებია ჩამოთვლილი.
ზოგიერთის მიხედვით, მტერზე დაუყოვნებლივ (ე.ი., საღამოს ან ღამით) უნდა შეეტიათ. სხვები საჭიროდ მიიჩნევდნენ ზემოთ დასხმოდნენ. იგულისხმებოდა თურქ-ოსმალთა და ყირიმელ თათართა ბორჯომის ხეიბაში შეშვება და იქ მომწყვდევა - დღევანდელ სოფელ კორტანეთთან ჩასაფრებული იყო რაზმი შალვა ქსნის ერისთავის მეთაურობით. ნუგზარ არაგვის ერისთავი, გამოხატავდა რა თავისი მეომრების სულისკვეთებას, საჭიროდ ცნობდაღამით თავდასხმას. გაიმარჯვა გიორგი სააკაძის აზრმა - თავს დასხმოდნენმომდევნო დილას მტირს ბანაკის აღმოსავლეთის მხრიდან, სადაც მტრებს თხრილი ჰქონდათ გათხრილი.
ადგილი ჰქონდა ერთ, ქართველთათვის ფრიად სასიკეთო შემთხევითობას:
მათ ხელში ჩაუვარდათ ერთი გამოქცეული ტყვე, ცხადია, მოენე (ქართველი),
რომელმაც გათქვა მტრის დემორალიზებულობის ამბავი. ,,დიდმოურავიანში” მოთხრობილია მტრების მკიტხაობის მარცხიანი შედეგი.
ცხადია, ამ ამბავმა ქართველთა განწყობა-განწყობილებაზე დადებითად იმოქმედა.
ქართველებმა მოენისაგანვე შეიტყვეს ოსმალ-ყირიმელ თათართა შეიარაღების საქმეც. აღმოჩნდა, რომ ისინი მშვილდ-ისრით იყვნენ შეიარაღებულნი. ამდენად არ ჰქონიათ თოფები.
ამ ცნობამაც, რასაკვირველია, ქართველთ სარდლობისა და, საერთოდ, ჯარის სათანადო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
საინტერესო, ანგარიშგასაწევია ანტონ ფურცელაძის შემდგომი დაკვირვება:
“სააკაძემ იცოდა ბუნება ამ ხეობისა: ყოველი მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს უბერავს თერხვის სიო. მეთოფურები ჩაუსხა იმ მხარეს, საიდანაც იძროდა დილის სიო. დილის თერხვმა დაჰბერა. სააკაძემ უბრძანა მეთოფურებს სროლა. თერხვმა კომლი მიიტანა თათრის თხრილებზედა და გაჰხვია შიგ საფრებში ჩამჯდარი ოსმალთ ჯარი”; “ამ კომლს მიაყოლა სააკაძემ ჯარები, და უბრძანა, მისულიყვნენ ზედ თხრილებზედ უხმაუროთ. კომლში გახვეული ჯარი უჩინრად მიადგა მტერს”.
პოემაში გიორგი ლუარსაბ მეფეს მიმართავდა:
ფიცით შეგკადრო, მეფეო, სამი გავტეხე შუბია,
მას უკან ლახტით ვიბრძოდი, სისხლით ავავსი უბია,
ლახტიც რომ გატყდა, ხმალს ხელი მივჰყავ, ვაყენე გუბია,
პატრონსა ჩემსა სხვა მტერი ნიადაგმც ასრე უბია.
ჭაბუკმა ლუარსაბ მეფემაც თავი დიდად გამოიდო:
მეფე გულსრულად მობრძანდა, შექმნა შუბისა ძგერება,
ვისაც მიუხდის თამამად, იგ მისგან გაიმტვერება.
იგივე ითქმის საერთოდ ქართველთა ჯარზეც (ასევე, უნდა ვიფიქროთ, მოკავშირე სპარსელ რაზმზე):
ფიცხალ იბრძოდეს ქართველნი, რაღაა უფრო მტერება,
ხნაშა-ხნუშისა ხმა არის, იმათ ვინ მიეფერება!
ცხარე ბრძოლის მსვლელობაში გარდატეხა მოხდა. იოსებ თბილელი გიორგი სააკაძეს - ტაშისკართან გამარჯვების სულის ჩამდგმელს - ასე ათქმევინებს:
ვთქვით: ”გამარჯვება ჩვენია, გავძღებით მათის ომითა!
სისხამ დილიდანვე დაწყებული ბრძოლა გვიან საღამომდე გაგრძელებულა:
დილას შებმულთ ცხრას ჟმამდი ჰქონდათ სისხლისა დენანი.
ქართველთა გამარჯვებულ მეფეს კი ასე განუცხადებია:
მეფემ ბრძანა: “დღეს, ქართველნო, ვით გმართებდით, ჰქენით ბრძოლა,
ვჰფიცავ, რომე ჩემისთანა არავისა ჰყავს ყმისა ყოლა.
ამასთანავე ლუარსაბს უბრძანებია, მტრის მოჭრილი თავები ერანის შაჰისათვის _ აბას პირველისათვის გაეგზავნათ (შეგახსენებთ, რომ ამ დროს კვლავ გრძელდებოდა ერან-ოსმალეთის მორიგი ომი) და ამ ჟესტით დიდად ესიამოვნებინა იგი. ამ საქმის თავმობმა კი გარასპ ფავლენიშვილისათვის დაუვალებიათ.
იოსებ თბილელის პოემაში გადმოცემულია მტრის დამარცხების სამარცხვინო ფინალიც:
ვინ რომ ტყეში შემძვრალიყო, მესამე დღეს მოჰყავთ კრული,
რახტ-უნაგირ ვერცხლოსანი, ზოგი ოქროგარდასრული.
იგივეს მოგვითხრობს ვახუშტი ბატონიშვილიც: “რამეთუ მოსაკიდელთა დედანიცა მესამე დღემდე გამოიყვანდნენ ტყიდამ თათარხანთა, განაშიშვლიან და განუტევიან”. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მსგავსი რამ ხდებოდა ტაშისკრის, ქვიშხეთის, ციხისძირის (დღევანდელ სოფელ ბულბულისციხის), ბეღლეთის და მისთ. ტყეებში. მაგრამ ვახუშტის მიხედვით “მოსაკიდელნი”, (“მოსაკიდელი” კონკრეტული ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი სახელწოდება (ტოპონიმი) გახლავთ). იგი მიუთითებს: “ჩხერის ზეით არს გზა ქართლს მიმავალი, მოსაკიდებელი სივიწროვისათვს წოდებული, ვახანამდის”. რაკი ასეა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მტრის ლაშქარის გადარჩენილი ნაწილი ცდილობდა ვახანის (ასევე ქვიშხეთ-ტაშისკარის ზევით, მთაწმინდა-ბერბერასერ-ბაირაღის გზით) ახალციხისაკენ გაღწევას.
ამჯერად, სპარსელი ისტორიკოსი, ისქანდერ მინში მოვიხმოთ. ისიც გვიყვება, რომ ორივე ფაშა იქნა შეპყრობილი. ოსმალ-ყირიმელებმაო “ნადავლი დაჰყარეს და ტყეებში გაიფანტნენ... ქართველები დაეძებდნენ მათ, შვიდას კაცამდე თათარი ხელში ჩაიგდეს და ისინი “უბედურების მახვილის საჭმელი გახდნენ”.
ვინც მახვილს გადაურჩა, ისინიც ქართველმა გლეხებმა გააშიშვლეს ტყეებში. ქვეითად და შიშველ-ტიტვლებმა ათასი უბედურებით მიაღწიეს ახალციხემდე”.
იგივე ავტორი წერს: “ფაშები ქვეყნის საფარველ კარზე (ე.ი. ირანის სატახტო ქალაქ ისპაჰანში – გ. ყ.) გაგზავნეს. ფერჰად ფაშას ქართველი ბატონების (!) თხოვნით აპატიეს დანაშაული, მოჰამედ ფაშას შვილი კი სიკვდილით დასაჯეს”.
ასე სამარცხვინოდ დასრულდა ოსმალ-თურქთა და ყირიმელ თათართა მრავალრიცხოვანი ჯარის ლაშქრობა საქართველოში. ქართველების მხრივ კი, ცხადია, სასახელო ფურცელი ჩაიწერა ჩვენს სამხედრო და, საერთოდ, ერის მატიანეში.
ავტორის მინაწერი:
როგორც დავინახეთ, ტაშისკარის ბრძოლა დიდად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. იგი უსათუოდ იმსახურებს იმას, რომ ბრძოლის ადგილზე – ნახვეტრების მინდორზე მემორიალური ძეგლი იყოს აღმართული.
სამწუხაროდ, დღემდე ეს ვერ მოხერხდა. ვთხოვთ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ყურად იღონ ეს ამბავი და იდეის რეალიზაციაში, ისტორიული ხსოვნის ფართოდ და მყარად დამკვიდრებაში დაგვეხმარონ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment