Tuesday, October 27, 2009

სამხედრო ქრისტიანობა

მინდია არაბული

“მორჩილება და სიძლიერე ვუსურვოთ ყველა ჯარისკაცს”
ინტერვიუ მთავარ კაპელანთან, მამა დავით ლონდარიძესთან

ილია ჭავჭავაძე თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში ბრძანებს: ”ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, ქრისტიანობას დავუდგით საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი.” ეს სიტყვები ნათლად ასახავს ქართველ სასულიერო პირთა და მეომართა უხსოვარი დროიდან მომდინარე მჭიდრო ურთიერთობას.
საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს დიდი მეეფეებისა და მხედართმთავრების აღმზრდელები უმეტესწილად სასულიერო პირები იყვნენ. მაგალითისთვის საკმარისია დავით აღმაშენებელი _ იგი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწისა და ერის სულიერი წინამძღოლის, გიორგი ჭყონდიდელის გაზრდილი გახლდათ.
გელათისა და იყალთოს აკადემიები ის უმაღლესი სასწავლებლები იყო, სადაც თაობები იზრდებოდა და ყალიბდებოდა ქართული აზროვნება, რომელიც, საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალზე აისახებოდა. ბევრი დიდი ქართველი მხედართმთავრის სიმტკიცესა და საკუთარი მიწისადმი ერთგულებას სწორედ ამ ადგილებში ჩაეყარა საფუძველი. აქედან კარგად ჩანს, თუ რა დიდი იყო მართლმადიდებლობის რწმენა ქართველობაში. ალბათ, ამიტომაც ვაღწევდით დიდ გამარჯვებებსა და წარმატებებს.
როგორც ცნობილია, წმინდანებსა და ქრისტესთვის წამებულებს შორის ქართველები ყველაზე დიდ პატივს წმინდა დიდმოწამე გიორგის მიაგებენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, იგი ქართველი ერის უმთავრეს მფარველ წმინდანად ითვლება და საქართველოს ისტორიული მისიაც მის კულტთან არის დაკავშვირებული. ამიტომაც არის, რომ საქართველოში მის სახელზე სამას სამოცდახუთი ტაძარია აგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენში ყოველი დღე ქრისტეს დიდებული მხედრის _ წმინდა გიორგისია.
თვით უცხოელებიც კი აღიარებდნენ საქართველოსა და მისი მხედრობის მიმართ წმინდა გიორგის განსაკუთრებულ მფარველობას. XII ს-ში მოღვაწე ეპისკოპოსი ჟაკ დე ვიტრო იმ დროის ქართველებს ამგვარად ახასიათებს: @
“ისინი არიან დიდად მედგარნი და მამაცნი ბრძოლაში, სხეულით მძლავრნი და მხედრობით ძლევამოსილნი. მათ ჰქვიათ გეორგიანები, რადგან განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ წმინდა გიორგის, რომელსაც თვლიან თავიანთ მფარველად და მედროშედ ურჯულოებთან ომებში და ადიდებენ ყველა სხვა წმინდანზე მეტად. ყოველთვის, როცა კი ეწვევიან სალოცავად უფლის საფლავს, ისინი წმინდა ქალაქში შემოდიან გაშლილი დროშებით და არავის უხდიან ხარკს.”
ქართველებს ყოველთვის გვწამდა, რომ წმინდა გიორგის მრავალჯერ დაუფარავს საქართველო და შესწევია ქართველ მხედრობას ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში. მემატიანის ცნობით, დიდგორის ბრძოლისას ჯარმა სასწაული იხილა: “წმინდანი განცხადებულად, ხილულად წინ მიუძღოდა დავით აღმაშენებელსა და ქართულ ჯარს და მუსრავდა შემოსეულ მტერს.”
ეკლესიისა და ლაშქრის ურთიერთობისადმი დიდ მხედართმთავართა დამოკიდებულებას აღმაშენებლის მიერ დიდგორის ველზე, ბრძოლის წინ გაჟღერებული ეს მიმართვაც გამოხატავს: ,,ეჰა, მეომარნო ქრისტესანო!”  ამ მიმართვაში ისიც საგულისხმოა, რომ გარდა ქართველებისა დიდგორის ომში ფრანგები, ცოტაოდენი ყივჩაღები და ალანებიც მონაწილეობდნენ, აღმაშენებელმა კი ქრისტეს მეომრებად ყველა ერთად გამოაცხადა. აქედან ჩანს, რომ მეომრები არა მხოლოდ საკუთარ მიწას, არამედ სრულიად ქრისტიანული სამყაროს დაცვის ჟინით იყვნენ განმსჭვალული და ამიტომაც იქცა დავითის ლაშქარი დიდგორში ქრისტეს მეომართა მტკიცე ერთობის მაგალითად.
მეთერთმეტე საუკუნის ერთ-ერთი მხედართმთავარი გრიგოლ ბაკურიანისძე ბრძანებს: ,,ქართველნი ვართ ნათესავით მხნენი და მხედრობით აღზრდილნი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი.” ბოლო წლების რეალობამ თითქოს მართლა შეგვაჩვია ჭირვეულ და სისხლიან ცხოვრებას და ამ დიდ გამოცდას დღემდე ვაბარებთ.
ბრძოლა ქვეყნისა და რჯულისთვის ქართველისთვის ყოველთვის მტკივნეული, მაგრამ საამაყო იყო. გამონაკლისი არც 2008 წლის აგვისტოს ომი ყოფილა. მრავალმა ქართველმა მებრძოლმა აგვისტოში სამხედრო ფორმა ბოლო ამოსუნთქვამდე ღირსეულად ატარა. მათ მიერ მომავალი თაობებისათვის დატოვებული გმირული ისტორიები კიდევ უფრო გაამყარებს ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი მისიისკენ სწრაფვას _ დაიცავი ქვეყანა და ერი შენი, დაიცავი რჯული შენი.
ეკლესიისა და ქართული ჯარის თანაარსებობა ამჟამადაც გრძელდება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ჯარის ქვედანაყოფებში მოძღვრები მოღვაწეობენ  და ჯარისკაცების სულიერ ძლიერებაზე ზრუნავენ. მათ მოღვაწეობაზე სასაუბროდ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარ კაპელანს, მამა დავითს (ლონდარიძეს) ვესტუმრეთ. მამა დავითს უთქვამს, რომ ნებისმიერი მომხვდური, რომელიც ძალისმიერი მეთოდით გადმოკვეთს ქართულ საზღვარს, იმისდა მიუხედავად, მის დროშაზე ნახევარმთვარე იქნება თუ ჯვარი, ჩვენი ქვეყნის მტერიაო.
  
- გვითხარით, მამაო, როდის და როგორ ჩაეყარა ეკლესიისა და ჯარის დაახლოების იდეას საფუძველი?
- ეს ინიციატივა პატრიარქის გონებასა და გულში ჩამოყალიბდა, მისი ნალოცია. ბოლო ათწლეულებით ვერ დავიტრაბახებდით. ეკლესიისა და ჯარის დაახლოებისა და ერთმანეთისაკენ შებრუნების პროცესი მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, რაც უფრო ამ ურთიერთობის განახლების მოსინჯვა იყო. პირველი ეტაპი მეუფე გრიგოლმა უწმინდესის კურთხევით და, სხვათა შორის, ძალზედ აქტიურად დაიწყო. თუმცა, ამის მისაღებად იმ დროისათვის ნიადაგი საკმაოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა. შემდგომ მამა ზაქარია მაჩიტაძემ უდიდესი ღვაწლია გასწია და ამ გეგმის პირველი სტრუქტურული ფორმა მან ჩამოაყალიბა. ბოლო ჟამს უკვე მე მოვედი ამ საქმის გამგრძელებლად. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება. ახლა ვთესავთ, აღმონაცენი კი მოგვიანებით იქნება. მაგრამ, ღვთის მადლითა და პატრიარქის კურთხევით, ჩვენი დღეს ჩაყრილი მარცვლები მომავალში ერთი ათასად გაგვიმრავლდება და ისეთი ჯარი გვეყოლება, როგორიც ჩვენს წინაპრებს ჰყავდათ.                                                                                    
    
- მამაო, რა ეტაპზეა ამჟამინდელი ურთიერთობები ეკლესიასა და ჯარს შორის?
- ამჟამინდელი ხელისუფლების მოღვაწეობის პერიოდში ეს ყველაფერი აშკარად გააქტიურდა. ვთვლი, რომ ამჟამინდელმა როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურმა მმართველობამ კარგად გააცნობიერა ჯარში სულიერი მდგომარეობის წინ წამოწევის საჭიროება და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღება. აქედან გამომდინარე, ბოლო დროს ეს პროცესი მაქსიმალურად გაიშალა. თუმცა, ჩვენ უფრო მეტს ველოდებით, რადგან ეკლესიას უდიდესი სულიერი პოტენციალი აქვს, რათა ღვთისა და სამშობლოს სამსახურში მაქსიმალურად დაიხარჯოს. ჩვენი სტრუქტურა, რომელიც ჯარში მოქმედებს, უკვე თოთხმეტ მღვდელს ითვლის.
ამჟამად მამაოები ძირითადად დიდ დანაყოფებში, ბრიგადებისა და ცალკეული ბატალიონების დონეზე ეწევიან მსახურებას. არის დანაყოფები, სადაც მღვდლები დასანიშნი გვყავს და მხოლოდ შტატის დაშვება რჩება, რათა ეს საქმე აღსრულდეს.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი რამ: ჯარის აღმშენებლობის პროცესში სულიერი მხარის აღმშენებლობის გარეშე ჩვენ ვერ მივიღებთ იმ ჯარს, რომელიც ქართველებს ისტორიულად გვყავდა. ვერ მივიღებთ ჯარს, რომელიც მცირერიცხოვანი მრავალრიცხოვანზე იმარჯვებდა. როცა ეს ხდებოდა, ქართული ჯარი უფრო ძლიერი იყო მორალურადაც და სამხედრო ხელოვნების ფლობაშიც. ანუ, ერთდროულად გაწვრთნილნი იყვნენ სულიერადაც და ხორციელადაც. ეს პროცესი თანაბრად უნდა მიმდინარეობდეს დღესაც, რადგან ხორცი სულის გარეშე მკვდარია. ვერცერთი ამოცანა ვერ შესრულდება სულიერების გარეშე.

- როგორც ცნობილია, ადამიანის წინააღმდეგ ბოროტის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება სასოწარკვეთილებაში ჩაგდებაა, მის არსებაში უიმედობისა და მწუხარების განცდების გაჩენა...
- სწორედ ამიტომ ჩვენმა ყოფნამ ჯართან აგვისტოს ომის შემდგომ ახალი ფუნქცია შეიძინა: ზრუნვა და სატაძრო მსახურება დაღუპული ბიჭების სულთა და სახელების უკვდავსაყოფად; ზრუნვა მათ შთამომავლობაზე, მათ შვილებზე, ოჯახებზე; ტაძრის მშენებლობა თუ სხვა.
მატერიალური ფორმა სრულად გადაინაწილა თავდაცვის უწყებამ, მაგრამ სულიერი ნაწილის საკუთარ თავზე აღებას ის ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე, ეს სამღვდელო პირთა მოვალეობაში შევიდა, რათა მივიდნენ, ანუგეშონ, მათ შვილებს მოეფერონ და მათი ტკივილი ეკლესიურ ფორმაში გადაიყვანონ. ანუ, სულიერი ურთიერთობა დაამყარონ ზეციურ საქართველოსთან, სადაც მათი შვილები, მამები და ძმები არიან.

- მამა დავით, აგვისტოს როგორ გაიხსენებდით?
- აგვისტოს ომში ქართველ სამხედროებთან ერთად ოთხი მღვდელი მონაწილეობდა და, შეიძლება ითქვას, ძალიან აქტიურადაც. იმ დღეებში მათ ჯართან ერთად გაიარეს ის დაძაბული სიტუაცია. საოცარი ტკვილი განვიცადეთ, მაგრამ მღვდლის იქ ყოფნა ძალზედ აუცილებელია. ერთია, როდესაც შენი სამშობლოს გასათავისუფლებლად მიდიხარ, მეორე კი _ როდესაც უკან დახევა, თუნდაც დროებით დახევა გიწევს. ეს ძალიან მძიმედ აისახება ჯარისკაცზე და, ზოგადად, ქართველზე. ამ დროს მათ უდიდესი ნუგეში სჭირდებათ. ბოლო პერიოდში ჩვენი სამხედრო ოპერაციების ეს თითქოს ამოჩემებული მარცხი მძიმე დაღს ტოვებდა ჩვენს ჯარზე. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მღვდლებმა იმ საომარ ვითარებაში უდიდესი როლი შეასრულეს _ პარაკლისებს იხდიდნენ და ჩვენს ბიჭებს აზიარებდნენ. აქ ჩამოსულებსაც მუდმივად ვანუგეშებთ, რათა უფრო მტკიცედ იყვნენ, გული არ გაიტეხონ, შემდგომი ბრძოლებისთვის მოემზადონ. ოდესმე დადგება ჟამი უფლის დაძახებისა, ქუდზე კაცის გამოსვლისა, ჩვენს ჯარს სულიერად განმტკიცებულს, სამხედრო ძალით უფრო მედგარს, წინ წაუძღვებიან იგივე მღვდლები, რომელნიც ახლა ბიჭებთან ერთად არიან სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებში. და ეს ჩვენი ერთობლივი, ამ დიდი განსაცდელის გამარჯვებით დამაგვირგვინებელი წინსვლა იქნება.
არ არის აუცილებელი სასულიერო პირი წინა ხაზზე, მაინცდამაინც სანგარში იყოს. საკმარისია გარკვეულ უსაფრთხო ადგილამდე გაჰყვე ჯარს, აზიარო, დალოცო და ასე გააცილო. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც აგვისტოში მეომრებთან ერთად წინა ხაზზე ყოფნა მომიწია. მაშინ დავაფიქსირე, რომ რამდენიმე მებრძოლს მზერა გამუდმებით ჩემსკენ ჰქონდა მოპყრობილი, ანუ ჩემზე ზრუნავდნენ. მივხვდი, რომ მე მათ ამით გარკვეულ საფრთხეს ვუქმნიდი, რადგან ყურადღების გაფანტვას, როგორც წესი, ბრძოლის დროს მძიმე შედეგი მოაქვს.

- როგორ თანაარსებობს ეს ორი მხარე მშვიდობიანობის ჟამს, მამაო?
- როცა პატრიარქმა გვაკურთხა და ჩვენი მოღვაწეობის შესახებ დარიგებანი მოგვცა, ასე ბრძანა: “უნდა გაერთიანდეს ერი და სამხედროები ჩვენი.” სამხედრომ უნდა დაინახოს, რომ მის უკან ჩვენი დედები, მამები, შვილები დგანან, რომელთათვისაც მოუწევთ, სისხლი დაღვარონ და სიცოცხლეც კი გასწირონ. ამავე დროს, უნდა დაინახონ ჯარისკაცებმა, რომ ერის მზერაში უდიდესი იმედი იკითხება; რომ მათ გადმოულახავ ზღუდედ აღიქვამენ. სამოქალაქოებმაც უნდა იამაყონ იმით, რომ ყოველი გაღებული, თუნდაც, სახელმწიფო გადასახადი, რომელსაც ისინი იხდიან, ჩვენს მებრძოლებს, მათ აღჭურვას ხმარდება. ეს კი ის ბიჭები არიან, რომლებიც ისევ მათ შვილებს დაიცავენ და ყველაზე მძიმე წუთებში ყველაზე ცხელ ადგილზე, წინა ხაზზე დადგებიან.
იმ სამხედრო ნაწილებში, სადაც ტაძარი ფუნქციონირებს, თაობათა ერთობლიობა იყრის თავს: პაპა, ბებია, მშობლები, პატარა შვილები. სამხედროებს თავანთი შვილები მოყავთ და სამღვთო ტაძარში მსახურებას ერთად ესწრებიან, საეკლესიო დღესასწაულებს ერთად ზეიმობენ. ეს ყველაფერი საოცრად აერთიანებს ჩვენს ერს და ერთ ლამაზ, დიდ ოჯახად აყალიბებს.
  
- რას უსურვებთ, მამაო, ჩვენს ბიჭებს?
- ანტონ დიდმა ეშმაკის მიერ მიწაზე ადამიანთა დასაჭერად გაბმული ბადე იხილა და იმდენად მჭიდროდ იყო ნაქსოვი იგი, რომ შეძრწუნებულმა უფალს შეჰღაღადა: “ვინ გადარჩებაო ამ განსაცდელს?” _ “მხოლოდ მორჩილი არ გაებმებაო მასში,” - მიიღო პასუხად. მორჩილება და სიძლიერე ვუსურვოთ ყველა ჯარისკაცს, რათა აღსრულდეს ნება ჩვენი ერისა და გამთლიანდეს ქვეყანა ჩვენი. უფალმა დალოცოს ჩვენი ჯარი და სრულიად ერი ჩვენი.                                                                       

მამა დავით ლონდარიძესთან საუბრის შემდგომ კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ “ქართული ქრისტიანობა ნაწილობრივ, თავისი არსით, არის სამხედრო ქრისტიანობა, ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა და, ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა!”

No comments:

Post a Comment