Tuesday, October 27, 2009

SURVIVAL


Joao Silva's photo - Georgian soldiers in Iraq

არჩილ ომიაძე
პოლკოვნიკი,
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის G-3 სამმართველოს უფროსი

გადარჩე - ნიშნავს გაიმარჯვო!

ადამიანის ცხოვრებაში ხშირია მოულოდნელობები და არაერთხელ აღმოჩენილა ყოველი ჩვენგანი ექსტრემალურ თუ არასასიამოვნო სიტუაციაში მაინც, რომელიც სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს. განსაკუთრებით ეს ეხება მაღალი რისკის პროფესიის ადამიანებს, მათ შორის, ერთერთი მაღალი რისკის პროფესიაა სამხედრო სამსახური. სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ სამხედრო მოსამსახურეები იწვრთნებიან არა მხოლოდ საბრძოლო ხელოვნების აუცილებელ დისციპლინებში, არამედ მათ უტარდებათ თვითგადარჩენის კურსიც. აღნიშნული კურსის სრულფასოვნად შესწავლა კი განაპირობებს ასეთი ექსტრემალური ვითარებისას ინდივიდის ან ადამიანთა ჯგუფის გადარჩენის წარმატებას სხვადასხვა ბუნებრივი და კლიმატური პირობების დროს; აგრეთვე ცოდნა იმ საფუძვლებისა, რომელსაც თვითგადარჩენის კურსი უყალიბებს პიროვნებას; პირველ რიგში კი თავდაჯერებულობას და ფსიგოლოგიურად ამზადებს მას აღნიშნული სირთულეების გადალახვისათვის.
ქართულ შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე, მაშინ, როდესაც აღნიშნულ ტიპის კურსები არ ტარდებოდა და არ ისწავლებოდა და, უფრო მეტიც, არ არსებობდა ისეთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოების და წესდებები, რომლების გარეშეც წარმოუდგენელია შეიარაღებული ძალების არსებობა;  ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წყალობით გაჩაღებულ აფხაზეთის ომში, ორი ივლისის რუსული დესანტის გადმოსხმის დღეებში ქვედანაყოფების ნაწილი, რომლებიც მოქმედებდნენ ოჩამჩირის ფრონტზე, მოექცნენ ალყაში.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკის ერთერთ ქვედანაყოფში მოხდა ასეთი შემთხვევა:
სამი სამხედრო მოსამსახურესაგან შემდგარი ჯგუფი (სამწუხაროდ, მხოლოდ ორი მათგანის გვარი მახსოვს: რიგითი ზურაბ ლომიძე და რიგითი ნუგზარ ნათენაძე ახალციხიდან) მოსწყდა მთავარ ძალებს მოწინააღმდეგის იერიშის შემდგომ, აღმოჩნდნენ მტრის ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე და ალყიდან გამოსვლა განახორციელეს, ძირითადი ძალებისაგან განსხვავებით, საპირისპირო მიმართულებით, დასახლებულ პუნქტ კინდღისკენ. ამ სამიდან ერთერთი სერიოზულად იყო დაჭრილი _ ტყვია მკერდთან ჰქონდა გაჩერებული. მაშინ, როდესაც ისინი აღარავის ეგონა ცოცხალი, მოწინააღმდეგის დესანტირებიდან თერთმეტი დღის გასვლის შემდეგ გამოვიდნენ სამშვიდობოს. ამ პატარა ჯგუფმა, რომელსაც გავლილი არ ჰქონდა შესაბამისი სწავლება, თითქმის შეუძლებელი შეძლო გადარჩენის წყურვილისა და თვითგადარჩენის ინსტიქტების წყალობით. კერძოდ: მოწინააღმდეგით გაჯერებულ ადგილმდებარეობაზე შეძლეს მაღალ ოსტატურად შენიღბვა; აღმოუჩინეს დაჭრილ მეგობარს პირველადი სამედიცინო დახმარება _ შეუჩერეს სისხლდენა ბალახების საფენისა და მაისურებისაგან გაკეთებული სახვევებით; მოიპოვეს საკვები, ამ დროს შეეჩეხნენ მოწინააღმდეგის პატრულს, შეტაკებაში გამოიჩინეს დიდი ვაჟკაცობა და სამი მათგანი მოკლეს. ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გადარჩე სწორი დაგეგმარების, გამბედაობის და თვითდაჯერებულობის ხარჯზე. ამ ამბავში ყურადღება უნდა გაგამახვილდეს მხედრული მეგობრობის მაგალითზე. ჯგუფმა, რომელის გადაადგილების ტემპსაც მნიშვნელოვნად აფერხებდა დაჭრილი ნათენაძე, ბოლომდე უერთგულა მეგობარს და სწორედ მის გამო იყო, რომ ამდენი ხანი მოანდომეს ალყიდან გამოსვლას. მე არ ვიცი, ახლა სად არიან ის ჯარისკაცები, მაგრამ ეს შემთხვევა ჩემს მეხსიერებაში მყარად აღიბეჭდა. მითუმეტეს, მონაწილეებს ეს არასოდეს დაავიწყდებათ.
ადამიანის ავტონომიური პირობებში არსებობის კეთილი დასასრული დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე; საკვებისა და წყლის მარაგებზე; აღჭურვილობის ეფექტურობაზე და ასე შემდეგ..
სუბტროპიკები, მთები, უდაბნო, ზღვა – ყოველა ეს ბუნებრივი ზონა გამოირჩევა საკუთარი თავისებურებებით, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის სასიცოცხლო აუცილებლობების სპეციფიკას (ქცევის წესებს, საკვებისა და წყლის მოპოვების ხერხებს, თავშესაფარის მშენებლობას, დაავადებათა ხასიათს და მათი თავიდან აცილების ზომებს, ადგილმდებარეობაზე გადაადგილების ხერხებს.). რაც უფრო მკაცრია გარემო პირობები, მით უფრო ხანმოკლეა ავტონომიური არსებობის ვადები, მით უფრო მეტ ენერგიის დაძაბვას მოითხოვს ბუნებასთან ბრძოლა, მით უფრო მკაცრად უნდა იყოს დაცული ქცევის წესები, მით უფრო ძვირია ყოველივე დაშვებული შეცდომის ფასი.
ადამიანის სიცოცხლისუნარიანობაზე გავლენას ახდენს მისი ნებისყოფა, თავდაჯერებულობა, კონცენტრაციის უნარი, გამომგონებლობა, ფიზიკური მზადყოფნა და გამძლეობა. მაგრამ ხანდახან ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებიც არ არის საკმარისი გადარჩენისათვის. ადამიანები იღუპებიან სიცხისა და წყურვილისაგან; ვერც კი ხვდებიან, რომ სულ სამიოდე ნაბიჯში მათი გადამრჩენი წყარო არსებობს. იყინებიან სიცივეში, რადგან არ შეუძლიათ თოვლისაგან თავშესაფარის აშენება; იღუპებიან შიმშილით ტყეში, სადაც ბევრი ნადირია. ხდებიან შხამიანი ცხოველების მსხვერპლნი, რადგან არ იციან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შხამიანი ცხოველების კბენისას.
ადამიანის ნებისმიერ ადგილმდებარეობაზე ყოფნისას მისი შანსები დამიკიდებული შემდეგ ფაქტორებზე:
_ სურვილი გადარჩეს;
_ უნარი გამოიყენოს არსებული ცოდნა;
_ მკაცრად შეასრულოს ამა თუ იმ ადგილმდებარეობაზე ყოფნის მოთხოვნები;
_ თავდაჯერებულობა ადგილმდებარეობის ცოდნაში, საზრიანობა და ინიციატურობა;
_ დისციპლინირებულობა და გეგმის მიხედვით მოქმედება;
_ ანალიზისა და საკუთარი შეცდომების გათვალისწინების უნარი.
ამ ამბავში კი, მინდა, გაბედულებაზე გავამახვილო მკითხველის ყურადღება და მოგითხროთ ორი ჯარისკაცის ბედის შესახებ. ეს შემთხვევაც იმ ავბედით, ოჩამჩირეში გადმოსხმულ დესანატთან არის დაკავშირებული. ქვედანაყოფი, რომელიც ბრძოლებით გამოდიოდა ალყიდან, მოწინააღმდეგის მანევრით და ცეცხლით გახლეჩილ იქნა შუაზე _ ერთი ნაწილი ბრძოლებით გამოვიდა ალყიდან, მეორე კი, თოთხმეტი სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი ჯგუფი, მტრის ზურგისკენ წავიდა და ტყვედ ჩავარდა. ამ თოთხმეტი ქართველი მებრძოლიდან რუსებმა და აფხაზებმა დახრიტეს თორმეტი, ხოლო ორს _ რიგით ზაზა მეტრეველს და თემურ ცუცქირიძერს (ორივე ჭიათურიდან იყვნენ) _ ამოათხრევინეს საფლავები და დაამარხინეს თავიანთი მეგობრები. გაათენებინეს ერთი ღამეც და მეორე დღეს საკუთარი სამარეების გასათხრელად მიჰყავდათ. გადაადგილებისას რიგითმა მეტრეველმა ანიშნა ცუცქირიძეს, რომ თავს დასხმობდნენ მათ თანმხლებ ბადრაგს ორი კაცის შემადგენლობით, რომელმაც საპასუხოდ გაუბედავად ანიშნა უარი. ამის შემდგომ მეტრეველმა მოისროლა ნიჩაბი და ზიგზაგისებული სირბილით დაეშვა დაღმართზე, გადალახა მდინარე და შეასწრო ტყეში, სადაც აძვრა ერთ-ერთ ხეზე და შეინიღბა. კვალდაკვალ გამოდევნებულმა რაზმმა ვერ მოახერხა ხეზე დამალული ტყვის აღმოჩენა და დაბრუნდა უკან. თვალთვალის წარმოებით, თვითგადარჩენის იმ ფაქტორების გამოყენებით, რომლებზეც ზემოთ მოგითხრობდით, სრულიად უიარაღო რიგითი მეტრეველი რვა დღე იმყოფებოდა მტრის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე და გამოვიდა სამშვიდობოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ადამიანი დღემდე მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
გადარჩე – ნიშნავს გადაწყვიტო სამი უმთავრესი ამოცანა:
1. შეძლო, თავი დაიცვა სიცივისგან, სიცხისაგან და ქარისაგან; დაიცვა ორგანიზმი გაყინვისაგან ან დასიცხვისგან, ადგილმდებარეობიდან და ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე.
2. მყისიერად დაადგინო წყლის დღიური ხარჯვის ნორმა, ხოლო ხელშეუხებელი მარაგი გადაინახო უკიდურეს შემთხვევამდე. აუცილებელია მიღებულ იქნას ზომები წყლის რესურსების მოსაძიებლად.
3. შეადგნო საკვები რაციონი და დარწმუნდე, რომ არის წყლის საკმარისი რაოდენობა საკვების მომზადებისა და მოხმარებისათვის.
აქ წარმოდგენილი მაგალითები საბრძოლო მოქმედებებიდან იმიტომ არის მოყვანილი, რომ ეს გამოცემა ძირითადად სამხედრო მოსამსახურეთათვისაა განკუთვნილი და მისი ძირითადი მესიჯია - არასდროს დანებდე არსებულ რეალობას, მუდამ იბრძოლე გადარჩენისათვის - ესე იგი, გამარჯვებისათვის. ჩვენი პროფესიაც ხომ სწორედ ესაა - ოსტატურად დავძლიოთ სიძნელეები და მივაღწიოთ  მიზანს!
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ კიდევ ერთი სამხედრო თემატიკის ჟურნალის დაფუძნება და ვუსურვო მის კოლექტივს წარმატება საქართველოსა და შეიარაღებული ძალების სამსახურში.

No comments:

Post a Comment