Tuesday, October 27, 2009

孫子兵法 (”სუნ ძუ ბინ ფა” - სუნ ძუს სამხედრო სტრატეგია)

Statue of Sun Tzu in Yurihama, Tottori, Japan

მიხო მოსულიშვილი


სუნ ძუს ტრაქტატი "ომის ხელოვნება"

სიმა ციანის "ისტორიულ ჩანაწერებში" არსებობს სუნ ძუს (544 - 496 ჩვენს ერამდე) ბიოგრაფია. სუნ ძუს სახელი იყო უ. დაიბადა ცი-ს სამეფოში. სუნ ძუ მსახურობდა დაქირავებულ მთავარსარდლად ჰო ლიუსთან უ-ს სამეფოში.
ჯარების მთავარსარდლის თანამდებობაზე ყოფნისას სუნ ძუმ გაანადგურა ჩუს ძლიერი სამეფო, დაიპყრო მისი დედაქალაქი - ინი; დაამარცხა ცი-ს და ცძინის სამეფოები. მისი გამარჯვებების მეოხებით უ-ს სამეფოს მოემატა ძლიერება და შევიდა ცივილიზებული ჩინეთის სამეფოთა რიცხვში, რომელსაც ჩჟოუს დინასტიის მეფეები მეთაურობდნენ.
როცა ჰო ლიუმ შეაჯამა დაპყრობის მიღწევები, მან განსაკუთრებით გამოყო სუნ ძუ და მოინდომა მისი დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე. თუმცა სუნ ძუ, მიუხედავად გადასარწმუნებლად მიგზავნილი მოხელეებისა, დაჟინებით ითხოვდა მთაში დაბრუნების ნებართვას. სუნ ძუს უბოძეს ოქროთი და აბრეშუმით დატვირთული რამდენმე ურემი და სასახლიდან ასე გაისტუმრეს. მან კი მთელი ეს სიმდიდრე გზაზე შეხვედრილ ღარიბებს დაურიგა. ამის შემდეგ არავინ იცის, რა ბედი ეწია სუნ ძუს.
"ომის ხელოვნება" (ჩინურად: 孫子兵法; იკითხება: სუნ ძუ ბინ ფა; პირდაპირი მნიშვნელობა: "სუნ ძუს სამხედრო სტრატეგია") -- ჩინური სამხედრო მოძღვრება დაწერილი ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში სუნ ძუს მიერ, ჰო იუანის თხოვნით.
ტრქტატი შედგება ცამეტი თავისაგან და თითოეული მათგანი ეთმობა ომის წარმოების თითო ასპექტს. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად. ეს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სტრატეგიული ნამუშევარია და მან დიდი წვლილი შეიტანა, როგორც სამხედრო დაგეგმარებაზე, ასევე მის გარეთაც. პირველად ითარგმნა ფრანგი მისიონერის მიერ, დაახლოებით ორასი წლის წინ და, როგორც ცნობილია, მას დიდი ზეგავლენა მოუხდენია ნაპოლეონზე, გერმანიის გენშტაბზე მეორე მსოფლიო ომში და ასევე სპარსეთის ყურეში ოპერაცია "უდაბნოს შტორმი" დაგეგმვაზე.
მრავალ აღმოსავლეთ აზიურ ქვეყანაში "ომის ხელოვნება" სამხედრო სამსახურის გამოცდისთვის პოტენციურ კანდიდატთათვის სილაბუსის ნაწილი იყო. ის ასევე გამოყენებული იყო ზოგიერთი ევროპული ქვეყნის სამხედრო ინსტიტუტების მიერ, მაგ. გერმანიაში პირველ მსოფლიო ომამდე. აშშ საზღვაო ძალებში ის სადაზვერვო პერსონალისთვის აუცილებელ საკითხავ, ხოლო დანარჩენ სამხედრო მეზღვაურთათვის კი რეკომენდირებულ წიგნად ითვლება.
ზოგიერთის წარმოდგენით "ომის ხელოვნებას" მხოლოდ სამხედრო გამოყენება არა აქვს.
წიგნში მოცემული ტექსტის უმეტესობა არის იმაზე, თუ როგორ ვაწარმოოთ ომი ბრძოლის გარეშე. ის იძლევა რჩევებს, როგორ დავამარცხოთ ოპონენტი ისე, რომ ფიზიკური შერკინების საჭიროება არ შეიქმნეს. თანამედროვე კორპორაციულ კულტურაში ის ისწავლება "ოფისის პოლიტიკისთვის" მოსამზადებლად და ეს წიგნი დასავლეთის ქვეყნების მაღაზიებში ძირითადად ბიზნესის განყოფილებებში იყიდება.
სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიცაა რაგბი, სუნ ძუს ეს ტრაქტატი თამაშის სტრატეგიის დასამუშავებლად იქნა გამოყენებული.
იაპონურ კომპანიათა უმრავლესობისთვის "ომის ხელოვნება" აუცილებელ წიგნთა შორისაა უმაღლესი რანგის მმართველებისათვის. ბოლო ხანებში ის მზარდი პოპულარობით სარგებლობს ასევე დასავლურ ბიზნეს წრეებშიც, როგორც დამხმარე იდეოლოგია მძაფრი კონკურენციის პირობებში წარმატების მისაღწევად.
"სამხედრო ბიბლიოთეკის" სერიის ერთ-ერთ წიგნად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა ირინა აბულაშვილის მიერ თარგმნლი "ომის ხელოვნება", სადაც ავტორი შეცდომით "სუნ-ძი"-ს სახელით არის წარმოდგენილი. ავტორის სახელის ინგლისური ტრანსკრიფცია ამგვარია - Sun Tzu, ამიტომ ქართულდაც სუნ ძუ უნდა ვწეროთ და არა რუსულის გავლენით "სუნ-ძი".



ქვემოთ გთავაზობთ ამონარდებს სუნ ძუს წიგნიდან "ომის ხელოვნება":

ომს უყვარს გამარჯვება, მაგრამ არ უყვარს გაჭიანურება.

ასჯერ შეტაკება და ასჯერ გამარჯვება ეს არაა საუკეთესო, საუკეთესოა უცხო არმიის ბრძოლის გარეშე დამორჩილება.

ომი მოტყუების გზაა. თუ რაიმე შეგიძლია, აჩვენე მეტოქეს რომ არ შეგიძლია; თუ სარგებლობ რამით, აჩვენე რომ ამით არ სარგებლობ; ახლოსაც რომ იყო, აჩვენე რომ შორს ხარ; შორსაც რომ იყო, აჩვენე რომ ახლოს ხარ.


თუ გაიგე, რომ შენთან მეტოქის ჯაშუშია და გითვალთვალებს, აუცილებლად მოთაფლე, შენთან ახლოს გყავდეს.

როდესაც ჯარისკაცების სიცოცხლე საფრთხეშია, მათ არაფრის არ ეშინიათ; როდესაც მათ არ აქვთ გამოსავალი, ისინი მაგრად არიან; როდესაც ისინი მტრის მიწაზე შედიან, მათ არაფერი არ აკავებთ; როდესაც ვერაფერს ვერ იზამენ, ისინი იბრძვიან.

საუკეთესო ომია - მტრის ჩანაფიქრის ჩაშლა; შემდეგ ადგილზეა - მისი კავშირების დარღვევა; შემდეგ ადგილზეა - მისი ჯარის დამარცხება; ყველაზე ცუდია, ციხეების ალყა.

ჯერ ქალწულივით იყავი და მეტოქე კარს გააღებს, შემდეგ კი გაქცეული კურდღელივით და იგი ვერ მოასწრებს თავდაცვას.

ბევრის მართვა იგივეა, რაც ცოტას მართვა - საქმე ორგანიზებაშია.

ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის არა, ის იქნება გამარჯვებული.

ბრძოლაში მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობა არ იძლევა უპირატესობას. არ ღირს შეტევა მხოლოდ შიშველ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით.








No comments:

Post a Comment