Tuesday, October 27, 2009

Robert Kapa



ნინა შლამოვა
რობერტ კაპა - ომის ფოტოგრაფი

"ფოტოგრაფია _ ეს არის დოკუმენტი, რომლის შემხედვარეც გრძნობ, რომ ყველგან არ სუფევს კეთილდღეობა", _ ლეგენდარული სამხედრო ფოტოჟურნალისტი რობერტ კაპა.

რობერტ კაპას სადარი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში ერთი-ორი თუ მოიძებნება. მან ხანმოკლე, მაგრამ იღბლიანი სიცოცხლე განვლო და შეძლო, წარმატებისთვის ადრეულ ასაკშივე მიეღწია. ოცდაორი წლისამ მან საკუთარი ორეული _ "გმირი-ფოტოგრაფი" შექმნა, ხოლო უკვე ორმოცი წლისამ წარმატების მწვერვალს მიაღწია. ”თუ შენი სურათები საინტერესო არ არის, ესე იგი, შენ საკმარისად ახლოს არ მდგარხარ", - ამბობდა ის.
პირში გაჩრილი სიგარეტი, ოდნავ ცინიკური გამოხედვა და გამჭოლი მზერა – ასეთად დაამახსოვრდათ თანამედროვეებს ლეგენდარული ფოტორეპორტიორი რობერტ კაპა, რომლის საპატივსაცემოდაც, 1995 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება ფოტოკონკურსი, სადაც ფოტორეპოტრიორებს საუკეთესო გამოქვეყნებული ფოტორეპორტაჟისთვის საპატიო ჯილდო _ ”რობერტ კაპას ოქროს მედალი” გადაეცემათ.

თამამი არჩევანი
რობერტ კაპას ყმაწვილობის სახელი ანდრე ერნო ფრიდმანი იყო. ის 1913 წლის 22 ოქტომბერს ბუდაპეშტში, მატერიალურად უზრუნველყოფილ, ებრაულ ოჯახში დაიბადა. სკოლაში არც თუ ისე კარგად სწავლობდა. სამაგიეროდ, ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში, მიტინგებსა და სადემონსტრაციო გამოსვლებში მონაწილეობდა. ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს ჩვიდმეტი წლის მეამბოხე დააპატიმრეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სამშობლო დაატოვებინეს.
სწავლა ანდრემ ბერლინში, სოციოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დაიწყო. აქ პირველად გამოსცადა სიღარიბე, რადგან ამ დროისთვის მისი ოჯახი გაკოტრების პირას იყო და ანდრეს დაფინანსება აღარ შეეძლო. ამის გამო  მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება და ფოტოჟურნალისტი გახდა.

კარიერის დასაწყისი
სულ მალე ფრიდმანი მოეწყო ფოტოსააგენტო "დეფოტში", რომელიც სურათებით ბევრ ილუსტრირებულ ჟურნალს ამარაგებდა. პირველი დიდება ფოტოჟურნალისტს მაშინ ხვდა წილად, როდესაც კოპენჰაგენში გამართულ მიტინგზე ლევ ტროცკი გადაიღო. ტროცკი ჟურნალისტებს მისთვის სურათების გადაღებას უკრძალავდა და, ბუნებრივია, ტრიბუნას ფოტოკამერით ხელში ვერც ერთი მათგანი ვერ მიუახლოვდა. სამაგიეროდ, არავის მიუქცევია ყურადღება პატარა, “ლეიკათი” შეიარაღებული ცხრამეტი წლის ბიჭისთვის, რომელმაც მოხერხებულად გადაიღო რამდენიმე კადრი. ეს იყო ანდრეს პირველი ღირებული ფოტორეპორტაჟი, რომელიც მოგვიანებით ბევრმა გამოცემამ დაბეჭდა.


მითის დაბადება
ორ წელიწადში ახალგაზრდა ფოტოგრაფი პარიზში გადაბარგდა. ეს ქალაქი იმ დროს ანდრეს პროფესიის ადამიანებისთვის შემოქმედებით სამოთხეს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, კონკურენციაც დიდი იყო.
პარიზში ანდრემ გაიცნო გერმანიიდან პარიზში გადმოსახლებული გოგონა _ გერდა პოგორილი (შემდგომში გერდა ტარო), რომელიც მალე ანდრეს ცხოვრების თანამგზავრი გახდა. ახალგაზრდა წყვილს მატერიალურად ძალიან უჭირდა. იმისთვის, რომ ფინანსური მდგომარეობა როგორმე მაინც გაეუმჯობესებინათ, ისინი ერთგვარ ავანტიურაზე წავიდნენ: დააარსეს ფოტოსააგენტო, სადაც გერდა მდივანის და სავაჭრო აგენტის როლს ასრულებდა, ანდრე ლაბორანტი იყო, ხოლო ფოტოჟურნალისტის ფუნქცია წყვილის მიერ გამოგონილმა პერსონაჟმა – ამერიკელმა რობერტ კაპამ ითავა. ავანტიურის არსი შემდეგში იყო: უცხოელი და "სახელგანთქმული" ფოტოგრაფის სურათები უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევდა, ვიდრე ღარიბი უნგრელი ებრაელისა. იდეამ გაამართლა. პარიზში მალე ალაპარაკდნენ ამერიკელი ფოტოჟურნალისტის ნიჭსა და მოხერხებულობაზე, რომელიც ყველა მიმდინარე მოვლენის ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა ხოლმე. გამოგონილ პერესონაჟს პოპულარობას ისიც მატებდა, რომ რობერტ კაპა თვალით არავის ენახა. ცხადია, თავში აზრად არავის მოსდიოდა, რომ ეს სახელი გამოგონილი იყო. ანდრეს მუხლჩაუხრელი შრომა უწევდა, რომ ამერიკელი "ფოტოგრაფიის მამის" პრესტიჟი არ შეებღალა და, მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, ეს გამოსდიოდა კიდეც. არ აინტერესებდა კადრის ესთეტიური მხარე. სამაგიეროდ, სურათები საინტერესო და, რაც მთავარია, პირველი იყო! თვითონ საკუთარ პრინციპს ასე ხსნიდა: "თუ იტყვი, რომ ფოტოხელოვანი ხარ, შენს სურათებს არავინ დაბეჭდავს. თქვი, რომ ფოტოჟურნალისტი ხარ და გადაიღე, რაც გინდა".

ამერიკული ავანტიურა
საფრანგეთში კაპას პოპულარობამ პიკს მიაღწია. ახალგაზრდებმა ამერიკაში გამგზავრება გადაწყვიტეს, რათა ურთიერთობა იქაურ პრესასთანაც აეწყოთ. თავის თანამგზავრს გრეტა ტარო ამერიკაში უკვე “ფრანგ” ფოტოჟურნალისტად წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ავანტიურა მალე ჩაიშალა: რობერტ კაპას პერსონით ძალიან დაინტერესდა ჟურნალ VU-სა და VOGUE-ის დამაარსებელი ლუსიენ ფოგელი. წყვილის ევროპაში დაბრუნებიდან სულ მალე ჟენევაში გაიმართა ერთა ლიგის სხდომა, რომელსაც ინცინდენტი მოჰყვა და ანდრეც დაუყოვნებლივ მოვლენათა ეპიცენტრში გაჩნდა. ეს არ გამოპარვია ცნობილ რედაქტორს და სურათები რობერტ კაპას ხელმოწერით რომ მიიღო, ყველაფერს მიხვდა. ლუსიენ ფოგელი პრაქტიკული ადამიანი გახლდათ: "არშემდგარი ამერიკელის" სამსახურზე უარი არ უთქვამს და არც მისი მხილება უფიქრია. სამაგიეროდ, ავანტიურისტს ჰონორარი შეუმცირა. საბოლოოდ, სხვისი სახელის უკან მალვა თავად ფრიდმანსაც მობეზრდა და ”ამერიკულ მითს” ბოლო მოუღო, თუმცა უკვე საქვეყნოდ ცნობილი ფსევდონიმი მაინც დაიტოვა. მოგვიანებით კი საკუთარ თავზე ასე ხუმრობდა: "რობერტ კაპა დაიბადა პარიზში, ოცდაორი წლის ასაკში".

მოვლენათა ეპიცენტრში
1936 წლის ზაფხულში ესპანეთში სამოქალაქო ომმა იფეთქა. ამ მოვლენამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ცხადია, დიდი იყო მედიის ინტერესიც. რობერტი და გერდა, ფოგელის დავალებით, ამ ამბის გასაშუქებლად გაემგზავრნენ.
სექტემბრის დასაწყისში სიერა მორენას მთებში გენერალ ფრანკოს მომხრეები გააქტიურდნენ. კაპაც სწორედ იქეთ გაეშურა…
ახალგაზრდა ფოტოგრაფი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ფოტორეპორტაჟი მსოფლიო აღიარებას მოუტანდა. მომკვდავი ჯარისკაცის კადრი შეიძლება ჩაითვალოს არა მარტო რობერტ კაპას საუკეთესო ნამუშევრად, არამედ მილიტარული ჟანრის ყველა დროის საუკეთესო ფოტოდაც.
ამ დღეს კაპა ჯარისკაცების მიერ გათხრილ სანგარში შეხვდა. თავად მოგვიანებით ასე იხსენებდა: “იმ დღეს ჩვენ ყველას გვეშინოდა. ვიცოდით, რომ ფრანკისტები ახალი ტიპის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი. რესპუბლიკელების მხრიდან დაღუპულთა რიცხვი უკვე ათეულებს აღწევდა. მთელი დღე სანგარში გავატარე. სროლა რომ დაიწყო, სანგრიდან ჩემი ფოტოაპარატი ამოვწიე და ბრმად დავიწყე გადაღება...”
ლოიალისტი ჯარისკაცის სურათი დღესაც კი ბევრ მითქმა-მოთქმას იწვევს. მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეიძლება გადაიღო კადრი ობიექტივში ჩაუხედავად, ბრმად; არ იცოდე, რა ხდება შენს წინ და სრულიად შემთხვევით გამოგივიდეს ასეთი შედევრი?! იყო თუ არა ეს სცენა ხელოვნურად დადგმული? ეს კითხვა დღესაც ბევრ სპეციალისტს აწუხებს. სურათის ავტორი ყველაფერს შემთხვევითობას მიაწერდა, თუმცა არაერთხელ მოახერხა დაემტკიცებინა, რომ შემთხვევამ დამსახურებულად დააჯილდოვა.

გერდა
ოცდაშვიდი წლის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე  გარდაიცვალა გერდა ტარო _ კაპას შეუცვლელი თანამგზავრი და საყვარელი ადამიანი. უბედური შემთხვევა მადრიდთან მოხდა. მისი გარდაცვალების შესახებ წყაროები სხვადასხვა ვერსიებს გვთავაზობენ. ზოგი ამბობს, რომ ტანკის ჭურვის ნამსხვრევისგან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ის ტანკმა მანევრირებისას შემთხვევით იმსხვერპლა. ასეა თუ ისე, გერდა იყო ამ პრფესიის პირველი წარმომადგენელი, ვინც ომში დაიღუპა.
სანამ გერდა ამ საბედისწერო დავალებაზე წავიდოდა, რობერტმა ხელი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, რადგან გულის სიღრმეში ორივემ იცოდა, რომ კარიერა მათთვის პირად ცხოვრებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო...


თერთმეტ კადრში ჩატეული ომი
1940-45 წლებში რობერტ კაპა ჟურნალ LIFE-ის დავალებებს ასრულებდა.  სხვადასხვა ფრონტის ამბების გაშუქება ევალებოდა. კაპას კიდევ ერთი ცნობილი ფოტორეპორტაჟი მოკავშირეების ნორმანდიაში გადასხმის დროს არის გადაღებული. მაშინ იგი მოწინავე რიგებში იდგა და აღსანიშნავია, რომ ერთადერთი იყო, ვინც ამ მოვლენას აშუქებდა. მოგვიანებით ეს ბრძოლა გაიხსენა თავის წიგნში _@"ცოტა რამ ფოკუსს მიღმა".
ლონდონში ჩასულმა მყისვე წაიღო ფირები ფოტოსტუდიაში გასამჟღავნებლად, მაგრამ ომიდან გამოყოლილი ემოციების გამო, უყურადღებობა გამოიჩინა და ფირი ისე დააზიანა, რომ ას ექვსი გადაღებული კადრიდან მხოლოდ თერთმეტი გადარჩა. მაგრამ ეს ფოტომასალაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რათა სრულად გადმოეცა ქაოსი, რომელიც იმ დროს ნორმანდიის ნაპირებზე სუფევდა. კაპას სურათებით იხელმძღვანელა სტივენ სპილბერგმაც ფილმის "რიგითი რაიანის გადასარჩენად" გადაღების დროს.

"მაგნუმის" ხანა
1945 წლისთვის რობერტ კაპა უკვე საქვეყნოდ ცნობილი ფოტოჟურნალისტი იყო. ომის დამთავრების შემდეგ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და საცხოვრებლად იქ გადაბარგდა, სადაც მშვიდი ცხოვრება ელოდა. კაპა იმედოვნებდა, რომ @ცხოვრების ბოლომდე უმუშევარ სამხედრო ფოტოგრაფად დარჩებოდა,@ მაგრამ ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. 1947 წელს რობერტ კაპამ თავის მეგობრებთან – ჯორჯ როჯერთან, დევიდ სეიმურთან და ანრი კარტიე-ბრესონთან ერთად ფოტოსააგენტო “მაგნუმი” _ დღესდღეისობით ფოტოდოკუმენტალისტების ყველაზე წარმატებული და ცნობილი გაერთიანება დააარსა. კარიერის საწყის საფეხურზე სააგენტოს ისე უჭირდა, რომ მდივნებისთვის ხელფასის გადასახდელად რობერტს დოღზე უწევდა ფსონების დადება.

საბედისწერო დავალება
რამდენიმე წლის შემდეგ ინდოჩინეთის პირველი ომი დაიწყო და ჟურნალმა LIFE რეპორტაჟების სერია შეუკვეთა, რაზეც კაპას უარი არ უთქვამს. რობერტმა კვლავ აიღო ხელში ”ლეიკა" და დაიბრუნა ძველი პროფესია, მაგრამ ახლა უკვე არა მხოლოდ სამხედრო თემა, არამედ მოსახლეობა და ომისგან დაზარალებული უდანაშაულო ხალხიც აინტერესებდა.
"აქედან მშვენიერი ისტორია გამოვა", _ ამბობდა კაპა თავის ბოლო სიუჟეტზე, რომელსაც ”მწარე ბრინჯი” დაარქვა.
1954 წლის 25 მაისის დილას რობერტ კაპამ ჩინებულ ხასიათზე დატოვა ვიეტნამის ქალაქი ნამ-დინხი და მთელი გზა საკუთარ თავზე ხუმრობდა. ოცდაათი კილომეტრის შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, რათა გზა ბამბუკის ტევრიდან შეეთვალიერებინა. უცებ აფეთქების ხმა გაისმა...
”ხმაზე მივხვდი, რომ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აფეთქდა. ამ დროს კი ვიეტნამელმა ლეიტენანტმა მოირბინა და თქვა, რომ ფოტოგრაფი დაიღუპა", _ იხსენებდა ჯონ მაკლინი, რომელიც ასევე, ინდოჩინეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.
"ყოველთვის ისეთი ცოცხალი ადამიანი იყო, რომ ვერასოდეს შევეგუები მის სიკვდილს. ვინც იცნობდა, ყველასთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიწირა იგი შემთხვევითობამ, _ წერდა კაპაზე ერნსტ ჰემინგუეი, _ იგი ყოველთვის სულ უფრო და უფრო ახლოს მიდიოდა ხიფათთან, თითქოს უნდოდა სიკვდილისთვის თვალებში ჩაეხედა და ამჯერად ეს გამოუვიდა”.

რობერტ კაპა საქართველოში (1947)
რობერტ კაპა საბჭოთა კავშირს 1947 წელს, თავის მეგობარ ჯონ სტეინბეკთან ერთად ეწვია. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობა ამ მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნებული იყო სტეინბეკის წიგნში "რუსული ჟურნალი", ბევრი ახალი ინფორმაცია ამ მოგზაურობის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ასევე, ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს რობერტ კაპას ბევრი გამოუქვეყნებლი ნამუშევარი, მათ შორის _ შავ-თეთრი და ფერადი ფოტოები, რომლებიც ამ მოგზაურობის დროს, თბილისშია გადაღებული.

No comments:

Post a Comment