Tuesday, October 27, 2009

რენი ჰარლინი და ემირ კუსტურიცა



ილია კობერიძე

ჰოლივუდი - აგვისტოს ომზე

“საინფორმაციო ომის” წარმატებულად წარმოებას რამხელა მნიშვნელობაც აქვს, გასული წლის აგვისტოში ყველანი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მრავალმილიონიანი ბიუჯეტისა და ათეულობით კრემლზე მომუშავე ტელევიზიებისა თუ მასმედიის სხვა საშუალებების გამოყენებით საქართველოზე “იერიში” ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებამდე კარგა ხნით ადრე მოიტანა. ომის დღეებში რუსები ყველა საშუალებით ცდილობდნენ საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის მოვლენები დამახინჯებით მიეწოდებინათ და ვრცელდებოდა ლეგენდები “მძინარე ცხინვალის მიწასთან გასწორებისა” თუ “ორი ათასი მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვის” შესახებ.
ეს ისტერია არც საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შეწყვეტილა. რუსულმა ტელევიზიებმა თუ კინოსტუდიებმა აგვისტოს ომის შესახებ არაერთი ფილმი გადაიღეს, თუმცა მსოფლიოს თვალში კრემლის მიერ კონტროლირებადი არხების პროდუქტს, ცხადია, არანაირი ღირებულება არ გააჩნია და ეს ფილმებიც რუსებს ძირითადად შიდა მომხმარებელზე გავლენის მოსახდენად გამოადგათ. რაკი მიხვდნენ, რომ ამ საშუალებამ არ გაამართლა, ახალი სტრატეგია შეიმუშავეს და გადაწყვიტეს უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის კონტაქტები მსოფლიოში სახელგანთქმულ რეჟისორებთან დაემყარებინათ. 2008 წლის ნოემბერში რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა დიდი სიხარულით ამცნეს საზოგადოებას, რომ ცნობილი სერბი რეჟისორი, ემირ კუსტურიცა ოსეთის შესახებ ფილმს გადაიღებდა. თურმე, მოსკოვში მყოფ კუსტურიცასთან მოლაპარაკებებს მოსკოვში ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ვინმე ალექსანდრ ბორისოვიჩ ტოტოონოვი აწარმოებდა და თითქოს ფილმის გადაღებას წინ აღარაფერი ედგა, მაგრამ ქართველი რეჟისორები და საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელები ამ ფაქტს მაშინვე გამოეხმაურნენ და კუსტურიცას მოუწოდეს, ფილმის გადაღებამდე კონსულტაციები ქართულ მხარესთანაც გაევლო, რათა უფრო დეტალურად შეესწავლა აგვისტოს ომის მოვლენები. როგორც ჩანს, სერბმა რეჟისორმა ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა და საბოლოოდ ამ არცთუ პოპულარულ პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ ამის შესახებ უკვე აღარანაირი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.
დეკემბრის დასაწყისში, “ჰოლივუდი”-ს ვარსკვლავის, ნიკოლას ქეიჯის ფილმთან დაკავშირებით კიდევ უფრო ანეგდოტური ისტორია იყო. კუსტურიცას შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ, მავანმა “ბლოგერმა” ფორუმზე დაწერა, ქეიჯი აგვისტოს ომზე ფილმს იღებს და თავად თანაპროდიუსერიც იქნება და მთავარი როლის შემსრულებელიცო. მთავარ როლში კი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო გამოყვანილი. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის თავად მსახიობის კომენტარიც გავრცელდა: “პირდაპირ შეძრწუნებული ვიყავი პოლიტიკოსის უდიდესი ტრაგედიით. იმედი მაქვს, შევძლებ მთელი სიღრმით გადმოვცე იმ პიროვნების განცდები, რომელიც არაადამიანურ სიტუაციაში აღმოჩნდა”. მოკლედ, საკმაოდ ორიგინალურად მოფიქრებული ხუმრობა იყო და მის ავტორს კიდევ უფრო მეტი სიამოვნება რომ მიეღო, საინტერესო ხერხს მიმართა. დაწერა, თითქოს აღნიშნული კომენტარი ქეიჯმა გერმანულ ჟურნალს, Verfluchter Beobachter-ს მისცა. ქართულ თარგმანში ჟურნალის სახელწოდება “დაწყევლილი მიმომხილველი”-ა, ამგვარი დასახელების გამოცემა კი ბუნებაში არ არსებობს. ყველაზე მიახლოვებული ვარიანტი არის ფაშისტების გაზეთი Völkische Beobachter-ი (“ეროვნული მიმომხილველი”), რომელიც 1918-33 წლებში თვით გებელსის რედაქტორობით გამოდიოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფაშისტები ებრაელებს Verfluchte Jude-ად (დაწყევლილი ებრაელები) მოიხსენიებდნენ, ნათელი გახდება, თუ საიდან შეარჩია ხუმრობის ავტორმა გაზეთის ასეთი სახელწოდება. რუსულმა სააგენტოებმა ეს ხუმრობა მაშინვე საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენეს, თუმცა მერე თავად ავტორმა აღიარა, ვიხუმრეო, და რუსებს კოვზი ნაცარში ჩუვარდათ.
ამ ყველაფრის ფონზე თავიდან მორიგ ხუმრობად მოგვეჩენა ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელებული ცნობა, “ჰოლივუდში” აგვისტოს ომზე ფილმს გადაიღებენო, მაგრამ ამჯერად წყაროც რეალური აღმოჩნდა და მოქმედი გმირებიც.
ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა, Variety-მ, სადაც ძირითადად კინემატოგრაფიისა და “ჰოლივუდი”-ს ახალი ამბები შუქდება, 3 აგვისტოს დაწერა, რომ ცნობილი ფინელი რეჟისორი, “კერკეტი კაკალი 2”-ის (ბრიუს უილისის მონაწილეობით), “მთამსვლელი”-სა (სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით) და “ღმა ლურჯი ზღვა”-ს (სამუელ ლ. ჯექსონის მონაწილეობით) ავტორი, რენი ჰარლინი სექტემბრის შუა რიცხვებიდან, კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით,  დრამატული ჟანრის ფილმს გადაიღებს. ჰარლინის სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებით, საკმაოდ მცირებიუჯეტიან დრამაში აღწერილი იქნება ამერიკელი ჟურნალისტისა და მისი ოპერატორის ისტორია, რომლებიც ომის დროს ცეცხლის ხაზზე მოხვდებიან და ურთულესი არჩევანის წინაშე დადგებიან - შეინარჩუნონ პროფესიული მიუკერძოებლობა, ან ადგილობრივი მოსახლეობის მწუხარების თანამოზიარენი გახდნენ. ჰარლინთან ერთად ფილმის პროდიუსერი დავით იმედაშვილიც იქნება. აღმასრულებელი პროდიუსერებიც ქართულ-უცხოური ტანდემია - მირზა დავითაიასა და დინდი კუიპერსის შემადგენლობით.
Vარიეტყ-ის კორესპონდენტთან საუბარში ჰარლინმა განაცხადა, რომ ამგვარი ფილმის გადაღება მისი ოცნება იყო: “ასეთი არსისა და რეალობის სიუჟეტს კარგა ხანს ვეძებდი. მქონდა შანსი, გადამეღო ფილმი ფინელ გენერალ მანენჰეიმზე, ვინაც ჩემი ქვეყნის არმიას 1939 წელს რუსეთთან ომში წინამძღოლობდა, მაგრამ ფინანსების არქონის გამო ეს პროექტი ჩაიშალა. უზომოდ გავიხარე, როდესაც ორი კვირის წინ ასეთი შემოთავაზება მივიღე, ვინაიდან ეს სწორედ ის არის, რასაც ვეძებდი - უმძიმესი ადამიანური ისტორია, თავისი ტრაგიკული სცენარით. ეს ახლა მომეცა შანსი გამოვიყენო საკუთარი გამოცდილება და დავხატო სურათი კომპლექსური კონფლიქტისა, რომელიც იქნება მიუკერძოებელი, მაგრამ მტკიცე ანტისაომარი სულისკვეთების მატარებელი. მინდა, ისეთი ფილმი გავაკეთო, რომელიც რაიმეს მაინც იტყვის ადამიანური ყოფის შესახებ. თუნდაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ნახოს და ანტისაომარი მესიჯი მიიღოს, მე მაინც უზომოდ ამაყი ვიქნები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთე”.

ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი წამოწყებაა. საქართველოში ამის მოთხოვნა და სურვილი კარგა ხანია იყო, თუმცა, როგორც ყოველთვის, მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ამჯერადაც ფინანსები იქცა. მადლობა ღმერთს, გამოჩნდნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, რომელთაც ამგვარ მნიშვნელოვან პროექტში ფულის დაბანდება არ დაინანეს და სულ მალე მსოფლიო კიდევ ერთხელ, უკვე სულ სხვა კუთხით დაინახავს იმ მძიმე ტრაგედიას, რაც ქართველმა ერმა გასული წლის აგვისტოში გადაიტანა.


სურათებზე - რენი ჰარლინი და ემირ კუსტურიცა.

No comments:

Post a Comment