Tuesday, October 27, 2009

Irish Wolfhound



კახა მახატელი

შინ - ცხვარი, ნადირობისას – ლომი

ირლანდიური მგლისმახრჩობელა (ინგლისურად Irish Wolfhound) სანადირო, მწევარი ძაღლების ჯიშია.
საერთო მონაცემები ასეთია:
სიმაღლე - 71 სანტიმეტრიდან (ყველაზე მაღალი ძაღლების ჯიში მსოფლიოში, გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მაღალი ძაღლი, შეტანილია სწორედ ირლანდიური მგლისმახრჩობელა სიმაღლით 99, 5 სანტიმეტრი).
წონა - საშუალოდ 41-55 კილოგრამი.
შეფერილობა - სხვადასხვა ელფერის ნაცრისფერი, მუქი მოლურჯო-ნაცრისფერი, წითელი, ოქროსფერი, მოყვითალო, შავი და მთლად თეთრი. ნებისმიერი სხვა ფერი სასურველია მუქი იყოს, ასევე ვეფხვისებური.
ხასიათი: წყნარი, კეთილი.
ბეწვი: უხეში, საჭიროებს მოვლას. გრძელია ღაბაბთან და ლოყებთან.
ირლანდიური მგლისმახრჩობელა ფლობს შესანიშნავ სიმაღლეს და მომხიბვლელ გარეგნობას, ძალიან დაკუნთულია, მაგარი, მაგრამ ელეგანტური აგებულებისაა, მსუბუქად და სწრაფად მოძრაობს; თავი და კისერი მაღლა უჭირავს. კუდი ოდნავ ამოხრილია ბოლოსკენ.
ირლანდიური მგლისმახრჩობელა ირლანდიის ეროვნული ჯიშია. ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ბრიტანეთის კუნძულებზე კელტებთან ერთად მოხვდა დაახლოებით 300 წელს ჩვენს ერამდე. თავისი ღირსებების მეოხებით ეს ძაღლი ხშირად ხდებოდა ლეგენდების, ბალადების და ხალხური თქმულებების გმირი. ირლანდიელი რაინდები თავიანთ საჭურველზე მგლისმახრჩობელას გამოსახულებას ატარებდნენ ასეთი წრწერით:  "ნაზი - მოფერებისას, საზარელი - გამოწვევისას".
როგორც ყველა დიდი ძაღლი, ირლანდიური მგლისმახრჩობელა გვიან იზრდება და ორ წლამდე ლეკვად ითვლება. მგლისმახრჩობელა - ალერსიანი და კეთილი გიგანტია, გაავება მარტო მაშინ იცის, როცა თავდასხმას მოელის. ეს ძაღლი ძალიან ჭკვიანი და მტკიცე ხასიათისაა. გააჩნია დიდი ფიზიკური ძალა და ადვილად იწვრთნება. ლეკვს აღზრდისას ესაჭიროება მაგარი, მაგრამ ალერსიანი ხელი, რაკი ირლანდიური მგლისმახრჩობელა ძალიან იტანჯება და განიცდის, როცა მკაცრად და უხეშად ექცევიან. აქვს ბევრი კარგი თვისება, თუმცა რეკომენდირებული არაა თავდასხმას მივაჩვიოთ. ამ ძაღლზე ამბობენ - "სანამ ეფერები - ძვირფასი და კარგია, არ მოეფერები და - შენ ძვლებს ვეღარ იპოვნიან".
უყვარს ბავშვები, თამაშობს ხოლმე მათთან.
ირლანდიური მგლისმახრჩობელა არსებობს დახლოებით 2000 წელია და ამ ძაღლის ისტორია დაკავშირებულია ირლანდიის ისტორიასთან. ეს მწევრები ირლანდიაში უკვე პირველ ასწლეულში იყვნენ. მაშინ შეიცვალა ჯიშის სახელწოდება კუ-ჩულაინად (cu-chulain), ანდა კულანჰუნდად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში უიზენახმა (Uiseneach) თავისი გაქცევისას შოტლანდიაში თან წაიყვანა ასორმოცდაათი ასეთი ძაღლი. ირლანდიურმა მწევრებმა უეჭველად მიიღეს მონაწილეობა შოტლანდიური დირჰაუნდების წარმოშობაში.
დიდრონი წვერებიანი მწევარი ძაღლები მიჰყავადათ ერინიდან (ირლანდიის მეორე სახელწოდება) ძველ რომაელებს და იყენებდნენ ცხოველთა ბრძოლებში ამფითეატრების არენებზე. ამაზეა ლაპარაკი რომის იმპერატორის, კვინტუს ავრელიუსის 391 წელს დაწერილ წერილში, რომელიც ითვლება ჯიშის ხსენების პირველ საბუთად. იქ მოიხსენიება რამდენიმე ირლანდიური ძაღლი, რომში რომ მიჰყავდათ რკინის გალიებით...
ცნობილია, რომ კონტინენტის კელტებს ჰყავდათ გრეიჰაუნდები. ესენი, როგორც ჩანს, იყვნენ ჩამომავლები იმ მწევრებისა, რომელთა გამოსახულება გვხვდება ეგვიპტურ კედლის მხატვრობაში. მაგრამ კელტები ისე ამრავლებდნენ ამ ძაღლებს, რომ თავიანთთვის სასარგებლო გაეხადათ. თანახმად ისტორიული წყაროებისა, ძაღლში კელტები ყველაზე მეტად აფასებდნენ დიდ ზომას და სიჩქარეს. ამიტომ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ მესამე საუკუნეში ირლანდიური ძაღლები ითვლებოდა ძალიან ძვირფას საჩუქრად ყველა დიდგვროვანისთვის.
ძველ დროში გამრავლებისას მთავარი სილამაზე კი არა, ძაღლის ზომა და სიჩქარე იყო. ამიტომ ირლანდიურ მგლისმახრჩობელებს შეიძლებოდა ჰქონოდათ რბილი ან უხეში ბეწვი, ღია ან მუქი შეფერილობა. მოგვიანებით დომინირებდა უხეში ბეწვი, შესაძლოა, ირლანდიური კლიმატის გამო. ძველი გამომყვანები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ძაღლისათვის რაიმე სტანდარტუყული გარეგნობის მიცემას, ძაღლი ითვლებოდა იმდენად ლამაზად, რამდენადაც კარგი იყო თავისი დანიშნულებით.
XVI საუკუნეში შეიქმნა წერილობითი წყაროები მღვდელ ედმუნდ ჰოგანისა, სადაც აღნიშნულია, რომ ირლანდიაში არიან ძალიან დიდი მწევრი ძაღლები, რომლებიც გამოიყენება მგლებზე და ირმებზე სანადიროდ. მოიხსენიება 1561 წლის ნადირობა, როცა ირმების ჯოგზე მიშვებული იქნა ორსამდე მგლისმახრჩობელა.
1641 წელს მგლისმახრჩობელები საფრანგეთში გაუგზავნეს საჩუქრად კარდინალ რიშელიეს, ხოლო 1646 წელს - იტალიაში, ტოსკანის ჰერცოგს. იმხანად მგლისმახრჩობელა ძვირფას საჩუქრად იქცა მრავალი ქვეყნის მონარქებისთვის. ძაღლის სახელწოდების კიდევ ერთი შეცვლა, ეტყობა, მეთხუთმეტე საუკუნეში მოხდა, ამ დროს ყოველი საგრაფო ვალდებული იყო ჰყოლოდა ოცდაოთხი მგლისმახრჩობელა, რათა დაეცვა თავისი ჯოგები მგლების თავდასხმისგან.

XVI-XVII საუკუნეებში, როცა მთელ ირლანდიაში ინგლისის კანონები და კულტურა გავრცელდა, ირლანდიური მგლისმახრჩობელები ძალიან ფასობდა და დიდი რაოდენობით გაჰყავდათ ინგლისში და სხვა ქვეყნებში.
1652 წელს ოლივერ კრომველმა აკრძალა მგლისმახრჩობელების გაყვანა. მაგრამ 1780 წელს ბრიტანეთის კუნძულებზე მოკლეს უკანასკნელი მგელი და ამ უძველესი ჯიშის ძირითადი ამპლუა დაიკარგა, თუმცა მგლისმახრჩობელები აგრძელებდნენ ნადირობას ირმებზე, დათვებზე და სხვა დიდი ზომის მხეცებზე. იყენებდნენ სამხედრო მიზნებითაც: ამისთანა ძაღლისთვის ადვილი იყო მხედრის ცხენიდნ გადმოგდება.
1841 წელს რ. დ. რიჩარდსონმა დაბეჭდა სტატია "Irish Penny journal"-ში, რომელმაც გამოიწვია ამ ჯიშისადმი ინტერესის გაღვივება. მისი ცდა, გადაერჩინა ირლანდიური მგლისმახრჩობელა სრული გაქრობისაგან, წარმატებული აღმოჩნდა. რიჩარდსონი გასამრავლებლად იყენებდა ძუ ძაღლს, რომელიც ლამის სულ ბოლო ირლანდიურ მგლისმახრჩობელად ითვლებოდა მთელი ირლანდიაში და სწორედ მისი შთამომავლები იქცნენ ჯიშის ამაღორძინებლებად.
კაპიტან გეორგ ავგუსტ გრეჰემის სახელიც ასევე დაკავშირებულია ირლანდიური მგლისმახრჩობელას აღორძინებასთან. 1885 წელს კაპიტანმა გრეჰემმა დუბლინში ჩამოაყალიბა ირლანდიური მგლისმახრჩობელას მოყვარულთა კლუბი, რომლის მიზანი იყო ჯიშის შენარჩუნება და გადარჩენა. გრეჰემის ერთი საჯიშე ძუ - მშვენიერი და ზორბა ძაღლი, ერთი მოწმის სიტყვებით, - თავდაპირველად ძალიან მძიმე და მოუქნელი მომეჩვენაო, მაგრამ ეს პირველი შთაბეჭდილება, თურმე, მაშინვე გაუქრა, როგორც კი ძაღლმა დიდი დაძაბვის გარეშე გადალახა ექვსფუნტიანი ბარიერი. იმავე წელს დამტკიცდა ჯიშის ოფიციალური სტანდარტი, რომელიც გრეჰემმა შეადგინა. აღწერილობა იმდენად ზუსტი და სრულყოფილი იყო, რომ დღემდე გამოიყენება ორიგინლური სახით. გრეჰემი გამოდიოდა ირლანდიური მგლისმახრჩობელას ფუნქციონალური დანიშნულებიდან, ესე იგი, დაეწიოს მგელს და დაახრჩოს.
 1886 წელს გრეჰემმა დააწესა ყოველწლიური პრემია სახელწოდებით "გრეჰემის გარდამავალი ფარი", რომელიც ირლანდიური მგლისმახრჩობელების კლუბის ოფიციალური პრიზია და ყოველ წელს გადაეცემა ამ ჯიშის ძაღლის საუკეთესო მფლობელს.
ირლანდიაში ძალიან ამაყობენ თავიანთი ეროვნული ჯიშის ძაღლით, ხოლო მისი გამოსახულება ქვეყნის სიმბოლოდ იქცა. ითვლება, რომ ამ ძაღლის თვისებები გამოხატავს მისი შემქმნელი ერის თვისებებს. მგლისმახრჩობელას გამოსახულებას შეხვდებით ფაიფურის ნაკეთობებზე, ვისკის ბოთლზე "თულლამორე Dეწ", ექვსპენსიან ვერცხლის მონეტაზე, საფოსტო მარკებზე.
1902 წლიდან ირლანდილური მგლისმახრჩობელას კლუბმა თავის მფარველობაში არსებული ჯიშის ძაღლი ირლანდიურ გვარდიას წარუდგინა, როგორც თილისმა. კლუბს იმედი ჰქონდა, რომ ამით ჯიშის პოპულარობას გაზრდიდა.
პირველ თილისმას "ბრაიან ბორუ" ერქვა, ირლნდიის ერთ-ერთი ისტორიული გმირის სახელი. იმის შემდეგ კიდევ თორმეტი თილისმა იყო, ყველას ირლანდიის მეფეთა და გმირთა სახელები ერქვა. 1962 წელს მგლისმახრჩობელა დაუშვეს ოფიციალური საარმიო თილისმების კლუბში.
თავიდან თილისმა ბიჭი-მედოლის მეურვეობაში იყო, მაგრამ ახლა ძაღლზე ზრუნავს პოლკის მედოლე და მისი ოჯახი.
ირლანდიის გვარდია ბრიტანეთის არმიის ერთადერთი პოლკია, რომელსაც უფლება აქვს, თავისი თილისმა აღლუმზე გამოიყვანოს.
2007 წლეს გარდაეცვალათ თილისმა "ფერგალი" და ამჟამად ირლანდიის გვარდიას ახალ თილისმად ჰყავს "კლონმელი", რომლის დებუიტი აღლუმზე 2009 წლის 13 ივლისს შედგა.
ამ სამსახურისთვის აუცილებელ დისციპლინას და ამტანობას ძაღლი ლეკვობის დროიდან წვრთნით გამოიმუშავებს. ეს კი ნიშნავს: რეპეტიციის გრძელ საათებს სამხედრო კაპელასთან ერთად და დამღლელ სამწყობრო ვარჯიშს. შემდეგ დაძაბული მოლოდინი გვირგვინოსანი ადამიანებისა, ოფიცრებისა და სხვა სახელიანი საზოგადოებისა. მერე კი ძაღლისთვის უფლების მიცემა, რომ იმათთან ერთად იაროს საპატიო გზაზე.
ირლანდიურ მგლისმახრჩობელას, რომელიც სამხედრო სამსახურშია, აქვს თავისი ფორმა, კვება და საცხოვრებელი იმ თანამდევი მეგობრისა, რომლის ოჯახშიც ცხოვრობს და ვისთანაც მომაწილეობს საზეიმო მსვლელობებში. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედი (დედა-დედოფალი) იცნობს თავის ირლანდიურ მგლისმახრჩობელას და, რა თქმა უნდა, მონაწილეობას იღებს მისი კარიერის განვითარებაში.
დღეს ირლანდიურმა მგლისმახრჩობელამ ისევ დაიბრუნა ის რეპუტაცია, რაც შუა საუკუნეებში ჰქონდა. იგი იწვევს დიდი ინტერესს, როგორც ცოცხალი მოწმობა ირლანდიური კულტურისა და კელტური წარსულისა.
ირლანდიური მგლისმახრჩობელა, რომელზეც ამბობენ, - შინ ცხვარია, ნადირობისას – ლომიო, - დღეს მრავდლება ირლანდიის საზღვრებს გარეთაც.
ირლანდიური მგლისმახრჩობელას სილამაზე შინაგანია, დაფარული, თავიდნვე ვერ შეამჩნევ.
ირლანდიური მგლისმახრჩობელა კლასიკურ მუსიკასავით არის - ყველას მოეწონება უბრალო მელოდია, სასიამოვნო მოსასმენია და მეტი არაფერი, მაგრამ რომ დაიჭირო კლასიკური ნაწარმოების ყოველი ელფერი, მთელი მისი სილამაზე შეაფასო, სპეციალისტი უნდა იყო. ასეა ირლანდიური მგლისმახრჩობელაც - არც თავიდანვე და არც ყველას გაუხსნის თავის უდიდეს პოტენციალს, რომელიც მასში ათასწლეულების ისტორიით არის ჩადებული.


დედა-დედოფალი ირლანდიურ გვარდიასთან.

No comments:

Post a Comment