Tuesday, October 27, 2009

სამხედროს სპორტი

ილია კობერიძე

რინგიც ბრძოლის ველია

ბოლო წლებში ქართველი სპორტსმენები გუნდურ სახეობებში წარმატებებით დიდად ვერ დაიკვეხნიან. ერთადერთი სასიამოვნო გამონაკლისი მორაგბეთა ნაკრებია, სხვა მხრივ კი ძირითადად მოჭიდავეები, ძიუდოისტები, მოკრივეები და სხვა ძალისმიერი სპორტის წარმომადგენლები გვახარებენ ხოლმე. შეიარაღებულ ძალებშიც, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, პოპულარული უფრო ეს სახეობებია. აქტიურ სპორტში მოღვაწეობა ჯარისკაცს მუდმივად სასურველ ფორმაში ყოფნის საშუალებას აძლევს, ეს კი მას ნებისმიერი დავალების შესრულებას ერთი-ორად უადვილებს. ქართულ არმია ძლიერი და პერსპექტიული სპორტსმენების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ისინი როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ წარმატებულად გამოდიან. ამჯერად ყურადღებას ორ მათგანზე შევაჩერებთ.
სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის რიგითმა, თემურ ღლონტმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში გამართულ კიკბოქსინგის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირში 12 ქვეყნის უძლიერესმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. თემური უკრაინაში საქართველოსა და კავკასიის ჩემპიონის სტატუსით გაემგზავრა და 57-60 კგ. წონით კატეგორიაში ოთხი ბრძოლა გამართა. ბელგიელი, უზბეკი და პორტუგალიელი მოწინააღმდეგის დამარცხების შემდეგ, ფინალში აზერბაიჯანელს დაუპირისპირდა და არც მისი ძლევა გასჭირვებია.
თემურისგან განსხვავებით, საერთაშორისო მწვერვალების დაპყრობას მომავალში აპირებს მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის უდაოდ ყველაზე ძლიერი ჯარისკაცი, კოტე მამაგეიშვილი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კოტე სამ წელზე მეტია მსახურობს. კრივზე ბავშვობაშიც დადიოდა, მერე თავი დაუნებებია, ჯარში სამსახურის პერიოდში კი ვარჯიში ისევ განუახლებია და არც ნანობს. სუპერმძიმე წონაში  თავდაცვის პირველობის მოგებისა და საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი მიეცა. კონტინენტის უძლიერესი მოკრივეების შეჯიბრებას სექტემბერში იტალიის ქალაქი, მილანი უმასპინძლებს. კოტეც დიდი მონდომებით ემზადებოდა ამ ტურნირისთვის და ინტენსიურადაც ვარჯიშობდა, მაგრამ როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, მისი ბატალიონი ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას და შესაძლოა, მამაგეიშვილის ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება მომავლისთვის გადაიდოს. არა უშავს, სამშობლოს სადაც უფრო გამოვადგები, იქ წავალ; ავღანეთიდან რომ დავბრუნდები ვარჯიშს კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელებ და ევროპის ჩემპიონიც გავხდებიო, გვითხრა კოტემ. შეუძლებელია, არ დაეთანხმო. სპორტულ არენებზე დიდ გამარჯვებებს მოწყურებულებს ქართველი სპორტსმენების წარმატება ყოველთვის გვიხარია, მაგრამ საქართველო უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ასეთ დროს არა მხოლოდ ჯარისკაცი, არამედ თითოეული რიგითი ქართველიც თავისი ქვეყნის სადარაჯოზე უნდა იდგეს.



შეიარაღებული ძალების თასის პირველი გათამაშება ფეხბურთში

შეიარაღებულ ძალებში სპორტულ აქტივობას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა. მსოფლიოს მოწინავე არმიებში კვალიფიციური მწვრთნელების მისაწვევად მილიონებს ხარჯავენ და ცდილობენ, ჯარისკაცები ამა თუ იმ სახეობის სპორტულ შეჯიბრებებში მაქსიმალურად იყონ ჩართულნი. სამხედრო სპორტის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Military Sports Council), რომლის 131 წევრიდან ერთ-ერთი საქართველოც არის, ყოველწლიურად ათობით საერთაშორისო ტურნირს მართავს. ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული შეჯიბრებები, ეროვნულ პირველობებთან ერთად, კარგი მოსამზადებელი ეტაპია იმისათვის, რომ წარმატებულმა ჯარისკაცებმა შემდგომში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ბოლო პერიოდში სპორტული აქტივობის კუთხით აშკარად გამოცოცხლება შეინიშნება. გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სამსახურის ინიციატივით, წელიწადზე მეტია, სხვადასხვა სახეობებში საინტერესო შეჯიბრებები იმართება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელშეწყობით უკვე ჩატარდა ტურნირები მინი ფეხბურთში, კრივში, ძიუდოში, მკლავჭიდში, ხელჩართულ ბრძოლაში, ცურვასა და სნაიპერთა შეჯიბრში. ამჯერად სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის, ფეხბურთის ჯერიც დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფეხბურთი ბოლო წლებში მწვავე კრიზისშია, საზოგადოებაში და მათ შორის, შეიარაღებულ ძალებშიც კვლავაც სპორტის ნომერ პირველ სახეობად რჩება და ლოგიკურია, რომ საფეხბურთო ტურნირი ჯარში უდიდეს ინტერესს იწვევს.
13-დან 17 ივლისამდე ზოოვეტის ინსტიტუტის სტადიონზე “შეიარაღებული ძალების პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი” გაიმართება. თავდაცვის სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის შეთანხმებით ტურნირს სპორტული სააგენტო: “სპორტი, ბიზნესი, მენეჯმენტი” ატარებს. შეჯიბრებაში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კენჭისყრის შედეგად ისინი ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფების პირველადგილოსნები ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებენ. ფინალში გამარჯვებულს შეიარაღებული ძალების გარდამავალი თასი და მედლები გადაეცემა, პრიზიორებიც ასევე მედლებით დაჯილდოვდებიან. ტურნირს ფეხბურთის ფედერაციიდან საგანგებოდ მოვლენილი სამი მსაჯი მოემსახურება, რომელთაგან ორი ფიფას არბიტრია.
კენჭისყრის დროს მონაწილე გუნდების მწვრთნელებს შორის ცალკეულ ტექნიკურ საკითხებზე ისეთი მწვავე კამათი გაიმართა, რომ აშკარაა, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა, შეიარაღებულ ძალებში პროფესიონალი სპეციალისტების  მიწვევასთან დაკავშირებით, გამართლებული ნაბიჯია. ცალკეულ ბატალიონებში 18 ხელფასიანი ფეხბურთისა და რაგბის მწვრთნელის მოღვაწეობას უკვე საგრძნობი შედეგი გამოუღია. ერთ-ერთი მათგანია მე-4 ქვეითი ბრიგადის საფეხბურთო გუნდის თავკაცი, გია ქორელაშვილი. თბილისის ”დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ბრიგადაში თებერვლიდან მოღვაწეობს და სახმელეთო ძალების ტურნირზე გუნდი მესამე ადგილზე გაიყვანა. ახლა შეგირდებთან ერთად გაცილებით სერიოზული შეჯიბრისთვის ემზადება და იმედი აქვს, რომ ბიჭები თავს არც ამჯერად შეირცხვენენ.
გაერთიანებული შტაბის სპორტის სამსახურს სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. არაა გამორიცხული, საფეხბურთო ტურნირი რეგულარული ჩემპიონატის ფორმატით ჩატარდეს. 2010 წლისთვის სპორტული ღონისძიებები გაორმაგდება, მიმდინარე წელს კი კიდევ რამდენიმე შეჯიბრის გამართვაა დაგეგმილი. მათგან უახლოესი რაგბის ჩემპიონატია, რომელიც აგვისტოს თვეში ჩატარდება. ასევე იგეგმება ტურნირები პისტოლეტით სროლაში, ქართულ ჭიდაობაში, M-4-ით სროლაში, კიკბოქსინგში, კრივსა და კალათბურთში.

No comments:

Post a Comment