Monday, October 26, 2009
სნაიპერები
შალვა ლონდარიძე
"ერთი გასროლა _ ერთი მოკლული"
(სნაიპერები)
რამდენიმე კვირის წინ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სნაიპერ-ინსტრუქტორთა გადამზადების კურსები დაიწყო. სამხედროები მომზადებას ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გადიან და, ტექნიკური სახის ვარჯიშებთან ერთად, მეთოდურადაც ემზადებიან. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ მომავალში კურსანტები თავად მოამზადონ.
სნაიპერ-ინსტრუქტორები საცეცხლე მომზადებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველა ტიპის წვრილკალიბრიანი იარაღით გადიან. კურსანტები, ასევე, ბალისტიკის საფუძვლებსაც ითვისებენ, რაც სროლის ტრაექტორიის გათვლასა და სხვადასხვა ტექნიკური სახის ცოდნის დაუფლებას გულისხმობს.
გადამზადების პროგრამაში სხვა ტიპის სწავლებებიც არის გათვალისწინებული. სნაიპერ-ინსტრუქტორები მომზადებას ტოპოგრაფიის, კავშირგაბმულობის, სამთო მომზადების, გადარჩენისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემსწავლელ კურსებსაც გადიან.
მათ ჯერჯერობით ქართველი ინსტრუქტორები ამზადებენ, თუმცა მომავალში სასწავლო პროგრამაში უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობაც იგეგმება.
განხორციელდება გაცვლითი პროგრამებიც, რაც უცხოელი კოლეგებისგან ახალი გამოცდილებისა და ტექნოლოგიების ათვისებას შეუწყობს ხელს.
ერთ-ერთი მათგანი, ვინც ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სნაიპერ-ინსტრუქტორთა მომზადების კურსებს გადის, უფროსი ლეიტენანტი კობაა. ჩვენი რესპონდენტის სრულ ვინაობას, გასაგები მიზეზების გამო, არ ვამხელთ...
კობას ჩვენ ვარჯიშის დროს გამოცხადებული მცირე შესვენების დროს გავესაუბრეთ.
_ რატომ აირჩიე ეს საქმე?
_ ეს პროფესია ბავშვობიდან მინდოდა, რადგან სიტყვა “სნაიპერი” ჩემთვის იდუმალ, ძლიერ, დამოუკიდებელ, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულ მებრძოლთან ასოცირდება. სნაიპერი ყოველთვის გამოირჩევა თავისი სხარტი აზროვნებით. ამიტომაც, ჯარში ჩემი კარიერა სნაიპერის პროფესიას დავუკავშირე.
_ ყველა სამხედროს, კონკრეტული პროფესიიდან გამომდინარე, თავისი სამოქმედო გეგმა გააჩნია. სნაიპერზე რა შეგიძლია თქვა?
_ სნაიპერი მონადირესავით არის. ის თავის მსხვერპლს ეძებს და მიზანში ამოღებისას ცდილობს, ერთი გასროლით განგმიროს. თუმცა, სანამ ეს მოხდება, მრავალი ტექნიკური ფაქტორია გასათვალისწინებელი. სნაიპერმა გასროლამდე, ყველაფერი ზედმიწევნით უნდა გათვალოს. მათ შორის: ჩასაფრების ადგილმდებარეობა, ქარის მიმართულება და სიჩქარე, კლიმატური პირობები და ასე შემდეგ... თუმცა, პირველ რიგში, სნაიპერმა მსხვერპლის კვალი უნდა აღმოაჩინოს, რომ სასსურველ შეგედს მიაღწიოს...
_ მსხვერპლის აღმოჩენა და შემდეგ მისი განადგურება, ფიზიკურ მონაცემებთან ერთად, ალბათ, სიმტკიცესაც მოითხოვს?
_ ქართველი კაცისთვის სამშობლო ყოველთვის წმიდათაწმინდა იყო. ჩემი დიდი წინაპრების ძალისხმევას, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვათ სამშობლო, მეც დიდი პატივით ვუერთდები. ჩემი მიწა-წყლის დასაცავად ყველაფრისთვის მზად ვარ. ქრისტიანი კაცისთვის ადამიანის მოკვლა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ცოდვაა, მაგრამ როდესაც მტერი სამშობლოს გართმევს, უნდა შეაჩერო. ამიტომაც, ჩემს პროფესიას განსაკუთრებული მონდომებით ვეუფლები და მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, მიღებული დავალება პირნათლად შევასრულო.
_ სირთულეები ყველა პროფესიას ახლავს, თუმცა გამონაკლისები მაინც არსებობს. თქვენს პროფესიას როგორ დაახასიათებდით?
_ ჩვენს საქმეში მარტივი გადაწყვეტილებები არ არსებობს. რაც შეეხება სირთულეებს, სნაიპერი ამ მხრივ “განებივრებულია”, რაც მის პროფესიას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. ჩვენ კომპლექსურად უნდა ვფლობდეთ სიტუაციას, შედეგი კი მხოლოდ ზუსტი გასროლით მიიღწევა...
_ ორიოდე სიტყვით სნაიპერთა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასაც შევეხოთ...
_ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული ტექნიკური ბაზა გვაკმაყოფილებს, თუმცა თანამედროვე ეპოქაში მუდმივი განახლების პროცესი მიმდინარეობს და თუ ჩვენი ტექნიკური დონე კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ამას მივესალმებით. სნაიპერი მუდმივი ვარჯიშის რეჟიმში უნდა იყოს. აუცილებელია, რომ წელიწადში 400-დან 450 ვაზნამდე მაინც ისროლოს. თუ ის ამ რეჟიმს ჩამორჩა, კვალიფიკაციის შეინარჩუნება ძალიან გაუჭირდება. მისასალმებელია, რომ ამ მხრივ პრობლემა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არ არსებობს და მუდმივი ვარჯიშის საშუალება გვეძლევა.
მოქმედ სნაიპერების ასეთი ძუნწი ლაპარაკის შემდეგ, ერთ ვეტერან სნაიპერს შევხვდი და იმის იმედით, რომ ზემოთ მოყვანილ ინტერვიუს საინტერესო ცნობებს შევმტებდი, იმასაც გავესაუბრე.
ლაიმა სამხედროების ოჯახში დაიბადა. დედა მედესანტე იყო, მამა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ოფიცერი.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა რუსეთში განაგრძო, სამხედრო განხრით. მის ცხოვრებაში იყო მზარდი კარიერა სათანადო გამოცდილებით, თუმცა აფხაზეთის ომის დროს ყველაფერი შეიცვალა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, ლაიმა მშობლების წამოსაყვანად წავიდა, მაგრამ მათი მტკიცე უარის გამო, დაეტოვათ კონფლიქტის ზონა, თავადაც საქართველოში დარჩა და ქართულ საჯარისო ფორმირებების რიგებს შეუერთდა.
_ ჩემს სნაიპერულ კარიერაში პირველი მსხვერპლი ავღანეთში 1984 წელს ჩაიწერა. ახლაც მახსოვს ის მძიმე განცდა, რაც მაშინ დამეუფლა. გარკვეული დროის განმავლობაში მძაფრი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, თუმცა შემდეგ ყველაფერი დალაგდა. მეთაურმა ამიხსნა, რომ მოკლული ჩემი მოწინააღმდეგე იყო და თუ არ მოვკლავდი, დაღუპულის ადგილზე, თავად ვიქნებოდი.
_ სნაიპერობა რატომ გადაწყვიტეთ?
_ ეს პროფესია ყოველთვის მხიბლავდა. დღემდე მახსოვს ჩემი პედაგოგის სიტყვები “არ გახდეთ მკვლელები!.. სნაიპერი, მხოლოდ თავისი ჯარისკაცების დამცველია”. მიმაჩნია, რომ ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია.
_ სნაიპერის პროფესიონალურ თვისებებზე ბევრი მსმენია...
_ პროფესიონალიზმი ყველა ადამიანს უნდა ახასიათებდეს. ამ თვისებების მქონე სნაიპერს ყველა ტიპის ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი უნდა ჰქონდეს შესწავლილი. მათ შორის, უნდა ანსხვავებდეს ჯავშანტექნიკის სახეობებსა და სამხედრო მოსამსახურეთა განმასხვავებელ ნიშნებს. ასევე, კარგად უნდა ერკვეოდეს ტოპოგრაფიაში და მაქსიმალური სიზუსტით უნდა შეეძლოს რუკაზე საცეცხლე წერტილების დატანა. აქედან გამომდინარე, სნაიპერის პროფესია ერთ-ერთი ურთულესია და საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს.
ბრძოლის ველზე ყოფნისას ხანდახან კვირა ისე გავიდოდა, რომ ჩასაფრების პოზიციიდან არ გადავაადგილდებოდი.
სნაიპერი უდიდესი მოთმინების უნარით გამოირჩევა. მიკერძოებით არა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ სნაიპერი ქალის თმენა მამაკაცისას მაინც აღემატება.
ამაში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს თავად დავრწმუნდი. ჩემი კოლეგები ხშირად დამცინოდნენ, როდესაც ხეებზე, ეგრედ წოდებულ, გადაჭიმვებს ვაგებდი. როცა ვუხსნიდი, რომ ომის დროს ეს სნაიპერის უნიკალური გადაადგილებისა და მოწინააღმდეგისგან დამალვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ და “ცირკაჩს” მეძახდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ჩემს სიმართლეში დარწმუნდნენ.
_ პროფესიაონალიზმი შედეგებით განისაზღვრება. თქვენს მიერ რამდენი მოწინააღმდეგეა განადგურებული?
_ საერთო ჯამში სამასზე მეტი, თუმცა უშუალოდ რაც აფხაზეთის ომს შეეხება, ორ ასეულს ორი კაცი დააკლდა - 198...
_ შეგიძლიათ ის განცდა ამიღწეროთ, რაც გასროლამდე და გასროლისას გეუფლებათ?
_ ვიდრე ამ კითხაზე გიპასუხებთ, ვიტყვი, რომ მიზნის განადგურებას ბევრო ფაქტორი განაპირობებს. ჯაჭვური პრინციპიდან გამომდინარე ერთმანეთზეა დამოკიდებული: იარაღის ტიპი, რელიეფი, ქარის მიმართულება, ამინდის ტემპერატურა და სხვა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი, ზუსტი მიზანი და სწორად სუნთქვაა. როგორც წესი, გასროლა, ამოსუნთქვის შემდეგ უნდა მოხდეს. მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებს პრინციპი: ერთი გასროლა _ ერთი მოკლული...
რაც შეეხება განცდას, ემოცია ყოველთვის არის, მაგრამ როცა შენი ტყვიით შენივე ქვეყნის მტერი ეცემა, სენტიმენტალიზმი ნაკლებია...
_ ამის მიუხედავად თქვენს ცხოვრებაში, თუ დამდგარა ისეთი მომენტი, რომ გასროლის შემდეგ გინანიათ?
_ არასოდეს! არ მინდა თვითკმაყოფილებაში ჩამითვალოთ, მაგრამ იარაღი, მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით არასოდეს მიმიმართავს. ჩემს მიერ ნასროლ ტყვიას არც შემთხვევითი ადამიანი მოუკლავს.
_ გასროლის საუკეთესო დრო როდის დგება, არსებობს რაიმე ტაკტიკური პრინციპი?
_ არსებობს. როცა მსროლელს საკუთარი გულის ცემა ესმის... უნდა იცოდეს, რომ გასროლის საუკეთესო დრო დადგა. გულის ცემის მოსმენა კი ამოსუნთქვითა და სუნთქვის შეჩერებით არის შესაძლებელი.
_ თქვენს შვილზე უნდა გკითხოთ: სნაიპერობა რომ აირჩიოს პროფესიად, რას ეტყვით?
_ ჩემი სურვილი მისი სურვილისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება. არ მინდა, რაც მე გავიარე, ჩემმა შვილმაც იგივე განიცადოს. მიუხედავად იმისა, რომ სნაიპერის პროფესია უსაზღვროდ საინტერესოა, უამრავი ემოცია და განცდა ახლავს თან. ქალს ყოველთვის შეუძლია თავისი დარდი ცრემლით გამოხატოს, კაცს კი...
_ ჩვენი საუბრის ბოლოს ისევ თქვენს პროფესიაზე გკითხავთ. გაქვთ სურვილი, რომ სნაიპერული შაშხანიდან კიდევ ერთხელ გაისროლოთ?.
_ ამის სურვილი გასული წლის 2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის დროს გამიჩნდა. მაშინ ქალაქის მერიასთან, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად მოხალისედ გამოვცხადდი, მაგრამ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის საშუალება არ მომეცა... ამის მიუხედავად, საქართველოს დასაცავად მზად ვარ, ნებისმიერ დროს ავიღო იარაღი. ყველას სნაიპერს მინდა ვთხოვო, გაუფრთხილდნენ საკუთარ სიცოცხლეს, რადგან ბრძოლის ველზე მათზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment