Monday, October 26, 2009
ამერიკული ნაღმოსნების უწყვეტი რეიდი
ნიკა მარიამიძე
ამერიკული ნაღმოსნების უწყვეტი რეიდი
საქართველოში უმძიმესი დრო იდგა. ქართულ ქალაქებს რუსული ბომბები აწვიმდა, გზებზე ტანკები დაგრიალებდნენ, რუსული ტრიბუნები კი ცილისწამებითა და ყალბი ისტორიის შეთხზვით იყვნენ დაკავებულნი.
მტერი ყველგან იყო – ჰაერშიც, მიწაზეც და ტელეეთერშიც. რუსი სამხედროები ხმელეთიდან ქართულ პორტებსაც კი მისწვდნენ და რისი წაღებაც ვერ შეძლეს, ადგილზევე გაანადგურეს: ზოგი ააფეთქეს, ზოგიც - დაწვეს.
ერთადერთი ადგილი, საიდანაც რუსულმა ჩექმამ ვერ შემოაღწია, საქართველოს აკვატორია იყო. ამ “შეკავების” 9000 ტონიან მიზეზად კი ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი “მაკფოლი” იქცა.
ხომალდმა საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა. სიმბოლური და მრავლისმეტყველი იყო ტვირთის შემადგენლობა. ჭარბმდინარეებიან ქვეყანაში ჰუმანიტარული მისიით მომავალი, კბილებამდე შეიარაღებული ნაღმოსანი ძირითადად სასმელი წყლით აღმოჩნდა დატვირთული.
ცნობამ იმის შესახებ, რომ საქართველოსკენ ამერიკული ნაღმოსანი მოემართებოდა, აწიოკებული საქართველო ოდნავ დაამშვიდა. სამაგიეროდ, სასტიკად ააწრიალა რუსეთის გენერალიტეტი. თავიდან იმედოვნებდნენ, თურქეთი ასეთ მძიმეწონიან მოიერიშე ხომალდს შავ ზღვაში არ შემოუშვებსო. როცა გაირკვა, რომ თურქეთს ნაღმოსნის შეჩერება არც უფიქრია, რუსულ მედიაში ისტერია დაიწყო.
“ამერიკელებმა საქართველოს, პოლიტიკურთან ერთად, მძლავრი სამხედრო-საზღვაო მხარდაჭერაც აღმოუჩინეს”, _ წერდნენ კრემლის მიერ კონტროლირებადი გაზეთები და “მაკფოლის” სტანდარტულ შეიარაღებას აღწერდნენ. ეს ის უიშვიათესი შემთხვევა იყო, როცა რუსულმა მედიამ აშკარა ფაქტებს გვერდი ვერაფრით აუარა: მართლაც, ძალიან ძნელია შავ ზღვაში “ვერ შენიშნო” ასეთი გაბარიტების მქონე “მცურავი ციხე-სიმაგრე”, რომელიც თავისი პარამეტრებით კრეისერებს (უმსხვილესი სამხედრო ხომალდები) არ ჩამოუვარდება, სისწრაფით კი _ მრავალჯერ ჯაბნის.
გასაგებია შეშფოთებაც: ასეთი ხომალდები, როგორც წესი, თანამედროვე მძლავრ რადიოსალოკაციო სისტემებთან ერთად, შორი მანძილის სარაკეტო კომპლექსებსაც ატარებენ, ხანდახან კი _ ბირთვულ იარაღსაც.
გამონაკლისი არც “მაკფოლი” გახლდათ, რომელიც საქართველოსკენ ომის დაწყებისთანავე გამოემართა, ფოთის აკვატორიაში კი 24 აგვისტოს შემოვიდა და აქ ვითარების განმუხტვამდე დარჩა.
ლეგენდარული “მაკფოლი”
“არლი ბიორკის” ტიპის საზღვაო-მოიერიშე საესკადრო ნაღმოსან “მაკფოლის” (AღLEIGH BUღKE ცლასს გუიდედ მისსილე დესტროყერ) წყალწყვა ტვირთის გარეშე 6,7 ათასი ტონაა, ტვირთიანად – 8,9 ათასი ტონა.
მისი სიგრძე 154 მეტრია, სიგანე _ 20 მეტრი, წყალში კი 9,4 მეტრზეა “ჩამჯდარი”.
თავისი წონისთვის მეტად სწრაფია: 30+ კვანძის (56 კმ/სთ-ზე მეტი) განვითარება შეუძლია. საშუალოდ, 4400 საზღვაო მილს 20 კვანძის (37 კმ/სთ) სისწრაფით ფარავს ხოლმე.
ხომალდზე 71 საზღვაო ოფიცერია, მათ შორის 33 _ მაღალი რანგის პროფესიონალი სამხედრო. მათ გარდა აქ 210 მეზღვაური მსახურობს.
ხომალდისთვის საჭირო ენერგიას 4 ერთეული 25-მეგავატიანი აირ-ტურბინა ორ აგრეგატში გამოიმუშავებს. აგრეგატებს ჯამურად 75 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის მოცემა ძალუძთ.
ასეთი სიმძლავრის ენერგია არა მარტო სვლისთვის, არამედ უახლესი სარაკეტო სისტემებისა და თანამედროვე რადარებისთვისაც არის საჭირო: ხომალდი “ასროკისა” და “ტომაჰავკის” ტიპის ტაქტიკური რაკეტების გამშვები სისტემებითაა აღჭურვილი. ცნობისათვის: “ტომაჰავკი” მიზანს, ზღვაში თუ ხმელეთზე, 2500 კილომეტრის მანძილზეც წვდება, “ასროკი” კი წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო უმძლავრესი ტაქტიკური იარაღია.
ოთხი სხვადასხვა ტიპის (როგორც საჰაერო, ისე წყალქვეშა) ტაქტიკურ-გამშვებ დანადგართან ერთად, ხომალდი საზენიტო-საარტილერიო იარაღითაც არის აღჭურვილი. აქ არის 600 ჭურვზე გათვლილი 127 მმ-იანი საარტილერიო დანადგარი Mარკ 45, 2 ცალი 6-ლულიანი 20 მმ-იანი საზენიტო დანადგარი “ფალანქსი”, სატორპედე-სანაღმო შეიარაღება: 2X3 324 მმ-იანი Mკ.32 ტიპის ტორპედოები, 2 ერთეული 25 მმ-იანი და 4 ერთეული 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევები.
მიუხედავად იმისა, რომ “მაკფოლის” შეიარაღებაში საჰაერო ძალები არ შედის, ის აღჭურვილია “სიჰოუკის” ტიპის ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო ვერტმფრენსაც უმასპინძლოს.
მაგრამ, ხომალდის უმთავრესი სიამაყე მაინც თანამედროვე, უძლიერესი რადარებია, რომლებიც როგორც წყალქვეშა, ისე საჰაერო სივრცესაც ზვერავენ. სათვალთვალო სისტემები შორ მანძილზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ხომალდს ელექტრონული თავდასხმის საწინააღმდეგო იარაღიც აქვს. ანუ, მისი სარაკეტო-გამშვები დანადგარების დაზიანება, ფაქტობრივად, შეუძლებელია _ ეს იარაღი ელექტრონული შეღწევის ნებისმიერ მცდელობას აღკვეთს.
როცა ასეთი მძლავრი ამერიკული ნაღმოსანი შავ ზღვაში შემოდის, რუსეთში სიმშვიდის შენარჩუნება, ბუნებრივია, რთულდება. იოლი მისახვედრია, რამ უფრო ააღელვა ჩრდილოელი მეზობელი: ნაღმოსნის საიერიშო შეიარაღებამ თუ სათვალთვალო სისტემებმა. მოსკოვის დაბომბვას რომ არავინ აპირებდა, იმთავითვე ნათელი იყო. აი, მეთვალყურის სიახლოვე კი აქტიურ საინფორმაციო-პროპაგანდისტულ ომში მართლაც სერიოზული შემაფერხებელი გარემოებაა. სხვა თუ არაფერი, მაპროვოცირებელი მანევრების საწარმოებლად და მერე ამ მანევრების მოწინააღმდეგისთვის გადსაბრალებლად ფართო გასაქანი აღარ რჩება.
ცალკე თემაა ვიზიტის პოლიტიკური მხარდაჭერის ასპექტი. საქართველოს წყლებში ხომალდის გამოჩენა პირდაპირ მიუთითებდა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებდა თამაშის რუსული წესების მიღებას და ომგადახდილ საქართველოს სამხედრო პოტენციალის აღდგენაში აუცილებლად დაეხმარებოდა.
“მაკფოლი” პირველი ანგარიშგასაწევი მოიერიშე ნაღმოსანი ხომალდი იყო, რომელიც შეერთებულმა შტატებმა საქართველოში გამოგზავნა. მანმადე, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისთვის, შავ ზღვაში მხოლოდ ფრეგატის ტიპის ხომალდები (“ჯონ ჰოლი”, “Uშშ კლარკინგი" და სხვა) შემოდიოდნენ. “მაკფოლის” შემდეგ კი ქართულ პორტებს უკვე სისტემატურად სტუმრობენ ამერიკული ხომალდები და ქართველ სამხედროებთან ერთად ნატო-ს პარტნიორული პროგრამებით გათვალისწინებულ სწავლებებში მონაწილეობენ.
მაგალითად, პირველი ნაღმოსნის სტუმრობიდან სამიოდე დღეში, 27 აგვისტოს, “მაკფოლს” “დალასი” მოჰყვა. შედარებით მსუბუქმა (3250 ტონა წყალწყვის), ფრეგატის ტიპის ხომალდმა, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო-სათალთვალო დანადგარებით იყო აღჭურვილი, ქართულ პორტში მცირე ხანს – “მაუნთ უითნი”-ს შემოსვლამდე დაჰყო.
“მაუნთ უითნი” “მაკფოლზე” გაცილებით დიდი, 18 ათასი ტონა წყალწყვის ხომალდი გახლავთ. ის “ფალანქსის” ტიპის ორი საზენიტო სისტემით, ორი 25-მმიანი და ორი 50-კალიბრიანი ტყვიამფრქვევებითაა შეიარაღებული. ატარებს საბრძოლო ვერტმფრენს და აქვს სარაკეტო-გამშვები დანადგარიც.
ოქტომბრის დასაწყისში რუსულ მედიაში ისევ დიდი აურზაური იყო. ამის მიზეზი მორიგი ამერიკული ნაღმოსანი _ “მეისონი” გახლდათ, რომელიც თავდასხმის მოსაგერიებლადაა აღჭურვილი და მის გემბანზე სწორედ ის გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაა განლაგებული, რომლის ხსენებაც და საკუთარ საზღვრებთან მიახლოება ასე აღიზიანებს რუსეთის ოფიციოზს.. ზუსტი დამიზნების საზენიტო საცეცხლე იარაღთან ერთად, ხომალდს უმძლავრესი საჰაერო-სადაზვერვო სისტემა და “უჩინარი” სარაკეტო-გამშვები დანადგარი (AEGIშ სისტემა) აქვს.
18 ოქტომბერს საქართველოს კვლავ “არლი ბიორკის” ტიპის საესკადრო ნაღმოსანი ეწვია. “Uშშ Bარრყ”-ს შეიარაღება “მაკფოლის” იდენტურია, თუმცა “ბარის” გემბანზე საკუთარი საბრძოლო ვერტმფრენიც ჰყავს.
დეკემბრის ბოლოს ფოთს FFG-50 ტიპის ფრეგატი “Uშშ თაყლორ” სტუმრობდა.
ამ ერთი თვის წინ კი სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა კიდევ ერთმა მძიმეწონიანმა “არილ ბიორკის” ტიპის ნაღმოსანმა “სტაუტმა” მიიღო.
“სტაუტი” შეიარაღებულია ორი ერთეული “იჯისის” სისტემის ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარით. სხვადასხვა კომბინაციებით, აქედან შესაძლებელია ფრთიანი “ტომაჰავკის”, “სტანდარტ-2”-ისა და “ასროკ”-ის ტიპის რაკეტების გაშვება.
წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო, სატორპედე-სანაღმო, საზენიტო და საარტილერიო შეიარაღებით “სტაუტი” “მაკფოლს” წააგავს. განხსვავებულია გემსაწინააღმდეგო შეიარაღება: “სტაუტის” არსენალში 2X4 გემსაწინააღმდეგო რაკეტა “ჰარპუნი” და “სტანდარტ-2”-ის ტიპის 74 ერთეულამდე საზენიტო რაკეტა შედის. გარდა ამისა, “სტაუტის” გემბანზე საბრძოლო ვერტმფრენია დისლოცირებული.
ამერიკული ნაღმოსნების სტუმრობა საქართველოსთვის ახალი ხილი უკვე აღარაა, თუმცა ამ ვიზიტების პოლიტიკური დატვირთვა დღესაც ისეთივე მაღალია, როგორიც ამ ერთი წლის წინ იყო.
ინფორმაცია ნაღმოსნების შესახებ:
საესკადრო ნაღმოსნების დანიშნულება
საესკადრო ნაღმოსნები წყალზედა მოიერიშე ხომალდების კლასს განეკუთვნება. თავდაპირველად ასეთი ხომალდები პირველი მსოფლიო ომის წინ გამოჩნდა. მათი დანიშნულება ნაღმმზიდებთან ბრძოლა, დაზვერვა, სახაზო გემებისა და მძიმეწონიანი კრეისერების დაცვა, აგრეთვე _ მოწინააღმდეგის მსხვილი გემების ტორპედირება იყო. თუმცა, მათმა მანევრულობამ და სისწრაფემ მალე ამ ტიპის ხომალდებს სხვა დამატებითი ფუნქციებიც შესძინა.
ახლა საესკადრო ნაღმოსანი (ნაღმმზიდების გამანადგურებელი) _ მრავალფუნქციიანი საბრძოლო სწრაფმავალი მანევრული ხომალდია, რომლის დანიშნულებაც წყალქვეშა გემებთან, საფრენ აპარატებთან (მათ შორის – რაკეტებთან) და მოწინააღმდეგის ხომალდებთან ბრძოლაა. გამოიყენება ხომალდთა შენაერთის (არმადის, ფლოტილიის) ბადრაგირებისთვის. ასევე, სადაზვერვოდ, ნაპირზე გადმოსხმის პროცესის საარტილერიო მხარდაჭერისა და დანაღმული ბარიერების შესაქმნელად.
საესკადრო ნაღმოსნების თავისებურებანი
საესკადრო ნაღმოსანი ჩვეულებრივი ნაღმმზიდისგან დიდი სისწრაფითა და ზომით გამოირჩევა: ნაღმმზიდები დღემდე მსუბუქ ხომალდთა კატეგორიას განეკუთვნებიან და მძლავრი არტილერიით არ არიან შეიარაღებულნი. ეს მაშინ, როცა საესკადრო ნაღმოსნები რამდენიმე ტიპის მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარებით არიან აღჭურვილნი.
თანამედროვე საესკადრო ნაღმოსნები წყალწყვით მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მსუბუქ კრეისერებს არ ჩამოუვარდებიან, მაგრამ საბრძოლო სიმძლავრე მათზე შეუდარებლად მეტი აქვთ.
2005 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ნაღმოსანთა რიცხვი 200-ს არ აჭარბებდა. მათი წარმოება ტექნოლოგიების გართულებამ და, შესაბამისად, მათი წარმოების გაძვირებამ შეაფერხა.
ამიტომ დღეს ისეც ხდება, რომ სახელმწიფოები მსუბუქი კრეისერის მახასიათებლების მქონე ხომალდებს “დიდ ნაღმოსნებად” ნათლავენ (მაგალითად, ბრიტანული “ქაუნთი”), რათა მათი აშენების უფლება მოიპოვონ. ხდება პირიქითაც, როცა სახელმწიფოები საკუთარი პრესტიჟის ასაწევად ფრეგატის მახასიათებლების მქონე ხომალდს “მომცრო ნაღმოსნად” ასაღებენ (მაგალითად, არგენტინული “ალმირანტე ბრაუნი”).
მიუხედავად ამისა, 21-ე საუკუნის დასაწყისში საესკადრო ნაღმოსნების მშენებლობაში ძირითად ტენდენციებად რჩება: საბრძოლო ინფორმაციული მართვის სისტემების გამოყენება (მაგალითად, ამერიკული AEGIშ – საჰაერო დაზვერვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა); კონსტრუქციაში უჩინარობის (“სტელსის”) ელემენტის შეტანა; ავტომატიზების და, მასთან ერთად, დამხმარე ენერგოდანადგარების ხვედრითი წონის ზრდა; გამავლობისა და “დასახლებულობის” ზრდა სვლის სიჩქარის ხარჯზე; რაოდენობის ხარჯზე ხომალდთა ხარისხობრივი გაუმჯობესება.
ამერიკული ნაღმოსნები
ამერიკაში საესკადრო ნაღმოსნების ძირითად დანიშნულებად ავიამზიდი ჯგუფების დაცვას, სახმელეთო ჯარების მხარდაჭერას, სადესანტო ძალების საზღვაო უზრუნველყოფას და, აგრეთვე, ბადრაგის დაცვას მიიჩნევენ. DDG-51 Aრლეიგჰ Bურკე (“არლი ბიორკი”)-ის ტიპის ხომალდები დღეს მსოფლიოში ყველაზე მასიურ საესკადრო ნაღმოსნებად ითვლება. ამჟამად აშშ-ს 55 ასეთი ხომალდი უკვე ჰყავს, 7-ს კი აშენებს. მშენებარე ხომალდების წყალწყვა 9600 ტონაა, მათ ბაზურ ელემენტებს კი სარაკეტო ცეცხლის დამიზნებისა და მართვის უნივერსალური სისტემა AEGIშ და ფაზირებული საანტენო ცხაურით (შPY-41) აღჭურვილი რადიოსალოკაციო სადგური შეადგენს. ხომალდები შეიარაღებულია MK ტიპის 5-დიუიმიანი, 45-კალიბრიანი ავტომატური იარაღით, ორი ერთეული ჩაშენებული სატორპედე აპარატით, საზენიტო და გემსაწინააღმდეგო რაკეტებითა და “ტომაჰავკებით” (ფრთიანი რაკეტები). ნაღმოსანთა ამ მოდელის ბოლო სერიას აქვს ანგარი, რომელიც გათვლილია 2 ერთეულ წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ვერტმფრენზე, რაკეტების გამშვები უჯრედების რიცხვი კი უკვე არა 90-ს, არამედ 96-ს შეადგენს.
2012 წლისთვის აშშ “არლი ბიორკებს” გააუმჯობესებს და საესკადრო ნაღმოსნების როლს გააფართოებს: ეს ხომალდები სახმელეთო ოპერაციების დროს შემტევ ფუნქციას შეითავსებენ და მათი მთავარი ამოცანა სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად ხმელეთზე არსებული სამიზნეების შეტევა იქნება. 155 მმ-იანი იარაღით 100 მილამდე მანძილზე წვდომაა შესაძლებელი, სარაკეტო სისტემა 100-დან 200-მდე მილს დაფარავს, ხოლო “ტომაჰავკი” კი მიზანს 200-დან 1600 მილამდე (2575 კმ) მანძილზე მიწვდება. ასეთი გაუმჯობესება საესკადრო ნაღმოსნების წარმოებას თითქმის ორნახევარჯერ (3-5 მლრდ აშშ დოლარამდე) გააძვირებს, ამიტომ აშშ ჯერჯერობით მხოლოდ სამ ერთეულ ამგვარად განახლებულ ხომალდს დასჯერდება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment