Monday, October 26, 2009

ორი ნანა აგვისტოს ომში




სურათებზე - მარცხნივ სერჟანტი ნანა ბასლანძე და მარჯვნიც სერჟანტი ნანა ცხადაძე

ზურაბ ოდილავაძე

ორი ნანა აგვისტოს ომში

2008 წლის 7 აგვისტოს სამხედრო მეთაურის ბრძანებით სერჟანტები ნანა ბასლანძე და ნანა ცხადაძე მივლინებულ იქნენ ცხინვალის რეგიონში.
ღამე ავნევში გაათენეს.
გათენდა რვა აგვისტოს დილა.
ქართული საჯარისო ნაწილები მიიწევენ ცხინვალისკენ. მოწინავე რაზმები ებმებიან მტერთან გააფთრებულ შეტაკებებში.
მეოთხე ბრიგადა მიდის სოფელ ხეთაგუროვოს გავლით.
როგორც წესი და რიგია, ბრიგადას უკან მიჰყვება სამედიცინო ნაწილი. მანქანაში სხედან ლეიტენენატი ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი, სერჟანტები ნანა ცხადაძე და ნანა ბასლანძე. გვერდით, ფეხით მოყვებათ ლეიტენანტი ავთანდილ ხოზრევანიძე.
ერთ-ერთ მიტოვებული სახლის ფანჯარაში ზურაბ ბეგიაშვილი შენიშნავს, თუ როგორ შერხევა ფარდა.
- ჩასაფრებაა!
მანქანაში მსხდომნი უცებ გადმოდიან.
იწყება ორმხრივი სროლა.
გაანადგურებენ ჩასაფრებულ მტერს.
მერე ბეგიაშვილი და ხოზრევანიძე აგრძელებენ ცხინვალისკენ გზას. იმავდროულად, ნანა ცხადაძე და ნანა ბასლანძე სამედიცინო დახმარებას უწევენ ოს მოსახლეობას და უტოვებენ მედიკამენტებს.
დაწინაურებული ბეგიაშვილისაგან რადიოგადამცემით ნანა ცხადაძე იღებს ბრძანებას, რომ ექთან ნანა ბასლანძესთან ერთად გადაასწრონ სამხედრო ნაწილებს, გადაიწიონ წინა ხაზზე და შევიდნენ ცხინვალში, სადაც ამ დროისათვის უკვე ბევრი დაჭრილია.
ორივე ნანა შეუდგება ბრძანების შესრულებას.
ცხინვალის მისადგომებთან, ტყის განაპირას მეოთხე ბრიგადის სამედიცინო ნაწილი იწყებს საველე-სამედიცინო პუნქტის გაშლას.
ტყეში კი ჩვენს მებრძოლებს უკავიათ პოზიციები.
მიდის ინტენსიური სროლა.
უამრავი ჭურვი სკდება ირგვლივ.
ამის მიუხედავად, მედიკოსები იღებენ დაჭრილებს, უტარებენ პირველად სამედიცინო დახმარებას.
ცხინვალშიც სისხლისმღვრელი შეტაკებებია და მდგომარეობა კრიტიკულია. მრავალი დაშავებული ითხოვს შველას.
სამედიცინო ნაწილში იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დროებით მიატოვონ სამედიცინო პუნქტი და დაეშვან უშუალოდ ქალაქის ქუჩებში. არადა, ტყიდან ქალაქამდე ჩამოსასვლელ ფერდობს აკონტროლებს მტრის სნაიპერი, რომელიც ჩამჯდარია ამ ფერდობის გადაღმა მდებარე შენობაში და დამიზნებით ისვრის.
ლეიტენანტები ზურაბ ბეგიაშვილი და ავთანდილ ხოზრევანიძე, სერჟანტები ნანა ბასლანძე და ნანა ცხადაძე სხდებიან ტანკში და ასე ჩადიან ქალაქში.
ცხინვალი ძლიერ საარტილერიო ცეცხლშია გახვეული, აქა-იქ ფეთქდება ჭურვები. ქალაქის თავზე მტრის თვითმფრინავები ტრიალებენ და ისინიც ინტენსიურად ბომბავენ ქუჩებსა და სახლებს.
მიდის გააფთრებული ქუჩის ბრძოლები. ცეცხლის წვიმაა ირგვლივ.
ამის მიუხედავად, სამედიცინო ნაწილი ზურაბ ბეგიაშვილის, ავთანდილ ხოზრევანიძის, ნანა ცხადაძის და ნანა ბასლანძის შემადგენლობით მაინც ასრულებს თავის სამხედრო და პროფესიულ მოვალეობას. აქ ტრავმის ძირითადი სახეობაა - კიდურების ნაღმ-ფეთქებადი ამპუტაცია ძლიერი არტერიული სისხლდენით. მებრძოლებისთვის სისხლდენის შესაჩერებლად მედიკოსები მოგლეჯილ კიდურებზე ადებენ ჩალიჩებს ("ჩალიჩი" ნიშნავს Жгут-ს - ირწმუნება ერთი ნანა...) და ტყისკენ ევაკუაციაში ეხმარებიან დაჭრილებს. ეს დახმარება კი იოლი სულაც არ არის - დაჭრილების უსაფრთო გადაადგილებისთვის, ქალები იძულებულნი არიან ავტომატები აიღონ ხელში და დაშავებულებს უსაფრთხოების დერეფნები მოუწყონ. მერე მედიკოსები დაჭრილებთან ერთად ადიან ტყესთან მოწყობილ სამედიცინო პუნქტში. მხოლოდ ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი რჩება ქალაქში და ამის შემდეგ არავის უნახავს...
გრძელდება დაშავებული მებრძოლების დათვალიერება, შემდგომი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.
სროლა უფრო ძლიერდება. იბომბება ქალაქი და წარა-მარა სკდება ჭურვები.
მძიმედ არის დაშავებული კაპიტანი დავით ცენტერაძე.
სასიკვდილოდ არის დაჭრილი ლეიტენანტი ამირან ნადარეიშვილი, იურისტი.
ნანა ცხადაძე და ავთანდილ ხოზრევანიძე ინტენსიურ გადასხმებს აკეთებენ, რომ დასახიჩრებული მეომრები შოკიდან გამოიყვანონ. თავიდან ფეხებამდე სისხლში არიან ამოსვრილები...
მოგლეჯილ კიდურზე ჩალიჩის ("ჩალიჩი" ნიშნავს Жгут-ს, - ირწმუნება მეორე ნანაც...) გადაჭერის მაქსიმალური ვადა - ორი საათი იწურება. თუ ჩალიჩი (ორივე ნანა მართლია, "ჩალიჩი" რუსულად ნიშნავს Жгут-ს, ინგლისურად კი თოურნიქუეტ-ს) არ მოხსენი დროებით, კიდური იწყებს დანეკროზებას და დაჭრილი ინტოკსიკაციისგან კვდება...
ბრიგადის სამედიცინო დახმარების სპეცმანქანები, "ამბულანსები" კი ისევ არა ჩანან...
და ნანა ბასლანძე ითხოვს, რომ ადგილობრივი ძალებით გადაარჩინონ დაჭრილები. სერჟანტი გიორგი ძებისაშვილი თანახმაა.
დაშავებულ მებრძოლებს სამხედრო პიკაპ "ჰაი ლუქსზე" ათავსებენ, რომ გორის ჰოსპიტლში გადაიყვანონ.
ტყის თავზე მტირს თვითმფრინავები მოფრინავენ და თავისებური წივილით-წივილით ჰყრიან ავიაჭურვებს. წითელ ჯვრებს, რომლებითაც აღნიშნულია სამედიცინო პუნქტი, არად დაგიდევენ რუსი პილოტები და...
სერჟანტი ნანა ცხადაძე აფეთქების ტალღამ რამდენიმე მეტრზე გადაისროლა და გონება დააკარგვინა.
მძიმედ დაიჭრა ექიმი ხოზრევანიძეც.
გონზე რომ მოვიდა და თვალი გაახილა, ნანამ დაინახა, რომ დაჭრილია მხარში... გარშემო ბევრი დასახიჩრებული გვამია, ხოლო მის გვერდით მოგლეჯილი თავი და ხელი გდია...
სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა საევაკუაციო მანქანასთან მდგარი სერჟანტი ნანა ბასლანძე. მიზანში ჰყავდა ამოღებული სნაიპერს, როცა დაჭრილებით სავსე ავტომანქანას მოხვდა ჭურვი. აფეთქების ტალღამ ნანა უკან გადაისროლა, რის გამოც ზურგში ნასროლმა სნაიპერის ტყვიამ მხოლოდ მხარზე გაკაწრა და თითი დაუზიანა.
ამ აფეთქების შედეგად ორივე ნანამ დაკარგა ავტომატები და ერთი ფიქრიღა ჰქონდათ - მტერს არ ჩავარდნოდნენ ტყვედ.
მერე იყო გორის ჰოსპიტალი და ქარელის საავადმყოფო. ოპერაციები. მკურნალობა...
ამჟამად ორივე ნანა აგრძელებს სამხედრო სამსახურს: ნანა ცხადაძემ განაახლა კონტრაქტი. ნანა ბასლანძე ორ ვაჟკაცს უზრდის სამშობლოს.
არც ერთი ნანა არ ითხოვს არაფერს, მხოლოდ ერთი ოცნება აქვთ -
კიდევ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში.
მანამდე კი წელიწდში ერთხელ მაინც მოინახულებენ ხოლმე გარდაცვლილი მეგობრების საფლავებს მუხათგვერდის მემორიალურ სასაფლაოზე.


ნანა გურამის ასული ბასლანძე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამედიცინო ოცეულის სერჟანტი, ექთანი. ლტოლვილი ოჩამჩირიდან, ცხოვრობს თბილისში. ახლახანს გარდაეცვალა მეუღლე და მარტოხელა დედა ზრდის ორ შვილს.
სამედიცინო დიაგნოზი: მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობა რბილი ქსოვილების დეფექტით და უცხო სხეულებით, თითის ფალანგის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი დაზიანების ხარისხი: ნაკლებად მძიმე.
სახელმწიფო ჯილდო: მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის.

ნანა გივის ასული ცხადაძე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატლიონის სამედიცინო ოცეულის სერჟანტი, სამედიცინო პუნქტის უფროსი. ექიმი-ფარმაცევტი. 2006 წელს კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის შემადგენლობაში, ძმასთან, სერჟანტ ზვიად ცხადაძესთან ერთად შვიდი თვის განმავლობაში მსახურობდა ერაყში, ქალაქ ბაქურბას წითელ ზოლში, შემდეგ მესამე სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში.
სამედიცინო დიაგნოზი: მარცხენა მხრის ნაღმ-ფეთქებადი მოტეხილობა, რბილი ქსოვილის და ძვლის დეფექტით; რადიალური ნერვის დაზიანება სახსრის ფუნქციის ნაწილობრივი მოშლით.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი დაზიანების ხარისხი: მძიმე.
სახელმწიფო ჯილდო: მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის.

No comments:

Post a Comment