Monday, October 26, 2009

მიხო მოსულიშვილი - "არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა"



"არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა"
(საქართველო - რუსეთის ომის წლისთავი)

"თქვენ შეიძლება მოგიწიოთ ბრძოლა მაშინაც, როდესაც გამარჯვების არავითარი იმედიც კი არ არის, რადგან მონობაში სიცოცხლეს, ისევ გადაშენება სჯობია".
უინსტონ ჩერჩილი



”მგზავრის წერილებში” დაწერს ილია ჭავჭავაძე მთელი საქართველოს მარადიულ ნატვრას, მოხევე ლელთ ღუნიას პირით იტყვის:
”ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო”.
”არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ გარეშე ღვთისა დამბადებლისა” - ესეც ქართველების ნათქვამი ფრთიანი ფრაზაა, უფრო უწინდელი...
რიცხვობრივად პატარა ერის ბედისწერა ეს არის - ჩვენი თავი ჩვენადვე რომ არ გვეყუდნოდა ხშირად...
რამდენი უკეთესი ქართველია ლელთ ღუნიას ამოთქმული ნატვრით საფლავში ჩასული...
ჩვენ აღარ წავალთ იმათსავით, ჩვენ დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს ვნახავთ...
ამ ომზე კიდე - ის უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ მივდივარ რუსეთის დასაპყრობად, რუსი მოდის აქ საქართველოს დასაშლელად და - თავი უნდა დაიცვა კაცმა,...
ყველაზე მეტხანს - მთელი სამასი წელიწადი - ისხდნენ არაბები თბილისში და ბოლოს მაინც მოუწიათ წასვლა იმ თავიანთ უდაბნოებში... რუსები 226 წელია აქ არიან და – ისენიც წავლენ.
და სანამ რუსეთის ჯერაც ისევ იმპერია კიდევ ერთხელ, ახლა უკვე საბოლოოდ დაიშლება ცაკლეულ ქვეყნებად, ისევ საშიშია, ისევ საბჭოთა კავშირის აღსადგენად აღჟარუნებს თავის მოძველებულ იარაღს.
 1998 წელს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დადო თანამშრომლობის ქარტია, რითაც ამერიკა გვერდით დაუდგა ამ ქვეყნებს რუსული აგრესიისგან თავდაცვის საქმეში, ვიდრე ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში, იგივე ნატო-ში შეასწრებდნენ ეს რესპუბლიკები. Qქარტიამ ყინულმჭრელის როლი შეასრულა ნატომდე მიღწევაში. 2004 წელს ბალტის ქვეყნების ნატო-ში შესვლით იმ ქარტიის ძირითადი მიზნები აღსრულდა,
ხოლო 2009 წლის იანვარში კი – ამერიკასა და საქართველოს შორის. ამგვარი ქარტიების საჭიროება დრომ დაგვანახვა - ხომ გამართლა ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე და იმედია, აქაც გაამართლებს...
სხვისი არ ვიცი და, ჩვენ კი გვჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მთელ ქვეყანას მოედება ახალი ცნობა, რომ საქართველო უკვე ნატო-ს წევრია.
მალე დამდგარიყოს ეს დღე...
მანამდე კი - თავაუღებელი შრომა და გაუტეხაობა ვუსურვოთ მთელ საქართველოს. პირველ რიგში კი - ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. ჩვენი დევიზი ეს უნდა იყოს - "ცოდნით შეიარაღებული ძალები", რადგან უძლეველია ცოდნით შეიარაღებული არმია. ჩვენი ჟურნალი შეეცდება, გაამართლოს ეს დევიზი და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი სამხედროების ცოდნაში.
გვინდა, რომ ჟურნალი "სამხედრო" იყოს სხარტი, მოქნილი და დინამიური; მხარში ამოუდგეს ჩვენ შეიარაღებულ ძალებს და სრულად ასახოს იმ პრიორიტეტების ჩვენს არმიაში დანერგვა, რომლებიც "მინისტრის ხედვა 2009"-ში არის გაცხადებული, საზოგადოებას კი განუმტკიცოს იმის რწმენა, რომ სამხედროც თავის ქვეყნის მოქალაქეა, ოღონდ ფორმიანი მოქალაქე, და მხოლოდ ყაზარმიდან პოლიგონამდე კი არა, უფრო ფართო მასშტაბით უნდა ცხოვრობდეს, უფრო დაახლოებული უნდა იყოს ჩვენ საზოგადოებასთან. ჩვენი სამხედროც მოქალაქეა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან უნდა თანამშრომლობდეს, ახალი ფილმიც უნდა ნახოს, კარგი გამოფენაც და სპორტულ ღონისძიებებსაც დაესწროს...
ჰოდა, ვახსენოთ ღმერთი და შევუდგეთ საქმეს...
"არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ გარეშე ღვთისა დამბადებლისა".

No comments:

Post a Comment