Wednesday, December 30, 2009

გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა



არჩილ მაჭავარიანი

გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა 

შეიძლება, ეს უკვე არადამაჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ მე მაინც ჯერ კიდევ მჯერა, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. შესაბამისად, ის, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება, ეროვნული ტკივილია და არა სპორტის რიგითი სახეობა, რომლებშიც დღეს წარუმატებლები ვართ. საქართველოში, ზოგადად, სპორტი უყვართ - კალათბურთი, რაგბი, ძიუდო... თუმცა ფაქტია, რომ ფეხბურთი მაინც სხვა სახეობებზე ბევრად მეტია, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ზემოჩამოთვლილი და სპორტის სხვა სახეობების მიმართ.
იმას, რასაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი 90-იანი წლების დასაწყისიდან ადევნებს თვალს, შეიძლება, ვუწოდოთ გამალებული დეგრადაცია, ნგრევა, ვარდნა, ან, თუ უფრო ლიტერატურულად მივუდგებით და დიდ კლასიკოსს დავესეხებით - ”გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა”. და ეს სახელი, ალბათ, ზედმიწევნით ასახავს იმას, თუ რა განიცადა ფეხბურთმა ხსენებული პერიოდიდან დღემდე. ყველა ხედავდა, რომ ფეხბურთი უფსკრულისკენ მიექანებოდა, მაგრამ ვერავენ ვერაფერს, ან არავინ არაფერს აკეთებდა. კი, იყო პერიოდი, როცა ვერ გავუძელით ცდუნებას და თავი მოვიტყუეთ, რომ საქმე მხოლოდ დროებით წარუმატებლობასთნ გვქონდა, ქართული საფეხბურთო ნიჭი მაინც დაძლევდა არსებულ პრობლემებს და გავიხსენებდით გამარჯვების გემოს. მაგრამ ეს თავის მოტყუების პერიოდი მალევე დასრულდა და მას შემდეგ ვუყურებთ, თუ როგორ მიექანება ქართული ფეხბურთი სულ უფრო ქვემოთ და ქვემოთ. რაც მთავარია, არ იდგმებოდა და დღემდე არ იდგმება რაიმე ქმედითი ნაბიჯი ამ ვარდნის შესაჩერებლად. შესაბამისად, მივიღეთ დღეს არებული სავალალო მდგომარეობა. ალბათ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩვენი ფეხბურთი დღიდან მისი დაარსებისა არ ყოფილა.
ამ სავალალო მდგომარეობას კი ძალიან კონკრეტული მიზეზები აქვს. ეს მიზეზები არავისთვის არ არის საიდუმლო და ფეხბურთში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა გულშემატკივარმა ისინი უკვე ”მამაო ჩვენოსავით” ზეპირად იცის. მიზეზი არაერთია, თუმცა რამდენიმე ძირითადის პუნქტებად გამოყოფა მაინც შესაძლებელია.

ბავშვთა ფეხბურთი: ცხადია, იმისთვის რომ ფეხბურთელები გყავდეს, ეს ფეხბურთელები უნდა გაზარდო. ამისთვის კი უნდა გყავდეს კვალიფიცური მწვრთნელები და უნდა გქონდეს სტადიონები, რომლებზეც ეს ბავშვები თამაშს ისწავლიან. ერთიც და მეორეც დღეს პრობლემაა ქვეყანაში. შესაბამისად, არ ხდება კარგი ფეხბურთელების აღზრდა. აქედან გამომდინარე კი, მივიღეთ ის, რომ ძველი თაობა, რომელმაც ფეხბურთს თავი დაანება, ვერ იქნა ჩანაცვლებული ახლით - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი სრულფასოვნად შემცვლელი ფებხურთელები საქართველოში აღარ გაზრდილან. დღემდე ვეძებთ შოთა არველაძის შემცვლელს, ვერავინ შესძლო გიორგი ქინქლაძის, გოჩა ჯამარაულის, თემურ ქეცბაიას, გიორგი ნემსაძის შეცვლა... არ ჩანს ფეხბურთელი, რომელიც შესცვლის კახა კალაძეს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს და სხვა, უკვე საფეხბურთო თვალსაზრისით ასაკში შესულ ფეხბურთელებს, როდესაც ისინი რამდენიმე წელიწადში ფეხბურთს თავს დაანებებენ. არ გვეზრდება ქართულ ფეხბურთში თაობა, რომელიც მათ შეცვლის. არიან, რა თქმა უნდა, ნიჭიერი ახალგაზრდები, მაგრამ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთეულ სასიხარულო გამონაკლისებად უნდა ჩავთვალოთ. თუ ამ კუთხით არ გამოსწორდა მდგომარეობა, თუ არ გავზარდეთ ფეხბურთელები, რამდენიც არ უნდა ვუხადოთ მერე მილიონები სახელოვან და ერთმნიშვნელოვნად ძლიერ მწვრთენელებს, არაფერი არ გამოვა.
რა თქმა უნდა, კარგია შენს ნაკრებს ისეთი დიდი სპეციალისტი რომ უდგას სათავეში, როგორც ექტორ რაულ კუპერია, მაგრამ თუ მას ფეხბურთელი არ ეყოლა, რომელიც მის დავალებას შეასრულებს, ამ სპეციალისტის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულამდე დავა. და ეს არ იქნება მისი ბრალი, რადგანაც ეს იგივეა, რაც ჩამოიყვანო რუბენს ბარიკელო ან ლუის ჰემილტონი, დასვა ”ჟიგული”-ზე და ფორმულა 1-ის მოგება მოსთხოვო...

ეროვნული ჩემპიონატი: აქ ბევრი საუბარი არც არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ იმ ფაქტი გახსენება, თუ საქართველოს ჩემპიონატიდან რომელ ქვეყნებში გარბიან ჩვენი თავქუდმოგლეჯილი ფეხბურთელები. ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი... და სხვა, საფეხბურთო თვალსაზრისით ეგზოტიკური ქვეყნები. აღარაფერს ვამბობთ რუსეთის, უკრაინის და ა.შ. ქვედა ლიგებზე. წარმატებად ითვლება, თუ ფეხბურთელი მოხვდება უნგრეთის, ნორვეგიის, ფინეთის და მსგავს, საკმაოდ მეორეხარსიხოვან ჩემპიონატებში. აქაც, ისევე როგორც წინა პუნქტში, გვხვდება მხოლოდ ერთეული გამონაკლისები. სწორედ ეროვნული ჩემპიონატის სისუსტის მაჩვენებელია ევროთასებზე ჩვენი კლუბების ნაჩვენები სამარცხვინო შედეგები. თითებზეა ჩამოსათვლელი ისეთი თამაშები, რომელზეც თანამედროვე ფეხბურთის ელემენტების ნახვა არის შესაძლებელი. თამაშების უდიდესი უმეტესობა კი კარგ საძილე საშუალებად თუ გამოგადგება ადამიანს...

ინფრასტრუქტურა: ეს, პრინციპში, პირველ და მეორე პუნქტებშიც შეიძლება გავაერთიანოთ, რადგანაც იგი განუყოფლად არის დაკავშირებული ორივესთან და ვერც ერთი და ვერც მეორე, კარგი ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განვითარდება. მაგრამ, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალბათ, მაინც ცალკე უნდა იქნას გამოყოფილი.
ბავშვები ვერ ისწავლიან ფეხბურთს, თუ არ აქვთ მოედნები!
ფეხბურთელები ვერ გაიზრდებიან, თუ ისინი არ თამაშობენ ნორმალურ მინდვრებზე!
და არამარტო მინდვრის საფარი, მისახედია მთლიანად ინფრასტრუქტურა. ბავშვებს, ფეხბურთელებს, უნდა ჰქონდეთ ნორმალური პირობები იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი და გაიზარდონ როგორც ფეხბურთელები. იმ მოედნებზე, რომლებზეც, უმეტეს შემთხვევაში, ფეხბურთელები თამაშობენ და რომლებზეც ცოტა ხნის წინ ძროხები ძოვდნენ, ფეხბურთელი ვერ გაიზრდება.
და რამდენ ქართულ გუნდს აქვს ბაზა? კარგი ან საშუალო ან თუნდაც ცუდი კი არა, უბრალოდ, ბაზა!.. იმის შემხედვარე, თუ რა პირობებში იმყოფებიან ამ მხრივ ქართული კლუბები, კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, თუ სად წავა ის საკმაოდ დიდი რესურსები, რომლებითაც, წესით, სწორედ ზემოხსენებული პრობლემები უნდა მოგვარებულიყო... რესურსების არასწორ ხარჯვასთან უნდა გვქონდეს, ალბათ, საქმე...

საეჭვო მატჩები: ის, რომ გარიგებული მატჩები უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, ალბათ, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. არსებობს კომისია, რომელიც ასეთ შემთხვევებს უნდა იკვლევდეს და დამნაშავეებს სჯიდეს, თუმცა მე ამწუთას არ მახსენდება არცერთი სერიოზულად დასჯილი ადამიანი; მაშინ, როცა პრობლემა არათუ არ მოგვარებულა, შეიძლება, უფრო გამძაფრდა კიდეც... ცოტა რთულია ამ საკითხზე ხელაღებით საუბარი და კონკრეტული ადამიანების დადანაშაულება, თუნდაც იგივე უდანაშაულობის პრეზუმფციის გამო. მაგრამ პრობლემა ნამდვილად არსებობს, თან ძალიან სერიოზული და გულშემატკივარი ამას ხედავს. გულშემატკივარმა კი, შეიძლება, უსახური თამაში აპატიოს ფეხბურთელებს და მაინც მივიდეს სტადიონზე ფეხბურთის სიყვარულის გამო, მაგრამ უნიჭო სპექტაკლის საყურებლად არ მივა! თუკი მე სპექტაკლის ყურება მომინდება, წავალ ჩვენს რომელიმე უდიდესი ტრადიციების მქონე თეატრში, სადაც ჩვენი ხელოვანების ნიჭით დატკბობის საშუალება მექნება. მაგრამ ფეხბურთის საყურებლად მისულმა, მსურს ვუყურო ფეხბურთს და არა უნიჭო და ამაზრზენ სპექტაკლს, რომელიც გულშემატკივარს, რომელიც ჯერ კიდევ ადევნებს თვალყურს ქართულ ფეხბურთს, არაერთი უნახავს. ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე, ვერანაირი სხვა დადებითი ძვრა ქართულ ფეხბურს ვერ გადაარჩენს.

საქმისადმი სწორი მიდგომა (პროფესიონალიზმი): ქართულ ფეხბურთში არ უნდა იყოს ადგილი დილეტანტებისთვის. ქართულ ფეხბურთში უნდა მოღვაწეობდნენ ნამდვილი პროფესიონალები, გამსჭვალულნი საქმისადმი ჯანსაღი და სწორი დამოკიდებულებით, დაწყებული ფეხბურთის ფედერაციის რიგითი ჩინოვნიკიდან, გაგრძელებული მსაჯებით, ფეხბურთელებით, დამთავრებული ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელითა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტით. მიუხედავად იმისა, თუ როგორ დღეშია დღეს ჩენი ნაკრები, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ნაკრებში თამაში უნდა იყოს უდიდესი პატივი და ფეხბურთელი არ უნდა ამბობდეს უარს ამხანაგური შეხვედრის გასამართად ნაკრებთან ერთად თუნდაც ისლანდიაში გამგზავრებაზე, ამ ქვეყნის ”სიშორისა” და ამ ფეხბურთელის ”მოუცლელობის” გამო, როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოხდა! აქაც იგივეს თქმა მოგვიწევს, რაც წინა პუნქტში - სულ რომ უმაღლეს დონეზე ავიდეს ეროვნული ჩემპონატი, სულ რომ ოქროს თაობა გავზარდოთ, რომლებსაც მსოფლიოს უძლიერესი მწვრთნელები და ამ საქმის ნამდვილი მეტრები გავწვრთიან, საქმისადმი ამგვარი დამოკიდებულების შემთხვევაში ნაკრები წარმატებას ვერ მიაღწევს. ნაკრებს სჭირდება ანთებული თვალები, თავდადება, სიამაყე, რომ ეროვნული ნაკრების ფორმა გაცვია და ყველაფერი ის, რასაც ქართველები გამოვხატავთ ერთი სიტყვით - ”ჯიგარი”.

ისე კი, მართლა მაინტერესებს, რომელ მოუცლელობას იმიზეზებდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც არათუ თავიანთი კლუბის ძირითად შემადგნელობაში არ თამაშობენ უკვე დიდ ხანია, განაცხადშიც კი პერიოდულად ხვდებიან. რითი არიან დაკავებული, საინტერესოა...
და ეს ყველაფერი მხოლოდ ფეხურთელებს არ ეხება.
როგორც უკვე აღინიშნა, ამ სისტემის ყველა ელემენტი, რომელსაც ქართული ფებურთი ჰქვია, უნდა აკეთებდეს თავის საქმეს. ყველამ უნდა იცოდეს, თუ როგორ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და უნდა ასრულებდეს მას პირნათლად.
ზემოაღნიშნულით, რა თქმა უნდა, არ ამოიწურება ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები და ამ პრობლემების დაძლევის გზებზე საუბარი. ბევრად მეტი შეიძლება ითქვას, - იმიტომ, რომ ეს მტკივნეული საკითხი მართლაც ვრცელი სასაუბრო თემაა, რომელსაც ერთ სტატიაში ვერ ამოვწურავთ. ფაქტი ერთია, ფედერაციის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ ქართული ფეხბურთი კვლავ იმყოფება გზაგასაყარზე და კვლავაც ქართულ ფეხბურთში ამჟამად მოღვაწე ადამიანების ხელშია არჩევანი, თუ როგორი გზით წავა ქართული ფეხბურთი - კვლავ განაგრძობს ვარდნას, თუ დაიწყებს თუნდაც ნელი ტემპით, მაგრამ მაინც წინსვლას.

ოღონდ, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა მხოლოდ ლამაზი სიტყვებით და “ოქროს კოშკების” აგების დანაპირებით ქართველი გულშემატკივრის გულს ვეღარ მოიგებს. ზემოჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას არაერთხელ შეგვპირებიან ჩვენი ფეხბურთის “მამები”. ერთნი ერთი პრობლემის, მეორენი - მეორის, ნაწილ-ნაწილ, თუმცა, დანაპირების შესრულებამდე საქმე არც ერთხელ არ მისულა და პრობლემების გადაჭრა ყოველთვის რაღაც შორეული “ნათელი მომავლის” საქმედ რჩებოდა. არ გვინდა ოქროს კოშკები. დღეს არ გვინდა. დღეს გვინდა რეალური, შესრულებადი გეგმა, და ამ გეგმის შესრულება. საქმის კეთება, კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორება უნდა დაიწყოს დღესვე, რადგანაც ამ პრობლემის მოგვარების თვითოეული დღით გადადება, პრობლემის გადაჭრის შესალებლობის კიდევ წლობით გადასწევს და ეს სულ უფრო რთული ხდება. დავიწყოთ პრობლემის გამოსწორება მანამ, სანამ ჯერ კიდევ გვახსოვს, რომ ოდესღაც ფეხბურთს ჩვენც ვთამაშობდით. თან დიდ ფეხბურთს.
თუმცა არა მხოლოდ ფეხბურთში უშუალოდ ჩართული ადამიანები არიან ამაზე პასუხისმგებელნი. უდიდესი როლი ეკსირებათ სხვა აქტორებსაც. როგორიცაა თუნდაც მედია, რომელმაც, ჩემი აზრით, არაერთხელ ახლობლობისა თუ სხვა მიზეზების გამო არ დაწერა ბოლომდე ის, რაც უნდა დაეწერა; ზედმეტად შეაქო ის, ვინც არ უნდა შეექო; არ გააკრიტიკა ის, ვინც უნდა გაეკრიტიკებინა; არ ამხილა ის, რაც უნდა ემხილებინა... იგივე შეიძლება ითქვას ჩვენზეც, უბრალო გულშემატკივარზე, რომელიც სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემის გამო წლების განმავლობაში უბრალო სტატისტის როლით კმაყოფილდებოდა და ჩუმად ადევნებდა თვალს ამ ვარდნას... ყველა არის პასუხისმგებელი მდგომარეობის აქამდე მიყვანაში და ყველას ეკისრება თავისი როლი ამ მდგომარეობის გამოსწორებაში.
მდგომარეობის გამოსწორება კი შესაძლებელია შესაბამისი რესურსების არსებობის, ამ რესურსების სწორი მენეჯმენტის, სწორი დაგეგმვისა და სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში. ამის მაგალითია თუნდაც თურქეთი, რომელიც საკმაოდ ჩამორჩენილი საფხბურთო ქვეყნიდან 10-15 წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო ქვეყანად იქცა. ჩვენ კი არ გვიწევს პრაქტიკულად ნულიდან დაწყება, როგორც მათ მოუწიათ. ჩვენ გვაქვს ის საფუძველი, რომელზეც შეიძლება ქართული ფეხბურთი აშენდეს, - იმიტომ რომ, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართ.

No comments:

Post a Comment