Wednesday, December 30, 2009

გამოფენა-ინსტალაცია



ლელა ოჩიაური

გამოფენა-ინსტალაცია: "არ დავივიწყოთ გმირები!"

შვიდ აგვისტოს, თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, მოეწყო გამოფენა-ინსტალაცია, მიძღვნილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებული მებრძოლებისადმი, სახელწოდებით, `არ დავივიწყოთ გმირები~. პროექტი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, მხატვრების - ცოტნე მამულაშვილისა და ეთერ ჭკადუას ავტორობით.
გამოფენის იდეა ეთერ ჭკადუას ეკუთვნის, - გვიამბობს ცოტნე მამულაშვილი, - ის, თუ რამ დამაინტერესა მე, რატომაც მივიღე მონაწილეობა და რაც ჩემთვის აქტუალურია, ორი მიზეზითაა განპირობებული: პირველი, მთავარი და რაც თავისთავად ცხადია, ისაა, რომ გმირები უნდა გავიხსენოთ, პატივი ვცეთ, მათი ვინაობა უნდა ვიცოდეთ. რა თქმა უნდა, ეს ცოდნა საერთოდ ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი, მათი ქმედება, როგორც `ჩვეულებრივი~, არ უნდა იყოს აღქმული, მაგრამ, უმთავრესი, სამოქალაქო ცნობიერების შეცვლაა. ერთი მხრივ, არსებობს მოვლენის, როგორც მშრალი სტატისტიკის აღქმა. ვთქვათ, ზოგმა `იცის~, რომ 170 კაცი დაიღუპა, ზოგს ჰგონია, რომ დაღუპული 6000-ია. ანუ, საერთოდ არა აქვთ წარმოდგენა. არ აღელვებთ. მათი დიდი ნაწილიც კი, ვინც დაღუპულთა რაოდენობა იცის, მომხდარს, როგორც პირად, როგორც ქვეყნის ტრაგედიას არ აღიქვამს. ეს კი, გარკვეულწილად, იმის ბრალია, რომ სამოქალაქო ცნობიერება არ გააჩნიათ. ჩვენ ხომ ორასი წელი სახელმწიფოებრიობა არა გვქონია. სახელმწიფოებრიობის მოშლამ კი მენტალიტეტის მოშლა გამოიწვია; გამოიწვია მოქალაქის პოზიციის არარსებობა. უპასუხისმგებლობა. აღდგენა კი, თავისით არ შეიძლება მოხდეს, მესმის, რომ ყველაფერს დრო სჭირდება და ძალიან ძლიერი იდეოლოგიური მუშაობა.
გამოფენის შემდეგ გადავწყვიტე, გავაკეთოთ ვებ-საიტი, სადაც შევიტანთ ინფორმაციას ყველა მებრძოლის შესახებ _ 1989 წლიდან დაწყებული _ ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის დაიღუპა _ არა აქვს მნიშვნელობა, ჯარში იყო, რაიმე სხვა სტრუქტურაში, მოხალისე იყო თუ პარტიზანი. ეს ინფორმაცია ქრონოლოგიურად, ტერიტორიების, ომების, სახელების მიხედვით დაეწყობა~.
გამოფენის მთავარი ღერძი (იდეური თუ სივრცეში, რეალურ განზომილებებში, მხატვრულ ფორმაში მოქცეული) ცოტნე მამულაშვილის მიერ შექმნილი შავი მეტალის კონსტრუქცია იყო _ კონცეპტუალური სკულპტურა, გრანდიოზული `სასანთლე~, რომელიც საბრძოლო შაშხანის სქემატურ კონტურს `ხატავდა~.
მის ცენტრალურ ნაწილში დამსხვრეული მინის გროვა, ორივე მხარეს _ ერთ კედელზე ბავშვის გრაფიკული ნამუშევრები (ავტორი _ გიორგი ცუცქირიძე), მეორეზე _ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეწირული გმირების ფოტოები იყო გამოფენილი, ერთმანეთის გვერდზე, მიჯრით დამაგრებული.
კუთხეში კი ჯარისკაცის ნივთები, ქართული სტანდარტული აღჭურვილობა იყო წარმოდგენილი, რომელიც აგვისტოს ომში ჩვენს მეომრებს ჰქონდათ.
დარბაზის წინ, დიდ ფოიეში, ეთერ ჭკადუას ფერწერული ნამუშევრების პრინტები ეკიდა, ქართულ თემატიკაზე შესრულებული.
213 ფოტო და 213 სანთელი ცენტრალურ ობიექტზე, 213 სანთელი და სივრცეში გაშლილი იარაღი (რაღაც რაკურსში თითქოს საქართველოს რუკასაც რომ ჰგავდა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა), დრამატული და კათარზისული ერთდროულად, გმირებისა და გმირობის მანათობელი სანთლები, რომლებიც თითოეული მათგანის სახელზე იწვოდა, თითოეული მათგანის სიმბოლოდ და უკვდავების მეტაფორად იყო ჩაფიქრებული. ჩვენი ულამაზესი და საამაყო ვაჟკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელთა სახელებიც, ოცDამეერთე საუკუნეში ქართველი ისტორიული გმირების რიგს შეუერთდა.
საგამოფენო სივრცეში სამ უზარმაზარ ბანერზე მათი სახელები იყო
ჩამოწერილი (რა შემზარავია, რომ ბანერებმა ყველაფერი ვერ დაიტია), ვინც რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა – მეოცე სუკუნეში, სამოქალაქო, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ომების პერიოდში.
ჩვენი ისტორია და ჩვენი სიამაყე სწორედ გმირები არიან, რომლების საგმირო ამბებს ბავშვობიდან გვიყვებოდნენ და ახლა ჩვენ ვუყვებით (ან უნდა ვუყვებოდეთ) ბავშვებსა თუ ახალგაზრდებს, ხოლო, ვისაც ეს `ზედმეტად~ და უაზრობად მიაჩნია ან, ვინც თვლის, რომ აგვისტოს ომი `უაზრო~ იყო, მხოლოდ მისი პრობლემაა.
1921 წელს ყველამ კარგად იცოდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვეღარ შეინარჩუნებდნენ და ვერც რამდენიმე ყმაწვილი მოიგერიებდა წითელ არმიას, მაგრამ მათ იბრძოლეს და შეეწირენ სამშობლოს, რადგან სხვაგვარდ ვერ წარმოედგინათ.
გამოფენა `არ დავივიწყოთ გმირები~ მიეძღვნა არამხოლოდ გარდაცვლილებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სამშობლოს წირავს სიცოცხლეს ან სამშობლოს გულისთვის თავს საფრთხეში იგდებს, ვინც იბრძოდა და გადარჩა; ვინც დღესაც ოკუპირებულ მიწებზე ცხოვრობს და საფრთხის მიუხედავად, არ ტოვებს სახლს, რადგან სამშობლო უყვარს.
ცოტნე მამულაშვილი: `გამოფენით მნახველზე გარკვეულწილად, აგრესია გავახორციელეთ, მაგრამ ეს ძალიან აუცილებელი აგრესიაა. არა უშავს, იყვნენ ცუდად ნახევრი საათი, ან ერთი დღე, ან ერთი კვირა, ამაზე იფიქრონ და გააცნობიერონ, რომ შეიძლება ამ ბიჭებს ცხოვრება ჩვენზე მეტად უყვარდათ, მაგრამ დაიღუპნენ ვალდებულების გამო, დაიღუპნენ პატრიოტიზმის გამო, თავისი
ქვეყნის სიყვარულის გამო, პასუხისმგებლობის გამო, საერთოდ, სიყვარულის გამო. ანუ, რაც ადამიანში ლამაზია, იმის გულისთვის დაიღუპა ეს ხალხი. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ სილამაზე იყო ამ ტრაგედიის მიზეზი, ყველაფერი ის, რაც მათ უყვარდათ. თავდადება, ერთგულება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულები, სამშობლო იყო მათი თავგანწირვის მიზეზი~.
გამოფენის გახსნის დღეს, აქციის ფარგლებში, მოეწყო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, 11 აგვისტოს გმირულად დაღუპული ახალგაზრდა მებრძოლის (დაიბადა 1986 წლის 7 ივნისს), სენაკის 2-ე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის, მიხეილ დვალიშვილის ლექსების კრებულის `მეც დავბრუნდები~ წარდგინებაც. წიგნი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა გამოსცა. შემდგენელი და რედაქტორია იზა ორჯონიკიძე, მხატვარი - ცოტნე მამულაშვილი.
ცოტნე მამულაშვილი: `გამოფენის დაგეგმვამდე, მე, სამხედრო-სამეცნიერო კუთხით მაინტერესებდა ომის ქრონოლოგია და მოვლენების ანალიზი. მინდოდა, მომეპოვებინა ქრონოლოგია, რომ შემდეგ, ამის საფუძველზე, დასკვნები თვითონ გამეკეთებინა უშუალოდ, სამხედრო ასპექტში. ამავე დროს, ჩაფიქრებული მქონდა მხატვრული ფილმის სცენარის (რომელზეც ახლა ვმუშაობ) დაწერა ამ თემაზე. ქრონოლოგიურ მასალას რომ მივდევდი, ომზე დოკუმენტებს რომ ვეძებდი,
ინტერნეტში, შემთხვევით ერთი დაღუპული ჯარისკაცის ლექსი ამოვარდა. ლექსი წავიკითხე და შემდეგ უკვე მისი სახელი და გვარი შევიტანე – მიხეილ დვალიშვილი. სულ ორად ორი წყარო აღმოვაჩინე, სადაც ეს სახელი ეწერა. პრინციპში, სცენარის თემისკენ ამ ბიჭის ისტორიამ მიბიძგა~.
2008 წლის 7 აგვისტოს მიხეილ დვალიშვილს ასეთი ლექსი დაუწერია,
სათაურით - `მოვალთ ფიქრებად, მოვალთ სიზმრებად, ჯარისკაცებად
აღარასოდეს...~, რომლის სტროფები ცოტნე მამულაშვილსაც აქვს
წინათქმაში მოყვანილი და რომელსაც კომენტარის გარეშე გთავაზობთ:
 
  "ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთება,
  შინ მოუსვლელი ძმები გახსოვდეთ!
  მოვალთ ფიქრებად, მოვალთ
  სიზმრებად, ჯარისკაცებად აღარასოდეს...
  ხარობს ქვეყანა, მღერის ბუნება,
  ენაცვლებიან ღრუბლებს ღრუბლები,
  დაუბრუნდება ბუდეს მერცხლები,
  ჩვენ კი ვერასდროს ვერ დავბრუნდებით.
  ვერ დავბრუნდებით,
  ვერ დავბრუნდებით..."

ხოლო კრებულში ბოლოს შეტანილ, 2008 წლით დათარიღებულ, სტროფს: `ნიკოფსიიდან ჩვენი მხარეა, ჩვენი პატარა ბურჯი მამული. რამდენი ომი, რამდენი სისხლი, ისტორიული აქვს მას წარსული~ - ასეთი მინაწერი აქვს: `დაასრულეთ, მე ვეღარ მოვასწარი~. კომენტარი აქაც ზედმეტია.
კრებულის წინათქმაში ცოტნე მამულაშვილი წერს: `არიან გმირები, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, გვერდზე სახლში, ქუჩაზე, ქალაქსა თუ სოფელში. ძნელია, გმირად აღიქვა თანამედროვე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ნამდვილად არსებობენ, უბრალოდ, არ ჩანან, სანამ მათი გმირობის ამბავს არ შევიტყობთ. მიხეილ დვალიშვილი ჩვენი დროის გმირია, ისეთივე, როგორებიც საუკუნეების განმავლობაში იბადებოდნენ და იზრდებოდნენ ჩვენს სამშობლოში. მიხეილი სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ასეთი გმირი იყო, საქართველოს თავისუფლებას შეწირული ახალგაზრდა, სიყვარულით აღსავსე და მებრძოლი სულს. მისმა პოეზიამ საშუალება მოგვცა გაგვეგო, რას გრძნობდნენ, რაზე ოცნებობნენ საქართველოზე შეყვარებული მეომრები. მის ლექსებში ჩანს მისი ცხოვრებაც და მისი გარდაცვალებაც. ბრძოლის ველზე
მყოფმა დაწერა ეს სტრიქონები:
 
  `თქვენთვის ვიბრძოდით, როცა ვიბრძოდით,
  თქვენთვის ვიმღერეთ, რაც გვიმღერია.
  ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს,
  სიკვიდილის შიში ვერ აგვატირებს.
  ბევრი ვიყავით,
  ერთი სამარე
  თხილის გულივით გავინაწილეთ..."

2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის მისადგომებთან, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს მიხეილ დვალიშვილმა და მისმა მეგობრებმა. ჩვიდმეტნი იყვნენ, შინ არცერთი დაბრუნებულა. მისი პოეზია ყველა გმირს ეძღვნება, რომლებიც სხვადასხვა დროსა და ეპოქაში, უთანასწორო ბრძოლაში იცავდნენ სამშობლოს თავისუფლებასა და ღირსებას~, - წერს ცოტნე მამულაშვილი და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასე ახალგაზრდა კაცი ფიქრობს. როდესაც ეს ახალგაზრდა კაცი სამშობლოს შეწირულ გმირებს იხსენებს და მათ არსებობას ჩვენც გვახსენებს, ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი აქვს, თუნდაც, მისი თანამედროვეობას, დროდადრო ტრაგიკული მოვლენები არყევდეს.

No comments:

Post a Comment