Monday, October 26, 2009

შინ დაბრუნებული ძმები

                                    გიორგი და გელა რომელაშვილები


მიხო მოსულიშვილი

შინ დაბრუნებული ძმები
(ნარკვევი)

რვა აგვისტოა - საქართველო-რუსეთის ომის პირველი დღე.
ცხინვალის მიმდებარე ტერიტორია უკვე ქართულ ნაწილებს უჭირავთ. ქალაქში კი მეოთხე ქვეითთა ბრიგადის ნაწილები და სპეცდნიშნულებს ჯგუფები არიან შესული.
მტერი წინდაწინ კარგად არის მომზადებული და დაუნდობელი ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ყოველი სახლი, სახურავი თუ ნაგებობა გამაგრებულია და ჩვენ მებრძოლებს უჭირთ. ამიტომ არის, რომ მობილური საბრძოლო ჯგუფების მეთაურები დახმარებას ითხოვენ რადიოგადამცემებიდან...
გორის ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ხელმძღვანელობა ჩვენი მებრძოლების დასახმარებლად მეორე ოცეულს აგზავნის, რომლის მეთაურია ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი, რომელიც ასევე მეთაურია ნომერ ოთხს მეექვსე ტანკისა, სადაც ეკიპაჟის წევრებად ჰყავს მემიზნე-ოპერატორი, კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი და მძღოლი-მექანიკოსი, კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი. ჩვენი მეომრების დახმარების შემდეგ ნაბრძანებია ცხინვალის გავლა და სოფელ თამარაშენში ჩასვლა.
სატანკო ბატალიონს უკვე ჰქონდა შეტაკებები სოფელ ნიქოზთან, რომელიც წარმატებით დაამთავრეს და ახლა, როცა უკვე შეივსეს საბრძოლო მასალა, ცხინვალისკენ უნდა წავიდნენ.
ნიქოზიდან გამოსვლისას ისე მოხდა, რომ ოთხტანკიან კოლონას წინ სერჟანტ სპარტაკ ნიორაძის ნომერ ოთხას მეცხრე ტანკი მიუძღვის, რომლის ეკიპაჟში არიან მძღოლ-მექანიკოსი ალიკა კურტანიძე და მემიზნე-ოპერატორი გელა რომელაშვილი.
მერე მიდის ტანკი ნომერი ოთხას რვა, რომლის ეკიპაჟი ასეთია: მეთაური სერჟანტი რამაზ ნიორძე, მემიზნე-ოპერატორი, კაპრალი ოლეგ ჭონიშვილი, მძღოლი-მექანიკოსი, კაპრალი ავთანდილ (ჯონი) ლომიძე.
მესამე კი ოცეულის მეთაურის ტანკია, რომლის ეკიპაჟი უკვე ვიცით.
გიორგი და გელა რომელაშვილები ძმები არიან. საერთოდ, რომელაშვილები წარმოშობით ცხინვალის ახლოს მდებარე სოფელ ხეითიდან არიან, რომლის ერთ უბანს დღესაც უქვიათ "რომელაანთ უბან", მაგრამ იმათი პაპა ცხინვალში ცხოვრობდა. თავადაც ცხინვალში დაიბადნენ და იქვე იზრდებოდნენ ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი წლის ცამეტ იანვრამდე, ვიდრე არეულობები დაიწყებოდა და სხვა მრავალი ქართული ოჯახის მსგავსად, რომელაშვილების ოჯახსაც ყველაფერს წაართმევდნენ რუსების მხარდაჭერით შეგულიანებული ოსები და მშობლიური ქალაქიდან გამოაგდებდნენ, ასე ვთქვათ, "იძულებით გადაადგილებულ პირებად" აქცევდნენ საკუთარ ქვეყანაშივე. იმ ავადმოსაგონარი ამბის შემდეგ რომელაშვილების ოჯახი გორში ჩამოვიდა და ტურბაზის ტერიტორიაზე დასახლდა. გიორგი თერთმეტი წლის იყო მაშინ და გელა კი შვიდისა... ახლა, მართალია, წინა ტანკში უმცროსი ძმა, გელა რომელაშვილი არის მემიზნედ, მაგრამ სად თქმულა, რომ ომში მთელი ოთხი წლით პატარა ძმა გაუშვან წინ?
ოცმეთაური გიორგი რომელაშვილი რაციაში ბრძანებას იძლევა:
- გზა დამითმეთ, წინ უნდა დავდგე!
და მართალის არის: ჯერ ერთი, ოცმეთაურია, წინ დგომა და მაგალითის მიცემა მისი ვალია; და მეორეც, ცხინვალელია და უფრო მეტად ეკუთვნის, თავის ძმაზე მეტადაც - საკუთარ სახლში ბრუნდება, საიდანაც თვრამეტი წლის წინ გამოაგდეს.
ოთხას მეცხრე და ოთხასმერვე ტანკების მეთაურები, ბიძაშვილები სპარტაკ და რამაზ ნიორაძეები თავ-თავიანთ მძღოლებს აძლევენ ბრძანებებს, ორივე ტანკი გზის კიდეზე გადაიწევს და მალე იმათ გაასწრებს ოთხას მეექვსე - ოცმეთაურის "ხმელეთის კრეისერი" - დიახ, სწორედ ასე დაარქვეს გასული საუკუნის დასაწყისში კონსტრუქტორებმა ამ საბრძოლო მანქანებს.
მეორე სატანკო ოცეული დაბომბვისგან და ყველა სახეობის იარაღით სროლებისგან აზანზარებულ-აგრუხუნებულ და აკვამლებულ ცხინვალში შანხაის ქუჩით შედის.
- ყურადღებით! სექტორების კონტროლს ვიწყებთ! - რაციაში ბრძანებს მეთაური.
- არის სექტორების კონტროლი! - პასუხობს მეორე ტანკის მეთაური სპარტაკ ნიორაძე.
- გავიგე! - რაციითვე მიუგებს მესამე ტანკის მეთაური რამაზ ნიორაძე, -გაგვანაწილე!
- მე პირდაპირ ვაკონტროლებ, ოთხას ცხრა - მარჯვნიც, ოთხას რვა კი - მარცხნივ! - ამბობს ლეიტენანტი.
- არის მარჯვენა სექტორის კონტორლი! - პასუხობს სპარტაკ ნიორაძე და თავისი ტანკის ლულას მარჯვნივ შეატრიალებს კაპრალი გელა რომელაშვილი.
- არის მარცხენა სექტორი! - ისმის რამაზ ნიორაძის ხმაც და იქ კიდევ მარცხენა მხარეს შეატრიალებს ლულას მემიზნე ოლეგ ჭონიშვილი.
- რამაზ, არ ჩამოგვრჩე!
ტანკის ტყვიამრქვევებიდან იწყებენ სროლას - ხეებში, ოთხსართულიანი სახლის ფანჯრებში, სახურავებზე; მოკლედ, ყველგან, სადაც მტრის რაზმები ან სნაიპერები შეიძლება იყვნენ გამაგრებული.
აქ ჩვენი ქვეითები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არ ჩანან.
ოთხას მეცხრე ტანკის მეთაურის ლუკი აიხდება და ტყვიამფრქვევს იმარჯვებს სპარტაკ ნიორაძე და ააკაკანებს.
- უუუ... გიჟი ვარ, გიჟი!.. აბა, ეხლა გამოდით, მე თქვენი!..
- რამაზ, რა ხდება? - მესამე ტანკის მეთაურს ეკითხება გიორგი რომელაშვილი.
- ლუკი ახადა სპარტაკმა და ისე ისვრის ტყვიამფრქვევიდან!
- ცოტა სერიოზულად, ბიჭო! - ყვირის ოცმეთაური. - ჩადი, დახურე ლუკი!..
სპარტაკ ნიორაძე ბრძანებას ასრულებს.
ძალიან ბევრს ისვრიან ტყვიამფრქვევებიდან, ამას ატყობს მეთაური და ბრძანებს:
- ეკონომიურად, ბიჭო! ობიექტი ამოარჩიე, ერთი, ორი, ესროლე, დააბურბურე! ოთხას ცხრა, წინ იყურე! ძალიან ახლოს ნუ მოხვალ! დისტანცია დაიცავი!
- სახურავები ჩემია! - სახურავებს ესვრის რამაზ ნიორაძის ტანკი.
- წინ გაიხედე, ბიჭო! ჭურვები არ გეყოფა მასე! ობიექტი ამოარჩიე, ერთი, ორი, ესროლე, დააბურბურე, გაჩერდი!
ამ ლაპარაკით უხლოვდებიან მოსკოვისა და ლენინის ქუჩების გადაკვეთას.
- სანამ საბრძოლო მასალა გვექნება, ბოლომდე ვიბრძოლებთ!
სწორედ აქ არის მოწყობილი მტრის ჩასაფრება.
მეთაურის ტანკს გაატარებენ.
და
ოთხასმერვე და ოთხასმეცხრე ტანკებს სახურავებიდან ესვრიან ყუმბარმტყორცნებს, თორემ წინიდან ან გვერდიდან რომ ყუმბარმტყორცნელი  დაინახონ, იმას ხომ ადვილად მოიშორებდნენ.
ამ აფეთქებებს გიორგი რომელაშვილი ვერ იგებს, რადგან რაციები უკვე გამორთულია ხელოვნურად და გზას განაგრძობს.
ფეთქდება ოთხას მეცხრე ტანკი. გარედან ცეცხლი უკიდია და ამ დროს ყოველ წამს შეიძლება აფეთქდეს სატანკო ჭურვები. გელა რომელაშვილი ლუკს ხსნის, ავტომატს აიღებს და თავისი ძმის წინ წასულ ტანკს დაედევნება.
- გიააა! გიააა! - გააფთრებული სროლის ხმა ფარავს მის ძახილს.
გელა რომელაშვილს უკან მიჰყვება მემიზნე ოთხასმერვე ტანკიდან ოლეგ ჭონიშვილი.
მეთაური რამაზ ნიორაძე ლუკს ვეღარ ხსნის, - ეტყობა, აფეთქებისას დეფორმაცია მიიღო. არადა, ხანძარია გაჩენილი კოშკურაში და ხელი ეწვის...
ამ დროს მეორე აფეთქებული ტანკიდან, ოღონდ მემიზნის ლუკიდან ამოდის სპარტაკ ნიორაძე და მოსკოვის ქუჩაძე გარბის. რამაზი ისევ მოქაჩავს ლუკს, შეანჯღრევს და ახსნის, როგორც იქნება. მოდის, მაგრამ აღარავინ ჩანს და ისიც გარბის თავიანთი ქვეითებისკენ, თანაც უიარაღოდ - ტანკში დარჩა ავტომატი. დიდხანს ვერ გადმოდის მძღოლი ათანდილ ლომიძე, სნაიპერების არიან ჩადარაჯებული და იცდის, მაგრამ როდემდე უნდა დაიცადო, სადაცაა იფეთქებს. ამოდის მერე ისიც და ესვრიან. და მძიმედ დაჭრილი დაეცემა ძირს. მისი ამოსვლაა და ტანკი იფეთქებს, ფეიერვერკად ფეთქდება ჭურვები, კოშკურა იგლიჯება, ჰაერში ავარდება და ისევ ტანკზე დაეცემა... იგივე მოსდის მეორე ტანკსაც...
სატანკო ბატალიონის მეთაურის ბრძანებით მეორე სატანკო ოცეული იგზანება შემთხვევის ადგილზე და რამდენიმე ტანკისტს ისინი გადაარჩენენ.
გელა რომელაშვილი ძმას რომ გაეკიდა, რა თქმა უნდა, ვეღარ დაეწია და ძლიერი გადამღობი ცეცხლის გამო შევარდა ერთ-ერთ შენობაში. იქ კი მტრის შტაბი იყო. დაიჭირეს და, როგორც მერე ამოიცნეს, კეფიდან აქვს ტყვია ნასროლი და ასეა დახვრეტილი. მისი გვამი დნმ-ის ანალიზით ამოიცნეს ამ ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
ლეიტენანტ გიორგი რომელაშვილზე და მის ეკიპაჟზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მათ ააფეთქეს მილიციის უფროსის სახლი, ასევე ესროდნენ მთელ ცხინვალში ყველაზე კარგად გამაგრებული მთვრობის სასახლეს და რაც მთავარია, აუფეთქებია თავისი ყოფილი სახლი - ის ხუთსართულიან კორპუსში იყო და რომელაშვილები მეოთხე სართლზე ცხოვრობდნენ, თურმე...
ყოფილა რაღაც მომენტი, როცა ხელოვნურად ჩახშობილი რაცია ცოტა ხნით ამუშავებულა ოთხასმეექვსე ტანკში და სწორედ იქიდან გაუგონიათ გიორგი რომელაშვილის ხმა:
- სანამ ტყვია-წამალი შეგვრჩენია, ვიბრძოლებთ!..

***
მე და გელამ ერთმანეთი 2006 წლის ივლისში გავიცანით, - გვიამბობს მაია დგებუაძე, - ჩემი მეგობრის, მეგის სახლში ვიყავი დასასვენებლად ჩასული; გელა კი თავის მეგობრის, თემოს სახლში. მეგი და თემო ბიძაშვილები არიან და სახლებიც ერთმანეთის გვერდით აქვთ. გელას თავიდანვე გაუჩნდა ჩემს მიმართ სიმპატიები და ყველანაირი ხერხით ცდილობდა ჩემი ყურადღების მიქცევას, მიიქცია კიდეც...
შეყვარებულობის პერიოდში ყოველ შეხვედრაზე საჩუქრებს მჩუქნიდა, 14 თებერვალს, ეგრეთ წოდებულ "ვალენტინობას" ძალიან დიდი, ფუმფულა ძაღლი მაჩუქა. რვა მარტს კი დილით მირეკავს და მეუბნება, იმ ძაღლის კუდი გაარღვიე, იქ შენთვის საჩუქარიაო.Gგელას უყვარდა ხუმრობა და თავიდან არ დავუჯერე, მაგრამ, მერე რომ გავარღვიე, შიგნით გულის ფორმის ოქროს საყურეები იყო! - იცოდა, რომ რვა მარტს ვერ ჩამოვიდოდა და ასე ორიგინალურად მომაწოდა საჩუქარი...

***
მეც ცხინვალელი ვარ, - ჰყვება ნათია გოგიშვილი, - შვიდი წელი ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ დავქორწინდით. გვყავს შვილიც _ ნანა რომელაშვილი. ექვსი წლის გახდა უკვე. წელს მიდის სკოლაში. წინასწარ იცის უკვე წერა-კითხვა. გია თვითონ უკითხავდა და ასწავლიდა ხოლმე ლექსებს. ძალიან მოსწონდა, როცა სასწავლო კურსებზე ან ჯარში წავიდოდა და, რომ ჩამოვიდოდა და ახალ ლექსს დაახვედრებდა, ორივეს ძალიან უხაროდათ...
ახლა მამას იშვიათად თუ მოიკითხავს, ცდილობს რომ არ იკითხოს, მაგრამ -ლაპარაკით, ამით-იმით, - ყველაფერს ხვდება. არც ჩვენ გვაწუხებს და არ გვაგდებს უხერხულ მდგომარეობაში და თვითონ კი განიცდის. გია ძალიან ყურადღებიანი, მოსიყვარულე და ძალიან კარგი მეუღლე და მამა იყო. ძალიან ხშირად მეუბნებოდა, - არ ვიცი, რას გრძნობდა, მაგრამ, - ნათია, რამე რო მომივიდეს, ხო მიხედავ ბავშვსო? ნამდვილად, გიას გულისთვის უკეთესი უნდა იყოს და ძალიან კარგი უნდა გავზარდოთ ყველამ ერთად.

***
და ვინ იცის, რამდენი გულშემატკივარი ქართველი დაინახავს მარადიულ სურათს, რომ ოთხსმეექვსე ტანკის ვეება ლანდი ისევ გრუხუნით დადის ცხინვალის ქუჩებში, ხოლო ამ საბრძოლო მანქანის აჩრდილს უკან ფეხდაფეხ ასდევნებია კომბინეზონიანი მემიზნე გელა რომელაშვილი და თავის ძმას ეძახის:
- გიააა...
იმ გიგანტური ტანკის მეთაური ლეიტენანტი რომელაშვილია, შინ მიმავალი გია რომელაშვილი, - თავის ძმასთან, გელასთან ერთად ბრუნდება საკუთარ სახლში...



                                          ნანა გიორგის ასული რომელაშვილი, ექვსი წლის.


გელა მურაზის ძე რომელაშვილი
დაიბადა 1983 წლის 14 ივნისს ქალაქ ცხინვალში. 1989 წელს შევიდა ცხინვალის პირველ საშუალო სკოლაში, სადაც ისწავლა ერთი წელი. 1991 წლის 12 იანვარს მისი ოჯახი გახდა ლტოლვილი და გორში გადავიდა სახოვრებლად. გელამ სწავლა განაგრძო მეთორმეტე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 2000 წელს ჩააბარა გორის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფკულტეტზე. 2004 წლის სექტემბერში დაიწყო სამსახური გორის ჯავშანსტანკო ბატალიონში, კონტრაქტით. თბილისში გაიარა სამთვანი სნაიპერის კურსები, დაბრუნდა ბატალიონში მემიზნე-ოპერატორად.
2008 წლის 2 თებერვალს ცოლად შეირთო მაია დგებუაძე.
იმავე წლის 8 აგვისტოს იბრძოდა ქალაქ ცხინვალში, სადაც დაიღუპა.
დარჩა ქალიშვილი მარიამი, რომელიც ომის შემდეგ - 2008 წლის 20 სექტემბერს დაიბადა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 16 მარტის # 190 განკარგულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენით (მოწმობა # 00481).

გიორგი მურაზის ძე რომელაშვილი
დაიბადა 1979 წლის 17 სექტემბერს ქალაქ ცხინვალში. 1985 წელს შევიდა ცხინვალის პირველ საშუალო სკოლაში, სადაც ისწავლა ოთხი წელი.
1991 წლის 12 იანვარს მისი ოჯახი გახდა ლტოლვილი და დასახლდა გორში, სადაც სწავლა განაგრძო მეთორმეტე სკოლაში. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, ავტოინსპექტორის სპეციალობით. შემდეგ სწავლობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზკულტურის ფკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2005 წელს.
2004 წლის აგვისტოში კონტრაქტით დაიწყო სამსახური გორის ცალკეულ ჯავშანსატანკო ბატალიონში. გაიარა სამთვიანი სნაიპერის კურსები, დაბრუნდა ბატალიონსი მემიზნე-ოპერატორად. 2007 წლის აგვისტოში სამხედრო აკადემიაში გაიარა "ჩარლი კურსი", მიენიჭა ლეიტენანტის წოდება და ნაწილში დაბრუნებისას დაინიშნა პირველი ასეულის ოცმეთაურად.
2002 წლის 27 ივნისს ცოლად მოიყვნა ნათია გოგიშვილი. 2003 წლის 10 აპრილს შეეძინა ქალიშვილი ნანა.
2008 წლის 8 აგვისტოს იბრძოდა ცხინვალში.
დღესაც დაკარგულთა სიაშია.

No comments:

Post a Comment