Tuesday, October 27, 2009

ზალიკო სულაკაური


ელენე ოკინაშვილი

პორტრეტი კარიკატურების ფონზე

"ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა დავიბადეთ და ჩვენს ოჯახში გაშლილ სუფრას ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორი, ნოდარ დუმბაძე თამადობდა", _ იხსენებს მხატვარ-კარიკატურისტი ზაალ სულაკაური. ეს უკვე ბევრ რამეზე მიუთითებს. ალბათ, უფალმა ინება მისი იუმორის ჟანრში მუშაობა და დუმბაძისეული ღიმილის თუ ღიმილის უკან დამალული სევდის ფურცელზე გადატანა. მამა კინოსტუდიაში, მულტ-გაერთიანებაში მუშაობდა, კარიკატურით სწორედ მაშინ დაინტერესდა. მოღვაწეობაც მულტიპლიკაციაში დაიწყო... 1995 წელს პირველი კარიკატურა ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა და რაკი ჟურნალისტიკაში ფეხი შედგა, თითქოს მორევში ჩაითრიაო იქ შექმნილმა გარემომ, "მოიწამლა" არსებული ატმოსფეროთი და დღემდე ამ სფეროში მოღვაწეობს. მას შემდეგ ზაალ სულაკაურისთვის კარიკატურის ხატვა საყვარელ საქმედ იქცა. პროფესიონალი მხატვარი რომ გამხდარიყო, ბევრი იმუშავა და საწადელ მიზანს მიაღწია. დიდი სიყვარული და აღიარება დაიმსახურა.
ყველაზე დიდი სტიმული, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი, რომ შემოქმედებით გზაზე მეტი გაეკეთებინა, იყო გიზო ნიშნიანიძის საქებარი სიტყვები: "როცა გიზო ნიშნიანიძემ მითხრა, შენ უკეთესად დამხატე, ვიდრე რუსმა მხატვარ-კარიკატურისტებმა კუკრინიქსებმაო, ეს ჩემთვის ძალიან დიდი აღიარება, დაფასება და უდიდესი კომპლიმენტი იყო", _ამბობს ზაალი.
კუკრინიქსების გარდა, ამ სფეროში მოღვაწე მხატვართაგან საუკეთესოდ მეჩვიდმეტე_მეთვრამეტე საუკუნის ფრანგი შემოქმედი, ონორე დომიე მიაჩნია, რომელმაც საოცარი კარიკატურები და ნახატები შექმნა.
კარიკატურისტისთვის აუცილებელია შემოქმედებითი და მხატვრობის ნიჭი; იგი ამავე დროს ფსიქოლოგიც უნდა იყოს, რომლისთვისაც დამახასიათებელი იქნება ადამიანის ხასიათის გამოცნობის უნარი.
ზაალ სულაკაური შინაგანად გრძნობს, თითოეული ადამიანის სულიერ სამყაროს. Aამის მისაღწევად კი წლები დასჭირდა. "ის, ვისაც ვხატავ, შეიძლება იყოს მხიარული და ხალისიანი, მაგრამ ხატვის მომენტში თავი მომაჩვენოს გაბრაზებულად ან კიდევ პირიქით. ამ შემთხვევაში თუ როგორ დახატავს კარიკატურისტი, უკვე მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული".
ხატვაზე არც მაშინ უთქვამს უარი, როდესაც ჯარში გაიწვიეს. ტყუპი ძმები კოპიტნარის საავიაციო სამხედრო ნაწილში გაანაწილეს. ჯარში სამსახური იმ პერიოდში მოუწია, როცა საბჭოთა კავშირის ნგრევა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ბრძოლა იწყებოდა. შტაბში გადაყვანილი ზალიკო და ზურაბი იმ ოთახში შეიყვანეს, სადაც საიდუმლო მასალები და საბრძოლო რუკები ინახებოდა. მათ საიდუმლო ოთახის დერეფანი თურქ-სელჩუკების დროინდელი ომის ამსახველი სურათებით მოხატეს; ამ საქმეში მხატვარ სერგო ქობულაძის შემოქმედების ცოდნა დაეხმარათ; ძირითადად გუაშებში ხატვდნენ. ერთ-ერთ ტიპაჟში ზაალმა საკუთარი თავი ჩასვა, მეორეში _ ვაჟა-ფშაველა და სხვა ცნობილი სახეები. რუსი სამხედროები გაკვირვებულები უყურებდნენ მოხატულ კედლებს და უკვირდათ, რომ ომის თემაზე შექმნილ სურათებზე ვერ ხედავდნენ მებრძოლების დაღვრილ სისხლს. ჯარისკაცებს სურდათ ენახათ რეალისტური ნახატი, სამაგიეროდ წითელ სტაფილოსფრად შეღებილი ცა ისეთ ეფექტს ახდენდა, თითქოს სასტიკი სისხლისღვრა იყო გაჩაღებული.
თანამედროვე ჯარის თემაზეც აქვს დახატული კარიკატურები, ოღონდ არსად გამოქვეყნებულა, _ პირადად ჩუქნის იმათ, ვისაც ხატავს. ბევრი ჯარისკაცის, გენერლის, პოლიტიკოსის თუ ცნობილი ადამიანის კარიკატურა აქვს შექმნილი. ადამიანი რომ დახატო, რაღაც თვალშისაცემი უნდა ჰქონდეს. ზოგს ისეთი გარეგნობა აქვს, ასეთზე იტყვიან ხოლმე, _ მოსიარულე კარიკატურააო. ყველა ცნობილ ადამიანს აქვს რაღაც დამახასიათებელი.
აგვისტოს ომის თემაზეც უმუშავია და სამხატვრო აკადემიის მიერ მოწყობილ კონკურსშიც მონაწილეობდა. მან დახატა დათვი, რომელიც რუსეთს განასახიერებს და კბილებით ჩაბღაუჭებულია სამაჩაბლოს და აფხაზეთის ტერიტორიას. დახატული აქვს კიდევ ასეთი ნახატი _ რუსი ჯარისკაცი, რომელსაც მიაქვს უნიტაზი, ჩანგალი, კოვზი და სხვა ნივთები; ეს კარიკატურა შემდგომ გადაიტანეს მაისურებზე და ასე გაავრცელეს.
"ჩვენ, მხატვრები ღმერთისგან დასჯილები ვართ, ოღონდ ეს დასჯა არის კეთილი დასჯა, რაც გამოიხატება შემდეგში: როცა ხარ მხატვარი, არაფერში არ უნდა ცდებოდე, სულ უნდა ხატავდე, სულ რაღაცას უნდა აკეთებდე. ახლა ჩემი ჩანთა რომ გახსნა, გაძეძგილია ნახატებით. ვშრომობ, მაგრამ შინაგანად მაქვს შეგრძნება, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. ერთი დღე რომ არ ხატო, ჩათვალე, _ რა დონეზეც ხარ, ერთი კვირა დაგჭირდება, რომ იშრომო და ისევ იმ დონეს დაუბრუნდე" - ამბობს კარიკატურისტი.
ზაალ სულაკაურს ბევრ კონკურსში მიუღია მონაწილეობა და გაუმარჯვია კიდეც. ერთ-ერთი იყო თურქეთში ჩატარებული ფესტივალი, საქართველოში კი ყველაზე საინტერესო და მაშტაბური 2001 წელს, თბილისში ჩატარებული ბეჭდური პრესის ფესტივალი იყო. ერთ-ერთ ნომინაციაში "საუკეთესო კარიკატურა", გამოავლინეს სამი გამარჯვებული და მათ შორის მთავარი პრიზი გაზეთ "ახალი ეპოქის" კარიკატურისტს, ზაალ სულაკაურს გადაეცა. "ფილარმონიაში ჩატარებულ ღონისძიებაზე ჩემს გვერდით იჯდა გიორგი სანაია, პირველად იმან მომილოცა ამ კონკურსში გამარჯვება. მას შემდეგ ასეთი სახის კონკურსები აღარ ჩატარებულა" _ იხსენებს იგი.
არ არსებობს ისეთი რამე, რისი დახატვაც ზალიკოს სურდეს და არ დაეხატოს. ძირითადად პორტრეტული გაშარჟების მხატვარია. მისი, როგორც პროფესიონალის პრინციპია, შეურაცყოფა არ მიაყენოს ადამიანს, ვის კარიკატურასაც ხატავს _ "ისე მოექეცი სხვას, როგორც შენ გინდა რომ მოგეგცნენო, - ნათქვამია. ერთხელ ერთმა ესპანელმა დამხატა. გული წამივიდა, რომ ვნახე მისი ნახატი, მაგრამ ის ემოცია რომ დაცხრა, მერე მივხვდი თუ რამდენ ადამიანს გავუხეთქე გული".
კარიკატურისტობის გარდა, კიდევ ერთი ახალი საქმის ძიებას მიჰყო ხელი და პედაგოგიურ მოღვაწეობაზე შეაჩერა არჩევანი. მაგრამ ბავშვებთან მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ყველა ბავშვს თავისებურად უნდა მიდგომა. მხატვრის აზრით, ბავშვს ერთი რომ დაუყვირო, შეიძლება მხატვრობის სურვილი გაუქრო. "მე და ჩემი ტყუპისცალი ხატვაზე რომ დავდიოდით, მასწავლებელმა რომ უყვირა, მას შემდეგ გადააგდო ფანქარი და ნახევარი წელი არ უხატია. კიდევ კარგი, მე ვყავდი, ვეუბნებოდი, სხვა მასწავლებელთან ვიაროთ მეთქი. როგორც იქნა გადმოვიბირე და ეხლა არის საკმაოდ ძლიერი მხატვარი. მე რომ არ ვყოფილიყავი, ხატვას თავს დაანებებდა".

ზალიკო სულაკაურს გული წყდება, რომ საქართველოში, სადაც უამრავი ადამიანია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული, ამ სფეროში მოღვაწეობა თითქმის აღარავის აინტერესებს და კარიკატურისტებიც თითზე ჩამოსათვლელები არიან. როგორც ირწმუნება, ერთმა კარგმა კარიკატურამ შეიძლება ჟურნალ-გაზეთების გამომცემელს მთელი ტირაჟი გაუყიდოს. ამისთვის მხოლოდ მათი დაინტერესება და სურვილია საჭირო, ხოლო ნიჭიერ ადამიანს საქართველოში რა გამოლევს....

No comments:

Post a Comment