Thursday, December 24, 2009

სენაკის მეორე ბრიგადის ორი შენაერთის გმირული ბრძოლების შესახებ



ცოტნე მამულაშვილი

შინდისის ბრძოლა

არ არსებობენ პატარა და დიდი ბრძოლები, რადგანაც ნებისმიერი ბრძოლა - თუნდაც მცირერიცხოვანი ძალებითა და ლოკალური ხასიათისა - შესაძლებელია დიდი გმირობისა და თავდადების სიმბოლოდ გადაიქცეს ან სულაც, სამხედრო თვალსაზრისით გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ამ პატარა წერილში გიამბობთ სენაკის მეორე ბრიგადის ორი შენაერთის გმირული ბრძოლების შესახებ.
მეორე ბრიგადის პირადი შემადგენლობა 2009 წლის აგვისტოს ომის დროს დისციპლინირებული და მაღალი ბრძოლისუნარიანობით გამორჩეული შენაერთი იყო.
ამ ბრიგადის დანაყოფებს, ძირითადად, ცხინვალის დასავლეთით - ტბეთი-ხეთაგუროვოს მიმართულებით ეკავათ საბრძოლო პოზიციები.
10 აგვისტოს, დილით, ერთ-ერთი დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ ზემო ხვითისკენ გადაჯგუფებისა და ნიქოზთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოების შემოწმების დავალება მიიღო.
შუადღისას, დაახლოებით ორი საათისათვის ოცდამეორე ბატალიონის მზვერავებმა გზაზე მოძრავი მტრის კოლონა შენიშნეს და ჩაუსაფრდნენ.
ჩვენი მებრძოლები რიცხობრივად აღმატებულ მტერს თავს დაესხნენ და დიდი დანაკარგებით აიძულეს, უკან დაეხიათ.
სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
11 აგვისტოს მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულის კოლონა ნიქოზიდან გორისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობდა. კოლონაში ჯავშანტექნიკა არ იყო, არც რაიმე მსხვილკალიბრიანი ჯავშანსაწინააღმდეგო შეირაღება ჰქონიათ, შეუჯავშნავი ლენდროვერებით გადაადგილდებოდნენ.
ამასობაში სოფელ შინდისის მიმართულებით მოძრავმა რუსულმა ნაწილებმა შეძლეს შეუმჩნევლად გასვლა და, როგორც შემდეგ გაირკვა, ნიქოზიდან მომავალ ქართულ შენაერთზეც ფლობდნენ ინფორმაციას.
სოფელ შინდისში, ძველი რკინიგზის სადგურთან მძიმე ტექნიკით შეიარაღებულმა რუსებმა ჩასაფრება მოაწყვეს; მათ შეირაღებაში ოთხი-ხუთი ერთეული თ-72-ის ტიპის ტანკი და რამდენიმე ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა იყო, პირადი შემადგენლობა კი ასამდე მებრძოლს ითვლიდა.
ქართული კოლონა საცეცხლე დაზიანების ზონაში რომ შევიდა, დაახლოებით ორასი-ორასორმოცდაათი მეტრიდან რუსულმა დანაყოფებმა კარგად შენიღბული პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნა.
კოლონის თავში მომავალი "ლენდროვერი" დაზიანდა.
ხუთი ქართველი მებრძოლი ადგილზევე დაიღუპა...
კოლონა შეჩერდა.
მებრძოლებმა მანქანები დატოვეს და ცეცხლი გახსნეს, მერე კი, თანდათან დაზიანების ზონიდან გააღწიეს და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხეს.
ყველაფერი აქ რომ დამთავრებულიყო, აგვისტოს ომის ამ ეპიზოდში განსაკუთრებული, ალბათ, არაფერი იქნებოდა - ის ისტორიაში შევიდოდა, როგორც ერთ-ერთი რიგითი საბრძოლო ოპერაცია, რომლის მსგავსი არაერთია. მაგრამ ამ ამბავს უჩვეულო და გმირული, თუმცა მეტად მძიმე გაგრძელება ჰქონდა.
ასეულის მებრძოლთა შემადგენლობიდან დაახლოებით თხუთმეტმა ჯარისკაცმა ბრძოლას თავი არ აარიდა და გარდაუვალ სიკვდილს პირისპირ ეკვეთა.
მსგავსი მცირე რაზმის ბრძოლა რიცხობრივად ბევრად აღმატებულ მტერთან, რომელსაც დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა და მსხვილკალიბრიანი იარაღი აქვს და წინასწარ მომზადებული პოზიციიდან იბრძვის – სხვა არაფერია, თუ არა შეგნებული თავგანწირვა.

არსებულმა ვითარებამ ქართველი მებრძოლები არ დააბრკოლა - ზოგი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებში, ზოგიც ღია ველზე გამაგრდა და მტერს სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლა გაუმართა.
შეტაკება საათზე ოდნავ მეტ ხანს გრძელდებოდა - იქამდე, სანამ ჩვენს ბიჭებს ტყვია-წამალი არ გამოელიათ. მათ არცერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევიათ, ერთი მუჭა პატრიოტები ოკუპანტებს თავგანწირვით ებრძოდნენ.
ამ ბრძოლაში თორმეტი მათგანი დაიღუპა, ორი-სამი დაიჭრა და უგონო მდგომარეობაში მყოფნი ადგილობრივმა მოსახლეობამ ტყეში მანამდე გაიყვანა, სანამ რუსები მიაგნებდნენ.
აუცილებელია ჩვენი დაღუპული გმირების სახელები ყველამ იცოდეს - ესენი იყვნენ:
მალხაზ აბაშიძე, ილია გაბუნია, მიხეილ დვალიშვილი, რომან ზოიძე, ფელიქს კაკაურიძე, ზვიად კაცაძე, კახა კოშაძე, ალექსანდრე ონიანი, ამირან შაინიძე, ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ვეფხია ჯიშკარიანი.
ბრძოლის მიწურულს, ერთ-ერთმა მებრძოლმა - ალექსანდრე ონიანმა თავისი დაჭრილი ნათლული, რომან ზოიძე ჩაიხუტა და მტერს ცოცხალი რომ არ დანებებოდა - თავი ხელყუმბარით აიფეთქა.
შესაძლებელია, ბევრს ბუნებრივი კითხვა დაებადება - რატომ შესწირეს თავი მტერს ჩვენმა მებრძოლებმა მაშინ, როდესაც გამარჯვების შანსი ნულს უდრიდა და დამხმარე ძალაც არსაიდან ჩანდა?!
ამ კითხვას ყველაზე კარგად შინდისის ბრძოლაში დაცემული გმირის, მიხეილ დვალიშვილის ლექსი გასცემს პასუხს:

“ყველა ჯარისკაცს და ყველა მხედარს,
ვისაც მამულის დაცვა ხვდა წილად,
ვისაც უფალმა დასახა ჯვარი
და აღიარა პატრიოტ შვილად,
რომელსაც ხელში უპყრია ღვთისგან
მინიჭებული ბრწყინვალე ხმალი
და ათასგვარი ურჯულო მტრისგან
უნდა დაიცვას მან მიწა-წყალი".

იმ ორი-სამი ვაჟკაცის ვინაობა კი არავინ იცის, ვინც თანამებრძოლებთან ერთად ბოლომდე იდგა ბრძოლის ველზე, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. მათი გმირობა დაუვიწყარი და დასაფასებელია, სასურველი იქნებოდა მათი სახელებიც ვიცოდეთ - ისინი ხომ ჭეშმარიტი მამულიშვილები, გმირები არიან და ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიგოს მათი შემდგომი ბედის შესახებ...

No comments:

Post a Comment